განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 010310017002201606
საქმე N3/ბ-179-19წ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
დადგენილება
საქართველოს სახელით
08 ივლისი, 2019 წელი ქალაქი ქუთაისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა
მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე (მომხსენებელი)
მურთაზ მეშველიანი, ნანა კალანდაძე
სხდომის მდივანი ონისე გურეშიძე
საჩივრის ავტორი – შპს ,,ს----–-–---------------------------–-----ა’’
წარმომადგენელი – ნ----------------ა
მოწინააღმდეგ მხარე – სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო
წარმომადგენელი – გ-----------------–-–---–ი
დავის საგანი – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ბათილად ცნობა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილება
საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული დადგენილების დასკვნებზე და
საჩივრის ავტორის მოთხოვნებზე მითითება:
1. 2017 წლის 06 დეკემბერს შპს ,,ს----–-–---------------------------–-----ის’’ წარმომადგენელმა ს----------–---–---–მა სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს მიმართ და მოითხოვა სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური სამმართველოს მიერ 2017 წლის 03 ოქტომბერს შედგენილი №0----7 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 02 ნოემბრის №----- ბრძანების ბათილად ცნობა;
მოსარჩელის აღნიშვნით, სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონული სამმართველოს ინსპექტორების მიერ 2017 წლის 03 ოქტომბერს შედგენილ იქნა №0----7 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, რომლის საფუძველზე შპს „ს----–-–---------------------------–-----ა“ დაჯარიმდა 400 ლარით. ჯარიმის ოქმს საფუძვლად დაედო 2017 წლის 03 ოქტომბერს შედგენილი, შესაბამისობის შეფასების №-------- აქტი.
მოსარჩელის განმარტებით, შემოწმების ობიექტზე - ქ. ბათუმში, ა---–---------------------- სასადილოში, დაფიქსირებული ე.წ. შეუსაბამობები არ წარმოადგენს კომპანიის დაჯარიმების საფუძველს, ვინაიდან არცერთი ჩამოთვლილი გარემოება ხელს არ უშლის კვების პროცესის სრულყოფილ წარმოებას. კვების უსაფრთხოების ნორმები სრულადაა დაცული, ხოლო შესაბამისობის აქტში დაფიქსირებული ე.წ. შეუსაბამობები სუბიექტურია და ეყრდნობა მხოლოდ ინსპექტორების შეხედულებებს.
მოსარჩელე მხარე აღნიშნავს, რომ არ არსებობს არანაირი მარეგულირებელი ნორმა, რომელიც არეგულირებს მსგავს შემთხვევებს, მაგალითად, აქტში მითითებულია, რომ იატაკები ყველა სათავსოში არ არის ერთგვაროვანი, არ არის დაფარული გლუვი, რეცხვადი, შეწოვის უნარის არმქონე მასალით, აღინიშნება მრავლობითი მოპირკეთების დეფექტები; აღნიშნული არ წარმოადგენს დარღვევას და მსგავსი შემთხვევები არც რაიმე ნორმატიული აქტით რეგულირდება. შესაბამისობის აქტით დაფიქსირებულია, მსგავსი ტიპის 22 გარემოება, რომელთაგან ვერცერთი ვერ ჩაითვლება დარღვევად და კომპანიის დაჯარიმების საფუძვლად. თითოეული საჭიროებს გამოკვლევას და შეფასებას სასამართლოს მხრიდან, ვინაიდან დადასტურებულ იქნას სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტირების არაობიექტურობა.
ზემოხსენებულიდან გამომდინარე კომპანიას მიაჩნია, რომ კვების ობიექტზე არსებული სიტუაცია შეფასებულია არაობიექტურად. ის ინფრასტრუქტურული პრობლემები, რომლებიც ასახულია შესაბამისობის აქტში, ხელს არ უშლის საწარმოო პროცესის გამართულ მიმდინარეობას. ამასთან, კვების ობიექტზე სათანადოდ ხდება სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა. საკვების მომზადება და გაცემა ხდება ყველა წესის დაცვით. ობიექტის თანამშრომლები, სამსახურში გამოცხადებისთანავე იმოსებიან სამუშაო ფორმით, ფეხსაცმლით და მხოლოდ ამის შემდეგ ხდება მათი ჩართვა საწარმოო პროცესში.
მოპასუხე - სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და მისი უარყოფა მოითხოვა.
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილებით შპს „ს----–-–---------------------------–-----ის“ სარჩელი სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს მიმართ, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის თაობაზე, არ დაკმაყოფილდა. ამავე გადაწყვეტილებით, მოსარჩელის მიერ საქმეზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სახით 100 ლარი ჩაითვალა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
ამ დასკვნამდე სასამართლო მივიდა შემდეგ გარემოებათა გამო:
3.1. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსეული მასალით დადგენილია, რომ შპს „ს----–-–---------------------------–-----ა“ რეგისტრირებულია ბიზნესოპერატორად. კომპანიის საქმიანობის ტიპია: სასადილო, საწყობი მაცივარი, საწყობი, სათავსი და სხვა, გადამუშავება, საკონდიტრო ნაწარმი, საკვებდანამატები, სურსათის გამამდიდრებლები, სანელებლები, საკმაზები, ზეთი, მარგარინი, მაიონეზი და სხვა ცხიმი, მარილი, მინერალური წყალი, უალკოჰოლო სასმელები, ჩაი, ყავა.
სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული სამმართველოს 2007 წლის 03 მაისის წერილის და სამმართველოს უფროსის 2017 წლის 10 მაისის №---- ბრძანების საფუძველზე ჩატარდა ქ. ბათუმში, ა---–---------------------- სასადილოში გეგმიური ინსპექტირება შპს „ს----–-–---------------------------–-----ის“ მიმართ. 2017 წლის 18 მაისის №------ შესაბმისობის შეფასების აქტით დადგენილ იქნა შეუსაბამობები, გაიცა რეკომენდაციები და მოსარჩელეს მიეცა 2017 წლის 15 ივნისამდე ვადა მათ გამოსასწორებლად.
სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ 2017 წლის 03 ოქტომბერს ჩატარებული გადამოწმებისას აღმოჩნდა, რომ არაკრიტიკული შეუსაბამობების შესახებ გაცემული მითითებები არ იყო შესრულებული, რაზეც შედგენილ იქნა №-------- შესაბამისობის შეფასების აქტი, რომლის თანახმად, 22 არაკრიტიკული შეუსაბამობებიდან, მხოლოდ სამი მათგანი (№4, 5 და 11) იქნა გამოსწორებული, ხოლო შეუსაბამობები შემდეგი სახისა იყო:
1. არ არის მოწყობილი ორგანყოფილებიანი ინდივიდუალური კარადები, პერსონალის (მამაკაცის და ქალის) გასახდელებში, სადაც სუფთა და ჭუჭყიანი ტანსაცმელი არ იქნება ერთმანეთის მიჯრით განლაგებული;
2. ხორცისა და თევზის დასამუშავებელ სათავსში არ არის სამრეცხაო ნიჟარა, რომელიც იქნება აღჭურვილი, სათანადო ჰიგიენური საშუალებებით (თხევადი საპონი, ერთჯერადი ქაღალდის ხელსახოცი, ხელის დეზინფექტანტი);
3. ძირითად სამზადში ელექტროენერგიის სადენები განლაგებულია ზედაპირულად, არ არის შეფუთული ისე, რომ მოხდეს შენობის სრულყოფილი რეცხვა/დეზინფიცირება;
4. ძირითადი სამზადის გამწოვი ვენტილაციის ქოლგა არ არის საკმარისად დასუფთავებული (რეკომენდაცია შესრულდა);
5. სამრეცხაო განყოფილების მექანიკური ვენტილაცია არარის ეფექტური, აღინიშნება ორთქლის წვეთები (რეკომენდაცია შესრულდა);
6. სასადილოს უკანა შესასვლელში და პერსონალის საპირფარეშოდან გამოსასვლელში არ არის მოწყობილი ეფექტური დეზობარიერები;
7. პერსონალის ტუალეტი არის ე.წ. თურქული ტიპის;
8. რეცხვა-დეზინფიცირების შემუშავებული განრიგი დასაკორექტირებელია (არ არის მითითებული კონკრეტული დასასუფთავებელი ინვენტარი, სახეობების მიხედვით);
9. ძირითადი სამზადის ჭერზე აღინიშნება ღიობები და მნიშვნელოვანი დეფექტები, რაც არ გამორიცხავს მწერების შეღწევის შესაძლებლობას;
10. იატაკები ყველა სათავსში არ არის ერთგვაროვანი, არ არის დაფარული გლუვი, რეცხვადი, არშეწოვის უნარის მქონე მასალით, აღენიშნება მრავლობითი მოპირკეთების დეფექტები;
11. ბოსტნეულის საწყობის იატაკზე არსებული დრენაჟი გაჭედილია, არ არის დაფარული დამცავი ცხაურით (რეკომენდაცია შესრულდა);
12. დამცავი ცხაური დაზიანებულია ხორცისა და თევზის დასამუშავებელი იატაკის ტრაპზე; დაზიანების შემთხვევაში ცხაური თავისთავად კარგავს თავის ფუნქციას, არ გამორიცხავს ტრაპიდან დამაბინძურებლების მოხვედრას;
13. ძირითად სამზადში სახარშავი ქვაბის თავზე, გამწოვი ქოლგის ზემოთ კედელი მნიშვნელოვნად დაზიანებულია, არ არის რეცხვადი და დეზინფიცირებადი, ასევე, ალაგ-ალაგ დაზიანებულია ბოსტნეულის დასამუშავებელი ოთახის კედელი, სასადილოს უკანა შესასვლელის კედელი, პერსონალის საპირფარეშოს კედელი, სამრეცხაოს კედელი;
14. ძირითადი სამზადის უკანა კარის შესასვლელის ჩარჩოები დაზიანებულია;
15. ძირითადი სამზადისა და სამრეცხაო განყოფილების ჭერი ალაგ-ალაგ დაზიანებულია, არ არის ადვილად რეცხვადი და დეზინფიცირებადი.
16. სამრეცხაო განყოფილების ფანჯარას არ აქვს მინა და მწერებისაგან დამცავი ბადე;
17. ბიზნესოპერატორს არ აქვს სასმელი წყლის ხარისხის საქართველოს კანონმდებლობასტან შესაბამისობის დამადასტურებელი ლაბორატორიული (მიკრობიოლოგიური) კვლევის ოქმი;
18. ძირითად სამზადში სამრეცხაო მილებს არ აქვს სპეციალური ჩამკეტები;
19. ძირითად სამზადში არსებული სადგამი, რომელზეც მოთავსებულია ინვენტარი (ჩამჩები, კოვზები და სხვა) დაზიანებულია;
20. სამრეცხაო განყოფილებაში არსებული სავლები ნიჟარის გარეთა კიდეები, დაზიანებულია;
21. არაა გამოყოფილი სპეციალური დახურული (დაცული) ადგილი, დასალაგებელი ინვენტარის შესანახად;
22. ბოსტნეულისა და ხილის სატრანსპორტო ტარა არ ექვემდებარება სრულყოფილ რეცხვა/დეზინფიცირებას (ხისაა).
სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ 2017 წლის 03 ოქტომბერს ჩატარებული გადამოწმების და №-------- შესაბამისობის შეფასების აქტის საფუძველზე შედგენილ იქნა №0----7 საჯარიმო ქვითარი ბიზნესოპერატორის - შპს „ს----–-–---------------------------–-----ის“ 400 ლარით დაჯარიმების შესახებ.
შპს „ს----–-–---------------------------–-----ის“ მიერ 2017 წლის 12 ოქტომბერს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოში წარდგენილი იქნა ადმინისტრაციული საჩივარი 2017 წლის 03 ოქტომბრის №0----7 საჯარიმო ქვითრის გაუქმების თაობაზე.
სააგენტოს 2017 წლის 02 ნოემბრის №----- ბრძანებით, შპს „ს----–-–---------------------------–-----ის“ საჩივარი №0----7 საჯარიმო ქვითრის გაუქმების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
3.2. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
სასამართლოს განმარტებით, საქართველოს კანონის „სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსი“ 1.1 მუხლის თანახმად, ამ კოდექსის მიზანია ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის, მომხმარებელთა ინტერესების, ცხოველთა ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის, მცენარეთა სიჯანსაღის დაცვა, აგრეთვე სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში სახელმწიფო რეგულირების ერთიანი პრინციპების განსაზღვრა და სახელმწიფო კონტროლის ეფექტიანი სისტემის ჩამოყალიბება.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ეს კოდექსი ვრცელდება სურსათის/ცხოველის საკვების, ცხოველის, მცენარის, ცხოველური და მცენარეული პროდუქტების წარმოებაზე, გადამუშავებასა და დისტრიბუციაზე, რომლებიც ხორციელდება საქართველოს ტერიტორიაზე, პირველად წარმოებაზე, ცხოველთა ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე, მცენარეთა სიჯანსაღეზე, ვეტერინარულ პრეპარატებზე, პესტიციდებსა და აგროქიმიკატებზე, აგრეთვე გარემოს დაცვაზე ამ კოდექსის მიზნიდან გამომდინარე.
დასახელებული საკანონმდებლო ნორმების საფუძველზე საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ ,,სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსი’’ ვრცელდება სურსათის, საკვების, ცხოველური და მცენარეული პროდუქტების წარმოებაზე და არეგულირებს ბიზნესოპერატორის ვალდებულებებს.
,,სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის“ მე-2 მუხლის ,,ყ“ ქვეპუნქტის თანახმად, ბიზნესოპერატორი არის პირი, რომლის საქმიანობა უკავშირდება სურსათის/ცხოველის საკვების, ცხოველის, მცენარის, ცხოველური და მცენარეული პროდუქტების, ვეტერინარული პრეპარატის, პესტიციდის, აგროქიმიკატის წარმოებას, პირველად წარმოებას, გადამუშავებას, დისტრიბუციას, აგრეთვე ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში მომსახურებას და რომელიც პასუხისმგებელია თავისი საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობისთვის.
ამავე კანონის 13.1 მუხლის შესაბამისად, ბიზნესოპერატორი ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განახორციელოს შესაბამისი საქმიანობის რეგისტრაცია ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად სავალდებულოა იმ ბიზნესოპერატორის აღიარება, რომლის საქმიანობა დაკავშირებულია ცხოველური წარმოშობის სურსათის წარმოებასთან ან/და გადამუშავებასთან.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ შპს „ს----–-–---------------------------–-----ა“ რეგისტრირებულია ბიზნესოპერატორად. კომპანიის საქმიანობის ტიპი არის: სასადილო, საწყობი მაცივარი, საწყობი, სათავსი და სხვა, გადამუშავება, საკონდიტრო ნაწარმი, საკვებდანამატები, სურსათის გამამდიდრებლები, სანელებლები, საკმაზები, ზეთი, მარგარინი, მაიონეზი და სხვა ცხიმი, მარილი, მინერალური წყალი, უალკოჰოლო სასმელები, ჩაი, ყავა.
„სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის“ მე-2 მუხლის „ჰ“ ქვეპუნქტის თანახმად, ბაზარზე განთავსება არის ბიზნესოპერატორის მიერ სურსათის/ცხოველის საკვების, ცხოველის, მცენარის, ცხოველური და მცენარეული პროდუქტების, ვეტერინარული პრეპარატის, პესტიციდის ან/და აგროქიმიკატის სასყიდლით ან უსასყიდლოდ მიწოდება, აგრეთვე გადაცემის სხვა ფორმები.
სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა („შემსყიდველი“) და შპს „ს----–-–---------------------------–-----ას“ („მიმწოდებელი“) შორის გაფორმებული იყო ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ, რომლის შესაბამისად, მოსარჩელე სამხედრო მოსამსახურეთა კვებას უზრუნველყოფდა.
,,სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის“ მე-11 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია მავნე სურსათის ბაზარზე განთავსება, ხოლო, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად სურსათი მავნედ მიიჩნევა, თუ: ა) იგი საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას; ბ) არ არის მიზანშეწონილი ადამიანის მიერ მისი მოხმარება.
სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ 2017 წლის 03 ოქტომბერს ჩატარებული გადამოწმებისას აღმოჩნდა, რომ არაკრიტიკული შეუსაბამობების შესახებ გაცემული მითითებები არ იყო შესრულებული, რაზეც შედგენილ იქნა №-------- შესაბამისობის შეფასების აქტი, რომლის თანახმად, 22 არაკრიტიკული შეუსაბამობებიდან მხოლოდ სამი მათგანი (№4, 5 და 11) იქნა გამოსწორებული. შესაბამისად შეფასების აქტის საფუძველზე შედგენილ იქნა №0----7 საჯარიმო ქვითარი შპს „ს----–-–---------------------------–-----ის“ 400 ლარით დაჯარიმების შესახებ.
საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ „სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის“ მე-2 მუხლის „პ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო კონტროლი არის უფლებამოსილი პირის ქმედება სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში ბიზნესოპერატორის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დასადგენად.
ამავე მუხლის „ჰ10“ პუნქტის თანახმად, შეუსაბამობა არის სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში ბიზნესოპერატორის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შეუსაბამობა. ამავე კანონის 261 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ინსპექტირება არის სახელმწიფო კონტროლის მექანიზმი, რომლის დროსაც ხორციელდება სურსათის/ცხოველის საკვების წარმოების, გადამუშავებისა და დისტრიბუციის ეტაპების ცალკეული ასპექტების გამოკვლევა მათი საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან და წესებთან შესაბამისობის დასადგენად, ბიზნესოპერატორის წინასწარი გაფრთხილების გარეშე და რომელიც მოიცავს ბიზნესოპერატორის საქმიანობის შემოწმებას სურსათის/ცხოველის საკვების წარმოების, გადამუშავებისა და დისტრიბუციის ეტაპებზე.
დასახელებული საკანონმდებლო ნორმების საფუძველზე სასამართლომ განმარტა, რომ სახელმწიფო კონტროლს და შემოწმებას ექვემდებარება ბიზნესოპერატორის საქმიანობა. შეუსაბამობის აღმოჩენის შემთხვევაშიც ითვლება, რომ ბიზნესოპერატორის საქმიანობა არის შეუსაბამო საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან.
აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია მოსარჩელის განმარტება, რომ სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული სამმართველოს 2007 წლის 03 მაისის წერილის და სამმართველოს უფროსის 2017 წლის 10 მაისის №---- ბრძანების საფუძველზე ჩატარებული შემოწმების შედეგად გამოვლენილ დარღვევებზე პასუხისმგებელი პირი არ შეიძლება ყოფილიყო შპს „ს----–-–---------------------------–-----ა“, ვინაიდან აღმოჩენილი დარღვევები გამოწვეული იყო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი შენობა ნაგებობის და ინვენტარის გაუმართაობის გამო.
ამ მსჯელობასთან დაკავშირებით სასამართლომ აღნიშნა, რომ ზემოაღნიშნული საკანონმდებლო ნორმები სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში შესაბამისი მოთხოვნების დაცვაზე პასუხისმგებლობას აკისრებდა ბიზნესოპერატორს და სწორედ იგი იყო ვალდებული უზრუნველყო შესაბამისობის დაცვა.
სასამართლომ ასევე ყურადღება მიაქცია საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და შპს ,,ს----–-–---------------------------–-----ას“ შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას, რომლის შესაბამისად მხარეები შეთანხმდნენ, რომ ხელშეკრულების ფარგლებში გაწეული მომსახურება უნდა შეესაბამებოდეს საქართველოში მოქმედ სტანდარტებს, სანიტარულ ჰიგიენურ ნორმებს, კვების უსაფრთხოების ნორმებს და სურსათის უვნებლობის მოთხოვნებს. ამავე ხელშეკრულებით მიმწოდებელმა ივალდებულა, რომ უზრუნველყოფდა საქართველოში მოქმედი სანიტარულ ჰიგიენური ნორმების დაცვას.
ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ 2017 წლის 03 ოქტომბრის №-------- შესაბამისობის შეფასების აქტში დაფიქსირებულ დარღვევებზე (კრიტიკულ შეუსაბამობაზე) პასუხისმგებელი პირი იყო შპს „ს----–-–---------------------------–-----ა“. იგი, როგორც ბიზნესოპერატორი, ვალდებული იყო დაეცვა საქართველოს კანონის ,,სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსით“ დადგენილი მოთხოვნები, ხოლო თუ მათი შესრულება შეუძლებელი იყო მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, შეეძლო ესარგებლა ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობით, რომლის თანახმად, თუ ხელშეკრულების შესრულების პროცესში მხარეები წააწყდებიან რაიმე ხელშემშლელ გარემოებას, რომლის გამო ფერხდება ხელშეკრულების პირობების შესრულება, ამ მხარემ დაუყოვნებლივ უნდა გაუგზავნოს მეორე მხარეს წერილობითი შეტყობინება შეფერხების ფაქტის, მისი შესაძლო ხანგრძლივობის და გამომწვევი მიზეზების შესახებ.
საქართველოს კანონის ,,სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის“ 181 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ბიზნესოპერატორი თავისი საქმიანობის ფარგლებში ვალდებულია უზრუნველყოს სურსათის/ცხოველის საკვების ამ კოდექსისა და შესაბამისი კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობა სურსათის/ცხოველის საკვების წარმოების, გადამუშავებისა და დისტრიბუციის ეტაპებზე. ამავე კანონის 63.5 მუხლის თანახმად ინსპექტირებისას შეუსაბამობის აღმოჩენის შემთხვევაში ბიზნესოპერატორი ჯარიმდება ამ კოდექსის მხოლოდ 68-ე მუხლის საფუძველზე, ხოლო 68.1 მუხლის მიხედვით, ინსპექტირების დროს ისეთი შეუსაბამობის გამოვლენის შემთხვევაში, რომელიც პირდაპირ საფრთხეს არ უქმნის ადამიანის ან/და ცხოველის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას და რომლის სათანადო დონემდე შემცირება ან აღმოფხვრა შესაძლებელია კონკრეტული საწარმოო პროცესის დროებით შეჩერების გარეშე, უფლებამოსილი პირის მიერ გაცემული მითითების შეუსრულებლობა − გამოიწვევს მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით, სხვა ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას, 400 ლარის ოდენობით.
საქალაქო სასამართლომ გაიზიარა მოპასუხე მხარის მტკიცება, რომ №-------- შესაბამისობის შეფასების აქტის შესაბამისად გამოვლინდა 19 ისეთი კრიტიკული შეუსაბამობა, რაც პირდაპირ საფრთხეს არ უქმნის ადამიანის ან/და ცხოველის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას და რომლის სათანადო დონემდე შემცირება ან აღმოფხვრა შესაძლებელი იყო კონკრეტული საწარმოო პროცესის დროებით შეჩერების გარეშე, თუმცა დადასტურებულია, რომ შპს „ს----–-–---------------------------–-----ას“ მიერ არ მოხდა უფლებამოსილი პირის მიერ გაცემული მითითების შესრულება.
ზემოაღნიშნული საკანონმდებლო ნორმების გათვალისწინებით სასამართლომ მიიჩნია, რომ სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული სამმართველოს უფროსი ინსპექტორის 2017 წლის 03 ოქტომბრის №0----7 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი გამოცემული იყო კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით. მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები კი არანაირად არ ადასტურებდა საწინააღმდეგო გარემოებებს და მოსარჩელის სამართლებრივი პოზიცია გასაჩივრებული აქტების კანონსაწინააღმდეგოდ შეფასებასთან დაკავშირებით, მოკლებული იყო სამართლებრივ საფუძველს და დასაბუთებას.
4. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილება კანონით დადგენილ ვადაში სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „ს----–-–---------------------------–-----ის“ წარმომადგენელმა, რომელმაც მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება, შემდეგი დასაბუთებით:
4.1.1. აპელანტის განმარტებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით. თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სარჩელი დასაშვებია თუ ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას. ამავე კოდექსის 32-ე მუხლის შესაბამისად, თუ ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყყვეტილებას ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდ.სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადაო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდ.ადმინისტრაციული აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი აქტი;
4.1.2. აპელანტის მითითებით, შპს ,,ს----–-–---------------------------–-----ა" არ წამოადგენს სამართალდამრღვევს, რადგან მისი პასუხისმგებლობა არ იკვეთება, შესაბამისად ილახება კომპანიის კანონიერ ინტერესები. შემოწმების ობიექტზე - ქ.ბათუმში, ა---–---------------------- სასადილოში დაფიქსირებული "შეუსაბამობები" არ წარმოადგენს კომპანიის დაჯარიმების საფუძველს, ვინაიდან ოქმში ჩამოთვლილი არცერთი გარემოება ხელს არ უშლის კვების პროცესის სრულყოფილ წარმოებას, კვების უსაფრთხოების ნორმები სრულად დაცულია, ხოლო შესაბამისობის აქტში დაფიქსირებული ,,შეუსაბამობები" სუბიექტურია და ეყრდნობა მხოლოდ ინსპექტორების შეხედულებებს. არ არსებობს არანაერი მარეგულირებელი ნორმა, რომელიც არეგულირებს შემოწმების ოქმში მითითებულ შემთხვევებს, რაც სასამართლომ არ მიიღო მხედველობაში.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 01 ივლისის საოქმო განჩინებით, შპს ,,ს----–-–---------------------------–-----ის’’ სააპელაციო საჩივრის განხილვა დადგინდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული წესით, სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 63.1 მუხლის თანახმად (იხ.სუსგ საქმეზე №ბს-773-773(კ-18), 4.10.2018 წელი).
5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:
სააპელაციო სასამართლომ შეისწავლა რა შპს ,,ს----–-–---------------------------–-----ის’’ საჩივრისა და პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დასაბუთებულობა, მიიჩნია, რომ საჩივრის ავტორის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს მხოლოდ საპროცესო ხარჯის განაწილების ნაწილში, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების საფუძვლიანობას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტის თანხამდ, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებასა და დასკვნებს, საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
სააპელაციო სასამართლო მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველ პარაგრაფზე, რომელიც ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, ამავდროულად, სააპელაციო პალატა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (Hirvisaari v. Finland, §32; ჯ--------- საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81) გადაწყვეტილებებზე დაყრდნობით განმარტავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას; გარდა ამისა, აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე.
აქვე სააპელაციო სასამართლო მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შემდეგ განმარტებაზე: „სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გამოასწოროს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დაუსაბუთებლობა და პირიქით, ძალიან მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ; ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება, არ არღვევს დასაბუთებელი გადაწყვეტილების უფლებას“ (Gorou v. Greece (N.3) §§ 38-42).
სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას არ დარღვეულა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორი შეფასება მისცა საქმის მასალებს, საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია სრულყოფილად, რაც არ იძლევა სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერებასთან დაკავშირებით გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს.
სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივ შეფასებებს, მიუთითებს მათზე და აღნიშნავს შემდეგს:
სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 68-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ინსპექტირების დროს ისეთი შეუსაბამობის გამოვლენის შემთხვევაში, რომელიც პირდაპირ საფრთხეს არ უქმნის ადამიანის ან/და ცხოველის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას და რომლის სათანადო დონემდე შემცირება ან აღმოფხვრა შესაძლებელია კონკრეტული საწარმოო პროცესის დროებით შეჩერების გარეშე, უფლებამოსილი პირის მიერ გაცემული მითითების შეუსრულებლობა − გამოიწვევს მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით, სხვა ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 400 ლარის ოდენობით.
ამ ნორმის შინაარსიდან ცალსახად დგინდება, რომ ინსპექტირების დროს მხოლოდ არაარსებითი შეუსაბამობის (როცა სახეზე არ არის ადამიანის ან/და ცხოველის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის მიმართ პირდაპირი საფრთხე) გამოვლენა არ წარმოადგენს ამ ნორმით გათვალისწინებული სუბიექტის სამართალდამრღვევად ცნობის საკმარის საფუძველს, რადგანაც ამავდროლულად კუმულატიურად უნდა არსებობდეს ინსპექტირების სამსახურის მიერ გაცემული მითითება, რომელიც არ შესრულდა.
მოცემულ შემთხვევაში სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული სამმართველოს 2007 წლის 03 მაისის წერილის და სამმართველოს უფროსის 2017 წლის 10 მაისის №---- ბრძანების საფუძველზე ჩატარდა ქ. ბათუმში, ა---–---------------------- სასადილოში გეგმიური ინსპექტირება შპს „ს----–-–---------------------------–-----ის“ მიმართ. 2017 წლის 18 მაისის №------ შესაბამისობის შეფასების აქტით დადგენილი იქნა შეუსაბამობები, გაიცა რეკომენდაციები და მოსარჩელეს მიეცა 2017 წლის 15 ივნისამდე ვადა მათ გამოსასწორებლად. აღნიშნული რეკომენდაციები მხარეს სადავოდ არ გაუხდია, შესაბამისად დაეთანხმა მათ, თუმცა მითითება დადგენილ ვადაში მხარის მიერ სრულყოფილად შესრულებული არ ყოფილა. აქედან გამომდინარე პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას საჩივრის დაუსაბუთებლობის შესახებ.
ამდენად, პალატის მოსაზრებით, სახეზეა სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 68-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ობიექტური შემადგენლობა - შეუსაბამობებთან დაკავშირებით უფლებამოსილი პირის მიერ გაცემული მითითების შეუსრულებლობა.
რაც შეეხება ამ ნორმით გათვალისწინებული სუბიექტის თაობაზე საჩივრის ავტორის მოსაზრების საფუძვლიანობას, პალატა მიუთითებს სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის მე-2 მუხლის ,,ყ“ ქვეპუნქტზე და აღნიშნავს, რომ ამ ნორმის თანახმად ბიზნესოპერატორი არის პირი, რომლის საქმიანობა უკავშირდება სურსათის/ცხოველის საკვების, ცხოველის, მცენარის, ცხოველური და მცენარეული პროდუქტების, ვეტერინარული პრეპარატის, პესტიციდის, აგროქიმიკატის წარმოებას, პირველად წარმოებას, გადამუშავებას, დისტრიბუციას, აგრეთვე ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში მომსახურებას და რომელიც პასუხისმგებელია თავისი საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობისთვის.
ამავე კანონის 13.1 მუხლის შესაბამისად, ბიზნესოპერატორი ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განახორციელოს შესაბამისი საქმიანობის რეგისტრაცია ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სავალდებულოა იმ ბიზნესოპერატორის აღიარება, რომლის საქმიანობა დაკავშირებულია ცხოველური წარმოშობის სურსათის წარმოებასთან ან/და გადამუშავებასთან.
საქმის მასალებით დადგენილია და არც საჩივრის ავტორი ხდის სადავოდ იმ გარემოებას, რომ შპს „ს----–-–---------------------------–-----ა“ რეგისტრირებულია ბიზნესოპერატორად, რაც მხარეს სადავოდ არ გაუხდია. შესაბამისად სწორედ საჩივრის ავტორი წარმოადგენს მოცემული ნორმით გათვალისწინებულ სუბიექტს, ამდენად უსაფუძვლოა საჩივრის ავტორის მითითება სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარე ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროზე გადაკისრების შესახებ.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 264-ე მუხლზე, რომლის თანახმად, ორგანო (თანამდებობის პირი) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისას მოვალეა დაადგინოს: ჩადენილი იყო თუ არა ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, ბრალეულია თუ არა პირი მის ჩადენაში, ექვემდებარება თუ არა იგი ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას, არის თუ არა პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, მიყენებულია თუ არა ქონებრივი ზარალი, აგრეთვე გამოარკვიოს სხვა გარემოებანი, რომელთაც მნიშვნელობა აქვთ საქმის სწორად გადაწყვეტისათვის. 266-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილება სხვა აღნიშვნებთან ერთად უნდა შეიცავდეს საქმის განხილვისას დადგენილ გარემოებათა გადმოცემას.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 33-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის პირს სახდელი დაედება იმ ნორმატიული აქტით დაწესებულ ფარგლებში, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის ამ კოდექსის და ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა შესახებ სხვა აქტების ზუსტი შესაბამისობით.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-10 მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად (გადაცდომად) ჩაითვლება სახელმწიფო ან საზოგადოებრივი წესრიგის, საკუთრების, მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების, მმართველობის დადგენილი წესის ხელმყოფი მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული (განზრახი ან გაუფრთხილებელი) მოქმედება ან უმოქმედობა, რომლისთვისაც კანონმდებლობით გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 264-ე მუხლის შესაბამისად, ორგანო, რომელიც განიხილავს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს ვალდებულია დაადგინოს ჩადენილია თუ არა ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, ბრალეულია თუ არა პირი მის ჩადენაში, ექვემდებარება თუ არა იგი ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას, არის თუ არა პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები.
აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მივიდა დასკვნამდე, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორი შეფასება მისცა წარმოდგენილ მტკიცებულებებს, სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა სადავო სამართალურთიერთობას. გადაწყვეტილება ფაქტობრივად და სამართლებრივად დასაბუთებულია სრულად, მისი გაუქმებისათვის დასაბუთებულ პრეტენზიას წარმოდგენილი საჩივარი არ შეიცავს; შესაბამისად, არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები. ამდენად, უცვლელად უნდა დარჩეს მოცემულ საქმეზე ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერებასთან დაკავშირებით.
რაც შეეხება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას საპროცესო ხარჯის განაწილების ნაწილში, პალატა აღნიშნავს, რომ სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსი და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი (272.3 მუხლი) სასაჩივრე სამართალწარმოებასთან დაკავშირებით სახელმწიფო ბაჟის გადახდას არ ითვალიწინებს, შესაბამისად ამ ნაწილში გადაწყვეტილება ექვემდებარება გაუქმებას.
სარეზოლუციო ნაწილი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 63.1 მუხლით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 276-ე, 278-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს ,,ს----–-–---------------------------–-----ის’’ საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილება შპს ,,ს----–-–---------------------------–-----ისათვის’’ სახელმწიფო ბაჟის სახით 100 ლარის გადახდევინების ნაწილში;
3. შპს ,,ს----–-–---------------------------–-----ას’’ დაუბრუნდეს სარჩელზე და სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი სულ 250 ლარი (1. სახელმწიფო ბაჟი 100 (ასი) ლარი, რომელიც გადახდილია ს----------–---–---–ის მიერ 2017 წლის 19 დეკემბერს, სს ,,საქართველოს ბანკი’’, საგადახდო დავალება N23, მიმღები - ხაზინის ერთიანი ანგარიში, სახაზინო კოდი 300693150, ბანკის კოდი TRESGE22, 2. სახელმწიფო ბაჟი 150 (ასორმოცდაათი) ლარი გადახდილია ს----------–---–---–ის მიერ 2019 წლის 27 მაისს სს ,,საქართველოს ბანკი’’, საგადახდო დავალება N7987755851, მიმღები - სახელმწიფო ხაზინა, სახაზინო კოდი 300183150, ბანკის კოდი TRESGE22).
4. დანარჩენ ნაწილში უცვლელად დარჩეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილება;
5. მხარეები განთავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;
6. დადგენილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე
მურთაზ მეშველიანი
ნანა კალანდაძე