განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 200100119002934979
საქმე №1ბ/1797-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
3 თებერვალი, 2020 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატის მოსამართლე: მარინა ხოლოაშვილმა
ზაზა ჭანტურიძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებელ: ე-–------------–---–ის, მ-------------–---–ის
მსჯავრდებულ: ლ-–-------–---–ის
ადვოკატ: ლ---–------------–---–ის
მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, კახეთის საოლქო პროკურატურის პროკურორ ე-–------------–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე მსჯავრდებულ ლ-–----------------------–---–ის დაბადებულის 1----–-–---------------ს საქართველოს მოქალაქის (პირადი #-----------), ნასამართლობის არმქონის, საშუალო განათლებით, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: ქ------------–--–-------------------–----------------------ში, მიმართ, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით (ძველი რედაქცია);
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ლ-–-------–---–მა ჩაიდინა ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ჩადენილი მთვრალ მდგომარეობაში (ძველი რედაქცია).
აღნიშნული ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 4 იანვარს, ღამის საათებში, ქ------------–--–------–ი, დაახლოებით 120 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობდა ავტომობილი „T-----------“, სახელმწიფო ნომრით G--------, რომელსაც მართავდა მთვრალ მდგომარეობაში მყოფი მძღოლი ლ-–-------–---–ი. შირაქის გზაზე, სოფელ სამრეკლოს მიმართულებით მოძრაობისას ლ-–-------–---–მა დაარღვია „საგზაო მოძრაობის შესახებ„ საქრთველოს კანონის 33-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნები და მოახდინა ავტოსაგზაო შემთხვევა. კერძოდ, გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობისას, ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მყოფმა მძღოლმა ლ-–-------–---–მა ვერ უზრუნველყო ავტომობილის უსაფრთხო მართვა, მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილი გადავიდა სავალი ნაწილიდან, რა დროსაც შეეჯახა გვერდულზე განთავსებულ ნაგვის ბუნკერს და საცხოვრებელი სახლის მესერს.
საგზაო - სატრანსპორტო შემთხევის შედეგად მიღებული ჯანმრთელობის დაზიანებით T------------ის“ მგზავრი, 19 წლის გ-----------–---–---–ი გადაყვანილი იქნა საავადმყოფოში, სადაც 2018 წლის 12 იანვარს გარდაიცვალა.
თელავის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 8 ოქტომბრის განაჩენით:
ლ-–-------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით (ძველია რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახით დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 6 (ექვსი) წელი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 43-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით 2 (ორი) წლით ჩამოერთვა საქმიანობის - სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.
ლ-–-------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდა;
თელავის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 8 ოქტომბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა კახეთის საოლქო პროკურატურის პროკურორმა ე-–------------–---–მა. წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით სახელმწიფო ბრალმდებელი ითხოვს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანას იმ მიმართებით, რომ მსჯავრდებულ ლ-–-------–---–ს სასჯელის სახედ დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა (დანიშნულზე უფრო მკაცრი), რეალურად, პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით;
აპელანტის პოზიციით ბრალდების მხარე მსჯავრდებულის მიმართ პირობითი მსჯავრის გამოყენებას არ ეთანხმება, რადგან ლ-–-------–---–ის მიმართ დაზარალებულ მხარეს გააჩნია პრეტენზია;
პალატამ განიხილა რა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, მოუსმინა მხარეებს, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მიიჩნია, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და თელავის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 8 ოქტომბრის განაჩენი ლ-–-------–---–ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
თელავის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 8 ოქტომბრის განაჩენით უტყუარადაა დადგენილი საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებებს მიცემული აქვთ სწორი სამართლებრივი შეფასება. პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას, როგორც ფაქტობრივ გარემოებებთან, ისე სამართლებრივ შეფასებასთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ საქმეში არსებული შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, კერძოდ: მოწმეების გამოკითხვის ოქმებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, სისხლის ნიმუშის აღების ოქმით, ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, კომპლექსური ტრანსოლოგიური და ავტოტექნიკური ექსპერტიზის დასკვნით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, ნივთიერი მტკიცებულებით და თავად ლ-–-------–---–ის მიერ დანაშაულის აღიარებით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება ლ-–-------–---–ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა (ძველი რედაქცია).
რაც შეეხება სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის გამკაცრების შესახებ, პალატა ვერ გაიზიარებს ვინაიდან მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ კანონის მოთხოვნის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს, სრულად გაითვალისწინა ჩადენილი ქმედების განხორციელების სახე, საზოგადოებრივი საშიშროება, ხასიათი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, მსჯავრდებულის პიროვნება, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია და ისე განუსაზღვრა მას, სამართლიანი სასჯელი, რასაც პალატაც ეთანხმება და მიიჩნევს, რომ დანიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.
ასევე პალატა განმარტავს, რომ სასამართლომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი, თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
პალატა ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებას, რომ ლ-–-------–---–მა თავი ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, აღიარა და გულწრფელად მოინანია ჩადენილი დანაშაული, რაც პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად უნდა ჩაითვალოს. დანაშაულის გულწრფელი აღიარება და მონანიება გათვალისწინებული უნდა იყოს სასჯელის დანიშვნის დროს. საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ ლ-–-------–---–მა სადავოდ არ გახადა ბრალდების მხარის მიერ საქმეზე შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო საქმეზე სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას. რაც შეეხება პროკურორის აპელირებას იმასთან დაკავშირებით, რომ მსჯავრდებულს დაზარალებული მხარისათვის მატერიალური ზიანი არ აუნაზღაურებია და დაზარალებულს მის მიმართ აქვს პრეტენზია. პალატა განმარტავს, რომ მსჯავრდებულის მიერ ზიანის ანაზღაურება წარმოადგენს მის უფლებას, შესაბამისად, მატერიალური ზიანის არანაზღაურება ვერ გახდება სასჯელის გამკაცრების სამართლებრივი საფუძველი. აქვე პალატა აღნიშნავს, რომ სასჯელის პირობით ჩათვლის და გამოსაცდელი ვადის დაწესების მიზანი არ არის დანაშაულის ჩამდენი პირის სისხლისსამართლებრივი ზემოქმედებისგან სრულად გათავისუფლება. გამოსაცდელი ვადა ის პირობაა, რომლის განმავლობაშიც მსჯავრდებულმა არ უნდა ჩაიდინოს ახალი დანაშაული და უნდა შეასრულოს მისთვის დაკისრებული მოვალეობა. ასევე საქმეში არ მოიპოვება იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ დაზარალებულ მხარეს პრეტენზია გააჩნია ლ-–-------–---–ის მიმართ სასჯელთან დაკავშირებით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამოდინარე, სააპელაციო პალატა ეთანხმება მსჯავრდებულ ლ-–-------–---–ისათვის პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით დანიშნული სასჯელის სახეს და ზომას, რაც სრულად შეესაბამება როგორც მსჯავრდებულის პიროვნულ მახასიათებლებს, მის ასაკს, ისე მის მიერ გაუფრთხილებლობით ჩადენილი დანაშაულის ხასიათს და სიმძიმეს, იგი სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და სამართლიანობის აღდგენა. გარდა აღნიშნულისა, პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ლ-–-------–---–ისათვის დანიშნული სასჯელი მის მიერ ჩადენილი ქმედების პროპორციულია, რათა მსჯავრდებულმა გააცნობიეროს ჩადენილი ქმედება, გამოიტანოს სათანადო დასკვნები და მოახდინოს საკუთარი თავის რეაბილიტაცია.
ამასთან, სააპელაციო საჩივარში არ ყოფილა მითითებული და არც სააპელაციო პალატის სხდომაზე გაჟღერებულა რაიმე ახალი გარემოების შესახებ, რომელიც შეიძლებოდა უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრის საფუძველი გამხდარიყო.
თელავის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 8 ოქტომბრის განაჩენი ლ-–-------–---–ის მიმართ, არის კანონიერი და დასაბუთებული, იგი ემყარება ეჭვის გამომრიცხავ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას, ხოლო დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და მითითებული განაჩენი ლ-–-------–---–ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
კახეთის საოლქო პროკურატურის პროკურორ ე-–------------–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
თელავის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 8 ოქტომბრის განაჩენი ლ-–-------–---–ის მიმართ დარჩეს უცვლელი.
ლ-–-------–---–ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით (ძველია რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახით დაენიშნოს ვადიანი თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 06 (ექვსი) წელი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 43-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით 02 (ორი) წლით ჩამოერთვას საქმიანობის - სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.
მხედველობაში იქნას მიღებული, რომ ლ-–-------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია; ყადაღა მოეხსნას ლ-–-------–---–ის მიმართ შეფარდებული გირაოს უზრუნველყოფის მიზნით თელავის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 04 აპრილის განჩინებით დაყადაღებულ ლ-–-------–---–ის (პირადი N------------ საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას.
ნივთიერი მტკიცებულება - ლ-–--------–---–ის სისხლის ნიმუშის დარჩენილი ოდენობა, დალუქული ინახება ექსპერტიზის ბიუროში, საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, განადგურდეს.
ავტომანქანა „T-----------“ (სახელმწიფო ნომრით G--------), განთავსებულია საჯარიმო სპეც. ავტოსადგომზე, საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და მიექცევა აღსასრულებლად გამოცხადებისთანავე;
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მ. ხოლოაშვილი