განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 10.12.2019
საქმის ნომერი
190210017002029417
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
დაკავშირებული უძრავ ქონებაზე საკუთრებასთან
თარიღი
10.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 190210017002029417

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №2ბ/967-18 10 დეკემბერი, 2019 წელი

 

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე თამარ ზამბახიძე

 

სხდომის მდივანი – ოთარ ჯუგაშვილი

 

აპელანტი - მ---- გ--------- (მოსარჩელე )

წარმომადგენელი - თ------ პ-----–---–-

 

მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგნეტო (მოპასუხე)

წარმომადგენელი - ჯ--- მ----–----–---

 

მესამე პირი დამოუკიდებელი მოთხოვნის გარეშე - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - რუსთავის საქალაქო სასამართლოს 22.12.2017წ. გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა – გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

 

დავის საგანი – უძრავი ნივთით სარგებლობის უკანონო ხელშეშლის აღკვეთა

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

მოპასუხეს დაევალოს მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე უკანონოდ მოწყობილი ბეტონის ფილების დემონტაჟი.

 

2. სარჩელის საფუძვლები:

 

2014 წლიდან მოსარჩელის საკუთრებაშია 900 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, საკადასტრო კოდი: 0-----------. მოსარჩელეს აღნიშნულ უძრავ ქონებაზე მოყავს სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია. დაახლოებით ერთი წლის წინ სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ, რომელიც განთავსებულია მოსარჩელის საკუთრებაში არსებული ნაკვეთის მიმდებარედ, მოსარჩელის მიწის ნაკვეთზე თვითნებურად განათავსა წვიმის წყლისაგან დამცავი ბეტონის ფილები. მოსარჩელის არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, მოპასუხემ არ განახორციელა ბეტონის კედლის დემონტაჟი, რითაც ილახება მესაკუთრის კანონიერი ინტერესები.

 

3. მოპასუხის პოზიცია:

 

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ აღნიშნული ბეტონის ფილები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მოპასუხისთვის, ვინაიდან ძლიერი წვიმის შემთხვევაში, საფრთხე ემუქრება როგორც მომსახურების სააგენტოს შენობას, ისე მასში მომუშავე პერსონალს. ამასთან, მოსარჩელე აღნიშნულ უძრავ ქონებაზე არ ეწევა სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას და მას არ ადგება ზიანი.

 

4. მესამე პირის პოზიცია

 

მესამე პირმა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე მოპასუხე სააგენტოს ბეტონის ფილების გარდა, ასევე გადის ფინანსთა სამინისტროს საკუთრებაში არსებული სერვერი, რომელიც მნიშვნელოვანია სახელმწიფო ორგანოების ფუნქციონირებისთვის. ბეტონის ფილების მოშლა გამოიწვევს აღნიშნული სერვერის დაზიანებასაც. სარჩელი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

 

5. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 22.12.2017წ. გადაწყვეტილებით მ---- გ---------ს სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

 

5.1. უძრავი ქონება, მდებარე: ქ. რუსთავი, ქალაქის შემოსასვლელი კომპლექსი (ნაკვეთი №----), საკადასტრო კოდი: 0----------- საკუთრების უფლებით აღრიცხულია მ---- გ---------ს სახელზე.

 

5.2. მ---- გ---------ს საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე გადის სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ აშენებული ნიაღვრისაგან დამცავი ჯებირები.

 

5.3. სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ აშენებული ნიაღვრისაგან დამცავი ჯებირები, კვეთს 2012 წლის ივნისიდან 2012 წლის ივლისამდე საკუთრებაში რეგისტრირებულ და ამ პერიოდში საკადასტრო მონაცემთა ბაზაში დაზუსტებულ მიწის ორ ნაკვეთს საკადასტრო კოდებით: 0---------- და 0-----------, ამასთან, აღნიშნული ჯებირები კვეთს აღნიშნულ პერიოდზე ადრე დარეგისტრირებულ და საკადასტრო მონაცემთა ბაზაში დაზუსტებულ მიწის ნაკვეთებს საკადასტრო კოდებით 0----------- და 0-----------.

 

5.4. ქ. თბილისი-წითელი ხიდის გზატკეცილის 21-ე კილომეტრზე მდებარე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს შენობა- ნაგებობებისათვის, მისი მომიჯნავე ტერიტორიის ფერდობზე არსებული კედლების (ჯებირების) არ არსებობის შემთხვევაში, ძლიერი და ხანგრძლივი ატმოსფერული ნალექების დროს წარმოქმნილი ღვარცოფული ნაკადებით სრულიად შესაძლებელია როგორც შენობების დატბორვა, ისე შენობების მნიშვნელოვანი დაზიანება, რამაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას შენობებში მომუშავე პერსონალის უსაფრთხოებას.

 

5.5. საკუთრების უფლება, როგორც კონსტიტუციური რანგის უფლება აღიარებულია საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლში. ამავე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოში ,,საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან/და მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება “.

 

დადგენილია, რომ სააგენტოს მიერ 2012 წელს მ---- გ---------ს მეუღლის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე აშენდა ღვარცოფისაგან დამცავი ბეტონის ფილები, აღნიშნულის მიზეზი კი გახდა 2012 წელს არსებული სტიქიური უბედურება, რომლის დროსაც მოპასუხეს მიადგა გამოუსწორებელი ზიანი. 21.02.2014 წელს მ---- გ---------ს სახელზე დარეგისტრირდა ზემოაღნიშნული უძრავი ქონება, ახალ მესაკუთრეს პრეტენზია არ გამოუთქვამს ჯებირების თაობაზე.

 

საქმეში წარმოდგენილი მასალებით დასტურდება, რომ მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე გამავალი ჯებირები იცავს როგორც სააგენტოს შენობას, ისე მასში მომუშავე ადამიანების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ძლიერი და ხანგრძლივი ატმოსფერული ნალექების დროს წარმოქმნილი ღვარცოფული ნაკადებისაგან, აღნიშნულ ტერიტორიაზე ასევე გადის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკუთრებაში არსებული სერვერი, რომელიც არის მნიშვნელოვანი ობიექტი, ვინაიდან აღნიშნული სერვერის განადგურება გამოიწვევს სახელმწიფო მნიშვნელობის მქონე ორგანოების მუშაობის შეწყვეტას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას, ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, უფლების ბოროტად გამოყენებად ჩაითვლება საკუთრებით ისეთი სარგებლობა, რომლითაც მხოლოდ სხვებს ადგებათ ზიანი ისე, რომ არ არის გამოკვეთილი მესაკუთრის ინტერესის უპირატესობა, და მისი მოქმედების აუცილებლობა გაუმართლებელია.სასამართლო განმარტავს, რომ მესაკუთრის მიერ საკუთრების უფლების ბოროტად გამოყენებას მაშინ აქვს ადგილი, როდესაც, 1. არ არის გამოკვეთილი მესაკუთრის ინტერესის უპირატესობა და 2. მისი მოქმედების აუცილებლობა გაუმართელებლია.

 

მოცემულ შემთხვევაში, მ---- გ---------ს წარმომადგენლის მიერ სასამართლო სხდომაზე ვერ იქნა დადასტურებული ის ფაქტი, რომ მოსარჩელეს აღნიშნული ბეტონის ფილების განლაგებით ეშლება მისი საკუთრებით სარგებლობაში ხელი, ის ფაქტი, რომ მ---- გინტურს აღნიშნულ ნაკვეთზე მოჰყავს სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია ვერ იქნა შესაბამისი მტკიცებულებებით გამყარებული მოსარჩელე მხარის მიერ, ამასთან, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა ნათლად ცხადყოფს, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე ძლიერი ატმოსფერული ნალექების დროს წარმოქმნილი ღვარცოფული ნაკადებით სრულიად შესაძლებელია დაიტბოროს მიმდებარე ტერიტორია, რაც იმას გულისხმობს, რომ მ---- გ---------ს საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მოყვანა შეუძლებელია. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ არ იქნა გამოკვეთილი მესაკუთრის ინტერესის უპირატესობა, კერძოდ, მოსარჩელეს არ წარმოუდგენია სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების დამადასტურებელი დოკუმენტი.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელე როგორც უძრავი ქონების მესაკუთრე თავის უფლებას მხოლოდ იმ მიზნით იყენებს, რომ ზიანი მიადგეს მოპასუხე მხარეს და მისი ამგვარი მოქმედება მიზნად არ ისახავს უფლების განხორციელების აუცილებლობით ნაკარნახევი ინტერესის დაცვას, რაც თავისთავად უთანაბრდება უფლების ბოროტად გამოყენებას.

 

აპელანტის მოთხოვნა და საფუძვლები:

 

6. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 22.12.2017წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ და მოითხოვა მისი გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

 

აპელანტი აღნიშნავს, რომ:

 

6.1. მოსარჩელემ სადავო მიწის ნაკვეთი მემკვიდრეობით მიიღო მეუღლისგან 2014 წელს. მიწის ნაკვეთი არის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების და იგი ოჯახს გადაეცა სასოფლო პროდუქტების წარმოების მიზნით. უსწოროა სასამართლოს მსჯელობა მასზედ, რომ მოსარჩელე ბოროტად იყენებს უფლებებს და საფრთხეს უქმნის მოპასუხის ქონებას, იქ დასაქმებული ადამიანების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ საუბარია წვიმის წყალზე, რაც მთიდან მოედინება და საფრთხეს უქმნის არამარტო მოპასუხეს, არამედ მთლიანად იქ არსებული ქონების ყველა მესაკუთრეს. სამოქალაქო კოდექსის თანახმად, იმისთვის რომ მესაკუთრეს ჰქონდეს თმენის ვალდებულება, და მოეთხოვოს მისი საკუთრებიდან არსებული საშიშროების აღმოფხვრა, საშიშროება უნდა მომდინარეობდეს მისი ნაკვეთიდან, რასაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს.

 

მოპასუხემ ვერ დაასაბუთა ის გარემოება, რომ ჯებირების აღმართვა უნდა მომხდარიყო სწორედ მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე და მის გასწვრივ. გაუგებარია სასამართლოს მტკიცება იმის თაობაზე, რომ მოსარჩელეს ჯებირების აღმართვით ზიანი არ მიდგომია. აღნიშნულმა ჯებირებმა შუაზე გაყო და ჩამონადენმა წყალმა მთლიანად დატბორა მიწის ზედა ნაწილი.

 

6.2. საქმის განმხილველი მოსამართლე ე---------- ყ-----–-ს მეუღლე არის შსს მომსახურების სააგენტოს თანამშრომელი, რის შესახებაც მან თავად განაცხადა სასამართლო პროცესზე. მოსამართლემ საჭიროდ არ მიიჩნია საქმის აცილება იმ მიზეზით, რომ იგი იქნებოდა ობიექტური. მოსარჩელე ენდო მის კეთილსინდისიერებას და კოლეგიალობიდან გამომდინარე არ დააყენა მისი აცილების საკითხი, თუმცა მიღებულმა გადაწყვეტილებამ ცხადყო, რომ იგი ოჯახური გავლენის ქვეშ მოექცა და უკანონო გადაწყვეტილება მიიღო.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

 

8. უძრავი ქონება, მდებარე: ქ. რუსთავი, ქალაქის შემოსასვლელი, კომპლექსი (ნაკვეთი № 4---), საკადასტრო კოდი N0-----------, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგნეტოში საკუთრების უფლებით აღრიცხულია მ---- გ---------ს (შემდგომში „მოსარჩელე“) სახელზე. საკუთრების უფლების რეგისტრაცია განხორციელდა 21.02.2014წ. და უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს წარმოდგენს 23.12.2013წ. გაცემული სამკვიდრო მოწმობა (ტ.1, ს.ფ.46).

 

9. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილია და სააპელაციო საჩივრით შედავებული არ არის, რომ მოსარჩელის მეუღლის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ (შემდგომში „მოპასუხე“) 2012 წელს ააშენა ნიაღვრისაგან/ღვარცოფისაგან დამცავი ჯებირი (ბეტონის ფილები), აღნიშნულის მიზეზი კი გახდა 2012 წლის სტიქიური მოვლენები, რომლის დროსაც მოპასუხეს მიადგა დიდი ზიანი (იხ.:გადაწყვეტილება, ტ.1, ს.ფ.105; სააპელაციო საჩივარი, ტ.1, ს.ფ.109-118).

 

10. საქმის მასალებში არ მოიპოვება რაიმე მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა 28.07.2017წ. სარჩელის წარდგენამდე სადავო მიწის ნაკვეთის რომელიმე მესაკუთრის

მხრიდან პრეტენზიის გაცხადებას ჯებირების მშენებლობასთან მიმართებაში.

 

11. მოსარჩელე ითხოვს მის საკუთრებაში რიცხულ მიწის ნაკვეთზე განთავსებული ბეტონის ჯებირების დემონტაჟს (უძრავი ნივთით სარგებლობის უკანონო ხელშეშლის აღკვეთას) (იხ.: მოსარჩელის კუთვნილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო გეგმა, ტ.1, ს.ფ.15 და ჯებირის ამსახველი ფოტომასალა, ტ.1, ს.ფ.16-18 ). სარჩელი ეფუძნება გარემოებას მასზედ, რომ ჯებირით მესაკუთრეს ხელი ეშლება მესაკუთრის უფლებამოსილებების ჯეროვნად განხორციელებაში, მიწის ნაკვეთის მიზნობრივ /სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით/ გამოყენებაში.

 

12. საქართველოს კონსტიტუციის 19-ე მუხლის თანახმად, საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. საჯარო ინტერესებისათვის დასაშვებია ამ უფლების შეზღუდვა კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით. ასევე, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის 20.03.1952წ. დამატებითი ოქმის პირველი მუხლის თანახმად: ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრებით შეუფერხებელი სარგებლობის უფლება. მხოლოდ საზოგადოებრივი საჭიროებისათვის შეიძლება ჩამოერთვას ვინმეს თავისი საკუთრება კანონითა და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით გათვალისწინებულ პირობებში.

 

13. დადგენილია, რომ მოსარჩელის და მოპასუხის კუთვნილი უძრავი ქონება მომიჯნავე, მეზობელ ნაკვეთებზე მდებარეობს. სამოქალაქო კოდექსის 174-ე მუხლით, მეზობელი მიწის ნაკვეთის ან სხვა უძრავი ქონების მესაკუთრენი, გარდა კანონით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობებისა, ვალდებულნი არიან პატივი სცენ ერთმანეთს. მეზობლად მიიჩნევა ყველა ნაკვეთი ან სხვა უძრავი ქონება, საიდანაც შესაძლებელია გამომდინარეობდეს ორმხრივი ზემოქმედება. აღნიშნული ნორმა, რომელიც სამეზობლო თანაცხოვრებისას მესაკუთრეთა ინტერესების დაბალანსებას ეხება, კანონით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობების გარდა, მეზობლებს ავალდებულებს, პატივი სცენ ერთმანეთს. ურთიერთპატივისცემა, უწინარესად, თითოეული მესაკუთრის მიერ ქონებით სარგებლობისას, საკუთარ ვალდებულებას ეხება, პატივი სცეს მეზობლის უფლებას, რაც შესაძლოა საკუთარი ქონებით სარგებლობის გარკვეულ შეზღუდვაშიც გამოიხატოს. საკუთრება, როგორც ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლება, სოციალური მოვლენაა, რომელსაც დაცვა და მეზობელთა შორის ურთიერთობისას მოფრთხილება სჭირდება (სუსგ Nას-1046-1007-2016, 2017 წლის 03 თებერვალი).

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილით, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.

 

აღნიშნული ნორმით რეგლამენტირებულია საკუთრების უფლების უმნიშვნელოვანესი ელემენტები: ფლობა; სარგებლობა და განკარგვა, თუმცა, მსგავსად სხვა სამოქალაქო უფლებებისა, საკუთრების უფლება არ არის აბსოლუტური და შესაძლოა დაექვემდებაროს გარკვეულ შეზღუდვებს. თავის მხრივ, უდავოა, რომ უფლების შეზღუდვის პროპორციულობა მოწმდება შეპირისპირებულ სიკეთეთა სამართლიანი ბალანსის დადგენის გზით, როდესაც თანაბარი უფლების მქონე სუბიექტებს შორის უნდა მოხდეს ამ სიკეთით (უფლებით) სარგებლობის მართლზომიერად განსაზღვრა.

 

14. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს ქცევის შემდეგ წესს: უფლების ბოროტად გამოყენებად ჩაითვლება საკუთრებით ისეთი სარგებლობა, რომლითაც მხოლოდ სხვებს ადგებათ ზიანი ისე, რომ არ არის გამოკვეთილი მესაკუთრის ინტერესის უპირატესობა, და მისი მოქმედების აუცილებლობა გაუმართლებელია. ამდენად, საკუთრების უფლებით ბოროტად სარგებლობად განიხილება საკუთრებით ისეთი სარგებლობა, რომლითაც მხოლოდ სხვებს ადგებათ ზიანი ისე, რომ არ არის გამოკვეთილი მესაკუთრის ინტერესის უპირატესობა და მისი მოქმედების აუცილებლობა გაუმართლებელია.

 

როგორც გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაშიც არის აღნიშნული, საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულება მასზედ, რომ ჯებირის აღმართვამდე მოსარჩელე თუ მისი წინამორბედი მესაკუთრე სასოფლო-სამეურნეო ფუნქციით იყენებდა მიწის ნაკვეთს, ასევე მტკიცებულება, თუ რა ფარგლებში შეეზღუდა მოსარჩელეს საკუთრების მიზნობრივი გამოყენების საშუალება.

 

ამასთან, ეს არ არის გადამწყვეტი ფაქტორი წინამდებარე დავის გადასაწყვეტად, რამეთუ მესაკუთრე უფლებამოსილია ნებისმიერ დროს, სურვილისამებრ, დაიწყოს ქონებით სარგებლობა და მისი გამოყენება.

 

15. მოპასუხის შესაგებელი ეფუძნება გარემოებას მასზედ რომ მოსარჩელის მიწის ნაკვეთზე სადავო ჯებირების არსებობა:

- სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მოპასუხისთვის, ვინაიდან ძლიერი წვიმის შემთხვევაში საფრთხე ემუქრება როგორც მის შენობას, ისე ამ შენობაში მომუშავე პერსონალის უსაფრთხოებას.

- ასევე, მნიშვნელოვანია სახელმწიფო მნიშვნელობის დამხმარე ნაგებობის დატბორვისაგან დაცვისთვის, რაც, თავის მხრივ, არის საწინდარი ადმინისტრაციული ორგანოების შეუფერხებელი ფუნქციონირებისთვის.

ამდენად, მოპასუხეს მიაჩნია, რომ არსებობს მოსარჩელის საკუთრების უფლების შეზღუდვის აუცილებელი საჭიროება.

 

მოპასუხის მიერ წარმოდგენილია სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 24.07.2017წ. დასკვნა, რომლის თანახმად:

- ქ. თბილისი - წითელი ხიდის გზატკეცილის 21-ე კილომეტრზე მდებარე მოპასუხის შენობა-ნაგებობებისათვის მისი ტერიტორიის მომიჯნავე ფერდობზე არსებული კედლების (ჯებირების) არ არსებობის შემთხვევაში, ძლიერი და ხანგრძლივი ატმოსფერული ნალექების დროს წარმოქმნილი ღვარცოფული ნაკადებით სრულიად შესაძლებელია არამარტო შენობების დატბორვა, არამედ შენობების მნიშვნელოვანი დაზიანება, რამაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას შენობებში მომუშავე პერსონალის უსაფრთხოებას (ტ.1, ს.ფ.39-44).

- დასკვნის კვლევით ნაწილში აღნიშნულია, რომ მოპასუხის ადმინისტრაციულ შენობას და სახელმწიფო მნიშვნელობის დამხმარე ნაგებობას სამხრეთის მხრიდან ესაზღვრება იალღუჯის მთის ჩრდილოეთი ფერდობი...ფერდობიდან წამოსული ნიაღვრითშენობები რამდენჯერმე იქნა დატბორილი. ინტენსიური ატმოსფერული ნალექების დროს წარმოქმნილი ღვარცოფული ნაკადებისაგან დასაცავად და შენობის დატბორვის თავიდან ასაცილებლად აშენებულია რკინა-ბეტონის ჯებირების სისტემა (ტ.1, ს.ფ.41).

 

მხარეები არ ხდიან სადავოს, გადაწყვეტილებით დადგენილია და არც სააპელაციო საჩივარშია საწინააღმდეგო მითითებული, რომ ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული ე.წ. სახელმწიფო მნიშვნელობის დამხმარე ნაგებობა არის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკუთრებაში არსებული სერვერი, რომლის განადგურებაც გამოიწვევს სახელმწიფო მნიშვნელობის მქონე ორგანოების მუშობის შეწყვეტას. სწორედ ამ საფუძვლით იქნა წინამდებარე საქმეში მესამე პირად ჩაბმული საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.

 

ყოველივე აღნიშნულზე დაყრდნობით პალატას მიაჩნია, რომ მოპასუხის მიერ მოსარჩელის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე ჯებირების აღმართვით მოსარჩელეს ეზღუდება მესაკუთრის უფლებამოსილებების სრულყოფილად განხორციელება (ხელშეშლა სახეზეა), თუმცა არსებობს საკუთრების შეზღუდვის მართლზომიერი საფუძველი, რაც დემონტაჟის მოთხოვნით აღძრული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის წინაპირობაა.

 

რაც შეეხება მესაკუთრის უფლებების დაცვის სხვა საშუალების/საშუალებების გამოყენება/არგამოყენების საკითხს, პალატა მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს ამ საკითხებზე. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3.1. მუხლით, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. ამავე კოდექსის 248-ე მუხლით, სასამართლოს უფლება არა აქვს მიაკუთვნოს თავისი გადაწყვეტილებით მხარეს ის, რაც მას არ უთხოვია, ან იმაზე მეტი, ვიდრე ის მოითხოვდა.

 

16. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი ვერ გახდება აპელანტის მიერ მითითებული გარემოება მასზედ, რომ არსებობდა პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსამართლის აცილების საფუძველი და მოსამართლეს არ ჰქონდა საქმის განხილვის უფლებამოსილება.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 31-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” ქვეპუნქტის მიხედვით, მოსამართლემ არ შეიძლება განიხილოს საქმე ან მონაწილეობა მიიღოს საქმის განხილვაში, თუ არის ისეთი გარემოება, რომელიც ეჭვს იწვევს მის მიუკერძოებლობაში.

 

სამოსამართლო ქცევის ბანგალორის პრონციპები განამტკიცებს იმ ეთიკურ სტანდარტებს, რომლებსაც უნდა ეფუძნებოდეს მოსამართლის ქცევა. ერთ-ერთი ასეთი ღირებულებაა - მიუკერძოებლობა. ბანგალორის პრინციპების 2.5. პუნქტი არეგულირებს ეთიკურ სტანდარტებს აცილების საკითხთან მიმართებაში:

 

მოსამართლემ უნდა აიცილოს საქმე ისეთ შემთხვევებში, როდესაც: მას არ შესწევს უნარი საქმე განიხილოს მიუკერძოებლად ან როდესაც გონიერ დამკვირვებელს შეიძლება მოეჩვენოს, რომ მოსამართლეს არ შესწევს საქმის მიუკერძოვებლად განხილვის უნარი.

 

როგორც საქმის მასალებით დგინდება, პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსამართლე ე---------- ყ-----–მა 16.11.2017წ. სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მხარეებს მიაწოდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ მისი მეუღლე წარმოადგენდა მოპასუხე სააგენტოს თანამშრომელს, თუმცა იქვე განუმარტა, რომ აღნიშნულ გარემოება მის ობიექტურობაზე გავლენას არ მოახდენდა. მოსამართლის აღნიშნული განცხადების შემდეგ მოსარჩელის წარმომადგენელმა მიუთითა, რომ მას მოსამართლის აცილების შუამდგომლობა არ გააჩნდა (იხ.:16.11.2017წ. სხდომის ოქმი 11:13:35).

 

ამდენად, დგინდება, რომ მოსამართლემ თავისი პროფესიული კეთილსინდისიერებით მიაწოდა მოსარჩელეს ინფორმაცია თავისი მეუღლის სამუშაო ადგილის შესახებ და მიმართა მხარეებს მოსაზრებების წარმოდგენის თხოვნით. დადგენილია, რომ მხარეებს მოსამართლის აცილების თაობაზე შუამდგომლობა არ დაუყენებიათ და მოსამართლის მიკერძოებაში ყოველგვარი ეჭვის გამორიცხვით დაეთანხმნენ სასამართლო განხილვაში მის მონაწილეობას.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 33-ე მუხლის შესაბამისად, მხარეებს შეუძლიათ წერილობით განაცხადონ აცილება. განცხადება აცილების შესახებ მოტივირებულ უნდა იქნეს და გაკეთდეს საქმის წინასწარი სასამართლო განხილვისათვის მომზადების დროს. აცილების თაობაზე შემდგომი განცხადება დაიშვება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აცილების საფუძველი იმ პირისათვის, რომელიც აცილებას მოითხოვს, ცნობილი გახდა ან წარმოიშვა მთავარი სხდომის დაწყების შემდეგ. ასეთ შემთხვევაში განცხადება აცილების შესახებ დასაშვებია მხარეთა პაექრობამდე.

 

დადგენილია, რომ მოცემულ შემთხვევაში მხარისთვის იმთავითვე, საქმის მოსამზადებელ ეტაპზე, გახდა ცნობილი იმ გარემოების თაობაზე, რასაც სააპელაციო საჩივარში მიუთითებს მოსამართლის აცილების საფუძვლად, თუმცა მას მოსამართლის აცილების შესახებ შუამდგომლობა არ დაუყენებია. ამდენად, პალატას დაუსაბუთებლად მიაჩნია აპელანტის მსჯელობა პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსამართლის აცილების საფუძვლის არსებობის გამო გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.

 

17. სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია (ტ.2, ს.ფ. 16).

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. მ---- გ---------ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. უცვლელი დარჩეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 22.12.2017წ. გადაწყვეტილება.

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, განჩინების მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: თამარ ზამბახიძე