1. მშენებლობის განმახორციელებელი იკვლევს მშენებლობისათვის საჭირო ქალაქთმშენებლობით პირობებს და იმ ტექნიკურ, თუ სხვა სახის პირობებს, რომლებიც საჭიროა სამშენებლო დოკუმენტაციის შესაქმნელად.

2. მშენებლობის განმახორციელებელი დაპროექტებისათვის საჭირო პირობების მოსაპოვებლად/შესათანხმებლად მიმართავს შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოებსა და კომპანიებს, ესენია:

ა) მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებისათვის და საპროექტო დოკუმენტაციის შეთანხმებისთვის – ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილ ორგანოებს;

ბ) IV კლასს დაქვემდებარებულ შენობა-ნაგებობათა მშენებლობის შეთანხმების გაცემის ადმინისტრაციულ წარმოებაში – სამშენებლო საქმიანობის პოლიტიკის განმსაზღვრელ შესაბამის უფლებამოსილ სახელმწიფო ორგანოს, გარდა აფხეზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ან თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში შესათანხმებელი მშენებლობისა. აფხეზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ადმინისტრაციულ საზღვრებში, IV კლასს დაქვემდებარებულ შენობა-ნაგებობათა მშენებლობის შეთანხმება ხორციელდება აფხეზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში სამშენებლო საქმიანობის განმსაზღვრელ შესაბამის უფლებამოსილ სახელმწიფო ორგანოსთან, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მშენებლობის შეთანხმება გაიცემა სოხუმისა და ბათუმის ადმინისტრაციულ საზღვრებში.

გ) გუდაურის, ბაკურიანის, ბახმაროს, ურეკის სარეკრეაციო ზონებისათვის, ასევე ქ. ბორჯომის ტერიტორიაზე განსაკუთრებული სამშენებლო რეგულირების ზონებისათვის – საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო;

დ) კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონებში (გარდა ქალაქ თბილისის ტერიტორიისა და კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლებისა) – საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო;

ე) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონებში (გარდა კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლებისა) – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურული მემკვიდრეობის საბჭო, რომლის შემადგენლობა მტკიცდება საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროსთან შეთანხმებით;

ვ) დაცული ტერიტორიისა და იმ ობიექტებისათვის, რომლებშიც განსახორციელებელი სამშენებლო საქმიანობა ექვემდებარება გარემოზე ზემოქმედების შეფასებასა და, შესაბამისად, ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარებას – საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო;

ზ) სანაპირო ზოლში ან/და სანაპირო ზონებში – საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სსიპ – გარემოს ეროვნული სააგენტო;

თ) სასაზღვრო ზოლში ან/და სასაზღვრო ზონებში – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიცია;

ი) ისეთი შენობა-ნაგებობისათვის, რომელიც უკავშირდება საქართველოს ერთიან ენერგეტიკულ სისტემას, ან/და რომელიც უშუალოდ გამოიყენება ელექტროენერგიის წარმოებისათვის, მათ შორის, იმ ენერგეტიკული ობიექტების, რომელთა განთავსებაც გათვალისწინებულია შემდეგ მდინარეებზე: ენგური, რიონი, ყვირილა, მტკვარი, ხრამი, თერგი, ქსანი, არაგვი, სუფსა, ბახვისწყალი, ხობისწყალი, ტეხური, ცხენისწყალი, ძირულა, ნენსკრა, კინტრიში, ჯეჯორა, ხანისწყალი, გუბაზეული, ფარავანი, სტორი, ნაკრა, ხელედულა, ჯანაული, საკაურა, ჩაქვისწყალი, წაბლარისწყალი, სამყურისწყალი, მაგანა, პირიქითა ალაზანი, ჭანის წყალი, ლებარდე, წაჩხურუ, ხუმპრერი, ჩეშურა, დუმალა, შავი წყალი, აკავრეთა, სხალთა, იორი, ავანის ხევი, დურუჯი, ურაველი, ჩელთი, ბჟოლის ხევი, ლუხუნის წყალი, აჭარის წყალი, ამალა, ჩხერი, ჯუთა და ხდის წყალი – საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო;

კ) მაგისტრალური ნავთობსადენისათვის, მაგისტრალური (მაღალი წნევის) გაზსადენისათვის, ფუნიკუ-ლიორისათვის, საჰაერო-საბაგირო გზისა და იმ შენობა-ნაგებობისათვის, რომელშიც საშიში საწარმოო პროცესის მიმდინარეობის ან კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრული სახიფათო ნივთიერებების შენახვა-გამოყენების გამო საჭიროებს უსაფრთხოების დაცვის განსაკუთრებულ პირობებს – საქართველოს ტექნიკური ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექცია;

ლ) წყალსადენკანალიზაციის, ელექტრომომარაგების, გაზმომარაგებისა და კავშირგაბმულობის სისტემებისათვის – შესაბამის კომპანიებს;

მ) ხაზოვანი ნაგებობების განსხვისების ზოლებში მშენებლობისას, კანონმდებლობით დადგენილი შემთხვევისათვის – ხაზოვანი ნაგებობების შესაბამის მფლობელ ორგანიზაციას.

3. მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცება/შეთანხმება ხორციელდება მარტივი ადმინისტრაციული წარმოებით.

4. მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცება/შეთანხმებისათვის განცხადება და თანდართული დოკუმენტები წარედგინება „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 45-ე მუხლით განსაზღვრული ფორმითა და შემადგენლობი