განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 020142219700089170
საქმე №1/აგ-55-2019წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
26 ივლისი, 2019 წელი ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
თავმჯდომარე ლერი თედორაძე
მოსამართლეები: მაკა გორგოძე, თეიმურაზ სვანიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა მსჯავრდებულ ლ---------------ის (დაბადებული: 0--------- წელს, პირადი № 6----------, საქართველოს მოქალაქე, საშუალო განათლების მქონე, დაოჯახებული, მცხოვრები: ქ--------------–----------------------------) შუამდგომლობა, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, განაჩენის გადასინჯვის თაობაზე
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 13 სექტემბრის განაჩენით ლ---------------ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და მას სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ასორმოცდაათი) საათის ოდენობით.
მსჯავრდებულ ლ---------------ეს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად, 03 წლის ვადით ჩამოერთვა შემდეგი უფლებები: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება; აგრეთვე, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.
ლ---------------ეს ზემოაღნიშნული უფლებების ჩამორთმევის ვადის ათვლა დაეწყო განაჩენის გამოცხადების მომენტიდან.
2017 წლის 08 დეკემბრის სააღსრულებო მოქმედებათა შესრულების შესახებ ოქმით დგინდება, რომ ლ---------------ეს შესრულებული აქვს დაკისრებული საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ასორმოცდაათი) საათის ოდენობით.
მსჯავრდებულმა ლ---------------ემ შუამდგომლობით მომართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს, რომლითაც ითხოვს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილების საფუძველზე, გადაისინჯოს მის მიმართ გამოტანილი განაჩენი და აღუდგეს ჩამორთმეული უფლებები, მათ შორის, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.
სააპელაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა შუამდგომლობის მოტივების საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილების თანახმად, დაკმაყოფილდა კონსტიტუციური სარჩელი №732 („საქართველოს მოქალაქე გივი შანიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) და არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან მიმართებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის სიტყვების „ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება“ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის მოხმარებისთვის.
განსახილველ შემთხვევაში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 13 სექტემბრის განაჩენით ლ---------------ეს მსჯავრი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალება ტეტრაჰიდროკანაბინოლის (მარიხუანას) ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება, ჩადენილი ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციულ-სახდელშეფარდებული პირის მიერ.
ზემოაღნიშნული ნორმების მოთხოვნათა თანახმად, მსჯავრდებულ ლ---------------ის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს და იგი უნდა გათავისუფლდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 13 სექტემბრის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან. ასევე, უნდა აღუდგეს, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, 03 (სამი) წლის ვადით ჩამორთმეული უფლებები.
სარეზოლუციო ნაწილი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდესის 310-314-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1.ლ---------------ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;
2.ლ---------------ე გათავისუფლდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 13 სექტემბრის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან;
3.ლ---------------ეს აღუდგეს, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, 03 (სამი) წლის ვადით ჩამორთმეული: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
თავმჯდომარე /ლ. თედორაძე/
მოსამართლეები: /მ. გორგოძე/
/თ. სვანიძე/