განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 030310118002556169
საქმე N3/ბ-84-19წ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
17 ივნისი, 2019 წელი ქალაქი ქუთაისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა
მოსამართლე გოჩა აბუსერიძე
სხდომის მდივანი ონისე გურეშიძე
აპელანტი (მოსარჩლე) – სს ,,ე---------–-------’’ (სს კორპორაცია ,,ე------’’ უფლებამონაცვლე)
წარმომადგენელი – ა-----–---------–--ე
აპელანტი (მოპასუხე) – სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრი
წარმომადგენელი – შ---------------
დავის საგანი – ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, პირგასამტეხლოს შემცირება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ფოთის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილება
1.1. სს ,,ე---------–-------ს’’ მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით სს ,,ე---------–-------ს’’ სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
1.2. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სს ,,ე---------–-------ს’’ სარჩელის სრულად უარყოფა
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:
2018 წლის 19 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა სს ,,ს------–----------------–-- ე------” წარმომადგენელმა მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის მიმართ და მოითხოვა:
- ნაწილობრივ ბათილად ყოფილიყო ცნობილი სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 2017 წლის 30 ოქტომბრის N------------- აქტი, კერძოდ, გასაჩივრებული აქტის 7.1 პუნქტი სრულად, შესაბამისად ბათილად ყოფილიყო ცნობილი სააგენტოს 2018 წლის 15 ივნისის N-------- გადაწყვეტილება წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ და სრულად დაკმაყოფილებულიყო მოსარჩელის 2017 წლის 30 ნოემბრის ადმინისტრაციული საჩივრით გათვალისწინებული მოთხოვნები;
- გონივრულ ფარგლებში შემცირებულიყო გასაჩივრებული აქტის 7.3 და 7.4 პუნქტებით გამოყენებული შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, შესაბამისად, ბათილად ყოფილიყო ცნობილი სააგენტოს 2018 წლის 15 ივნისის N-------- გადაწყვეტილება წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ და სრულად დაკმაყოფილებულიყო მოსარჩელის 2017 წლის 30 ნოემბრის ადმინისტრაციული საჩივრით გათვალისწინებული მოთხოვნები;
სარჩელის მიხედვით, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის N36 დადგენილებით გათვალისწინებული ,,საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, გეგმიური ამბულატორიული მომსახურების მისაღებად მოსარგებლეებზე თანხმობის ფორმის შევსების მდგომარეობის და სააგენტოს 2017 წლის 01 ივნისის N-------- წერილით განხორციელდა მოთხოვნილი დოკუმენტაციის შემოწმება, რომელსაც დაექვემდებარა პროგრამის ფარგლებში გეგმიური ამბულატორიული მომსახურების მისაღებად 2013 წლის 28 თებერვლიდან 2017 წლის 03 ივლისამდე პერიოდში რეგისტრირებულ მოსარგებლეებზე თანხმობის ფორმების შევსების მდგომარეობა, რომლის შედეგად, სააგენტოს მიერ 2017 წლის 30 ოქტომბერს შედგენილ იქნა N------------- აქტი, რომელიც მას გასაცნობად გადაეცა 2017 წლის 01 ნოემბერს.
აღნიშნული აქტის მიხედვით, მიმწოდებლის მიმართ გამოყენებული საჯარიმო სანქციების ჯამურმა ოდენობამ შეადგინა 117 061.79 ლარი, საიდანაც 38 295.19 ლარი წარმოადგენს (ჯარიმას) უკვე ანაზღაურებული შემთხვევების უკან დასაბრუნებელ თანხას, ხოლო 78766.60 ლარი კი წარმოადგენს დამატებით ფინანსური ჯარიმის სახით გადასახდელ თანხას.
სს ,,ს------–----------------–----------’’ 2017 წლის 30 ნოემბერს ადმინისტრაციული საჩივრით გაასაჩივრა N------------- აქტი და მოითხოვა მისი ნაწილობრივ ბათილად ცნობა, რაზეც სააგენტომ 2018 წლის 15 ივნისს მიიღო N-------- გადაწყვეტილება, რომელიც გასაცნობად გადაეცა 2018 წლის 18 ივნისს.
მოსარჩელის მითითებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილების 7.1 პუნქტთან დაკავშირებით სააგენტომ აღნიშნა, რომ მიმწოდებლის მიერ 588 შემთხვევაში ბენეფიციარები ნაცვლად დამატებითი კონტიგენტისა, რეგისტრირებული იყვნენ ძირითად კონტიგენტში. მოცემულ შემთხვევაში, სააგენტოს მიერ შექმნილი პლატფორმის (ელექტრონული მოდელის) ხარვეზებით გამოწვეული ნეგატიური შედეგის გადმოტანა მოხდა მიმწოდებელზე და ეს უკანონოდ დაკვალიფიცირდა როგორც მიმწოდებლის დარღვევა, მაშინ, როდესაც, მიმწოდებელს კეთილსინდისიერად, ის მისამართი ჰქონდა ფაქტობრივ მისამართად დაფიქსირებული, რაც ბენეფიციარმა მიუთითა, რასაც სააგენტო თავადაც აკონტროლებდა პორტალზე მიმწოდებლის მიერ მითითებული ინფორმაციის მიხედვით და აღნიშნულის ბაზაზე ყოველთვიურად მიმწოდებელს მიღება-ჩაბარების აქტსაც უფორმებდა.
გასაჩივრებული აქტის 7.1 პუნქტში მიეთითა 367 შემთხვევა, სადაც მიმწოდებლის მიერ ვერ იქნა წარდგენილი მოსარგებლეთა რეგისტრაციისათვის საჭირო თანხმობის ფორმები, რის გამოც სახელმწიფო ბიუჯეტში აღსადგენმა თანხამ შეადგინა 4 946.91 ლარი, ხოლო დამატებით ჯარიმის სახით გადასახდელმა თანხამ 9 644.50 ლარი; ამავე აქტის 7.3 პუნქტში აღინიშნა, რომ მიმწოდებლის მიერ შევსებული თანხმობის ფურცლები 24 მკაცრი აღრიცხვის ბარათი (65 შემთხვევა) იყო გადასწორებულია, რის გამოც სახელმწიფო ბიუჯეტიდან მოთხოვნილმა და შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტში აღსადგენმა თანხამ 887.92 ლარი შეადგინა, ხოლო დამატებითი ჯარიმის სახით გადასახდელმა თანხამ - 1 886.36 ლარი. ხსენებული აქტის 7.4 პუნქტში აღინიშნა, რომ მიმწოდებლის მიერ შევსებულ თანხმობის ფურცლებს - 322 მკაცრი აღრიცხვის ბარათი (975 შემთხვევა) - არ ახლდა თან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, რის გამოც მიმწოდებლის მხრიდან დაირღა პროგრამის გეგმიური ამბულატორული მომსახურების კომპონენტით სარგებლობისათვის შესაბამის მიმწოდებელთან რეგისტრაციის მიზნით მოსარგებლის თანხმობის ფორმის გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშების წესის მოთხოვნები, შესაბამისად სახელმწიფო ბიუჯეტიდან ზედმეტად მოთხოვნილმა და სახელმწიფო ბიუჯეტში აღსადგენმა თანხამ შეადგინა 10805.27 ლარი, ხოლო დამატებით ჯარიმის სახით გადასახდელმა თანხამ - 22 745.74 ლარი, რაც არაგონივრულია.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 19 ივლისის განჩინებით სს ,,ს------–----------------–-- ე------” სარჩელი განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა ფოთის საქალაქო სასამართლოს.
მოპასუხე – სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და მისი უარყოფა მოითხოვა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
ფოთის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილებით სს ,,ს------–----------------–-- ე------’’ სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; პირგასამტეხლოს შემცირებასთან დაკავშირებით სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა მხოლოდ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 30 ოქტომბრის აქტის 7.3. პუნქტის ნაწილში დარიცხული ჯარიმის 1 886.36 ლარის ნაწილში, ხოლო დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
ამ დასკვნამდე სასამართლო მივიდა შემდეგ გარემოებათა გამო:
სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
2.1.1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 15 ივნისის N-------- წერილის საფუძველზე განხორციელდა სს ,,ს------–----------------–-- ე----- - ხ----------------–--’’ საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის მისაღებად რეგისტრირებულ მოსარგებლეებზე წარმოდგენილი თანხმობის ფორმების შევსების მდგომარეობის შემოწმება და შედგა N------------- შემოწმების აქტი;
2.1.2. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2018 წლის 15 ივნისის N-------- წერილით სს ,,ს------–----------------–-- ე-----’’ ეცნობა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2015 წლის 04 ივნისის N--------- ბრძანებით შექმნილი ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის’’ პირობების შესრულების კონტროლის შედეგებზე მიმწოდებლების მხრიდან წარმოდგენილი ადმინისტრაციული საჩივრების განმხილველი სათათბირო ორგანოს (კომისიის) 2018 წლის 24 მაისის N---------- საოქმო გადაწყვეტილება;
2.1.3. ვებ. გვერდზე ,,www.ehealth.moh.gov.ge’’ განთავსებულია გეგმიური ამბულატორიის ელექტრონული მოდული, სადაც ხდება კაპიტაციური ბენეფიციარების რეგისტრაცია.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
2.2.1. სასამართლომ აღნიშნა, რომ სადავო აქტის 7.1 პუნქტის მიხედვით, 367 შემთხვევაში მიმწოდებლის მიერ ვერ იქნა წარდგენილი მოსარგებლეთა რეგისტრაციისათვის საჭირო თანხმობის ფორმები, ამასთან ერთად მიმწოდებლის მიერ 588 შემთხვევაში ბენეფიციარები ნაცვლად დამატებითი კონტიგენტისა, დაარეგისტრირეს ძირითად კონტიგენტში. ამ გარემოების მხოლოდ პროგრამის ხარვეზად მიჩნევა სასამართლოს მოსაზრებით იყო არარელევანტური, რადგანაც სასამართლომ როგორც სხდომაზე გამოარკვა, მხოლოდ ერთი ველის ჩამოშლა და სოფლის მითითება იყო საკმარისი პროგრამაში ობიექტური ინფორმაციის დაფიქსირებისათვის, შესაბამისად არსებული საპროგრამო უზრუნველყოფით შესაძლებელი იყო მართებული ინფორმაციის მიწოდება და პროგრამის მიერ მისი სწორად აღქმა.
სასამართლოს მოსაზრებით, გასაჩივრებული აქტის 7.4 პუნქტში მითითებული 975 შემთხვევა, სადაც თანხმობის ფურცლებს პირადობის დამადასტურებელი მოწმობები არ ახლავს, ვერ ჩაითვლებოდა შემთხვევად, როდესაც არსებობდა პირადობის მოწმობები ძირითად ისტორიებში და არ დაერთო თანხმობის ფურცლებს. სასამართლოს მითითებით, მართალია სხდომაზე წარდგენილი იქნა რიგი პირადობის მოწმობების ასლები, მაგრამ მათი წარმომავლობის დოკუმენტური მტკიცებულებების არარსებობის გამო სასამართლომ ისინი სათანადო მტკიცებულებებად არ მიიჩნია. შესაბამისად სასამართლომ დაასკვნა, რომ ასეთ შემთხვევაში, მიმწოდებელს კანონშესაბამისად დაეკისრა თანხების უკან დაბრუნება და დამატებითი ფინანსური ჯარიმები.
მიმწოდებლის მიერ შევსებული თანხმობის ფურცლების 24 მკაცრი აღრიცხვის ბარათის (65 შემთხვევა) გადასწორების საკითხთთან დაკავშირებით (სადავო აქტის 7.3 პუნქტი) სასამართლომ გაიზიარა მოსარჩელის მოსაზრება იმის შესახებ, რომ „საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გეგმიური ამბულატორიული მომსახურების მისაღებად სამედიცინო დაწესებულებაში რეგისტრაციაზე მოსარგებლის თანხმობის ფორმის, მისი გამოყენებისა და აღრიცხვაანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ ამავე დარგის მინისტრის 2014 წლის 17 მარტის N01-19/ნ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2017 წლის აგვისტოს N01-50/ნ ბრძანების მე-5 მუხლის მე-4 პუნქტში მიეთითა, რომ „მკაცრი აღრიცხვის ფორმა უნდა შეივსოს სრულყოფილად. დაუშვებელია მასში ჩანაწერის წაშლა, ჩასწორება და /ან მოშორება კორექტორის დახმარებით“. აღნიშნული ცვლილება ძალაში შევიდა 2017 წლის 03 აგვისტოს და მას არა გააჩნდა უკუმოქმედების ძალა დ აქედან გამომდინარე 2017წლის 03 აგვისტომდე შემთვევებს ეს ცვლილება არ ეხებოდა. შესაბამისად სასამართლომ ჩათვალა, რომ ზემოაღნიშნული ბრძანების ძალაში შესვლამდე განხორციელებული ამ სახის მოქმედებები დარღვევად ვერ მიიჩნეოდა. საბოლოოდ საქალაქო სასამართლომ სს ,,ს------–----------------–-- ე------’’ სარჩელი ნაწილობრივ საფუძვლიანად ცნო.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:
ფოთის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 22 მაისის გადაწყვეტილება კანონით დადგენილ ვადაში სააპელაციო წესით გაასაჩივრა როგორც სს ,,ე---------–-------ს’’, ასევე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და ამავე სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის წარმომადგენლებმა.
3.1. სს ,,ე---------–-------ს’’ სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
3.1.1. აპელანტის მითითებით, გასაჩივრებული აქტის 7.1 პუნქტში სააგენტოს მიერ აღინიშნა, რომ მიმწოდებლის მიერ 588 შემთხვევაში პაციენტები/ბენეფიციარები ნაცვლად დამატებითი კონტიგენტისა, რეგისტრირებულია ძირითად კონტიგენტში. ამასთან, სააგენტო იქვე აღნიშნავს, რომ ისინი ძირითად კონტიგენტში იმ მიზეზით არ უნდა დარეგისტრირებულიყვნენ, რომ მათ ფაქტობრივ მისამართში დაფიქსირებულია სოფელი. აპელანტის მხარის განმარტებით, თანხმობის ფორმები შეიცავს გრაფას ბენეფიციარის ფაქტობრივი მისამართის შესახებ. ფაქტობრივ მისამართს თავად ბენეფიციარი უთითებს თანხმობის ფორმაში თავისი ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის სახით/მიხედვით. აღნიშნულის შემდეგ მიმწოდებელს თანხმობის ფორმაში მითითებული, ბენეფიციარის მიერ მოწოდებული ინფორმაცია, გეგმიური ამბულატორიული მომსახურების კომპონენტის ელექტრონულ მოდულში (ე.წ. პორტალზე) გადააქვს ბენეფიციარის დარეგისტრირების მიზნით, ხოლო ბენეფიციარის რეგისტრაციის მისამართს კი თავად პორტალი/პლატფორმა აგენერირებს საჯარო რეესტრის მონაცემებთან სინქრონიზაციის გზით. აპელანტის განმარტებით, აღნიშნული ელექტრონული მოდული (პორტალი) თავად „სააგენტოს“ მიერ შექმნილი პლატფორმაა (პროგრამული უზრუნველყოფა) და იგი მუშაობს სწორედ „სააგენტოს“ მიერ დაპროგრამებული პრინციპით და მიმწოდებელს არანაირი ზემოქმედება ამ პროცესზე არ აქვს. მიმწოდებელს, როგორც მომხმარებელს, უბრალოდ მინიჭებული აქვს წვდომა და შესაბამისი პაროლი;
3.1.2. აპელანტის განმარტებით, თავად გეგმიური ამბულატორიის ელექტრონული მოდული (ე.წ. პორტალი) სადაც ხდება კაპიტაციური ბენეფიციარების რეგისტრაცია, მიმწოდებელს შესაძლებლობას არ აძლევს ის ბენეფიციარი, რომლის ფაქტობრივ მისამართადაც მითითებულია სოფელი, დაარეგისტრიროს ძირითად კონტიგენტად. პროგრამაში ინტეგრირებული შეზღუდვები ამის შესაძლებლობას ფიზიკურად არ იძლევა, რაც დადასტურებულია თანდართული N--------- ოქმით ფაქტების კონსტატაციის შესახებ. შესაბამისად ისმის კითხვა, თუ მიმწოდებელმა პორტალის შესაბამის ველში ფაქტობრივ მისამართად მიუთითა სოფელი (თავად ბენეფიციარის მიერ დასახელებული) და ასეთ დროს პორტალი ფიზიკურად არ იძლევა ძირითად კონტიგენტად ასეთი ბენეფიციარის რეგისტრაციის შესაძლებლობას, რა დაარღვია მიმწოდებელმა? კითხვაზე პასუხი ერთია: მიმწოდებელს არაფერი დაურღვევია და მოცემულ შემთხვევაში ერთადერთი ახსნადი მიზეზი შეიძლება იყოს თავად ელექტრონული მოდულის (პლატფორმის) ფუნქციონირების ხარვეზები და ასეთი არაერთხელ მომხდარა, როდესაც თავად პლატფორმა არასწორად აგენერირებს/აგენერირებდა ინფორმაციას;
3.1.3. აპელანტის მსჯელობით, პორტალი ამ შემთხვევაშიც, თვის დასრულების შემდეგ, ავტომატურად აგენერირებს წინამორბედ თვეში კონკრეტული მიმწოდებლის მიერ რეგისტრირებული ბენეფიციარების ჯამურ ოდენობებს და ამ პროცესზეც მიმწოდებელს ზეგავლენა არ აქვს. მიმწოდებელი მხოლოდ ამგვარი სახით ავტომატურად გენერირებული ჯამური მონაცემის გაგზავნის ღილაკს აჭერს ხელს. სამწუხაროა, რომ მოცემულ შემთხვევაში, სააგენტოს მიერ შექმნილი პლატფორმის (ელექტრონული მოდულის) ხარვეზებით გამოწვეული ნეგატიური შედეგის გადმოტანა ხდება მიმწოდებელზე და ეს ყოველივე კვალიფიცირდება როგოც მიმწოდებლის დარღვევა მაშინ, როდესაც, მიმწოდებელს კეთილსინდისიერად იგივე მისამართი აქვს ფაქტობრივ მისამართად დაფიქსირებული, რაც თავად ბენეფიციარმა მიუთითა, რასაც სააგენტო თავადაც ხედავს პორტალზე მიმწოდებლის მიერ მითითებული ინფორმაციის მიხედვით და აღნიშნულის ბაზაზე ყოველთვიურად მიმწოდებელს მიღება-ჩაბარების აქტსაც უფორმებს.
ამდენად, აპელანტ მხარეს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული აქტი უნდა გაუქმდეს მისი 7.1 პუნქტის ნაწილში სრულად და შესაბამისად დაკმაყოფილდეს მოსარჩელის მიერ წარდგენილი თავდაპირველი სასარჩელო მოთხოვნა. ხოლო სასამართლოში გაკეთებული განმარტება იმის შესახებ, რომ პლატფორმაში არსებული მხოლოდ ერთ-ერთი გრაფა იყო აღნიშნული ხარვეზის გამომწვევი, გახლავთ განმარტება სააგენტოს პოზიციაზე, რომ ადრე არსებობდა ე.წ. კომენტარის ველი, რომელიც დღეს აღარ არსებობს;
3.1.4. აპელანტის მითითებით, სასამართლომ აგრეთვე არ გაიზიარა აპელანტის (მოსარჩელის) მოთხოვნაა 7.3 და 7.4 პუნქტებით გათვალისწინაბული ჯარიმების გონივრულ ფარგლებამდე შემცირების შესახებ. მართალია 7.3 პუნქტის ფარგლებში სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა მოსარჩელის მოთხოვა, თუმცა აღსანიშნავია, რომ პროცესზე სრულად იქნა დასაბუთებუილი, რომ 7.3 პლუნქტით გათვალისწინებული ჯარიმა მოკლებულია ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს - შესაბამისად აღნიშნული პუნქტის ფარგლებში დარიცხული ჯარიმა შემცირების ნაცვლად უნდა გაუქმებულიყო სრულად;
3.1.5. აპელანტის განმარტებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილების მე-6 მუხლის მე-17 აბზაცში აღნიშნულია, რომ "სადავო აქტის 7.3 პუნქტის ნაწილში, მიმწოდებლის მიერ შევსებული თანხმობის ფურცლების 24 მკაცრი აღრიცხვის ბარათის (65 შემთხვევა) გადასწორების თაობაზე, სასამართლო იზიარებს მოსარჩელის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2017 წლის აგვისტოს N01-50/ნ ბრძანების „საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გეგმიურ ამბულატორიულ მომსახურების მისაღებად სამედიცინო დაწესებულებაში რეგისტრაციაზე მოსარგებლის თანხმობის ფორმის, მისი გამოყენებისა და აღრიცხვაანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ ამავე დარგის მინისტრის 2014 წლის 17 მარტის N01-19/ნ ბრძანებაში ცვლილებებისდ შეტანის შესახებ“ მე-5 მუხლის მე-4 პუნქტში მიუთითა: „მკაცრი აღრიცხვის ფორმა უნდა შეივსოს სრულყოფილად. დაუშვებელია მასში ჩანაწერის წაშლა, ჩასწორება და /ან მოშორება კორექტორის დახმარებით“. აღნიშნული ცვლილება ძალაში შევიდა 2017 წლის 03 აგვისტოს, მას არა აქვს უკუმოქმედების ძალა. როგორც ირკვევა 2017 წლის 03 აგვისტომდე შემთვევებს ეს ცვლილება არ ეხება, რა დროსაც კორექტორის გამოყენება აკრძალული არ იყო. ცხადია, რომ შემვსებელს შეეძლო შეეცვალა (გამოეცვალა) მკაცრი აღრიცხვის ფორმა, შეეძლო არ გამოეცვალა, მის შეხედულებაზე იყო დამოკიდებული, რადგან კორექტორით გასწორებული (ჩასწორებული) მონაცემები შეიცავდა სწორ მონაცემებს, მხოლოდ 2017 წლის 03 აგვისტოდან კორექტორის გამოყენებით ჩასწორება აიკრძალა და ასეთი უნდა გამოიცვალოს ახლით." - შესაბამისად სს ,,ს------–----------------–-- ე------თვის“ გაუგებარია თუ როგორ შეიძლება, კანონიერი საფუძვლის გარეშე დარიცხული ჯარიმის შემცირება მხოლოდ ნაწილობრივ, ნაცვლად მისი სრულად გაუქმებისა;
3.1.6. რაც შეეხება 7.4 პუნქტით გათვალისწინებულ ჯარიმას, აპელანტი მიიჩნევს, რომ სამართლიანს არ წარმოადგენს 367 შემთხვევაში ბენეფიციარის თანხმობის ფორმის არარსებობის შემთხვევაზეც და პირადობის დაურთველობის 975 შემთხვევაზე ერთიდაიმავე სიმძიმის ჯარიმის (თითოეულ შემთხვევაზე შესაბამის თვეში ასანაზღაურებელი თანხის ორმაგი ოდენობა) შეფარდება, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში ცხადი ხდება, რომ სახეზე გვაქვს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, შესაბამისად, ყოველივე ზემოხსენებულის გათვალისწინებით, იმ შემთხვევებზე, რომლებთან მიმართებითაც გამოვლინდა, რომ მიმწოდებელთან ინახება შესაბამისი თანხმობის ფორმა, მაგრამ ამათუ იმ ფორმით დარღვეულია შევსების, გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესები, აპელანტი მხარე სასამართლს თხოვს იმსჯელოს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს გონივრულ ფარგლებში შემცირებაზე. ამასთან ყურადსაღებია ის გარემოება, რომ პაციენტებისთვის გაწეული სამედიცინო მომსახურება არ არის სადავო და აღნიშნულ მოცემულობაში ყოვლად უსამართლოა ანაზღაურებული თანხის (ჯამში) სამმაგი ოდენობის ჯარიმის სახით დაკისრება.
3.2. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და ამავე სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
3.2.1. აპელანტის განმარტებით, საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, თუმცა არასწორად განმარტა იგი. კერძოდ: საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2017 წლის 02 აგვისტოს N01-50/ნ ბრძანების "საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გეგმიურ ამბულატორიული მომსახურების მისაღებად სამედიცინო დაწესებულებაში რეგისტრაციაზე მოსარგებლის თანხმობის ფორმის, მისი გამოყენებისა და აღრიცხვა–ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ" მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად: ,,მკაცრი აღრიცხვის ფორმა უნდა შეივსოს სრულყოფილად. დაუშვებელია მასში ჩანაწერის წაშლა, ჩასწორება და/ან მოშორება კორექტორის დახმარებით". აღნიშნული ცვლილება ძალაში შევიდა 2017 წლის 03 აგვისტოს;
აპელანტ მხარეს მიაჩნია, რომ ზემოხსენებული ცვლილების შეტანა განაპირობა მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტებში კორექტორის საშუალებით შესწორებების თუ ჩასწორებების განხორციელების მასიურმა შემთხვევებმა, რომლებსაც ადგილი ჰქონდა პრაქტიკულ საქმიანობაში და ამ მოქმედების აკრძალვის ნორმა არ არსებობდა. შესაბამისად, სასამართლომ მოსარჩელის მოთხოვნა ნაწილობრივ დააკმაყოფილა სააგენტოს გასაჩივრებული აქტის 7.3. პუნქტის ნაწილში, კერძოდ 1886.36 ლარის პირგასამტეხლოს დაკისრების გაუქმების თაობაზე, თუმცა არ უმსჯელია ამგვარი გადაწყვეტილების კანონთან შესაბამისობაზე;
3.2.2. აპელანტის მითითებით, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2013 წლის 26 თებერვლის N04-69/ო ბრძანებით დამტკიცებული ,,2013 წლის საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ამბულატორიული მომსახურების კომპონენტით მოსარგებლეთა რეგისტრაციისათვის საჭირო თანხმობის ფორმისა და მისი შევსების წესის" მე-3 პუნქტის თანახმად, ,,თანხმობა ივსება მიმწოდებლის წარმომადგენლის მიერ, სრულყოფილად და დაუშვებელია მასში შესწორებები. თანხმობაში ასახული ინფორმაციის სისწორეზე პასუხისმგებელია მიმწოდებელი’’.
"საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გეგმიური ამბულატორიული მომსახურების მისაღებად სამედიცინო დაწესებულებაში რეგისტრაციაზე მოსარგებლის თანხმობის ფორმების მიღება-ჩაბარების, შენახვისა და მათი მოძრაობის ორგანიზების წესის დამტკიცების შესახებ" სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2014 წლის 28 მარტის N04-71/ო ბრძანების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ,,შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების მიერ გამოსაყენებლად უვარგისი მკაცრი აღრიცხვის ფორმების დაბრუნება დეპარტამენტისათვის და/ან ტერიტორიული ერთეულისათვის წარმოებს მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებით." ამავე მუხლის მე–2 პუნქტის ,,ა" ქვეპუნქტი განმარტავს, რომ ,,ამ წესის მიზნებისათვის გამოსაყენებლად უვარგისია მკაცრი აღრიცხვის ფორმები შევსების დროს დაშვებული შეცდომების გამო".
2017 წლის 03 აგვისტოდან ამოქმედებული საკანონმდებლო ცვლილება, სადაც ჩაიწერა, რომ დოკუმენტში კორექტორით ჩასწორება ითვლება შეცდომად, ზემოაღნიშნული N04-69/ო ბრძანების მესამე მუხლის მოთხოვნას ავსებს და აკონკრეტებს.
საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის N36 დადგენილება შეცდომით შევსებული მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტის შემთხვევაში აწესებს საჯარიმო სანქციებს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტ მხარეს მიაჩნია, რომ სამართლებრივად არასწორად არის დასაბუთებული ფოთის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილება და ძალაში უნდა დარჩეს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 30 ოქტომბრის N---------- აქტის 7.3. პუნქტი ნაწილობრივ, დარიცხული ჯარიმის 1886.36 ლარის დაკისრების ნაწილში, ასევე სსიპ სოციალური მომსახსურების სააგენტოს 2018 წლის 15 ივნისის N-------- გადაწყვეტილება მოსარჩელის 2017 წლის 04 დეკემბრის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ შეცვლის დასაბუთება:
სააპელაციო სასამართლო საქმის მასალათა გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის და გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და ამავე სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო სს ,,ე---------–-------ს“ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; კერძოდ უნდა გაუქმდეს ფოთის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილება ჯარიმის ოდენობის შემცირებაზე სს ,,ს------–----------------–-- ე------“ სასარჩელო მოთხოვნის უარყოფის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ უნდა იქნას ახალი გადაწყვეტილება. სს ,,ს------–----------------–-- ე------“ სარჩელი ჯარიმის ოდენობის შემცირების მოთხოვნის ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; უნდა შემცირდეს სს ,,ს------–----------------–-- ე------“ მიმართ სს ,,ს------–----------------–-- ე------“ ხ----------------–-- მიერ საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, გეგმიური ამბულატორიული მომსახურების მისაღებად რეგისტრირებულ მოსარგებლეებზე თანხობის ფორმის შევსების და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 15 ივნისის N-------- წერილით მოთხოვნილი დოკუმენტაციის შესახებ 2017 წლის 30 ოქტომბრის N------------- შემოწმების აქტით დარიცხული ჯარიმები გონივრულ ფარგლებში, ხოლო დანარჩენ ნაწილში სს ,,ს------–----------------–-- ე------“ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელი უნდა დარჩეს ფოთის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილება, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის ”ა” ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, თუ ადგილი აქვს 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია არ გადააგზავნოს საქმე უკან და თვითონ გადაწყვიტოს იგი.
4.1. ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
4.1.1. უპირველეს ყოვლისა პალატა ყურადღებას ამახვილებს მოცემული კატეგორიის დავათა განსჯადობის თაობაზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მიერ დადგენილ პრაქტიკაზე (იხ. სუს 17.05.2018წ. განჩინება საქმეზე Nბს-284-284(გ-18); 07.06.2018წ. განჩინება საქმე №ბს-342-342(გ-18); 19.07.2018წ. განჩინება საქმე №ბს-695-695(გ-18); 04.07.18წ. განჩინება საქმე №ბს-649-649(გ-18)), რა საკითხზე მსჯელობისას საკასაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებით დამტკიცებული „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის დანაწესი შეთანხმებაში იმთავითვე მოიაზრებს მიმწოდებლის წერილობითი დასტურის საფუძველზე პროგრამის მიმწოდებელსა და განმახორციელებელს შორის იმ სახელშეკრულებო ურთიერთობის ჩამოყალიბებას, რომლის განუყოფელ ნაწილსაც თავად საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა, მისი დანართები და თითოეული დანაწესი, აგრეთვე, მის უზრუნველსაყოფად გამოცემული შესაბამისი სამართლებრივი აქტები, ასევე სამედიცინო ვაუჩერის პირობებთან დაკავშირებული სხვა მარეგულირებელი აქტები და მიმწოდებლის წერილობითი დასტური ერთობლივად წარმოადგენს.
საკასაციო სასამართლოს მსჯელობით, პროგრამის ფარგლებში ყოველი კონკრეტული შემთხვევის შემოწმების შედეგად გამოვლენილი ყველა დარღვევისათვის პასუხისმგებლობის სახით გამოყენებული საჯარიმო სანქციები, მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების დანაწესებს უკავშირდება და მათგან გამომდინარეობს.
ზემოაღნიშნული განმარტებებიდან გამომდინარე სააპელაციო პალატა ასკვნის, რომ სახეზეა სს ,,ე------ კ-–--------’’ (პროგრამის მიმწოდებელი) და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს (პროგრამის განმახორციელებელი) შორის დადებული ადმინისტრაციული ხელშეკრულება, რომლის ჯეროვნად შესრულების კონტროლის მიზნით 2017 წლის 30 ოქტომბერს გამოცემული იქნა სს ,,ს------–----------------–-- ე------“ ხ----------------–-- მიერ საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, გეგმური ამბულატორიული მომსახურების მისაღებად რეგისტრირებულ მოსარგებლეებზე თანხობის ფორმის შევსების და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 15 ივნისის N-------- წერილით მოთხოვნილი დოკუმენტაციის N------------- შემოწმების აქტი (იხ.ტომი1, ს.ფ.22-36).
4.1.2. N------------- შემოწმების აქტის 7.1. პუნქტის მიხედვით, შემმოწმებელმა მიიჩნია, რომ მიმწოდებლის მიერ დარღვეული იყო პროგრამის 22-ე მუხლის მე-2 პუნქტის და ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული ელექტრონული ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 12 აპრილის N04-185ო ბრძანების დანართი N2-ის მოთხოვნები; კერძოდ: გეგმური ამბულატორიული მომსახურების კომპონენტით გათვალისწინებული მომსახურების მიმღებად ძირითად კონტიგენტში დარეგისტრირებულია პაციენტები, რომლებიც კანონმდებლობის თანახმად, უნდა ყოფილიყვნენ დამატებით კონტიგენტში, რის გამოც მიმწოდებელს თითოეულ შემთხვევაზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებლი აქვს 0.86 ლარით მეტი, სულ 588 შემთხვევაში ძირითად კონტიგენტში დარეგისტრირებული პაციენტების ფაქტობრივ მისამართში დაფიქსირებულია სოფელი, რის გამოც აღნიშნულ მოსარგებლეებზე მიმწოდებლის მიერ ზედმეტად მოთხოვნილმა თანხამ შეადგინა 4791.06 ლარი. ამდენად პროგრამის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ზ“ ქვეპუნქტის, მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად 4791.06 ლარი (2014 წლის თებერვლამდე 309.60 ლარი, 2014 წლის თებერვლიდან 2017 წლის 01 აგვისტომდე - 4481.61 ლარი) და პროგრამის მე-19 მუხლის მე-14 პუნქტით დარიცხული ჯარიმა 11 639.41 ლარი ექვემდებარება სახელმწიფო ბიუჯეტში აღდგენას.
საქმის მასალებით, მათ შორის მხარეთა ახსნა-განმარტებით უდავოდ დადგენილია, რომ საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის შესაბამისად, პროგრამის მოსარგებლის ძირითად თუ დამატებით კონტიგენტში აღრიცხვას მნიშვნელობა გააჩნია სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი დაფინანსების ოდენობის თვალსაზრისით; კერძოდ ძირითად კონტიგენტად (ქალაქად რეგისტრირებული) მიჩნეული პროგრამის მოსარგებლეების სახლემწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსება გარკვეულწილად აღემატება დამატებით კონტიგენტში (სოფლად რეგისტრირებული) აღრიცხული პირების დაფინანსებას, რაც გამოწვეულია ამ უკანასკნელთა მიმართ საცხოვრებელ ადგილზე დამატებითი საექიმო მომსახურების არსებობით.
მოცემულ შემთხვევაში მხარეები სადავოდ არ ხდიან იმ გარემოებას, რომ შემოწმების აქტის 7.1. პუნქტში მითითებულ შემთხვევებში დამატებითი კონტიგენტის პაციენტები დარეგისტირებულნი არიან ძირითად კონტიგენტად, რამაც გამოიწვია სახელმწიფო ბიუჯეტიდან აპელანტის სასარგებლოდ 4791.06 ლარის ზედმეტად ჩარიცხვა, შესაბამისად ცალსახაა, რომ ზედმეტად ჩარიცხული თანხა ექვემდებარება სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნებას და ამ მიმართებით წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი უსაფუძვლოა.
პალატის მოსაზრებით, დაუსაბუთებელია აპელანტის მოსაზრება ამ დარღვევასთან დაკავშირებით მისი ბრალეულობის გასაქარწყლებლად მხოლოდ პროგრამულ ხარვეზზე მითითების შესახებ, რადგანაც ამ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად მხარის მიერ წარმოდგენილი არ ყოფილა, ხოლო აპელანტის მიერ წარმოდგენილი ფაქტის კონსტანტაციის მასალები ასახავს ამ დარღვევის ჩადენიდან საკმაო პერიოდის გასვლის შემდეგ პროგრამის მუშაობის გამართულობას, რაც ვერ ჩაითვლება აპელანტის არგუმენტების დამადასტურებელ სარწმუნო მტკიცებულებად.
4.1.3. N------------- შემოწმების აქტის 7.3. პუნქტის თანახმად, შემმოწმებელმა მიიჩნია, რომ სს ,,ს------–----------------–-- ე-----’’- ხ----------------–-- მიერ შევსებული თანხმობის ფორმების 65 შემთხვევაში (24 მკაცრი აღრიცხვის ბარათი) გადასწორებულია, რის გამოც მიმწოდებლის მხრიდან დარღვეულია ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ამბულატორიული მომსახურების კომპონენტით სარგებლობისათვის შესაბამის მიმწოდებელთან რეგისტრაციის მიზნით მოსარგებლის თანხმობის ფორმის შევსების წესის“ (თანხმობა ივსება მიმწოდებლის წარმომადგენლის მიერ, სრულყოფილად და დაუშვებელია მასში შესწორებებლი, თანხმობაში ასახული ინფორმაციის სისწორეზე პასუხისმგებელია მიმწოდებელი) მოთხოვნები, შესაბამისად 65 შემთხვევაში დარეგისტრირებული ბენეფიციარები არ შეიძლება ჩაითვალოს პროგრამის მოსარგებლედ, რის გამოც აღნიშნულ შემთხვევაში მიმწოდებლის მიერ 2017 წლის ივლისის ჩათვლით ზედმეტად ჩარიცხულმა თანხამ შეადგინა 887.92 ლარი, აღნიშნულიდან გამომდინარე პროგრამის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის ,,გ.ა’’ და ,,ზ’’ ქვეპუნქტები, მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად ზედმეტად მოთხოვნილმა თანხამ შეადგინა 887.92 ლარი და მე-19 მუხლის მე-14 პუნქტის თანახმად დარიცხული ჯარიმა 1886.36 ლარი ექვემდებარება სახელმწიფო ბიუჯეტში აღდგენას.
პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ შემოწმების აქტის 7.3. პუნქტში მითითებული 887.92 ლარის სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნების უკანონობის თაობაზე მოთხოვნა სარჩელში და შესაბამისად სააპელაციო საჩივარში მხარეს წარმოდგენილი არ აქვს (იხ.სარჩელი - ტომი 1, ს.ფ.2-20; ასევე სააპელაციო სასამართლოში აპელანტის წარმომადგენლის ახსნა-განმარტება-2019 წლის 16 მაისის სხდომის ოქმი), ამდენად ამ ნაწილში პირველი ინსტანციის სასამართლოს შემოწმების აქტი არ შეუფასებია. მხარემ სადავოდ გახადა მხოლოდ ძირითად თანხაზე დარიცხული პირგასამტეხლოს გონივრულობა.
4.1.4. რაც შეეხება N------------- შემოწმების აქტის 7.3. პუნქტთან დაკავშირებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და ამავე სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის მოსაზრებას და შესაბამისად სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობას, პალატა აღნიშნავს, რომ როგორც საქმის მასალებითა და მხარეთა ახსნა-განმარტებით უდავოდაა დადგენილი, სს ,,ს------–----------------–-- ე-----’’- ხ----------------–-- მიერ შევსებული 24 მკაცრი აღრიცხვის ფორმაში შეცდომით ჩაწერილი პაციენტების გვარები გადაშლილია კორექტორით და მასზე გადაწერილია სწორი მონაცემები.
პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მიერ 2014 წლის 17 მარტის N01-19/ნ ბრძანებით დამტკიცდა საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გეგმური ამბულატორიული მომსახურების მისაღებად სამედიცინო დაწესებულებაში რეგისტრაციაზე მოსარგებლის თანხმობის ფორმის, მისი გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი (შემდეგში - ,,წესი’’), რომელშიც სადავო ფორმების შევსების შემდგომ პერიოდში 2017 წლის აგვისტოს N01-50/ნ ბრძანებით შევიდა ცვლილება და მე-5 მუხლის მე-4 პუნქტში მიეთითა შემდეგი: ,,მკაცრი აღრიცხვის ფორმა უნდა შეივსოს სრულყოფილად. დაუშვებელია მასში ჩანაწერის წაშლა, ჩასწორება და/ან მოშორება კორექტორის დახმარებით’’.
პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ აღნიშნული ცვლილების განხორციელებამდე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მიერ 2014 წლის 17 მარტის N01-19/ნ ბრძანება არ კრძალავდა მკაცრი აღრიცხვის ფორმის შეცდომით შევსების შემთხვევაში მასში შესწორების შეტანის შესაძლებლობას, რაც ასევე აკრძალული არ არის ამ ბრძანებაში მითითებულ სამართლებრივ აქტებშიც, მათ შორის „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონში, შესაბამისად პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის მსჯელობას იმასთან დაკავშირებით, რომ სადავო მკაცრი აღრიცხვის ფორმებში დაშვებული უზუსტობის კორექტორის საშუალებით გასწორება ვერ მიიჩნევა მისი შედგენის დროისთვის მოქმედი ,,წესის’’ მოთხოვნების დარღვევად, სააგენტოს მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებული სამართლებრივი აქტები კი არ ადგენს მკაცრი აღრიცხვის ფორმის შევსების წესს (შეეხება ჩვეულებრივი და არა მკაცრი აღრიცხვის ფორმების შევსებას), შესაბამისად მოცემული ურთიერთობის დასარეგულირებლად მათზე მითითება უსაფუძვლოა. ყოველივე აღნიშნული გარემოებები კი სააგენტოს სააპელაციო საჩივრის დაუსაბუთებლობაზე მიუთითებს.
4.1.5. N------------- შემოწმების აქტის 7.4. პუნქტის თანახმად, სს ,,ს------–----------------–-- ე-----’’-ხ----------------–-- მიერ შევსებულ თანხმობის ფურცლებს 975 შემთხვევაში (322 მკაცრი აღრიცხვის ბარათი) არ ახლავს თან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, რის გამოც მიმწოდებლის მხრიდან დარღვეულია ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გეგმური ამბულატორიული მომსახურების მისაღებად სამედიცინო დაწესებულებაში რეგისტრაციაზე მოსარგებლის თანხმობის ფორმის, მისი გამოყენებისა და აღრიცხვა/ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 17 მარტის N01-19ნ და მასში შეტანილი ცვლილებების 2014 წლის 30 ოქტომბრის N01-77/ნ ბრძანების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის (მკაცრი აღრიცხვის ფორმის შევსება ხდება თითოეულ ბენეფიციარზე ინდივიდუალურად, რომელსაც თან ერთვის ბენეფიციარის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი) მოთხოვნები. აღნიშნულიდან გამომდინარე საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის ,,გ.ა’’ და ,,ზ“ ქვეპუნქტების, მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ზედმეტად ჩარიცხული თანხა 10 805.27 ლარი და პროგრამის მე-19 მუხლის მე-14 პუნქტის თანახმად დარიცხულმა ჯარიმამ, რომელმაც შეადგინა 22 745.74 ლარი, ექვემდებარება სახელმწიფო ბიუჯეტში აღდგენას.
მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით დადგენილია და არც სს ,,ე---------–-------ს“ წარმომადგენელი ხდის სადავოდ შემოწმების აქტის 7.4. პუნქტში მითითებულ დარღვევებს (იხ. წარმომადგენლის ახსნა-განმარტება - 2019 წლის 16 მაისის სხდომის ოქმი). მისი სამართლებრივი პრეტენზია წარმოდგენილია მხოლოდ დაკისრებული ჯარიმის შეუსაბამოდ მაღალი ოდენობის თვალსაზრისით.
4.1.6. იმის გათვალისწინებით, რომ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულება წარმოადგენს ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 251 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, მის დადებასთან, შესრულებასთან და შეწყვეტასთან დაკავშირებული დავები განიხილება საერთო სასამართლოების მიერ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით.
პალატა მიიჩნევს, რომ 2017 წლის 30 ოქტომბრის N------------- შემოწმების აქტით განსაზღვრული ჯარიმა მისი იმანენტური ბუნებიდან გამომდინარე წარმოადგენს პირგასამტეხლოს, რაც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება დამოუკიდებელია ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცებისაგან ანუ, პირგასამტეხლოს მოთხოვნისათვის კრედიტორს არ ეკისრება მიყენებული ზიანის დამტკიცების ვალდებულება. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება კრედიტორს ყოველთვის გააჩნია, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა მან ზიანი. მთავარია ვალდებულების დარღვევის ფაქტი. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება და ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება, მიუხედავად იმისა, რომ ისინი კრედიტორის ერთი და იმავე ინტერესის დაკმაყოფილებისაკენ არიან მიმართული, დამოუკიდებელ მოთხოვნებად რჩებიან.
პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას; მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა.
საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის მიხედვით, ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს ანუ, პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს რეპრესიული ხასიათის სანქცია ეკისრება.
პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (იხ. სუსგ 6.05.2015წ. საქმე №ას-1158-1104-2014, 10.02.2016წ. საქმე №ას-1265-1187-2015).
წარმოშობის საფუძვლების მიხედვით განასხვავებენ კანონისმიერ და სახელშეკრულებო პირგასამტეხლოს. კანონისმიერად მიიჩნევა პირგასამტეხლო, რომელიც ნორმატიული აქტითაა დადგენილი. მაშასადამე, პირგასამტეხლოს კვალიფიკაციისათვის კანონისმიერ ან სახელშეკრულებო პირგასამტეხლოდ – გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება, თუ ვისი ნებით არის იგი წარმოშობილი (კანონმდებლის თუ მხარეთა შეთანხმებით).
ამასთან მართალია სახელშეკრულებო პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრა მხარეთა უფლებაა და აღნიშნული კუთხით მოქმედებს სახელშეკრულებო ურთიერთობებში დამკვიდრებული მხარეთა ნების ავტონომიის პრინციპი, თუმცა სსკ-ის 420-ე მუხლი შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, საქმის გარემოებების გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო მხარეთა მიერ გამოვლენილი ნების მიუხედავად და დაიყვანოს იგი სამართლიან და გონივრულ მოცულობამდე.
რაც შეეხება კანონისმიერ პირგასამტეხლოს, საყურადღებოა, რომ სსკ-ის 420-ე მუხლით გათვალისწინებული მოწესრიგება გამოიყენება მხოლოდ მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებულ პირგასამტეხლოსთან მიმართებით და ვერ იქნება გამოყენებული კანონისმიერ პირგასამტეხლოს მიმართ, რამეთუ ნორმატიულად განსაზღვრული პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებობას კანონი არ ითვალისწინებს (იხ. სუს 02.02.2015წ.-ის განჩინება საქმე Nას-1171-1116-2014; სუს 24.03.2014წ.-ის განჩინება საქმე N ას-1284-1226-2013).
როგორც უკვე აღინიშნა, 2017 წლის 30 ოქტომბრის N------------- შემოწმების აქტი მხარეთა შორის დადებული ადმინისტრაციული ხელშეკრულების შემადგენელი ნაწილია, შესაბამისად ამ აქტით დაკისრებული პირგასამტეხლო (ჯარიმა) სახელშეკრულებო პირგასამტეხლოდ უნდა იქნეს განხილული, რომლის შემცირება დასაშვებია.
პალატა დამატებით აღნიშნავს, რომ ხელშეკრულების არსებობა, ბუნებრივია, ხელშემკვრელ მხარეებს ავალდებულებს იმოქმედონ ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობებით, ჯეროვნად და კეთილსინდისიერად შეასრულონ შეთანხმებული ვალდებულებები, თუმცა, აღნიშნული არ გამორიცხავს მხარეთა ინტერესების ბალანსირების აუცილებლობას, რომელიც უნდა ემყარებოდეს მხარეთა თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპს. სახელშეკრულებო თავისუფლების ფარგლებში პირგასამტეხლოზე შეთანხმება, არ ნიშნავს, უპირობოდ, მხარისათვის პირგასამტეხლოს შეთანხმებული ოდენობით დაკისრების ვალდებულებას.
საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში 2017 წლის 30 ოქტომბრის N------------- შემოწმების აქტით განსაზღვრულ სახელმწიფო ბიუჯეტში დასაბრუნებელ თანხასთან - 16483.98 ლართან (4791.06+887.92+10805) ერთად პირგასამტეხლოს სახით 36271.51 ლარის (11639.41+1886.36+22745.74) დაკისრება არ არის ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი. ამდენად, სახეზეა პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი ოდენობა და შესაბამისად, მისი შემცირების წინაპირობები. პალატის მოსაზრებით, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე სადავო შემოწმების აქტის 7.1. პუნქტში დარიცხული ჯარიმა 11639.41 ლარი უნდა შემცირდეს 1164 ლარამდე, 7.3. პუნქტში დარიცხული ჯარიმა 1886.36 ლარი - 189 ლარამდე და 7.4. პუნქტში დარიცხული ჯარიმა 22745.74 ლარი - 2275 ლარამდე.
პირგასამტეხლოს შემცირებასთან დაკავშირებით პალატა ასევე ითვალისწინებს ,,საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში განხორციელებულ ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 ნოემბრის №536 დადგენილებით №36 დადგენილებას დაემატა 31 მუხლი. ამ ნორმის თანახმად, „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ გეგმური ამბულატორიული მომსახურების კომპონენტის მიმწოდებელი დაწესებულებებისათვის ამავე კომპონენტის ფარგლებში კონტროლისა და რევიზიის შედეგად საჯარიმო (მათ შორის, სადავო) სანქციების ამავე დადგენილების №1 დანართის 191 მუხლით განსაზღვრულ გადახდის ადმინისტრირების ღონისძიებებზე გამოცხადდა მორატორიუმი ამავე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების შედეგად საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.
მე-2 პუნქტის შესაბამისად კი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაევალა 2019 წლის 1 თებერვლამდე საქართველოს მთავრობას წარმოუდგინოს წინადადებები ამ დადგენილების №1 დანართით დამტკიცებული „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ მიმწოდებელი დაწესებულებების მიმართ პროგრამის ზედამხედველობის შედეგად საჯარიმო სანქციების დაკისრებისა და მათი ადმინისტრირების განმსაზღვრელი პირობების ცვლილების მიზანშეწონილობის თაობაზე.
,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ადმინისტრირების დამატებითი ღონისძიებების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 13 თებერვლის №66 დადგენილების პირველი მუხლის ,,ა’’ პუნქტის თანახმად, გეგმური ამბულატორიული მომსახურების მიმწოდებელი სამედიცინო დაწესებულებები გათავისუფლდნენ „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების №1 დანართის მე-19 მუხლის მე-14 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კონტროლის ან რევიზიის შედეგად დაკისრებული/დასაკისრებელი საჯარიმო სანქციების გადახდისაგან 2019 წლის 1 თებერვლამდე პერიოდზე და განესაზღვრათ პროგრამულად ანაზღაურებული თანხის უკან დაბრუნების ვალდებულება ამ მუხლის „დ“ ქვეპუნქტში მითითებული პირობებით. ამავე მუხლის ,,გ’’ ქვეპუნქტის მიხედვით, ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების მიზნით, 2019 წლის 1 თებერვლამდე დაკავებული თანხა, აგრეთვე მიმწოდებელი სამედიცინო დაწესებულების მიერ, შესაბამისი დავალიანების გამო, ნებისმიერი სხვა ფორმით საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში ამავე პერიოდამდე გადახდილი თანხა უკან დაბრუნებას არ დაექვემდებარა.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
5.1. ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მივიდა დასკვნამდე, რომ განსახილველ შემთხვევაში სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო სს ,,ე---------–-------ს“ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და უნდა შემცირდეს 2017 წლის 30 ოქტომბრის N------------- შემოწმების აქტით დარიცხული პირგასამტეხლო. დანარჩენ ნაწილში კი სს ,,ს------–----------------–-- ე------“ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად უცვლელი დარჩეს ფოთის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილება.
სასამართლო ხარჯები:
აპელანტ სს ,,ე---------–-------ს“ მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია, ხოლო სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო და ამავე სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრი ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის საფუძველზე განთავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
სარეზოლუციო ნაწილი:
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-12 მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 377-ე, 386-ე, 389-ე, 397-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. სს ,,ს------–----------------–-- ე------“ (უფლებამონაცვლე სს ,,ე---------–-------“) სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
3. გაუქმდეს ფოთის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილება ჯარიმის ოდენობის შემცირებაზე სს ,,ს------–----------------–-- ე------“ სასარჩელო მოთხოვნის უარყოფის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება.
4. სს ,,ს------–----------------–-- ე------“ (უფლებამონაცვლე სს ,,ე---------–-------“) სარჩელი ჯარიმის ოდენობის შემცირების მოთხოვნის ნაწილში დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:
შემცირდეს სს ,,ს------–----------------–-- ე------“ (უფლებამონაცვლე სს ,,ე---------–-------“) მიმართ სს ,,ს------–----------------–-- ე------“ ხ----------------–-- მიერ საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, გეგმური ამბულატორიული მომსახურების მისაღებად რეგისტრირებულ მოსარგებლეებზე თანხობის ფორმის შევსების და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 15 ივნისის N-------- წერილით მოთხოვნილი დოკუმენტაციის შესახებ 2017 წლის 30 ოქტომბრის N------------- შემოწმების აქტით დარიცხული ჯარიმები შემდეგი სახით:
- შემოწმების აქტის 7.1. პუნქტში ძირითად თანხაზე - 4791.06 ლარზე დარიცხული ჯარიმა 11639.41 ლარი შემცირდეს და განისაზღვროს 1164 ლარით;
- შემოწმების აქტის 7.3. პუნქტში ძირითად თანხაზე - 887.92 ლარზე დარიცხული ჯარიმა 1886.36 ლარი შემცირდეს და განისაზღვროს 189 ლარით;
- შემოწმების აქტის 7.4. პუნქტში ძირითად თანხაზე - 10805 ლარზე დარიცხული ჯარიმა 22745.74 ლარი შემცირდეს და განისაზღვროს 2275 ლარით;
6. დანარჩენ ნაწილში სს ,,ს------–----------------–-- ე------“ (უფლებამონაცვლე სს ,,ე---------–-------“) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს, შესაბამისად უცვლელი დარჩეს ფოთის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილება;
7. სს ,,ს------–----------------–-- ე------“ (უფლებამონაცვლე სს ,,ე---------–-------“) მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია, ხოლო სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო განთავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;
8. გადაწყვეტილება შეიძლება საკასაციო წესით გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №6), მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (ქუთაისი, ნიუპორტის ქ.№32).
მოსამართლე გოჩა აბუსერიძე