1. მშენებლობის განმახორციელებელი მშენებლობის შეთანხმების მისაღებად მშენებლობის შეთანხმების გამცემ ადმინისტრაციულ ორგანოში წარადგენს განცხადებას, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.

2. განცხადებას თან უნდა დაერთოს:

ა) მიწის ნაკვეთზე და, საჭიროების შემთხვევაში, მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობაზე საკუთრების ან სარგებლობის დამადასტურებელი საბუთი;

ბ) მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი;

გ) არსებობის შემთხვევაში, არქიტექტურული პროექტის, კონსტრუქციული ან/და ტექნოლოგიური სქემის შეთანხმების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი;

დ) ობიექტის ადგილმდებარეობის მისამართი და საკადასტრო კოდი;

ე) შენობა-ნაგებობის ფუნქციური დანიშნულება და გამოყენების მიზანი;

ვ) შენობა-ნაგებობის დამპროექტებლის მონაცემები სახელი/იურიდიული დასახელება, საკონტაქტო ინფორმაცია, ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან, ამ უკანასკნელის არქონის შემთხვევაში – პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

ზ) თუ შესრულებულია სამშენებლო მიწის ნაკვეთის (სამშენებლო მოედნის) კვლევა, მკვლევარის მონაცემები სახელი/დასახელება, საკონტაქტო ინფორმაცია, ამონაწერი სამეწარმეო რეგისტრაციიდან, ამ უკანასკნელის არქონის შემთხვევაში – პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

თ) დროებითი შენობა-ნაგებობის მშენებლობის შემთხვევაში – გამოყენების მოთხოვნილი პერიოდი;

ი) სანებართვო შენობა-ნაგებობის კლასისა და სამშენებლო საქმიანობის სახეობისათვის ამ წესით გათვალისწინებული დოკუმენტაცია;

კ) ამ წესით განსაზღვრულ შემთხვევებში, საექსპერტო დასკვნა;

ლ) ამ წესით განსაზღვრულ შემთხვევებში ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა.

3. იმ შემთხვევაში, როდესაც აუცილებელია არქიტექტურული პროექტის ფასადის ნაწილის შეთანხმება, მშენებლობის განმახორციელებლის დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე მშენებლობის შეთანხმების გამცემი ორგანო უფლებამოსილია გასცეს მშენებლობის შეთანხმება შენობის ფასადების შეთანხმებული პროექტის გარეშე და შეთანხმების პირობებით განუსაზღვროს ამ უკანასკნელის წარმოდგენის პირობები და ვადები, თუმცა ფასადების პროექტები წარდგენილ უნდა იქნეს შენობის ნულოვანი ეტაპის დასრულებამდე.

4. თუ V კლასს დაქვემდებარებული ობიექტების მშენებლობა დაკავშირებულია დასამუშავებელი მშენებლობის განხორციელების დოკუმენტების დიდ მოცულობასთან და შემჭიდროებულ ვადებში შესასრულებელ მასშტაბურ სამუშაოებთან, აგრეთვე გართულებულია დაპროექტებისათვის საჭირო გარემოებათა დაზუსტება, რის გამოც შეუძლებელია ბოლო სტადიისათვის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისი სამშენებლო დოკუმენტის პროექტის წარდგენა, მშენებლობის განმახორციელებლის სათანადოდ დასაბუთებული შუამდგომლობის შემთხვევაში გაიცემა მშენებლობის შეთანხმება და სანებართვო პირობებში განისაზღვრება სამშენებლო დოკუმენტის პროექტის დარჩენილი ნაწილების წარდგენის პირობები და ვადები.

5. იმ შემთხვევაში, როდესაც დამკვეთს წარმოადგენს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება „საავტომობილო გზების დეპარტამენტი“ (შემდგომში – საავტომობილო გზების დეპარტამენტი), გზების ან მათზე განთავსებული საინჟინრო ნაგებობების (ხიდი, გვირაბი და სხვა) საპროექტო დოკუმენტაციაში ცვლილებების შეტანისას, რომლებზეც გაცემულია შეთანხმება მშენებლობაზე და რაც არ არის დაკავშირებული გზის კონფიგურაციის მნიშვნელოვან ცვლილებასთან (არ ცილდება პროექტით დადგენილ განთვისების ზოლის ფარგლებს) ან ახალი რთული საინჟინრო ნაგებობების მშენებლობასთან (ხიდი, ესტაკადა, გვირაბი და სხვა), ამ შემთხვევაში საავტომობილო გზების დეპარტამენტი შემთანხმებელ ორგანოში წარადგენს სათანადო წერილობით ინფორმაციას, რასაც თან უნდა დაერთოს – საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ დამოწმებული შეცვლილი საპროექტო დოკუმენტაცია (2 ეგზ.) და საავტომობილო გზების დეპარტამენტის ტექნიკური საბჭოს დადებითი დასკვნა (2 ეგზ.) წარდგენილი მასალის ერთ ეგზემპლარს შემთანხმებელი ორგანო ურთავს ამ ობიექტზე მშენებლობის შეთანხმების მიღებისთვის წარმოდგენილ პირველად დოკუმენტაციას, რაც წარმოადგენს საშემთანხმებლო დოკუმენტაციის განუყოფელ ნაწილს, მეორე ეგზემპლარს უგზავნის საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს გამგებლობაში მყოფ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას – „მთავარ არქიტექტურულ-სამშენებლო ინსპექციას“ (შემდგომში – მთავარი არქმშენინსპექცია), ხოლო საავტომობილო გზების დეპარტამენტს წერილობით აცნობებს წარმოდგენილი მასალების მიღების თაობაზე.

6. მშენებლობის განმახორციელებელი მშენებლობის შეთანხმების გამცემ ადმინისტრაციულ ორგანოში წარადგენს მშენებლობის განხორციელების დოკუმენტების მინიმუმ სამ და მაქსიმუმ ექვს ეგზემპლარს. IV და V კლასებს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობების მშენებლობისას მშენებლობის განმახორციელებმა მშენებლობის შეთანხმების გამცემ ადმინისტრაციულ ორგანოში უნდა წარადგინოს დამატებით ერთი ციფრული ეგზემპლარი.

7. სავალდებულო ექსპერტიზას დაქვემდებარებული ობიექტების პროექტზე მშენებლობის განმახორციელებელი წარადგენს „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 25-ე მუხლის შესაბამისად შერჩეული ექსპერტების მიერ გაცემულ საექსპერტო დასკვნა