დაუშვებლად იქნა ცნობილი

ადმინისტრაციული 27.04.2026
საქმის ნომერი
ბს-1005(3კ-25)
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
27.04.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

Nბს-1005(3კ-25) 27 აპრილი, 2026 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე, თამარ ზამბახიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს მთავრობის (მოპასუხე), საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (მოპასუხე) და სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს (მოპასუხე) საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 8 მაისის განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ლ.ღ-ი (მხარდამჭერი პირი - ნ.მ-ე), მესამე პირი - ა(ა)იპ „ ...“).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2020 წლის 25 სექტემბერს ლ.ღ-ის წარმომადგენელმა დროებითი განჩინების გამოცემის შესახებ განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას. განმცხადებელმა მოითხოვა საქართველოს მთავრობისა და სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოსთვის ლ.ღ-ის, მის საჭიროებებზე (2 შესაბამისი კვალიფიკაციის და თერაპიული გამოცდილების მქონე მამრობითი სქესის პირის ჩართულობით, დღეში 12 საათის განმავლობაში უქმე დღეების ჩათვლით) მორგებული შინ მოვლის ქვეპროგრამაში ჩართვის დავალება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 28 სექტემბრის დროებითი განჩინებით, ლ.ღ-ის განცხადება, სარჩელის აღძვრამდე დროებითი განჩინების მიღების თაობაზე, დაკმაყოფილდა; დაევალა საქართველოს მთავრობასა და სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს განმცხადებლის - ლ.ღ-ის, მის საჭიროებებზე (2 შესაბამისი კვალიფიკაციის და თერაპიული გამოცდილების მქონე მამრობითი სქესის პირის ჩართულობით, დღეში 12 საათის განმავლობაში უქმე დღეების ჩათვლით) მორგებული შინ მოვლის ქვეპროგრამაში ჩართვა.

2020 წლის 7 ოქტომბერს ლ.ღ-ის წარმომადგენლებმა სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას. დაზუსტებული სარჩელის წარმოდგენის შემდგომ, მოსარჩელემ მოპასუხეებად მიუთითა საქართველოს მთავრობა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო. მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხეთათვის ლ.ღ-ის სასარგებლოდ, მის საჭიროებებზე მორგებული, ინდივიდუალური მომსახურების (შინ ზრუნვის) უზრუნველყოფაზე უკანონოდ უარის თქმის გამო მიყენებული მორალური ზიანის 25 000 ლარის ოდენობით, სოლიდარულად ანაზღაურების დავალება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 20 სექტემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა ა(ა)იპ „...“.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, ლ.ღ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; სოლიდარულად დაევალათ საქართველოს მთავრობას, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს მოსარჩელე ლ.ღ-ის სასარგებლოდ, მის საჭიროებებზე მორგებული, ინდივიდუალური მომსახურების (ბინაზე მოვლის) უზრუნველყოფაზე უკანონოდ უარის თქმის გამო მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურება 12 000 ლარის ოდენობით; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხე მხარეებმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 8 მაისის განჩინებით, საქართველოს მთავრობის, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ მიუთითა საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე, „ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციის პირველ, მე-3, 24-ე მუხლებზე, ბავშვის უფლებათა კოდექსის მე-5, მე-7, მე-11, 27-ე, 41-ე, 85-ე მუხლებზე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის მე-2, მე-5, 25-ე, 26-ე მუხლებზე, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კომიტეტის 2018 წლის 6 აპრილის №6 ზოგადი კომენტარის 23-ე, 24-ე, 25-ე პუნქტებზე და გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტება იმის შესახებ, რომ გონივრული მისადაგების კონვენციით გარანტირებული პრინციპი გულისხმობს სოციალური, მათ შორის, სამედიცინო მომსახურების ფორმის და შინაარსის კონკრეტული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ინდივიდუალურ საჭიროებებთან ზუსტ შესაბამისობაში მოყვანას დაუყოვნებლივ და აღნიშნულის უგულვებელყოფა მიიჩნევა დისკრიმინაციად. ამასთან, სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კომიტეტის 2018 წლის 6 აპრილის №6 ზოგადი კომენტარის 66-ე პუნქტის მიხედვით, კონვენციის მე-5 და 25-ე მუხლების შესაბამისად, წევრმა სახელმწიფოებმა უნდა აკრძალონ და თავიდან აირიდონ დისკრიმინაციული უარი შშმ პირთა მიერ ჯანდაცვის სერვისების წვდომაზე, მათ შორის, სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის უფლებებზე. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა გადადგან ნაბიჯები შშმ პირთა დისკრიმინაციის წინააღმდეგ, რომელიც არღვევს მათ ჯანმრთელობის უფლებას თავისუფალი და ინფორმირებული თანხმობის საფუძველზე ჯანდაცვის მიღების, ასევე, ობიექტებისა თუ ინფორმაციის მიუწვდომლობით. სააპელაციო პალატამ ასევე იხელმძღვანელა ევროპის საბჭოს მიერ დამტკიცებული შეზღუდული შესაძლებლობების 2017-2023 წლების სტრატეგიის 36-ე პუნქტით, სადაც ევროპის საბჭომ აღნიშნა, რომ საჭირო ხელმისაწვდომობის მექანიზმებთან ერთად, რომლებიც დაკავშირებულია ჯგუფებთან, შესაძლოა ინდივიდუალური ბარიერების აღმოფხვრა პიროვნებაზე მორგებული გონივრული მისადაგების უზრუნველყოფით. უარი ხელმისაწვდომობაზე ხელს უწყობს დისკრიმინაციას.

სააპელაციო სასამართლომ საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნია, რომ არასრულწლოვანმა მოსარჩელე ლ.ღ-იმა, წარმომადგენლების მეშვეობით 2020 წლის 11 სექტემბერს განცხადებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს. აღნიშნულ განცხადებაში სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს განემარტა, რომ პაციენტი ლ.ღ-ის მდგომარეობა საგრძნობლად იყო გაუარესებული, დაეწყო გახშირებული სტერეოტიპული მოძრაობები და ქცევის დარღვევა, ასაკის მატებასთან ერთად აგრესიას გამოხატავდა ოჯახის წევრების მიმართ, რთული ქცევების გამო ვეღარ სარგებლობდა დღის ცენტრის პროგრამის მომსახურებით, რადგან აღმზრდელი ვერ ახერხებდა მისი ქცევის მართვას. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე, საქართველოს მთავრობისა და სააგენტოს წარმომადგენლებმა დაადასტურეს, რომ არ არსებობდა ლ.ღ-ის საჭიროებებზე მორგებული სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის პროგრამა, რომელიც საჭირო იყო რომ შექმნილიყო; ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობებში ხაზგასმული იყო პერსონალური ასისტენტის და მეთვალყურის ყოლის აუცილებლობა და სააგენტოს ეთხოვა შესაბამისი პროგრამის შემუშავებამდე მომხდარიყო ლ.ღ-ის ჩართვა შინმოვლის ქვეპროგრამაში იმგვარად, რომ მისი უსაფრთხოების და საჭიროებების გათვალისწინებით შინმოვლაში ჩართული ყოფილიყო ორი ადამიანი, მამრობითი სქესის, რომლებსაც ექნებოდათ თერაპიული გამოცდილება შშმ ბავშვებთან ურთიერთობის საკითხებში. შინმოვლის პერიოდი უნდა ყოფილიყო დღეში 12 საათი. განცხადებას დაერთო ლ.ღ-ის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა. განცხადების წარდგენის ერთ-ერთი მიზეზი იყო ის, რომ მდგომარეობის უკიდურესად გამწვავების გამო, სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის (სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა) მიერ, მოსარჩელე ლ.ღ-ი 2020 წლის 26 აგვისტოს გადაყვანილი იქნა შპს „... ...ს“ ფსიქიატრიულ დეპარტამენტში, სადაც იგი იმყოფებოდა 2020 წლის 4 ნოემბრამდე. აღნიშნული ...ის მიერ წარმოებული სამედიცინო ჩანაწერების მიხედვით, მოსარჩელე ლ.ღ-ი არ საჭიროებდა სტაციონარულ მკურნალობას, თუმცა დედას არ მიჰყავდა სახლში იმის შიშით, რომ იგი იქნებოდა აგრესიული და ვერ უზრუნველყოფდა მისი ქცევის მართვას. დედა ელოდებოდა მისთვის პერსონალური ასისტენტების დანიშვნას. იმავე სამედიცინო ჩანაწერების მიხედვით, 2020 წლის 21 ოქტომბერს, სამედიცინო პერსონალის მიერ მოსარჩელე ლ.ღ-ის ქცევის მართვის შემდეგ, მის სხეულზე დედის მიერ აღმოჩენილი იქნა ფიზიკური დაზიანებები, რომლის გამოც, დედის განცხადების საფუძველზე დაიწყო გამოძიება და მოსარჩელე ლ.ღ-ი ცნობილ იქნა დაზარალებულად.

სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2020 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 დეკემბრის №670 დადგენილება, 2020 წლის აგვისტო-სექტემბრის მდგომარეობით ითვალისწინებდა განვითარების მძიმე და ღრმა შეფერხების მქონე ბავშვთა ბინაზე მოვლით უზრუნველყოფის ქვეპროგრამას, რომლის მიხედვით (დანართი 1.13, მუხლი 2, „ბ“ ქვეპუნქტი), ქვეპროგრამის ღონისძიებებში შედიოდა ბავშვის შეფასება და მომსახურების მიწოდება ბინაზე ან საჭიროების შემთხვევაში, სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში, რომელიც მულტიდისციპლინური გუნდის მიერ შემუშავებული ინდივიდუალური მომსახურების გეგმის შესაბამისად ყველა შემთხვევაში ითვალისწინებს მომვლელისა და განვითარების სპეციალისტის მომსახურებას და ამასთანავე, ამავე გეგმის შესაბამისად განსაზღვრული მულტიდისციპლინური გუნდის სათანადო სპეციალისტ(ებ)ის (მათ შორის საჭიროებისამებრ: ოკუპაციური თერაპევტის, ფიზიკური თერაპევტის, მეტყველების სპეციალისტის, ფსიქოლოგის, პედიატრის), მომსახურებას, სულ, თვეში არანაკლებ 44 საათისა. ამასთან, მომსახურებაში შედიოდა ბენეფიციარის შეფასება და ინდივიდუალური მომსახურების გეგმის შემუშავება/განხორციელება; ბენეფიციართა ვერბალური/ალტერნატიული კომუნიკაციის განვითარების ხელშეწყობა; ბენეფიციარის მოვლა და დახმარება კვების, საპირფარეშოს, პირადი ჰიგიენის დაცვის პროცესში; ბენეფიციარის და ოჯახის წევრებისთვის შესაბამისი რეკომენდაციების მიწოდება და მხარდაჭერა; ბავშვის დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის საჭირო უნარების განვითარება; ბავშვის პოზიტიური ქცევის მხარდაჭერა; ბავშვის და ოჯახის წევრების საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა; ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგი.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ვინაიდან მოსარჩელის 2020 წლის 11 სექტემბრის განცხადებაში განსაზღვრული მოთხოვნები არ იქნა დაკმაყოფილებული, 2020 წლის 25 სექტემბერს მოსარჩელემ წარმომადგენლების მეშვეობით შუამდგომლობით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას და სარჩელის აღძვრამდე მოითხოვა დროებითი განჩინების გამოცემა მოსარჩელე ლ.ღ-ის შინ მოვლის ქვეპროგრამაში ჩართვასთან დაკავშირებით, იმგვარად, რომ მისი უსაფრთხოების და საჭიროებების გათვალისწინებით შინმოვლაში ჩართული ყოფილიყო ორი ადამიანი, მამრობითი სქესის, რომლებსაც ექნებოდათ თერაპიული გამოცდილება შშმ ბავშვებთან ურთიერთობის საკითხებში. ბინაზე მოვლის პერიოდი უნდა ყოფილიყო დღეში 12 საათი. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 28 სექტემბრის დროებითი განჩინებით, მოსარჩელის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და საქართველოს მთავრობას, ასევე სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს დაევალათ მოსარჩელის საჭიროებებზე მორგებული შინმოვლის ქვეპროგრამაში ჩართვა 2 შესაბამისი კვალიფიკაციის და თერაპიული გამოცდილების მქონე მამრობითი სქესის პირის ჩართულობით, დღეში 12 საათის განმავლობაში უქმე დღეების ჩათვლით. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 28 სექტემბრის დროებითი განჩინება შევიდა კანონიერ ძალაში.

სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 28 სექტემბრის დროებითი განჩინების საფუძველზე, საქართველოს მთავრობამ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მიერ 2020 წლის 20 ოქტომბერს წარდგენილი საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტის შესაბამისად, მხოლოდ 2020 წლის 30 ოქტომბერს მიიღო დადგენილება „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2020 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 დეკემბრის №670 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, რომლითაც დანართი 1.13-ის (განვითარების მძიმე და ღრმა შეფერხების მქონე ბავშვთა ბინაზე მოვლით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა) მე-2 მუხლში შევიდა ცვლილება და „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: ,,ბავშვის შეფასება და მომსახურების მიწოდება ბინაზე ან საჭიროების შემთხვევაში, სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში, რომელიც მულტიდისციპლინური გუნდის მიერ შემუშავებული ინდივიდუალური მომსახურების გეგმის შესაბამისად ყველა შემთხვევაში ითვალისწინებს მომვლელისა და განვითარების სპეციალისტის მომსახურებას და ამასთანავე, ამავე გეგმის შესაბამისად განსაზღვრული მულტიდისციპლინური გუნდის სათანადო სპეციალისტ(ებ)ის (მათ შორის, საჭიროებისამებრ: ოკუპაციური თერაპევტის, ფიზიკური თერაპევტის, მეტყველების სპეციალისტის, ფსიქოლოგის, პედიატრის) მომსახურებას, სულ თვეში არა უმეტეს 44 საათისა.“ ამასთან, მე-2 მუხლს დაემატა შემდეგი „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტები „გ) რთული ქცევის მქონე ბენეფიციართათვის ამ მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ღონისძიებებთან ერთად მულტიდისციპლინური გუნდის მიერ გამოვლენილი საჭიროებების შემთხვევაში, მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაცია უფლებამოსილია, გაუფორმოს ხელშეკრულება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან მუშაობის გამოცდილების მქონე პირებს, რომლებიც უზრუნველყოფენ შესაბამის ბენეფიციარებზე ინდივიდუალური ზრუნვის განხორციელებას; დ) ამ მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ზრუნვის დრო და ხანგრძლივობა უნდა შეესაბამებოდეს შრომის კანონმდებლობას და გაწერილი უნდა იყოს ინდივიდუალური მომსახურების გეგმაში; ე) ამ მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირს ზედამხედველობას უწევს კონსულტანტი რთული ქცევის მართვის საკითხებში, რომელსაც აქვს დამოუკიდებელი პრაქტიკა და შეუძლია რთული ქცევის მართვაზე პროფესიული ზედამხედველობის განხორციელება.“

სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ სასამართლო გადაწყვეტილების (დროებითი განჩინების) საფუძველზე, „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2020 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 დეკემბრის №670 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 30 ოქტომბრის №654 დადგენილებით განხორციელებული ცვლილების შესაბამისად, მოსარჩელე ლ.ღ-ი 2020 წლის 6 ნოემბრიდან ჩაერთო მძიმე და ღრმა გონებრივი განვითარების შეფერხების მქონე ბავშვთა ბინაზე მოვლის ქვეპროგრამაში, რომლის განხორციელებას შეუდგა მესამე პირი - ააიპ „...“. ააიპ „...-ს“ მიერ განისაზღვრა მოსარჩელე ლ.ღ-ის ინდივიდუალური მომსახურების გეგმა, რომლის მიხედვით, მოსარჩელეს დაენიშნა სამუშაო დღეებში 12 საათიანი, ხოლო უქმე დღეებში 10 საათიანი 2 პერსონალური ასისტენტის მომსახურება. 2020 წლის 6 ნოემბრიდან დღემდე, მოსარჩელე ლ.ღ-ი ჩართულია მძიმე და ღრმა გონებრივი განვითარების შეფერხების მქონე ბავშვთა ბინაზე მოვლის ქვეპროგრამაში და ინდივიდუალური საჭიროებებიდან გამომდინარე, სხვადასხვა სახის გამოწვევების იდენტიფიცირებისა და გათვალისწინებული ღონისძიებების კორექტირების პირობებში ხორციელდება მისთვის საჭირო ინდივიდუალური მზრუნველობა შესაბამისი სპეციალისტების ჩართულობით.

სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს მთავრობის მიერ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 28 სექტემბრის დროებითი განჩინება დაუყოვნებლივ არ იქნა აღსრულებული, რაც შესაბამის ნორმატიულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში დაუყოვნებლივ სათანადო ცვლილების განხორციელებას გულისხმობდა. სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითება იმის შესახებ, რომ მართალია, ნორმატიულ აქტში ცვლილების განსახორციელებლად კანონით დადგენილია პროცედურა, თუმცა ნორმატიულ აქტში ცვლილების განხორციელებისათვის საქართველოს მთავრობის მიერ გამოყენებული თითქმის ერთი თვე, მოცემული ცვლილების შინაარსისა და სირთულის ხარისხის გათვალისწინებით, სცილდება ყოველგვარი გონივრულობის ფარგლებს. სამედიცინო მომსახურება, რომელსაც ცვლილება ითვალისწინებდა, უკვე განსაზღვრული იყო შესაბამისი ნორმატიული აქტით და მისი მისადაგება იყო მხოლოდ საჭირო მოსარჩელის საჭიროებებთან. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მითითებული განჩინებით, საქართველოს მთავრობას დაევალა უკვე არსებული სოციალური პროგრამის მოსარჩელის საჭიროებებთან მისადაგება და მისი უზრუნველყოფა, რაც მას ავალდებულებდა მომსახურების უზრუნველყოფას, მყისიერად, დაუყოვნებლივ გაწევას, თუნდაც შესაბამის ნორმატიულ აქტში ცვლილების განხორციელებამდე, რაც არ იქნა განხორციელებული. სააპელაციო პალატის განმარტებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული, კანონიერ ძალაში შესული დროებითი განჩინების მიზანს სამართლებრივი ურთიერთობის წინასწარ დროებით მოწესრიგება წარმოადგენდა, რათა თავიდან აცილებულიყო კანონიერების პრინციპისა და პირის უფლებათა უკანონო შეზღუდვა. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოების მიერ, მოსარჩელისათვის სათანადო, საჭირო სამედიცინო და სოციალური მომსახურების მყისიერი გაუწევლობის გამო, მოსარჩელე განთავსდა მისი სამედიცინო და სოციალური საჭიროებებისათვის შეუსაბამო სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც მან მიიღო სხეულის დაზიანებები და არასათანადო მოპყრობა. ყოველივე ზემოაღნიშნული კი, უნდა შეფასდეს მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოების მხრიდან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის მიმართ მათთვის დაკისრებული საჯარო ფუნქციის უხეშ დარღვევად.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლზე და განმარტა, რომ კანონი პირდაპირ განსაზღვრავს, თუ რომელი სიკეთის ხელყოფის შემთხვევაში შეუძლია დაზარალებულს მოითხოვოს ანაზღაურება არაქონებრივი ზიანისათვის. აღნიშნული ნორმის მიზანია შეამციროს, შეზღუდოს ამ ნორმით გათვალისწინებული შედეგის დაუსაბუთებელი გაფართოება, რათა უზრუნველყოფილი იქნეს სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობა და წესრიგი. მორალური ზიანი სახეზეა, როდესაც სახეზეა ადამიანის ფსიქიკის სფეროში ნეგატიური ცვლილების არსებობა, რაც გამოიხატება ფიზიკურ და ზნეობრივ ტანჯვაში. ზიანის ანაზღაურებისას გადამწყვეტ როლს ასრულებს ზიანის სიმძიმე. მსუბუქი სულიერი განცდები, მსგავსად მსუბუქი ფიზიკური ტკივილისა, მხედველობაში არ მიიღება. მორალური ზიანის ანაზღაურებას აკისრია სამი ფუნქცია: პირველი - დააკმაყოფილოს დაზარალებული; მეორე - ზემოქმედება მოახდინოს ზიანის მიმყენებელზე; მესამე - თავიდან აიცილოს პიროვნული უფლებების ხელყოფა სხვა პირების მიერ. არაქონებრივი ზიანის ანაზღაურება მიზნად არ ისახავს მიყენებული ზიანის სრულ რესტიტუციას, რადგან მიყენებულ ზიანს ფულადი ეკვივალენტი არ გააჩნია და შეუძლებელია მისი სრული კომპენსაცია. მორალური ზიანის ანაზღაურების ოდენობა უნდა იყოს გონივრული და სამართლიანი. მორალური ზიანის ოდენობას ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, მთელი რიგი ფაქტორების გათვალისწინებით განსაზღვრავს სასამართლო. მოცემული საქმის გარემოებების, მოსარჩელის მიერ განცდილი სტრესის და უარყოფითი ემოციების ხარისხის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად განსაზღვრა, რომ მორალური ზიანის ანაზღაურებისათვის მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი 25 000 ლარი არ წარმოადგენდა ადეკვატურ ოდენობას და მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოებს სოლიდარულად სწორად დაეკისრათ მორალური ზიანის ანაზღაურება გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით, 12 000 ლარის ოდენობით.

სააპელაციო პალატამ „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2020 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 დეკემბრის №670 დადგენილების დანართი №1.13-ის მე-6 მუხლზე, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 29 იანვრის №58 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტზე, მე-5 მუხლის „პ“ ქვეპუნქტზე, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველ პუნქტზე, ასევე, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 სექტემბრის №473 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის პირველ პუნქტზე მითითებით გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტება იმის თაობაზე, რომ ვინაიდან მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოები - საქართველოს მთავრობა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო, საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილებების მიხედვით, პასუხისმგებელნი იყვნენ მოსარჩელისათვის, მისი საჭიროებების შესაბამისი მომსახურების უზრუნველყოფასა და გონივრული მისადაგებისათვის საჭირო ღონისძიებების კოორდინაციასა და გადაწყვეტაზე და მათ ეს არ განახორციელეს კანონის შესაბამისად, ზიანის ანაზღაურების ვალდებულება, მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაევალოთ სოლიდარულად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 8 მაისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს მთავრობამ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ და სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტომ.

კასატორი - საქართველოს მთავრობა აღნიშნავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 28 სექტემბრის დროებითი განჩინების აღსრულებისთვის საჭირო იყო ნორმატიულ აქტში - საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 დეკემბრის N670 დადგენილებაში შესაბამისი ცვლილებების განხორციელება, რაც საჭიროებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ პროცედურებს. აღნიშნულ დადგენილებაში ცვლილების ინიციატორი უწყება იყო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, საიდანაც განხორციელდა პროექტის ინიციირება და საქართველოს მთავრობაში განსახილველად წარმოდგენა 2020 წლის 20 ოქტომბერს, ხოლო 30 ოქტომბერს უკვე განხორციელდა ცვლილება. შესაბამისად, კასატორს მიაჩნია, რომ აღნიშნული არ წარმოადგენს დროებითი განჩინების აღსრულების არაგონივრულ ვადას. კასატორი ასევე აღნიშნავს, რომ მოსარჩელე მხარე 2015 წლის 1 ოქტომბრიდან ჩართული იყო სხვადასხვა სახის ქვეპროგრამაში, რასაც ითვალისწინებდა იმ დროისთვის მოქმედი კანონმდებლობა, ხოლო შემდგომ უკვე როდესაც გამოიკვეთა განსხვავებული სერვისის საჭიროება (რაც მანამდე არ იყო გამოკვეთილი), მოხდა პროგრამაში ცვლილება და მოსარჩელე 2020 წლის 6 ნოემბრიდან დღემდე სარგებლობს ამ პროგრამით. ამასთან, კასატორი მიუთითებს, რომ დღეს არსებული სერვისების პირობებში, სამომავლოდ შესაძლოა გამოვლინდეს ისეთი საჭიროება, რომ სხვა ბენეფიციარის, ან თუნდაც მოსარჩელის მიმართ გამოიკვეთოს განსხვავებული სერვისის მიწოდების საჭიროება. ნორმატიული აქტით წინასწარ შეუძლებელია განისაზღვროს და განიჭვრიტოს ყველა ის სამომავლო საჭიროება, რაც შესაძლოა გამოიკვეთოს ამა თუ იმ სოციალური პროგრამის თითოეული ბენეფიციარის საჭიროებებთან მიმართებით. პროგრამები სოციალური უფლების პროგრესულად რეალიზების ჭრილში გამოვლენილი საჭიროებების პირობებში იხვეწება და ერგება ბენეფიციარის საჭიროებებს.

კასატორი - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო აღნიშნავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 28 სექტემბრის დროებითი განჩინების აღსრულებისთვის საჭირო იყო შესაბამის ნორმატიულ აქტში ცვლილების განხორციელება, რაც მოიცავს მომსახურების მიმწოდებლის მზაობის შემოწმებას შესაბამისი მომსახურების მიწოდებაზე; საჭირო კადრის მოძიებას; ბიუჯეტის განსაზღვრას და მოცულობას; ცვლილების შეტანის მიზეზის და პრობლემის დადგენას, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს აღნიშნული; მითითებას მოსალოდნელ შედეგებზე; აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყაროს და ფინანსური გავლენის შეფასებას საშუალოვადიან პერიოდში. მოცემულ შემთხვევაში, პროგრამის ცვლილება საქართველოს მთავრობას სამინისტროს მხრიდან წარედგინა 2020 წლის 20 ოქტომბერს, საქართველოს მთავრობის 2020 წლის 30 ოქტომბრის N654 დადგენილებით კი, 2019 წლის 31 დეკემბრის N670 დადგენილებაში განხორციელდა ცვლილება. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, კასატორს მიაჩნია, რომ დროებითი განჩინება გონივრულ ვადაში იქნა აღსრულებული. კასატორი აღნიშნავს, რომ განხორციელებული ცვლილების შემდგომ, ლ.ღ-ი 2020 წლის 6 ნოემბრიდან დღემდე ჩართულია განვითარების მძიმე და ღრმა შეფერხების მქონე ბავშვთა ბინაზე მოვლით უზრუნველყოფის ქვეპროგრამაში და იღებს ინდივიდუალური ზრუნვის განმახორციელებელი პირის მომსახურებას, რომელიც უწყვეტად ფინანსდება. ამასთან, კასატორის განმარტებით, მოსარჩელისთვის ყოველთვის ხელმისაწვდომი იყო იმ სახელმწიფო პროგრამებით სარგებლობის შესაძლებლობა, რასაც მოქმედი კანონმდებლობა ითვალისწინებდა.

კასატორი - სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო მიუთითებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე და აღნიშნავს, რომ ნორმატიულ აქტში ცვლილების შეტანა საჭიროებდა კანონით განსაზღვრულ პროცედურებს და დაკავშირებული იყო დროის ფაქტორთან. აღნიშნულიდან გამომდინარე, ის, რომ მოპასუხემ ერთთვიან ვადაში უზრუნველყო შესაბამისი ცვლილებების განხორციელება ნორმატიულ აქტში, არ შეიძლება ჩაითვალოს გონივრულ მისადაგებაზე უარის თქმად, ხოლო 28 სექტემბრიდან 30 ოქტომბრამდე პერიოდი - არაგონივრულ ვადად. კასატორის განმარტებით, მორალური ზიანის ანაზღაურებისთვის არსებითია დადასტურდეს ქმედების უკანონობა, ხოლო ზიანის მიმყენებლის მართალსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის მიზეზობრივი კავშირის არსებობა წარმოადგენს პასუხისმგებლობის დადგომის სავალდებულო პირობას და გამოიხატება იმაში, რომ პირველი წარმოშობს მეორეს. განსახილველ შემთხვევაში, კასატორს მიაჩნია, რომ სახეზე არ არის ყველა ის ელემენტი, რომელიც წარმოშობს ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას. კერძოდ, არ დგინდება ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან მართალსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის ფაქტი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 3 ოქტომბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს მთავრობის, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს საკასაციო საჩივრები.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საქმის მასალების შესწავლისა და საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავრობის, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ ლ.ღ-ის (დაბ: ... ... ...წ.) 2015 წლის 9 მარტს ჩატარებული სამედიცინო შემოწმების შედეგად დაუდგინდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის სტატუსი, რომელსაც მუდმივად სჭირდება სხვა პირის დახმარება. მისი შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენის საფუძველი გახდა ბავშვთა აუტიზმი (F84.0).

ასევე დადგენილია, რომ ლ.ღ-ი 2020 წლის 7 მაისს მოთავსდა შპს „ .... ...ს“ ფსიქიატრიულ დეპარტამენტში (გაეწერა 2020 წლის 25 მაისს). ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის მიხედვით, პაციენტმა სტაციონირების დღეს დაამტვრია სახლში ნივთები, იყო აგრესიული ირგვლივ მყოფების, განსაკუთრებით დედის მიმართ, ვერ მოახერხეს მისი დამშვიდება, გამოიძახეს სასწრაფო დახმარების ბრიგადა და პაციენტი გადმოიყვანეს კლინიკაში. ამავე ცნობის თანახმად, ავადმყოფობის მიმდინარეობა შეფასდა, როგორც მწვავე. მიეცა რეკომენდაცია, რომ ჰყოლოდა პერსონალური ასისტენტი.

2020 წლის 20 აგვისტოს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროს მულტიდისციპლინური გუნდის მიერ განხორციელდა ლ.ღ-ის მდგომარეობის შეფასება და იქედან გამომდინარე, რომ მას აღენიშნებოდა ქცევით-ემოციური რეგულირების სირთულე, მიეცა რეკომენდაცია, სასწავლო პროცესის ხელშეწყობის მიზნით, სკოლაში მასთან მიმართებით ჩართული ყოფილიყო პერსონალური ასისტენტი, რომელიც მოსწავლეს დაეხმარებოდა სკოლაში ქცევის რეგულირებაში. ...ას ქცევითი თავისებურებებიდან გამომდინარე, რეკომენდირებული იყო პერსონალური ასისტენტი ყოფილიყო მამრობითი სქესის.

დადგენილია, რომ 2020 წლის 26 აგვისტოს ლ.ღ-ი კვლავ იქნა მოთავსებული შპს „... ...ს“ ფსიქიატრიულ დეპარტამენტში. სამედიცინო ჩანაწერების მიხედვით, მიუხედავად წამლების მიღებისა, მდგომარეობა გამწვავდა, პაციენტს დაერღვა ძილი, გახდა დაძაბული, მოუსვენარი, აფორიაქებული. სახლში დაამტვრია ნივთები, იყო აგრესიული, ვერ მოხერხდა მისი დამშვიდება, რის გამოც გამოძახებული იქნა სასწრაფო დახმარების ბრიგადა და პაციენტი გადმოიყვანეს კლინიკაში. ამავე ჩანაწერების მიხედვით (21.10.2020წ.), სამედიცინო პერსონალის მიერ კლინიკაში ლ.ღ-ის ქცევის მართვის შემდეგ, მის სხეულზე, დედის მიერ აღმოჩენილი იქნა ფიზიკური დაზიანებები, რის გამოც დედის განცხადების საფუძველზე დაიწყო გამოძიება და თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორის 2022 წლის 4 ივლისის დადგენილებით ლ.ღ-ი ცნობილ იქნა დაზარალებულად, საქართველოს სსკ-ის 126-ე 11 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტით.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ ლ.ღ-ის წარმომადგენელმა 2020 წლის 11 სექტემბერს, განცხადებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს. განცხადებაში სააგენტოს განემარტა, რომ ლ.ღ-ის მდგომარეობა საგრძნობლად იყო გაუარესებული, დაეწყო გახშირებული სტერეოტიპული მოძრაობები და ქცევის დარღვევა, ასაკის მატებასთან ერთად გამოხატავდა აგრესიას ოჯახის წევრების მიმართ. რთული ქცევების გამო ვეღარ სარგებლობდა დღის ცენტრის პროგრამის მომსახურებით. განმცხადებლის განმარტებით, მიმდინარე პერიოდში ლ.ღ-ის მდგომარეობა მკვეთრად იყო გაუარესებული, ოჯახი იძულებული გახდა კვლავ მიემართა ფსიქიატრიული დაწესებულებისთვის. აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ეთხოვა შესაბამისი პროგრამის შემუშავებამდე მომხდარიყო ლ.ღ-ის ჩართვა შინმოვლის ქვეპროგრამაში იმგვარად, რომ მისი უსაფრთხოების და საჭიროებების გათვალისწინებით, შინმოვლაში ჩართული ყოფილიყო ორი ადამიანი, მამრობითი სქესის, რომლებსაც ექნებოდათ თერაპიული გამოცდილება შშმ ბავშვებთან ურთიერთობის საკითხებში. ასევე, შინმოვლის პერიოდი უნდა ყოფილიყო დღეში 12 საათი.

სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს 2020 წლის 16 სექტემბრის წერილით განმცხადებელს ეცნობა, რომ მოხდა ბავშვის დედასთან გასაუბრება, რის შედეგადაც მას განემარტა, რომ მოხდებოდა ლ.ღ-ის შინმოვლის ქვეპროგრამაში ჩართვა, რათა არასრულწლოვანს მიეღო აღნიშნული პროგრამით გათვალისწინებული მომსახურება.

დადგენილია, რომ 2020 წლის 25 სექტემბერს ლ.ღ-ის წარმომადგენელმა დროებითი განჩინების გამოცემის შესახებ განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას. განმცხადებელმა მიუთითა, რომ რთული ქცევების გამო, ლ.ღ-ი 2019 წლის დეკემბერში გამორიცხეს დღის ცენტრიდან. ყველა სერვისი, რაც ქვეყანაში არსებობს, უარს ამბობს უსაფრთხოების მიზნით მის მიღებაზე. მას შემდეგ, ლ.ღ-ი იმყოფება მხოლოდ სახლში, ჰყავს ერთი ქცევითი თერაპევტი, რომელიც მასთან სახლში იმყოფება დილიდან საღამომდე. ამჟამად, ლ.ღ-ის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესებულია და ოჯახი იძულებული გახდა იგი განმეორებით მოეთავსებინა ფსიქიატრიულ დაწესებულებაში. განმცხადებლის განმარტებით, 2020 წლის 11 სექტემბერს, მათ წერილობით მიმართეს სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს შინმოვლის ქვეპროგრამაში ლ.ღ-ის კონკრეტული, მის საჭიროებებზე მორგებული პირობებით ჩართვის თაობაზე, რის პასუხადაც სოციალურ მუშაკთან სატელეფონო გასაუბრების დროს ეცნობათ, რომ მსგავსი მოთხოვნებით ლ.ღ-ის შინმოვლის პროგრამაში ჩართვა იყო შეუძლებელი. მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, განმცხადებელმა მოითხოვა სასამართლოს მიერ დროებითი განჩინების გამოცემა, რომლითაც საქართველოს მთავრობას და სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს დაევალებოდათ ლ.ღ-ისთვის ახალი სერვისის/პროგრამის შემუშავებამდე, მისი შინ მოვლის ქვეპროგრამაში ჩართვა შემდეგი პირობებით: შშმ ბავშვებთან ურთიერთობის საკითხებში თერაპიული გამოცდილების მქონე, ორი მამრობითი სქესის პირის ჩართულობით, დღეში 12 საათის განმავლობაში, შაბათ-კვირის და უქმე დღეების ჩათვლით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 28 სექტემბრის დროებითი განჩინებით (შესულია კანონიერ ძალაში), ლ.ღ-ის განცხადება, სარჩელის აღძვრამდე დროებითი განჩინების მიღების თაობაზე, დაკმაყოფილდა; დაევალა საქართველოს მთავრობასა და სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს განმცხადებლის - ლ.ღ-ის, მის საჭიროებებზე (2 შესაბამისი კვალიფიკაციის და თერაპიული გამოცდილების მქონე მამრობითი სქესის პირის ჩართულობით, დღეში 12 საათის განმავლობაში უქმე დღეების ჩათვლით) მორგებული შინ მოვლის ქვეპროგრამაში ჩართვა.

დადგენილია, რომ საქართველოს მთავრობამ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ 2020 წლის 20 ოქტომბერს წარდგენილი საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტის შესაბამისად, 2020 წლის 30 ოქტომბერს მიიღო დადგენილება №654 „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2020 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 დეკემბრის №670 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, რომლითაც დანართი 1.13-ის (განვითარების მძიმე და ღრმა შეფერხების მქონე ბავშვთა ბინაზე მოვლით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა) მე-2 მუხლში შევიდა ცვლილება. კერძოდ, „ბ“ ქვეპუნქტის პრეამბულა ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: ,,ბავშვის შეფასება და მომსახურების მიწოდება ბინაზე ან საჭიროების შემთხვევაში, სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში, რომელიც მულტიდისციპლინური გუნდის მიერ შემუშავებული ინდივიდუალური მომსახურების გეგმის შესაბამისად ყველა შემთხვევაში ითვალისწინებს მომვლელისა და განვითარების სპეციალისტის მომსახურებას და, ამასთანავე, ამავე გეგმის შესაბამისად განსაზღვრული მულტიდისციპლინური გუნდის სათანადო სპეციალისტ(ებ)ის (მათ შორის, საჭიროებისამებრ: ოკუპაციური თერაპევტის, ფიზიკური თერაპევტის, მეტყველების სპეციალისტის, ფსიქოლოგის, პედიატრის) მომსახურებას, სულ თვეში არა უმეტეს 44 საათისა..“ ამასთან, მე-2 მუხლს დაემატა შემდეგი შინაარსის „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტები: „გ) რთული ქცევის მქონე ბენეფიციართათვის ამ მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ღონისძიებებთან ერთად მულტიდისციპლინური გუნდის მიერ გამოვლენილი საჭიროებების შემთხვევაში, მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაცია უფლებამოსილია, გაუფორმოს ხელშეკრულება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან მუშაობის გამოცდილების მქონე პირებს, რომლებიც უზრუნველყოფენ შესაბამის ბენეფიციარებზე ინდივიდუალური ზრუნვის განხორციელებას; დ) ამ მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ზრუნვის დრო და ხანგრძლივობა უნდა შეესაბამებოდეს შრომის კანონმდებლობას და გაწერილი უნდა იყოს ინდივიდუალური მომსახურების გეგმაში; ე) ამ მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირს ზედამხედველობას უწევს კონსულტანტი რთული ქცევის მართვის საკითხებში, რომელსაც აქვს დამოუკიდებელი პრაქტიკა და შეუძლია რთული ქცევის მართვაზე პროფესიული ზედამხედველობის განხორციელება.“

საქმის მასალებით ასევე დგინდება, რომ ლ.ღ-ი, რომელიც შპს „... ...ს“ ფსიქიატრიულ დეპარტამენტში მოთავსებული იქნა 2020 წლის 26 აგვისტოს, კლინიკიდან გაეწერა 2020 წლის 4 ნოემბერს. საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 დეკემბრის №670 დადგენილებაში 2020 წლის 30 ოქტომბრის №654 დადგენილებით განხორციელებული ცვლილების საფუძველზე კი, ლ.ღ-ი 2020 წლის 6 ნოემბრიდან ჩაერთო მძიმე და ღრმა გონებრივი განვითარების შეფერხების მქონე შშმ ბავშვთა ბინაზე მოვლის ქვეპროგრამაში, რომლის განხორციელებას შეუდგა ააიპ „...“.

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე მხარე წარმოდგენილი სარჩელით ითხოვს მოპასუხეთათვის ლ.ღ-ის სასარგებლოდ, მის საჭიროებებზე მორგებული, ინდივიდუალური მომსახურების (შინ ზრუნვის) უზრუნველყოფაზე უკანონოდ უარის თქმის გამო მიყენებული მორალური ზიანის 25 000 ლარის ოდენობით, სოლიდარულად ანაზღაურების დავალებას. აღსანიშნავია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, ლ.ღ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; სოლიდარულად დაევალათ საქართველოს მთავრობას, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს მოსარჩელე ლ.ღ-ის სასარგებლოდ, მის საჭიროებებზე მორგებული, ინდივიდუალური მომსახურების (ბინაზე მოვლის) უზრუნველყოფაზე უკანონოდ უარის თქმის გამო მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურება 12 000 ლარის ოდენობით; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხე მხარეებმა, გადაწყვეტილება მოსარჩელე მხარეს არ გაუსაჩივრებია. ამდენად, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში შესულია კანონიერ ძალაში. ამასთან, აღსანიშნავია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 8 მაისის განჩინებით, საქართველოს მთავრობის, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გასაჩივრებულია მოპასუხეთა მიერ. შესაბამისად, საკასაციო პალატის მსჯელობის საგანს წარმოადგენს მოპასუხეთათვის ლ.ღ-ის სასარგებლოდ, მის საჭიროებებზე მორგებული, ინდივიდუალური მომსახურების (ბინაზე მოვლის) უზრუნველყოფაზე უკანონოდ უარის თქმის გამო მიყენებული მორალური ზიანის - 12 000 ლარის ოდენობით, ანაზღაურების დაკისრების კანონიერება.

საკასაციო პალატა უპირველეს ყოვლისა აღნიშნავს, რომ ვერ იქნება გაზიარებული სააპელაციო სასამართლოს მითითება დისკრიმინაციასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ნორმებზე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს მხოლოდ მორალური ზიანის ანაზღაურება. დისკრიმინაციის ფაქტის დადგენა არ წარმოადგენს სასარჩელო მოთხოვნას და ამ თვალსაზრისით, დისკრიმინაციასთან მიმართებით არსებული რეგულაციების მითითება მოცემულ საქმეზე სცდება წარმოდგენილი სარჩელის ფარგლებს. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამართალწარმოებაში მოქმედი დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე, სასამართლოში დავა იწყება სასარჩელო მოთხოვნის წარდგენის გზით. ამასთან, სწორედ მოსარჩელე განსაზღვრავს დავის საგანს და მიუთითებს სასარჩელო მოთხოვნას. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლის საფუძველზე კი, სასამართლო შეზღუდულია დისპოზიციურობის პრინციპით, რის გამოც, სასამართლოს უფლება არა აქვს, მიაკუთვნოს თავისი გადაწყვეტილებით მხარეს ის, რაც მას არ უთხოვია ან იმაზე მეტი, ვიდრე ის მოითხოვდა. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში საკასაციო პალატა იმსჯელებს წარმოდგენილი სასარჩელო მოთხოვნის (მორალური ზიანის ანაზღაურება) გათვალისწინებით, მისთვის რელევანტური სამართლებრივი ნორმების ფარგლებში.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტზე, რომლის თანახმად, ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსაგან ან მოსამსახურისაგან უკანონოდ მიყენებული ზიანის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან.

საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან ამ ორგანოს სხვა სახელმწიფო მოსამსახურის ან საჯარო მოსამსახურის (გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული საჯარო მოსამსახურისა) მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო, ხოლო ამავე კოდექსის 207-ე მუხლით განისაზღვრა კერძო სამართალში დადგენილი პასუხისმგებლობის ფორმების, პრინციპებისა და საფუძვლების გავრცელება სახელმწიფოს პასუხისმგებლობის შემთხვევებზეც, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომლებიც ამავე კოდექსით არის დადგენილი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. მითითებული კოდექსის 413-ე მუხლი კი ადგენს, რომ არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. სხეულის დაზიანების ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შემთხვევებში დაზარალებულს შეუძლია მოითხოვოს ანაზღაურება არაქონებრივი ზიანისთვისაც.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოსათვის ზიანის ანაზღაურების ვალდებულების დაკისრებას უკავშირდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლი (სახელმწიფოს (მუნიციპალიტეტის) პასუხისმგებლობა სახელმწიფო და საჯარო მოსამსახურეთა მიერ მიყენებული ზიანისათვის), რომლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სახელმწიფო მოსამსახურე ან საჯარო მოსამსახურე განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით არღვევს თავის სამსახურებრივ მოვალეობას სხვა პირის მიმართ, სახელმწიფო (მუნიციპალიტეტი) ან ის ორგანო, რომელშიც აღნიშნული მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია აანაზღაუროს მიყენებული ზიანი. განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობის დროს სახელმწიფო მოსამსახურე ან საჯარო მოსამსახურე სახელმწიფოსთან (მუნიციპალიტეტთან) ერთად, სოლიდარულად აგებს პასუხს. მითითებული დანაწესით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების პრინციპი 992-ე მუხლის ზოგადი დანაწესიდან გამომდინარეობს და მოიაზრებს ადმინისტრაციული ორგანოსათვის ზიანის ანაზღაურების ვალდებულების დაკისრების შესაძლებლობას მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების არსებობის პირობებში, ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის მიზეზობრივი კავშირის დადგენით.

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ლ.ღ-ის (დაბ: ... ... ...წ.) 2015 წლის 9 მარტს ჩატარებული სამედიცინო შემოწმების შედეგად დაუდგინდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის სტატუსი, რომელსაც მუდმივად სჭირდება სხვა პირის დახმარება. მისი შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენის საფუძველი გახდა ბავშვთა აუტიზმი (F84.0). ამასთან, დადგენილია, რომ სადავო სამართალურთიერთობის დროს ლ.ღ-ი იყო არასრულწლოვანი.

აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს მნიშვნელოვნად მიაჩნია მიუთითოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციაზე, რომლის მე-4 მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები იღებენ ვალდებულებას, უზრუნველყონ და ხელი შეუწყონ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიერ ადამიანის უფლებებისა და ძირითად თავისუფლებათა სრულ რეალიზებას, მათ შორის, მიიღონ ყველა საჭირო საკანონმდებლო, ადმინისტრაციული და სხვა ზომები წინამდებარე კონვენციით გათვალისწინებული უფლებების უზრუნველყოფისათვის. ამასთან, ბავშვის უფლებების შესახებ კონვენციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ადგენს, რომ ბავშვების მიმართ ყველა მოქმედებაში იმის მიუხედავად, მიმართავენ მას სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები, უპურველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის საუკეთესო ინტერესების უზრუნველყოფას. საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს ბავშვის უფლებათა კოდექსზე, რომლის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ბავშვის საუკეთესო ინტერესებისთვის უპირატესობის მინიჭება (მათი უპირატესი გათვალისწინება) სავალდებულოა საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლებების ორგანოების, საჯარო დაწესებულების, ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ ბავშვთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას ან/და ქმედების განხორციელებისას.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ ლ.ღ-ის წარმომადგენელმა 2020 წლის 11 სექტემბერს განცხადებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს. განცხადებაში სააგენტოს განემარტა, რომ ლ.ღ-ის მდგომარეობა საგრძნობლად იყო გაუარესებული, ასაკის მატებასთან ერთად გამოხატავდა აგრესიას ოჯახის წევრების მიმართ. რთული ქცევების გამო ვეღარ სარგებლობდა დღის ცენტრის პროგრამის მომსახურებით. ამასთან, ვინაიდან მიმდინარე პერიოდში ლ.ღ-ის მდგომარეობა მკვეთრად იყო გაუარესებული, ოჯახი იძულებული გახდა კვლავ მიემართა ფსიქიატრიული დაწესებულებისთვის. აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ეთხოვა შესაბამისი პროგრამის შემუშავებამდე მომხდარიყო ლ.ღ-ის ჩართვა შინმოვლის ქვეპროგრამაში იმგვარად, რომ მისი უსაფრთხოების და საჭიროებების გათვალისწინებით, შინმოვლაში ჩართული ყოფილიყო ორი ადამიანი, მამრობითი სქესის, რომლებსაც ექნებოდათ თერაპიული გამოცდილება შშმ ბავშვებთან ურთიერთობის საკითხებში. ასევე, შინმოვლის პერიოდი უნდა ყოფილიყო დღეში 12 საათი.

დადგენილია, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან ლ.ღ-ის შინმოვლის ქვეპროგრამაში ჩართვა 2020 წლის 11 სექტემბრის განცხადებაში მითითებული პირობებით არ განხორციელებულა. შესაბამისად, ვინაიდან განმცხადებლის მოთხოვნა ადმინისტრაციული ორგანოსთვის მიმართვის გზით არ იქნა დაკმაყოფილებული, მან დროებითი განჩინების მიღების მიზნით, ანალოგიური მოთხოვნით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 28 სექტემბრის დროებითი განჩინებით, ლ.ღ-ის განცხადება, სარჩელის აღძვრამდე დროებითი განჩინების მიღების თაობაზე, დაკმაყოფილდა; დაევალა საქართველოს მთავრობასა და სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს განმცხადებლის - ლ.ღ-ის, მის საჭიროებებზე (2 შესაბამისი კვალიფიკაციის და თერაპიული გამოცდილების მქონე მამრობითი სქესის პირის ჩართულობით, დღეში 12 საათის განმავლობაში უქმე დღეების ჩათვლით) მორგებული შინ მოვლის ქვეპროგრამაში ჩართვა.

დადგენილია, რომ საქართველოს მთავრობამ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ 2020 წლის 20 ოქტომბერს წარდგენილი საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტის შესაბამისად, 2020 წლის 30 ოქტომბერს მიიღო დადგენილება №654 „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2020 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 დეკემბრის №670 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.

ასევე დადგენილია, რომ ლ.ღ-ი, რომელიც შპს „... ...ს“ ფსიქიატრიულ დეპარტამენტში მოთავსებული იქნა 2020 წლის 26 აგვისტოს, კლინიკიდან გაეწერა 2020 წლის 4 ნოემბერს. საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 დეკემბრის №670 დადგენილებაში 2020 წლის 30 ოქტომბრის №654 დადგენილებით განხორციელებული ცვლილების საფუძველზე კი, ლ.ღ-ი 2020 წლის 6 ნოემბრიდან ჩაერთო მძიმე და ღრმა გონებრივი განვითარების შეფერხების მქონე შშმ ბავშვთა ბინაზე მოვლის ქვეპროგრამაში, რომლის განხორციელებას შეუდგა ააიპ „...“.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 28 სექტემბრის დროებითი განჩინება მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოების მიერ დაუყოვნებლივ არ აღსრულებულა. კასატორების განმარტებით, დროებითი განჩინების აღსრულებისთვის საჭირო იყო ნორმატიულ აქტში - საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 დეკემბრის N670 დადგენილებაში შესაბამისი ცვლილებების განხორციელება, რაც საჭიროებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ პროცედურებს. დადგენილებაში ცვლილების ინიციატორი უწყება იყო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, საიდანაც განხორციელდა პროექტის ინიციირება და საქართველოს მთავრობაში განსახილველად წარდგენა 2020 წლის 20 ოქტომბერს, ხოლო 30 ოქტომბერს უკვე განხორციელდა ცვლილება, რაც კასატორებს დროებითი განჩინების აღსრულების გონივრულ ვადად მიაჩნიათ.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის თანახმად, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. ეფექტური მართლმსაჯულება გულისხმობს არა მხოლოდ დარღვეული უფლების აღდგენას, არამედ დროებით დაცვას, რომელმაც უნდა უზრუნველყოს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე უფლების პრევენციული დაცვა. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს სარჩელის უზრუნველყოფის ისეთ ორ ღონისძიებას, როგორიც არის გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერება (ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლი) და დროებითი განჩინების მიღება (ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 31-ე მუხლი). აღნიშნული მუხლებით გათვალისწინებული უფლების დაცვის სამართლებრივი საშუალებები მიზნად ისახავს სასამართლო გადაწყვეტილების რეალურად აღსრულებისათვის მოსალოდნელი დაბრკოლების აღმოფხვრას, სასამართლოს მიერ სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში სასარჩელო მოთხოვნის რეალიზაციის უზრუნველყოფას და მნიშვნელოვანი ზიანის ან საფრთხის თავიდან აცილებას.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 31-ე მუხლი (დროებითი განჩინება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრვი აქტის გამოცემის ან ქმედების განხორციელების შესახებ) ითვალისწინებს მხარის უფლებას სარჩელის აღძვრამდე, ან დავის საგანზე ადმინისტრაციული სამართალწარმოების პროცესში გადაწყვეტილების მიღებამდე მიმართოს სასამართლოს მოთხოვნით, რათა დავის საგანთან დაკავშირებით სასამართლომ მიიღოს დროებითი განჩინება, როდესაც არსებობს საშიშროება, რომ არსებული მდგომარეობის შეცვლით ხელი შეეშლება განმცხადებლის უფლების რეალიზაციას ან აღნიშნული მნიშვნელოვნად გართულდება. სასამართლოს დროებითი განჩინების გამოყენება დასაშვებია ასევე სადავო სამართლებრივი ურთიერთობის წინასწარი მოწესრიგებისათვის, თუ ეს მოწესრიგება, უპირველეს ყოვლისა, გრძელვადიანი სამართლებრივი ურთიერთობის შემთხვევაში აუცილებელია მნიშვნელოვანი ზიანის, არსებული საფრთხის ან სხვა საფუძვლების გამო.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ დროებითი განჩინება წარმოადგენს მხარის ინტერესების დაცვის მნიშვნელოვან ინსტიტუტს, რომელიც მას შესაძლებლობას აძლევს დროებითი ღონისძიების გამოყენებით, დავის საბოლოოდ დასრულებამდე, დააზღვიოს სასამართლოს უფლებით ეფექტურ სარგებლობასთან დაკავშირებული რისკები, შექმნას მხარის მოლოდინი, რომ მის სასარგებლოდ გამოტანილი სასამართლო გადაწყვეტილება აღსრულდება და მნიშვნელოვანი ზიანი არ მიადგება. დროებითი განჩინების მიზანს სასამართლო წესით უფლების დაცვის ქმედითობის და ეფექტურობის უზრუნველყოფა წარმოადგენს, რათა სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, ერთი მხრივ, ეფექტურად აღსრულდეს, ხოლო მეორე მხრივ, საქმის გადაწყვეტამდე თავიდან იქნეს აცილებული კანონიერების პრინციპის დარღვევა, რომელმაც შესაძლოა გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს პირს. ამასთან, როგორც აღინიშნა, დროებითი განჩინება წარმოადგენს სარჩელის უზრუნველყოფის ერთ-ერთ ღონისძიებას. სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტი კი თავისი არსით მიმართულია სასამართლოს მიერ სადავო საკითხის საბოლოოდ გადაწყვეტამდე, მხარის უფლების წინასწარ, დროში ეფექტურად დაცვისკენ. სწორედ ამიტომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი ითვალისწინებს ამავე კოდექსით დადგენილი სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ შუამდგომლობის/განცხადების განხილვის შემჭიდროვებულ ვადას (სამი დღე). თავის მხრივ, სასამართლოს მიერ აღნიშნულ ვადაში ამგვარი შუამდგომლობის განხილვა/გადაწყვეტა ვერ უზრუნველყოფს მხარის უფლების ეფექტურ დაცვას. მნიშვნელოვანია, რომ სასამართლოს მიერ მიღებული სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინება/დროებითი განჩინება აღსრულდეს მყისიერად, მოკლე ვადაში, რათა მიღწეულ იქნეს სარჩელის უზრუნველყოფის მიზანი.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის 62-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, სასამართლოს გადაწყვეტილება გამოაქვს საქართველოს სახელით. სასამართლოს აქტები შესასრულებლად სავალდებულოა. სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობა ან მისი შესრულებისთვის ხელის შეშლა ისჯება კანონით. ამასთან, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-4 მუხლის თანახმად, სასამართლოს აქტი, აგრეთვე თავისი უფლებამოსილების განსახორციელებლად სასამართლოს მოთხოვნა და განკარგულება სავალდებულოა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ყველა ფიზიკური და იურიდიული პირისათვის, სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის ორგანოსათვის. სასამართლო გადაწყვეტილების გაუქმება, შეცვლა ან შეჩერება შეუძლია მხოლოდ სასამართლოს კანონით განსაზღვრული წესით. სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობა ან მისი შესრულებისთვის ხელის შეშლა იწვევს კანონით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლი ასევე ადგენს, რომ კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებები (განჩინებები, დადგენილებები), აგრეთვე თავისი უფლებამოსილების განსახორციელებლად სასამართლოს მიერ აღძრული მოთხოვნები და განკარგულებები სავალდებულოა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ყველა სახელმწიფო, საზოგადოებრივი თუ კერძო საწარმოსათვის, დაწესებულებისათვის, ორგანიზაციისათვის, თანამდებობის პირისა თუ მოქალაქისათვის და ისინი უნდა შესრულდეს.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ „სამართლიანი სასამართლოს“ უფლება მოიცავს არა მარტო სასამართლოსადმი მიმართვის, საქმის საჯარო და სამართლიანი განხილვის, საკითხის გონივრულ ვადებში გადაწყვეტის უფლებებს, არამედ გადაწყვეტილების აღსრულების უფლებასაც. სასამართლოსადმი მიმართვის უფლება შედეგზე ორიენტირებული უფლებაა და თუნდაც სასურველი გადაწყვეტილების მიღება არასაკმარისია აღნიშნული მიზნის მისაღწევად, გადაწყვეტილების დროული და სრულყოფილი აღსრულების გარეშე. სასამართლო გადაწყვეტილების აღუსრულებლობა უთანაბრდება სასამართლოსადმი მიმართვის უფლების არცნობას იმდენად, რამდენადაც იგი მოჩვენებითს ხდის სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობას. სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების უფლება, როგორც „სამართლიანი სასამართლოს“ უფლების ელემენტი, დაცული და აღიარებულია საქართველოს კონსტიტუციის 82.2. მუხლით, რომლის მიხედვითაც „სასამართლოს აქტები სავალდებულოა ყველა სახელმწიფო ორგანოსა და პირისათვის ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე.“ კონსტიტუციის აღნიშნული დანაწესი კი იმპლემენტირებულია „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-4 მუხლის პირველ პუნქტსა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლში.“ (სუსგ Nბს-476-464(კ-13), 24.04.2014წ.).

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საქმე ეხება დროებით განჩინებას, მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ზოგადად მისი აღსრულება, არამედ მისი დროში ეფექტიანად აღსრულება. დროებითი განჩინება, როგორც სარჩელის უზრუნველყოფის საშუალება, აღსრულებას ექვემდებარება დაუყოვნებლივ, რაც ხაზს უსვამს საპროცესო სამართალში სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტის მნიშვნელობას. აღნიშნული კი, თავის მხრივ, სასამართლოს მიერ მხარის უფლების ეფექტურად დაცვის საშუალებას ქმნის და არსებითად დაკავშირებულია დროის ფაქტორთან. სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება/დროებითი განჩინება მისი მყისიერად აღსრულების გარეშე არ წარმოადგენს მხარის უფლების დაცვის ქმედით და ეფექტიან მექანიზმს, რაც წინააღმდეგობაში მოდის თავად სარჩელის უზრუნველყოფის მიზანთან.

განსახილველ შემთხვევაში საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორი ადმინისტრაციული ორგანოების პოზიციას იმის თაობაზე, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 28 სექტემბრის დროებითი განჩინება, ნორმატიულ აქტში ცვლილებების შეტანის პროცედურების გათვალისწინებით, გონივრულ ვადაში იქნა აღსრულებული. საკასაციო პალატის განმარტებით, დროებითი განჩინების ინსტიტუტის თავისებურება იმაში მდგომარეობს, რომ უფლებათა დაცვის უზრუნველყოფა ატარებს წინასწარ და დროებით ხასიათს და ხორციელდება დარღვეული ან სადავო უფლების შესახებ სასამართლოს არსებითი მსჯელობისაგან დამოუკიდებლად. მოცემულ შემთხვევაში განმცხადებლის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოსთვის სარჩელის აღძვრამდე დროებითი განჩინების გამოცემის მოთხოვნით მიმართვის მიზანი იყო სწორედ ის გარემოება, რომ ლ.ღ-ი ჩართული ყოფილიყო მის საჭიროებებზე მორგებულ შინ მოვლის ქვეპროგრამაში და არა ის, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს შეემუშავებინა ამგვარი პროგრამა. აღნიშნული შესაძლებელია ყოფილიყო არსებითი დავის საგანი და მისი განხილვა/გადაწყვეტა სასამართლოს მიერ ვერ მოხდებოდა დროებითი განჩინების გამოცემის შესახებ განცხადების კანონმდებლობით დადგენილ ვადებში. სწორედ ამიტომ, მხარის მიერ წარდგენილი იქნა განცხადება დროებითი განჩინების გამოცემის თაობაზე, რაც თავის მხრივ განპირობებული იმ გარემოებებით, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე, არასრულწლოვანი, ბავშვთა აუტიზმით დიაგნოსტირებული პირი ლ.ღ-ი, რომელიც მოთავსებული იყო ფსიქიატრიულ დაწესებულებაში, მხარის მიერ სარჩელის წარმოდგენისა და სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე (რაც სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ შუამდგომლობის განხილვისგან განსხვავებით, დროის ხანმოკლე პერიოდში ვერ განხორციელდებოდა), ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მოთავსების ნაცვლად, შემჭიდროვებულ ვადაში ჩართულიყო მის საჭიროებებზე მორგებულ შინ მოვლის ქვეპროგრამაში.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოებს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 28 სექტემბრის დროებითი განჩინების აღსრულების პროცესში უნდა გაეთვალისწინებინათ ის გარემოება, რომ დროებითი განჩინების, როგორც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების მიზანს სამართლებრივი ურთიერთობის წინასწარ დროებით მოწესრიგება წარმოადგენდა, რათა თავიდან აცილებულიყო კანონიერების პრინციპისა და პირის უფლებათა უკანონო შეზღუდვა. შესაბამისად, დროებითი განჩინება მყისიერად უნდა აღსრულებულიყო, მოსარჩელესთან მიმართებით ინდივიდუალური მოწესრიგების გზით და თუნდაც ნორმატიულ აქტში ცვლილების განხორციელებამდე, ვინაიდან აღნიშნული თავის მხრივ, შესაბამის პროცედურებთანაა დაკავშირებული და დროში მყისიერად ვერ ხორციელდება. მოცემულ შემთხვევაში კი, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს მიერ 2020 წლის 28 სექტემბერს მიღებული იყო დროებითი განჩინება მოპასუხეთათვის ლ.ღ-ის, მის საჭიროებებზე მორგებული პირობებით, შინ მოვლის ქვეპროგრამაში ჩართვის დავალების თაობაზე, მოსარჩელე ფსიქიატრიული დაწესებულებიდან მხოლოდ 2020 წლის 4 ნოემბერს გაეწერა და ქვეპროგრამაში ჩაერთო 2020 წლის 6 ნოემბრიდან. ამასთან, ფსიქიატრიული დაწესებულების სამედიცინო ჩანაწერების მიხედვით (21.10.2020წ.), სამედიცინო პერსონალის მიერ კლინიკაში ლ.ღ-ის ქცევის მართვის შემდეგ, მის სხეულზე, დედის მიერ აღმოჩენილი იქნა ფიზიკური დაზიანებები, რის გამოც დედის განცხადების საფუძველზე დაიწყო გამოძიება და ლ.ღ-ი ცნობილი იქნა დაზარალებულად. შესაბამისად, მითითებულ ფაქტს ადგილი ჰქონდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 28 სექტემბრის დროებითი განჩინების მოქმედების პერიოდში, ანუ მაშინ, როდესაც ადმინისტრაციულ ორგანოთა მხრიდან მისი მყისიერად აღსრულების პირობებში, ლ.ღ-ი ფსიქიატრიულ დაწესებულებაში არ უნდა ყოფილიყო მოთავსებული.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს ,,სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2020 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 დეკემბრის №670 დადგენილების დანართი №1.13-ის მე-6 მუხლზე, რომლის თანახმად, ქვეპროგრამას განახორციელებს მეურვეობა-მზრუნველობის ორგანო. საქართველოს მთავრობის 2020 წლის 29 იანვრის №58 დადგენილებით დამტკიცებული ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს დებულების“ მე-2 მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სააგენტოს მიზანს წარმოადგენს საქართველოს ტერიტორიაზე კანონმდებლობით გათვალისწინებული ცენტრალური და ადგილობრივი მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს ფუნქციების უზრუნველყოფა, აგრეთვე სხვა სახელმწიფოში გაშვილების მიზნებისათვის ცენტრალური მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს ფუნქციის უზრუნველყოფა. ამავე დებულების მე-5 მუხლის ,,პ“ ქვეპუნქტის შესაბამისად კი, სააგენტოს დირექტორი სამინისტროს წარუდგენს წინადადებებს სააგენტოს საქმიანობისათვის საჭირო ღონისძიებების რეგულირებისა და სრულყოფის შესახებ.

საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის ,,ვ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, მთავრობა საქართველოს კონსტიტუციითა და კანონით დადგენილ ფარგლებში სოციალურ-ეკონომიკურ, კულტურისა და სხვა სფეროებში ამტკიცებს სახელმწიფო მიზნობრივ პროგრამებს და უზრუნველყოფს მათ განხორციელებას. ამავე კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის (სადავო სამართალურთიერთობის დროს მოქმედი რედაქცია) შესაბამისად, მთავრობა აღმასრულებელ ხელისუფლებას ახორციელებს სამინისტროების, მათი მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების, სახელმწიფო მინისტრის აპარატის, მთავრობის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული აღმასრულებელი ხელისუფლების სპეციალური დანიშნულების გასამხედროებული დაწესებულების, აგრეთვე სპეციალური დანიშნულების სხვა სახელმწიფო დაწესებულებების მეშვეობით. ამასთან, საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 სექტემბრის N473 დადგენილებით დამტკიცებული ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების“ მე-2 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტი ადგენს, რომ სამინისტროს საქმიანობის სფეროს და ამოცანებს წარმოადგენს მოსახლეობის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება, განხორციელება და საქმიანობის კოორდინაცია, აგრეთვე დევნილთა, სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ და გადაადგილებას დაქვემდებარებულ პირთა სოციალური დაცვისა და განსახლების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და განხორციელების კოორდინაცია.

საკასაციო პალატა დამატებით განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის ადრესატი შესაძლოა იყოს სხვადასხვა ნიშნით (სოციალური, ეკონომიკური, ჯანმრთელობის მდგომარეობა) მოწყვლად ჯგუფში შემავალი პირი. მაღალია მოწყვლად ჯგუფში შემავალი პირის უფლებების ხელყოფისგან დაცვის საჭიროება. „ამგვარი სფეროს მოწესრიგებისას კანონმდებელი ვალდებულია, გამოიჩინოს განსაკუთრებული ყურადღება, რათა თავიდან აიცილოს პირთა უფლებების დარღვევის საფრთხე“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 08.10.2014წ. გადაწყვეტილება N2/4/532,533 საქმეზე „ირაკლი ქემოკლიძე და დავით ხარაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-114). საკითხი არ ამოიწურება მხოლოდ კანონმდებლის ვალდებულებით, თავის მხრივ ადმინისტრაციული ორგანო, როგორც კანონმდებლობის აღმასრულებელი, საქმიანობის განხორციელების დროს, ასევეა ვალდებული გამოიჩინოს განსაკუთრებული ყურადღება მოწყვლად ჯგუფში შემავალი პირის უფლებების დარღვევის საფრთხის თავიდან ასაცილებლად.

განსახილველ შემთხვევაში, ზემოაღნიშნული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების გათვალისწინებით, დგინდება, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოთა მიერ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 28 სექტემბრის დროებითი განჩინების მყისიერად აღუსრულებლობითა და შესაბამისად, მოსარჩელისათვის სათანადო, საჭირო სამედიცინო და სოციალური მომსახურების მყისიერი გაუწევლობის გამო, ლ.ღ-ი მოთავსებული იყო მისი სამედიცინო და სოციალური საჭიროებებისათვის შეუსაბამო სამედიცინო დაწესებულებაში. ამასთან, ამავე დაწესებულებაში ყოფნის პერიოდში მომხდარი შემთხვევის გამო, ლ.ღ-ი თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორის 2022 წლის 4 ივლისის დადგენილებით ცნობილია დაზარალებულად, საქართველოს სსკ-ის 126-ე 11 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტით. აღნიშნული გარემოებები კი, ცალსახად ქმნის მოპასუხეთათვის მოსარჩელის სასარგებლოდ მიყენებული მორალური ზიანის სოლიდარულად ანაზღაურების დაკისრების საფუძველს.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მორალური ზიანის ანაზღაურების შემთხვევაში არ ხდება ხელყოფილი უფლების რესტიტუცია, რადგან მიყენებულ ზიანს ფულადი ეკვივალენტი არ გააჩნია. კომპენსაციის მიზანია მორალური ზიანით გამოწვეული ტკივილების, ნეგატიური განცდების შემსუბუქება და დადებითი ემოციების გამოწვევა. მოსარჩელისთვის მიკუთვნებული თანხა ვერ მოახდენს მისთვის მიყენებული ზიანის სრულ კომპენსირებას, იგი ემსახურება მხოლოდ მიყენებული უარყოფითი შედეგების შემსუბუქებას და შეუძლებელია თანხის ოდენობამ გადაფაროს ყველა ის ნეგატიური განცდა, რაც მას სადავო შემთხვევაში მიადგა. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ხშირად დამდგარი შედეგების გამოსწორება შეუქცევადი მოვლენაა და როგორი დიდიც არ უნდა იყოს კომპენსაცია, იგი მაინც ვერ აღუდგენს პირს უფლების ხელყოფამდე არსებულ სულიერ მდგომარეობას, რის გამოც კომპენსაციის ოდენობა უსაზღვროდ არ უნდა იყოს გაზრდილი და არ უნდა მოწყდეს რეალობას. იგი უნდა განისაზღვროს გონივრულად და სამართლიანად. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საქმის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით, მოსარჩელისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებისთვის მოპასუხეთათვის დაკისრებული თანხის ოდენობა, გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით, ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ მართებულად იქნა განსაზღვრული 12 000 ლარის ოდენობით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, საქართველოს მთავრობის, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს საკასაციო საჩივრები მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს მთავრობის, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 8 მაისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე

მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე

თამარ ზამბახიძე