განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 050310118002639225
საქმე N3/ბ-122-19წ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
12 აგვისტო 2019 წელი ქალაქი ქუთაისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე გოჩა აბუსერიძე
სხდომის მდივანი ონისე გურეშიძე
აპელანტი – სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გურიის რეგიონული ოფისი
წარმომადგენელი - გ---------------–--ე
მოწინააღმდეგე მხარე – დ------------ე
წარმომადგენელი – ზ--------------ი
მესამე პირი – ლ-----------ე
დავის საგანი – ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 07 თებერვლის გადაწყვეტილება
1. აპელანტის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით დ------------ის სარჩელის უარყოფა
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:
2.1. 2018 წლის 20 სექტემბერს დ------------ის წარმომადგენლებმა ბექა ბადრიშვილმა და ზ--------------მა სარჩელით მიმართეს ოზურგეთის რაიონულ სასამართლოს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გურიის რეგიონული ოფისის მიმართ და მოითხოვეს უძრავ ნივთზე (მდებარე: ლანჩხუთის რაიონი, სოფელი ნ----–---–- ს/კ. 2----------5) ლ-----------ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 16 მარტის №8-------------3 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა;
მოსარჩელის აღნიშვნით, ლანჩხუთის რაიონის სოფელ ნ----–---––ი მდებარე უძრავი ქონების (ს/კ. 2----------5) რეგისტრაციას საფუძვლად დაედო საარქივო ცნობა მოცემული ოჯახის კომლის წევრთა და ამ კომლის ქონებრივი მდგომარეობის შესახებ. მოცემულ სარეგისტრაციო საქმეზე თავდაპირველი საკომლო ცნობა წარდგენილ იქნა თავად ლ-----------ის მიერ №8----------- საქმეზე, რომელზეც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ უარყოფითი გადაწყვეტილება იქნა მიღებული აზომვითი ნახაზთან დაკავშირებული ხარვეზის გამო. მოგვიანებით გამოსწორებული ხარვეზის შემდგომ მოხდა აღნიშნული უძრავი ქონების რეგისტრაცია, რასაც საფუძვლად დაედო საჯარო რეესტრის მიერ მოძიებული და ეროვნული არქივიდან გამოთხოვილი საარქივო ცნობა მოცემული კომლის შესახებ, სადაც მითითებულია, რომ 1996 წლიდან 2006 წლამდე სოფელ ნ----–---–-ს საკომლო წიგნებში არსებული ჩანაწერების მიხედვით კომლის ერთადერთ წევრად მოიხსენიება ლ-----------ე, ანუ ის ადამიანი, რომელიც დღეის მდგომარეობით ამ ქონების მესაკუთრედ არის რეგისტრირებული.
მოსარჩელის განმარტებით, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზემოხსენებული გადაწყვეტილება ბათილია, რადგანაც საჯარო რეესტრმა მოცემული კომლის წევრების საკუთრების უფლების რეგისტრაციისას იხელმძღვანელა კომლის შემადგენლობისა და კომლის ქონების შესახებ იმ საარქიცო ჩანაწერით, რომელიც მოიცავს 1996-2006 წლებს, რაც დაუშვებელია და საჯარო რეესტრი არ უნდა დაყრდნობოდა ამ პერიოდის საარქივო ჩანაწერს და უნდა მოეძიებინა მოცემული კომლის შესახებ მიწის რეფორმის პერიოდში არსებული მონაცემები (საჯარო რეესტრის მიერ სარეგისტარციო დოკუმენტაციის მოძიება ხდებოდა და ამ პერიოდისათვისაც ხდება სახელმწიფო პროექტის ფარგლებში), რომლებიც მოიცავდნენ 1985-1992 წლების ჩანაწერებს. სწორედ აღნიშნული წლების მონაცემებით მოძიებული საარქივო ცნობა გახლავთ საკომლო ჩანაწერების კანონიერი მონაცემების შემცველი ცნობა, რომელიც თავად ლ-----------ის მიერ იყო კიდეც წარდგენილი 2017 წლის 14 აგვისტოს. მოცემულ ცნობაში მითითებულია, რომ ლანჩხუთის რაიონის სოფელ ნ----–---–-ს საკრებულოს 1986-1995 წლების საკომლო ჩანაწერების მიხედვით მოცემული კომლის უფროსი გახლდათ თ---------–------------–--------ე (აწ გარდაცვლილი) და კომლის წევრი გახლდათ დ--------------–------------ე (შვილიშვილი). სწორედ ეს საკომლო ჩანაწერი გახლავთ მოცემული კომლის წევრთა შემადგენლობის შესახებ კანონიერი ინფორმაციის შემცველი და სწორედ ამ მონაცემებზე დაყრდნობით უნდა მომხდარიყო საკუთრების უფლების რეგისტრაცია მოცემული კომლის ქონებაზე.
მოსარჩელის განმარტებით, საჯარო რეესტრში მითითებული პიროვნება - ლ-----------ე საკომლო წიგნში ეგრეთ წოდებულ კომლის წევრად ფიქსირდება მხოლოდ 1996-2006 წლების მონაცემებით. ანუ იგი კომლის წევრად დააფიქსირეს და შეიტანეს მაშინ როცა კომლი, როგორც ასეთი, უკვე გაუქმებული და არსებობაშეწყვეტილი იყო. მას შემდეგ, რაც საქართველოს მთავრობამ შესაბამისი სამართლებრივი დოკუმენტით კომლი გაუქმებულად ცნო, დაუშვებელია სახელმძღვანელოდ და მითუმეტეს საკუთრების უფლების სარეგისტრაციოდ გამოყენებულ იქნეს ჩანაწერი, რომელიც არ არსებული და გაუქმებული ინსტიტუტის, ამ შეთხვევაში საკომლო წიგნის იმ ჩანაწერის გამოყენება, რომელიც 1993 წლის შემდგომ არის შესრულებული.
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 21 სექტემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაება ლ-----------ე.
მოპასუხე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გურიის რეგიონული ოფისის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და მისი უარყოფა მოითხოვა.
მესამე პირმა - ლ-----------ემ რაიონულ სასამართლოში განმარტა, რომ წინააღმდეგი არ იყო მორიგებოდა მოსარჩელეს და თანამესაკუთრედ მასთან ერთად საჯარო რეესტრში მითითებულიყო დ------------ე.
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 07 თებერვლის გადაწყვეტილებით დ------------ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 16 მარტის N8-------------3 გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესხებ, რომლითაც მოხდა ლ-----------ის საკუთრების უფლების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე მდებარე ლანჩხუთის რაიონის სოფელ ნ----–--––ი (ს/კ.2----------5). ამავე გადაწყვეტილებით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს გურიის რეგიონულ ოფისს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად მიეღო გადაწყვეტილება უძრავ ნივთზე (მდებარე ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნ----–---––ი - ს/კ. 2----------5, დაზუსტებული ფართობი 10000.00 კვ.მ.) რეგისტრაციასთან დაკავშირებით.
ამ დასკვნამდე სასამართლო მივიდა შემდეგ გარემოებათა გამო:
სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
2.1.1. საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, უძრავი ქონების (მდებარე: ლანჩხუთის რაიონი, სოფელი ნ----–---–- ს/კ. 2----------5, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების, დაზუსტებული ფართობი: 10000.00 კვ.მ.) მესაკუთრეა ლ-----------ე. უფლების დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებულია - საარქივო ცნობა №48-------, დამოწმების თარიღი: 01.09.2017წელი;
2.1.2. საქართველოს ეროვნული არქივის მიერ 2016 წლის 31 ოქტომბერს გაცემული A-------------- ცნობის თანახმად, ოზურგეთის რეგიონულ არქივში დაცული ლანჩხუთის რაიონის სოფელ ნ----–---–-ს საკრებულოს 1986-1995 წლების საკომლო წიგნის ჩანაწერის მიხედვით, თ---------–------------–--------ის კომლი შედგება შემდეგი წევრებისგან: თ-----------------–-----ს ასული - კომლის უფროსი. თ----------------------–-ს ძე - შვილიშვილი. 1996-2000 და 2001-2006 წლების საკომლო წიგნების ჩანაწერის მიხედვით კომლის უფროსად და ერთადერთ წევრად ირიცხება ლ-------------------------ე. 1986-1995 წლების ჩანაწერებში, ლ-------------------------ე კომლად არ ირიცხება;
2.1.3. საქართველოს ეროვნული არქივის გურიის რეგიონული არქივის 2017 წლის 01 სექტემბრის №48------- მიმართვით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ეცნობა: ,,გურიის რეგიონულ არქივში დაცული ლანჩხუთის რაიონის სოფელ ნ----–---–-ს საკრებულოს 1996-2000 და 2001-2006 წლების საკომლო წიგნების ჩანაწერების მიხედვით, კომლის უფროსად და ერთად წევრად ირიცხება ლ-------------------------ე. 1996-2000 წლების საკომლო წიგნის ჩანაწერის მიხედვით კომლს ერიცხება 1.0 და 1.0 ჰა მიწის ფართობი, თარიღი და საცხოვრებელი სახლის აგების წელი აღნიშნული არ არის. 2001-2006 წლების საკომლო წიგნის ჩანაწერში კომლის ქონებრივი მონაცემები აღნიშნული არ არის. 1986-1995 წლების საკომლო წიგნების ჩანაწერებში ლ-------------------------ე ცალკე კომლად (სხვა კომლში წევრად) დაფიქსირებული არ არის. საკომლო ჩანაწერებს ერთვის ლ------------ის (თ----- გადახაზული) სახელზე რიცხული №-- მიწის მიღება-ჩაბარების აქტის ასლი. გადასახადის გადამხდელთა აღრიცხვის დოკუმენტები, მიწის განაწილების სიები და 2007 წლის საკომლო წიგნები გურიის რეგიონულ არქივში არ ინახება;
2.1.4. საქართველოს ეროვნული არქივის 2018 წლის 18 სექტემბერს გაცემული A-------------- ცნობის თანახმად, გურიის რეგიონულ არქივში დაცული ლანჩხუთის რაიონის სოფელ ნ----–---–-ს საკრებულოს 1986-1995 წლების საკომლო წიგნის ჩანაწერის მიხედვით თ---------–------------–--------ის კომლი შედგება შემდეგი წევრებისგან: თ-----------------–-----ს ასული - კომლის უფროსი. თ----------------------–-ს ძე - შვილიშვილი;
2.1.5. საქართველოს ეროვნული არქივის გურიის რეგიონული არქივის 2018 წლის 27 დეკემბრის №--------- მიმართვით ოზურგეთის რაიონულ სასამართლოს ეცნობა: ,,გურიის რეგიონულ არქივში დაცული ლანჩხუთის რაიონის სოფელ ნ----–---–-ს საკრებულოს 1986-1995 წლების საკომლო წიგნის ჩანაწერის მიხედვით თ---------–------------–--------ის კომლი შედგება შემდეგი წევრებისგან: თ-----------------–-----ს ასული - კომლის უფროსი. თ----------------------–-ს ძე - შვილიშვილი. კომლს 1986-1995 წწ. საკომლო წიგნის მიხედვით ერიცხება: 1986წ. – 0.5 ჰა, 1989- 1990წწ. – 0.5 ჰა მიწის ფართობი, სახლის აგების წელია 1974. დამატებითი ცნობები: დ--------ე ჩაწერილია კომლში ოქმი №-, გადაწ.№51. 1996-2006 წლებში კომლი არ ირიცხება. საკომლო ჩანაწერებს ერთვის თ----- (გადახაზულია და იქვე აღნიშნულია ლ-------------ის სახელზე რიცხული მიწის მიღება-ჩაბარების აქტი №---ის ასლი;
2.1.6. 2017 წლის 14 აგვისტოს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს გურიის რეგიონულ ოფისს №8----------- სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა ლ-----------ემ და მოითხოვა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნ----–---––ი მდებარე 10935 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე სახელმწიფო პროექტის ფარგლებში საკუთრების უფლების რეგისტრაცია. განცხადებას თან ერთვოდა საარქივო ცნობა და საკადასტრო/ აგეგმვითი ნახაზი. აღნიშნულ განცხადებაზე სარეგისტრაციო წარმოება შეწყვეტილია. 2018 წლის 12 მარტს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს გურიის რეგიონულ ოფისს №8----------- სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა ლ-----------ემ და მოითხოვა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნ----–---––ი მდებარე 10000.00 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე სახელმწიფო პროექტის ფარგლებში საკუთრების უფლების რეგისტრაცია. განცხადებას თან ერთვოდა საარქივო ცნობა და საკადასტრო/ აგეგმვითი ნახაზი;
2.1.7. შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 21 აგვისტოს №-------------- წერილით საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ეცნობა, რომ მიწის გადასახადის გადამხდელთა სიებში 2004 წლისათვის, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელი ნ----–---–- (საკადასტრო კოდი და ფართობი მითითებული არ არის), სიაში №-- რეესტრის მიხედვით რეგისტრირებულია თ----- ლევანი;
2.1.8. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გურიის რეგიონული ოფისის 2018 წლის 16 მარტის №8-------------3 გადაწყვეტილებით ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნ----–---––ი 10000.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთსა და შენობანაგებობაზე №1, ს/კ. 2----------5 დარეგისტრირდა ლ-----------ის საკუთრების უფლება.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
2.2.1. სასამართლოს განმარტებით, განსახილველი დავის საგანი პირდაპირ კავშირშია საკუთრების უფლებასა და მის გაუქმებასთან, ამდენად სასამართლომ მიზანშეწონილად მიიჩნია მიეთითეbინა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება. აღნიშნულ მუხლში განმტკიცებული კერძო საკუთრების უფლება, ერთი მხრივ, არის საკუთრების როგორც ინსტიტუტის გარანტია და, მეორე მხრივ, საკუთრების, როგორც პიროვნების უფლების გარანტია.
ეროვნული კანონმდებლობით განმტკიცებულია საკუთრება, როგორც ძირითადი უფლება, მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს ამ უფლების რეალურ განხორციელებას. ამისთვის საჭიროა, რომ იგი დაცული იყოს როგორც ეფექტური სასამართლო სისტემით, ასევე სახელმწიფო ორგანოთა მხრიდან კანონიერი, სამართლიანი და კეთილსინდისიერი დამოკიდებულებით. საჯარო რეესტრში უძრავი ქონების რეგისტრაციას ყოველთვის საფუძვლად აქვს უფლების დამდგენი რომელიმე დოკუმენტი.
სასამართლოს განმარტებით, საკუთრების უფლება აღიარებულია ,,ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციითა’’ და ,,ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვეციის’’ პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლით. მიუხედავად იმისა, რომ გაეროს სამოქალაქო და პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური, კულტურული და სოციალური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტებში საკუთრების უფლება არ არის დეკლარირებული, მათში ასახული მთელი რიგი უფლებებისა და თავისუფლებების რეალიზაციისათვის აუცილებელია, რომ საკუთრების უფლება იყოს დაცული.
2.2.2. სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელის საფუძვლიანობის შესამოწმებლად გამოსაკვლევი იყო გარკვეული სახის გარემოებები, კერძოდ, როდესაც უძრავ ქონებაზე პრეტენზიას აცხადებს ორი მხარე, უნდა დადგინდეს პროცესის რომელ მონაწილეს უდასტურდება მიწის ნაკვეთთან შემხებლობა, რომელ მათგანს გააჩნდა სადავო მიწის ნაკვეთზე უპირატესი სამართლებრივი უფლება და ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან გადაწყვეტილება მიღებულია თუ არა საქმის ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოკვლევის საფუძველზე.
როგორც მოსარჩელის, ისე მოპასუხის და მესამე პირის საკუთრების უფლებისადმი ინტერესი უძრავ ქონებაზე აგებულია საარქივო ცნობაზე, რომლის შინაარსი მიუთითებს საკომლო ურთიერთობაზე. ამ კუთხით თავდაპირველად ყურადსაღებია საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკა, რომლის მიხედვით, სამოქალაქო სამართლის კოდექსის 122-ე მუხლის თანახმად, საკოლმეურნეო კომლის ქონება წარმოადგენდა კომლის წევრთა თანასაკუთრებას. „საქართველოს რესპუბლიკაში სახელმწიფო მეურნეობების, კოლმეურნეობების და სხვა სასოფლო-სამეურნეო საწარმოების რეორგანიზაციის წესის შესახებ“ მთავრობის 1992 წლის 22 სექტემბრის №-49 დადგენილებისა და სახელმწიფო საბჭოს 1993 წლის 21 ოქტომბრის №29 დეკრეტის საფუძველზე 1993 წლიდან დადგინდა სახელმწიფო მეურნეობების, კოლმეურნეობების რეორგანიზაცია და ახალ ორგანიზაციულ-სამართლებრივ ფორმაზე გადასვლა. კოლმეურნეობების გაუქმებასთან ერთად არსებობა შეწყვიტა საკოლმეურნეო კომლმაც და მასზე გავრცელდა სანივთო სამართლებრივი ნორმები, რაც მოქმედებდა იმ დროისათვის ან მიღებულ იქნა შემდგომში. შესაბამისად, ვინაიდან, საკოლმეურნეო კომლის ქონება წარმოადგენდა კომლის წევრთა თანასაკუთრებას, კომლის ქონება ჩაითვალა იმ პირთა თანასაკუთრებად, რომლებიც მითითებული ნორმატიული აქტების მიღებამდე რეგისტრირებული იყვნენ ამ კომლის წევრებად (იხ. საქმე №ას-139- 132-10, 10 ივნისი, 2010 წელი).
გარდა ამისა, სასამართლომ აღნიშნა, რომ „საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ” საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის №48 დადგენილების შესაბამისად, მიწების გაცემას ახდენდა სოფლის (დაბის) მმართველობის ადგილობრივი ორგანო, შემდგომ ამტკიცებდა რაიონის (ქალაქის) მმართველობის ორგანო საქართველოს რესპუბლიკის მიწების რესურსებისა და მიწის რეფორმის სახელმწიფო კომიტეტის სათანადო სახელმწიფო აქტით, რაც დასტურდებოდა სანოტარო წესით და რეგისტრირდებოდა მიწების აღრიცხვის სახელმწიფო წიგნში.
სასამართლომ ასევე მიუთითა ,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ’’ საქართველოს კანონზე, რომლის პირველი მუხლის თანახმად, ეს კანონი განსაზღვრავს სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალურ წესს, ადგენს ამ რეგისტრაციის სამართლებრივ საფუძვლებს და ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილე მხარეთა უფლება-მოვალეობებს, სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემურ და სპორადულ რეგისტრაციასთან დაკავშირებული ურთიერთობები წესრიგდება ამ კანონით, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონით და მათ საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით. ამავე კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონის საფუძველზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე უფლებები რეგისტრირდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შედგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტების საფუძველზე.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 01 აგვისტოს №153 ბრძანების ,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის, საკადასტრო აღწერის შედეგების საჯარო გაცნობისთვის წარდგენის, მათი გადამოწმებისა და შესაბამისი ცვლილებების შეტანისა და მედიატორების შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ’’ მე-11 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, კომლის წევრის (წევრების) მართლზომიერ მფლობელობაში (სარფგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება რეგისტრირდება საკომლო წიგნიდან ამონაწერის საფუძველზე, რომელიც უნდა შეიცავდეს კომლის წევრთა და კომლის ქონებრივი მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას.
2.2.3. სასამართლოს განმარტებით, უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრების წარმოების ორგანიზაციულ-სამართლებრივი საფუძვლები და რეესტრის მწარმოებელი ორგანოს უფლება-მოვალეობები განისაზღვრება ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონით.
,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონი განსაზღვრავს საჯარო რეესტრის წარმოების ორგანიზაციულ-სამართლებრივ საფუძვლებს, საჯარო რეესტრის მწარმოებელი ორგანოს – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს უფლებამოვალეობებს.
მითითებული საკანონმდებლო აქტის მე-2 მუხლის ,,თ’’ ქვეპუნქტის თანახმად, რეგისტრაცია არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე ამ კანონით განსაზღვრული უფლების, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების, მიწის მიზნობრივი დანიშნულების და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შეცვლის, ტყის ფონდის საზღვრის დადგენის და მასში ცვლილების, გეოგრაფიული ობიექტების, მათი კომპლექსებისა და ნაწილების ნუმერაციის და მათ შესახებ მონაცემების, ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების სუბიექტისა და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემების, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული სავალდებულო სარეგისტრაციო მონაცემების, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისა და კომანდიტური საზოგადოების პარტნიორთა წილებზე საკუთრების უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებული ვალდებულებების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის შესახებ მონაცემთა აღრიცხვა შესაბამის რეესტრში, რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებით. ამავე მუხლის ,,ი’’ პუნქტის მიხედვით კი, სარეგისტრაციო წარმოება არის სააგენტოს საქმიანობა რეგისტრაციის მიზნით.
ზემოაღნიშნული ნორმების განმარტებიდან გამომდინარე, რეგისტრაციის მიზნით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საქმიანობა წამოადგენს სარეგისტრაციო წარმოებას, რაც ხორციელდება მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღებით.
2.2.4. ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „კ“, „ლ“ ქვეპუნქტების თანახმად, სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას, ხოლო სარეგისტრაციო დოკუმენტაცია - რეგისტრაციის მიზნით მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი სარეგისტრაციო და სხვა დოკუმენტები. ამავე კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. ამავე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილია, რომ განცხადებას უნდა ერთოდეს ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია. ამავე კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტით რეგისტრაცია წარმოებს როგორც უშუალოდ სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტების, აგრეთვე ამ დოკუმენტაციის სათანადო წესით შექმნილი ელექტრონული ასლების საფუძველზე.
მოცემულ შემთხვევაში სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველს წარმოადგენდა ლ-----------ის განცხადებები სახელმწიფო პროექტის ფარგლებში საკუთრების უფლების რეგისტრაციის თაობაზე. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო უფლებამოსილი იყო წარდგენილი განცხადებების საფუძველზე დაეწყო საქმის წარმოება.
ამდენად, მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ სარეგისტრაციო წარმოების განხორციელების საფუძველს წარმოადგენს სარეგისტრაციო დოკუმენტი - სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას მოცემული კანონის შესაბამისად. ამასთან, მარეგისტრირებელი ორგანო ვალდებულია სარეგისტრაციო წარმოების ვადაში მიიღოს გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების, სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის, რეგისტრაციაზე უარის თქმის ან რეგისტრაციის შესახებ.
2.2.5. რაიონული სასამართლოს განმარტებით ადმინისტრაციული კანონმდებლობით დადგენილი სავალდებულო პროცედურების ჩაუტარებლობა არღვევს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ მნიშვნელოვან და ფუნდამენტურ მოთხოვნას პროცედურული დემოკრატიის უზრუნველყოფის შესახებ, რომლის ხარისხი, თავის მხრივ, უზრუნველყოფს სახელმწიფოს ქვეშევრდომების კანონიერ მოლოდინს - ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მმართველობის განხორციელება კანონიერების პრინციპის საფუძველზე. პროცედურული მოქმედებების ჩატარების ვალდებულება ემსახურება კერძო ინტერესის - ადამიანის უფლების მაქსიმალური დაცვის უზრუნველყოფას. სამართლებრივი სახელმწიფოსა და სამართლებრივი ნდობის პრინციპი ადმინისტრაციულ-სამართლებრივ ურთიერთობებში დაცულია და უზრუნველყოფილია კანონიერების პრინციპისა და კანონიერი ნდობის უფლების ინსტიტუტების მეშვეობით, კერძოდ, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება, რაც გულისხმობს, რომ ადმინისტრაციული ორგანოები თავიანთ საქმიანობაში შებოჭილნი არიან საკანონმდებლო აქტით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებით.
2.2.6. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-17 მუხლის თანახმად, მოპასუხე ვალდებულია, წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. ამასთან, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.
დასახელებული ნორმის საფუძველზე სწორედ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოა ვალდებული დაამტკიცოს, რომ ადმინისტრაციული აქტი გამოცემულია ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე და მისი გამოცემით არ დარღვეულა მოსარჩელის კანონიერი უფლებები, რაც იმას ნიშნავს, რომ კანონის ეს მოთხოვნა ათავისუფლებს მოსარჩელეს მტკიცების ტვირთისგან, რომ სადავო აქტი ითვლება არამართლზომიერად იქამდე, ვიდრე მისი გამომცემი არ დაამტკიცებს მის მართლზომიერებას.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებსა ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.
ამავე კოდექსის 96.1 მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა. სწორედ საქმის გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე უნდა იქნეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილება მიღებული. ამავე კოდექსის 97-ე მუხლით, საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოითხოვოს დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევისა და შეფასების მიზნით მიმართოს კანონომდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს. აღნიშნული ნორმის განმარტებიდან ჩანს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ ყოველმხრივ უნდა გამოიკვლიოს, სწორად შეაფასოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და ისე გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი.
2.2.7. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი.
სადავო საკითხის გადასაწყვეტად, მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში არსებითი მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს საკუთრების სამართლებრივი რეჟიმის განსაზღვრას და იმ გარემოების გამოკვლევას, წარმოადგენდა თუ არა მოსარჩელე 1993 წლისათვის კომლის წევრს, ანუ, მნიშვნელოვანია განისაზღვროს სადავო ქონებისადმი მხარეთა დამოკიდებულება, კერძოდ მოსარჩელე და მოპასუხე ეკუთვნოდნენ თუ არა თ----- თ-----ის კომლს, ვრცელდება თუ არა სადავო ქონებაზე მათი თანასაკუთრების უფლება, ხომ არ მოხდა მათი ცალკე კომლად გამოყოფა. საარქივო ცნობის თანახმად, დ------------ე ჩაწერილია კომლში ოქმი №-, გადაწ. №51. რაიმე სახის მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა დ------------ის კომლიდან ამოწერის ფაქტს საქმის მასალებში არ მოიპოვება. საჯარო რეესტრმა მოცემული კომლის წევრების საკუთრების უფლების რეგისტრაციისას იხელმძღვანელა კომლის შემადგენლობის იმ საარქივო ჩანაწერით, რომელიც მოიცავს 1996-2006 წლებს.
მოცემულ შემთხვევაში რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ საჯარო რეესტრმა საქმის გარემოებების ყოველმხრივი და სრული გამოკვლევის გარეშე მიიღო სადავო გადაწყვეტილება, რითაც შეილახა მოსარჩელე მხარის კანონიერი ინტერესი.
სასამართლომ მიიჩნია, რომ სარეგისტრაციო სამსახურს უნდა შეეფასებინა ლ-----------ის მიერ წარდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტები (2017 წლის 14 აგვისტოს წარდგენილი საარქივო ცნობა, სადაც მითითებულია, რომ 1986-1995 წლების საკომლო ჩანაწერების მიხედვით კომლის უფროსად მითითებულია თ----- თ----- და კომლის წევრად შვილიშვილი დ------------ე), რამდენად წარმოადგენდა რეგისტრაციის საფუძველს. უძრავი ქონების უფლებრივი მდგომარეობის შესწავლა წარმოადგენდა მარეგისტრირებელი ორგანოს მხრიდან აუცილებლად გამოსაკვლევ გარემოებას, რადგანაც მხოლოდ მათი სრულყოფილი გამოკვლევისა და ანალიზის შედეგად იყო შესაძლებელი შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება მოთხოვნილ რეგისტრაციასთან დაკავშირებით.
დასახელებული ნორმებიდან და ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ არსებობდა წარმოდგენილი სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის საფუძველზე, ადმინისტრაციული ორგანოსათვის ახალი აქტის გამოცემის დავალების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 07 თებერვლის გადაწყვეტილება კანონით დადგენილ ვადაში სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გურიის რეგიონული ოფისის წარმომადგენელმა, რომელმაც მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის უარყოფა, შემდეგი დასაბუთებით:
3. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
3.1.1. აპელანტის განმარტებით, №8---------- და №8----------- სარეგისტრაციო განაცხადებებზე ლ-----------ის მიერ წარმოდგენილი იქნა შესაბამისი სარეგისტრაციო დოკუმენტები - საარქივო ცნობა N48------- და საარქივო ცნობა №A--------------.
№A-------------- საარქივო ცნობის თანახმად, ლანჩხუთის რაიონის სოფელ ნ----–---–-ს საკრებულოს 1986-1995 წლების მიხედვით, თ---------–------------–--------ის კომლი შედგებოდა შემდეგი წევრებისაგან: თ-----------------–-----ს ასული-კომლის უფროსი და თ----------------------–-ს ძე-შვილიშვილი, ხოლო, 1996-2000 და 2001-2006 წლების საკომლო ჩანაწერების მიხედვით კომლის უფროსად და ერთადერთ წევრად ირიცხებოდა ლ------------ის ძე თ-----. (№A-------------- საარქივო ცნობის შემთხვევაშიც, კომლის ბოლო წევრად ლ-----------ე ფიქსირდებოდა). 1986-1995 წლების ჩანაწერებით, ლ------------ის ძე თ----- კომლად არ ირიცხება. ხსენებული საარქივო ცნობა ასევე არ შეიცავდა კომლის ქონებრივი მდგომარეობის-კომლზე რიცხული მიწის ფართობის შესახებ ინფორმაციას.
უძრავი ნივთის (საკადასტრო კოდი: 2----------5) რეგისტრაციის საფუძვლად არსებულ საარქივო ცნობის N-------- მიხედვით, კომლის ერთადერთ წევრად ფიქსირდებოდა ლ-----------ე, ხოლო კომლს ერიცხებოდა 1.0 ჰა მიწის ფართობი. ვინაიდან, საარქივო ცნობის N-------- მიხედვით, კომლის ბოლო წევრად ითვლებოდა ლ-----------ე, ასევე, ხსენებული საარქივო ცნობა შეიცავდა კომლის ქონებრივი მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას (კომლზე რიცხული მიწის ფართობი), ამიტომ საჯარო რეესტრის გურიის რეგიონულმა ოფისმა, სრულიად კანონიერად მიიჩნია აღნიშნული საარქივო ცნობა სადავო უძრავ ქონებაზე ლ-----------ის მართლზომიერი მფლობელობის/სარგებლობის დამადასტურებელ დოკუმენტად. შესაბამისად, გაუგებარია რაიონული სასამართლოს მსჯელობა, რომ მარეგისტრირებელ ორგანომ არ შეაფასა ლ-----------ის მიერ წარდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტები რამდენად წარმოადგენდა რეგისტრაციის საფუძველს. საარქივო ცნობა №A-------------- შეფასდა მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ, მაგრამ ვინაიდან არ შეიცავდა კომლის ქონებრივი მდგომარეობის-კომლზე რიცხული მიწის ფართობის შესახებ ინფორმაციას (თუმცა №A-------------- საარქივო ცნობის შემთხვევაშიც, კომლის ბოლო წევრად ლ-----------ე ფიქსირდებოდა), ამიტომ, ხსენებული დოკუმენტი, ზემოთ აღნიშნული ფაქტობრივი და სამართლებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე, არ იქნა მიჩნეული სადავო ქონებაზე მართლზომიერი მფლობელობის/სარგებლობის დამადასტურებელ დოკუმენტად;
3.1.2. აპელანტის განმარტებით, ასევე არასწორია სასამართლოს დავალება - შეაფასოს გურიის რეგიონულმა ოფისმა ,,სადავო ქონებისადმი მხარეთა დამოკიდებულება, კერძოდ, ,,ეკუთვნოდნენ თუ არა მოსარჩელე და მოპასუხე თ----- თ-----ს კომლს, ვრცელდება თუ არა სადავო ქონებაზე მათი თანასაკუთრების უფლება, ხომ არ მოხდა მათი ცალკე კომლად გამოყოფა, რადგან, დ------------ე ჩაწერილია კომლში, ოქმი N-, გადაწ. N51. რაიმე სახის მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა დ------------ის კომლიდან ამოწერის ფაქტს საქმის მასალებში არ მოიპოვება.’’
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ.
ზემოაღნიშნული ნორმა საკასაციო სასამართლოს მიერ არაერთგზის განიმარტა. კერძოდ, უზენაესი სასამართლოს ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში (საქმე Nბს-351-336 -(კ-09) მიეთითა შემდეგი: ,,ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4. მუხლით მინიჭებული უფლებამოსილება სასამართლომ უნდა გამოიყენოს იმ ვითარებაში, როცა სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება. შესაბამისად, შეუძლებელი ხდება სადავო ადმინისტრაციული აქტების მატერიალური კანონიერების შეფასება, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს დავის არსებით გადაწყვეტაზე, ანუ მართლმსაჯულების ფუნქციაზე უარის ტოლფასია. აღნიშნული პროცესუალური შესაძლებლობა გამოიყენება იმ შემთხვევაში, როცა ადმინისტრაციულ ორგანოს საერთოდ არ მოუხდენია ფაქტობრივი გარემოებების დადგენა- შეფასება. ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში კი შეუძლებელი ხდება მათი გამოკვლევა".
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად უნდა გამოიტანოს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის, ან არარსებობის შესახებ.
წინამდებარე შემთხვევაში, საქმეში დაცული იყო როგორც №8----------, ისე №8----------- სარეგისტრაციო განაცხადებზე წარმოდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტები - საარქივო ცნობა N48------- და საარქივო ცნობა №A--------------. ასევე, სასამართლომ თავისი ინიციატივითაც გამოითხოვა გურიის რეგიონული არქივიდან აღნიშნულ კომლზე სრული ინფორმაცია. შესაბამისად, სასამართლოს შეეძლო შეეფასებინა აღნიშნული დოკუმენტაცია, მათი ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად გამოეტანა დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის, ან არარსებობის შესახებ, არსებითად გადაეწყვიტა დავა - თავად განესაზღვრა ,,სადავო ქონებისადმი მხარეთა დამოკიდებულება'' და მარეგისტრირებელი ორგანოსათვის არ დაევალებინა აღნიშნული გარემოების გამოკვლევა. ასეთ პირობებში, უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად, დაუშვებელია საქმის ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4. მუხლით უკან ადმინისტრაციული ორგანოსთვის დაბრუნება;
3.1.3. აპელანტის განმარტებით, ვინაიდან რაიონულმა სასამართლომ არ გამოიყენა კანონი რომელიც უნდა გამოეყენებინა, იურიდიულად არასაკმარისად დაასაბუთა გადაწყვეტილება და არასწორად განმარტა ,,საჯარო რეესტრის შესახებ'' საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ლ'',,კ,'' სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17, საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის N376 დადგენილებით დამტკიცებული ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ “ მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტი და საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 1 აგვისტოს N153 ბრძანების ,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის, საკადასტრო აღწერის შედეგების საჯარო გაცნობისათვის წარდგენის, მათი გადამოწმებისა და შესაბამისი ცვლილებების შეტანისა და მედიატორის შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ'' მე-11 მუხლები, ამიტომ აპელანტს მიაჩნია, რომ ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 07 თებერვლის გადაწყვეტილება დ------------ის სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების ნაწილში არასწორია და იგი უნდა გაუქმდეს.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ განიხილა სააპელაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა, გააანალიზა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა განმარტებები, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილებისა კანონიერება - დასაბუთებულობა და ერთობლივი ანალიზის საფუძველზე მივიდა დასკვნამდე, რომ აპელანტის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელი უნდა დარჩეს ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 07 თებერვლის გადაწყვეტილება, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებასა და დასკვნებს, საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
სააპელაციო სასამართლო მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველ პარაგრაფზე, რომელიც ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, ამავდროულად, სააპელაციო პალატა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (Hirvisaari v. Finland, §32; ჯ--------- საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81) გადაწყვეტილებებზე დაყრდნობით განმარტავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას; გარდა ამისა, აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე.
აქვე სააპელაციო სასამართლო მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შემდეგ განმარტებაზე: „სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გამოასწოროს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დაუსაბუთებულობა და პირიქით, ძალიან მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ; ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება, არ არღვევს დასაბუთებელი გადაწყვეტილების უფლებას“ (Gorou v. Greece (N.3) §§ 38-42).
სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას არ დარღვეულა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორი შეფასება მისცა საქმის მასალებს, საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია სრულყოფილად, რაც არ იძლევა გადაწყვეტილების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს.
სააპელაციო სასამართლო არსებითად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივ შეფასებებს, მიუთითებს მათზე და აღნიშნავს შემდეგს:
,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის 4.1 მუხლის თანახმად, საჯარო რეესტრი არის უძრავ ნივთებზე უფლებათა, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, მოძრავ ნივთებსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების და სამისამართო რეესტრების ერთობლიობა.
ამავე კანონის მე-5 მუხლის მიხედვით, საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემთა მიმართ მოქმედებს უტყუარობის პრეზუმფცია, ვიდრე ისინი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალადაკარგულად, ბათილად ან არარად არ იქნება ცნობილი.
პალატა განმარტავს, რომ საჯარო რეესტრი არის საჯარო-სამართლებრივი ინსტიტუტი, რომელშიც ხდება ცალკეულ კერძო-სამართლებრივ უფლებათა რეგისტრაცია, კერძოდ, უძრავ ნივთებზე საკუთრება, იპოთეკა, გირავნობა, ყადაღა და სხვა სამართლებრივი უფლებები. საჯარო რეესტრი არის არა უბრალოდ უფლების ფიქსაციის ინსტიტუტი, არამედ ამ უფლების შექმნის საფუძველი - უფლება წარმოიშობა მხოლოდ საჯარო რეესტრში მისი რეგისტრაციის მომენტიდან. საჯარო რეესტრის მნიშვნელოვანი თვისება მისი საჯარო ხასიათია და იგი არსებითად სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა ინტერესების დაცვას ემსახურება.
,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. განცხადებას უნდა ერთვოდეს ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია კონკრეტულ შემთხვევაში დამატებით მოითხოვოს სარეგისტრაციო წარმოებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარმოდგენა, რომელიც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად.
,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,კ’’ ქვეპუნქტის მიხედვით, სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას, ხოლო ამავე მუხლის ,,ლ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, სარეგისტრაციო დოკუმენტაცია არის რეგისტრაციის მიზნით მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი სარეგისტრაციო და სხვა დოკუმენტები.
ამ ნორმების შინაარსიდან გამომდინარე ცალსახაა, რომ უძრავი ქონების პირის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრაციისათვის აუცილებელია მას გააჩნდეს ამ ქონების კუთვნილებასთან დაკავშირებით კანონით გათვალისწინებული უფლების დამდგენი დოკუმენტი, რომელშიც მოცემული უფლების ფარგლები განმსაზღვრელია რეგისტრაციას დაქვემდებარებული უძრავი ქონების საიდენტიფიკაციო მონაცემებისა თუ სხვა კონკრეტული მახასიათებლების ფიქსაციისათვის.
საქმეში არსებული მასალით დადგენილია, რომ 2018 წლის 12 მარტს ლ-----------ემ განმეორებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს №8----------- სარეგისტრაციო განცხადებით და მოითხოვა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნ----–---––ი მდებარე 10000 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე სახელმწიფო პროექტის ფარგლებში საკუთრების უფლების რეგისტრაცია. განცხადებას დაურთო საარქივო ცნობა და საკადასტრო/აგეგმვითი ნახაზი.
2018 წლის 16 მარტის საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს №8-------------3 გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ლ-----------ის განცხადება და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნ----–---––ი მდებარე უძრავი ქონება - 10000 კვ.მ მიწის ნაკვეთი და შენობა-ნაგებობაზე №1, ს/კ 2----------5, 2017 წლის 01 სექტემბრის N48------- საარქივო ცნობის საფუძველზე დარეგისტრირდა ლ-----------ის (პ/ნ 0----------) საკუთრებად.
ზემოაღნიშნული საარქივო ცნობით (01.09.2017წ. N48-------) ირკვევა, რომ გურიის რეგიონულ არქივში დაცული ლანჩხუთის რაიონის სოფელ ნ----–---–-ს საკრებულოს 1996-2000 და 2001-2006 წლების საკომლო წიგნების ჩანაწერების მიხედვით, კომლის უფროსად და ერთად წევრად ირიცხება ლ-------------------------ე.
1996-2000 წლების საკომლო წიგნის ჩანაწერის მიხედვით კომლს ერიცხება 1.0 და 1.0 ჰა მიწის ფართობი, თარიღი და საცხოვრებელი სახლის აგების წელი აღნიშნული არ არის.
2001-2006 წლების საკომლო წიგნის ჩანაწერში კომლის ქონებრივი მონაცემები აღნიშნული არ არის.
1986-1995 წლების საკომლო წიგნების ჩანაწერებში ლ-------------------------ე ცალკე კომლად (სხვა კომლში წევრად) დაფიქსირებული არ არის. საკომლო ჩანაწერებს ერთვის ლ------------ის (თ----- გადახაზული) სახელზე რიცხული მიწის მიღება-ჩაბარების აქტი №---ის ასლი. გადასახადის გადამხდელთა აღრიცხვის დოკუმენტები, მიწის განაწილების სიები და 2007 წლის საკომლო წიგნები გურიის რეგიონულ არქივში არ ინახება.
საქმეში არსებული საქართველოს ეროვნული არქივის 2018 წლის 18 სექტემბერს გაცემული A-------------- ცნობის თანახმად, გურიის რეგიონულ არქივში დაცული ლანჩხუთის რაიონის სოფელ ნ----–---–-ს საკრებულოს 1986-1995 წლების საკომლო წიგნის ჩანაწერის მიხედვით თ---------–------------–--------ის კომლი შედგება შემდეგი წევრებისგან: თ-----------------–-----ს ასული - კომლის უფროსი. თ----------------------–-ს ძე - შვილიშვილი.
საქართველოს ეროვნული არქივის გურიის რეგიონული არქივის 2018 წლის 27 დეკემბრის №--------- მიმართვით დადგენილია, რომ გურიის რეგიონულ არქივში დაცული ლანჩხუთის რაიონის სოფელ ნ----–---–-ს საკრებულოს 1986-1995 წლების საკომლო წიგნის ჩანაწერის მიხედვით თ---------–------------–--------ის კომლი შედგება შემდეგი წევრებისგან:
თ-----------------–-----ს ასული - კომლის უფროსი.
თ----------------------–-ს ძე - შვილიშვილი.
კომლს 1986-1995 წწ. საკომლო წიგნის მიხედვით ერიცხება: 1986წ. – 0.5 ჰა, 1989- 1990წწ. – 0.5 ჰა მიწის ფართობი, სახლის აგების წელია 1974.
დამატებითი ცნობები: დ--------ე ჩაწერილია კომლში ოქმი №-, გადაწ.№51.
1996-2006 წლებში კომლი არ ირიცხება.
საკომლო ჩანაწერებს ერთვის თ----- (გადახაზულია და იქვე აღნიშნულია ლ-------------ის სახელზე რიცხული მიწის მიღება-ჩაბარების აქტი №---ის ასლი.
ამდენად როგორც მოსარჩელის, ისე მოპასუხის და მესამე პირის საკუთრების უფლებისადმი ინტერესი უძრავ ქონებაზე აგებულია საარქივო ცნობაზე, რომლის შინაარსი მიუთითებს საკომლო ურთიერთობაზე. ამ კუთხით თავდაპირველად ყურადსაღებია საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკა, რომლის მიხედვით, სამოქალაქო სამართლის კოდექსის 122-ე მუხლის თანახმად, საკოლმეურნეო კომლის ქონება წარმოადგენდა კომლის წევრთა თანასაკუთრებას.
„საქართველოს რესპუბლიკაში სახელმწიფო მეურნეობების, კოლმეურნეობების და სხვა სასოფლო-სამეურნეო საწარმოების რეორგანიზაციის წესის შესახებ“ მთავრობის 1992 წლის 22 სექტემბრის №-49 დადგენილებისა და სახელმწიფო საბჭოს 1993 წლის 21 ოქტომბრის №29 დეკრეტის საფუძველზე 1993 წლიდან დადგინდა სახელმწიფო მეურნეობების, კოლმეურნეობების რეორგანიზაცია და ახალ ორგანიზაციულ-სამართლებრივ ფორმაზე გადასვლა. კოლმეურნეობების გაუქმებასთან ერთად არსებობა შეწყვიტა საკოლმეურნეო კომლმაც და მასზე გავრცელდა სანივთო სამართლებრივი ნორმები, რაც მოქმედებდა იმ დროისათვის ან მიღებულ იქნა შემდგომში. შესაბამისად, ვინაიდან, საკოლმეურნეო კომლის ქონება წარმოადგენდა კომლის წევრთა თანასაკუთრებას, კომლის ქონება ჩაითვალა იმ პირთა თანასაკუთრებად, რომლებიც მითითებული ნორმატიული აქტების მიღებამდე რეგისტრირებული იყვნენ ამ კომლის წევრებად (იხ. საქმე №ას-139-132-10, 10 ივნისი, 2010 წელი).
პალატა განმარტავს, რომ ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს უმნიშვნელოვანეს პროცედურულ ვალდებულებას - გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. კანონმდებელი იმდენად არსებით და აქტის კანონიერების განმსაზღვრელ ფუნქციას ანიჭებს საქმის გარემოებათა გამოკვლევას, რომ იმპერატიულად კრძალავს, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ გამოკვლეულა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ (სზაკ-ის 96.1 და 96.2. მუხ.). ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების ვალდებულების შესრულება ემსახურება ასევე უმნიშვნელოვანეს - მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთების ვალდებულებას. ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა ახსნას, განმარტოს, თუ რა ფაქტებზე დაყრდნობით მიიღო კონკრეტული გადაწყვეტილება და რა მოტივებით უარყო წარმოების შედეგით დაინტერესებული მხარის არგუმენტები. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, კერძოდ, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას, ხოლო ამავე კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.
ამდენად სადავო საკითხის გადასაწყვეტად, არსებით მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს საკუთრების სამართლებრივი რეჟიმის განსაზღვრას და იმ გარემოების გამოკვლევას, წარმოადგენდა თუ არა მოსარჩელე 1993 წლისათვის კომლის წევრს, ანუ, მნიშვნელოვანია განისაზღვროს სადავო ქონებისადმი მხარეთა დამოკიდებულება, კერძოდ მოსარჩელე და მოპასუხე ეკუთვნოდნენ თუ არა თ----- თ-----ის კომლს, ვრცელდება თუ არა სადავო ქონებაზე მათი თანასაკუთრების უფლება, ხომ არ მოხდა მათი ცალკე კომლად გამოყოფა.
საარქივო ცნობის თანახმად, დ------------ე ჩაწერილია კომლში ოქმი №-, გადაწ. №51, ხოლო რაიმე სახის მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა დ------------ის კომლიდან ამოწერის ფაქტს საქმის მასალებში არ მოიპოვება. ზემოაღნიშნული გარემოებების შეფასების გარეშე კი შეუძლებელია საქმეზე კანონიერი და დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღება. საჩივრის ფარგლებიდან გამომდინარე კი სააპელაციო სასამართლო სამართლებრივად მოკლებულია დავის არსებითად გადაწყვეტის შესაძლებლობას.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
5.1. აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მივიდა დასკვნამდე, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორი შეფასება მისცა წარმოდგენილ მტკიცებულებებს, სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა სადავო სამართალურთიერთობას. გადაწყვეტილება ფაქტობრივად და სამართლებრივად დასაბუთებულია სრულად, მისი გაუქმებისათვის დასაბუთებულ პრეტენზიას წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი არ შეიცავს; შესაბამისად, არ არსებობს სააპელაციო საჩივრების დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები. ამდენად, უცვლელად უნდა დარჩეს მოცემულ საქმეზე ოზურგეთის რაიონული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
6. სასამართლო ხარჯები:
პალატა აღნიშნავს, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი უარყოფილია, შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით დადგენილი ოდენობით სახელმწიფო ბაჟის − 150 (ასორმოცდაათი) ლარის გადახდის ვალდებულება აპელანტს ეკისრება, რაც მის მიერ წინასწარ გადახდილია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, მე-12 მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 377-ე, 390-ე, 391-ე, 397-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გურიის რეგიონული ოფისის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 07 თებერვლის გადაწყვეტილება
3. აპელანტის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
4. განჩინება შეიძლება საკასაციო წესით გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №6), მხარისათვის დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან ოცდაერთი დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (ქუთაისი, ნიუპორტის ქ.№32).
მოსამართლე გოჩა აბუსერიძე