განაჩენი

სისხლის სამართლის 30.01.2020
საქმის ნომერი
080100119002905536
ინსტანცია
თარიღი
30.01.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 080100119002905536

№1/ბ-820-2019 წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

30 იანვარი, 2020 წელი ქ. ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის

სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე თეიმურაზ სვანიძე

სხდომის მდივანი - მარინა მაკარიძე

პროკურორის - გ------ი გ----------ის

ადვოკატის - გ---–ა მ----ის

გამართლებულის - გ---–ა მ----ის მონაწილეობით

ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე გ---–ა ზ------ის ძე მ----ის მიმართ, დაბადებული:19.07.1971 წელი, პირადი №0----------, საქართველოს მოქალაქე, განქორწინებული, საშუალო განათლების მქონე, ნასამართლობის არ მქონე, მცხოვრები: ბაღდათის რაიონი, სოფელი ფ-------ი.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ნ ა წ ი ლ ი:

ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, გ---–ა მ----ეს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (2 ეპიზოდი), რაც გამოიხატა შემდეგში:

- 2019 წლის 02 თებერვალს დაახლოებით 2000 საათზე ბაღდათის რაიონის სოფელ ფ-------ში მდებარე სახლში, გ---–ა მ----ემ იძალადა დედაზე ნ-----–ი მ----ეზე (ზურგში დაარტყა ხელი). დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

- 2019 წლის 02 თებერვალს დაახლოებით 2015 საათზე ბაღდათის რაიონის სოფელ ფ-------ში მდებარე სახლში, გ---–ა მ----ემ იძალადა ძმაზე გ--------ი მ----ეზე. დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 21 ოქტომბრის განაჩენთ გ---–ა მ----ე უდანაშაულოდ იქნა ცნობილი და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2 ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში.

სააპელაციო საჩივრის არსი:

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 21 ოქტომბრის განაჩენი სააპელაციო საჩივრით გასაჩივრებულ იქნა ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორის გ------ი გ----------ის მიერ, რომელმაც გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და გ---–ა მ----ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2 ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში დამნაშავედ ცნობა მოითხოვა.

დაცვის მხარეს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი, არ წარმოუდგენია.

სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:

– აპელანტს, პროკურორ გ------ი გ----------ეს, რომელმაც მხარი დაუჭირა თავის სააპელაციო საჩივარს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვა.

– მოწინააღმდეგე მხარეს, გამართლებულ გ---–ა მ----ეს და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატს - ა---------– ბ----------ეს, რომლებმაც მხარი არ დაუჭირეს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარს და განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვეს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:

ბრალდებულის ახლო ნათესავებმა ბრალდებულ გ---–ა მ----ის დედამ - დაზარალებულმა ნ-----–ი მ----ემ; ბრალდებულის ძმამ, დაზარალებულმა - გ--------ი მ----ემ და მოწმე ლ---ა მ----ემ - ბრალდებულის შვილმა ისარგებლეს მისთვის კანონით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადეს ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.

გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათის (ფორმა N1) თანახმად, 2019 წლის 03 თებერვალს, დაიწყო გამოძიება გ---–ა მ----ის მიერ განხორციელებული ოჯახური ძალადობის ფაქტზე.

სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნით დადგენილია, რომ 03.02.19წ. ჩატარებული პირადი შემოწმებისას მოქ. გ--------ი მ----ეს სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანებები სისხლნაჟღენთებისა და ნაჭდევის სახით. დაზიანებები განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად, ცალ-ცალკე და ერთად აღებულნი მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს.

ექსპერტმა შ----ა თ------ემ დაადასტურა დასკვნის სისწორე.

 

მოწმის სახით დაკითხული მ----- მ–---–----ის ჩვენებით დადგენილია, რომ ბაღდათის რაიონულ სამმართველოში 2019 წლის 03 თებერვალს შემოვიდა შეტყობინება ოჯახური ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით, რომ გ---–ა მ----ე ძალადობას ახორციელებდა მისი ოჯახის წევრებზე. შემთხვევის ადგილზე გავიდა ოპერატიული ჯგუფი, სადაც მოხდა გ---–ა მ----ის დაკავება, რის შემდეგაც ის ექსპერტ-კრიმინალისტებთან ერთად გავიდა და მოახდინა შემთხვევის ადგილის დათვალიერება. ლ---ა მ----ემ, რომელიც მონაწილეობას იღებდა შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში, მიუთითა მათ კონკრეტულად ის ადგილები, სადაც გ---–ა მ----ემ განახორციელა ძალადობა, „მაგთი ფიქსის“ ტელეფონი გატეხა და მის ძმასთან - გ--------ი მ----ესთან მოუვიდა კონფლიქტი. ექსპერტ-კრიმინალისტების მიერ ამოღებული იქნა „მაგთი ფიქსის“ ტელეფონი გატეხილ მდგომარეობაში. ლ---ა მ----ის გამოკითხვის შემდეგ დამატებით ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი, რა დროსაც მოხდა მწვანილის საჭრელი დაფის ამოღება, გატეხილ მდგომარეობაში. მ----- მ–---–----ის მიერ გამოკითხული იქნა ასევე ლ---ა მ----ე და გ---–ა მ----ის ძმა - გ--------ი მ----ე. მან წაუყენა ასევე გ---–ა მ----ეს ბრალი, რომელმაც აღიარა მის მიერ ჩადენილი დანაშაული. მოწმის განმარტებით, ლ---ა მ----ემ გამოკითხვისას მიუთითა, რომ, როდესაც ისინი სასტუმრო ოთახში იმყოფებოდნენ, მამამ ძალადობა განახორციელა ჯერ ბებიაზე, რომელიც იყო შეშის ღუმელთან დამჯდარი. ხელი ჩაარტყა ზურგის არეში და ამის შემდეგ გავიდა სამზარეულო ოთახში ნ-----–ი მ----ე და თვითონ ლ---ა მ----ე. სამზარეულოში ასევე გავიდა ნასვამ მდგომარეობაში მყოფი გ---–ა მ----ე, რომელიც ისვე ჩხუბობდა და ილანძღებოდა, რა დროსაც ლ---ა მ----ე იქნევდა მწვანილის დასაჭრელ დაფას, რომელიც სწორედ ამ დროს გატყდა. ხმაურზე გამოვიდა გ--------ი მ----ე, რომელსაც სურდა, რომ დაეწყნარებინა მისი ძმა, რა დროსაც გაბრაზებულმა გ---–ა მ----ემ მას ხელი ჰკრა და ამ დროს გ--------ი მ----ემ კედელს მიარტყა თავი და მიიღო დაზიანება.

მოწმის სახით დაკითხული ლ---ი ჭ--------იას ჩვენებით დადგენილია, რომ 2019 წლის 3 თებერვალს, დილის საათებში ბაღდათის რაიონულ სამმართველოში შემოვიდა შეტყობინება ოჯახური ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით. მეწყვილე მ----- გ-----–--ესთან ერთად გამოცხადდა შემთხვევის ადგილზე, გ---–ა მ----ის საცხოვრებელ სახლში, სადაც მათ დახვდათ გ---–ა მ----ის შვილი და დედა. გ---–ა მ----ე იყო ნასვამ მდგომარეობაში და იყო აგრესიული. მაგრამ მათ მიმართ არანაირი წინააღმდეგობა არ გაუწევია. გ---–ა მ----ის შვილმა განაცხადა, რომ მამამისი არის ნასვამ მდგომარეობაში, წინა საღამოს დედამისისთვის მიუყენებია სიტყვიერი შეურაცხყოფა და კისრის არეში დაურტყამს ხელი. ამ ფაქტს შესწრებია გ---–ა მ----ის ძმა, რომელსაც უცდია გაშველება, რა დროსაც გ---–ა მ----ემ მის ძმას უჯიკა ხელი, რომელსაც თავი მიურტყამს კედლისთვის და წამოსვლია სისხლი. ლ---ი ჭ--------იამ ადგილზევე შეავსო ბრალდებულის დაკავების ოქმი, მანვე განუმარტა გ---–ა მ----ეს ბრალდებულის უფლება-მოვალეობები. დაკავება მოხდა გ---–ა მ----ის საცხოვრებელ სახლში, რა დროსაც მას წინააღმდეგობა არ გაუწევია და იგი გადაყვანილი იქნა ბაღდათის რაიონულ განყოფილებაში. მათ ადგილზე გამოცხადების დროს გ---–ა მ----ის ძმა - გ--------ი მ----ე არ იმყოფებოდა შემთხვევის ადგილზე. მას სხვა რაიმე საგამოძიებო მოქმედება არ ჩაუტარებია.

სააპელაციო პალატას გ---–ა მ----ის მიერ ოჯახურ ძალადობის განხორციელების ფაქტებთან დაკავშირებით მიაჩნია, რომ საქმეში არ მოიპოვება არანაირი პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მის მიმართ წარდგენილ ბრალდებას.

პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება ჩადენილად ითვლება იმ შემთხვევაში თუ პირის მხრიდან ადგილი აქვს ოჯახში ძალადობას, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობას, სისტემატიურ შეურაცხყოფას, შანტაჟს ან დამცირებას, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, მისივე ოჯახის წევრის მიმართ.

მოცემულ კონკრეტულ სამართლებრივ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს აზრით გ---–ა მ----ის მიერ, დედის - ნ-----–ი მ----ის და ძმის - გ--------ი მ----ის მიმართ, ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების დასადასტურებლად საქმეში არსებული მტკიცებულებები ვერ ჩაითვლება საკმარის მტკიცებულებებად, ვინაიდან დაუდგენელია ამ ქმედებების შედეგად დაზარალებულებმა განიცადეს თუ არა ფიზიკური ტკივილი და ან ტანჯვა, ვინაიდან დაზარალებულებმა არ მისცეს ოჯახის წევრის - შვილის და ძმის წინააღმდეგ მამხილებელი ჩვენება.

მართალია საქმეში არსებობს შეტყობინების ოქმი და ექსპერტიზის დასკვნა, თუმცა ეს მტკიცებულებები ვერ ადასტურებენ წარდგენილ ბრალს და წარმოადგენენ მხოლოდ ვარაუდს, რაც არ შეიძლება საფუძვლად დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს.

პალატა განმარტავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი მინიმუმ ორი პირდაპირი მტკიცებულების არსებობას გულისხმობს, რომელიც ნეიტრალურ პირს დაარწმუნებს ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში. ამასთან მტკიცებულებათა დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულების მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებს და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.

ეს მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს დანაშაულებრივი ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ. მტკიცებულებების ამგვარი ტესტით შეფასების შემდეგ არის შესაძლებელი, სამართლებრივი კვალიფიკაცია მიეცეს პირის ქმედებას და დაეკისროს პასუხისმგებლობა. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი უნდა გამორიცხავდეს ეჭვებისა და ვარაუდების საფუძველზე პირისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას.

რაც შეეხება კონკრეტულად პოლიციის თანამშრომლების: მ----- მ–---–----ის და ლ---ი ჭ--------იას ჩვენებებს, ისინი განმარტავენ დაზარალებულთა ნ-----–ი მ----ის და გ--------ი მ----ის მონათხრობს, გ---–ა მ----ის მხრიდან მათ მიმართ ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით, ხოლო სასამართლო სხდომაზე დაზარალებულებმა - ნ-----–ი მ----ემ და გ--------ი მ----ემ ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადეს. შესაბამისად, აღნიშნულ მოწმეთა ჩვენებები ეხება და იმეორებს სხვის მონაყოლს. ამდენად, ყველა ეს ჩვენება თავისი შინაარსიდან გამომდინარე არის ირიბი. ირიბია ჩვენება, თუ ის ეფუძნება მეორად წყაროს და თავად მოწმე არ არის გარკვეული ფაქტის შემსწრე ან პირველადი წყარო. აღნიშნულ მოწმეებს საკუთარი თვალით არ დაუნახავათ ან სხვაგვარად არ აღუქვიათ (არ მოუსმენიათ) გ---–ა მ----ის მიერ განხორციელებული ქმედების თაობაზე. ამასთან, სასამართლო განმარტავს, რომ გამომძიებელთა ჩვენებების გარდა, საქმეში არ მოიპოვება სხვა მოწმის ჩვენება, რომლის მიერ სასამართლოსათვის მიცემული ინფორმაცია იქნებოდა ღირებული. ამასთან დაკავშირებით სასამართლო იშველიებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკას, რომლის თანახმადაც, პოლიციის თანამშრომლების ჩვენებებს მცირე მტკიცებითი ძალა აქვს, თუ ისინი არ არის გამყარებული სხვა მტკიცებულებით (ოჩელკოვი რუსეთის წინააღმდეგ (Ochelkov v. Russia), განაცხადი no. 17828/05, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2013 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილების პუნქტი 90).

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, „ირიბია მოწმის ის ჩვენება, რომელიც ეფუძნება სხვა პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას“. ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, „სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის დროს ირიბი ჩვენება დასაშვები მტკიცებულებაა, თუ ის დასტურდება სხვა ისეთი მტკიცებულებით რომელიც არ არის ირიბი ჩვენება“. ირიბი ჩვენება ეყრდნობა სხვა წყაროდან მოპოვებულ, როგორც წესი, მოდიფიცირებულ ინფორმაციას. ირიბი ჩვენებით დადგენილ ფაქტსა და ინფორმაციის წყაროს შორის არსებობს შუალედური რგოლი. რაც უფრო მეტი შუალედური რგოლი არსებობს წყაროსა და ჩვენების მიმცემ მოწმეს შორის, მით უფრო ნაკლებია მის მიერ მიცემული ჩვენების სარწმუნოობის ხარისხი და მტკიცებულებითი წონა.

გარდა ამისა, სასამართლო ირიბ ჩვენებასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი: ა) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს ამავე კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული მტკიცებულების -ირიბი ჩვენების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას; ბ) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 169-ე მუხლის პირველი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს ამავე კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული მტკიცებულების - ირიბი ჩვენების საფუძველზე პირის ბრალდებულად ცნობის შესაძლებლობას.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ირიბ ჩვენებას დასაშვებად თვლის, თუმცა, პრაქტიკის მიხედვით, არ შეიძლება განაჩენი დაეფუძნოს მხოლოდ ირიბ ჩვენებას. კერძოდ, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი და მე-3 პუნქტები შეიცავენ პრეზუმფციას სისხლის სამართალწარმოებაში ბრალდებულის მიმართ მხოლოდ ირიბი ჩვენების აკრძალვის თაობაზე. აღსანიშნავია, რომ ასეთი მტკიცებულების ამორიცხვა გამართლებულია მაშინაც, როდესაც ეს მტკიცებულება ეხმარება დაცვის მხარეს.

საყურადღებოა, რომ ამ მხრივ სტრასბურგის სასამართლომ შემდეგი მინიმალური სტანდარტი ჩამოაყალიბა. იმისთვის, რათა ირიბი ჩვენების გამოყენებამ არ გამოიწვიოს კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევა, შემდეგი ორი პირობა უნდა იქნეს დაცული: უნდა არსებობდეს მოწმის სასამართლოში არგამოცხადების მნიშვნელოვანი მიზეზი ან/და ირიბი ჩვენება არ უნდა წარმოადგენდეს განაჩენის არსებით ან ერთადერთ საფუძველს (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2011 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე “Al-Khawaja and Tahery v. The United Kingdom“, საჩივრები: N26766/05 და N22228/06 და გადაწყვეტილება საქმეზე „Horncastle and Others v. The United Kingdom“ საჩივარი: N4184/10). თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში სასამართლო აღნიშნული წესიდან გამონაკლისის დაშვების შესაძლებლობასაც არ გამორიცხავს, თუ ნეგატიური ფაქტორები, რომლებიც ირიბი ჩვენების გამოყენების შედეგად დაცვის მხარისთვის წარმოიშვება, სათანადოდ არის დაბალანსებული (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2011 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე“Al-Khawaja and Tahery v. the United Kingdom“,საჩივრები: N26766/05 და N22228/06).

შესაბამისად, სასამართლო უთითებს, რომ მოცემული სისხლის სამართლის საქმის განხილვისას არ გამოვლენილა არც ერთი მტკიცებულება, რომელიც პირდაპირ მიუთითებდა გ---–ა მ----ის მიერ მისთვის ბრალად წაყენებული ქმედების ჩადენას და წარმოდგენილი იქნა მხოლოდ ირიბი ჩვენებები და სხვა არაპირდაპირი მტკიცებულებები, რომლებითაც არ დასტურდება ძალადობის ფაქტი.

საქართველოს კონსტიტუციის მე-31 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, გონივრულ ეჭვს მიღმა ეს არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ,,არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი“.

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს. სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 11 ოქტომბრის განაჩენი კანონიერია და უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული, ხოლო ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლით, 298-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორის გ------ი გ----------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 11 ოქტომბრის განაჩენი გ---–ა მ----ის მიმართ დარჩეს უცვლელად.

გ---–ა მ----ე უდანაშაულოდ იქნეს ცნობილი და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2 ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში.

გ---–ა მ----ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია, ხოლო ბრალდებულის სასარგებლოდ გირაოს შემტან პირს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი უძრავი ქონება და მოეხსნას ყადაღა ნ-----–ი მ----ის (პ/ნ 0----------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მდებარეს ბაღდათის რაიონის სოფელ ფ-------ში 116 კვ. მეტრის საცხოვრებელ სახლს (საკადასტრო კოდი: 3-----------).

გამართლებულ გ---–ა მ----ეს განემარტოს მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ უფლების თაობაზე.

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნივთმტკიცებად ცნობილი: შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული „მაგთი ფიქსის“ ტელეფონი, რომელიც ინახება ბაღდათის რაიონულ სამმართველოში, დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს.

შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული სისხლისმაგვარი ლაქა, რომელიც ინახება ბაღდათის რაიონულ სამმართველოში, განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ამოღებული ხის დაფა, რომელიც ინახება ბაღდათის რაიონულ სამმართველოში, დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს.

CD-R დისკი, რომელზეც ჩაწერილია შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტოსურათები, რომელიც ერთვის საქმეს, დარჩეს მასში და შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№6), გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე თეიმურაზ სვანიძე