განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 17.01.2020
საქმის ნომერი
330310019002972712
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
17.01.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330310019002972712

საქმე №3ბ/2363-19

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

17 იანვარი, 2020 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლო

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - დავით ახალბედაშვილი

სხდომის მდივანი - ნინო პაპინაშვილი

 

აპელანტი (მოპასუხე) - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო

წარმომადგენელი - ლე--------------–--ე

 

მოწინააღმდეგე მხარეები (მოსარჩელეები) - შა-–-------------ა, ნა--------------ა

წარმომადგენელი - თე------–----–----ა

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - გა------–-----------ა

კანონიერი წარმომადგენელი - ნა--------------ა

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილება

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

 

აპელანტის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილებით, შა-–-------------ას, ნა--------------ას და გა------–-----------ას სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2018 წლის 9 ოქტომბრის N01-1240/ო ბრძანება და დაევალოს მოპასუხეს - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, შა-–-------------ას ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე;

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

შა-–-------------ა არის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი, რომლის მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იძულებით გადაადგილებამდე იყო: აფხაზეთი, სოხუმი, კუიბიშევის ქ. N142, დროებითი საცხოვრებელი ადგილია (რეგისტრაციის ადგილი): თბილისი, ვაკე, ი. ჭავჭავაძის გამზ. N37, სტუდქალაქი, კორპ. 5. შა-–-------------ას მიმართ გაცემულია იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობა NA335080.

 

ნა--------------ა არის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი, რომლის მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იძულებით გადაადგილებამდე იყო: აფხაზეთი, გალი, ს. ქვემო ბარღები, დროებითი საცხოვრებელი ადგილია (რეგისტრაციის ადგილი): თბილისი, ისანი, შილდის ქ. N16ა. ნა--------------ას მიმართ გაცემულია იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობა NA014608.

 

გა------–-----------ას (დაბადებული: თბილისში, 2016 წლის 26 ივლისს) მშობლები არიან შა-–-------------ა და ნა--------------ა. გა------–-----------ას მიმართ გაცემულია იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობა NA345683.

 

შა-–-------------ას დევნილის რეგისტრაციის ნომერია 002-03017, ხოლო ნა--------------ას და გა------–-----------ას დევნილთა რეგისტრაციის ნომერი - 010-40480 (ს.ფ. 18-21);

 

გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, 2017 წლის 5 ივნისს მონიტორინგი განხორციელდა ქ. თბილისში, ჭავჭავაძის გამზ. N37, 1 სართული, მიშენება N2-ში. მონიტორინგის ფორმის მიხედვით, მითითებულ მისამართზე ფიქსირდებიან: ნაზიკო ჯანჯღავა, გურამ ჯანჯღავა, გიორგი ჯანჯღავა, ბათა ჯანჯღავა და ანა ჯანჯღავა. მონიტორინგის ჯგუფს ადგილზე დახვდა ნაზიკო ჯანჯღავა, რომლის განმატებით, შვილი - გურამ ჯანჯღავა გარდაცვლილია. გურამ ჯანჯღავა და გიორგი ჯანჯღავა ცხოვრობენ ბებიასთან, ხოლო ბათა ჯანჯღავა დაქორწინდა და ცხოვრობს ქირით. ანა ჯანჯღავა დაქორწინებულია და მეუღლესთან და შვილთან ერთად ცხოვრობს რუსთავში, მეუღლის სახლში. გარდაცვლილი შვილის მეუღლე - ლიანა ბერულავა მეუღლის გარდაცვალების დროს არ იმყოფებოდა საქართველოში და არც შემდეგ ჩამოსულა (ს.ფ. 82).

 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ 2018 წლის 15 მაისს განიხილა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველსაყოფად, კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვის მიზნით (მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან სამინისტროსათვის ამ მიზნით გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში), სხვადასხვა ეტაპების ფარგლებში შევსებული 774 განაცხადი.

 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2018 წლის 15 მაისის №18 სხდომის ოქმის თანახმად, შა-–-------------ას, ნა--------------ასა და გა------–-----------ას კომისიის გადაწყვეტილებით თანხმობა ეთქვათ კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლის/ბინის შესყიდვაზე 21 000 ლარის ფარგლებში (ს.ფ. 77-80).

 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ 2018 წლის 6 ივლისს განიხილა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს N320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ მე-6 მუხლის მე-10 პუნქტის „ა“, „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფად, ქ. თბილისში, ახლადაშენებულ კორპუსებში გრძელვადიანი განსახლების მიზნით იმ დევნილ ოჯახთა მიერ შეტანილი განცხადებები, რომლებიც არ ეთანხმებოდნენ დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2018 წლის 5 ივნისს მიღებულ გადაწყვეტილებას (ოქმი N21) და ითხოვდნენ საკითხის განმეორებით შესწავლას.

 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2018 წლის 6 ივლისის №32 სხდომის ოქმის თანახმად, შა-–-------------ას და ნა--------------ას უარი ეთქვათ გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე - ფაქტობრივად არცხოვრების გამო (ს.ფ. 83-86).

 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2018 წლის 9 ოქტომბრის N01-1240/ო ბრძანებით, ქ. თბილისში, ახლადაშენებულ კორპუსებში, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარი ეთქვა შა-–-------------ას ოჯახს, ქ. თბილისში, ჭავჭავაძის გამზ. N37-ში მდებარე, კორპ. N5-ში (ყოფ. „სტუდქალაქი“) ფაქტობრივად არცხოვრების გამო (ს.ფ. 17).

 

სს „თელასის“, შპს „თბილსერვის ჯგუფის“ და gwp-ის ქვითრების თანახმად, ნაზიკო ჯანჯღავა და გურამ ჯანჯღავა რეგისტრირებული არიან სხვადასხვა აბონენტის ნომრით, ნ. ჯანჯღავას აბონენტის ნომერია - 4884138 და გ. ჯანჯღავას აბონენტის ნომერია - 4484281 (ს.ფ. 114-115).

 

შპს „Krol Medical Corporation“-ის სამედიცინო სამსახურის მენეჯერის მიერ 2019 წლის 10 ივლისს გაცემულ იქნა ცნობა N1875, რომლის თანახმად გაბრიელ ჩაკაბერია, დაბადებული 2016 წლის 26 ივლისს, მცხოვრები ჭავჭავაძის 37-ში, აღრიცხვაზე იმყოფებოდა შპს „Krol Medical Corporation“-ის სამედიცინო ცენტრში 2016 წლის 15 აგვისტოდან 2017 წლის 27 ივნისამდე (ს.ფ. 116).

 

ქ. თბილისში, ჭავჭავაძის გამზ. N37-ში, კორპ. N5-ში (ყოფ. „სტუდქალაქი“) მცხოვრები გული ჩხეტიანი, ტარიელ ბერძენიშვილი და კესო გულუა ხელწერილით ადასტურებენ, რომ შალვა ჯანჯღავა 1993 წლიდან დღემდე ნამდვილად ცხოვრობს მისამართზე: ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. N37, კორპ. N5 (ყოფ. „სტუდქალაქი“). ხელწერილის თანახმად, შალვა ჯანჯღავა 2015 წელს დაქორწინდა ნათია ჩაკაბერიაზე. 2016 წელს მათ შეეძინათ შვილი გა------–-----------ა. ოჯახი ზემოაღნიშნულ მისამართზე ცხოვრობს დღემდე და ზაფხულის თვეებში პერიოდულად გადიან ქალაქგარეთ ნათესავებთან, დასვენების მიზნით (ს.ფ. 117).

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით გამოკითხულმა თორნიკე ბერძენიშვილმა განმარტა, რომ არის დევნილი და ცხოვრობს თბილისში, ჭავჭავაძის გამზ. N37-ში. მოწმის განმარტებით, შა-–-------------ას იცნობს ბავშვობიდან. მას შემდეგ, რაც თორნიკე ბერძენიშვილი ოჯახით გადმოსახლდა თბილისში ზემოაღნიშნულ მისამართზე, შა-–-------------ა ოჯახთან ერთად (დედა, მამა, ძმები და და) უკვე ცხოვრობდა ჭავჭავაძის გამზ. N37-ში. მოწმის განმარტებით, შა-–-------------ა მუდმივად ცხოვრობდა მითითებულ მისამართზე, არასდროს დაუტოვებია მუდმივი საცხოვრებელი ადგილი.

 

შა-–-------------ას ბებიას - ნაზიკო ჯანჯღავას და უმცროს ძმას - გურამ ჯანჯღავას საერთო საცხოვრებელი ფართი ჰქონდათ, ხოლო შალვას მამას - გურამს და დანარჩენ ოჯახის წევრებს - საერთო ფართი. მას შემდეგ, რაც შა-–-------------ა დაოჯახდა, თორნიკე ბერძენიშვილის ოჯახმა დაუთმო შემოსასვლელი ფართი და შა-–-------------ა იქ ცხოვრობდა ოჯახით. შემდგომში შა-–-------------ამ ზემოაღნიშნულ ფართს მიუერთა მამიდაშვილის კუთვნილი ფართი, ვინაიდან მისი მამიდაშვილი საცხოვრებლით დაკმაყოფილდა.

 

ქ. თბილისში, ჭავჭავაძის N37-ში მდებარე ფართში, ამჟამად ცხოვრობენ მხოლოდ შა-–-------------ა, ნა--------------ა და გა------–-----------ა, შა-–-------------ას დანარჩენი ოჯახის წევრები დაკმაყოფილებული არიან საცხოვრებლით (იხ.ს.ფ. 101-122).

 

2019 წლის 16 აპრილის ამონაწერით სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან დასტურდება, რომ შა-–-------------ა, ნა--------------ა და გა------–-----------ა რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში მისამართით: თბილისი, ვაკე-საბურთალოს რაიონი, ჭავჭავაძე ი. გამზ. კორპუსი 37/3. სარეიტინგო ქულა - 31840 (ქულის მინიჭების თარიღი: 07.04.2019 წელი, დეკლარაციის შევსების თარიღი: 08.03.2019 წელი) (ს.ფ. 22).

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირად – დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება.

 

ამავე საკანონმდებლო აქტის მე-13 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფდა დევნილისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებების განხორციელებას, იღებდა ზომებს მისი უსაფრთხო და ღირსეული ცხოვრებისათვის აუცილებელი სოციალურ-ეკონომიკური პირობების შესაქმნელად.

 

განსახილველ შემთხვევაში სადავო გარემოებას არ წარმოადგენს მოსარჩელეთა სტატუსი, კერძოდ, დადგენილია რომ შა-–-------------ა არის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი, რომლის მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იძულებით გადაადგილებამდე იყო: აფხაზეთი, სოხუმი, კუიბიშევის ქ. N142, დროებითი საცხოვრებელი ადგილია (რეგისტრაციის ადგილი): თბილისი, ვაკე, ი. ჭავჭავაძის გამზ. N37, სტუდქალაქი, კორპ. 5. შა-–-------------ას მიმართ გაცემულია იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობა NA335080; ნა--------------ა არის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი, რომლის მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იძულებით გადაადგილებამდე იყო: აფხაზეთი, გალი, ს. ქვემო ბარღები, დროებითი საცხოვრებელი ადგილია (რეგისტრაციის ადგილი): თბილისი, ისანი, შილდის ქ. N16ა. ნა--------------ას მიმართ გაცემულია იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობა NA014608; გა------–-----------ას (დაბადებული: თბილისში, 2016 წლის 26 ივლისს) მშობლები არიან შა-–-------------ა და ნა--------------ა. გა------–-----------ას მიმართ გაცემულია იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობა NA345683.

 

შესაბამისად, მათზე ვრცელდება აღნიშნული კანონით და სხვა კანონქვემდებარე აქტებით გათვალისწინებული ნორმები, რომლებიც სახელმწიფოს მხრიდან ამ კატეგორიის პირთა საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფას, აღნიშნული ქმედებისათვის აუცილებელ პროცედურებს და თვით ამ პირთა უფლება-მოვალეობებს განსაზღვრავს.

 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს N320 ბრძანებით დამტკიცებულ იქნა „დევნილთა საცხოვრებელით უზრუნველყოფის წესი“ (დანართი №1). დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესი (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) ეფუძნება საქართველოს კანონმდებლობას, გაეროს სახელმძღვანელო პრინციპებს ქვეყნის შიგნით გადაადგილების შესახებ და ადგენს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის, მე-4 მუხლის „ლ“, „ნ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-13 მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს მთავრობის 2017 წლის 13 თებერვლის №240 განკარგულებით დამტკიცებული „იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიმართ 2017-2018 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის“ (შემდგომში − სამოქმედო გეგმა) შესაბამისად, დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების წესს.

 

„დევნილთა საცხოვრებელით უზრუნველყოფის წესის“ მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დევნილი ოჯახი არის განცალკევებულ საცხოვრებელ ფართზე მუდმივად მცხოვრები ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა წრე, რომლებსაც აქვთ დევნილის სტატუსი (ოჯახის წევრი შეიძლება იყოს არადევნილი პირიც) და რომლებიც ერთობლივად ეწევიან შინასამეურნეო საქმიანობას (ოჯახი შეიძლება იყოს ერთსულიანი), რომელიც, სამოქმედო გეგმის შესაბამისად, არ არის დაკმაყოფილებული საცხოვრებელი ფართით ან ერთჯერადი ფულადი დახმარებით დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძიებების ფარგლებში. ამავე „ბ“ ქვეპუნქტის მუხლის (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) თანახმად, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა არის ამ წესის შესაბამისად, დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების ან მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვა; სახელმწიფოს მიერ ერთჯერადი ფულადი დახმარების გაცემა იმ დევნილ ოჯახებზე, რომლებმაც 2018 წლის 1 იანვრამდე იპოთეკური სესხით შეიძინეს საცხოვრებელი სახლები/ბინები და აღნიშნული საცხოვრებელი სახლები/ბინები არის მათი ერთადერთი საკუთრება.

 

სადავო პერიოდში მოქმედი „დევნილთა საცხოვრებელით უზრუნველყოფის წესის“ მე-3 მუხლი ითვალისწინებს საცხოვრებელი ფართის მიღების პროცედურებს, კერძოდ, მითითებული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განცხადებების განხილვასა და გადაწყვეტილების მიღებაზე პასუხისმგებელია ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-9 პუნქტით შექმნილი დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისია (შემდგომში - კომისია). ამავე მუხლის მე-4 და მე-10 პუნქტების შესაბამისად, დეპარტამენტი ახდენს განაცხადების დამუშავებას ამ მუხლის მე-5-მე-8 პუნქტებით დადგენილი პროცედურით. დეპარტამენტი დამუშავებულ მასალას წარუდგენს კომისიას საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის დაკმაყოფილების ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით. შესაბამისი გადაწყვეტილება საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის დაკმაყოფილების ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ მიიღება კომისიის მიერ და ფორმდება კომისიის სხდომის ოქმის სახით, რომელიც, ამ მუხლის მე-11 და მე-12 პუნქტებით გათვალისწინებული პროცედურების გავლის შემდგომ, წარედგინება მინისტრს.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, აღნიშნული წესის მითითებული მუხლის მე-5 პუნქტი განსაზღვრავს დეპარტამენტის მიერ საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადების დამუშავების წესებსა და პროცედურებს. მითითებული ნორმის ანალიზი ცხადყოფს, რომ სადავო პერიოდში დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საკითხის შეფასებისათვის უფლებამოსილი დეპარტამენტები კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებდნენ საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის მიღებას და დანართი №5-ით დამტკიცებული გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ კითხვარის შევსებას, შესაბამისი ინფორმაციის/დოკუმენტაციის მოძიებას და მოპოვებული მონაცემების საფუძველზე თითოეული დევნილი ოჯახების მდგომარეობის წინასწარ შეფასებას, კრიტერიუმებისა და საცხოვრებელი ფართის საორიენტაციო სტანდარტების მეშვეობით. წინასწარი შეფასების შემდეგ, განმცხადებელს შესაძლებლობა ჰქონდა დამატებით წარედგინა ის ინფორმაცია/დოკუმენტი, რომელიც მის ქულაზე მოახდენდა ზეგავლენას. ამის შემდეგ, ადმინისტრაციული ორგანო ახორციელებდა წინასწარი შეფასებით მინიჭებული ქულების გადამოწმებას, დევნილი ოჯახების საცხოვრებელი პირობებისა და საჭიროებების ადგილზე შესწავლას, ასევე, შესაბამისი მონიტორინგის ფორმის შევსებას. აღნიშნულის შედეგად მოძიებული ინფორმაცია ეგზავნებოდა კომისიას, რომელიც ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, წინასწარი შეფასებით მინიჭებული ქულების, განმცხადებლის საჭიროებისა და გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე იღებდა გადაწყვეტილებას.

 

ამასთან, „დევნილთა საცხოვრებელით უზრუნველყოფის წესის“ მე-6 მუხლის მე-10 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ წესის მე-3-მე-6 მუხლებით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელებისას, კომისია უფლებამოსილია პრიორიტეტი მიანიჭოს და ამ მუხლის მე-5 პუნქტში მოცემული კრიტერიუმების გარეშე განახორციელოს იმ მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ საცხოვრებელ ფართობში (ყოფილ დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტში) მაცხოვრებელი დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა, რომელი შენობებიც გადაუდებელი სახელმწიფო ინტერესის შემცველი ობიექტებია, რაც ერთმნიშვნელოვნად და საჯაროდ უნდა იყოს გამოხატული წერილობით შესაბამისი სახელმწიფო უწყების მიერ.

 

ამდენად, დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საკითხის შეფასებისათვის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს N320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებელით უზრუნველყოფის წესი“ იმპერატიულად ადგენს, რომ აუცილებელია განისაზღვროს კონკრეტული დევნილი ოჯახის საჭიროების პრიორიტეტულობა. აღნიშნული მიზნით წესი განსაზღვრავს, ერთის მხრივ, კრიტერიუმებს, ხოლო, მეორეს მხრივ, საგამონაკლისო შემთხვევებს, რა დროსაც შესაძლებელია კრიტერიუმებით შეფასების გარეშე მიენიჭოს კონკრეტულ დევნილ ოჯახს უპირატესობა/პრიორიტეტი, კერძოდ, წესის მე-6 მუხლის მე-10 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ასეთი გამონაკლისია განმცხადებელი ოჯახის ცხოვრება იმ მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ საცხოვრებელ ფართობში (ყოფილ დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტში), რომელი შენობებიც გადაუდებელი სახელმწიფო ინტერესის შემცველი ობიექტებია.

 

განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მასალებით დადგენილია, რომ შა-–-------------ა რეგისტრირებულია მისამართზე ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. N37-ში მდებარე კორპ. N5-ში (ყოფილი ,,სტუდქალაქი“). საქმის მასალებით დასტურდება, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ განხორციელდა ქ. თბილისში, ჭავჭავაძის გამზირი 37, კორპუსი N5 (,,სტუდქალაქი“) მდებარე დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტში მცხოვრებ პირთა განსახლება სხვა ალტერნატიულ ფართში, ქ. თბილისში, ახლადაშენებულ კორპუსებში, მათი გრძელვადიანი განსახლების მიზნით.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის საოქმო გადაწყვეტილებებითა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 9 ოქტომბრის №01-1240/ო ბრძანებით, შა-–-------------ას ოჯახს (მეუღლე და შვილი), როგორც სახელმწიფო დაინტერესებაში არსებულ ობიექტში - ქ. თბილისში, ჭავჭავაძის გამზირი 37, კორპუსი N5-ში (,,სტუდქალაქი“) მაცხოვრებელს, ქ. თბილისში, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარი ეთქვა აღნიშნულ მისამართზე ფაქტობრივად არცხოვრების გამო.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, ზემოაღნიშნულ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ მართალია კომისია უფლებამოსილია თავად განსაზღვროს დევნილი ოჯახის განსახლების საჭიროება განსახილველ ეტაპზე, მაგრამ ეს უნდა იყოს გამყარებული სათანადო მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ობიექტური ანალიზით, რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ აქვს. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მოსაზრებას შა-–-------------ას, ნა--------------ას და გა------–-----------ას ქ. თბილისში, ჭავჭავაძის გამზირი 37, კორპუსი N5-ში (,,სტუდქალაქი“) ფაქტობრივად არცხოვრებასთან დაკავშირებით, მხოლოდ იმ გარემოებებზე დაყრდნობით, რომ 2017 წლის 5 ივნისს სამინისტროს მონიტორინგის თანამშრომლებს მოსარჩელეთა საცხოვრებელ ადგილად მითითებულ მისამართზე მისვლისას მოსარჩელეთა ოჯახი ადგილზე არ დახვდა, აღწერის მასალაში ფიგურირებენ მოსარჩელის ნათესავები, მაგრამ არა მოსარჩელის ოჯახი. სასამართლო აღნიშნავს, რომ მითითებული ინფორმაცია ეხება 2017 წლის ივნისში განხორცილებულ მონიტორინგს, ხოლო კომისიის მიერ გადაწყვეტილებები მიღებულია 2018 წლის ივნისი-ივლისის თვეებში, ყოველგვარი დამატებითი ინფორმაციის მოძიებისა თუ გადამოწმების გარეშე. სასამართლო აღნიშნავს, რომ მართალია, 2017 წლის 5 ივნისს განხორციელებული მონიტორინგის დროს მოსარჩელეები ადგილზე არ იმყოფებოდნენ, თუმცა აღნიშნული ავტომატურად არ გულისხმობდა განსახლების დროს შა-–-------------ას ოჯახის ქ. თბილისში, ჭავჭავაძის N37-ში, კორპ. N5-ში არცხოვრებას და განსახლების საჭიროების არარსებობას.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებებზე, რომ მოსარჩელეთა ოჯახს საკითხის განხილვის დროს საკუთრებაში არ გააჩნდა უძრავი ქონება. პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, დროებით, აუცილებელი საჭიროებიდან გამომდინარე, სხვის საკუთრებაში არსებული ფართით სარგებლობის შესაძლებლობა (ასეთი გარემოების არსებობის შემთხვევაში) არ გამორიცხავს მოსარჩელეთა უფლებას, როგორც დევნილი ოჯახი განსახლებულ იქნენ ნორმატიული აქტით გათვალისწინებული წესით მოცემულ ეტაპზე და არა სხვა რომელიმე ეტაპზე. შესაბამისად, დადგენილი გარემოებებიდან გამომდინარე, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს პოზიციას მოსარჩელისათვის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ, ქ. თბილისში, ჭავჭავაძის გამზ. ქ. N37-ში, კორპ. N5-ში (,,სტუდქალაქი“) ფაქტობრივად არცხოვრების საფუძვლით.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ ყურადღება გაამახვილა მოწმედ დაკითხული პირის ახსნა-განმარტებაზე, რომლითაც მოწმემ ხაზგასმით დაადასტურა მოსარჩელეთა სადავო მისამართზე მუდმივად ცხოვრების ფაქტი. მისი განმარტებით, შა-–-------------ას იცნობს ახლოს და მას არასდროს დაუტოვებია საცხოვრებელი ადგილი. აქედან გამომდინარე, წარმოდგენილი მასალების ურთიერთშეჯერებით ცალსახად არ დგინდება მოსარჩელეთა მუდმივად ქ. თბილისში, ჭავჭავაძის გამზირი 37, კორპუსი N5-ში (,,სტუდქალაქი“) არცხოვრების ფაქტი.

 

მითითებულ გარემოებათა გათვალისწინებით, პირველი ინსტანციის სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2018 წლის 9 ოქტომბრის №01-1240/ო ბრძანება ეწინააღმდეგება კანონის მოთხოვნებს, პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელეთა კანონიერ უფლებას, ამასთან, უკანონოდ ზღუდავს მათ. შესაბამისად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის საფუძველზე, ის ბათილად უნდა იქნეს ცნობილი და მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უნდა დაევალოს, კანონმდებლობით დადგენილ ვადაში, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, შა-–-------------ას ოჯახის გრძელვადიანი განსახლების მიზნით საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე.

 

სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

აპელანტის მითითებით, ძირითადი მტკიცებულება, რასაც ემყარება სააგენტოს პოზიცია, არის ობიექტის გამოთავისუფლების დროს მონიტორინგის სამსახურის მიერ მოპოვებული ინფორმაცია (2017 წლის 5 ივნისს შევსებული აღწერის ფორმა), სადაც მითითებულია, რომ მოსარჩელე არ ცხოვრობდა შენობაში. პროცესის შესაბამის სტადიაზე, თავად მოსარჩელე შა-–-------------ამ მოპასუხის მიერ დასმულ შეკითხვებზე უპასუხა და დაადასტურა ამ აღწერის ფორმაში ნაზიკო ჯანჯღავას (მოსარჩელის ბებია) მიერ მონიტორინგისათვის მიწოდებული ინფორმაციის ნამდვილობა სრულად.

 

ამასთან, ასევე წყლის და ელექტროენერგიის მიმწოდებელი კომპანიების და დასუფთავების სამსახურის მიერ გაცემულ ცნობებთან დაკავშირებით (რომ ნაზიკო ჯანჯღავა - მოსარჩელის ბებია და გურამ ჯანჯღავა -მოსარჩელის მამა წარმოედგენენ ცალ-ცალკე აბონენტებს. (გადაწყვეტილების 3.6 პუნქტი, მე-4 გვერდი) უნდა ითქვას, რომ ისინი ცალსახად არ მიუთითებს, რომ მოსარჩელე ნამდვილად და რეალურად ცხოვრობს ობიექტში. პირიქით, არცხოვრებას ცალსახად ადასტურებს სს „თელასის“ მიერ გაცემული ელექტრო ენერგიის მოხმარების ქვითარი, სადაც ნაზიკო ჯანჯღავას ოჯახის მიერ სამჯერ უფრო მეტი ელექტრო ენერგიის ხარჯია მითითებული, ვიდრე იმ აბონენტისა, რომელსაც მოსარჩელეები წარმოადგენენ.

 

რაც შეეხება სამედიცინო დაწესებულების მიერ 2019 წლის 10 ივლისს გაცემულ ცნობაზე, რომ გაბრიელ ჩაკაბერია (მოსარჩელეთა შვილი) მათთან რეგისტრირებულია როგორც მაცხოვრებელი ქ.თბილისში, ჭავჭავაძის გამზ.N37-ში (გადაწყვეტილების 3.7 პუნქტი, მე-4 გვერდი), პირდაპირ ვერ დაადასტურებს მოსარჩელის ცხოვრებას ამ მისამართზე. სამედიცინო დაწესებულებას პაციენტზე შევსებულ საანკეტო მონაცემებში შეაქვს პაციენტის (ამ შემთხვევაში მისი მშობლების) მიერ მიწოდებული ინფორმაცია და ამ ინფორმაციის რეალობის შემოწმება სამედიცინო დაწესებულების მიერ ცხადია არ ხდება. მითუმეტეს, აღსანიშნავია, რომ შ.ჯანჯღავას რეგისტრაციის მისამართად მართლაც ქ.თბილისი, ჭავჭავაძის გამზ.N37 აქვს მითითებული, თუმცა აქ დავის არსი იმაში მდგომარეობს, რომ რეგისტრაციის მიუხედავად ის ფაქტიურად ამ მისამართზე არ ცხოვრობდა.

 

აპელანტის მითითებით, ვინაიდან თბილისში, ჭავჭავაძის გამზ.N37 არსებული შენობის მიმართ არსებობდა გარკვეული სახელმწიფო ინტერესი, მოხდა ამ შენობაში მაცხოვრებელი დევნილების განსახლება სხვა საცხოვრებლებში, კრიტერიუმების გარეშე. ცხადია, შენობაში დევნილი ოჯახების ცხოვრების ფაქტი დადგინდა ზემოაღნიშნული ნორმით დადგენილი და გაწერილი პროცედურების შესაბამისად, სამინისტროს (სააგენტოს) შესაბამისი სამსახურების თანამშრომელთა მიერ განხორციელებული მონიტორინგის საშუალებით. მოსარჩელე დევნილ ოჯახთან მიმართებითაც მოხდა საკითხის შესწავლა და გამოირკვა, რომ ეს ოჯახი ფაქტიური მდგომარეობით ზემოხსენებულ შენობაში არ ცხოვრობდა, იყვნენ მხოლოდ ფორმალურად რეგისტრირებულები აღნიშნულ შენობაში, თუმცა იქ არ ცხოვრობდნენ.

 

აპელანტის მითითებით, აღნიშნული გარემოება დასტურდება საქმეზე წარმოდგენილი (შესაგებელზე დართული) მონიტორინგის მასალებით. კერძოდ, „აღწერის ოქმის“ თანახმად, რომელიც შედგენილ იქნა 2017 წლის 5 ივნისს მოსარჩელეთა საცხოვრებელ ადგილად მითითებულ მისამართზე მისვლისას აღმოჩნდა, რომ აღნიშნულ საცხოვრებელში მოსარჩელის ოჯახი არ იმყოფებოდა. აღწერის მასალაში ფიგურირებენ მოსარჩელის უახლოესი ნათესავები, მაგრამ არა მოსარჩელეთა ოჯახი.

 

აპელანტის მოსაზრებით, აღნიშნულით დასტურდება, რომ მოსარჩელე ოჯახი ხსენებულ ფართში არ ცხოვრობდა, შესაბამისად, ზემოაღნიშნული ნორმებით დადგენილი წესების შესაბამისად, ისინი ვერ ექცევიან კრიტერიუმების გარეშე საგამონაკლისო წესით დასაკმაყოფილებელ ოჯახთა წრეში და აქედან გამომდინარე, მოსარჩელეები საცხოვრებელი ფართებით უნდა დაკმაყოფილდნენ საერთო წესების შესაბამისად - შევსებული აპლიკაციების მიხედვით, დადგენილი კრიტერიუმებით მიღებული ქულების შესაბამისად.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 389-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითებას, შესაძლო ცვლილებების ან დამატებების გათვალისწინებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

ფაქტობრივი დასაბუთება:

 

სააპელაციო პალატა ეთანხმება თბილისის საქალაქო სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც იზიარებს სააპელაციო პალატაც და უთითებს მათზე.

 

სამართლებრივი დასაბუთება:

 

პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა სადავო საკითხი, სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად შეაფასა საქმესთან დაკავშირებული ყველა ფაქტობრივი გარემოება; თავის მხრივ, აპელანტმა თავის სააპელაციო საჩივარში ვერ გააქარწყლა პირველი ინსტანციის სასამართლოს სამართლებრივი დასკვნები, ვერ მიუთითა და ვერ წარმოადგინა ისეთი არგუმენტები, რომლებზე დაყრდნობითაც შესაძლებელი იქნებოდა საქმეზე დადგენილი ფაქტების სხვაგვარი სამართლებრივი შეფასება.

 

სააპელაციო პალატა მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომელიც განსაზღვრავს დევნილის სამართლებრივ სტატუსს, პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საფუძვლებსა და წესს, დევნილის სამართლებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ გარანტიებს, მის უფლებებსა და მოვალეობებს. აღნიშნული კანონის მე-4 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილის რეგისტრაციის ადგილი არის სამინისტროში არსებულ დევნილთა მონაცემთა ბაზაში აღნიშნული დევნილის საცხოვრებელი ადგილი, სადაც იგი დევნილობის პერიოდში დარეგისტრირდა, მიუხედავად ამ ადგილის საკუთრების ფორმისა, ხოლო „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დევნილის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი არის დევნილის მიერ დევნილობის პერიოდში არჩეული საცხოვრებელი ადგილი, სადაც იგი რეგისტრაციის გარეშე ფაქტობრივად ცხოვრობს. ამავე კანონის 6.1 მუხლის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირად - დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება.

 

პალატა ასევე მიუთითებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 09.08.2013წ. №320 ბრძანებით დამტკიცებულ „დევნილთა საცხოვრებელით უზრუნველყოფის წესზე“ (დანართი №1). აღნიშნული ,,წესის“ მეორე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაში იგულისხმება ამ წესის შესაბამისად, დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების ან მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვა; სახელმწიფოს მიერ ერთჯერადი ფულადი დახმარების გაცემა იმ დევნილ ოჯახებზე, რომლებმაც 2018 წლის 1 იანვრამდე იპოთეკური სესხით შეიძინეს საცხოვრებელი სახლები/ბინები და აღნიშნული საცხოვრებელი სახლები/ბინები არის მათი ერთადერთი საკუთრება.

 

სადავო პერიოდში მოქმედი „დევნილთა საცხოვრებელით უზრუნველყოფის წესის“ მე-3 მუხლი ითვალისწინებს საცხოვრებელი ფართის მიღების პროცედურებს, კერძოდ, მითითებული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განცხადებების განხილვასა და გადაწყვეტილების მიღებაზე პასუხისმგებელია ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-9 პუნქტით შექმნილი დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისია (შემდგომში - კომისია). ამავე მუხლის მე-4 და მე-10 პუნქტების შესაბამისად, დეპარტამენტი ახდენს განაცხადების დამუშავებას ამ მუხლის მე-5-მე-8 პუნქტებით დადგენილი პროცედურით. დეპარტამენტი დამუშავებულ მასალას წარუდგენს კომისიას საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის დაკმაყოფილების ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით. შესაბამისი გადაწყვეტილება საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის დაკმაყოფილების ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ მიიღება კომისიის მიერ და ფორმდება კომისიის სხდომის ოქმის სახით, რომელიც, ამ მუხლის მე-11 და მე-12 პუნქტებით გათვალისწინებული პროცედურების გავლის შემდგომ, წარედგინება მინისტრს.

 

აღნიშნული წესის მითითებული მუხლის მე-5 პუნქტი განსაზღვრავს დეპარტამენტის მიერ საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადების დამუშავების წესებსა და პროცედურებს. მითითებული ნორმის ანალიზი ცხადყოფს, რომ სადავო პერიოდში დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საკითხის შეფასებისათვის უფლებამოსილი დეპარტამენტები კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებდნენ საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის მიღებას და დანართი №5-ით დამტკიცებული გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ კითხვარის შევსებას, შესაბამისი ინფორმაციის/დოკუმენტაციის მოძიებას და მოპოვებული მონაცემების საფუძველზე თითოეული დევნილი ოჯახების მდგომარეობის წინასწარ შეფასებას, კრიტერიუმებისა და საცხოვრებელი ფართის საორიენტაციო სტანდარტების მეშვეობით. წინასწარი შეფასების შემდეგ, განმცხადებელს შესაძლებლობა ჰქონდა დამატებით წარედგინა ის ინფორმაცია/დოკუმენტი, რომელიც მის ქულაზე მოახდენდა ზეგავლენას. ამის შემდეგ, ადმინისტრაციული ორგანო ახორციელებდა წინასწარი შეფასებით მინიჭებული ქულების გადამოწმებას, დევნილი ოჯახების საცხოვრებელი პირობებისა და საჭიროებების ადგილზე შესწავლას, ასევე, შესაბამისი მონიტორინგის ფორმის შევსებას. აღნიშნულის შედეგად მოძიებული ინფორმაცია ეგზავნებოდა კომისიას, რომელიც ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, წინასწარი შეფასებით მინიჭებული ქულების, განმცხადებლის საჭიროებისა და გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე იღებდა გადაწყვეტილებას.

 

ამასთან, „დევნილთა საცხოვრებელით უზრუნველყოფის წესის“ მე-6 მუხლის მე-10 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ წესის მე-3-მე-6 მუხლებით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელებისას, კომისია უფლებამოსილია პრიორიტეტი მიანიჭოს და ამ მუხლის მე-5 პუნქტში მოცემული კრიტერიუმების გარეშე განახორციელოს იმ მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ საცხოვრებელ ფართობში (ყოფილ დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტში) მაცხოვრებელი დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა, რომელი შენობებიც გადაუდებელი სახელმწიფო ინტერესის შემცველი ობიექტებია, რაც ერთმნიშვნელოვნად და საჯაროდ უნდა იყოს გამოხატული წერილობით შესაბამისი სახელმწიფო უწყების მიერ.

 

ამდენად, დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საკითხის შეფასებისათვის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს N320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებელით უზრუნველყოფის წესი“ იმპერატიულად ადგენს, რომ აუცილებელია განისაზღვროს კონკრეტული დევნილი ოჯახის საჭიროების პრიორიტეტულობა. აღნიშნული მიზნით წესი განსაზღვრავს, ერთის მხრივ, კრიტერიუმებს, ხოლო, მეორეს მხრივ, საგამონაკლისო შემთხვევებს, რა დროსაც შესაძლებელია კრიტერიუმებით შეფასების გარეშე მიენიჭოს კონკრეტულ დევნილ ოჯახს უპირატესობა/პრიორიტეტი, კერძოდ, წესის მე-6 მუხლის მე-10 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ასეთი გამონაკლისია განმცხადებელი ოჯახის ცხოვრება იმ მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ საცხოვრებელ ფართობში (ყოფილ დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტში), რომელი შენობებიც გადაუდებელი სახელმწიფო ინტერესის შემცველი ობიექტებია.

 

სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქმეში წარმოდგენილი მასალებით დადგენილია, რომ შა-–-------------ა რეგისტრირებულია მისამართზე ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. N37-ში მდებარე კორპ. N5-ში (ყოფილი ,,სტუდქალაქი“). საქმის მასალებით დასტურდება, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ განხორციელდა ქ. თბილისში, ჭავჭავაძის გამზირი 37, კორპუსი N5 (,,სტუდქალაქი“) მდებარე დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტში მცხოვრებ პირთა განსახლება სხვა ალტერნატიულ ფართში, ქ. თბილისში, ახლადაშენებულ კორპუსებში, მათი გრძელვადიანი განსახლების მიზნით.

 

საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის საოქმო გადაწყვეტილებებითა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 9 ოქტომბრის №01-1240/ო ბრძანებით, შა-–-------------ას ოჯახს (მეუღლე და შვილი), როგორც სახელმწიფო დაინტერესებაში არსებულ ობიექტში - ქ. თბილისში, ჭავჭავაძის გამზირი 37, კორპუსი N5-ში (,,სტუდქალაქი“) მაცხოვრებელს, ქ. თბილისში, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარი ეთქვა აღნიშნულ მისამართზე ფაქტობრივად არცხოვრების გამო.

 

სააპელაციო პალატა ზემოაღნიშნულ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ მართალია კომისია უფლებამოსილია თავად განსაზღვროს დევნილი ოჯახის განსახლების საჭიროება განსახილველ ეტაპზე, მაგრამ ეს უნდა იყოს გამყარებული სათანადო გარემოებებითა თუ მტკიცებულებებით, რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ აქვს. სააპელაციო სასამართლო არ იზიარებს აპელანტი ადმინისტრაციული ორგანოს მოსაზრებას შა-–-------------ას, ნა--------------ას და გა------–-----------ას ქ. თბილისში, ჭავჭავაძის გამზირი 37, კორპუსი N5-ში (,,სტუდქალაქი“) ფაქტობრივად არცხოვრებასთან დაკავშირებით, მხოლოდ იმ გარემოებებზე დაყრდნობით, რომ 2017 წლის 5 ივნისს სამინისტროს მონიტორინგის თანამშრომლებს მოსარჩელეთა საცხოვრებელ ადგილად მითითებულ მისამართზე მისვლისას მოსარჩელეთა ოჯახი ადგილზე არ დახვდა და აღწერის მასალაში ფიგურირებენ მოსარჩელის ნათესავები, მაგრამ არა მოსარჩელის ოჯახი. პალატა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსგავსად აღნიშნავს, რომ მითითებული ინფორმაცია ეხება 2017 წლის ივნისში განხორცილებულ მონიტორინგს, ხოლო კომისიის მიერ გადაწყვეტილებები მიღებულია 2018 წლის ივნისი-ივლისის თვეებში, ყოველგვარი დამატებითი ინფორმაციის მოძიებისა თუ გადამოწმების გარეშე. ამასთან, მართალია, 2017 წლის 5 ივნისს განხორციელებული მონიტორინგის დროს მოსარჩელეები ადგილზე არ იმყოფებოდნენ, თუმცა აღნიშნული ავტომატურად არ გულისხმობდა განსახლების დროს შა-–-------------ას ოჯახის ქ. თბილისში, ჭავჭავაძის N37-ში, კორპ. N5-ში არცხოვრებას და განსახლების საჭიროების არარსებობას.

 

პალატის მოსაზრებით, საგულისხმოა ის გარემოება, რომ მოსარჩელეთა ოჯახს საკითხის განხილვის დროს საკუთრებაში არ გააჩნდა უძრავი ქონება. ამდენად, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, დროებით, აუცილებელი საჭიროებიდან გამომდინარე, სხვის საკუთრებაში არსებული ფართით სარგებლობის შესაძლებლობა (ასეთი გარემოების არსებობის შემთხვევაში) არ გამორიცხავს მოსარჩელეთა უფლებას, როგორც დევნილი ოჯახი განსახლებულ იქნენ ნორმატიული აქტით გათვალისწინებული წესით მოცემულ ეტაპზე და არა სხვა რომელიმე ეტაპზე. შესაბამისად, პალატა არ იზიარებს აპელანტი ადმინისტრაციული ორგანოს პოზიციას მოსარჩელისათვის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ, ქ. თბილისში, ჭავჭავაძის გამზ. ქ. N37-ში, კორპ. N5-ში (,,სტუდქალაქი“) ფაქტობრივად არცხოვრების საფუძვლით.

 

გარდა ამისა, როგორც პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით დაკითხული თორნიკე ბერძენიშვილის ახსნა-განმარტებით დასტურდება, შა-–-------------ას არასდროს დაუტოვებია საცხოვრებელი ადგილი. აქედან გამომდინარე, წარმოდგენილი მასალების ურთიერთშეჯერებით ცალსახად არ დგინდება მოსარჩელეთა მუდმივად ქ. თბილისში, ჭავჭავაძის გამზირი 37, კორპუსი N5-ში (,,სტუდქალაქი“) არცხოვრების ფაქტი.

 

სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2018 წლის 9 ოქტომბრის №01-1240/ო ბრძანება გამოცემულ იქნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების დადგენის გარეშე. კერძოდ, ობიექტური დამკვირვებლის სტანდართის გათვალისწინებით, მოსარჩელეთა რეგისტრაციის მისამართზე ერთჯერადად მისვლა და ამავე მისამართზე მცხოვრები პირების ზედაპირული გამოკითხვა არ იძლევა საკმარის და სრულყოფილ ინფორმაციას იმისათვის, რათა ცალსახად გამოირიცხოს შა-–-------------ას, ნა--------------ასა და გა------–-----------ას ხსენებულ მისამრთზე არცხოვრების ფაქტი, არამედ საჭიროა სხვა მეთოდიკის დანერგვა ან/და შესაძლებელია თუნდაც სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების ჩართულობით/დახმარებით გაცილებით სარწმუნო მტკიცებულებების მოძიება და ფაქტების დადგენა. თუმცა განსახილველ სემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სრულყოფილად გამოკვლეულა საქმის გარემოებები, რის გამოც გასაჩივრებული ბრძანება ეწინააღმდეგება კანონის დანაწესებს.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მართებულად იქნა დაკმაყოფილებული შა-–-------------ას, ნა--------------ასა და გა------–-----------ა სარჩელი, მართებულად იქნა ბათილად ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2018 წლის 9 ოქტომბრის N01-1240/ო ბრძანება და შესაბამისად დაევალა მოპასუხეს - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, შა-–-------------ას ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე;

 

შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი საპროცესო დარღვევების გარეშე, სწორად დაადგინა საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. შესაბამისად, სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები, რის გათვალისწინებითაც სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილება.

 

საპროცესო ხარჯები:

 

აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-12 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 386-ე, 390-391-ე, 397-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილება;

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს კასაციის წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №6), დასაბუთებული განჩინების მხარეთათვის გადაცემიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (მდებარე: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა).

 

მოსამართლე დავით ახალბედაშვილი