განაჩენი

სისხლის სამართლის 12.02.2020
საქმის ნომერი
190100119003296141
ინსტანცია
თარიღი
12.02.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 190100119003296141

საქმე №1ბ/169-20

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

18 თებერვალი, 2020 წელი ქ. თბილისი

 

მოსამართლე: მაია თეთრაული

 

სხდომის სახე: ზეპირი მოსმენის გარეშე

 

მსჯავრდებული: კ------------- მ-------–---–ი (პირადი ნომერი: №1----------), დაბადებული 1----–-–---------------–-, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: გარდაბნის მუნიციპალიტეტი, ს------–--------------.

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით.

სასჯელი: თავისუფლების აღკვეთა 2(ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალა პირობითად, 2(ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

მხარეთა პოზიცია:

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 11 დეკემბრის განაჩენი, სააპელაციო წესით გაასაჩივრა რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა თინათინ სტურუამ და ითხოვა მსჯავრდებულისათვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნა, პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით.

 

სასამართლომ დაადგინა:

 

2019 წლის 19 ოქტომბერს, დაახლოებით 17:40 საათზე, გარდაბნის რაიონის სოფელ გამარჯვებაში შესაძლო დანაშაულის შესახებ შეტყობინების საფუძველზე გამოცხადდნენ შსს გარდაბნის რაიონული სამმართველოს გაჩიანის განყოფილების თანამშრომელები, თ----- ბ-----–--ე და გ------- კ-----ა. ასრულებდნენ რა სამსახურებრივ მოვალეობას, იცავდნენ საზოგადოებრივ წესრიგს, კ------------- მ-------–---–ს მოუწოდებდნენ დამორჩილებოდა მათ კანონოერ მოთხოვნას და დამშვიდებულიყო, რა დროსაც კ------------- მ-------–---–მა ძალადობის გამოყენებით გაუწია წინააღმდეგობა პოლიციის მუშაკებს, კერძოდ ხელები მოკიდა თ----- ბ-----–--ეს ორივე ხელში, მოუჭირა და მიწაზე წააქცია, ხოლო გ------- კ-----ას ძალის გამოყენებით დაუზიანა სამსახურებრივი უნიფორმა. კ------------- მ-------–---–ის ძალადობრივი ქმედებების შედეგად თ----- ბ-----–--ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

კ------------- მ-------–---–ის მიერ მასზედ შერაცხული დანაშაულის ჩადენა დადასტურებულია საქმეში არსებული მტკიცებულებებით, რომლებიც მხარეთა შეთანხმების საფუძველზე გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად მიენიჭა პრეიუდიციული მნიშვნელობა. კერძოდ: მოწმეების: სვეტლანა ბაირამოვას, თ----- ბ-----–--ის, მ----- მ-----–--ის, გ------- კ-----ას, მ----–---–---ს გამოკითხვის ოქმებით, ალკოტესტით შემოწმების ოქმით, ამოღებული მაისურით და მასზე არსებული დაზიანებებით და საქმეში არსებულ სხვა ურთიერთშეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით.

 

საპროცესო ნორმათა დაცულობა.

 

სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ კ------------- მ-------–---–ის დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

მტკიცებულებათა შეფასების შემდგომ პალატა მივიდა დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ კ------------- მ-------–---–მა ჩაიდინა პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის მიზნით, ჩადენილი ძალადობით, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

კ------------- მ-------–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, სადაოდ არ გახადა მტკიცებულებები და ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას.

 

კ------------- მ-------–---–ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

პალატა ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულ კ------------- მ-------–---–ისთვის დანიშნული სასჯელის უფრო მკაცრი სასჯელით შეცვლის თაობაზე.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, „სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“.

 

სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას სრულად გაითვალისწინა კ------------- მ-------–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები - აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, აცნობიერებს მის მიერ ჩადენილი ქმედების მართლსაწინააღმდეგო ხასიათს, ჰყავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მეუღლე, არ არის ნასამართლევი, არ იმხილება სხვა რაიმე კანონდარღვევისთვის, ხელი შეუწყო საქმეზე სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, დამამძიმებელი გარემოებები, რაც მას არ გააჩნია, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავეთა პიროვნება და ისე განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა, პირობითად ჩათვლილი რაც ჩაეთვალა პირობით და რაც თავისი სამართლებრივი ბუნებიდან გამომდინარე, არ წარმოადგენს მსუბუქ სასჯელს.

 

პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს და მიაჩნია, რომ სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა წარმოადგენს ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის უმკაცრეს ფორმას, ამა თუ იმ ქმედებისათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა გამოყენებული უნდა იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს აუცილებელია ქმედების სიმძიმის, მოსალოდნელი საფრთხეების, დანაშაულის ჩადენის კონკრეტული გარემოებების, დამნაშავის პიროვნებისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. მოცემულ შემთხვევაში, კი როდესაც მსჯავრდებული სრულად აცნობიერებს მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, პალატას მიაჩნია, რომ დანიშნული სასჯელის - თავისუფლების აღკვეთის პირობითად ჩათვლა, თანაზომიერი და პროპორციულია მსჯავრდებულების პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან და სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 11 დეკემბრის განაჩენი კ------------- მ-------–---–ის მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანიშნული სასჯელი სამართლიანი. შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.

ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხის გადაწყვეტა:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საქმეთა კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, საქმეზე ამოღებული გ------- კ-----ას მაისური, რომელიც ინახება შსს გარდაბნის რაიონული სამმართველოს გაჩიანის განყოფილებაში, დაუბრუნდეს მის მესაკუთრეს ან კანონიერ მფლობელს.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორის თინათინ სტურუას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 11 დეკემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი.

 

კ------------- მ-------–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2(ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალოს პირობითად, 2(ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

კ------------- მ-------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.

 

კ------------- მ-------–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2019 წლის 19 ოქტომბრიდან 2019 წლის 11 დეკემბრის ჩათვლით.

 

არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის თანახმად, განაჩენის აღსრულებაზე კონტროლი დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის (იურიდიული მისამართის) მიხედვით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-ე მუხლის თანახმად, მსჯავრდებულს განემარტოს, რომ გამოსაცდელი ვადის განმავლობაში, პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი.

 

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, საქმეზე ამოღებული გ------- კ-----ას მაისური, რომელიც ინახება შსს გარდაბნის რაიონული სამმართველოს გაჩიანის განყოფილებაში, დაუბრუნდეს მის მესაკუთრეს ან კანონიერ მფლობელს.

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია და ექვემდებარება აღსრულებას გამოტანისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: /მ. თეთრაული/