განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №330310017002048673
საქმე №3ბ/703-18
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
31 იანვარი, 2020 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
თავმჯდომარე - ლევან მურუსიძე
მოსამართლეები: შორენა ყაველაშვილი, ლაშა თავართქილაძე
სხდომის მდივანი - რუსუდან ანდრიაშვილი
აპელანტი (მოპასუხე) - სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრი
წარმომადგენელი - ა---------–-–---–-
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ლ-----------
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ნაწილობრივ ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილება
1. სააპელაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა:
გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილებით: 1) ლ----------ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; 2) სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ „განათლების საერთაშორისო ცენტრის სასტიპენდიო პროგრამის - „საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამები 2017-2018“ საკონკურსო კომისიის შემადგენლობისა და საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის 2017 წლის 09 ივნისის №21-17 ბრძანებით შექმნილი კომისიის 2017 წლის 12 ივლისის №8 სხდომის ოქმი ლ----------ის ნაწილში და მოპასუხეს დაევალა საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების შემდეგ, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა; 3) მოპასუხე სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრს მოსარჩელე ლ----------ის სასარგებლოდ დაეკისრა 100 (ასი) ლარის გადახდა.
3. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის 2017 წლის 28 აპრილის №14-17 ბრძანებით დამტკიცდა სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის სასტიპენდიო პროგრამა „საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამები 2017-2018“, დანართი №1-ის შესაბამისად და ამ პროგრამის განხორციელების მიზნით, გამოცხადდა სასტიპენდიო კონკურსი. ბრძანებით განისაზღვრა, რომ კონკურსანტთა განაცხადების წარდგენა უნდა მომხდარიყო ცენტრის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ინტეგრირებულ ელექტრონულ სარეგისტრაციო სისტემაში - htts://app.iec.gov.ge, ელექტრონული განაცხადის ფორმის შევსებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის ატვირთვის გზით.
მითითებული ბრძანების №1 დანართის მიხედვით, სასტიპენდიო პროგრამის საშუალებით, საქართველოს მოქალაქეებსა და პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელებს შეუძლიათ მოიპოვონ დაფინანსება და სწავლა განაგრძონ საზღვარგარეთ მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამებზე, ამ პროგრამის ფარგლებში პრიორიტეტულად განსაზღვრულ პროგრამულ მიმართულებებზე/სპეციალობებზე. ამასთან, პრიორიტეტულ პროგრამულ მიმართულებებს/სპეციალობებს წარმოადგენდა: აგრარული მეცნიერებანი; განათლება; ინჟინერია; საბუნებისმეტყველო მეცნიერებანი; სოციალური მეცნიერებანი; ჰუმანიტარული მეცნიერებანი; სამართალი; არქიტექტურა; საჯარო მმართველობა; მენეჯმენტი. დაფინანსება კი გაიცემოდა კონკურსის წესით, სამართლიანობის, შეჯიბრებითობისა და გამჭვირვალობის პრინციპების დაცვით.
ამავე დანართის შესაბამისად, პროგრამის განხორციელება შესაძლებელი იყო მხოლოდ კონკურსის გამოცხადების გზით, ხოლო კონკურსის გამოცხადების პროცესი გულისხმობდა ცენტრის მიერ კონკურსის გამოცხადებას ოფიციალური ვებ-გვერდის მეშვეობით, საზოგადოების ინფორმირებას და პროგრამაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას; დაინტერესებული პირების მიერ ელექტრონული განაცხადის შევსებას და შესაბამისი დოკუმენტაციის ატვირთვას ცენტრის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ინტეგრირებულ ელექტრონულ სარეგისტრაციო სისტემაში; კომისიის მიერ განაცხადების შეფასებისა და კონკურსანტებთან გასაუბრების გზით გამარჯვებულის გამოვლენას; გამარჯვებულ კონკურსანტებთან ხელშეკრულების გაფორმებას და ფინანსურ უზრუნველყოფას; ცენტრის ადმინისტრაციის მიერ დაფინანსებულ პირთა მხრიდან ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს.
დანართით ასევე დადგენილია, რომ კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენისა და კონკურსის ჩატარებასთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხებზე გადაწყვეტილებას მიიღებდა საკონკურსო კომისია, რომელიც შეიმუშავებდა და დაამტკიცებდა კონკურსანტების შეფასების კრიტერიუმებსა და შეფასების ფორმებს. საკონკურსო კომისია ელექტრონული განაცხადისა და თანდართული დოკუმენტაციის შეფასებას მოახდენდა შეფასების ელექტრონული სისტემის მეშვეობით. ქულების მაქსიმალურ რაოდენობად განისაზღვრა 100 (+ დამატებითი ბონუს) ქულა, აქედან: ელ. განაცხადის შეფასებისას, მაქსიმუმ 50 ქულა; გასაუბრების შეფასებისას, მაქსიმუმ 50 ქულა და დამატებითი ბონუს ქულა - მაქსიმუმ 3 (სოციალურად დაუცველი, შშმ პირი, იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის მქონე პირები), ერთი სტატუსისთვის 1 ქულა. კონკურსი შედგებოდა სამი ეტაპისაგან: პირველი ეტაპი გულისხმობდა ელექტრონული განაცხადისა და შესაბამისი დოკუმენტაციის ადმინისტრაციულ (ფორმალურ) შემოწმებას. მეორე ეტაპი ითვალისწინებდა კომისიის მიერ ელექტრონული განაცხადისა და თანდართული დოკუმენტაციის შინაარსობრივ შეფასებას, რომლის საფუძველზეც, კონკურსანტი უნდა გადასულიყო კონკურსის მე-3 ეტაპზე, შესაბამისი ქულის დადგენის შემთხვევაში (აღნიშნულ ეტაპზე კონკურსანტს შეეძლო მაქსიმუმ 50 ქულის დაგროვება). მესამე ეტაპი კი, გულისხმობდა კომისიასთან გასაუბრებას. აღნიშნულ ეტაპზე კონკურსანტს შეიძლებოდა დაეგროვებინა მაქსიმუმ 50 ქულა.
3.1.2. სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის 2017 წლის 09 ივნისის №21-17 ბრძანებით დამტკიცდა სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის სასტიპენდიო პროგრამის - „საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამები 2017-2018“-ის საკონკურსო კომისიის შემადგენლობა (10 კომისიის წევრი), განისაზღვრა კომისიის ფუნქციები და საქმიანობის წესი.
3.1.3. სსიპ „განათლების საერთაშორისო ცენტრის სასტიპენდიო პროგრამების - „საერთაშორისო სამაგისტროო პროგრამები 2017-2018“ საკონკურსო კომისიის შემადგენლობისა და საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის 2017 წლის 09 ივნისის №21-17 ბრძანებით შექმნილი კომისიის 2017 წლის 16 ივნისის №1 ოქმით დგინდება, რომ 2017 წლის 28 აპრილიდან 31 მაისის ჩათვლით განაცხადი გადაგზავნილი ჰქონდა 208 კონკურსანტს, მათ შორის ლ-----------ს (ბელგია, ბრიუსელის თავისუფალი უნივერსიტეტი, სოციალური მეცნიერებანი).
მითითებული ოქმით, კონკურსის მე-2 და მე-3 ეტაპებზე კონკურსანტთა შეფასების მიზნით, დამტკიცდა შეფასების კრიტერიუმები და ფორმები ამ ოქმის №2 დანართის შესაბამისად.
ზემოაღნიშნული №2 დანართი მოიცავდა კონკურსის მე-2 (შინაარსობრივი შეფასების) ეტაპზე გასულ პირთა შეფასების კრიტერიუმებს (1. მოტივაცია, 2. მიმართულების/დარგის ცოდნა, 3. გამოცდილება, 4. საზოგადოებრივი ხედვა, 5. აკადემიურ სფეროში მოღვაწეობის მიზნები) და კონკურსის მე-3 (გასაუბრების) ეტაპზე გასულ კონკურსანტთა შეფასების კრიტერიუმებს (1. მოტივაცია (მოგვიყევით შერჩეულ მიმართულებაზე/პროგრამაზე სწავლის მიზნებზე და მისი შერჩევის საფუძველზე; განგვიმარტეთ უკვე მიღებული აკადემიური ხარისხის ან/და დაგროვილი სამუშაო გამოცდილების კავშირი შერჩეულ აკადემიურ პროგრამასთან); 2. ანალიზის, ლოგიკური მსჯელობის და არგუმენტაციის უნარი (მოგვიყევით სწავლის დასრულების შემდეგ თქვენი მოლოდინების შესახებ როგორც აკადემიური/კარიერული განვითარების თვალსაზრისით, ასევე, ამ სასტიპენდიო პროგრამის მიმართ); 3. ტოლერანტობა, კეთილგანწყობა (გაიხსენეთ თქვენს ცხოვრებაში შექმნილი კონფლიქტური/სტრესული სიტუაცია და თქვენ მიერ შეთავაზებული გადაჭრის გზა; მოგვიყევით თქვენი მთავარი პიროვნული ფასეულობ(ებ)ის შესახებ); 4. თვითშეფასება (დაგვისახელეთ და აღგვიწერეთ თქვენი ძლიერი და სუსტი მხარეები); 5. საზღვარგარეთ სწავლისათვის მენტალური და ფსიქოლოგიური მზაობა (რა სირთულეებს და გამოწვევებს მოელით საზღვარგარეთ სწავლისას უცხო გარემოში ცხოვრების პერიოდში); 6. საზღვარგარეთ ქვეყნის პოზიტიურად პოპულარიზაციის ინტერესი და მზაობა (რა ინფორმაცია გაქვთ საქართველოს და შერჩეული ქვეყნის ურთიერთობების შესახებ? სად ხედავთ თქვენს როლს ამ ურთიერთობაში, როგორც საერთაშორისო სტუდენტი?); 7. აკადემიურ სფეროში მოღვაწეობის მიზნები (მოგვიყევით სწავლის დასრულების შემდგომ საქართველოში, აკადემიურ სფეროში მოღვაწეობის მიზნების თაობაზე). აღნიშნულ ეტაპზე პირველი 6 კომპონენტის შეფასება ხდება ქულობრივი სპექტრით 0-5, მე-7 კომპონენტის შეფასება - ქულობრივი სპექტრით - 0-10, კომისიის დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში.
3.1.4. სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის 2017 წლის 09 ივნისის №21-17 ბრძანებით შექმნილმა კომისიამ 2017 წლის 12 ივლისის სხდომაზე განიხილა სასტიპენდიო პროგრამის - „საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამები 2017-2018“ კონკურსის ფარგლებში გამარჯვებული კონკურსანტების გამოვლენის და დაფინანსების გამოყოფის საკითხი.
კომისიის მითითებული სხდომის ოქმით (ოქმი №8) დგინდება, რომ პრიორიტეტული მიმართულებების მიხედვით, კომისიამ მესამე - გასაუბრების ეტაპზე მოიწვია: აგრარული მეცნიერებანი - 8 კონკურსანტი; განათლება - 9 კონკურსანტი; ინჟინერია - 6 კონკურსანტი; საბუნებისმეტყველო მეცნიერებანი - 2 კონკურსანტი; სოციალური მეცნიერებანი - 25 კონკურსანტი; ჰუმანიტარული მეცნიერებანი - 13 კონკურსანტი; სამართალი - 20 კონკურსანტი; არქიტექტურა - 9 კონკურსანტი; საჯარო მმართველობა - 7 კონკურსანტი; მენეჯმენტი - 10 კონკურსანტი.
ამასთან, ვინაიდან კონკურსანტთა უმეტესი ნაწილი სწავლის პერიოდში საზღვარგარეთ ცხოვრებისათვის საჭირო ხარჯების ასანაზღაურებლად ითხოვდა გაცილებით დიდი ოდენობის თანხას, ვიდრე რეალურად ესაჭიროებოდა სტუდენტური ცხოვრებისათვის, კომისიამ მიზანშეწონილად მიიჩნია ედმუნდ მასკის სამაგისტრო პროგრამის პრაქტიკის გაზიარება და ყოველი ქვეყნისათვის საცხოვრებელი ხარჯების ზღვრული ოდენობის დადგენა. კერძოდ, დადგინდა სწავლის პერიოდში საზღვარგარეთ ცხოვრებისათვის საჭირო ხარჯების ასანაზღაურებლად ელ. განაცხადში მითითებული ყოველი ქვეყნისთვის შემდეგი ზღვრული ოდენობა (კონკურსანტების მიერ მოთხოვნილი ვალუტის გათვალისწინებით): უნგრეთი - 8000 ევრო, ესტონეთი - 8000 ევრო; საფრანგეთი - 10000 ევრო, დანია - 8000 ევრო, აშშ - 12000 აშშ დოლარი, დიდი ბრიტანეთი - 10000 გირვანქა სტერლინგი, ესპანეთი - 8000 ევრო, ჩეხეთი - 8000 ევრო, კანადა - 15500 კანადური დოლარი, გერმანია - 8000 ევრო, შვედეთი - 9000 შვედური კრონა, ნორვეგია - 80000 ნორვეგიული კრონა, იტალია - 10000 ევრო, ნიდერლანდები - 8000 ევრო.
ამავე სხდომაზე სასტიპენდიო პროგრამის „საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამები 2017-2018“ ფარგლებში გამარჯვებულებად გამოვლინდნენ რეიტინგით საუკეთესო შედეგების მქონე კონკურსანტები, მიმართულებების მიხედვით: აგრარული მეცნიერებანი - საუკეთესო შედეგის მქონე 6 კონკურსანტი; განათლება - საუკეთესო შედეგის მქონე 6 კონკურსანტი; ინჟინერია - საუკეთესო შედეგის მქონე 5 კონკურსანტი; საბუნებისმეტყველო მეცნიერებანი - საუკეთესო შედეგის მქონე 2 კონკურსანტი; სოციალური მეცნიერებანი - საუკეთესო შედეგის მქონე 10 კონკურსანტი; ჰუმანიტარული მეცნიერებანი - საუკეთესო შედეგის მქონე 5 კონკურსანტი; სამართალი - საუკეთესო შედეგის მქონე 10 კონკურსანტი; არქიტექტურა - საუკეთესო შედეგის მქონე 5 კონკურსანტი; საჯარო მმართველობა - საუკეთესო შედეგის მქონე 5 კონკურსანტი; მენეჯმენტი - საუკეთესო შედეგის მქონე 5 კონკურსანტი.
სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის 2017 წლის 09 ივნისის №21-17 ბრძანებით შექმნილი კომისიის 2017 წლის 12 ივლისის №8 სხდომის ოქმის დანართით დგინდება, რომ ლ----------ის შეფასება შეადგენდა 66 ქულას და სოციალური მეცნიერებების მიმართულებაში იგი რეიტინგით მე-17 ადგილზე იყო. აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის ადმინისტრაციის მიერ ეცნობა ლ-----------ს.
3.1.5. დადგენილია, რომ ლ-----------ს არ მიუღია არცერთი დამატებითი ბონუს ქულა, სპეციალური სტატუსის არარსებობის გამო, კონკურსის მე-2 ეტაპზე მიიღო 34,7 ქულა, ხოლო მე-3 გასაუბრების ეტაპზე - 31,3 ქულა. ამასთან, მან შეფასება მიიღო ყველა კრიტერიუმში, კერძოდ, თითოეულ კრიტერიუმში საშუალო ქულა მერყეობდა 3-დან 3,5- ის ჩათვლით, გარდა ბოლო კრიტერიუმში აკადემიურ სფეროში მოღვაწეობის მიზნები, რაშიც იგი შეფასდა 6 ქულით.
4. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
4.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „დ” პუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული „განათლების საერთაშორისო ცენტრის სასტიპენდიო პროგრამების - „საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამები 2017-2018“ საკონკურსო კომისიის შემადგენლობისა და საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის 2017 წლის 09 ივნისის №21-17 ბრძანებით შექმნილი კომისიის 2017 წლის 12 ივლისის №8 სხდომის ოქმი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი იყო. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას, მოსარჩელე ლ-----------სთან მიმართებაში უნდა შემოწმებულიყო აქტის შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე სადავო სფეროში მოქმედ სხვა ნორმატიული აქტების დებულებებთან.
4.2. სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 24 აპრილის №183 დადგენილებით შეიქმნა საჯარო სამართლის იურიდიული პირი - განათლების საერთაშორისო ცენტრი, რომელიც აღნიშნული დადგენილების მე-3 მუხლის შესაბამისად, ჩაითვალა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის განათლების საერთაშორისო ცენტრის (სამსახურის) უფლებამონაცვლედ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 30 დეკემბრის №180/ნ დადგენილებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - განათლების საერთაშორისო ცენტრის დებულების თანახმად, საჯარო სამართლის იურიდიული პირი − განათლების საერთაშორისო ცენტრი (შემდგომში − ცენტრი) შექმნილია საერთაშორისო სასწავლო აკადემიური პროგრამების განვითარების და საერთაშორისო აკადემიური თანამშრომლობის ხელშეწყობის მიზნით, რაც ემსახურება საქართველოს როგორც საჯარო, ისე კერძო სფეროში დასაქმებული კვალიფიციური კადრების მომზადებას. აღნიშნული დებულების მეორე მუხლის „ა“ პუნქტის თანახმად კი, ცენტრის ფუნქციებია: საქართველოს მოქალაქეების, ან პირადობის ნეიტრალური მოწმობისა და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელების უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ, უცხო ქვეყნის სხვადასხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამებზე განათლების მიღების ხელშეწყობა. ხოლო მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ცენტრს ხელმძღვანელობს აღმასრულებელი დირექტორი (შემდგომში - დირექტორი).
დადგენილია, რომ სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის 2017 წლის 28 აპრილის №14-17 ბრძანებით დამტკიცდა სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის სასტიპენდიო პროგრამა „საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამები 2017-2018“, დანართი №1-ის შესაბამისად და ამ პროგრამის განხორციელების მიზნით, გამოცხადდა სასტიპენდიო კონკურსი. ბრძანებით განისაზღვრა, რომ კონკურსანტთა განაცხადების წარდგენა უნდა მომხდარიყო ცენტრის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ინტეგრირებულ ელექტრონულ სარეგისტრაციო სისტემაში - htts://app.iec.gov.ge, ელექტრონული განაცხადის ფორმის შევსებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის ატვირთვის გზით. მითითებული ბრძანების №1 დანართის მიხედვით, სასტიპენდიო პროგრამის საშუალებით, საქართველოს მოქალაქეებსა და პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელებს მიეცათ შესაძლებლობა მოეპოვებინათ დაფინანსება და სწავლა გაეგრძელებინათ საზღვარგარეთ მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამებზე, ამ პროგრამის ფარგლებში პრიორიტეტულად განსაზღვრულ პროგრამულ მიმართულებებზე/სპეციალობებზე. ამასთან, პრიორიტეტულ პროგრამულ მიმართულებებს/სპეციალობებს შორის იყო სოციალური მეცნიერებანი, ხოლო დაფინანსება კი გაიცემოდა კონკურსის წესით.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს მთავრობის 2016 წლის 22 აპრილის №201 დადგენილებაზე, რომლითაც, ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარებისათვის საჭირო მაღალკვალიფიციური კადრების მომზადების, საქართველოში საერთაშორისო განათლების ხარისხის, საერთაშორისო აკადემიური პროგრამების და საერთაშორისო აკადემიური თანამშრომლობის განვითარების, საჯარო სამსახურში დასაქმებულ და დასაქმების მსურველ პირთა სპეციალური ცოდნისა და კვალიფიკაციის ამაღლების, ქვეყნის საერთაშორისო საგანმანთლებლო სივრცეში ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, დამტკიცდა თანდართული სსიპ – განათლების საერთაშორისო ცენტრის პროგრამა და პროგრამის ფარგლებში სსიპ – განათლების საერთაშორისო ცენტრის მიერ გრანტის გაცემის წესი და პირობები.
აღნიშნული დადგენილების დანართის - „სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის პროგრამის“ მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პროგრამა ხელს უწყობს საქართველოს მოქალაქეთა ან პირადობის ნეიტრალური მოწმობისა და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელთა მიერ: ა) საზღვარგარეთ უმაღლესი განათლების მე-2 და მე-3 საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამებზე განათლების მიღებას; ბ) საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ამაღლებას; გ) ამ პროგრამის საფუძველზე დამტკიცებული შესაბამისი სასტიპენდიო პროგრამების ფარგლებში დაფინანსებულ კურსდამთავრებულთა თანამშრომლობას.
ამავე დანართის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პროგრამა ხორციელდება საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ, ცენტრისა და შესაბამისი სასტიპენდიო პროგრამის საკონკურსო კომისიის მეშვეობით.
სასამართლომ ასევე მიუთითა სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის 2017 წლის 28 აპრილის N14-17 ბრძანებით დამტკიცებულ სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის სასტიპენდიო პროგრამა „საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამები 2017-2018“-ის №1 დანართის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, პროგრამის სამიზნე ჯგუფად განისაზღვრა საქართველოს მოქალაქეები, პირადობის ნეიტრალური მოწმობისა და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელები, რომლებიც ჩაირიცხნენ საზღვარგარეთ, შესაბამისი ქვეყნის კანონმდებლობით აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამებზე, სოციალური ამ სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში პრიორიტეტულად განსაზღვრულ პროგრამულ მიმართულებებზე/სპეციალობებზე. კერძოდ, პირი, რომელიც: 1. ფლობს ბაკალავრის ან/და შემდგომი საფეხურის აკადემიურ ხარისხს; 2. სწავლობს ბაკალავრიატის დამამთავრებელ კურსზე; 3. სწავლობენ უცხოეთის უნივერსიტეტში, პრიორიტეტულად გამოცხადებული მიმართულების სამაგისტრო პროგრამაზე და ითხოვს მომდევნო სასწავლო წლის დაფინანსებას. ამავე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით განისაზღვრა 2017-2018 სასწავლო წლისათვის სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში პრიორიტეტული პროგრამული მიმართულებები/დარგთაშორისი მიმართულებები/სპეციალობები და მათ შორის იყო სოციალური მეცნიერებები.
ამავე დანართის შესაბამისად, პროგრამის განხორციელება შესაძლებელი იყო მხოლოდ კონკურსის გამოცხადების გზით, ხოლო კონკურსის გამოცხადების პროცესი გულისხმობდა ცენტრის მიერ კონკურსის გამოცხადებას ოფიციალური ვებ-გვერდის მეშვეობით, საზოგადოების ინფორმირებას და პროგრამაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას; დაინტერესებული პირების მიერ ელექტრონული განაცხადის შევსებას და შესაბამისი დოკუმენტაციის ატვირთვას ცენტრის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ინტეგრირებულ ელექტრონულ სარეგისტრაციო სისტემაში; კომისიის მიერ განაცხადების შეფასებისა და კონკურსანტებთან გასაუბრების გზით გამარჯვებულის გამოვლენას; გამარჯვებულ კონკურსანტებთან ხელშეკრულების გაფორმებას და ფინანსურ უზრუნველყოფას; ცენტრის ადმინისტრაციის მიერ დაფინანსებულ პირთა მხრიდან ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს.
დანართით ასევე განისაზღვრა, რომ კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენისა და კონკურსის ჩატარებასთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხებზე გადაწყვეტილებას მიიღებდა საკონკურსო კომისია, რომელიც შეიმუშავებდა და დაამტკიცებდა კონკურსანტების შეფასების კრიტერიუმებსა და შეფასების ფორმებს. საკონკურსო კომისია ელექტრონული განაცხადისა და თანდართული დოკუმენტაციის შეფასებას მოახდენდა შეფასების ელექტრონული სისტემის მეშვეობით. ქულების მაქსიმალურ რაოდენობად განისაზღვრა 100 (+ დამატებითი ბონუს) ქულა, აქედან: ელ. განაცხადის შეფასებისას, მაქსიმუმ 50 ქულა; გასაუბრების შეფასებისას, მაქსიმუმ 50 ქულა და დამატებითი ბონუს ქულა - მაქსიმუმ 3 (სოციალურად დაუცველი, შშმ პირი, იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის მქონე პირები), ერთი სტატუსისთვის 1 ქულა. კონკურსი შედგებოდა სამი ეტაპისაგან: პირველი ეტაპი გულისხმობდა ელექტრონული განაცხადისა და შესაბამისი დოკუმენტაციის ადმინისტრაციულ (ფორმალურ) შემოწმებას. მეორე ეტაპი ითვალისწინებდა კომისიის მიერ ელექტრონული განაცხადისა და თანდართული დოკუმენტაციის შინაარსობრივ შეფასებას, რომლის საფუძველზეც, კონკურსანტი უნდა გადასულიყო კონკურსის მე-3 ეტაპზე, შესაბამისი ქულის დადგენის შემთხვევაში (აღნიშნულ ეტაპზე კონკურსანტს შეეძლო მაქსიმუმ 50 ქულის დაგროვება). მესამე ეტაპი კი, გულისხმობდა კომისიასთან გასაუბრებას. აღნიშნულ ეტაპზე კონკურსანტს შეიძლებოდა დაეგროვებინა მაქსიმუმ 50 ქულა.
სსიპ „განათლების საერთაშორისო ცენტრის სასტიპენდიო პროგრამების - „საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამები 2017-2018“ საკონკურსო კომისიის შემადგენლობისა და საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის 2017 წლის 09 ივნისის №21-17 ბრძანებით შექმნილი კომისიის 2017 წლის 16 ივნისის №1 ოქმით კონკურსის მე-2 და მე-3 ეტაპებზე კონკურსანტთა შეფასების მიზნით, დამტკიცდა შეფასების კრიტერიუმები და ფორმები ამ ოქმის №2 დანართის შესაბამისად.
დადგენილია, რომ №2 დანართი მოიცავდა კონკურსის მე-2 (შინაარსობრივი შეფასების) ეტაპზე გასულ პირთა შეფასების კრიტერიუმებს (1. მოტივაცია, 2. მიმართულების/დარგის ცოდნა, 3. გამოცდილება, 4. საზოგადოებრივი ხედვა, 5. აკადემიურ სფეროში მოღვაწეობის მიზნები) და კონკურსის მე-3 (გასაუბრების) ეტაპზე გასულ კონკურსანტთა შეფასების კრიტერიუმებს (1. მოტივაცია (მოგვიყევით შერჩეულ მიმართულებაზე/პროგრამაზე სწავლის მიზნებზე და მისი შერჩევის საფუძველზე; განგვიმარტეთ უკვე მიღებული აკადემიური ხარისხის ან/და დაგროვილი სამუშაო გამოცდილების კავშირი შერჩეულ აკადემიურ პროგრამასთან); 2. ანალიზის, ლოგიკური მსჯელობის და არგუმენტაციის უნარი (მოგვიყევით სწავლის დასრულების შემდეგ თქვენი მოლოდინების შესახებ როგორც აკადემიური/კარიერული განვითარების თვალსაზრისით, ასევე, ამ სასტიპენდიო პროგრამის მიმართ); 3. ტოლერანტობა, კეთილგანწყობა (გაიხსენეთ თქვენს ცხოვრებაში შექმნილი კონფლიქტური/სტრესული სიტუაცია და თქვენ მიერ შეთავაზებული გადაჭრის გზა; მოგვიყევით თქვენი მთავარი პიროვნული ფასეულობ(ებ)ის შესახებ); 4. თვითშეფასება (დაგვისახელეთ და აღგვიწერეთ თქვენი ძლიერი და სუსტი მხარეები); 5. საზღვარგარეთ სწავლისათვის მენტალური და ფსიქოლოგიური მზაობა (რა სირთულეებს და გამოწვევებს მოელით საზღვარგარეთ სწავლისას უცხო გარემოში ცხოვრების პერიოდში); 6. საზღვარგარეთ ქვეყნის პოზიტიურად პოპულარიზაციის ინტერესი და მზაობა (რა ინფორმაცია გაქვთ საქართველოს და შერჩეული ქვეყნის ურთიერთობების შესახებ? სად ხედავთ თქვენს როლს ამ ურთიერთობაში, როგორც საერთაშორისო სტუდენტი?), 7. აკადემიურ სფეროში მოღვაწეობის მიზნები (მოგვიყევით სწავლის დასრულების შემდგომ საქართველოში, აკადემიურ სფეროში მოღვაწეობის მიზნების თაობაზე). აღნიშნულ ეტაპზე პირველი 6 კომპონენტის შეფასება ხდება ქულობრივი სპექტრით 0-5, მე-7 კომპონენტის შეფასება - ქულობრივი სპექტრით - 0-10, კომისიის დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში.
დადგენილია, რომ მოსარჩელე ლ----------- მონაწილეობას იღებდა ზემოაღნიშნული პროგრამის განხორციელების მიზნით გამოცხადებულ სასტიპენდიო კონკურსში, სოციალური მეცნიერებების მიმართულებით და კონკურსში მონაწილეობის მიზნით, „განათლების საერთაშორისო ცენტრის“ ელექტრონულ მისამართზე წარდგენილი ჰქონდა ელექტრონული განაცხადი, თანდართული დოკუმენტაციით. ასევე დადგენილია, რომ მოსარჩელემ გადალახა კონკურსის პირველი და მეორე ეტაპი, რაც გულისხმობდა როგორც ელექტრონული განაცხადისა და შესაბამისი დოკუმენტაციის ადმინისტრაციულ (ფორმალურ) შემოწმებას დადგენილ საკონკურსო მოთხოვნებთან, ასევე, ელექტრონული განაცხადის შინაარსობრივ შეფასებას შემდეგი კრიტერიუმებით: 1. მოტივაცია, 2. მიმართულების/დარგის ცოდნა, 3. გამოცდილება, 4. საზოგადოებრივი ხედვა, 5. აკადემიურ სფეროში მოღვაწეობის მიზნები.
ასევე დადგენილია, რომ კომისიის წევრებმა განახორციელეს ლ-----------სთან გასაუბრება და იგი შეაფასეს ზემოაღნიშნული ბრძანებით დამტკიცებული ფორმების შესაბამისად, შეფასების თითოეულ კრიტერიუმში კონკრეტული ქულით. შესაბამისად, ლ----------- შეფასდა შემდეგი კრიტერიუმებით: 1. მოტივაცია (მოგვიყევით შერჩეულ მიმართულებაზე/პროგრამაზე სწავლის მიზნებზე და მისი შერჩევის საფუძველზე; განგვიმარტეთ უკვე მიღებული აკადემიური ხარისხის ან/და დაგროვილი სამუშაო გამოცდილების კავშირი შერჩეულ აკადემიურ პროგრამასთან); 2. ანალიზის, ლოგიკური მსჯელობის და არგუმენტაციის უნარი (მოგვიყევით სწავლის დასრულების შემდეგ თქვენი მოლოდინების შესახებ როგორც აკადემიური/კარიერული განვითარების თვალსაზრისით, ასევე, ამ სასტიპენდიო პროგრამის მიმართ); 3. ტოლერანტობა, კეთილგანწყობა (გაიხსენეთ თქვენს ცხოვრებაში შექმნილი კონფლიქტური/სტრესული სიტუაცია და თქვენ მიერ შეთავაზებული გადაჭრის გზა; მოგვიყევით თქვენი მთავარი პიროვნული ფასეულობ(ებ)ის შესახებ); 4. თვითშეფასება (დაგვისახელეთ და აღგვიწერეთ თქვენი ძლიერი და სუსტი მხარეები); 5. საზღვარგარეთ სწავლისათვის მენტალური და ფსიქოლოგიური მზაობა (რა სირთულეებს და გამოწვევებს მოელით საზღვარგარეთ სწავლისას უცხო გარემოში ცხოვრების პერიოდში), 6. საზღვარგარეთ ქვეყნის პოზიტიურად პოპულარიზაციის ინტერესი და მზაობა (რა ინფორმაცია გაქვთ საქართველოს და შერჩეული ქვეყნის ურთიერთობების შესახებ? სად ხედავთ თქვენს როლს ამ ურთიერთობაში, როგორც საერთაშორისო სტუდენტი?), 7. აკადემიურ სფეროში მოღვაწეობის მიზნები (მოგვიყევით სწავლის დასრულების შემდგომ საქართველოში, აკადემიურ სფეროში მოღვაწეობის მიზნების თაობაზე).
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ კონკურსის მე-3 ეტაპზე ლ----------- შეფასდა 31,3 ქულით, ხოლო საბოლოოდ მისმა შეფასებამ შეადგინა 66 ქულა, რითაც სოციალური მეცნიერებების მიმართულების რეიტინგში დაიკავა მე-17 ადგილი. შესაბამისად, მან ვერ მოიპოვა სასწავლო დაფინანსება.
4.3. სასამართლომ მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ლ’’ ქვეპუნქტზე, რომლის შესაბამისად, დისკრეციულ უფლებამოსილებას წარმოადგენს უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება.
ამავე კოდექსის მე-6 მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განახორციელოს დისკრეციული უფლებამოსილება მხოლოდ იმ მიზნით, რომლის მისაღწევადაც მინიჭებული აქვს ეს უფლებამოსილება. ხოლო მე-7 მუხლის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას არ შეიძლება გამოიცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, თუ პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად აღემატება იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა.
ამრიგად, ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილება წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს სამართლებრივად შებოჭილ თავისუფლებას, რომელიც შეზღუდულია საჯარო და კერძო ინტერესების შეპირისპირებით, ვინაიდან, ასეთი უფლებამოსილება, ერთის მხრივ, კანონმდებლობით არ არის შეზღუდული კონკრეტული მოწესრიგებით, თუმცა შეზღუდულია კანონით დადგენილი ნორმის მიზნითა და ფარგლებით.
სასამართლომ განმარტა, რომ სსიპ „განათლების საერთაშორისო ცენტრის სასტიპენდიო პროგრამების - „საერთაშორისო სამაგისტროო პროგრამები 2017-2018“ საკონკურსო კომისიის შემადგენლობისა და საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის 2017 წლის 09 ივნისის №21-17 ბრძანებით შექმნილი კომისია წარმოადგენს კანონის საფუძველზე შექმნილ კოლეგიურ ორგანოს, რომელიც თავისი საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კანონმდებლობით. იგი დამოუკიდებლად ახორციელებს თავის საქმიანობას კანონმდებლობის დაცვით, მის საქმიანობაში ჩაურევლობის პრინციპით. ამდენად, შეფასების საგანს შეიძლება წარმოადგენდეს კომისიის მიერ კონკურსის ჩატარება დადგენილი წესის დარღვევით, ხოლო საკონკურსო კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესში გამოთქმული მოსაზრებების ერთობლიობა და ამ მოსაზრებების შესაბამისი ქულის ასახვა თითოეულ კრიტერიუმთან მიმართებაში წარმოადგენს კომისიის დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მიმდინარე სამუშაო პროცესის ელემენტს, საბოლოო შედეგების შეჯამებამდე.
სასამართლომ აქვე აღნიშნა, რომ სასამართლო კონტროლი მსგავსი კატეგორიის დავების განხილვის პროცესში არ არის აბსოლუტური. საკონკურსო კომისია, მისი შექმნის მიზნებიდან და პრინციპებიდან გამომდინარე, სარგებლობს ფართო დისკრეციით და სასამართლო არ არის უფლებამოსილი გადაამოწმოს კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიზანშეწონილობა, თუმცა აღნიშნული პრინციპი არ გულისხმობს კომისიის მოქმედებების უკონტროლობას და მის საქმიანობაზე სასამართლო ზედამხედველობის გამორიცხვის შესაძლებლობას. სასამართლო, სარჩელის პირობებში, ვალდებულია შეამოწმოს არის თუ არა შეცდომა დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენებაში, რამდენად დასაბუთებულია ამ უფლებამოსილების გამოყენება, ხომ არ არის დარღვეული კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპი, კონკურსის ჩატარებისას დაირღვა თუ არა კანონით დადგენილი წესი, მოხდა თუ არა გამოსაყენებელი ნორმის გაუთვალისწინებლობა, არასწორი ფაქტობრივი გარემოებებით ხელმძღვანელობა, ობიექტურობის საყოველთაო მასშტაბის დარღვევა, რამაც მოსარჩელესთან მიმართებაში განაპირობა გაუმართლებელი შეზღუდვების დაწესება. სასამართლო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერებას ამოწმებს გადაწყვეტილების ამ უკანასკნელ პრინციპებთან შესაბამისობის თვალსაზრისით.
დადგენილ გარემოებას წარმოადგენს, რომ განსახილველ შემთხვევაში სადავოდ არის გამხდარი საკონკურსო კომისიის 2017 წლის 12 ივლისის №8 სხდომის ოქმის კანონიერება იმ მოტივით, რომ იგი არასწორად ასახავს რეალობას. მოსარჩელის განმარტებით, გასაუბრების ეტაპზე მისთვის შეკითხვები არ ყოფილა იმ სახით დასმული, რითაც კომისიის წევრებს შესაძლებლობა ექნებოდათ შეეფასებინათ წინასწარ, ბრძანებით დამტკიცებული კრიტერიუმებით. მისივე განმარტებით, საკუთარი თავის წარდგენის შემდეგ, ისაუბრა მხოლოდ სამაგისტრო პროგრამასა და მოლოდინებთან დაკავშირებით, ასევე, იმის თაობაზე, თუ როგორ გამოიყენებდა მიღებულ ცოდნას.
სასამართლომ განმარტა, რომ პროცესის მხარე წარმოადგენს იმ პირს, რომელიც სადავო სამართლებრივი ურთიერთობის უშუალო მონაწილეა, ამიტომ მან ყველაზე კარგად უნდა იცოდეს იმ გარემოებათა შესახებ, რომლებსაც აქვთ მნიშვნელობა საქმისათვის. ამ მოსაზრებით ხელმძღვანელობს კანონმდებელი, როდესაც მხარეთა ახსნა-განმარტებას თვლის მტკიცებულებად, მტკიცების ერთ-ერთ დამოუკიდებელ და მნიშვნელოვან საშუალებად. ამავე დროს, მხარეები და მესამე პირები საქმის შედეგით დაინტერესებული პირები არიან. ამ გარემოებამ კი შეიძლება ზეგავლენა მოახდინოს მათი ახსნა-განმარტების სისწორესა და უტყუარობაზე, მაგრამ, ასეთი ვითარება მხარეთა ახსნა-განმარტებას კი არ ართმევს მტკიცებულებით ძალას და მნიშვნელობას, არამედ ავალებს სასამართლოს განსაკუთრებული ყურადღებით შეაფასოს მხარის ახსნა-განმარტება. იმ ვითარებაში, როდესაც მოპასუხის მიერ წარმოდგენილი არ იქნა არცერთი დოკუმენტი, რომელიც ასახავდა გასაუბრების მიმდინარეობას, დასმულ შეკითხვებსა და მათზე გაცემულ პასუხებს, სასამართლო თვლის, რომ საქმეში წარმოდგენილია მშრალი, არაინფორმაციული ხასიათის გასაუბრების ოქმი, რომელიც არ იძლევა გასაუბრების პროცესის ანალიზის შესაძლებლობას, რაც სასამართლოს ართმევს შინაგანი რწმენის ჩამოყალიბებისა და იმის დადგენის შესაძლებლობას, მოსარჩელეს მართლა დაუსვეს თუ არა ის შეკითხვები, რომლებიც ხელს შეუწყობდა უფლებამოსილი პირის მიერ წინასწარ დადგენილი ყველა კრიტერიუმით შეფასებას. სასამართლომ აღნიშნა, რომ მართალია, ოქმის წარმოების პროცედურა მკვეთრად გაწერილი არ არის შესაბამისი ნორმატიული აქტებით, მაგრამ ოქმის დანიშნულებას და მისი წარმოების სამართლებრივ მიზანს წარმოადგენს სწორედ სხდომის მსვლელობის აღწერა და იმ ფაქტების დეტალიზაცია, რასაც ადგილი ჰქონდა სხდომაზე.
აღსანიშნავია, რომ სწორედ ამგვარადაა განმარტებული მტკიცების ტვირთი საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერაც, კერძოდ, (საქმე №ბს-11-11 (კ-14)) „საპროცესო კანონმდებლობაში მხარეთა შორის დამტკიცების ტვირთის განაწილება მხარეთა თანასწორუფლებიანობის პრინციპის კონკრეტული გამოვლინებაა. დამტკიცების ტვირთი მნიშვნელობას იძენს ისეთ შემთხვევაში, როდესაც ვერ ხერხდება გადაწყვეტილებისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენა-დამტკიცება. მნიშვნელობა არ აქვს იმას, თუ რომელი მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულების საფუძველზე ჩათვალა სასამართლომ ფაქტი დამტკიცებულად. მაგრამ, როდესაც ფაქტი ვერ იქნა დამტკიცებული, მაშინ სასამართლომ უნდა განსაზღვროს, თუ რომელ მხარეს ეკისრებოდა ამ ფაქტის დამტკიცების ტვირთი და ისე გამოიტანოს შესაბამისი გადაწყვეტილება.
ამდენად, მართალია, მოქმედი საპროცესო კანონმდებლობა მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპებზე დაყრდნობით, მხარეებს თანაბარ საპროცესო ვალდებულებას აკისრებს დაამტკიცონ გარემოებები, რომლებზეც ამყარებენ თავიანთ მოთხოვნას თუ შესაგებელს, თუმცა მატერიალურ-სამართლებრივი ურთიერთობის თავისებურებების გათვალისწინებით, მტკიცების ტვირთის პრევალირებული დანიშნულების მატარებლად შესაძლოა, მოწინააღმდეგე მხარე გამოვიდეს, მით უფრო, რომ ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული აქტის კანონიერების მტკიცების ტვირთი აქტის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს ეკისრება.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მხარეთა შორის დამტკიცების ტვირთის განაწილების ინსტიტუტს აქვს არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც, რაც მდგომარეობს იმაში, რომ ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დაეკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა. არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანის მუქარა წარმოადგენს ფაქტორს, რომელიც უზრუნველყოფს მხარეთა აქტიურობას წარმოუდგინონ სასამართლოს შესაბამისი მტკიცებულებები, დაამტკიცონ შესაბამისი ფაქტები, მით უფრო, როდესაც მოსარჩელე აქტიურ მონაწილეობას იღებს მტკიცებულებათა მოპოვებაში, საქმის მასალებით ირკვევა, რომ მოსარჩელემ ადმინისტრაციული ორგანოდან გამოითხოვა იმ გარემოებათა დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომელიც ამ სადავო სამართალურთიერთობის სპეციფიკიდან გამომდინარე მხოლოდ მოპასუხესთან შეიძლება ინახებოდეს“.
სასამართლომ, მითითებულ ნორმებსა და სასამართლო პრაქტიკაზე დაყრდნობით, მიიჩნია, რომ სასწავლო დაფინანსების მიზნით გამართული კონკურსის მე-3 ეტაპის, გასაუბრების მიმდინარეობის (პროცესის) ამსახველი მტკიცებულებები უნდა გააჩნდეს სწორედ არა მოსარჩელე, არამედ მოპასუხე მხარეს. შესაბამისად, ამ უკანასკნელს გააჩნდა შესაძლებლობა მეტი მტკიცების საშუალებებით, მათ შორის, აუდიო თუ ვიდეო ჩანაწერის ან სხვა საშუალებების დახმარებით, რომელსაც „ძლიერი“ უტყუარი მტკიცებულების ხასიათი ექნებოდა, გაებათილებინა მეორე მხარის (მოსარჩელის) მიერ მითითებული გარემოებები.
სასამართლო დაეთანხმა მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს, რომ ერთ შეკითხვაზე გაცემული პასუხით შესაძლებელია კომისიის წევრს შეექმნას შინაგანი რწმენა და პრეტენდენტი შეაფასოს სხვადასხვა კრიტერიუმით, თუმცა ამ შემთხვევაში გააჩნია როგორც შეკითხვის ფორმულირებას, ასევე, შეფასების კრიტერიუმებს. მით უმეტეს, რომ სასამართლომ გაიზიარა მოსარჩელის პოზიცია და აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში შეფასების კრიტერიუმები ისეთი სახით არის ჩამოყალიბებული, რაც საჭიროებდა კონკრეტული შეკითხვის დასმას, მაგალითად, „მოგვიყევით თქვენს ცხოვრებაში შექმნილი კონფლიქტური/სტრესული სიტუაცია და თქვენ მიერ შეთავაზებული გადაჭრის გზა“. აქედან გამომდინარე, სასამართლომ აღნიშნა, რომ ვინაიდან მისთვის სრულიად უცნობია კომისიის წევრის მიერ რა სახით იყო შეკითხვა დასმული, შეუძლებელია შინაგანი რწმენის შექმნა, გასაუბრების შედეგად იყო თუ არა შესაძლებლობა კანდიდატის შეფასება ყველა კრიტერიუმით, ხოლო ასეთის არ არსებობის პირობებში დაუსაბუთებელია როგორ მოხდა ლ----------ის ყველა კრიტერიუმით შეფასება.
ამდენად, სასამართლომ გაიზიარა დამკვიდრებული სასამართლო პრაქტიკა და როგორც ზემოაღნიშნულ განჩინებაშია მითითებული, „იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოპასუხემ ვერ უზრუნველყო სასამართლოში მტკიცებულებათა წარმოდგენა იმ ფაქტების დადგენის მიზნით, რომლის დამტკიცებაც წარმოადგენდა მის საპროცესო ვალდებულებას, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, სწორედ მოპასუხეს უნდა დაეკისროს ფაქტის დაუმტკიცებლობის (მოსარჩელის მიერ 2013 წლის 18 თებერვალს ატესტაციის გავლის თაობაზე) არახელსაყრელი შედეგი ანუ მოპასუხეს მისი საპროცესო მოვალეობის შეუსრულებლობის გამო უნდა დაეკისროს ფაქტის დაუმტკიცებლობის მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი შედეგი, რაც გულისხმობს სარჩელის დაკმაყოფილებას იმის გამო, რომ საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება-საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ვერ დაამტკიცა სარჩელის წინააღმდეგ მის მიერ მითითებული შესაგებლის საფუძველი“.
4.4. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლი ადმინისტრაციულ ორგანოს ავალდებულებს ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი.
ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ლ-----------სთან მიმართებაში სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა საკონკურსო კომისიის მიერ კონკურსის ჩატარებისათვის დადგენილი წესის დარღვევით, რის გამოც, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ „განათლების საერთაშორისო ცენტრის სასტიპენდიო პროგრამების - „საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამები 2017-2018“ საკონკურსო კომისიის შემადგენლობისა და საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის 2017 წლის 09 ივნისის№21-17 ბრძანებით შექმნილი კომისიის 2017 წლის 12 ივლისის №8 სხდომის ოქმი ლ----------ის ნაწილში და დაევალა მოპასუხეს ზემოხსენებული გარემოებების გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების შემდეგ, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, კერძოდ კი ხელახლა იმსჯელოს საკონკურსო კრიტერიუმებზე დაყრდნობით მოსარჩელის კანდიდატურასთან დაკავშირებით და ისე მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება.
5. სააპელაციო საჩივრების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები
5.1. სააპელაციო საჩივარში აღნიშნულია შემდეგი:
საკონკურსო პირობები, საკონკურსო კომისიის შემადგენლობა და საქმიანობის წესები ლ----------ისთვის, ისევე როგორც თითოეული დაინტერესებული პირისთვის, წინასწარ იყო ცნობილი. აპელანტი ყურადღებას ამახვილებს კონკურსის ეტაპებზე, კონკურსანტთა შეფასების წესსა და კრიტერიუმებზე და განმარტავს, რომ სასტიპენდიო პროგრამა არ ითვალისწინებს კომისიის ცალკეული წევრების მიერ მინიჭებული ქულების დასაბუთებას, კომისიის გადაწყვეტილება ეფუძნება კონკურსის თითოეულ ეტაპზე ინდივიდუალურად და დამოუკიდებლად, წინასწარ დადგენილი შეფასების ფორმების შესაბამისად და განსაზღვრული ქულობრივი სპექტრის ფარგლებში მინიჭებული ქულების ჯამიდან მიღებულ საშუალო ქულას, რაც უზრუნველყოფს კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების ობიექტურობასა და გამჭვირვალობას.
აპელანტი ასევე არ ეთანხმება სასამართლოს მითითებას მტკიცების ტვირთის გადანაწილებასთან დაკავშირებით. აპელნტის განმარტებით, საკონკურსო საქმიანობის მარეგულირებელი არცერთი აქტი არ ადგენს საკონკურსო პროცედურის აუდიო-ვიზუალური ჩანაწერის და საკონკურსო კომისიის წევრების მიერ დასმული შეკითხვების კომისიის სხდომის ოქმში გაწერის ვალდებულებას. აღნიშნული ასევე წარმოადგენს მსოფლიოში სასტიპენდიო პროგრამებში დამკვირებულ პრაქტიკას. აპელანტის განმარტებით, სასამართლოს კომპეტენციას სცილდება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენების დროს მინიჭებული ქულისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში დასმული შეკითხვების მიზანშეწონილობის დადგენა. კანონმდებლობით მოწესრიგდა საკონკურსო კომისიის შექმნის საკითხი, ხოლო გადაწყვეტილების მიღება სწორედ კომისიას აქვს მინდობილი. შეფასება ეფუძნება კომისიის წევრთა პირად პროფესიულ შეფასებას, შინაგან რწმენასა და პირად აღქმას. სასამართლო, უფლებამოსილია შეამოწმოს დისკრეციის განხორციელების მართლზომიერება, თუმცა არ არის უფლებამოსილი შეამოწმოს მიღებული გადაწყვეტილების მიზანშეწონილობა.
აპელანტი თვლის, რომ ლ-----------სთან მიმართებით კომისიამ გამოიკვლია ყველა საკითხი, დადგენილი წესით შეაფასა განაცხადი და გადაწყვეტილება მიიღო კანონმდებლობის სრული დაცვით.
6. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
სააპელაციო სასამართლო მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველ პარაგრაფზე, რომელიც ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, ამავდროულად, სააპელაციო პალატა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (Hirvisaari v. Finland, §32; ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81) გადაწყვეტილებებზე დაყრდნობით განმარტავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას; გარდა ამისა, აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე.
სააპელაციო პალატა სრულად ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, კერძოდ, პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად და ყოველმხრივ გამოიკვლია დავასთან დაკავშირებული ყველა ფაქტობრივი გარემოება; ასევე, სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად შეაფასა საქმესთან დაკავშირებული ყველა ფაქტობრივი გარემოება; პალატა აღნიშნავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გასაჩივრებული გადაწყვეტილება დასაბუთებულია და იგი იძლევა მკაფიო შესაძლებლობას, მონაწილე მხარეებმა გაიგონ, ნაწილობრივ რატომ დაუჭირა მხარი სასამართლომ მოსარჩელის პოზიციას.
6.2. განსახილველ შემთხვევაში, სადაოა ლ----------ის მიმართ სასტიპენდიო პროგრამის - „საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამები 2017-2018“ კონკურსის მესამე ეტაპის გადალახვაზე უარის თქმის შესახებ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერება.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 30 დეკემბრის №180/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების საერთაშორისო ცენტრის დებულების“ პირველი მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, საჯარო სამართლის იურიდიული პირი − განათლების საერთაშორისო ცენტრი (შემდგომში − ცენტრი) შექმნილია საერთაშორისო სასწავლო აკადემიური პროგრამების განვითარების და საერთაშორისო აკადემიური თანამშრომლობის ხელშეწყობის მიზნით, რაც ემსახურება საქართველოს როგორც საჯარო, ისე კერძო სფეროში დასაქმებული კვალიფიციური კადრების მომზადებას. ამავე დებულების მე-2 მუხლით განსაზღვრულია ცენტრის ფუნქციები, კერძოდ, „ა“ პუნქტის შესაბამისად, ცენტრის ერთ-ერთ ფუნქციას წარმოადგენს საქართველოს მოქალაქეების ან პირადობის ნეიტრალური მოწმობისა და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელების უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ, უცხო ქვეყნის სხვადასხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამებზე განათლების მიღების ხელშეწყობა.
საქართველოს მთავრობის 2016 წლის 22 აპრილის №201 დადგენილებით დამტკიცებული „სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრის პროგრამით“ განისაზღვრა ცენტრის მიერ სასტიპენდიო პროგრამების განხორციელების, გრანტის გაცემის წესი და პირობები. აღნიშნული პროგრამის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად,პროგრამა ხელს უწყობს საქართველოს მოქალაქეთა ან პირადობის ნეიტრალური მოწმობისა და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელთა მიერ: ა) საზღვარგარეთ უმაღლესი განათლების მე-2 და მე-3 საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამებზე განათლების მიღებას; ბ) საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ამაღლებას; გ) ამ პროგრამის საფუძველზე დამტკიცებული შესაბამისი სასტიპენდიო პროგრამების ფარგლებში დაფინანსებულ კურსდამთავრებულთა თანამშრომლობას.
დადგენილია, რომ სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის 2017 წლის 28 აპრილის №14-17 ბრძანებით დამტკიცდა სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის სასტიპენდიო პროგრამა - „საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამები 2017-2018“, დანართის №1-ს შესაბამისად. ამავე ბრძანებით გამოცხადდა სასტიპენდიო კონკურსი. ბრძანების თანახმად, კონკურსანტთა განცხადების წარდგენა უნდა მომხდარიყო ცენტრის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ინტეგრირებულ ელექტრონულ სარეგისტრაციო სისტემაში - https://app.iec.gov.ge, ელექტრონული განაცხადის ფორმის შევსებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის ატვირთვის გზით.
მითითებული ბრძანების დანართის №1-ს შესაბამისად, სასტიპენდიო პროგრამის საშუალებით საქართველოს მოქალაქეებს, პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელებს შეეძლოთ მოეპოვებინათ დაფინანსება და სწავლა გაეგრძელებინათ საზღვარგარეთ მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამებზე ამ პროგრამის ფარგლებში პრიორიტეტულად განსაზღვრულ პროგრამულ მიმართულებებზე/სპეციალობებზე. დაფინანსება გაიცემოდა კონკურსის წესით სამართლიანობის, შეჯიბრებითობისა და გამჭირვალობის პრინციპების დაცვით. გამარჯვებულის გამოვლენისა და კონკურსის ჩატარებასთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხებზე გადაწყვეტილების მიღებაზე უფლებამოსილ ორგანოდ განისაზღვრა საკონკურსო კომისია, რომელსაც მიენიჭა კონკურსანტების შეფასების კრიტერიუმებისა და შეფასების ფორმების შემუშავებისა და დამტკიცების უფლებამოსილება.
სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის 2017 წლის 9 ივნისის №21-17 ბრძანებით დამტკიცდა სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის სასტიპენდიო პროგრამის - „საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამები 2017-2018“-ის საკონკურსო კომისიის შემადგენლობა (კომისიის 10 წევრი) და განისაზღვრა კომისიის საქმიანობის წესი. აღნიშნული ბრძანების 3.4. პუნქტით დადგინდა, რომ საკონკურსო კომისიის თითოეული წევრი ელექტრონული სისტემის მეშვეობით დამოუკიდებლად შეაფასებდა კონკურსანტებს, ხოლო გამარჯვებულის გამოსავლენად კომისია გადაწყვეტილებას მიიღებდა კონკურსანტის მიერ ელექტრონული სისტემის მეშვეობით მიღებული ქულობრივი შეფასების საფუძველზე. კომისიის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილება ფორმდება შესაბამისი ოქმით, რომელსაც ხელს აწერს კომისიის თავმჯდომარე.
სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის 2017 წლის 9 ივნისის №21-17 ბრძანებით შექმნილი სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის სასტიპენდიო პროგრამის - „საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამები 2017-2018“-ის საკონკურსო კომისიის 2017 წლის 16 ივნისის №1 სხდომის ოქმით, კონკურსის მეორე და მესამე ეტაპზე კონკურსანტთა შეფასების მიზნით დამტკიცდა შეფასების ფორმები ამ ოქმის დანართის №2-ს შესაბამისად. დანართი №2 მოიცავდა როგორც კონკურსის მეორე (შინაარსობრივი შეფასების) ეტაპზე გადასულ კონკურსანტთა შეფასების კრიტერიუმებს (მოტივაცია, მიმართულების/დარგის ცოდნა, გამოცდილება, საზოგადოებრივი ხედვა, აკადემიურ სფეროში მოღვაწეობის მიზნები), ასევე კონკურსის მესამე (გასაუბრების) ეტაპზე გასულ კონკურსანტთა შეფასების კრიტერიუმებს. მესამე ეტაპზე (გასაუბრება) კონკურსანტის შეფასების კომპონენტებს წარმოადგენდა: 1. მოტივაცია (მოგვიყევით შერჩეულ მიმართულებაზე/პროგრამაზე სწავლის მიზნებზე და მისი შერჩევის საფუძველზე; განგვიმარტეთ უკვე მიღებული აკადემიური ხარისხის ან/და დაგროვილი სამუშაო გამოცდილების კავშირი შერჩეულ აკადემიურ პროგრამასთან); 2. ანალიზის, ლოგიკური მსჯელობის და არგუმენტაციის უნარი (მოგვიყევით სწავლის დასრულების შემდეგ თქვენი მოლოდინების შესახებ როგორც აკადემიური/კარიერული განვითარების თვალსაზრისით, ასევე, ამ სასტიპენდიო პროგრამის მიმართ); 3. ტოლერანტულობა, კეთილგანწყობა (გაიხსენეთ თქვენს ცხოვრებაში შექმნილი კონფლიქტური/სტრესული სიტუაცია და თქვენ მიერ შეთავაზებული გადაჭრის გზა; მოგვიყევით თქვენი მთავარი პიროვნული ფასეულობ(ებ)ის შესახებ); 4. თვითშეფასება (დაგვისახელეთ და აღგვიწერეთ თქვენი ძლიერი და სუსტი მხარეები); 5. საზღვარგარეთ სწავლისათვის მენტალური და ფსიქოლოგიური მზაობა (რა სირთულეებს და გამოწვევებს მოელით საზღვარგარეთ სწავლისას უცხო გარემოში ცხოვრების პერიოდში); 6. საზღვარგარეთ ქვეყნის პოზიტიურად პოპულარიზაციის ინტერესი და მზაობა (რა ინფორმაცია გაქვთ საქართველოს და შერჩეული ქვეყნის ურთიერთობების შესახებ? სად ხედავთ თქვენს როლს ამ ურთიერთობაში, როგორც საერთაშორისო სტუდენტი?); 7. აკადემიურ სფეროში მოღვაწეობის მიზნები (მოგვიყევით სწავლის დასრულების შემდგომ საქართველოში, აკადემიურ სფეროში მოღვაწეობის მიზნების თაობაზე). მესამე ეტაპზე კონკურსანტის მაქსიმალური შეფასება განისაზღვრა 50 ქულით და დადგინდა, რომ პირველი 6 კომპონენტის შეფასება მოხდებოდა ქულობრივი სპექტრით 0-5, მე-7 კომპონენტის შეფასება - ქულობრივი სპექტრით - 0-10, კომისიის დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში.
დადგენილია, რომ ლ----------- მონაწილებდა სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის სასტიპენდიო პროგრამის - „საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამები 2017-2018“-ის სასტიპენდიო კონკურსში. კონკურსის მე-2 ეტაპზე ლ-----------მ მიიღო - 34,7 ქულა, ხოლო მე-3 ეტაპზე (გასაუბრება) 31,3 ქულა. ამასთან, გასაუბრების ეტაპზე (მე-3 ეტაპი) მოსარჩელემ შეფასება მიიღო ყველა კრიტერიუმში, კერძოდ, თითოეულ კრიტერიუმში საშუალო ქულა მერყეობდა 3-დან 3,5 ქულის ჩათვლით, გარდა ბოლო კრიტერიუმისა (აკადემიურ სფეროში მოღვაწეობის მიზნები), რაშიც მოსარჩელე შეფასდა 6 ქულით. ჯამში ლ----------ის შეფასებამ შეადგინა 66 ქულა და სოციალური მეცნიერებების მიმართულებაში იგი რეიტინგით მე-17 ადგილზე იყო. შედეგად, სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრმა ლ-----------ს აცნობა, რომ მან ვერ გადალახა სასტიპენდიო პროგრამის „საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამები 2017-2018“ კონკურსის მესამე ეტაპი.
აღსანიშნავია, რომ „სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრის სასტიპენდიო პროგრამის - „საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამები 2017-2018“ საკონკურსო კომისიის შემადგენლობისა და საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის 2017 წლის 9 ივნისის №21-17 ბრძანების საფუძველზე შექმნილი საკონკურსო კომისია წარმოადგენს დამოუკიდებელ ორგანოს, რომელიც თავისი საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კანონმდებლობით. ამავე ბრძანების თანახმად, საკონკურსო კომისია: ა) კონკურსანტთა შერჩევის მიზნით შეიმუშავებს და ამტკიცებს შეფასების კრიტერიუმებსა და ფორმებს; ბ) იღებს გადაწყვეტილებას კონკურსის ჩატარებასთან დაკავშირებული პროცედურების თაობაზე, მათ შორის კვოტებისა და ქულობრივი ზღვრის დადგენის შესახებ, ასევე უფლებამოსილია კონკურსანტისაგან მოითხოვოს დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენა; გ) გამარჯვებულის გამოვლენის მიზნით განიხილავს და აფასებს კონკურსანტის საკონკურსო ელექტრონულ განაცხადსა და თანდართულ დოკუმენტაციას, მათ შორის ინგლისურ ენაზე შედგენილს; დ) იღებს გადაწყვეტილებას შერჩეული კანდიდატებისათვის გამოსაყოფი დაფინანსების ოდენობის განსაზღვრის შესახებ.
ამდენად, საკონკურსო კომისია კონკურსანტის შეფასებას და შესაბამისად კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენას ახორციელებს ამავე კომისიის მიერ კონკურსანტთა შერჩევის მიზნით შემუშავებული შეფასების კრიტერიუმების მიხედვით, მისთვის მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად აღნიშნა, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების გადამოწმებისას უნდა დადგინდეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების მართლზომიერება.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილება არის უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა იმოქმედოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესებით, კერძო და საჯარო ინტერესების დაცვით, რადგან დისკრეციული უფლებამოსილება არ წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოსათვის მინიჭებულ სრულ თავისუფლებას, რომლის დროსაც დაუსაბუთებელი და უსაფუძვლო გადაწყვეტილების გამოტანა იქნებოდა შესაძლებელი.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განახორციელოს დისკრეციული უფლებამოსილება მხოლოდ იმ მიზნით, რომლის მისაღწევადაც მინიჭებული აქვს ეს უფლებამოსილება.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-7 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას არ შეიძლება გამოიცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, თუ პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად აღემატება იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით კი, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა.
ამდენად, სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას ადმინისტრაციული ორგანო შებოჭილია კანონიერების პრინციპით და უნდა იმოქმედოს დემოკრატიის, სამართლებრივი სახელმწიფოსა და პირის ძირითადი უფლებების დაცვის პრინციპებიდან გამომდინარე. მიუხედავად იმისა, რომ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების ფარგლებში ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს არა კონკრეტული ვალდებულების შესრულების მიზნით, არამედ კანონით მინიჭებული თავისუფლების ფარგლებში, როგორც ზემოთაც იქნა აღნიშნული, მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა შეესაბამებოდეს კანონის მოთხოვნებსა და კანონმდებლის მიზანს, ნაკარნახევი იყოს კერძო და საჯარო ინტერესების ურთიერთშეპირისპირებით მიღებული საუკეთესო შედეგით.
სააპელაციო პალატა მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 31 იანვრის განჩინებაზე (საქმე #ბს-1284(-18)), რომლის მიხედვითაც ,,ეროვნულმა სასამართლოებმა დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების კანონიერებაზე მსჯელობისას უნდა გამოიკვლიონ რამდენად დასაბუთებულია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საკითხის შერჩეული გადაწყვეტა, რაც თავის მხრივ, უნდა ეფუძნებოდეს საქმეზე ფაქტების ობიექტურ გამოკვლევა-დადგენა-შეფასებას. სასამართლო ამოწმებს არა შერჩეული გადაწყვეტილების მიზანშეწონილობას, არამედ მის კანონიერება-დასაბუთებულობას, ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა დაასაბუთოს, რომ მიღებული გადაწყვეტილება ყველაზე მისაღები, ოპტიმალური იყო არსებული შესაძლებლობებიდან და არა თავად განუსაზღვროს ორგანოს რამდენიმე ალტერნატიული ღონისძიებიდან რომელი უნდა გამოიყენოს. სასამართლო ამოწმებს არა შერჩეული გადაწყვეტილების მიზანშეწონილობას, არამედ, მის კანონიერება-დასაბუთებულობას. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო კონტროლი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილების კანონიერებაზე ვრცელდება იმ მასშტაბით, რომ სასამართლომ უნდა შეაფასოს სადავო გადაწყვეტილებაში გამოყენებულია თუ არა საკითხის გადაწყვეტის ყველაზე მისაღები საშუალება და დასაბუთებულია თუ არა გამოყენებული ღონისძიების ყველაზე მისაღები ხასიათი შესაძლო ალტერნატიულ ღონისძიებებთან შედარებით''.
მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით წერილობით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას. კერძოდ, კერძოდ, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. სააპელაციო პალატა ასევე ხელმძღვანელობს ამავე კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილით, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე სადაოდ ხდის აპელანტის მიერ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების მართლზომიერებას. კერძოდ, მიუთითებს, რომ კონკურსის მე-3 ეტაპზე, მასთან ჩატარებული გასაუბრება არ შეესაბამებოდა დადგენილ წესს და შესაბამისად, კომისიამ არსებითი გარემოებების გამოკვლევის გარეშე მიიღო სადაო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. აპელანტი ამ გარემოებას არ ეთანხმება, თუმცა მის მიერ არ არის წარმოდგენილი გასაუბრების ამსახველი მტკიცებულება, რაც სასამართლოს ართმევს გასაუბრების პროცესის ანალიზის, შინაგანი რწმენის ჩამოყალიბებისა და სადავო აქტის კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადგენის შესაძლებლობას.
ამასთან, სააპელაციო პალატა იზიარებს აპელანტის მითითებას იმის შესახებ, რომ კონკურსის წარმოების პროცედურა მკვეთრად გაწერილი არ არის შესაბამისი ნორმატიული აქტებით, თუმცა აღსანიშნავია, რომ გასაუბრების ოქმის დანიშნულებას და მისი წარმოების სამართლებრივ მიზანს წარმოადგენს სწორედ გასაუბრების მსვლელობის აღწერა და იმ ფაქტების დეტალიზაცია, რომლის საფუძველზეც შესაძლებელი იქნებოდა სადავო აქტის დასაბუთებულობის კანონიერების შემოწმება და შესაბამისად, დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მიღებულ გადაწყვეტილებაზე სასამართლო კონტროლის განხორციელება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებას სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთების ვალდებულებაზე. სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მოქმედებისას განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ გამოცემული აქტი იყოს არგუმენტირებული, დასაბუთებული და მხარისათვის გასაგები, რათა შესაძლებელი გახდეს დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენების კანონიერების გადამოწმება და დისკრეციულ უფლებამოსილებაში შეცდომის დაშვება გამოირიცხოს. სადავო აქტი კი მსგავს დასაბუთებას არ შეიცავს. შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად არ გაიზიარა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს პოზიცია. სასამართლომ სწორად გაამახვილა ყურადღება იმ გარემოებაზე, რომ მოპასუხე სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი გასაუბრების ამსახველი შესაბამისი დოკუმენტი ან სხვა სახის მტკიცებულება, რომლის საფუძველზეც შესაძლებელი იქნებოდა სადავო აქტის დასაბუთებულობის, კანონიერების შემოწმება და შესაბამისად, დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მიღებულ გადაწყვეტილებაზე სასამართლო კონტროლის განხორციელება. მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებიდან არ ირკვევა თუ როგორ შეაფასა ადმინისტრაციულმა ორგანომ ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მართებულია. თავის მხრივ, აპელანტის მიერ ვერ იქნა გაბათილებული პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი დასკვნები, რისი გათვალისწინებითაც, არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები.
7. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
7.1. ზემოაღნიშნული გარემოებების ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივრით ვერ იქნა გაბათილებული თბილისის საქალაქო სასამართლოს დასკვნები სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ. პირველი ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა სადავო საკითხი, რის გამოც არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები. შესაბამისად, უცვლელად უნდა დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილება.
8. საპროცესო ხარჯები
8.1. ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,უ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
მოცემულ შემთხვევაში, სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, მისი სააპელაციო საჩივრის განხილვასთან დაკავშირებულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 397-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილება;
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №6), დასაბუთებული განჩინების მხარეთათვის გადაცემიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა).
მოსამართლე (თავმჯდომარე) ლევან მურუსიძე
მოსამართლეები შორენა ყაველაშვილი
ლაშა თავართქილაძე