განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 28.01.2020
საქმის ნომერი
330310018002577959
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
28.01.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330310018002577959

საქმე N3/ბ-1142-19

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

28 იანვარი 2020 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლო

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

მოსამართლე გია ბერაია

სხდომის მდივანი: ნატო ხვთისავრიშვილი

 

აპელანტი (მოპასუხე) - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო;

წარმომადგენელი - თ---რ ც------ე;

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ა-–---------ე ლ------;

წარმომადგენელი - თ----ა დ----------ი;

 

მესამე პირი - აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობა;

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა,გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 7 მარტის გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა - გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 7 მარტის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით არ დაკმაყოფილდეს სასარჩელო მოთხოვნა

 

1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება.

1.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 7 მარტის გადაწყვეტილებით ა-–---------ე ლ------ს სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი „იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2018 წლის 09 ივლისის №1--- ბრძანება; დაევალა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ა-–---------ე ლ------სათვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭების შესახებ.

 

1.2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით.

 

ა-–---------ე ლ------მ 2018 წლის 29 მაისს N2------- განცხადებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, რომელშიც მიუთითა, რომ 1984 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. 1984 წლიდან განაწილებით დაიწყო მუშაობა საწარმოო გაერთიანება საქნახშირის შახტსამმართველო ტ--------–-ს მატ. ტექ. მომარაგების განყოფილებაში. 1984 წლიდან 1993 წლის სექტემბრამდე საქმიანობდა და ცხოვრობდა ტ--------–ში, კ.მ------ს ქ. N99-ში საკუთრების გარეშე. საწარმოო გაერთიანება საქნახშირის შახტსამმართველო ტ--------–-ს მატ. ტექ. მომარაგების სისტემაში იყო უფროსის მოადგილე და უფროსის მოვალეობის შემსრულებელი. აფხაზეთში დატრიალებული ტრაგედიის შემდეგ არ აუღია დევნილის სტატუსი, შესაბამისად, ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით მოითხოვა დევნილის სტატუსის მინიჭება.

 

აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ (დევნილის სტატუსის მაძიებელი) პირთა ფოტო იდენტურობის დადასტურებისა და მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დამდგენი კომისიის 2018 წლის 01 მაისის N-- სხდომის ოქმის თანახმად, მოქალაქე ა-–---------ე გ---ს ძე ლ------ 1984 წლიდან 1993 წლის სექტემბრამდე მუდმივად მუშაობდა ქ. ტ--------–ში და ცხოვრობდა მისამართზე: კ. მ------ს ქ. N99-ში (საერთო საცხოვრებელი) საკუთრების გარეშე.

 

„პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის, დევნილთა რეგისტრაციის და დევნილთა მონაცემთა ბაზის წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 16 ივლისის №287 ბრძანების შესაბამისად, დევნილთა საკითხების დეპარტამენტში 2018 წლის 29 მაისს გასაუბრება ჩაუტარდა ა-–---------ე ლ------ს. გასაუბრებისას განმცხადებელმა აღნიშნა, რომ დაიბადა 1960 წელს ქ. ჭ---------ში. საშუალო განათლება მიიღო ჭ---------ს რაიონში. 1979-84წწ. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 1984-93წწ. მუშაობდა ქ. ტ--------–-ს მაღაროში მომარაგების სამმართველოში ეკონომისტად, ხელმძღვანელის მოადგილედ და ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლად. ტ--------–ში ცხოვრობდა კარლ მ------ს ქ. N 59, სასტუმრო „ხ------––ი“. აღნიშნავს, რომ სასტუმროს ხარჯებს იხდიდნენ თვითონ ჩასული სპეციალისტები. ქ. ტ--------–- დატოვა 1993 წლის სექტემბერში მეგობრებთან ერთად. 1993 წელს დაოჯახდა ჭ---------ში. აღნიშნავს, რომ ტ--------–ში მუშაობის დროს, ჭ---------ში ცხოვრობდნენ მისი მშობლები. აფხაზეთის დატოვების შემდეგ, 1993-2006წწ. ცხოვრობდა ქ. მოსკოვში. 2006 წლიდან დღემდე ცხოვრობს ჭ---------ში ახლობლის სახლში, რადგან მშობლების სახლი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გაყიდა. ძირითადად იმყოფება თბილისში სამკურნალოდ.

 

აღნიშნული გასაუბრების საფუძველზე, იძულებით გადაადგილებული პირის- დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე გაიცა დასკვნა. დასკვნაში აღნიშნულია, რომ ა-–---------ე ლ------ს აფხაზეთში საკუთრება არ ჰქონია, იგი მხოლოდ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების გამო იმყოფებოდა ტ--------–ში და მისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი ქ. ტ--------–- არ ყოფილა. შესაბამისად, მიჩნეული იქნა, რომ სტატუსის მაძიებელი არ აკმაყოფილებდა „იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებს, რის გამოც, ა-–---------ე ლ------სთვის (პ/ნ: 5---------6) იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭება მიზანშეწონილი არ იყო.

 

აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ა/რ მთავრობის წარმომადგენლობის 2018 წლის 05 ივლისის N0------ ცნობის თანახმად, მოქალაქე ა-–---------ე ლ------ 1984 წლიდან 1993 წლის სექტემბრამდე მუშაობდა ქ. ტ--------–ში და ცხოვრობდა კ.მ------ს ქუჩა N99-ში საკუთრების გარეშე.

 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2018 წლის 09 ივლისის №1--- ბრძანებით, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტისა და „პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის, დევნილთა რეგისტრაციის და დევნილთა მონაცემთა ბაზის წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 16 ივლისის №287-ე ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული „დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის და დევნილთა რეგისტრაციის წესის“ მე-2 მუხლის მე-14 და მე-20 პუნქტების შესაბამისად, დევნილთა საკითხების დეპარტამენტის უფროსის 2018 წლის ივლისის №01----------0 მოხსენებითი ბარათით წარდგენილი დასკვნის საფუძველზე იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარი ეთქვა ა-–---------ე ლ------ს (პ/ნ: 5---------6).

 

ჭ---------ს მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის 2018 წლის 06 აგვისტოს N29 ცნობის თანახმად, რეზერვის უფროსი ლეიტენანტი ლ------ ა-–---------ე გ---ს ძე, დაბადებული 1960 წლის 07 ივნისს, ნამდვილად იდგა აღრიცხვაზე ჭ---------ს სამხედრო კომისარიატში. 1989 წლის 07 აგვისტოს მისი პირადი საქმე გადაიგზავნა აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკის ქალაქ ტ--------–ში, საცხოვრებელი ადგილის შეცვლასთან დაკავშირებით.

 

2019 წლის 01 მარტის სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოწმის სტატუსით დაკითხული პირის რ------------------ს ( დ.თ. 20.04.1---წ; პ/ნ N6--------36) განმარტების თანახმად, ის დაიბადა ქ. სოხუმში, 2009 წლიდან დღემდე მუშაობს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსად. ა-–---------ე ლ------ს იცნობს ქ. ტ--------–-დან. 1988 წელს ის ჩავიდა ქ.ტ--------–ში, სადაც მუშაობდა ქალაქკომის მეორე მდივნად. იმ დროისათვის ა-–---------ე ლ------ უკვე ქ.ტ--------–ში მუშაობდა მაღაროების ტექნიკური უზრუნველყოფის უფროსის მოადგილედ. მათ სამი წელი ჰქონდათ სამსახურეობრივი ურთიერთობა 1988 წლიდან 1990 წლის ჩათვლით, შემდეგ რ------------------ გადაიყვანეს სოხუმში სამუშაოდ. მისივე განმარტებით, ტ--------–ში არის სასტუმრო ,,-------–-“, შესაძლებელია, რომ ა-–---------ე ლ------ს სამსახურებრივად მისცეს ამ სასტუმროში ოთახი და იქ ცხოვრობდა.

 

1.3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

სასამართლომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტზე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველ ნაწილზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ”დ’’ ქვეპუნქტზე და ”საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ” საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-5 პუნქტზე მითითებით მიიჩნია, რომ „იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2018 წლის 09 ივლისის №1--- ბრძანება წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტს. შესაბამისად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ”ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ”საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ” საქართველოს კანონისა და სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან. ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლომ ასევე უნდა იმსჯელოს გამომდინარეობს თუ არა საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებიდან მოსარჩელე - ა-–---------ე ლ------ს მოთხოვნა მოპასუხისათვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალებაზე, დევნილის სტატუსის მინიჭების თაობაზე.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ ”საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის შესაბამისად, საქართველოს სახელმწიფო ორგანოები, იძულებით გადაადგილებით გამოწვეული სპეციფიკური საჭიროებების გათვალისწინებით, იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის პრობლემების გადაჭრისას მოქმედებენ საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებებისა და საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებული ნორმების შესაბამისად.

 

სასამართლომ განმარტა, რომ „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონი განსაზღვრავს დევნილის სამართლებრივ სტატუსს, პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საფუძვლებსა და წესს, დევნილის სამართლებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ გარანტიებს, მის უფლებებსა და მოვალეობებს. აღნიშნული კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირად – დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება.

 

ამავე კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პირი, რომელიც ამ კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მიზეზის გამო დატოვებს მუდმივ საცხოვრებელ ადგილს, დევნილის სტატუსის მინიჭების შესახებ განცხადებით მიმართავს სამინისტროს ან მის ტერიტორიულ ორგანოს. ხოლო ამავე კანონის მე-4 მუხლის „გ“ პუნქტის მიხედვით, დევნილის მუდმივი საცხოვრებელი ადგილი არის დევნილის, მისი დევნილი მშობლის (მშობლების) ან პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავის მიერ საცხოვრებლად არჩეული ადგილი, საიდანაც იგი, მისი ერთ-ერთი ან ორივე მშობელი ან პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავი იძულებული გახდა გადაადგილებულიყო და სადაც მას არ შეუძლია დაბრუნება ამ კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მიზეზის გამო.

 

ამდენად, სასამართლომ აღნიშნა, რომ კანონმდებელმა კონკრეტულად განსაზღვრა და პირდაპირ მიუთითა იმ სავალდებულო პირობებზე, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც პირი ჩაითვლება იძულებით გადაადგილებულ პირად – დევნილად. კერძოდ, კანონის დანაწესიდან გამომდინარე, იმისათვის, რომ პირი მიჩნეულ იქნეს იძულებით გადაადგილებულად – დევნილად, მას იძულებით, საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ უნდა უხდებოდეს თავისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დატოვება, ადგილის, სადაც იგი ჩვეულებრივ, ყოველდღიურ ცხოვრებას, საქმიანობას ეწევა. შესაბამისად, სადავო საკითხის გადაწყვეტისას არსებითი მნიშვნელობა აქვს დადგინდეს მოსარჩელის მიერ კონკრეტულ ადგილას მუდმივად ცხოვრების ფაქტი.

 

სასამართლომ მიუთითა ,,იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ” საქართველოს კანონზე, რომლის მიხედვით, მუდმივი საცხოვრებელი ადგილი არის დევნილის, მისი დევნილი მშობლის (მშობლების) ან პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავის მიერ საცხოვრებლად არჩეული ადგილი, საიდანაც იგი, მისი ერთ-ერთი ან ორივე მშობელი ან პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავი იძულებული გახდა გადაადგილებულიყო და სადაც მას არ შეუძლია დაბრუნება ამ კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მიზეზის გამო.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ განმარტა, რომ ადამიანის მუდმივი საცხოვრებელი ადგილი არ გამორიცხავს მისი გადაადგილების თავისუფლებას, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ. მუდმივი საცხოვრებელი ადგილი გულისხმობს ფაქტობრივ და არა იურიდიულ (რეგისტრირებულ) მისამართს. მუდმივ საცხოვრებელ ადგილად უნდა ჩაითვალოს ადგილი, რომელსაც პირი ირჩევს საცხოვრებლად და იგი პირის ცხოვრების საერთო მონაცემების შეფასების შედეგად უნდა დადგინდეს მისი ფაქტობრივად უმეტესი დროით ყოფნის, ნათესაური კავშირებით, საქმიანობის და სხვა გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად.

 

სასამართლომ ასევე მიუთითა აღნიშნული საკითხთან დაკავშირებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაზე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 1 თებერვლის განჩინებაზე (საქმე: ბს-1227-1213(კ-11)), სადაც საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ „იძულებით გადაადგილებული პირის დევნილის სტატუსის მისანიჭებლად გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება სტატუსის მთხოვნელი პირის მუდმივ საცხოვრებელ ადგილს, ანუ მას იძულების წესით დატოვებული უნდა ჰქონდეს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი. ამასთან, საკასაციო სასამართლო დავის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვნად მიიჩნევს ერთმანეთისაგან გაიმიჯნოს ცნებები „საცხოვრებელი ადგილი“ და „რეგისტრაციის ადგილი“.

 

საცხოვრებელი ადგილის დეფინიცია და მასთან დაკავშირებული პირის უფლება- მოვალეობები განისაზღვრება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-20 მუხლით, „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით, სხვა ნორმატიული აქტებით. საცხოვრებელი ადგილის თავისუფალი არჩევის უფლება ძირითად, კონსტიტუციურ უფლებათა რიგს განეკუთვნება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-20 მუხლის შესაბამისად, ფიზიკური პირის საცხოვრებელ ადგილად მიიჩნევა ადგილი, რომელსაც იგი ჩვეულებრივ საცხოვრებლად ირჩევს. პირს შეიძლება ჰქონდეს რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი. მოცემული ნორმის ანალიზი ცხადყოფს, რომ პირი თვითონ განსაზღვრავს და ირჩევს მისთვის სასურველ საცხოვრებელ ადგილს, მას აქვს სრული თავისუფლება თვითონ გადაწყვიტოს სად იცხოვროს.

 

„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით, პირის რეგისტრაცია განიხილება რეჟიმად, რომლის პირობებშიც პირი დამოუკიდებლად ირჩევს საცხოვრებელს, რის შესახებაც ატყობინებს სახელმწიფოს შესაბამის ორგანოს, რომელიც ატარებს პირს რეგისტრაციაში და აძლევს რეგისტრაციის მოწმობას. მიუხედავად იმისა, რომ საცხოვრებელი ადგილის თავისუფალი არჩევის პრინციპი წინ უსწრებს ნებისმიერ ადმინისტრაციულ- სამართლებრივ მოწესრიგებას, რეგისტრაციით ეს უფლება არ იზღუდება, პირიქით, რეგისტრაციის უფლება ნაწარმოებია საცხოვრებელი ადგილის თავისუფლად არჩევის უფლებით. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ რეგისტრაციის მიზანია მოქალაქეთა უფლებების და მოვალეობების განხორციელების მიზნით პირის შესახებ მონაცემების მათ შორის საცხოვრებელი ადგილის დადგენა.

 

საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ადასტურებს პირის საქართველოს მოქალაქეობას, მის ვინაობას და საცხოვრებელ ადგილს. ამასთან, აღნიშნული კანონისა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-20 მუხლის საფუძველზე, პირს მინიჭებული აქვს უფლება ჰქონდეს რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი და ასეთ შემთხვევაში, პირი არ არის შეზღუდული, რომ რამდენიმე საცხოვრებელი ადგილის არსებობის შემთხვევაში საკუთარი არჩევანით რეგისტრაცია გაიაროს ერთ-ერთი მათგანის მიხედვით და სარეგისტრაციო მონაცემებში მიუთითოს საკუთარი სურვილით არჩეული საცხოვრებელი ადგილის მისამართი.

 

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ საცხოვრებელი ადგილი უფრო ფართო მინიშვნელობისაა, რომლის კონკრეტულ სახეებს წარმოადგენს „რეგისტრაციის ადგილი“ და „მუდმივი საცხოვრებელი ადგილი“. თუ პირს შეიძლება ჰქონდეს რამოდენიმე საცხოვრებელი ადგილი, ამის საწინააღდეგოდ დროის განსაზღვრულ მონაკვეთში პირს შეიძლება მხოლოდ ერთი რეგისტრაციის ადგილი და მხოლოდ ერთი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი. ამასთან, თუ რეგისტრაციის ადგილს, პირი საკუთარი სურვილით ირჩევს, მუდმივი საცხოვრებელი ადგილის არჩევისათვის პირის ნებას თან უნდა ახლდეს ცხოვრების ფაქტი. ამდენად, მუდმივი საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტს, რომელსაც თან ახლავს პირის ნება, რომ სურ მოცემულ ადგილზე ჰქონდეს საცხოვრებელი ადგილი. ამასთან, პირის ნება, დააფუძნოს საცხოვრებელი ადგილი, უზრუნველყოფილი უნდა იყოს ამ ნების დაკმაყოფილების შესაძლებლობით ე.ი. პირს უნდა ჰქონდეს ბინა, სახლი ან სხვა საცხოვრებელი სადგომი მოცემულ ადგილზე. პირის კონკრეტულ ადგილას მუდმივად ცხოვრების ფაქტი გამოხატულია აღნიშნულ ადგილზე ჩვეულებრივი, ყოველდღიური ცხოვრებით, რაც შეიძლება დადასტურდეს მაგალითად, გადასახადის გადახდის დამადასტურებელი ქვითრით, საკომლო ჩანაწერით, მუდმივი მაცხოვრებლების აღწერის შედეგებით ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული წერილობითი დოკუმენტით, რომ პირი განსაზღვრულ ადგილად წარმოადგენს მუდმივ მაცხოვრებელს.“

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ 2018 წლის 29 მაისს მოსარჩელე ა-–---------ე ლ------ს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში ჩაუტარდა გასაუბრება და მის მიერ შეივსო შესაბამისი კითხვარი, სადაც მან მიუთითა, რომ დაიბადა 1960 წელს ქ. ჭ---------ში. საშუალო განათლება მიიღო ჭ---------ს რაიონში. 1979-84წწ. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 1984-93წწ. მუშაობდა ქ. ტ--------–-ს მაღაროში მომარაგების სამმართველოში ეკონომისტად, ხელმძღვანელის მოადგილედ და ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლად. ტ--------–ში ცხოვრობდა კარლ მ------ს ქ. N 59, სასტუმრო „ხ------––ი“. აღნიშნავს, რომ სასტუმროს ხარჯებს იხდიდნენ თვითონ ჩასული სპეციალისტები. ქ. ტ--------–- დატოვა 1993 წლის სექტემბერში მეგობრებთან ერთად. 1993 წელს დაოჯახდა ჭ---------ში. აღნიშნავს, რომ ტ--------–ში მუშაობის დროს, ჭ---------ში ცხოვრობდნენ მისი მშობლები. აფხაზეთის დატოვების შემდეგ, 1993-2006წწ. ცხოვრობდა ქ. მოსკოვში. 2006 წლიდან დღემდე ცხოვრობს ჭ---------ში ახლობლის სახლში რადგან მშობლების სახლი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გაყიდა. ძირითადად იმყოფება თბილისში სამკურნალოდ.

 

დადგენილია, რომ აღნიშნული გასაუბრების საფუძველზე, იძულებით გადაადგილებული პირის-დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე გაიცა დასკვნა. დასკვნაში აღნიშნულია, რომ ა-–---------ე ლ------ს აფხაზეთში საკუთრება არ ჰქონია, იგი მხოლოდ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების გამო იმყოფებოდა ტ--------–ში და მისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი ქ. ტ--------–- არ ყოფილა. შესაბამისად, მიჩნეული იქნა, რომ სტატუსის მაძიებელი არ აკმაყოფილებდა „იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებს, რის გამოც, ა-–---------ე ლ------სთვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭება მიზანშეწონილი არ იყო. აღნიშნული დასკვნით დასტურდება, რომ კომისიამ დაადგინა, ის გარემოება, რომ ა-–---------ე ლ------ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების გამო იმყოფებოდა ქ. ტ--------–ში.

 

მოცემულ შემთხვევაში, დევნილთა საკითხების დეპარტამენტი აღნიშნული დასკვნის მიღებისას დაეყრდნო თავად განმცხადებლის ახსნა-განმარტებას, ასევე აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ა/რ მთავრობის წარმომადგენლობის 2018 წლის 05 ივლისის N0------ ცნობას, რომლის თანახმადაც, მოქალაქე ა-–---------ე ლ------ 1984 წლიდან 1993 წლის სექტემბრამდე მუშაობდა ქ. ტ--------–ში და ცხოვრობდა კ.მ------ს ქუჩა N99- ში საკუთრების გარეშე.

 

განსახილველ საქმეზე მოსარჩელის წარმომადგენელი მიუთითებს გარემოებაზე, რომ ა-–---------ე ლ------მ 1993 წლის სექტემბერში დატოვა ტ--------–-. აფხაზეთში სწორედ 1993 წლის სექტემბერში სეპარატისტების მიერ დაირღვა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და გადავიდნენ იერიშზე - გაიხსნა ცეცხლი. შესაბამისად, ა-–---------ე ლ------ იძულებული გახდა მეგობრებთან ერთად დაეტოვებინა ტ--------–- და გალის რაიონის გავლით წამოსულიყო.

 

სასამართლომ განმარტა, რომ დევნილის სტატუსის მინიჭებისათვის მნიშვნელოვანია დადგინდეს პირის კონკრეტულ ადგილას მუდმივად ცხოვრების ფაქტი. დევნილთან მიმართებაში მუდმივი საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტს. პირის კონკრეტულ ადგილას მუდმივად ცხოვრების ფაქტი გამოხატულია აღნიშნულ ადგილზე ჩვეულებრივი, ყოველდღიური ცხოვრებით, რაც შეიძლება დასტურდებოდეს მტკიცებულებებით, რომ პირი განსაზღვრულ ადგილას წარმოადგენს მუდმივ მაცხოვრებელს. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა საქმეში წარმოდგენილ ჭ---------ს მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის 2018 წლის 06 აგვისტოს N29 ცნობაზე, რომლის თანახმად, რეზერვის უფროსი ლეიტენანტი ლ------ ა-–---------ე გ---ს ძე, დაბადებული 1960 წლის 07 ივნისს, ნამდვილად იდგა აღრიცხვაზე ჭ---------ს სამხედრო კომისარიატში. 1989 წლის 07 აგვისტოს მისი პირადი საქმე გადაიგზავნა აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკის ქალაქ ტ--------–ში, საცხოვრებელი ადგილის შეცვლასთან დაკავშირებით.

 

სასამართლომ ასევე მიუთითა 2019 წლის 01 მარტის სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოწმის სტატუსით დაკითხული პირის რ---ზ გ----------ს ( დ.თ. 20.04.1---წ; პ/ნ N6--------36) განმარტებაზე, რომლის თანახმად, ის დაიბადა ქ. სოხუმში, 2009 წლიდან დღემდე მუშაობს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსად. ა-–---------ე ლ------ს იცნობს ქ. ტ--------–-დან. 1988 წელს ის ჩავიდა ტ--------–ში, ა-–---------ე ლ------ უკვე ტ--------–ში მუშაობდა მაღაროების ტექნიკური უზრუნველყოფის უფროსის მოადგილედ. მათ სამი წელი ჰქონდათ სამსახურეობრივი ურთიერთობა 1988 წლიდან 1990 წლის ჩათვლით, შემდეგ რ---ზ გ---------- გადაიყვანეს სოხუმში სამუშაოდ. მისივე განმარტებით, ტ--------–ში არის სასტუმრო ,,-------–-“, შესაძლებელია, რომ ა-–---------ე ლ------ს სამსახურებრივად მისცეს ამ სასტუმროში ოთახი.

 

ამრიგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მოსარჩელე ა-–---------ე ლ------ს ქ. ტ--------–ში 1993 წლამდე მუდმივად ცხოვრების ფაქტი დადასტურებულია საქმეში არსებული, ზემოთ აღნიშნული მტკიცებულებების ერთობლიობით, ხოლო მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს რაიმე საწინააღმდეგო მტკიცებულება, რომელიც მითითებული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს გააქარწყლებდა არ წარმოუდგენია.

სასამართლომ მიუთითა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 16 ივლისის №287 ბრძანებაზე - „პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის, დევნილთა რეგისტრაციის და დევნილთა მონაცემთა ბაზის წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“. მითითებული ბრძანების მე-2 მუხლის მე-14 პუნქტით გათვალისწინებულია დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის საფუძვლები, კერძოდ, დევნილის სტატუსის მინიჭებაზე პირს უარი ეთქმება, თუ: ა) არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ პირი არ აკმაყოფილებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლით გათვალისწინებულ პირობებს; ბ) არსებობს განმცხადებლის მიმართ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან განჩინება, რომლის შედეგად პირს უარი ეთქვა დევნილის სტატუსის მინიჭებაზე; გ) პირს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა. განსახილველ შემთხვევაში, სახეზე არ არის დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის არცერთი ზემოთ ჩამოთვლილი საფუძველი.

 

სასამართლომ განმარტა, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევით, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას. ამავე კოდექსის 33-ე მუხლი ადგენს, რომ თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

 

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ა-–---------ე ლ------ს სარჩელი საფუძვლიანია, ადგილი აქვს ”საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ” საქართველოს კანონის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება არ შეესაბამება მათი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან, რის გამოც ბათილად უნდა იქნას ცნობილი „იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2018 წლის 09 ივლისის №1--- ბრძანება და მოპასუხე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უნდა დაევალოს გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ა-–---------ე ლ------სათვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭების შესახებ.

 

2. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

 

აპელანტი არ ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს და აღნიშნავს, რომ სამინისტრომ შეისწავლა და გამოიკვლია ყველა გარემოება, რომელსაც მნიშვნელობა ჰქონდა მოსარჩელის საკითხის გადაწყვეტისას. ჩატარდა კანონით გათვალისწინებული ყველა პროცედურა, რაც გათვალისწინებულია დევნილის სტატუსის მაძიებელ პირთათვის. ამასთან, მოსარჩელეს მიეცა შესაძლებლობა ადმინისტრაციული წარმოებისას წარედგინა თავისი მოსაზრება. აპელანტს მიაჩნია, რომ სასამართლომ ამ შემთხვევაში არასწორად განმარტა კანონი და არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა. გაუგებარია სასამართლოს განმარტება თითქოსდა სამინისტრომ აქტი გამოსცა საქმის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებებისა და შეფასების გარეშე, მაშინ, როდესაც სამინისტრომ შეისწავლა მოსარჩელის საკითხი, იმსჯელა საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებზე და შეჯერების შემდეგ მივიდა გადაწყვეტილებამდე.

 

გასაჩივრებულ აქტს საფუძვლად დაედო დევნილთა საკითხების დეპარტამენტის N 01----------0 06/07/2018 მოხსენებითი ბარათით წარმოდგენილი დასკვნა დევნილის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით.

 

ადმინისტრაციული წარმოების პროცესში მოპოვებული მტკიცებულებების, გამოკვლეული გარემოებების და ფაქტების შესწავლის, ანალიზის, ურთიერთშეჯერების და შეფასების შედეგად, აპელანტს მიაჩნია, რომ მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს რიგი გარემოებების გამო.

 

„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის დანაწესის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირად – დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება. აღნიშნული ნორმა იმპერატიულად ადგენს, რომ პირს დევნილის სტატუსი ეკუთვნის მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი, კანონში მითითებული გარემოებების გამო, იძულებული გახდა დაეტოვებინა მისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი. ამავე კანონით განმარტებულია მუდმივი საცხოვრებლის დეფინიცია, კერძოდ, დევნილის მუდმივი საცხოვრებელი ადგილი – საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე პირის, მისი დევნილი მშობლის (მშობლების) ან მისი პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავის მიერ საცხოვრებლად არჩეული ადგილი, საიდანაც იგი, მისი მშობელი (მშობლები) ან მისი პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავი იძულებული გახდა გადაადგილებულიყო და სადაც მას არ შეუძლია დაბრუნება ამ კანონის პირველი მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მიზეზების გამო.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, დევნილის სტატუსის მისანიჭებლად უდიდესი და გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს პირის მუდმივ საცხოვრებელ ადგილს, ანუ მას იძულების წესით დატოვებული უნდა ჰქონდეს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი. მუდმივი საცხოვრებელი ადგილი უნდა განიმარტოს იმდაგვარად, რომ ეს არის ძირითადი საცხოვრებელი ადგილი, ანუ პირის ძირითადი, უმთავრესი ადგილსამყოფელი. პირის მუდმივი საცხოვრებლის არსიდან გამომდინარეობს, რომ პირი იქ არა დროებით, არამედ მუდმივად უნდა იმყოფებოდეს. ხსენებულ საცხოვრებელთან უნდა იყოს დაკავშირებული ყოველდღიური ყოფით, შრომითი საქმიანობით ან სხვაგვარი ურთიერთობით, რომლის გამოც, მას ამ ადგილზე უფრო ხშირად უწევს ყოფნა, ვიდრე სხვა ადგილზე, სადაც ასევე შეიძლება ჰქონდეს სხვა საცხოვრებელიც. როგორც ვხედავთ მუდმივი საცხოვრებლის განსაზღვრისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტს. ადმინისტრაციული წარმოების პროცესში, ა-–---------ე ლ------ს ჩაუტარდა გასაუბრება და შეივსო გასაუბრების კითხვარი.

 

გასაუბრების დროს ა-–---------ე ლ------მ აღნიშნა, რომ დაიბადა 1960 წელს ქ. ჭ---------ში. საშუალო განათლება მიიღო ჭ---------ს რაიონში. 1979-84წწ. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 1984-93წწ. მუშაობდა ქ. ტ--------–-ს მაღაროში მომარაგების სამმართველოში ეკონომისტად, ხელმძღვანელის მოადგილედ და ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლად. ტ--------–ში ცხოვრობდა კარლ მ------ს ქ. N 59, სასტუმრო ,,ხ------––ი“. აღნიშნავს, რომ სასტუმროს ხარჯებს იხდიდნენ თვითონ ჩასული სპეციალისტები. ქ. ტ--------–- დატოვა 1993 წლის სექტემბერში მეგობრებთან ერთად. 1993 წელს დაოჯახდა ჭ---------ში. აღნიშნავს, რომ 1984-93წწ. ცხოვრობდა ქ. ტ--------–ში. მისი აფხაზეთში ცხოვრების დროს მისი მშობლები ცხოვრობდნენ ჭ---------ში. აფხაზეთის დატოვების შემდეგ, 1993-2006წწ. ცხოვრობდა ქ. მოსკოვში. 2006 წლიდან დღემდე ცხოვრობს ჭ---------ში ახლობლის სახლში რადგან მშობლების სახლი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გაყიდა. ძირითადად იმყოფება თბილისში სამკურნალოდ.

 

განცხადებაზე თანდართულია აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ა/რ მთავრობის წარმომადგენლობის 05.07. 2018წ. N 0------ ცნობა. ცნობაში აღნიშნულია, რომ ა-–---------ე ლ------ პ/ნ 5---------6 1984 წლიდან 1993 წლის სექტემბრამდე მუშაობდა ქ. ტ--------–ში და ცხოვრობდა კ. მ------ს ქ. N 99-ში საკუთრების გარეშე.

 

ზემოაღნიშნული დოკუმენტაციის შეფასების და გარემოებების გათვალისწინებით აპელანტს მიაჩნია, ვინაიდან ა-–---------ე ლ------ს აფხაზეთში საკუთრება არ ჰქონია, იგი მხოლოდ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების გამო იმყოფებოდა ქ. ტ--------–ში და მისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი ქ. ტ--------–- არ ყოფილა.

 

შესაბამისად აპელანტს მიაჩნია, რომ მასთან მიმართებაში არ დასტურდება „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარემოებების არსებობა და ა-–---------ე ლ------სთვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭება მიზანშეწონილი არ არის.

 

აპელანტის მითითებით, სამინისტრომ თავისი კომპეტენციის ფარგლებში მოიკვლია საქმის გარემოებები და გადაწყვეტილება მიიღო მხოლოდ მას შემდეგ, რაც დაადგინა განმცხადებლის ფაქტიური საცხოვრებელი ადგილი და მისი დატოვების მიზეზები. ხოლო ფაქტიური საცხოვრებელი ადგილის დატოვების მიზეზი არ ყოფილა კანონით გათვალისწინებული გარემოებები.

 

აპელანტი აღნიშნავს, რომ იმ შემთხვევაში თუ სამინისტრო უგულებელყოფდა ხსენებული კანონის მოთხოვნებს და დევნილის სტატუსს მიანიჭებდა პირს, რომელსაც იგი არ ეკუთვნის, სამინისტროს მხრიდან იქნება კანონსაწინააღმდეგო ქმედება, რაც გამოიწვევს რიგ სამართლებრივ შედეგებს, რადგან დევნილის სტატუსი განსაზღვრავს დევნილის სამართლებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ გარანტიებს, ხოლო სოციალური დაცვა გულისხმობს დევნილის სტატუსის მატარებლისათვის ისეთი მატერიალური სარგებლის მოტანას, როგორიცაა დევნილის შემწეობა − დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ყოველთვიური გასაცემელი და საცხოვრებლით უზრუნველყოფა (გრძელვადიანი განსახლების პროგრამის ფარგლებში სახელმწიფოს მიერ საცხოვრებლის საკუთრებაში გადაცემა) რაც საკმაოდ დიდ ფინანსებთანააა დაკავშირებული. ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება.

 

ამდენად, აპელანტს მიაჩნია, რომ სამინისტროს მიერ გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი კანონიერია და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.

 

3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

სააპელაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, შეამოწმა გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

3.1. ფაქტობრივი დასაბუთება

 

სააპელაციო სასამართლო სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც იზიარებს სააპელაციო პალატაც.

 

3.2. სამართლებრივი დასაბუთება

 

პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა სადავო საკითხი, სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად შეაფასა საქმესთან დაკავშირებული ყველა ფაქტობრივი გარემოება; თავის მხრივ, აპელანტმა თავის სააპელაციო საჩივარში ვერ გააქარწყლა პირველი ინსტანციის სასამართლოს სამართლებრივი დასკვნები, ვერ მიუთითა და ვერ წარმოადგინა ისეთი არგუმენტები, რომლებზე დაყრდნობითაც შესაძლებელი იქნებოდა საქმეზე დადგენილი ფაქტების სხვაგვარი სამართლებრივი შეფასება.

 

განსახილველი დავის საგანს წარმოადგენს, რამდენად კანონიერად ეთქვა უარი მოსარჩელეს დევნილის სტატუსის მინიჭებაზე.

 

დევნილის სამართლებრივ სტატუსს, პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საფუძვლებსა და წესს, დევნილის სამართლებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ გარანტიებს, მის უფლებებსა და მოვალეობებს განსაზღვრავს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონი.

 

აღნიშნული კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირად – დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება.

 

სააპელაციო სასამართლო, ზემოაღნიშნული ნორმის საფუძველზე განმარტავს, რომ დევნილის სტატუსის მისანიჭებლად პირი უნდა აკმაყოფილებდეს კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. მათ შორის, მას კონკრეტული საფუძვლით - უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხის შექმნის მიზეზით დატოვებული უნდა ჰქონდეს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი და აღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელი უნდა იყოს მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება. შესაბამისად, დევნილის სტატუსის მისანიჭებლად, აუცილებლად უნდა განისაზღვროს პირის მუდმივი საცხოვრებელი ადგილი, რასაც უკავშირდება ტერიტორიის დატოვებისა და უკან დაბრუნების შეუძლებლობის გამომწვევი საფუძვლების დადგენაც.

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, დევნილის მუდმივი საცხოვრებელი ადგილი, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით განმარტებულია, როგორც დევნილის, მისი დევნილი მშობლის (მშობლების) ან პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავის მიერ საცხოვრებლად არჩეული ადგილი, საიდანაც იგი, მისი ერთ-ერთი ან ორივე მშობელი ან პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავი იძულებული გახდა გადაადგილებულიყო და სადაც მას არ შეუძლია დაბრუნება ამ კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მიზეზის გამო.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-20 მუხლის შესაბამისად, ფიზიკური პირის საცხოვრებელ ადგილად მიიჩნევა ადგილი, რომელსაც იგი ჩვეულებრივ საცხოვრებლად ირჩევს. პირს შეიძლება ჰქონდეს რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი. ცხადია, რომ, რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი ნიშნავს შესაძლებლობას, პირს ჰქონდეს ამ საცხოვრებელ ადგილებთან დაკავშირებული უფლებები და მოვალეობები.

 

სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ დევნილის სტატუსის მინიჭების მიზნებისათვის მუდმივი საცხოვრებელი ადგილი არის პირის მიერ საცხოვრებლად არჩეული ადგილი, საიდანაც იგი იძულებული გახდა გადაადგილებულიყო და არ შეუძლია დაბრუნება კანონით გათვალისწინებული რომელიმე მიზეზების არსებობის გამო. პირი რამდენიმე საცხოვრებელი ადგილიდან თავად ირჩევს ძირითად, უმთავრეს საცხოვრებელ ადგილს, რომელიც მიიჩნევა მის მუდმივ საცხოვრებელ ადგილად. მუდმივი საცხოვრებელი ადგილის არჩევისათვის პირის ნებას თან უნდა ახლდეს ცხოვრების ფაქტი.

მხარეთა მიერ სადავო არ არის გარემოება და დადგენილია, რომ ა-–---------ე ლ------მ 1993 წლის სექტემბერში დატოვა ტ--------–-. აფხაზეთში სწორედ 1993 წლის სექტემბერში სეპარატისტების მიერ დაირღვა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და გადავიდნენ იერიშზე - გაიხსნა ცეცხლი. შესაბამისად, ა-–---------ე ლ------ იძულებული გახდა ტ--------–- და გალის რაიონის გავლით წამოსულიყო.

 

დადგენილია, რომ 2018 წლის 29 მაისს მოსარჩელე ა-–---------ე ლ------ს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში ჩაუტარდა გასაუბრება და მის მიერ შეივსო შესაბამისი კითხვარი, სადაც მან მიუთითა, რომ დაიბადა 1960 წელს ქ. ჭ---------ში. საშუალო განათლება მიიღო ჭ---------ს რაიონში. 1979-84წწ. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 1984-93წწ. მუშაობდა ქ. ტ--------–-ს მაღაროში მომარაგების სამმართველოში ეკონომისტად, ხელმძღვანელის მოადგილედ და ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლად. ტ--------–ში ცხოვრობდა კარლ მ------ს ქ. N 59, სასტუმრო „ხ------––ი“. აღნიშნავს, რომ სასტუმროს ხარჯებს იხდიდნენ თვითონ ჩასული სპეციალისტები. ქ. ტ--------–- დატოვა 1993 წლის სექტემბერში მეგობრებთან ერთად. 1993 წელს დაოჯახდა ჭ---------ში. აღნიშნავს, რომ ტ--------–ში მუშაობის დროს, ჭ---------ში ცხოვრობდნენ მისი მშობლები. აფხაზეთის დატოვების შემდეგ, 1993-2006წწ. ცხოვრობდა ქ. მოსკოვში. 2006 წლიდან დღემდე ცხოვრობს ჭ---------ში ახლობლის სახლში რადგან მშობლების სახლი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გაყიდა. ძირითადად იმყოფება თბილისში სამკურნალოდ.

 

გასაუბრების საფუძველზე, იძულებით გადაადგილებული პირის-დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე გაცემულ დასკვნაში აღნიშნულია, რომ ა-–---------ე ლ------ს აფხაზეთში საკუთრება არ ჰქონია, იგი მხოლოდ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების გამო იმყოფებოდა ტ--------–ში და მისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი ქ. ტ--------–- არ ყოფილა. შესაბამისად, მიჩნეული იქნა, რომ სტატუსის მაძიებელი არ აკმაყოფილებდა „იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებს, რის გამოც, ა-–---------ე ლ------სთვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭება მიზანშეწონილი არ იყო. დევნილთა საკითხების დეპარტამენტი აღნიშნული დასკვნის მიღებისას დაეყრდნო თავად განმცხადებლის ახსნა-განმარტებას, ასევე აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ა/რ მთავრობის წარმომადგენლობის 2018 წლის 05 ივლისის N0------ ცნობას, რომლის თანახმადაც, ა-–---------ე ლ------ 1984 წლიდან 1993 წლის სექტემბრამდე მუშაობდა ქ. ტ--------–ში და ცხოვრობდა კ.მ------ს ქუჩა N99- ში საკუთრების გარეშე.

 

სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ ასევე სწორად გაამახვილა ყურადღება საქმეში წარმოდგენილ ჭ---------ს მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის 2018 წლის 06 აგვისტოს N29 ცნობაზე, რომლის თანახმად, რეზერვის უფროსი ლეიტენანტი ლ------ ა-–---------ე გ---ს ძე, დაბადებული 1960 წლის 07 ივნისს, ნამდვილად იდგა აღრიცხვაზე ჭ---------ს სამხედრო კომისარიატში. 1989 წლის 07 აგვისტოს მისი პირადი საქმე გადაიგზავნა აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკის ქალაქ ტ--------–ში, საცხოვრებელი ადგილის შეცვლასთან დაკავშირებით, რითაც დასტურდება, რომ ა-–---------ე ლ------ს მუდმივ საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენდა ქ. ტ--------– და ცხოვრობდა კ.მ------ს ქუჩა N99.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ ასევე სწორად მიუთითა საასამართლო სხდომაზე დაკითხული პირის რ---ზ გ----------ს განმარტებაზე, რომელმაც განმარტა, რომ ა-–---------ე ლ------ს იცნობს ტ--------–-დან. 1988 წელს ის ჩავიდა ტ--------–ში, სადაც ა-–---------ე ლ------ უკვე მუშაობდა მაღაროების ტექნიკური უზრუნველყოფის უფროსის მოადგილედ. მან ასევე მიუთითა, რომ ტ--------–ში არის სასტუმრო ,,-------–-“ და შესაძლებელია ა-–---------ე ლ------ს ამ სასატუმროში მისცეს სასტუმრო ოთახი.

 

სააპელაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს აპელანტის განმარტებას, რომ ვინაიდან ა-–---------ე ლ------ს აფხაზეთში საკუთრება არ ჰქონია, იგი მხოლოდ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების გამო იმყოფებოდა ქ. ტ--------–ში და მისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი ქ. ტ--------–- არ ყოფილა.

 

განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ანალიზის, ურთიერთშეპირისპირებისა და შესწავლის შედეგად სააპელაციო პალატას მიაჩნია, ის გარემოება, რომ მოსარჩელეს აფხაზეთში საკუთრება არ ჰქონია, გავლენას ვერ მოახდენს ა-–---------ე ლ------ს ქ. ტ--------–ში მუდმივად ცხოვრების ფაქტზე, რაც დადასტურებულია საქმეში არსებული მტკიცებულებებით.

 

პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლო სწორად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მოსარჩელე ა-–---------ე ლ------ს ქ. ტ--------–ში 1993 წლამდე მუდმივად ცხოვრების ფაქტი დადასტურებულია საქმეში არსებული ტკიცებულებების ერთობლიობით, ხოლო მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს რაიმე საწინააღმდეგო მტკიცებულება, რომელიც მითითებული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს გააქარწყლებდა არ წარმოუდგენია.

 

სააპელაციო პალატა მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ. ხოლო ამავე კოდექსის 33-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდესის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

 

შესაბამისად, სააპელაციო პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად ჩათვალა, რომ ა-–---------ე ლ------ს სარჩელი საფუძვლიანია, რის გამოც ბათილად ცნო ,,იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ" საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2018 წლის 9 ივლისის N1--- ბრძანება და მოპასუხეს დაავალა ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ა-–---------ე ლ------სათვის იძულებით გადაადგილებული პირის- დევნილის სტატუსის მინიჭების შესახებ.

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

გარემოებების ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ჰქმნიან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას. პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად გადაწყვიტა სადავო საკითხი, რის გამოც, არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები.

 

5. საპროცესო ხარჯები

 

აპელანტი ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,უ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-12, 22-24-ე მუხლებით,საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე- 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. ძალაში დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 7 მარტის გადაწყვეტილება;

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №6) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან. განჩინების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.

 

მოსამართლე გია ბერაია