განსჯადობა

ადმინისტრაციული 09.01.2018
საქმის ნომერი
ბს-1015-1011(გ-17)
კატეგორია
დავის ტიპი
განსჯადობა
თარიღი
09.01.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #ბს-1015-1011(გ-17) 9 იანვარი, 2018 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

მოსარჩელე _ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო

მოპასუხე _ გ. ო-ი

დავის საგანი _ სასამართლოთა შორის განსჯადობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2016 წლის 25 აპრილს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - გ. ო-ის მიმართ.

მოსარჩელემ გ. ო-ისათვის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 10 514.85 ლარის დაკისრება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 31 აგვისტოს განჩინებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სარჩელი გ. ო-ის მიმართ განსჯადობით განსახილველად გადაეცა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ მიუთითა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლზე და განმარტა, რომ აღნიშნული მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ადმინისტრაციული ხელშეკრულება არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორციელების მიზნით ფიზიკურ ან იურიდიულ პირთან, აგრეთვე სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსთან დადებული სამოქალაქო სამართლებრივი ხელშეკრულება.

სასამართლომ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და გ. ო-ს შორის დადებული გრანტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ თანხის დაკისრება. განსახილველ შემთხვევაში წინამდებარე დავა გამომდინარეობს კერძო სამართლებრივი ხელშეკრულებიდან. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა ხელშეკრულების სამართლებრივ ბუნებაზე და მიუთითა, რომ მოცემულ შემთხვევაში, ხელშეკრულების შინაარსიდან გამომდინარე არ იკვეთება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორციელების ფაქტი. ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განიხილება სამოქალაქო, საოჯახო, შრომის, საადგილმამულო, ბუნებრივი რესურსების გამოყენებისა და გარემოს დაცვის ურთიერთობიდან წარმოშობილი დავები მოქალაქეებს, მოქალაქეებსა და იურიდიულ პირებს, აგრეთვე იურიდიულ პირებს შორის.

ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ მიუთითა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლზე, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი უნდა წარედგინოს იმ სასამართლოს, რომელიც უფლებამოსილია განიხილოს და გადაწყვიტოს ადმინისტრაციული საქმე. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არაუფლებამოსილ სასამართლოში სარჩელის წარდგენის შემთხვევაში, სასამართლო სარჩელს გადაუგზავნის უფლებამოსილ სასამართლოს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავას წყვეტს საკასაციო სასამართლო დასაბუთებული განჩინებით.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ მიიჩნია, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სარჩელი განსჯადობით განსახილველად უნდა გადაგზავნოდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია არ დაეთანხმა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 31 აგვისტოს განჩინებას და 2017 წლის 13 ოქტომბრის განჩინებით თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა და სამოქალაქო საქმეთა კოლეგიებს შორის განსჯადობის თაობაზე დავის გადასაწყვეტად საქმე №2/27158-16 საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სარჩელი მოპასუხე გ. ო-ის მიმართ თანხის გადახდის დაკისრების თაობაზე, გადმოეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ მიუთითა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის მიხედვითაც, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს: ა. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან; ბ. ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა; გ. ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე; დ. აქტის არარად აღიარება, უფლების ან სამართალურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენა. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება სხვა საქმეებიც იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც აგრეთვე გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან.

სასამართლომ აღნიშნა, რომ მითითებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, მოქმედი ადმინისტრაციული საპროცესო კანონმდებლობით განისაზღვრა, რომ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველ და მეორე ნაწილში დაკონკრეტებული დავები, აგრეთვე სხვა დავები, რომლებიც ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან გამომდინარეობს და მისგან არის წარმოშობილი. აღნიშნულიდან გამომდინარე, კანონმდებელმა ადმინისტრაციული სამართალწარმოებით საქმის განხილვისთვის აუცილებელ ელემენტად განსაზღვრა დავის საგანი, რომელიც მითითებულია ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველ, მეორე და მესამე ნაწილებში, ამასთან, აღნიშნული დავები წარმოშობილი უნდა იყოს იმ სამართალურთიერთობებიდან, რომლებიც საჯარო, კონკრეტულად, ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლით არის მოწესრიგებული.

სასამართლოს მითითებით, წარმოდგენილი სარჩელით მოსარჩელე ითხოვს მოპასუხისთვის 10 514,85 ლარის გადახდის დაკისრებას. მოსარჩელის განმარტებით, 2009 წლის 28 ივნისს სსიპ განვითარების და რეფორმების ფონდსა და გ. ო-ს შორის დაიდო გრანტის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც, გ. ო-ის სასარგებლოდ გადაცემულ იქნა გრანტი 10 514,85 ლარის ოდენობით. გრანტის გაცემის მიზანს წარმოადგენდა მიმღების უცხოეთის სასწავლო დაწესებულებაში სწავლის ღირებულებასთან ან/და საზღვარგარეთ მგზავრობას, ცხოვრებასა და სწავლასთან, ასევე პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულ სხვა ღონისძიებებთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსება. ამდენად, აღძრული დავა გამომდინარეობს 2009 წლის 18 ივნისის ხელშეკრულებიდან.

სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ მიუთითა, რომ სსიპ განვითარებისა და რეფორმების ფონდი შეიქმნა „განვითარებისა რეფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, ინსტიტუციონალური და საჯარო სამსახურის რეფორმის ეფექტიანად განხორციელების მიზნით. „განვითარებისა და რეფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ფონდი, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირი, ამ კანონით დადგენილი მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად იძენს უფლებებს და მოვალეობებს, დებს გარიგებებს და უფლებამოსილია სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ. გარიგებები, რომლებიც სცილდება კანონით დადგენილი უფლებამოსილებების ფარგლებს, ბათილია. ფონდის საჯარო უფლებამოსილების განხორციელების მიზნით შექმნაზე მიუთითებს ასევე საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 24 იანვრის №33 ბრძანებულებით დამტკიცებული სსიპ განვითარებისა და რეფორმების ფონდის წესდების შინაარსი. კერძოდ, აღნიშნული ბრძანებულებით დამტკიცებული „საქართველოს პრეზიდენტთან არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - განვითარებისა და რეფორმების ფონდის წესდების“ მე-6 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, დაკისრებული მიზნების განსახორციელებლად ფონდი, წესდებაში აღნიშნული სხვა უფლებამოსილებებთან ერთად, დაწესებულების ხელმძღვანელის წარდგინების საფუძველზე, გასცემს გრანტებს იურიდიულ და ფიზიკურ პირებზე.

სამოქალაქო კოლეგიამ მიუთითა, რომ საქმის მასალების თანახმად, სადავო ურთიერთობა ეხება გრანტის გაცემის საკითხს. „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გრანტი არის გამცემის (დონორის) მიერ გრანტის მიმღებისათვის უსასყიდლოდ გადაცემული მიზნობრივი სახსრები ფულადი ან ნატურალური ფორმით, რომლებიც გამოიყენება კონკრეტული ჰუმანური, საგანმანათლებლო, სამეცნიერო-კვლევითი, ჯანმრთელობის დაცვის, კულტურული, სპორტული, ეკოლოგიური, სასოფლო-სამეურნეო განვითარებისა და სოციალური პროექტების, აგრეთვე სახელმწიფოებრივი ან საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროგრამების განხორციელებისათვის.

„გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გრანტის გაცემის სამართლებრივი საფუძველია წერილობითი ხელშეკრულება გრანტის გამცემსა (დონორსა) და გრანტის მიმღებს შორის. ხელშეკრულება უნდა შეიცავდეს გრანტის გაცემის მიზანს, მოცულობას, სახსრების გამოყენების კონკრეტულ მიმართულებას, მათი ათვისების ვადებს და ამ ძირითად მოთხოვნებს, რომლებსაც გრანტის გამცემი (დონორი) უყენებს გრანტის მიმღებს. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, გრანტი გამოიყენება მხოლოდ ხელშეკრულებაში აღნიშნული მიზნებისათვის. სხვა მიზნებისათვის გრანტის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ გრანტის გამცემის (დონორის) თანხმობით.

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საქართველოს მთავრობა ახორციელებს სახელმწიფო პოლიტიკას უმაღლესი განათლების სფეროში. ამავე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს მთავრობა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარდგინებით ამტკიცებს სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის წლიურ მოცულობებსა და ოდენობებს.

საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 30 დეკემბრის №970 ბრძანებულების პირველი პუნქტის მიხედვით, განხორციელდა საჯარო სამართლის იურიდიული პირის - განვითარებისა და რეფორმების ფონდის ლიკვიდაცია. ამავე ბრძანებულების მე-4 პუნქტის თანახმად, ფონდის ლიკვიდაციის შემდეგ სასწავლო-სამაგისტრო და სხვა სასწავლო პროგრამების განხორციელებასთან დაკავშირებული ფონდის უფლებების და მის მიერ ნაკისრი მოვალეობების განხორციელება დაევალა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ადმინისტრაციული ხელშეკრულება არის ადმინისტრაციულ ორგანოს მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორციელების მიზნით ფიზიკურ ან იურიდიულ პირთან, აგრეთვე სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსთან დადებული სამოქალაქო სამართლებრივი ხელშეკრულება.

სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ მიიჩნია, რომ სახელმწიფო გრანტის გაცემა წარმოადგენდა სსიპ განვითარებისა და რეფორმების ფონდის საჯარო უფლებამოსილებას. შესაბამისად, სახელმწიფო გრანტის გაცემის თაობაზე დადებული ხელშეკრულება წარმოადგენს ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას, ვინაიდან აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე სსიპ განვითარებისა და რეფორმების ფონდი ახორციელებდა საჯარო უფლებამოსილებას. აღნიშნულის გათვალისწინებით, 2009 წლის 18 ივნისის ხელშეკრულება წარმოადგენს ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ მიიჩნია, რომ აღძრული დავა განეკუთვნება ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განსახილველ დავას და შესაბამისად, მის განხილვაზე უფლებამოსილი სასამართლოა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების, განსჯადობის თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიისა და სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განჩინებების გაცნობის შედეგად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე, წყვეტს რა დავას სასამართლოთა შორის განსჯადობის თაობაზე, მიიჩნევს, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სარჩელი განსჯადობით განსახილველად ექვემდებარება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია გადაწყვიტოს სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავა. განსახილველ შემთხვევაში სასამართლოებს შორის განსჯადობასთან დაკავშირებით დავა ეხება საგნობრივი განსჯადობის საკითხს.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება საქმეები იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან. საგნობრივი განსჯადობის საკითხის გარკვევისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ხელშეკრულებებიდან გამომდინარე სადავო სამართალურთიერთობის შინაარსს, დავის უშუალო მატერიალურ-სამართლებრივ საფუძველს. კონკრეტულ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს სსიპ განვითარებისა და რეფორმების ფონდსა და გ. ო-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულება. ამდენად, საგნობრივი განსჯადობის შესახებ დავის გადაწყვეტისთვის მნიშვნელობა ენიჭება ხელშეკრულების საფუძველს, სამართალურთიერთობის სუბიექტის მოქმედების ფორმას. უკეთუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ხელშეკრულება დადებულია საჯარო კანონმდებლობის საფუძველზე, სახეზე იქნება ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული ხელშეკრულებიდან გამომდინარე სადავო ურთიერთობა, ხოლო თუ ხელშეკრულების დადების საფუძველი კერძოსამართლებრივია, სადავო სამართალურთიერთობა კერძოსამართლებრივი ბუნებისაა. შესაბამისად, განსჯადობის საკითხის გარკვევისათვის უნდა დადგინდეს ზემოაღნიშნული ხელშეკრულების სამართლებრივი ბუნება.

„გრანტების შესახებ“ კანონის მე-3 მუხლის თანახმად გრანტის გამცემი (დონორი) შეიძლება იყოს საერთაშორისო საქველმოქმედო, ჰუმანიტარული და სხვა საზოგადოებრივი ორგანიზაცია, უცხო ქვეყნის მთავრობა, უცხოეთის ან საქართველოს სამეწარმეო ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული საჯარო სამართლის იურიდიული პირი, საქართველოს სამინისტრო. ამდენად, გრანტთან დაკავშირებული დავის ბუნება შესაძლოა იყოს როგორც კერძოსამართლებრივი, ასევე საჯაროსამართლებრივი. მოცემულ შემთხვევაში გრანტის შესახებ 2009 წლის 18 ივლისის „გრანტის შესახებ“ ხელშეკრულება დაიდო „გრანტის გამცემ“ - სსიპ „განვითარებისა და რეფორმების ფონდსა“ და „გრანტის მიმღებს“ - გ. ო-ს შორის. ხელშეკრულების დადების დროს მოქმედი „განვითარებისა და რეფორმების ფონდის შესახებ“ 2004 წლის 14 იანვრის კანონის საფუძველზე შექმნილი, საქართველოს პრეზიდენტთან არსებული სსიპ განვითარებისა და რეფორმების ფონდის წესდება საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 იანვრის N33 ბრძანებულებით იყო დამტკიცებული. ამდენად, სსიპ „რეფორმებისა და განვითარების ფონდი“ პასუხობს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული ორგანოს ლეგალური დეფინიციის ნიშნებს. შესაბამისად, სადავო სამართალურთიერთობის ერთ-ერთი მონაწილეა ადმინისტრაციული ორგანო. სადავო ურთიერთობაში ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მხარედ გამოსვლა თავისთავად არ ადასტურებს დავის საჯაროსამართლებრივ ხასიათს, ვინაიდან ადმინისტრაციულ ორგანოს შეუძლია დადოს კერძოსამართლებრივი ხელშეკრულება და ამდენად გამოვიდეს მხარედ კერძოსამართლებრივ ურთიერთობაში. შესაბამისად, ხელშეკრულების მხარის საჯაროსამართლებრივი სტატუსი არ არის საკმარისი ფაქტორი ხელშეკრულების ადმინისტრაციულად მიჩნევისათვის. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული ხელშეკრულება არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორციელების მიზნით ფიზიკურ ან იურიდიულ პირთან, აგრეთვე სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსთან დადებული სამოქალაქო-სამართლებრივი ხელშეკრულება. შესაბამისად, კონკრეტულ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია დადგინდეს მოქმედებდა თუ არა ადმინისტრაციული ორგანო საჯარო უფლებამოსილების განხორციელების მიზნით და გამომდინარეობს თუ არა სადავო სამართალურთიერთობა ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან.

ფონდსა და გ. ო-ს შორის დადებული გრანტის შესახებ 2009 წლის 18 ივნისის ხელშეკრულების თანახმად ხელშეკრულება დაიდო „საქართველოს ეთნიკურ უმცირესობათა წარმომადგენლების სასწავლო და კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამის“ ფარგლებში. საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 იანვრის N33 ბრძანებულებით დამტკიცებული „საქართველოს პრეზიდენტთან არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - განვითარებისა და რეფორმების ფონდის წესდების“ მე-6 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, დაკისრებული მიზნების განსახორციელებლად ფონდი, წესდებაში აღნიშნული სხვა უფლებამოსილებებთან ერთად, დაწესებულების ხელმძღვანელის წარდგინების საფუძველზე, გასცემდა გრანტებს იურიდიულ და ფიზიკურ პირებზე (მე-6 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი). საქმის მასალებით დასტურდება, რომ სადავო ურთიერთობა ეხება „საქართველოს ეთნიკურ უმცირესობათა წარმომადგენლების სასწავლო და კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამის“ ფარგლებში გრანტის გაცემის საკითხს. გრანტი არის გრანტის გამცემის (დონორის) მიერ გრანტის მიმღებისათვის უსასყიდლოდ გადაცემული მიზნობრივი სახსრები ფულადი ან ნატურალური ფორმით, რომლებიც გამოიყენება კონკრეტული ჰუმანური, საგანმანათლებლო, სამეცნიერო-კვლევითი, ჯანმრთელობის დაცვის, კულტურული, სპორტული, ეკოლოგიური, სასოფლო-სამეურნეო განვითარებისა და სოციალური პროექტების, აგრეთვე სახელმწიფოებრივი ან საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროგრამების განხორციელებისათვის („გრანტების შესახებ“ კანონის 2.1 მუხ.). გრანტი არის გრანტის გამცემის (დონორის) მიერ გრანტის მიმღებისთვის უსასყიდლოდ გადაცემული მიზნობრივი სახსრები („გრანტების შესახებ“ კანონის 2.1 მუხ.). გრანტს ახასიათებს მიზნობრიობა, ანუ იგი გაიცემა განსაზღვრული მიზნის მისაღწევად. განვითარებისა და რეფორმების ფონდსა და გ. ო-ს შორის დადებული ხელშეკრულების მიზანს წარმოადგენდა „გრანტის მიმღების“ უცხოეთის სასწავლო დაწესებულებაში სწავლის ღირებულების ან/და საზღვარგარეთ მგზავრობის, ცხოვრებისა და სწავლის, ასევე პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული სხვა ღონისძიებებთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსება. ამდენად, ხელშეკრულება დაიდო გ. ო-ის მიერ საზღვარგარეთ სწავლის დასაფინანსებლად, რაც „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონის ნორმებით რეგულირდება. გრანტის გაცემის სამართლებრივი საფუძველია წერილობითი ხელშეკრულება გრანტის გამცემსა (დონორსა) და გრანტის მიმღებს შორის. გრანტი გამოიყენება მხოლოდ ხელშეკრულებაში აღნიშნული მიზნებისათვის, სხვა მიზნებისათვის გრანტის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ გრანტის გამცემის (დონორის) თანხმობით („გრანტების შესახებ“ კანონის 5.2 მუხ.).

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 30 დეკემბრის N970 ბრძანებულების პირველი პუნქტის თანახმად, სსიპ განვითარებისა და რეფორმების ფონდი ლიკვიდირებულად გამოცხადდა, ხოლო მე-4 პუნქტის შესაბამისად, ფონდის ლიკვიდაციის შემდეგ სასწავლო-სამაგისტრო და სხვა პროგრამების განხორციელებასთან დაკავშირებული ფონდის უფლებებისა და მის მიერ ნაკისრი მოვალეობების განხორციელება დაევალა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ კანონის მე-5 მუხლის „რ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მთავრობა საქართველოს კონსტიტუციისა და კანონით დადგენილ ფარგლებში უზრუნველყოფს განათლებისა და მეცნიერების სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებას ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების სრულყოფას. საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის N37 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების“ მე-2 მუხლის მე-ე პუნქტის „ც“ ქვეპუნქტის თანახმად, კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილებათა ფარგლებში სამინისტრო ადგენს სახელმწიფო სასწავლო გრანტის გაცემისა და გადატანის წესს, საქართველოს მთავრობას დასამტკიცებლად წარუდგენს სახელმწიფო სასწავლო გრანტის თანხის რაოდენობას. ამავე კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „პ“ ქვეპუნქტით განათლების და მეცნიერების სამინისტროს მინიჭებული აქვს უფლებამოსილება განსაზღვროს სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გაცემის წესი და პირობები. ხელშეკრულების დადების პერიოდში სახელმწიფო სასწავლო გრანტის საფასურის რაოდენობა განსაზღვრული იყო იმჟამად მოქმედი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 5 ივლისის N664 ბრძანებით დამტკიცებული შესაბამისი დებულებით. (სადღეისოდ მოქმედებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის2011 წლის 15 ოქტომბრის N154/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გაცემისა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გადატანის წესი და პირობები“). „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების მიხედვით, საქართველოს მთავრობა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარდგინებით ამტკიცებს სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის წლიურ მოცულობებსა და ოდენობებს, დაფინანსების ოდენობასა და პირობებს. საქართველოს მთავრობის 2009 წლის 26 თებერვლის N36 დადგენილების მე-2 პუნქტის თანახმად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაევალა სსიპ განვითარებისა და რეფორმირების ფონდისათვის სახსრების გადარიცხვა. ხსენებული დადგენილების საფუძველზე დამტკიცებული დაფინანსების წესის და პირობების თანახმად, ფონდი ანგარიშვალდებული იყო სამინისტროს წინაშე (მე-5 მუხ.).

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ნათელია, რომ გრანტი მოცემულ შემთხვევაში გაიცა ადმინისტრაციული კანონმდებლობის მიხედვით დადებული ადმინისტრაციული ხელშეკრულების საფუძველზე, სადავო სამართალურთიერთობის მარეგულირებელი ნორმები მოცულია საჯარო სამართლის სხვადასხვა წყაროებით, ხელშეკრულება ადმინისტრაციული სამართლის ნორმების შესრულებას ემსახურება. შესაბამისად, სადავო სამართალურთიერთობა ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან გამომდინარეობს. განსახილველ შემთხვევაში გაცემა საქართველოს კონსტიტუციის 35-ე მუხლით განმტკიცებული განათლების მიღების უფლების უზრუნველყოფის ერთ-ერთი საშუალებაა. შესაბამისად, კონკრეტულ შემთხვევაში, ადმინისტრაციული ორგანო საჯარო უფლებამოსილების მიზნის მისაღწევად მოქმედებდა და ამ მიზნის მისაღწევად მან გამოიყენა ხელშეკრულების დადება, როგორც საქმიანობის ერთ-ერთი ფორმა, რის გამოც 2009 წლის 18 ივნისს დადებული ხელშეკრულება ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, თავისი ბუნებით ადმინისტრაციული ხელშეკრულებაა. დავის განსჯადობას არ ცვლის ის გარემოება, რომ მოსარჩელე თანხის ანაზღაურებას მოითხოვს სამოქალაქო კოდექსი ნორმების (361.2 მუხ., 394.1 მუხ.) საფუძველზე. ვალდებულების ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას შესრულება (სკ-ის 361.2 მუხ.), კრედიტორის მიერ ზიანის ანაზღაურების უფლება (394.1 მუხ.) არ ცვლის დავის ბუნებას, რომელიც უკავშირდება საბოლოო ჯამში ადმინისტრაციული ხელშეკრულების მოთხოვნების შესრულებას, ადმინისტრაციული ხელშეკრულების საფუძველზე გაცემული გრანტის სახსრების მიზნობრივ გამოყენებას. ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე დადებული ადმინისტრაციული ხელშეკრულებიდან წარმოშობილი სადავო სამართალურთიერთობა ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით უნდა იქნეს განხილული. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 251-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ხელშეკრულების შესრულებასთან დაკავშირებული დავები განიხილება საერთო სასამართლოების მიერ ადმინისტრაციული სამართლწარმოების წესით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, 26-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-15, 390-ე და 399-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სარჩელი განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას;

2. საქმე გადაეგზავნოს განსჯად სასამართლოს;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. სხირტლაძე