ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის 2025 − 2028 წლების ეროვნული სტრატეგიისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის 2025 − 2028 წლების ეროვნული სტრატეგიის 2025-2026 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№366
სარეგისტრაციო კოდი
080020000.10.003.025258
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 22/08/2025
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №366

2025 წლის 21 აგვისტო

ქ. თბილისი

 

ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის 2025 − 2028 წლების ეროვნული სტრატეგიისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის 2025 − 2028 წლების ეროვნული სტრატეგიის 2025-2026 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ
მუხლი 1
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის  მე-5 მუხლის „ჰ1“ ქვეპუნქტისა და მე-6 მუხლის საფუძველზე და „ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული:

1. „ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის 2025 − 2028 წლების ეროვნული სტრატეგია“ (დანართი 1).

2. „ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის 2025 − 2028 წლების ეროვნული სტრატეგიის 2025-2026 წლების სამოქმედო გეგმა“ (დანართი 2).

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე
📎 დანართები (1)
366.docx

სარჩევი

შესავალი 2

სტრატეგიის შემუშავების მეთოდოლოგია 5

არსებული სიტუაციის ანალიზი 6

სექტორში განხორციელებული მნიშვნელოვანი ცვლილებები 6

სამართალდამცავთა კვალიფიკაცია 15

საერთაშორისო თანამშრომლობა 17

საერთაშორისო ინდექსები და შეფასებები 20

პრობლემის მიმოხილვა 24

ე.წ. „კანონიერ ქურდებთან“ და ქურდულ სამყაროსთან არსებული გამოწვევები 24

ნარკოდანაშაულთან არსებული გამოწვევები 25

კიბერდანაშაულთან არსებული გამოწვევები 27

ორგანიზებული ჯგუფების მიერ დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონება 30

SWOT ანალიზი 32

სტრატეგიული ნაწილი 34

სტრატეგიის პირველი მიზანი 34

სტრატეგიის მეორე მიზანი 37

მონიტორინგი და შეფასება 42

შესავალი

ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა წარმოადგენს ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის მართლწესრიგის სფეროს1. წარმოდგენილი სტრატეგია, როგორც ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში ქვეყანაში სახელმწიფო პოლიტიკის განმსაზღვრელი ძირითადი დოკუმენტი, ადგენს სტრატეგიული მიზნებისა და ამოცანების ერთობლიობას და მათ შესასრულებლად ითვალისწინებს სამოქმედო გეგმას კონკრეტული აქტივობებით, ბიუჯეტითა და პასუხისმგებელი უწყებებით. სტრატეგიის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული აქტივობების შესრულებით გაიზრდება ორგანიზებული დანაშაულის გახსნის, აგრეთვე სამართალდამცავი უწყებებისთვის მოქალაქეთა მიმართვიანობის მაჩვენებელი, გაუმჯობესდება საზოგადოებრივი უსაფრთხოების დონე, ამაღლდება საზოგადოების ცნობიერების დონე ორგანიზებული დანაშაულის მავნე შედეგების შესახებ. ეს ყოველივე, ცხადია, წარმოადგენს ქვეყნის შეუფერხებელი და წარმატებული ფუნქციონირების, ეკონომიკური, საზოგადოებრივი, კულტურული და პოლიტიკური განვითარების ერთ-ერთ მთავარ ფაქტორს.

ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მიმართულებით საქართველოს მთავრობამ შეიმუშავა და განახორციელა არაერთი სტრატეგია (მაგ., 2013 წლის 2 ოქტომბერს დამტკიცებული ეროვნული სტრატეგია (დადგენილება №252), ასევე 2015-2018 წლების (დადგენილება №506), 2017-2020 წლების (დადგენილება №235) და 2021-2024 წლების ეროვნული სტრატეგიები (დადგენილება №461)). წინამდებარე სტრატეგია, მათ შორის, ეფუძნება წინა პოლიტიკის დოკუმენტების შედეგებს, მიღებულ გამოცდილებს და მოიცავს განხორციელების ოთხწლიან პერიოდს. აღნიშნული ნათლად მიუთითებს ქვეყნის ურყევ პოზიციაზე, განაგრძოს და გააძლიეროს ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა ქვეყანაში საზოგადოებრივი უსაფრთხოების კიდევ უფრო განსამტკიცებლად.

წინა წლების სტრატეგიების შესრულების ანგარიშებზე დაყრდნობით, ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მიმართულებით ქვეყნის პროგრესი აშკარაა - გაგრძელდა უკომპრომისო ბრძოლა ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფების, ნარკოდანაშაულისა და კიბერდანაშაულის წინააღმდეგ, გაღრმავებულია საერთაშორისო თანამშრომლობა, განხორციელებულია არაერთი საკანონმდებლო ცვლილება, ამაღლებულია საზოგადოებრივი ცნობიერება. მიუხედავად აღნიშნულისა, თანამედროვე ტექნოლოგიური მიღწევების, დანაშაულის ჩადენის ხერხების ცვლილებისა და თავად ორგანიზებული დანაშაულის ტრანსნაციონალური ხასიათიდან გამომდინარე, სახელმწიფოს წინაშე მუდმივად წამოიჭრება ახალი გამოწვევები, რომლებთან დროული და ეფექტიანი გამკლავება ქვეყნის უსაფრთხოების აუცილებელი წინაპირობაა. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის 2025-2028 წლების ეროვნული სტრატეგია (შემდგომში - სტრატეგია), რომელიც ორგანიზებული დანაშაულის კუთხით საქართველოში მთავარ საფრთხეებად ქურდულ სამყაროს, ნარკოტიკებით ვაჭრობასა და კიბერდანაშაულს სახავს.

საქართველო წლებია მკაცრ და კომპლექსურ პოლიტიკას ატარებს ქურდულ სამყაროსთან მიმართებით, რაც მათ მიერ ჩადენილი დანაშაულების რაოდენობის კლებაშიც აისახება - 2024 წელს 2021 წელთან მიმართებით 57.3 %-იანი კლება ფიქსირდება, თუმცა გათვალისწინებით იმისა, რომ ე.წ. „ქურდულმა მენტალიტეტმა“ საბჭოთა კავშირის პერიოდიდან მოყოლებული მტკიცედ გაიდგა ფესვები ქართულ საზოგადოებაში, ამასთან, მისი არსებობა პირდაპირ და უშუალო საფრთხეს უქმნის სახელმწიფო ხელისუფლების სრულყოფილ განხორციელებას, იგი ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის სტრატეგიის პრიორიტეტულ მიმართულებად რჩება.

ქვეყანაში ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად კვლავ რჩება ნარკოტიკების ტრანზიტი და ნარკოვაჭრობა, განსაკუთრებით კი ონლაინ საშუალებების გამოყენებით. შინაგან საქმეთა სამინისტრო მუდმივად ავლენს ე.წ. დარქნეტში არსებულ ონლაინ მაღაზიებს და ატარებს შესაბამის ოპერატიულ და საგამოძიებო ღონისძიებებს, თუმცა მიუხედავად აღნიშნულისა, ძირითადად საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, რეგისტრირებული ნარკოტიკული დანაშაულის რაოდენობა სხვა სახის დანაშაულებთან შედარებით მაინც წამყვან პოზიციას იკავებს. მაგალითად, 2024 წელს, ნარკოტიკული დანაშაული რეგისტრირებული დანაშაულის საერთო რაოდენობის დაახლოებით 11.2%-ს შეადგენდა და მას უსწრებდა მხოლოდ საკუთრების წინააღმდეგ მიმართული (ძირითადად ქურდობის რაოდენობის გათვალისწინებით) და ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართული (ძირითადად ოჯახში ძალადობისა და ძალადობის მუხლების რაოდენობის გათვალისწინებით) დანაშაულები.

რაც შეეხება კიბერდანაშაულს, ბოლო წლებში გლობალურად მისი მზარდი რაოდენობა და ამგვარი დანაშაულების გამოძიების სირთულეებთან დაკავშირებული საკითხები, საქართველოსთვის, მსგავსად მსოფლიოს არაერთი ქვეყნისა, დიდ გამოწვევას წარმოადგენს. დანაშაულთა დიდი ნაწილი უკვე ციფრულ კომპონენტებს შეიცავს. აღნიშნულიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო ხელისუფლების განმახორციელებელ რელევანტურ ორგანოებს ჰქონდეთ შესაბამისი ცოდნა თუ სათანადო ტექნიკური აღჭურვილობა დანაშაულთა გამოსაძიებლად და მართლმსაჯულების განსახორციელებლად. შესაბამისად, კიბერდანაშაულიც ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგიის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა.

ხსენებულ დანაშაულებთან გამკლავების მიზნით, სტრატეგია ისახავს ორ ძირითად მიზანს:

  • ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის პრევენციული მექანიზმების ეფექტიანობის გაუმჯობესებას;

  • ორგანიზებულ დანაშაულზე რეაგირების ეფექტიანობის გაუმჯობესებას.

წინამდებარე სტრატეგია ეფუძნება საქართველოს კონსტიტუციას და განამტკიცებს სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპს. იგი სახელმწიფოს დაეხმარება სისხლის სამართლისა და სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის, აგრეთვე „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის, „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონისა და სხვა შესაბამისი კანონმდებლობის აღსრულებაში. სტრატეგია ასევე წარმოადგენს საქართველოს მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების ერთ-ერთ მექანიზმს.

ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს (შემდგომში - საბჭო) სამდივნო (შემდგომში - სამდივნო) სტრატეგიის შემუშავებისას, ხელმძღვანელობდა საქართველოს მთავრობის 2022 წლის 3 ნოემბრის №517 დადგენილებით დამტკიცებული „ხედვა 2030 საქართველოს განვითარების სტრატეგიით“. შესაბამისად, ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის 2025-2028 წლების ეროვნული სტრატეგია სრულ შესაბამისობაშია საქართველოს განვითარების სტრატეგიულ ხედვასთან.

სტრატეგია შესაბამისობაშია გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების (SDGs)2 მე-16 მიზანთან, რომელიც ითვალისწინებს ქვეყანაში მშვიდობის, სამართლიანობისა და ძლიერი ინსტიტუციების შექმნას და ეყრდნობა გაეროს 2000 წლის 15 ნოემბრის ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ კონვენციას. ასევე, სტრატეგია ითვალისწინებს ევროპის საბჭოს კიბერდანაშაულის შესახებ 2001 წლის 23 ნოემბრის კონვენციასთან (შემდგომში – ბუდაპეშტის კონვენცია) და „გაძლიერებული თანამშრომლობისა და ელექტრონული მტკიცებულებების წარდგენის შესახებ“ მის მეორე დამატებით ოქმთან მაქსიმალურ დაახლოებას.

სტრატეგიის პროექტზე მუშაობისას დიდი მნიშვნელობა მიენიჭა ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების 2021-2027 წლების დღის წესრიგს, განსაკუთრებით კი, უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის (6.2.) და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში განსაზღვრულ პრიორიტეტებს (3.4.).3

აღსანიშნავია, რომ EMPACT4-ის მიერ ევროკავშირისთვის განსაზღვრულია ორგანიზებული დანაშაულის ათი პრიორიტეტული მიმართულება და აქტუალური საფრთხეები 5. სწორედ, ხსენებული საფრთხეების ანალიზზე დაყრდნობით, შემუშავდა ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის 2021-2025 წლების ევროკავშირის სტრატეგია, რომელიც განსაზღვრავს ოთხ ძირითად მიმართულებას6. საქართველოს ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ახალი, 2025-2028 წლების ეროვნული სტრატეგიის სამი პრიორიტეტული მიმართულება („მაღალი რისკის კრიმინალური დაჯგუფებების“ (საქართველოს შემთხვევაში - „კანონიერი ქურდებისა“ და „ქურდული სამყაროს“), ნარკოდანაშაულის და კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა) სწორედ EMPACT -ის მიერ განსაზღვრულ ათ პრიორიტეტში შედის.

ზემოაღნიშნულის გარდა, მნიშვნელოვანია ისეთი დოკუმენტების ხაზგასმაც, რომლებიც, კომპეტენციის ფარგლებში, გასათვალისწინებელია ეროვნულ დონეზე ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში. ასეთია, მაგალითად, „საქართველოს კიბერუსაფრთხოების 2021-2024 წლების ეროვნული სტრატეგია“. ამავე კონტექსტში, აღსანიშნავია ცალკეული სექტორული პოლიტიკის განმსაზღვრელი დოკუმენტები, მაგალითად: „ნარკოტიკების ავადმოხმარების პრევენციის 2021-2026 წლების ეროვნული სტრატეგია“ და „2023-2030 წლების ნარკოპოლიტიკის ეროვნული სტრატეგია“, შესაბამისი სამოქმედო გეგმებით, ნარკოტიკების საინფორმაციო სისტემის 2022-2025 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმა და „კიბერუსაფრთხოების სფეროში ცნობიერების ამაღლების 2025-2030 წლების სტრატეგია და მისი განხორციელების სამოქმედო გეგმა“, „ანალიზზე დაფუძნებული საპოლიციო საქმიანობის (ILP) განვითარების 2021-2025 წლების სტრატეგია“ და „საზოგადოებაზე ორიენტირებული საპოლიციო საქმიანობის განვითარების 2024-2027 წლების სტრატეგია“. ასევე რელევანტურია ისეთი ინსტიტუციური პოლიტიკის დოკუმენტის აღნიშვნა, როგორიცაა საქართველოს პროკურატურის 2022-2027 წლების სტრატეგია.

2024 წლის 19 ივლისს გამართულ საბჭოს სხდომაზე, წინა სტრატეგიებზე მუშაობისას გამოკვეთილი ტენდენციების, პრიორიტეტების, გამოწვევების გათვალისწინებითა და ორგანიზებულ დანაშაულთან დაკავშირებული ცალკეული საკითხის სიღრმისეულად შესწავლის მიზნით, საბჭომ მოიწონა 2020 წელს შექმნილი ორი სამუშაო ჯგუფის ნაცვლად შემდეგი მიმართულებებით სამი სამუშაო ჯგუფის შექმნის საკითხი:

  • „კანონიერი ქურდებისა“ და „ქურდული სამყაროს“ წევრების (მათ მხარდამჭერთა) წინააღმდეგ ბრძოლის;

  • ნარკოტრანზიტის და ნარკოვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის;

  • კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის.

ამავე საბჭოს სხდომის ფარგლებში მოწონებულ იქნა სამდივნოს მიერ საბჭოსთვის წარდგენილი სტრატეგიის ლოგიკური ჩარჩოს პროექტი, ხოლო მომდევნო სხდომაზე - წარმოდგენილი სტრატეგიისა და მისი სამოქმედო გეგმის პროექტი, რომელიც საბჭოს წევრი უწყებების აქტიური ჩართულობით შემუშავდა. ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის 2025-2028 წლების სტრატეგიის პროექტის მოწონების შემდგომ, იგი წარედგინა საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს.

სტრატეგიის შემუშავების მეთოდოლოგია

პოლიტიკის დოკუმენტზე მუშაობის პროცესში სამდივნომ მეტწილად გაითვალისწინა საქართველოს მთავრობის 2019 წლის 20 დეკემბრის №629 დადგენილებით დამტკიცებული „პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავების, მონიტორინგისა და შეფასების წესი“ და ამავე დადგენილებით დამტკიცებული დანართები. სიტუაციის ანალიზის მომზადებისას და შემდგომში სტრატეგიის ლოგიკური ჩარჩოს შესამუშავებლად სამდივნომ, სამუშაო ჯგუფების ჩართულობით, ერთ-ერთ მეთოდად გამოიყენა „პრობლემის ხის“ და SWOT ანალიზი.

სამუშაო ჯგუფების წევრებთან ინტენსიური კომუნიკაცია მიმდინარეობდა როგორც შეხვედრების ფარგლებში, სხვადასხვა საკომუნიკაციო არხების გამოყენებით (ელ. ფოსტა, eflow და ა.შ.). შესაბამის ფოკუს ჯგუფებთან იმართებოდა ინდივიდუალური შეხვედრები, რომლებიც დისკუსიის რეჟიმის გარდა, მოიცავდა სამდივნოს მიერ მომზადებული ღია კითხვებით წარმოებულ ინტერვიუებს. სტრატეგიის თითოეულ მიმართულებაზე („ქურდული სამყარო“, კიბერ- და ნარკოდანაშაულები) ინდივიდუალურად გამახვილდა ყურადღება და არსებულ გამოწვევებთან თუ საჭიროებებთან ერთად გაანალიზდა ამ კუთხით საქართველოს მიღწევებიც.

ვინაიდან ორგანიზებული დანაშაული თავისი ტრანსნაციონალური ხასიათიდან გამომდინარე, ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის, სამდივნომ სტრატეგიის სიტუაციის ანალიზზე მუშაობისას დაამუშავა და საჭიროების შესაბამისად გაითვალისწინა საერთაშორისო გამოწვევები და მათთან ბრძოლის მეთოდებიც.

ასევე, სამდივნომ, ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერების მიზნით, იხელმძღვანელა საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის 2022 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილებით „კომიტეტის მიერ ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე შექმნილი სამუშაო ჯგუფის მუშაობის შედეგების შესახებ“.

სამდივნომ, სამუშაო ჯგუფის წევრების აქტიური ჩართულობით, იხელმძღვანელა რაოდენობრივი კვლევის მეთოდით და სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით შეძლო მიმდინარე ტენდენციების იდენტიფიცირება. აგრეთვე, სრულად გადაიხედა საქართველოში მოქმედი თემატურად რელევანტური პოლიტიკის დოკუმენტები, რათა სტრატეგია შესაბამისობაში ყოფილიყო სახელმწიფოს განვითარების ერთიან ხედვასთან. გაკეთდა როგორც ეროვნული, აგრეთვე საერთაშორისო სამართლებრივი რეგულირების მიმოხილვაც.

არსებული სიტუაციის ანალიზი

სექტორში განხორციელებული მნიშვნელოვანი ცვლილებები

გასულ წლებში საქართველოში უსაფრთხო გარემოსა და მართლწესრიგის დაცვის მიმართულებით განხორციელებული რეფორმების შედეგად მიღებული პროგრესის შენარჩუნებისა და გაუმჯობესების მიზნით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა.

აღსანიშნავია, რომ 2023 წლის პირველი იანვრიდან, შინაგან საქმეთა სამინისტროში დაინერგა დანაშაულის სტატისტიკის წარმოების განახლებული ფორმა (მათ შორის, ორგანიზებული დანაშაულის მიმართულებით სტატისტიკის ჩაშლილი ფორმით დამუშავება), რომელიც ორგანიზებული დანაშაულის მიმართულებით არსებულ ტენდენციებზე უფრო სიღრმისეული დაკვირვების საშუალებას იძლევა.

სტრუქტურული ცვლილებების კუთხით ხაზგასასმელია, რომ 2012 წლის დეკემბრიდან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში ფუნქციონირებს კიბერდანაშაულთან ბრძოლის სპეციალიზირებული დანაყოფი (სამმართველო),7 რომელსაც დაევალა კიბერსივრცეში ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედებების გამოვლენა, აღკვეთა და პრევენცია. ბუდაპეშტის კონვენციის მოთხოვნის შესაბამისად, აღნიშნულ დანაყოფში აქტიურად ფუნქციონირებს 24/7 ეროვნული საკონტაქტო პუნქტი, რომელიც ახორციელებს საერთაშორისო კიბერდანაშაულთან დაკავშირებულ ინფორმაციის ურთიერთგაცვლას, კონვენციის წევრი ქვეყნების შესაბამის სამართალდამცავ სამსახურებთან.

ასევე უნდა აღინიშნოს, რომ კიბერდანაშაულთან ეფექტურად ბრძოლის მიზნით, 2020 წელს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარ სამმართველოში შეიქმნა სპეციალიზებული სამმართველო, რომელიც უშუალოდ ახორციელებს კიბერდანაშაულის გამოძიებას.

2023 წლის 25 ოქტომბრიდან, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტს რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტი დამოუკიდებელ ერთეულად გამოეყო, რაც ორივე რეგიონში უკეთ უზრუნველყოფს საპოლიციო და საგამოძიებო ფუნქციების განხორციელებას. ამასთან, ორგანიზებულ დანაშაულთან ეფექტიანად ბრძოლის მიზნით, 2023 წელის 8 დეკემბერს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში შეიქმნა ორი ახალი სტრუქტურული ერთეული: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველო და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველო.

გარდა აღნიშნულისა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში, 2018 წლიდან დაწყებული კრიმინალური პოლიციის რეფორმის ფარგლებში, 2023 წლის პირველი იანვრიდან სრულად გაიმიჯნა საგამოძიებო, ოპერატიულ-სამძებრო და საუბნო მიმართულებები. შედეგად, გამომძიებლის ფუნქცია-მოვალეობად განისაზღვრა მხოლოდ სისხლის სამართლის საქმის გამოძიება და მას სრულად ჩამოშორდა სხვა საპოლიციო ვალდებულებები. ხსენებული ცვლილება ხელს უწყობს გამოძიების ეფექტიანობის ზრდას, რამდენადაც გამომძიებელი ორიენტირებულია მხოლოდ მის წარმოებაში არსებული სისხლის სამართლის საქმეების გამოძიებაზე.

კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საქართველოს გენერალურ პროკურატურაშიც, კერძოდ, 2022 წელს საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში შეიქმნა სპეციალიზებული დანაყოფი - „კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო“, რომლის შექმნის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი კომპიუტერული სისტემების გამოყენებით კიბერსივრცეში ჩადენილ დანაშაულთა მზარდი სტატისტიკა გახდა, რაც, მათ შორის, აქტიურად ვლინდებოდა პროკურატურის საგამოძიებო ქვემდებარეობას მიკუთვნებულ დანაშაულებში. ასევე, 2023 წელს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტში შეიქმნა სტრუქტურული ქვედანაყოფი - „საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში ჩადენილი კიბერკომპონენტის შემცველი დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო“.

გრძელდება საზოგადოებაზე ორიენტირებული საპოლიციო საქმიანობის დანერგვა, რომლის ძირითად მიზანს წარმოადგენს პოლიციის პრევენციული ფუნქციის გაძლიერება. აღნიშნულის საფუძველზე შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შეიქმნა მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტი. 2024 წლის დეკემბრის მდგომარეობით, მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტი დანერგილი იყო ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტში, ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ქ. რუსთავის საქალაქო სამმართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის ქ. ბათუმის საქალაქო სამმართველოში. იმავე პერიოდისთვის ჯამში დანიშნული იყო 400-მდე მართლწესრიგის ოფიცერი. 2025 წლის პირველ კვარტალში ინსტიტუტის გაფართოება დაიწყო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, კახეთისა და შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტებში. ზემოაღნიშნული რეფორმის ეფექტიანად დანერგვის მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2024 წლის 11 ივლისის №1/282 ბრძანებით დამტკიცდა საზოგადოებაზე ორიენტირებული საპოლიციო საქმიანობის განვითარების 2024-2027 წლების სტრატეგია.

საზოგადოებაზე ორიენტირებული საპოლიციო საქმიანობის პარალელურად გაძლიერდა ანალიზზე დაფუძნებული საპოლიციო საქმიანობაც და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2023 წლის 5 აპრილს №1/153 ბრძანებით დამტკიცდა ანალიზზე დაფუძნებული საპოლიციო საქმიანობის (ILP) განვითარების 2021-2025 წლების სტრატეგიის 2023-2025 წლების სამოქმედო გეგმა. სამოქმედო გეგმის ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა ტერიტორიული ორგანო დაკომპლექტდა ჯამში 100 ანალიტიკოსით.

მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საზღვრის რისკის ანალიზის ერთიანი სისტემის რეფორმირების კუთხით, კერძოდ, 2023 წლის ივლისსა და დეკემბერში, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა დაამტკიცა „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის რისკის ანალიზის ინტეგრირებული მოდელი“ და „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის რისკის ანალიზის ინტეგრირებული მოდელის დანერგვის 2024 წლის სამოქმედო გეგმა“. საზღვრის რისკის ანალიზის ერთიანი სისტემის დანერგვის ფარგლებში, რისკის ანალიზის თემატიკაზე გადამზადდა საზღვრის მართვაში ჩართული დანაყოფების 100-ზე მეტი თანამშრომელი. საზღვრის ეფექტიანი მართვის მიზნით, ინფორმაციის გაციფრულებისა და ავტომატიზაციის ფარგლებში, სამინისტროში წარმატებით დაინერგა სხვადასხვა ციფრული (მონაცემთა აღრიცხვისა და ანალიტიკური) პლატფორმა. დანაშაულის პრევენციისა და მასზე ეფექტიანი რეაგირების გაუმჯობესების მიზნით, საქართველოს სასაზღვრო გამტარ პუნქტებზე დაინერგა სახის ამომცნობი ანალიტიკური სისტემა. შინაგან საქმეთა სამინისტრო, შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურებთან ერთად, აგრძელებს მუშაობას API/PNR (მგზავრის წინასწარი მონაცემი/მგზავრის სახელის ჩანაწერი) სისტემის განვითარების მიმართულებით.

გარდა ხსენებულისა, საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №258/№73 ერთობლივი ბრძანებით სასაზღვრო გამტარ პუნქტებში ფიზიკური პირის მიერ საზღვრის გადაკვეთისას, საპასპორტო კონტროლთან ერთად, დასაშვები გახდა პირის ფოტოგადაღება ან/და დაქტილოსკოპირება, სამართალდარღვევის პრევენციისა და მასზე რეაგირების, დანაშაულის პრევენციის, გამოძიების, სისხლისსამართლებრივი დევნის, სასჯელის აღსრულების, ასევე სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის მიზნით.

ასევე, ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - სასაზღვრო პოლიციის სასაზღვრო სექტორების უმრავლესობა აღიჭურვა თანამედროვე სადამკვირვებლო და საკომუნიკაციო ტექნიკური საშუალებებით. სასაზღვრო პოლიციის პრიორიტეტულ დასაცავ მონაკვეთებზე დამონტაჟდა ელექტრონული დაკვირვების სისტემები. სასაზღვრო პერიმეტრებზე დაინსტალირდა ფოტოხაფანგებით შექმნილი რადიოქსელების მქონე სისტემები, რაც აძლიერებს სახმელეთო საზღვრის დაცვასა და კონტროლს. ასევე, დამოუკიდებელ საქართველოში პირველად, სახელმწიფო საზღვრის სასაზღვრო ზოლში და სასაზღვრო ზონაში მიმდინარეობს გამაფრთხილებელი ნიშნების დამონტაჟება, რაც ასევე აძლიერებს სახმელეთო საზღვრის დაცვასა და კონტროლს. საგრძნობლად გაძლიერდა სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო კომპონენტიც, რაც ასევე გულისხმობს სასაზღვრო პოლიციის მიერ სასაზღვრო-პოლიციური ღონისძიებების ეფექტიან ჩატარებას მთელ საქართველოში. ბოლო წლების განმავლობაში სახმელეთო საზღვრის დაცვის, ოპერატიულ-საგამოძიებო, სწრაფი რეაგირების კომპონენტების გაძლიერების, ასევე პირადი შემადგენლობის გაზრდისა და საზღვრის სათანადო ტექნიკური საშუალებებით აღჭურვის შედეგად, შესამჩნევად გაიზარდა საზღვრის უკანონოდ კვეთის შემთხვევების გამოვლენის ფაქტები.

მტკიცებულებათა მაღალი სტანდარტით მოპოვების მიზნით, განვითარდა საექსპერტო-კრიმინალისტიკური შესაძლებლობები, ლაბორატორიები აღიჭურვა თანამედროვე ტექნიკური საშუალებებით და ცალკეული საექსპერტო მიმართულებებით გაფართოვდა აკრედიტაციის სფერო. შემთხვევის ადგილზე მუშაობის სტანდარტიზების მიზნით, საერთაშორისო სტანდარტისა და ამერიკული აკრედიტაციის ორგანოს მიერ, (A2LA – American Association for Laboratory Accreditation) INL -ის მხარდაჭერით, 2024 წლის ივლისის თვეში, ISO17020 აკრედიტაცია მიენიჭა შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ქ. თბილისის საექსპერტო-კრიმინალისტიკურ სამმართველოს.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში შეიქმნა სპეციალური ლიცენზირებული პროგრამით და დაკავშირებული საჭირო ტექნიკით აღჭურვილი ციფრული ლაბორატორია, რაც სისხლის სამართლის საქმეებში, საგამოძიებო თუ საპროცესო მოქმედებების ჩატარების თვალსაზრისით, მნიშვნელოვან როლს ასრულებს, ზრდის დანაყოფის შესაძლებლობებს და ეფექტიანს ხდის მასშტაბური კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას.

2020 წელს შეიქმნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ციფრული მმართველობის სააგენტოს კომპიუტერულ ინციდენტებზე დახმარების ჯგუფი – (CERT.GOV.GE), რომლის მიზანია საქართველოში კიბერსივრცის უსაფრთხოების დაცვა.

ამასთან, 2021 წლის „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებებით I და II კატეგორიის კრიტიკული ინფორმაციული სისტემების სუბიექტთა კიბერუსაფრთხოების უზრუნველყოფა დაევალა სსიპ - საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკურ სააგენტოს, რომლის მიერ გამოვლენილი კომპიუტერული უსაფრთხოების ინციდენტები წარმოადგენს კიბერდანაშაულის გამოვლენის ერთ-ერთ მნიშვნელოვან წყაროს, ვინაიდან სააგენტოს რეგულატორული მანდატის ქვეშ მოქცეული 80-ზე მეტი სუბიექტის აბსოლუტური უმრავლესობა ორგანიზებულ-დანაშაულებრივი ჯგუფების მთავარი სამიზნეა საქართველოში.

ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის კუთხით აღსანიშნავია საქართველოში მოქმედი საკანონმდებლო მოწესრიგება, რომელიც მუდმივად ვითარდება და განახლებული გამოწვევების თანადროულია. „ქურდული სამყაროს“ წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით, 2005 წელს, მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებები განხორციელდა და „ქურდული სამყაროს“ წევრობა და „კანონიერი ქურდობა“ დასჯად ქმედებად გამოცხადდა. ორგანიზებული დანაშაულის თანამედროვე ფორმები, მისი წესებისა და სტრუქტურის ხშირი ცვალებადობა, დანაშაულებრივი საქმიანობის გზების მუდმივი „დახვეწა“, სამართლებრივი ცნებების რეგლამენტირების აუცილებლობას საჭიროებს, რომელიც სამართალდამცავ ორგანოს უფრო ეფექტიანი რეაგირების შესაძლებლობას მისცემს. ამ კუთხით, მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებები განხორციელდა 2018 წელს და არსებითად შეიცვალა „ქურდული სამყაროს“, „ქურდული სამყაროს“ წევრის, „კანონიერი ქურდის“, „ქურდული გარჩევის“ დეფინიციები. ამასთან, კანონში წარმოდგენილი დეფინიციები დაიხვეწა და ისეთი ტერმინები დაემატა, როგორიცაა „ქურდული სამყაროს“ საქმიანობა და „ქურდული შეკრება“. კანონის გამკაცრების შემდეგ ასევე დასჯადი გახდა „ქურდულ შეკრებაში“ მონაწილეობა, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერა და „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის/„კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვა ან ამ მიმართვის შედეგად მატერიალური სარგებლის ან მატერიალური უპირატესობის მიღება.

ნარკოტრანზიტისა და ნარკოვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით, საქართველოს პარლამენტის მიერ 2019 წლის 19 დეკემბერს მიღებული კანონით კონტროლირებადი მიწოდების ცნება დაუახლოვდა ,,ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ“ გაეროს კონვენციაში არსებულ განმარტებას, აგრეთვე სამართალდამცავ ორგანოებს მიენიჭათ უფლებამოსილება კონტროლირებადი მიწოდების დროს განახორციელონ შესაძლო ნივთიერი მტკიცებულების სრულად ან ნაწილობრივ ჩანაცვლება წინასწარ ნიშანდებული ან/და ყალბი (სიმულაციური) საგნით, დოკუმენტით, ნივთიერებით ან ობიექტით. გარდა ამისა, სამართალდამცავ ორგანოებს მიეცათ შესაძლებლობა საკონტროლო შესყიდვის დროს განახორციელონ მომსახურების შეძენა ან შეძენის სიტუაციის შექმნა, აგრეთვე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1431 - 1432 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის გამოვლენის მიზნით, ადამიანის ყიდვა ან მის მიმართ სხვა უკანონო გარიგების განხორციელება ან განხორციელების სიტუაციის შექმნა. შესაძლებელი გახდა ნებისმიერი შესაძლო ნივთიერი მტკიცებულების კონტროლირებადი მიწოდება, მიუხედავად იმისა, აღნიშნულის თავისუფალი რეალიზება კანონით აკრძალული ან შეზღუდულია თუ არა.

ნარკოპოლიტიკის მიმართულებით, აღსანიშნავია, რომ ქვეყანა ნარკოტიკებით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლას ეტაპობრივად ამკაცრებს. 2021 წელს, განხორციელებული ცვლილებების საფუძველზე, ნარკოტიკული საშუალების გასაღებისთვის სასჯელი გამკაცრდა და მინიმალურ სასჯელად, 6 წლის ნაცვლად, 10 წლიდან თავისუფლების აღკვეთა განისაზღვრა. სასჯელები გამკაცრდა ასევე ნარკოტიკული საშუალების დიდი ოდენობითა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით გასაღების შემთხვევებშიც. ასევე, გამკაცრდა სასჯელი ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების უკანონო გასაღებისათვის.

გათვალისწინებით იმისა, რომ ნარკოტიკული საშუალებების არალეგალურ ბაზარზე მუდმივად ჩნდება ახალი ფსიქოაქტიური საშუალებები, რომლებიც საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივ ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებას, ბოლო 5 წლის განმავლობაში გაეროს შეტყობინების საფუძველზე და საერთაშორისო დონეზე ნაკისრი ვალდებულებების ჯეროვნად შესრულების კვალდაკვალ, ყოველწლიურად ხდებოდა ფსიქოაქტიური ნივთიერებების დამატება „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამის სიებში. 2020-2024 წლებში ბრუნვისათვის შეზღუდულ არალეგალურ ნივთიერებათა სიებს დაემატა 51 ნარკოტიკული საშუალება, 2 ფსიქოტროპული ნივთიერება და 6 პრეკურსორი.

„კიბერდანაშაულის შესახებ“ ევროპის საბჭოს 2001 წლის კონვენციასთან დაახლოების მიზნით 2021 წლის 27 აპრილს ცვლილება განხორციელდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე, 285-ე და 286-ე მუხლებში, კერძოდ, კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის მუხლს დაემატა დამამძიმებელი გარემოება, რომლის თანახმადაც ისჯება კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევა, ჩადენილი კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტის მიმართ. აღნიშნული ცვლილებები უმთავრესად განაპირობა იმ გარემოებამ, რომ სტაბილურად იმატებს კრიტიკული ინფორმაციული სისტემების წინააღმდეგ განხორციელებული კიბერთავდასხმები. ამასთან, ასეთი ტიპის დანაშაულების სრულყოფილი რეალიზების შედეგები გაცილებით მძიმეა, ვიდრე ცალკეულ ინდივიდთა მიმართ განხორციელებული შეტევები.

ასევე, კონვენციასთან სრული შესაბამისობისა და პრაქტიკული ხარვეზების აღმოფხვრის მიზნით, კოდექსს დაემატა ახალი დანაშაულები, კერძოდ: კომპიუტერული მონაცემის ან/და კომპიუტერული სისტემის ხელყოფა ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით და ყალბი ოფიციალური კომპიუტერული მონაცემის შექმნა. აღნიშნული სიახლე უზრუნველყოფს შიდა კანონმდებლობაში კონვენციით გათვალისწინებული ისეთი დანაშაულების სრულყოფილად ასახვას, როგორიცაა კომპიუტერთან დაკავშირებული თაღლითობა და კომპიუტერთან დაკავშირებული გაყალბება.

2021 წელს ცვლილებები შევიდა „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ კანონში, რომლითაც არსებითად განსხვავებულად დარეგულირდა კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტების უფლება-მოვალეობები უპირველესად კომპიუტერული უსაფრთხოების ინციდენტების აღმოჩენისა და მართვის მიმართულებით. ამასთან, ხსენებულმა საკანონმდებლო აქტმა და მის საფუძველზე გამოცემულმა კანონქვემდებარე ნორმატიულმა აქტებმა განსაზღვრეს პროცედურები სამართალდამცავ და კიბერუსაფრთხოების ორგანოებს შორის თანამშრომლობის საკითხებზე.

კიბერუსაფრთხოების ბოლო რეფორმის ფარგლებში რეგულატორი ორგანოები (მაგ., სსიპ - საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო) სათანადო წესით აწვდიან ციფრულ მტკიცებულებებს შესაბამის საგამოძიებო უწყებებს და ამასთან, მონაწილეობენ მოცემული ტიპის დანაშაულთა გამოძიების პროცესში იმის გათვალისწინებით, რომ ინციდენტზე რეაგირების პროცესში სწორედ მორეაგირე უწყებას გააჩნია დეტალური ცოდნა კონკრეტული შემტევი აქტორის მიერ განხორციელებული დანაშაულებრივი კიბერაქტივობის შესახებ.

2022 წელს, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში, განხორციელებული ცვლილებით კიბერდანაშაულებზეც დასაშვები გახდა ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება. ახლებურად დარეგულირდა ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ნორმები, მათ შორის, დადგინდა, რომ აღნიშნული ნორმები აღარ გავრცელდება კომპიუტერულ მონაცემებთან (მაგ.: ვიდეოჩანაწერი, აუდიოჩანაწერი და ა.შ.) დაკავშირებულ საგამოძიებო მოქმედებებზე.

მნიშვნელოვანია, რომ 2024 წელს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში შეტანილი ცვლილებით დასჯადი გახდა საზღვრის უკანონო გადაკვეთის და საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის ან/და კანონმდებლობის დადგენილი წესების დარღვევით, მისთვის საქართველოში ყოფნისათვის შესაბამისი პირობების შექმნის მომზადება. ხსენებული ქმედებების მომზადების ეტაპზე დასჯის შესაძლებლობა ღირებულ წვლილს შეიტანს განსაკუთრებით ორგანიზებული ჯგუფების დანაშაულებრივი საქმიანობის პრევენციის თვალსაზრისით.

ორგანიზებული დანაშაულების გამოვლენისა და გახსნის მიმართულებით მნიშვნელოვანია ქვეყანაში დნმ-ის მონაცემთა ბაზის არსებობა. 2025 წლის 4 მარტს საქართველოს პარლამენტმა მიიღო „დნმ-ის მონაცემთა ბაზის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომლის საფუძველზეც სსიპ – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ბაზაზე შეიქმნება ერთიანი ეროვნული დნმ-ის მონაცემთა ბაზა.

ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლისთვის საჭირო ძირითადი მარეგულირებელი საკანონმდებლო აქტების გარდა ქვეყანაში მოქმედებს სხვა არაერთი კანონი, რომელიც ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას ემსახურება. ასეთია, მაგალითად, „ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ“ და „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონები, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონი, აგრეთვე „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომელიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სამართლებრივი ბერკეტია ორგანიზებული დანაშაულებრივი საქმიანობის შედეგად მოპოვებული შემოსავლის ლეგალიზების პრევენციისა და ასეთი შემთხვევების გამოსავლენად.

ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის კუთხით არსებითი მნიშვნელობისაა საზოგადოების ინფორმირებულობა, პოტენციურ დაზარალებულთა რაოდენობის შემცირება და მოწმეთა დარწმუნება ითანამშრომლონ სამართალდამცავ ორგანოებთან. ამ მიზნით, არაერთმა სახელმწიფო უწყებამ, კომპეტენციის ფარგლებში, აწარმოა ცნობიერების ასამაღლებელი კამპანიები. მაგალითად, ორგანიზებული დანაშაულის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანიის ფარგლებში 2023 წელს, საქართველოს პროკურატურის ორგანიზებით, პროკურორებმა სკოლის მოსწავლეებთან საქართველოს ყველა რეგიონში ჩაატარეს საინფორმაციო შეხვედრები (ჯამში 72 შეხვედრა) თემაზე ,,„ქურდული სამყარო“, არსებული კანონმდებლობა, მიღწევები და გამოწვევები“.

2022-2024 წლებში, საზოგადოების ინფორმირებულობისა და სამართალდამცავი უწყებების მიმართ ნდობის ამაღლების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, დაამზადა და სოციალურ ქსელებსა და ტელევიზიებში განათავსა ვიდეორგოლები, კიბერდანაშაულის, კრიმინალური მენტალიტეტის და ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ. ამავე პერიოდში, კრიმინალურ-დოკუმენტური სერიალის - ,,პოლიციის ფაილების“ ხუთი სატელევიზიო სეზონის ფარგლებში, ორგანიზებულ დანაშაულს მიეძღვნა 7 სერია, საინფორმაციო-შემეცნებითი შეხვედრები გაიმართა 75-მდე სკოლაში 5 000-მდე მოსწავლესთან და შაორის და ანაკლიის ახალგაზრდულ ბანაკებში, რომელშიც ჯამში 1 350-მდე ახალგაზრდამ მიიღო მონაწილეობა. აგრეთვე, აქტიურად წარიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს კამპანია „ემეგობრე პოლიციას“.

2024 წელს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო კიდევ ერთი კამპანია სკოლის მოსწავლეებისათვის - „უფლებები ბავშვებისთვის“. კამპანიის ფარგლებში, ტრენერთა ტრენინგი ჩაუტარდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 40-მდე თანამშრომელს. ასევე, მოწვეული დარგის ექსპერტების მონაწილეობით შეირჩა მოსწავლეებთან განსახილველი თემები და თითოეულ თემაზე მომზადდა შესაბამისი სასწავლო მოდული. აღნიშნული კამპანიის ფარგლებში, 2024 წლის 19-27 ნოემბერს, ქვემო ქართლის რეგიონის სკოლებში ჩატარდა 11 შეხვედრა, რომელსაც საერთო ჯამში დაესწრო 400 - მდე მოსწავლე. კამპანია „უფლებები ბავშვებისთვის“ მიიღებს სისტემატიურ სახეს და ეტაპობრივად მოიცავს მთელი საქართველოს მასშტაბით არსებულ სკოლებს.

გასულ წლებში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლები, კერძო სექტორის წარმომადგენელთა ცნობიერების ამაღლების კუთხით, აქტიურად იყენებდნენ საქართველოში გამართული შეხვედრების, კონფერენციებისა თუ ფორუმების ტრიბუნებს, რომელთაც ესწრებოდა არაერთი კომპანიისა თუ ბანკის წარმომადგენელი. პარალელურად, მონაწილეობდნენ მაღალი რეიტინგის მქონე სატელევიზიო გადაცემებსა თუ რადიოეთერებში და ტელემაყურებლებს/რადიომსმენელებს აწვდიდნენ ინფორმაციას საქართველოში გავრცელებული კიბერდანაშაულის სახეების და მათი პრევენციის მექანიზმების შესახებ. ამასთან, შინაგან საქმეთა სამინისტროს ჩართულობით, საქართველოში გავრცელებული კიბერდანაშაულის, კერძოდ: „ფიშინგის“, „ქარდინგის“, ბიზნეს/კორპორაციული ელექტრონული ფოსტების კომპრომეტირების (BEC), „RANSOMWARE“ ვირუსული პროგრამის შესახებ შეიქმნა ინფორმაციული შინაარსის ბანერები და გრაფიკული ვიდეორგოლები.

სსიპ - ციფრული მმართველობის სააგენტოს ინიციატივით, 2023 წელს დაფუძნდა კიბერუსაფრთხოების სფეროში საჯარო - კერძო თანამშრომლობის პლატფორმა (კიბერუსაფრთხოების ეროვნული პლატფორმა), რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს კრიტიკული ინფორმაციული სისტემების სუბიექტებისა და საზოგადოების კიბერმედეგობის გაძლიერებას. პლატფორმის ფარგლებში ჩამოყალიბდა საბანკო/საფინანსო და ბავშვთა ონლაინ დაცვის საკითხებზე მომუშავე სამუშაო ჯგუფები.

სსიპ „ციფრული მმართველობის სააგენტოს“ ინიციატივით, ასევე შემუშავდა კიბერუსაფრთხოების სფეროში ცნობიერების ამაღლების 2025-2030 წლების სტრატეგია და მისი განხორციელების სამოქმედო გეგმა.

2024 წელს განახლდა საერთო სარგებლობის დისტანციური სატრენინგო პლატფორმა -Elearning.gov.ge, რომელზეც განთავსებულია სამი უფასო კურსი: „კიბერუსაფრთხოების საბაზისო კურსი“, „კიბერ ზამთარი 2023“ და „კიბერ კრიზისის მენეჯმენტის“ კურსი. პლატფორმაზე ამჟამად რეგისტრირებულია 8 000 - მდე პირი.

2023 წელს 2 ეტაპად განხორციელდა სსიპ „ციფრული მმართველობის სააგენტოს“ საინფორმაციო კამპანია, რაც კიბერ და ონლაინ საფრთხეების შესახებ ცნობადობის ამაღლებასა და კიბერსივრცეში უსაფრთხოდ ოპერირებისთვის აუცილებელი ჩვევების გამომუშავებას ისახავდა მიზნად. კამპანიის ფარგლებში გადაცემები გავიდა ადგილობრივ ტელევიზიებსა და რადიოში, ასევე მომზადდა და გავრცელდა საინფორმაციო ვიდეორგოლები, სპეციალური თამაშები, ქვიზები და ბანერები. მომზადდა 25 სატელევიზიო და 20-მდე რადიოგადაცემა. ჯამში სხვადასხვა საინფორმაციო არხის საშუალებით ინფორმაცია მიეწოდა საქართველოს მილიონზე მეტ მოქალაქეს.

გარდა ამისა, სსიპ - „ციფრული მმართველობის სააგენტოს“ მიერ, ინფორმაციული უსაფრთხოების კუთხით ჩატარებული ტრენინგების („ინფორმაციული უსაფრთხოების საფუძვლები: შესავალი, დანერგვა და აუდიტი“, „ინფორმაციული უსაფრთხოების შიდა აუდიტორი“, „ინფორმაციული უსაფრთხოების აქტივების და რისკების მართვა“ და „ISO 27001 სტანდარტისა და „ინფორმაციული უსაფრთხოების“ შესახებ საქართველოს კანონის ზოგადი მიმოხილვა და კიბერჰიგიენა“ ) ფარგლებში, ჯამში, გადამზადდა 700-მდე პირი.

აღსანიშნავია, რომ ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების მართვისა და მონიტორინგის მიზნით, დაიწყო ადრეული გაფრთხილების სისტემის (EWS) დანერგვის პროცესის კოორდინაცია და სისტემის ეფექტიანად მართვის მოდალობების შემუშავებაც. ამასთან, ევროპარლამენტისა და ევროპული საბჭოს რეგულაცია (Regulation (EU) 2017/2101), ითვალისწინებს ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებებისა და არსებული რისკების თაობაზე ინფორმაციის გაცვლას ქვეყნებს შორის და სისტემის ადმინისტრირების საჭიროებას. დამატებით, ევროკავშირის ნარკოტიკების სააგენტოსთან (EUDA) თანამშრომლობის ფორმატი მოიცავს მათთვის ინფორმაციის გაზიარებას ადრეული გაფრთხილების სისტემის ფარგლებში (Regulation (EU) 2023/1322).

გარდა ამისა, ნარკოვითარების მონიტორინგის კომპონენტში, დანერგვის ეტაპზეა ნარკოტიკების მიწოდების შემცირების მონიტორინგის ინდიკატორები (Drug Supply Indicators) და სტატისტიკის წარმოების მექანიზმები. სტანდარტი ევროკავშირის ნარკოტიკების სააგენტოს (EUDA) მოქმედ ინდიკატორებს ეფუძნება და სტატისტიკის წარმოება არსებული ვითარების შესწავლისა და მონიტორინგის მიზანს ემსახურება.

სამართალდამცავთა კვალიფიკაცია

ორგანიზებულ დანაშაულთა კომპლექსურობისა და მათი ჩადენის ხერხების მუდმივი ცვლილების პარალელურად, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლაში ჩართულ სამართალდამცავთა კვალიფიკაცია. შესაბამისად, თითოეული სამართალდამცავი უწყება წლებია უწყვეტად ზრუნავს თანამშრომელთა ცოდნის გაღრმავებაზე.

ამ მიზნით, სსიპ - საქართველოს შსს აკადემიის ინსტრუქტორები პერიოდულად იმაღლებენ კვალიფიკაციას საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების მიერ ჩატარებულ ტრენინგებზე, სემინარებსა თუ შეხვედრებზე და პარალელურად აახლებენ შესაბამის სასწავლო პროგრამებს. 2021-2024 წლებში ჩატარდა 61 ამგვარი საერთაშორისო აქტივობა „ქურდული სამყაროს“, კიბერდანაშაულისა და ნარკოდანაშაულის თემაზე. აღნიშნულის საფუძველზე, სსიპ - საქართველოს შსს აკადემიაში 2023 წლიდან დაინერგა გამომძიებელთა კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსი ,,კიბერდანაშაულის გამოძიება, ციფრული მტკიცებულებების მოპოვება, დამუშავება და კიბერუსაფრთხოება“ (კურსი გაიარა 86-მა მსმენელმა), ხოლო 2024 წელს შემუშავდა ელექტრონული კურსი „ნარკოტიკებით უკანონო ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლა“.

კიბერდანაშაულთან დაკავშირებით ბოლო წლებში გამოკვეთილი ტენდენციების გათვალისწინებით, ამ მიმართულებას განსაკუთრებული ყურადღება ექცევა. სსიპ - შსს აკადემიის გამომძიებელთა საბაზისო მომზადების სპეციალურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაში გათვალისწინებულია საგანი - „ციფრულ მტკიცებულებებთან დაკავშირებული საგამოძიებო მოქმედებები“, რომელიც 2021-2024 წლების განმავლობაში გაიარა 444 მსმენელმა. გარდა აღნიშნულისა, შესაბამისი დანაყოფის თანამშრომლებმა მონაწილეობა მიიღეს 48 ადგილობრივ თუ საერთაშორისო დონის სწავლებებსა და სამუშაო შეხვედრებში.

სსიპ - საქართველოს შსს აკადემიაში განხორციელებად პოლიციელთა მომზადების სპეციალური საბაზისო პროგრამის ფარგლებში აგრეთვე ისწავლება ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებული საკითხები. 2021-2022 წლის განმავლობაში აღნიშნული პროგრამა გაიარა 1 165-მა მსმენელმა.

სამართალდამცავთა კვალიფიკაციის ამაღლების ფარგლებში, სსიპ - საქართველოს შსს აკადემიის მიღმა, 2021-2024 წლის განმავლობაში, კიბერდანაშაულის, ნარკოდანაშაულისა და „კანონიერი ქურდების“ წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით, დამატებით ჯამში ჩატარდა 96 ტრენინგი, რომელთა ფარგლებშიც გადამზადდა შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის 730 თანამშრომელი, კერძოდ: კიბერდანაშაულთან ბრძოლის მიმართულებით ჩატარდა 74 აქტივობა და გადამზადდა 528 თანამშრომელი, ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით ჩატარდა 20 აქტივობა და გადამზადდა 173 თანამშრომელი, ხოლო „ქურდული სამყაროს“ წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით ჩატარდა 2 აქტივობა და გადამზადდა 29 თანამშრომელი.

მსგავსად საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა, ტრანსნაციონალური დანაშაულების, მათ შორის კიბერდანაშაულის, ნარკოტიკული დანაშაულის, ასევე „ქურდულ სამყაროსთან“ დაკავშირებული დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტურობის გაზრდის მიზნით, საქართველოს პროკურატურაც პერიოდულად ახორციელებს გამომძიებლების და პროკურორების გადამზადებას და კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, უზრუნველყოფს თანამშრომლების ჩართულობას სხვადასხვა სასწავლო აქტივობებში.

2020-2024 წლის განმავლობაში, საქართველოს პროკურატურის პროფესიული განვითარების ცენტრის ორგანიზებით, საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებისათვის, კიბერდანაშაულის თემაზე ჩატარებულია - 88 სასწავლო ღონისძიება (409 მონაწილე), „ქურდულ სამყაროსთან“ დაკავშირებულ დანაშაულებზე - 17 სასწავლო ღონისძიება (85 მონაწილე), ხოლო ნარკოტიკულ დანაშაულებზე - 28 სასწავლო ღონისძიება (144 მონაწილე).

საყურადღებოა, რომ პარალელური ფინანსური გამოძიების წარმოებისა და გამომძიებელთა/პროკურორთა შესაძლებლობების გაზრდის მიზნით საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ შეიმუშავა „სახელმძღვანელო მითითება მატერიალური სარგებლით მოტივირებულ დანაშაულებზე პარალელური ფინანსური გამოძიების წარმოების შესახებ“, რომლის ამოცანაა პრაქტიკოსებს უკეთ დაანახოს პარალელური ფინანსური გამოძიების როლი მატერიალური სარგებლით მოტივირებულ დანაშაულების გამოძიების პროცესში, გააცნოს მათ ფინანსური გამოძიების ჩატარებასთან დაკავშირებული საერთაშორისო სტანდარტები, მათ შორის, ფინანსურ ქმედებათა სპეციალური ჯგუფის (შემდგომში FATF) რეკომენდაციები და მიაწოდოს იდეები/მაგალითები ჩასატარებელი საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებების შესახებ, რომელთა გამოყენებაც შესაძლებელი იქნება სხვადასხვა ტიპის გამოძიების პროცესში და დაეხმარებათ საბოლოო შედეგის ეფექტიანობის ზრდაში.

საერთაშორისო თანამშრომლობა

საქართველო ორგანიზებული დანაშაულის მიმართულებით აქტიურად თანამშრომლობს პარტნიორ ქვეყნებთან, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებთან, რომელთა ფარგლებშიც ხორციელდება არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი/პროგრამა და ითვალისწინებს სხვადასხვა გზით სახელმწიფო უწყებათა შესაძლებლობების განვითარებას.

2024 წლის მდგომარეობით, სამართალდაცვით/დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში საქართველოს საერთაშორისო შეთანხმებები/თანამშრომლობის მემორანდუმები გაფორმებული აქვს რამდენიმე ათეულ სახელმწიფოსთან, მათ შორის, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან. საქართველო ასევე წარმოადგენს გაეროსა და ევროპის საბჭოს ფარგლებში გაფორმებული არაერთი მრავალმხრივი ხელშეკრულების ხელშემკვრელ მხარეს, რომელთა საფუძველზეც ხორციელდება სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობა კონკრეტულ დანაშაულებთან დაკავშირებით. გარდა აღნიშნულისა, 2023 წელს განხორციელდა ექსტრადიციისა და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ ორმხრივი ხელშეკრულებების ტექსტის პარაფირება საქართველოსა და აშშ-ის კომპეტენტური ორგანოების მიერ და მათი ოფიციალურად ხელმოწერისა და რატიფიცირების შემდეგ, ხსენებული ხელშეკრულებები შევა ძალაში. ამასთანავე, სხვადასხვა ეტაპზეა მოლაპარაკებების პროცესი არაერთ სახელმწიფოსთან.

აღსანიშნავია, რომ 2023 წლის 1-ელი ივნისიდან, პოლიციის ატაშეებმა სრულად მოიცვეს სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ქვეყნები და 2025 წლის დასაწყისში, შინაგან საქმეთა სამინისტროს ჰყავს 19 პოლიციის ატაშე, რომელიც ფარავს 38 სახელმწიფოს. მეკავშირე ოფიცრები წარგზავნილი არიან ევროპოლის სათაო ოფისსა და ნატოშიც.

როგორც ორგანიზებული, ისე ზოგადად დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო თანამშრომლობს ინტერპოლის, ევროპოლის და ორმხრივ ფორმატებში. რაც შეეხება სხვადასხვა პროექტებს, აღსანიშნავია ინტერპოლის პროექტი „მილენიუმი“, რომელიც მიმართულია რუსულენოვანი ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლისკენ და მასში საქართველოს გარდა მონაწილეობს უკრაინა, მოლდოვა, რუსეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი და სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნები. ასევე, საქართველო ჩართულია გერმანიის ფედერალური კრიმინალური პოლიციის მიერ, 2024 წლის ბოლოს დაწყებულ პროექტში, სახელწოდებით ARCTURUS , რომელიც გულისხმობს აღნიშნული ტიპის დანაშაულებრივი დაჯგუფებების განახლებული ოპერატიული ინფორმაციის მიმოცვლას.

განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა თანამშრომლობას ევროპოლთან, რომელთანაც 2017 წელს საქართველომ გააფორმა შეთანხმება ოპერატიული და სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ. შეთანხმება ქვეყანას აძლევს შესაძლებლობას ევროპოლის ფარგლებში გაცვალოს ოპერატიული ინფორმაცია და პერსონალური მონაცემები. 2018 წელს, ზემოაღნიშნული შეთანხმების საფუძველზე, ევროპოლთან გაფორმდა მემორანდუმები, უსაფრთხო კომუნიკაციის არხისა და მეკავშირე ოფიცრის წარგზავნის შესახებ. შედეგად, 2018 წელს, შსს-ს მეკავშირე ოფიცერი წარიგზავნა ევროპოლში, ხოლო 2019 წლიდან კი სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის ცენტრში დამონტაჟდა ინფორმაციის გაცვლის უსაფრთხო საკომუნიკაციო არხი „სიენა“, რომელიც აქტიურად გამოიყენება ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან ინფორმაციის გაცვლის კუთხით - ყოველთვიურად ხდება 100-ზე მეტი ოპერატიული მოთხოვნის დამუშავება.

გასული 4 წლის განმავლობაში, უშუალოდ ევროპოლთან თანამშრომლობის ფარგლებში, ევროპოლის წევრ და პარტნიორ სახელმწიფოებთან, საერთო ჯამში გაიცვალა 4 800-ზე მეტი ოპერატიული ინფორმაცია 28 000-ზე მეტი პირის შესახებ. ევროპოლთან თანამშრომლობა ასევე მოიცავს ორგანიზებული კიბერდანაშაულებრივი ჯგუფების საქმიანობის გამოძიებასაც ამავე ორგანიზაციის სტრუქტურული ქვედანაყოფის EC3 -ის ფარგლებში, რომელზეც შესაბამისი თანხმობა იქნა მიღწეული 2023 წელს საქართვლოს დელეგაციასა და ევროპოლის შესაბამის წარმომადგენლობას შორის. დამატებით, EC3–ის ხელმძღვანელობამ უზრუნველყო ქართული მხარის დაშვება მისი ეგიდით ოპერირებად მავნე კოდის ანალიზის სხვადასხვა პლატფორმაზე. ევროპოლის მსგავსად, იმავე 4-წლიან პერიოდში, ინტერპოლთან თანამშრომლობის ფარგლებში, საერთო ჯამში, გაიცვალა 32 000-ზე მეტი ინფორმაცია 67 000-ზე მეტი პირის შესახებ.

აღსანიშნავია, რომ ევროპოლთან თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველო ასევე აქტიურად მონაწილეობს EMPACT-ის ოპერატიულ-სამოქმედო გეგმების განხორციელებაში. 2023 წელს საქართველო ჩართული იყო EMPACT-ის 6 ოპერატიულ-სამოქმედო გეგმასა და 77 ოპერატიულ აქტივობაში. 2024-2025 წლების პერიოდში კი საქართველო მონაწილეობას მიიღებს 10 ოპერატიულ-სამოქმედო გეგმისა და 136 ოპერატიული აქტივობის განხორციელებაში. გარდა ზემოაღნიშნულისა, საქართველო ჩართულია 8 ანალიტიკურ პროექტში.

ასევე აღსანიშნავია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს აშშ-ის შესაბამის სამსახურებთან, კერძოდ, ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის საერთაშორისო ბიუროსთან (INL), თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოსთან (DTRA), აგრეთვე საქართველოში მოვლენილნი არიან და ორმხრივ ფორმატში თანამშრომლობენ გამოძიების ფედერალურ ბიუროს (FBI), ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის ადმინისტრაციის (DEA) და რეგიონული უსაფრთხოების სამსახურის (RSO) წარმომადგენლები. 2021 წლის 1-ელი იანვრიდან 2024 წლის ბოლომდე ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში (ინტერპოლი, ევროპოლი), აშშ-ის შესაბამის დანაყოფებთან, საერთო ჯამში, გაიცვალა 300-ზე მეტი ოპერატიული ინფორმაცია.

შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს მჭიდრო თანამშრომლობას ამერიკის შეერთებული შტატების ნარკოტიკებთან ბრძოლის ადმინისტრაციასთან (DEA) და ევროპელ სამართალდამცავებთან. მათთან ერთად გრძელდება ისეთი კომპლექსური ღონისძიებების ჩატარება, როგორიცაა, მაგალითად, საერთაშორისო კონტროლირებადი მიწოდება.

გარდა ამისა, შინაგან საქმეთა სამინისტროს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურსა და გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულთან ბრძოლის ოფისს (UNODC) შორის გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმის საფუძველზე, შექმნილია უწყებათაშორისო სამუშაო სამი ჯგუფი - „მგზავრებისა და ტვირთების კონტროლის პროგრამის ფარგლებში შექმნილი უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი“, რომლის მიზანია საქართველოში შემოტანილი ან ტრანზიტით მოძრავი აკრძალული ტვირთების აღმოჩენა. ჯგუფები განთავსებულია: თბილისში, საბაჟო დეპარტამენტის ადმინისტრაციულ შენობაში (სახმელეთო) და საჰაერო ტვირთების საბაჟო ტერმინალში - „ლასარე“ (საჰაერო), ასევე ფოთის პორტში (საზღვაო). ჯგუფის წევრები მუდმივად აიდენტიფიცირებენ და ამოწმებენ სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო გზებით მოძრავ საეჭვო ტვირთებს. „მგზავრებისა და ტვირთების კონტროლის პროგრამის ფარგლებში შექმნილ უწყებათაშორის სამუშაო ჯგუფში“ მონაწილეობას იღებენ ასევე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები.

ასევე, აღსანიშნავია თანამშრომლობა ევროპის უშიშროების და თანამშრომლობის ორგანიზაციასთან (ეუთო) ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლა, კიბერდანაშაული და სხვა. თანამშრომლობა ითვალისწინებს როგორც ექსპერტულ მხარდაჭერას, ასევე ტექნიკური აღჭურვილობის გადაცემას.

საერთაშორისო თანამშრომლობის თვალსაზრისით მნიშვნელოვანია საქართველოსა და „ევროჯასტს“ (Eurojust) შორის გაფორმებული თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება, რომელმაც ინტენსიურ ფაზაში გადაიყვანა ევროკავშირის მართლმსაჯულების სისტემასთან საქართველოს მართლმსაჯულების სისტემის (საგამოძიებო, პროკურატურა, სასამართლო) თანამშრომლობა და შექმნა დამატებითი ინსტრუმენტი ტრანსსასაზღვრო და ორგანიზებულ დანაშაულებთან კოორდინირებული ბრძოლისათვის.

ევროჯასტთან (Eurojust) თანამშრომლობა მაჩვენებელია იმისა, რომ საქართველოს მართლმსაჯულების სისტემა − საგამოძიებო, პროკურატურა, სასამართლო, ევროპის მართლმსაჯულების სისტემის სტანდარტების შესაბამისია და მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ტრანსნაციონალურ დანაშაულებებთან კოორდინირებულ და ეფექტიან ბრძოლას.

2020 წელს საქართველომ ევროჯასტში (Eurojust) მიავლინა მეკავშირე პროკურორი და ამ პერიოდიდან დღემდე, ევროჯასთის ეგიდით, ერთობლივი საგამოძიებო ჯგუფის ფარგლებში საქართველოში ჩატარდა რამდენიმე საერთაშორისო საგამოძიებო ღონისძიება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა მძლავრი, მასშტაბური ხასიათის მქონე ორგანიზებულ დანაშაულებრივ ჯგუფებს.

ხაზგასასმელია ის გარემოებაც, რომ 2024 წელს, ევროკავშირის დაფინანსებული პროექტის „სასწავლო და ოპერატიული პარტნიორობა ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ (TOPCOP I)“ ფარგლებში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, სომხეთის, აზერბაიჯანის, მოლდოვას და უკრაინის წარმომადგენლების თანამშრომლობით, პირველად შემუშავდა „აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის 2021-2022 წლების საფრთხეების შეფასების რეგიონული ანგარიში“ (Serious and Organised Crime Regional Threat Assessment of Eastern Partnership Countries 2024), რომელიც აერთიანებს რეგიონში პრიორიტეტულად განსაზღვრული დანაშაულების, კერძოდ, ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ვაჭრობის, კიბერდანაშაულის, თაღლითობის და სხვა ორგანიზებული დანაშაულის მიმოხილვას, მათი ჩადენის გავრცელებულ მეთოდებს, მარშრუტებს, შედეგებს, სხვა დანაშაულთან კავშირებს, განვითარების მოსალოდნელ შესაძლებლობებს და სხვა.

ევროკავშირის გაფართოების პაკეტის ფარგლებში, საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესის და განხორციელებული რეფორმების შეფასებითი ყოველწლიური ანგარიშის მომზადების მიზნით, 2024 წლიდან დაინერგა ევროკავშირის სპეციალური ელექტრონული პლატფორმა „მძიმე დანაშაულის, ორგანიზებული დანაშაულისა და მაღალი დონის კორუფციის შესახებ (Track Record Data Collection)“, რომელიც მიზნად ისახავს ევროკომისიას მიეწოდოს სრულყოფილი ინფორმაცია ქვეყანაში რეგისტრირებული დანაშაულის, მათ შორის, ორგანიზებული დანაშაულის შესახებ. აღნიშნულ პროცესში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და გენერალური პროკურატურის კოორდინაციით, აქტიურად მონაწილეობენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო და სასამართლო. ხსენებული უწყებები, პლატფორმის დახვეწისა და გაუმჯობესების მიზნით, აგრძელებენ ევროკომისიასთან მუდმივ თანამშრომლობას.

საერთაშორისო ინდექსები და შეფასებები

ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში, იმისთვის რომ მოხდეს არა მხოლოდ არსებული მიღწევების შენარჩუნება, არამედ სწრაფად ცვალებად გარემო-პირობებში სახელმწიფო ინსტიტუტებმა მყისიერად მოახდინონ ადაპტირება და ახალ გამოწვევებთან დროული გამკლავება, მნიშვნელოვანია, შეფასდეს ქვეყნის მდგრადობა, რასაც სხვადასხვა ფაქტორის ერთობლიობა განაპირობებს. საქართველოს მდგრადობის შესაფასებლად შესაძლებელია სანდო და კვალიფიციური საერთაშორისო შეფასებებისა და ინდექსების გამოყენება.

გლობალური ორგანიზებული დანაშაულის ინდექსი

გლობალური ორგანიზებული დანაშაულის ინდექსის თანახმად, 2023 წელს, სხვადასხვა ქვეყანაში არსებული კრიმინალური ბაზრებისა და კრიმინალური აქტორების შეფასებაზე დაყრდნობით, საქართველო იკავებს ერთ-ერთ მოწინავე ადგილს, მსოფლიოს 193 ქვეყნას შორის. საქართველო, რომლის კრიმინალური მიმართულებით არსებული მაჩვენებელიც მნიშვნელოვნად უკეთესია (დაბალია) საშუალო მაჩვენებელზე8, 164-ე ადგილზეა 193 ქვეყნიდან (პირველ ადგილზე მყოფ ქვეყანას ყველაზე ცუდი კრიმინალური მდგომარეობა აქვს, ყველაზე ბოლოს კი - საუკეთესო). აღნიშნული ინდექსის მიხედვით, საქართველო უსწრებს ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა საფრანგეთი9, აშშ10, გერმანია11 და სხვა. ამასთან, ამავე მაჩვენებლით, საქართველოს რეგიონშიც აქვს მოწინავე პოზიცია.

ევროკომისიის შეფასება ორგანიზებული დანაშულის ბრძოლის მიმართულებით

ევროკომისიის 2023 წლის 8 ნოემბრის ანგარიშში დადებითად შეფასდა საქართველოს მიერ ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები. ანგარიშში ხაზგასმულია, რომ ქვეყანას აქვს ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული სტრატეგია და მისი სამოქმედო გეგმა, რომლის თანმიმდევრული შესრულებაც პოზიტიურ გავლენას ახდენს ქვეყნის უსაფრთხოებაზე, წინსვლასა და განვითარებაზე. ანგარიშში გამოწვევად სახელდება სამართალდამცავი უწყებების კოორდინაცია და ეფექტიანი თანამშრომლობა უკანონო შემოსავლის ლეგალიზებისა და პარალელური ფინანსური გამოძიების მიმართულებით.12

ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში მიღწეული შედეგები და საერთაშორისო ფორმატებში ჩართულობა დადებითადაა შეფასებული ევროკომისიის „უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმის შესახებ“ 2023 წლის მე-6 ანგარიშშიც13.

ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით არსებული ქვეყნის პოლიტიკა დადებითად შეფასდა ევროკომისიის 2024 წლის 30 ოქტომბრის ანგარიშითაც,14 რომლის თანახმად, საქართველოს კანონმდებლობა დაახლოებულია ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ევროკავშირის სამართლებრივ რეგულირებასთან. ანგარიშში მნიშვნელოვან ნაბიჯად სახელდება ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს არსებობა და მისი კოორდინაციით, ამავე მიმართულებით, ქვეყნის ეროვნული პოლიტიკის დოკუმენტის მუშაობა. ანგარიშში ასევე ხაზგასმულია საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს აქტიურ თანამშრომლობაზე, ერთობლივი ოპერაციების ფარგლებში.

ევროკომისია, რეკომენდაციის სახით, ანგარიშში მიუთითებს ისეთი მიმართულებებით მუშაობის გაძლიერების საჭიროებაზე, როგორიცაა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციით ამოღებული ქონების კონფისკაციების ზრდა, პროკურატურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ფუნქციების მკვეთრად გამიჯვნა, ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გაძლიერება, ასევე „ანალიზზე დაფუძნებული საპოლიციო საქმიანობის“ (ILP) შემდგომი განვითარება15. ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოს საკანონმდებლო ბაზა ძირითადად შეესაბამება ევროკავშირის კანონმდებლობას.16

კორუფციის საერთაშორისო ინდექსი

საერთაშორისო გამჭვირვალობის კორუფციის აღქმის ინდექსში საქართველომ 2023 წელს, 180 ქვეყანას შორის, 100 ქულიდან 53 ქულა დააგროვა და 49-ე ადგილი დაიკავა. იგივე შედეგი აჩვენა 2024 წელსაც და 100 ქულიდან 53 ქულით საქართველოს17 აქვს პოლონეთის მსგავსი შეფასება (53 ქულა) და წინა წლის მსგავსად უსწრებს ევროკავშირის შემდეგ ქვეყნებს: საბერძნეთი (49 ქულა), ხორვატია (47 ქულა), მალტა (46 ქულა), რუმინეთი (46 ქულა), ბულგარეთი (43 ქულა), უნგრეთი (41 ქულა) და სხვა18.

საქართველომ ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში არაერთი ანტიკორუფციული რეფორმა გაატარა, რამაც მნიშვნელოვნად შეამცირა კორუფცია საჯარო სექტორში. საქართველომ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა პრიორიტეტად აქცია. უზრუნველყოფილ იქნა კორუფციის ბრალდებით დაკავებულ პირთა მიმართ გამოძიების გამჭვირვალობა და ამ პირთა პასუხისგება, რის გამოც ხელისუფლების მიმართ მოსახლეობის ნდობა გაიზარდა. გარდა ამისა, საქართველომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა ელექტრონული მმართველობისა და ციფრული სერვისების დანერგვის კუთხით. აღნიშნულმა შეამცირა მოხელეებთან პირისპირ ურთიერთობა და ბიუროკრატიული პროცესები.

ეკონომიკის ზრდის საერთაშორისო ინდექსი

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით, 2023 წლის ეკონომიკის ზრდის რეიტინგში, 190 ქვეყანას შორის, საქართველო მე-13 ადგილზეა.19

მიუხედავად არახელსაყრელი გეოპოლიტიკური მდგომარეობისა, საქართველოს ეკონომიკამ აჩვენა გამძლეობა და კოვიდ პანდემიის შემდეგ, 2021-2022 წლებში ქვეყანას ჰქონდა მნიშვნელოვანი ზრდის მაჩვენებელი, რაც გაგრძელდა 2023 წელსაც და საშუალო ზრდის ტემპმა შეადგინა 7%.20

მსოფლიო ბანკის გლობალური ეკონომიკური პერსპექტივების 2024 წლის განახლებული ანგარიშის მიხედვით, საქართველოს ეკონომიკა 2025 წელს 5%-ით გაიზრდება. ანალოგიური პროგნოზია 2026 წლისთვისაც21.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მსოფლიო ეკონომიკური პერსპექტივის (World Economic Outlook) ბოლო ანგარიშის მიხედვით, ფონდის პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკა 2025 წელს 6%-ით გაიზრდება22. გარდა ამისა, საერთაშორისო სავალუტო ფონდი 2026 წლიდან 2029 წლამდე საქართველოს საშუალო რეალურ მშპ-ს 5%-იან ზრდას ვარაუდობს.

ქვეყანაში კანონისა და უსაფრთხოების აღქმის ინდექსი

კანონისა და წესრიგის ინდექსის გაზომვა საჭიროა იმის წარმოსაჩენად, თუ რამდენად უსაფრთხოდ გრძნობენ თავს ადამიანები კონკრეტულ ქვეყნებში. მსოფლიო მართლმსაჯულების პროექტის (World Justice Project), კანონის უზენაესობის ინდექსის 2024 წლის შეფასებით, საქართველომ 0.60 ქულით, მსოფლიოს 142 ქვეყნიდან დაიკავა 49-ე ადგილი, ხოლო რეგიონში - პირველი ადგილი23.

Moneyval-ის საქართველოს მეხუთე რაუნდის შეფასების ანგარიში

ევროპის საბჭოს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებათა შემფასებელ რჩეულ ექსპერტთა კომიტეტმა (Moneyval) 2020 წელს საქართველოს მეხუთე რაუნდის შეფასების ანგარიში დაამტკიცა.24 სამართლებრივი სისტემისა და ფუნქციონირების სფეროში იდენტიფიცირებული გამოწვევებისა და ხარვეზების საპასუხოდ MONEYVAL-მა დაადგინა, რომ ქვეყანას საკანონმდებლო ბაზაში არ აქვს ხარვეზები და, ამასთან, გასცა რეკომენდაცია, რომ ქვეყანამ განაგრძოს და გააძლიეროს პარალელური ფინანსური გამოძიებების ხარისხი, გაზარდოს და გააღრმავოს ფინანსური გამოძიების მონაცემთა ანალიზი.25 ხსენებული ანგარიშის 202226, 202327 და 202428 წლების გაძლიერებული შემდგომი შეფასების ანგარიშებში აისახა საქართველოს პროგრესი გარკვეულ რეკომენდაციებთან მიმართებით.

კიბერუსაფრთხოების გლობალური ინდექსი

თანამედროვე სამყაროში ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს კიბერუსაფრთხოება და ამ მიმართულებით სახელმწიფოს მდგრადობა. აღნიშნული მიმართულებით საქართველოში არსებული სიტუაციის შესაფასებლად შესაძლებელია დავეყრდნოთ კიბერუსაფრთხოების გლობალურ ინდექსს. საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კავშირის (ITU) კიბერუსაფრთხოების 2024 წლის ანგარიშის თანახმად, 5 ქვეჯგუფიდან საქართველო მე-2 ქვეჯგუფში მოხვდა 91.92 ქულით29. საქართველომ მაქსიმალური ქულები მიიღო სამართლებრივ (20 ქულა), ტექნიკურ (19.25 ქულა) და თანამშრომლობის (20 ქულა) ნაწილში, ხოლო 16.35 ქულა დაიმსახურა ორგანიზაციულ ნაწილში და 16.32 ქულა შესაძლებლობათა განვითარების ნაწილში მიიღო. კიბერუსაფრთხოების ეროვნული ინდექსით, 2024 წლის ბოლოსთვის საქართველო მსოფლიოში 44-დან 22-ე ადგილზე, ხოლო ევროპაში 33-დან მე-16 პოზიციაზე დაწინაურდა. ინდექსი მუდმივად იცვლება და 2025 წლის აპრილის მდგომარეობით, საქართველო 81-დან 30-ე ადგილზეა.

პრობლემის მიმოხილვა

საქართველოს მიერ გატარებული საკანონმდებლო თუ სტრუქტურული რეფორმების, არაერთი პრევენციული ღონისძიების და სამართალდამცველთა ეფექტური მუშაობის შედეგად დანაშაულის გახსნის მაღალი მაჩვენებლის შედეგად, ამჟამად ორგანიზებული დანაშაული საქართველოში კრიტიკულ გამოწვევას არ წარმოადგენს. მიუხედავად აღნიშნულისა, გასათვალისწინებელია, რომ ორგანიზებული ჯგუფების წევრები მუდმივად ეძებენ ახალ გზებს დანაშაულის ჩასადენად და სამართლებრივი პასუხისმგებლობის თავიდან ასარიდებლად. ამასთან, ორგანიზებული დანაშაული, ძირითადად, ტრანსნაციონალური ხასიათისაა და სახელმწიფო ინსტიტუტების ეფექტური მუშაობის შეფერხების შემთხვევაში, საქართველო შესაძლებელია აღმოჩნდეს მიმზიდველი ადგილი ორგანიზებული ჯგუფებისთვის. შესაბამისად, ორგანიზებულ დანაშაულთან მუდმივი ბრძოლა და ამ მიმართულებით საქართველოს შესაძლებლობის უწყვეტი განვითარება დადებითად აისახება არა მხოლოდ საქართველოში არსებულ მდგომარეობაზე, არამედ იგი მნიშვნელობას იძენს მსოფლიოში და განსაკუთრებით რეგიონში უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის კონტექსტშიც.

ე.წ. „კანონიერ ქურდებთან“ და ქურდულ სამყაროსთან არსებული გამოწვევები

საქართველოში, როგორც პოსტსაბჭოთა ქვეყანაში, კვლავ აქტუალურია „ქურდულ სამყაროსთან“ დაკავშირებული დანაშაულები. „კანონიერი ქურდები“ და „ქურდული სამყაროს“ წევრები აგრძელებენ გავლენის მოპოვების მცდელობას არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მის საზღვრებს გარეთაც. მათ მიერ შექმნილი ორგანიზებული ჯგუფები განსაკუთრებით ცნობილნი არიან ისეთი დანაშაულებრივი ქმედებებით, როგორიცაა რეკეტი, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია და სხვ. საქართველოს სახელმწიფოს დიდი ძალისხმევის, გატარებული არაერთი რეფორმის და საკანონმდებლო ცვლილების მიუხედავად, „ქურდულ სამყარო“ აგრძელებს არსებობას და წარმოადგენს საფრთხეს ქვეყნისა და საზოგადოების ნორმალური ფუნქციონირებისთვის. იგი ძირს უთხრის კანონის უზენაესობას, ეკონომიკურ და სოციალურ სტაბილურობას. მისი წევრები მუდმივად ავითარებენ დანაშაულის ჩადენის ხერხებს და იყენებენ თანამედროვე ტექნოლოგიებს, რომელთა მეშვეობითაც დისტანციურად გეგმავენ და სჩადიან სხვადასხვა დანაშაულს. ხაზგასასმელია ისიც, რომ „ქურდული სამყარო“ ეფუძნება მკაცრად დადგენილ, კრიმინალურ სუბკულტურაში შექმნილ არაფორმალურ და მართლსაწინააღმდეგო წესებს, აგრეთვე სხვადასხვა დანაშაულებრივ ხერხს, მათ შორის, კრიმინალური მენტალიტეტის მქონე პირის სტატუსის გამოყენებით დაშინებას და ძალადობას, რაც სამართალდამცავებს ურთულებს დანაშაულის გამოვლენასა და სათანადო მტკიცებულებების მოგროვებას.

საქართველოში „ქურდული სამყარო“ წარმოადგენს ორგანიზებული დანაშაულის მნიშვნელოვან ნაწილს. სამართალდამცავი ორგანოების აქტიური ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის, „კანონიერი ქურდისთვის“ ან „ქურდული სამყაროს წევრისთვის“ მიმართვის ფაქტზე დაკავებული და სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემულია 315 პირი, ხოლო „კანონიერი ქურდობის“ ბრალდებით სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიეცა 18 „კანონიერი ქურდი“.

„ქურდული სამყაროს“ წევრები მოქმედებენ არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ მუდმივად ურთიერთობენ კრიმინალურ ქსელებთან სხვადასხვა ქვეყნებში (რუსეთი, უკრაინა, თურქეთი, დასავლეთ ევროპა, ამერიკა) და მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ტრანსნაციონალურ დანაშაულში. სხვადასხვა კრიმინალურ დაჯგუფებებთან კავშირის დამყარების გარდა, ისინი ცდილობენ საზოგადოებაში მათ მიერ დადგენილი წესების დამკვიდრებას, ადამიანთა დაყოლიებას, რასაც გარკვეულწილად ხელს უწყობს საბჭოთა კავშირის პერიოდიდან მოყოლებული, საზოგადოებაში ფესვგადგმული და რომანტიზებული დამოკიდებულება „ქურდული სამყაროს“ მიმართ. საზოგადოების გარკვეულ სეგმენტში ისინი კვლავ განიხილებიან მოქალაქეთა დამცველებად, ვინაიდან სთავაზობენ კანონის გვერდის ავლით სხვადასხვა დავების გადაწყვეტას.

ნარკოდანაშაულთან არსებული გამოწვევები

საქართველოში ნარკოდანაშაულის მიმართ არსებული გამოწვევების მასშტაბი საკმაოდ ფართოა, რაც გავლენას ახდენს ქვეყნის უსაფრთხოებაზე, საზოგადოების ნორმალურ ფუნქციონირებასა და ჯანდაცვაზე.

საქართველო არ წარმოადგენს ნარკოტიკების მწარმოებელ ქვეყანას. „შავ ბაზარზე“ არსებული ნარკოტიკები, საზღვარგარეთის, ძირითადად მეზობელი ქვეყნებიდან ან მათი გავლით კონტრაბანდული გზით ხვდება. ნარკოტიკების ტრანზიტთან საბრძოლველად საქართველო მჭიდროდ თანამშრომლობს ამერიკის შეერთებული შტატების ნარკოტიკებთან ბრძოლის ადმინისტრაციასთან (DEA), ასევე ევროპელ სამართალდამცავებთან. მათთან ერთად ტარდება ისეთი კომპლექსური ღონისძიებები, როგორიცაა, მაგალითად, საერთაშორისო კონტროლირებადი მიწოდება, რა დროსაც, ვითარების სპეციფიკის გათვალისწინებით, ხდება მათი ამოღება და დამნაშავეთა დაკავება ან საქართველოში, ან საბოლოო დანიშნულების ქვეყანაში.

ტექნოლოგიურ განვითარებასთან ერთად იხვეწება ნარკორეალიზაციის მეთოდები, ნარკორეალიზატორებმა ტრადიციული ე.წ. ხელიდან ხელში გადაცემის მეთოდიდან ვირტუალურ სივრცეში გადაინაცვლეს. ისინი ნარკომომხმარებელთან კომუნიკაციას უკვე ინტერნეტის საშუალებით, ფიზიკური კონტაქტის გარეშე ამყარებენ, რაც შესაძლებელია სხვა ქვეყნიდანაც განხორციელდეს. აღნიშნულიდან გამომდინარე, პოლიციის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას სწორედ ამ მეთოდების გამოყენებით ჩადენილი დანაშაულების გამოვლენა და გამოძიება წარმოადგენს.

მართალია, ნარკორეალიზაციის შედეგად მიღებული უკანონო შემოსავლის/ქონების გამოვლენის მიზნით, სახელმწიფო აწარმოებს პარალელურ ფინანსურ გამოძიებებს, რის შედეგად ხდება დანაშაულებრივი საქმიანობის შედეგად მიღებული უკანონო აქტივების აღმოჩენა, დაყადაღება და სასამართლოს მიერ მათი სახელმწიფო საკუთრებაში მიქცევა, თუმცა ამ მიმართულებით ქვეყანა კვლავ გამოწვევების წინაშე დგას. განსაკუთრებულ სირთულეს წარმოადგენს კრიპტოვალუტის მიმოქცევის კონტროლი, რაც, თავის მხრივ, სახელმწიფო უწყებათა კოორდინირებულ ურთიერთთანამშრომლობასთან ერთად მოითხოვს სამართალდამცავთა კვალიფიკაციის ამაღლების უწყვეტობას და შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის განახლებას.

საყურადღებოა მიგრაციული პროცესებიც, რომელიც უარყოფითად აისახება ქვეყანაში არსებულ ნარკოვითარებაზე. მართალია, 2024 წელს ნარკოდანაშაულის 9 %-ს შეადგენდა უცხო ქვეყნის მოქალაქე ბრალდებულთა რაოდენობა, თუმცა შესამჩნევია მათი რაოდენობის ზრდის ტენდენცია, მაგ. 2021 წელს ნარკოდანაშაულისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრა უცხო ქვეყნის 92 მოქალაქეს, 2022 წელს - უცხო ქვეყნის 199 მოქალაქეს, 2023 წელს - უცხო ქვეყნის 367 მოქალაქეს, ხოლო 2024 წელს - უცხო ქვეყნის 428 მოქალაქეს.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ნარკოტიკების გამსაღებლების მიმართ სისხლისსამართლებრივი პოლიტიკა ძალიან მკაცრია, ნარკოტიკების მომხმარებლების მიმართ მიდგომები ლიბერალურია, რაც შეიძლება განხილულ იქნეს ნარკოტიკებზე მოთხოვნის ზრდის ერთ-ერთ განმაპირობებელ ფაქტორად. მასზე მოთხოვნის ზრდა კი, ბუნებრივია, აისახება ნარკოტიკებით ვაჭრობის ზრდაზეც. შედეგად, 2021-2024 წლებში ნარკოდანაშაულისათვის დაკავებული და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულია 17 618 პირი, მათ შორის, 855 ნარკორეალიზატორია.30 ასევე, ამავე პერიოდის განმავლობაში დაკავებულ იქნა ნარკოტიკებით ონლაინვაჭრობაში ჩართული 194 პირი და დაიხურა 42 ინტერნეტ, ნარკოსარეალიზაციო მაღაზია.

კიბერდანაშაულთან არსებული გამოწვევები

საქართველომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა კიბერდანაშაულის წინაშე არსებული გამოწვევების გადასაჭრელად, თუმცა კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა კვლავ რჩება ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად.

მსოფლიოს მასშტაბით კიბერდანაშაული წარმოადგენს საერთო საფრთხეს როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირების და სახელმწიფო უწყებებისთვის. მისი უარყოფითი ზეგავლენა მოქალაქეებზე და ბიზნესსექტორზე მაღალია, რაც არამხოლოდ ფინანსური დანაკარგის, არამედ პერსონალური ინფორმაციის ხელყოფითაა გამოწვეული. ამასთანავე, ქვეყნისა და საზოგადოების მზარდი დიგიტალიზაციის პარალელურად, იზრდება კიბერშეტევების მიმართ დაცვის მექანიზმების გაძლიერების საჭიროება, ვინაიდან კიბერდამნაშავეების ერთ-ერთ მნიშვნელოვან სამიზნეს კრიტიკული ინფრასტრუქტურა წარმოადგენს, როგორიცაა ენერგომომარაგება და სამთავრობო ქსელები.

კიბერდამნაშავეებისთვის ხელსაყრელი გარემოს ჩამოყალიბებას და პოტენციური მსხვერპლების არეალის ზრდას არაერთი ფაქტორი უწყობს ხელს, როგორებიცაა ინტერნეტის და მობილური მოწყობილობების მომხმარებლების, განსაკუთრებით კი ელექტრონული კომერციის და ტრანზაქციების ხელმისაწვდომობის სწრაფი ზრდა, რის პარალელურადაც არასაკმარისია საზოგადოების ცნობიერება კიბერდანაშაულისა და კიბერჰიგიენის მიმართულებით. ასევე, ქსელის ფართო ხელმისაწვდომობა და მობილურობა მკვეთრად ზრდის სხვადასხვა სექტორში დისტანციურად მომუშავე პერსონალის რაოდენობას. ამასთანავე, იზრდება კომერციული და ოფიციალური კომუნიკაციების, ასევე ტრანზაქციების ნაკლებად უსაფრთხო, საყოფაცხოვრებო ან საჯარო კომპიუტერული სისტემებისა და ქსელების მეშვეობით წარმოების პრაქტიკა. მნიშვნელოვანი ფაქტორია დამნაშავეების უნარების და დანაშაულის ჩადენის მეთოდების მუდმივად სწრაფი განვითარება და დახვეწა.

2021 წლიდან საქართველოში, კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის პოლიტიკის გამკაცრების პარალელურად, მათ შორის საკანონმდებლო ცვლილებებით, სტაბილური გახდა კიბერდანაშაულის მანამდე არსებული მზარდი ტენდენცია (2015-2020 წწ.), ხოლო დანაშაულის გახსნის მაჩვენებლები მკვეთრად გაუმჯობესდა. მაგალითად, 2020 წელს საქართველოში კიბერდანაშაულის 2 143 შემთხვევა დარეგისტრირდა, რომლის მხოლოდ 9.61% გაიხსნა, ხოლო 2024 წელს 749 შემთხვევა დაფიქსირდა, რომლის გახსნის მაჩვენებელმაც 42.32% შეადგინა.

გათვალისწინებით იმისა, რომ კიბერდანაშაული, მისი სპეციფიკიდან გამომდინარე, ტექნიკური საშუალების გამოყენებით მსხვერპლებთან უშუალო კონტაქტის გარეშე დისტანციურად ხორციელდება და მაღალია ფარულად მოქმედების შესაძლებლობა და სწორედ, ანონიმურობის მაღალი ხარისხის გამო ხშირ შემთხვევაში, სამართალდამცავი ორგანოებისთვის დანაშაულის არა თუ ორგანიზატორის, არამედ უშუალოდ განმახორციელებლების/შემსრულებლების იდენტიფიცირებაც გამოწვევას წარმოადგენს.

2023-2024 წლებში რეგისტრირებული კიბერდანაშაულის ფაქტების 88% ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით კომპიუტერული მონაცემის ან/და კომპიუტერული სისტემის ხელყოფის შემთხვევებია. დამნაშავეთა ძირითად სამიზნეს საბანკო მონაცემები და ანგარიშები წარმოადგენდა, რასაც რაოდენობით სოციალური ქსელის ანგარიშებზე, სხვადასხვა ვებგვერდებზე, აპლიკაციებსა და აზარტული თამაშების ანგარიშებზე უკანონო შეღწევის ფაქტები მოჰყვება. ხშირია სოციალური ინჟინერიის, ე.წ. „ფიშინგის“ და მონაცემთა ქურდობის შემთხვევები, რაც გავრცელების სისწრაფით და მასშტაბით დროის მოკლე პერიოდში დიდი რაოდენობით პირთა დაზარალებას იწვევს. კიბერდანაშაულის გამოძიების პრაქტიკული ანალიზი ცხადყოფს, რომ დღეის მდგომარეობით საქართველოში კიბერდანაშაულის ჩადენის ყველაზე გავრცელებული ხერხია პროგრამა - Ransomware, რომლის შესაძლებლობაში შედის საბუღალტრო პროგრამების დაშიფრვა და შემდგომში კრიპტოვალუტის გამოძალვა. ასევე გავრცელებულია კორპორატიული ელ. ფოსტის კომპრომეტირება (ე.წ. ,,business email compromise“), რა დროსაც ხორციელდება ელ. ფოსტაზე უნებართვო შეღწევა, რის შემდგომაც ხდება კომპანიებს შორის ბიზნეს-ინვოისებში სხვა ანგარიშის ჩანაცვლება და თანხების უცხო მისამართზე გადარიცხვა.

ქვეყანაში განსაკუთრებული აქტუალობით კიბერდანაშაულის ჩადენის მეტად მარტივი მეთოდები სარგებლობს, რომლებიც დამნაშავისგან მნიშვნელოვან ტექნიკურ ცოდნას და უნარებს არ საჭიროებს. სოციალური ინჟინერიიდან განსაკუთრებით გავრცელებულია სოციალური ქსელების გამოყენებით კიბერთაღლითობის შემთხვევები, რაც ყალბი ანგარიშების შექმნით ან არსებულ ანგარიშებზე უკანონო შეღწევით და მეგობარი ანგარიშების მესაკუთრეების მოტყუებით/შეცდომაში შეყვანით, მათი საბანკო მონაცემების დაუფლების შემთხვევებს წარმოადგენს. ასევე ხშირია პირთა საბანკო მონაცემების დაუფლებისთვის ე.წ. ფიშინგის შემთხვევებიც, რომელთა გავრცელებისთვის დამნაშავეები სხვადასხვა ონლაინპლატფორმებს, ძირითადად კი ყიდვა-გაყიდვა-გაქირავების ვებ-გვერდებს იყენებენ. კიბერდანაშაულის აღნიშნული მეთოდებით დაზარალებულთა დიდი რაოდენობა მიუთითებს არა კიბერდამნაშავეების მიერ დახვეწილი მეთოდების გამოყენებასა და ტექნიკურ ცოდნაზე, არამედ კიბერდანაშაულისა და კიბერჰიგიენის მიმართულებით საზოგადოების ცნობიერების არასაკმარის დონეზე.

კიბერდანაშაულის ზემოაღნიშნულ გავრცელებულ მეთოდებთან შედარებით, მეტად საყურადღებოა ქვეყანაში დაფიქსირებული კიბერდანაშაულის ისეთი ფორმები, რომლებშიც კიბერდამნაშავეთა მაღალი ტექნიკური კვალიფიკაცია იკვეთება და დანაშაულის ჩადენის მრავალსაფეხურიანი მეთოდებია გამოყენებული. მათი რაოდენობა მცირეა, თუმცა მსგავსი სახის კიბერდანაშაული სცდება ქვეყნის საზღვრებს და ატარებს საერთაშორისო ხასიათს, რაც მას განსაკუთრებულ მნიშვნელობას სძენს. ასევე აღსანიშნავია, კიბერდამნაშავეების მიერ ელექტრონული ფოსტის გამოყენება კიბერ-თაღლითობის ჩასადენად, რაც ელფოსტაზე მიმდინარე კომერციულ კომუნიკაციებში შეღწევით და საბანკო ინვოისებში რეკვიზიტების შეცვლით ხორციელდება. მსგავსი მეთოდებით ჩადენილი კიბერდანაშაული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფინანსური ზარალით გამოირჩევა, ამასთან, ძირითად შემთხვევებში დამნაშავეები არ მოქმედებენ ადგილობრივ დონეზე, იდენტობის დაშიფვრის ძლიერი საშუალებების გამოყენების გამო კი მათი იდენტიფიცირება ლოკალური საპოლიციო ძალებით უმეტესად შეუძლებელია და მოითხოვს საერთაშორისო-სამართლებრივ თანამშრომლობას. შესაბამისად, მსგავსი ტიპის კიბერდანაშაული ატარებს საერთაშორისო ხასიათს, რაც კიბერდანაშაულის, როგორც საზღვრების გარეშე დანაშაულის გამოძიების სირთულეს და საერთაშორისო-სამართლებრივი ურთიერთობების მნიშვნელობას უსვამს ხაზს.

კიბერდანაშაულის წინააღმდეგ გადადგმული ქმედითი ნაბიჯების მიუხედავად, მისი ჩადენის მეთოდების მრავალფეროვნების და გამოყენებული ტექნიკური საშუალებების მუდმივი განვითარების გამო, კიბერდანაშაული რჩება არამხოლოდ ქვეყნის და რეგიონის, არამედ მსოფლიოს გამოწვევად. აღნიშნული უმეტესწილად კიბერდანაშაულის ჩადენის ხერხების ფაქტობრივად ყოველდღიური განვითარებით და დახვეწითაა განპირობებული, რასაც, თავის მხრივ, ხელს უწყობს დამნაშავეთა შორის უწყვეტი კომუნიკაციის შესაძლებლობა, ასევე, ჩადენის ხერხებისა და მეთოდების შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობა.

განსაკუთრებით ყურადსაღებია ისეთი კომპიუტერული ინციდენტები, რომლებიც მიმართულია კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტების წინააღმდეგ და ძირითადად ორიენტირებულია კანონით დაცული ინფორმაციის (როგორც სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებული, ისე პერსონალური მონაცემები და კომერციული საიდუმლოება) უკანონოდ მოპოვებაზე. ამასთან, გარკვეული ორგანიზებულ-დანაშაულებრივი სინდიკატები ფინანსური მოტივაციით ასევე ახორციელებენ ე.წ. Ransomware ტიპის შეტევებს, რა დროსაც ხორციელდება სამიზნე ორგანიზაციების კუთვნილ ინფორმაციულ და საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურაში დაცული მონაცემების შიფრაცია, ხოლო მისი ხელმისაწვდომობისთვის კი ჯგუფი მოითხოვს გარკვეული საფასურის გადახდას.

უკანასკნელ პერიოდში სულ უფრო მზარდია კიბერშეტევები მხარდაჭერის გარეშე მოქმედ, მოძველებულ (ე.წ. „End of Life, End of Support“) სისტემებზე იმდენად, რამდენადაც ხსენებული ტიპის შეტევები არ მოითხოვს მომხმარებელთან ინტერაქციას განსხვავებით ე.წ. ფიშინგისგან, რა დროსაც შეტევის საწყის ეტაპზევე იდენტიფიცირების რისკი მაღალია.

ამასთან, მოცემული ტიპის დანაშაულთა მაღალი დონის საფრთხის შემცველობას ეროვნული უსაფრთხოებისა და საგამოძიებო კუთხით განაპირობებს შემდეგი გარემოებები:

  • შემტევი აქტორები არიან კარგად მომზადებული ჯგუფები, რომელთაც საკუთარი დანაშაულებრივი მიზნების სისრულეში მოსაყვანად გააჩნიათ შეუდარებლად ფართო რესურსი, ვიდრე ეს ხდება ე.წ. ტრადიციული კიბერდანაშაულების დროს (მაგ., შემთხვევები, რომელთა მიზანიც ფინანსური სარგებლის მიღებაა);

  • კრიტიკული სუბიექტების მიმართ კიბერშეტევის დროს გამოყენებული მეთოდიკა ხასიათდება მაღალი ანონომურობით, რაც უდიდეს ბარიერებს ქმნის როგორც ხსენებული დანაშაულის დროულად აღმოჩენის, ისე ეფექტიანი გამოძიების კუთხით;

  • შემტევი აქტორები შეტევით ინფრასტრუქტურას ათავსებენ ისეთ ქვეყნებში, რომლებთანაც საქართველო, ხშირ შემთხვევაში, არ თანამშრომლობს არცერთ საერთაშორისო ფორმატში.

იმ შემთხვევაში, თუ სისტემური მხარდაჭერის გარეშე მოქმედი სისტემების მოწყვლადობების ექსპლუატირებისგან მაინც არსებობს რამდენიმე გზა თავდასაცავად (მაგ., აღნიშნული პროდუქტების ჩანაცვლება ან განახლების გზით), სიტუაცია განსაკუთრებით რთულდება, როდესაც სახეზეა მომწოდებლის ჯაჭვის კომპრომეტაცია (Supply Chain Compromise), რომლის ფარგლებშიც შემტევი აქტორი ახორციელებს სერვის- მომწოდებლის პროდუქტის კომპრომეტაციას, ისე რომ აღნიშნულის თაობაზე უცნობია თავად ამ უკანასკნელისთვისაც (მაგ. Solarwinds-ის შემთხვევა).

გამოძიების და ინციდენტზე რეაგირების კუთხით, მოცემულ ეტაპზე, საქართველოს სამართალდამცავ და უსაფრთხოების ორგანოებს განსაკუთრებით ურთულდებათ საქმიანობა ამ პროცესში გამოყენებული ონლაინანონიმურობის უზრუნველმყოფი საშუალებების და კრიპტოვალუტით ტრანზაქციების გამო. ასევე, ხაზგასასმელია საექსპერტო-კრიმინალისტიკური კუთხით არსებული სირთულეებიც, განსაკუთრებით კი მავნე კოდის ანალიზთან დაკავშირებული სპეციფიკა.

ორგანიზებული ჯგუფების მიერ დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონება

ორგანიზებულ დანაშაულთან, მათ შორის, ე.წ. „ქურდულ სამყაროსთან“, ნარკოტრანზიტთან და ნარკოტიკებით ვაჭრობასთან, აგრეთვე, კიბერდანაშაულთან ბრძოლა ნაკლებ ეფექტურია, თუკი არ მოხდება ორგანიზებული დანაშაულებრივი საქმიანობის შედეგად მიღებული შემოსავლის იდენტიფიცირება და დამნაშავეთათვის მათი ჩამორთმევა. კრიმინალური ორგანიზაციები ხშირად იყენებენ რთულ ქსელებს უკანონო საქმიანობის შედეგად მიღებული შემოსავლის დასამალად. ამ ფინანსური ნაკადების იდენტიფიცირება კი აუცილებელია კრიმინალური სტრუქტურების ჩამოსაშლელად და ორგანიზებული ჯგუფების მიერ შემდგომი დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების შესაფერხებლად/აღსაკვეთად. ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის ლიდერის დაკავების შემთხვევაშიც კი, თუკი არ მოხდა ჯგუფის მიერ დანაშაულის შედეგად მიღებული ქონების ჩამორთმევა, კრიმინალურ ორგანიზაციას შეუძლია გააგრძელოს ან განაახლოს თავისი საქმიანობა.

შესაბამისად, ხსენებულ დანაშაულებთან ბრძოლა აუცილებლად უნდა მოიცავდეს პარალელურ ფინანსურ გამოძიებასაც. აღნიშნულის ნაკლებობამ ან არარსებობამ შესაძლოა გამოიწვიოს მთელი რიგი უარყოფითი შედეგები. პარალელური ფინანსური გამოძიების გარეშე რთულია უკანონო ფინანსური ნაკადების და დანაშაულებრივი ქმედებებით შეძენილი აქტივების აღმოჩენა.

ასევე, პარალელური ფინანსური გამოძიების გარეშე ორგანიზებული ჯგუფის წევრების მხოლოდ სისხლისსამართლებრივი დევნა, დამნაშავეთა მხრიდან შესაძლოა აღიქმებოდეს არასაკმარის შემაკავებელ ღონისძიებად. ისინი ხშირად მზად არიან განსაზღვრული ვადით შეიზღუდონ თავისუფლების უფლება, თუკი მათ მიერ მოპოვებულ უკანონო შემოსავლებს საფრთხე არ დაემუქრება და სამომავლოდ დარჩება კრიმინალური საქმიანობის გაგრძელების შესაძლებლობა. გარდა ამისა, პარალელური ფინანსური გამოძიება სამართალდამცავ უწყებებს, ბრალდებულ პირსა და მის ფინანსურ აქტივებს შორის კავშირის დადგენით უქმნის დამატებით მტკიცებულებათა ერთობლიობას, ბრალდების დასადასტურებლად.

ორგანიზებული ჯგუფების მიერ უკანონო გზით მიღებული ფინანსური აქტივები, შესაძლოა ინტეგრირებული იყოს კანონიერ ფინანსურ სისტემაში, მაგ.: უკანონო შემოსავლის ლეგალიზების მეშვეობით, რაც, თავის მხრივ, ძირს უთხრის საზოგადოების ნდობას ფინანსური სისტემის მიმართ, აჩენს კორუფციისა და სხვა შემდგომი უკანონო ქმედებების საფრთხეს.

დანაშაულებრივი ორგანიზებული ჯგუფის წევრები დანაშაულის შედეგად მიღებული უკანონო შემოსავლების ლეგალიზების მიზნით, იყენებენ კრიპტომოვაჭრეებს, რაც საგამოძიებო ორგანოებს ურთულებს თანხის მიდევნების და დამნაშავე პირების დროულად იდენტიფიცირების პროცესს. თავად დამნაშავეები კი ნიღბავენ თანხის დანაშაულებრივ წარმომავლობას და იმარტივებენ დანაშაულებრივი შემოსავლების ლეგალურ ეკონომიკურ ბრუნვაში ინტეგრირებისა და მათი შემდგომი გამოყენების პროცესს.

გარდა კრიპტოვალუტის გამოყენებისა, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფები ასევე ინტენსიურად იყენებენ სხვადასხვა ქვეყნის ოფშორულ იურისდიქციებს და იმ ქვეყნების საფინანსო ინსტიტუტებს, რომელთა სამართალდამცავ ორგანოებსა და საქართველოს შესაბამის უწყებებს შორის თანამშრომლობის მოქმედი მექანიზმები არ არსებობს.

სახელმწიფოები და საერთაშირისო ორგანიზაციები, ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, დიდ ყურადღებას აქცევენ ყოვლისმომცველ ფინანსურ გამოძიებებს. შესაბამისად, კრიმინალური საქმიანობის შედეგად მოპოვებული ფინანსური აქტივების გამოსავლენად საჭირო ქმედითი მექანიზმების ეფექტიანი ფუნქციონირება აუცილებელია საერთაშორისო მხარდაჭერისა და პოტენციური ინვესტიციების შესანარჩუნებლად.

ასევე ნიშანდობლივია, რომ ორგანიზებული დანაშაულის ტრანსნაციონალური ხასიათის გამო სათანადო ფინანსური გამოძიების გარეშე რთულდება ორგანიზებული ჯგუფების საერთაშორისო კავშირებისა და ფინანსური მხარდაჭერის აღმოჩენა.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით უნდა ითქვას, რომ პარალელური ფინანსური გამოძიების შესაძლებლობების ზრდა, მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს საქართველოში ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ეფექტიან ბრძოლას. შესაბამისად, ორგანიზებული დანაშაულის ჯგუფის წევრებს საშუალება აღარ ექნებათ დააგროვონ თავიანთი უკანონო გზით მოპოვებული ფინანსური აქტივები და გააგრძელონ უკანონო საქმიანობა.

SWOT ანალიზი

ძლიერი მხარეები (S)

  • პოლიტიკური ნება (ქვეყნის მკაფიო განაცხადი, ებრძოლოს ორგანიზებულ დანაშაულს და ამისთვის გატარებული არაერთი მნიშვნელოვანი რეფორმა);

  • სტრატეგიულ დონეზე უწყებათაშორისი ურთიერთთანამშრომლობის მექანიზმი (ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო და მის ფარგლებში აქტიური კოორდინაცია);

  • ძლიერი ინსტიტუციური მოწყობა (ბოლო წლებში განხორციელებული მნიშვნელოვანი რეფორმების შედეგად გაძლიერდა შსს და სხვა შესაბამისი უწყებები);

  • საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი საექსპერტო-კრიმინალისტიკური შესაძლებლობები;

  • ანალიტიკური პროგრამული უზრუნველყოფა და საინფორმაციო ბაზები;

  • საკანონმდებლო ბაზა, მათ შორის, რატიფიცირებული საერთაშორისო ხელშეკრულებები;

  • საპოლიციო და სისხლის სამართლის სფეროში მჭიდრო საერთაშორისო თანამშრომლობა.

სისუსტეები (W)

  • სპეციალიზებული ადამიანური რესურსის ნაკლებობა;

  • კვალიფიციური კადრების მოზიდვის კუთხით, კონკურენცია კერძო სექტორთან;

  • არასაკმარისი ფინანსური რესურსი;

  • გეოგრაფიული სირთულეები, ოკუპირებული ტერიტორიები;

  • საჯარო და კერძო სექტორს შორის კომუნიკაციის ნაკლებობა;

  • არასაკმარისი პრევენციული ღონისძიებები;

  • ოპერაციულ დონეზე სისტემატიზებული უწყებათაშორისი თანამშრომლობის პროცედურული სირთულე.

შესაძლებლობები (O)

  • ტექნოლოგიური ინოვაციები და მათი გამოყენება (მაგ.: ხელოვნური ინტელექტი, მონაცემთა ბაზები, მათი ანალიზი, ციფრული უსაფრთხოების სისტემები..);

  • საერთაშორისო ინიციატივებში ჩართვა;

  • საერთაშორისო რეგულაციების განვითარება, რაც ხელს უწყობს ეროვნული კანონმდებლობის დახვეწას.

საფრთხეები (T)

  • კიბერდანაშაულის გლობალურად მზარდი ტენდენცია;

  • ახალი სახის ნარკოტიკული საშუალებების გავრცელება;

  • დანაშაულის მზარდი კომპლექსურობა (დანაშაულის ჩადენის ახალი მეთოდები, ხერხები და იარაღი, დანაშაულის „მობილობა“);

  • მიგრაციასთან დაკავშირებით არსებული გამოწვევები.

SWOT ანალიზმა გამოკვეთა ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით ქვეყნის ძირითადი ძლიერი მხარეები, სისუსტეები, შესაძლებლობები და საფრთხეები. იმისთვის, რომ ცხადი გახდეს ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, თუ რა მიმართულებებით უნდა წარიმართოს ქვეყნის პოლიტიკა, საჭიროა მათი ურთიერთმიმართების დადგენა.

ძლიერი მხარეები «-» შესაძლებლობები

საქართველოს ერთ-ერთ ძლიერ მხარეს წარმოადგენს პოლიტიკური ნება ებრძოლოს ორგანიზებულ დანაშაულს. სწორედ მის საფუძველზე, ქვეყანას აქვს უნარი გამოიყენოს ის შესაძლებლობები, რაც SWOT ანალიზის დროს გამოიკვეთა, კერძოდ: ტექნოლოგიური ინოვაციების ინტეგრაცია, საერთაშორისო ინიციატივებში ჩართვა და საერთაშორისო რეგულაციების განვითარება. ხსენებული შესაძლებლობის გამოყენება უნდა გაითვალისწინებოდეს წინამდებარე სტრატეგიის სტრატეგიული ხედვისა და სათანადო სამოქმედო გეგმების შემუშავებისას. სამართალდამცავ უწყებებში უკვე არსებული ანალიტიკური პროგრამული უზრუნველყოფა და საინფორმაციო ბაზები კი შესაძლებლობას იძლევა უფრო მარტივად მოხდეს მსოფლიოში არსებული ტექნოლოგიური ინოვაციების, მათ შორის, ხელოვნური ინტელექტის ათვისება, რაც გაამარტივებს ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლას.

სისუსტეები «-» შესაძლებლობები

ზოგიერთმა სისუსტემ შესაძლოა ხელი შეუშალოს ქვეყანას კონკრეტული შესაძლებლობის გამოყენებაში. შესაბამისად, მნიშვნელოვანია მათი დაძლევა. სტრატეგია უნდა ითვალისწინებდეს კონკრეტული მიმართულებების განვითარებას იმისთვის, რომ ქვეყანამ შეძლოს არსებული სისუსტეების მართვა და შესაძლებლობებით დაუბრკოლებელი სარგებლობა. სპეციალიზებული ადამიანური რესურსების არარსებობა დააბრკოლებს თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებას, შესაბამისად, მნიშვნელოვანია სტრატეგიაში ამ მიმართულებით ყურადღების გამახვილება. ასევე, პირიქით, ქვეყანას აქვს უნარი, არსებული შესაძლებლობები გამოიყენოს იმგვარად, რომ დაძლიოს სისუსტეები.

ძლიერი მხარეები «-» საფრთხეები

ქვეყნის ძლიერი მხარეები (მაგ.: ინსტიტუციური მოწყობა, საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი საექსპერტო-კრიმინალისტიკური შესაძლებლობები, საერთაშორისო რეგულაციების შესაბამისი საკანონმდებლო ბაზა) ქვეყანას აძლევს შესაძლებლობას მტკიცედ ებრძოლოს ისეთ საფრთხეებს, როგორებიცაა კიბერდანაშაული, ახალი სახის ნარკოტიკული საშუალებების გავრცელება და სხვა.

ასევე, ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს არსებობა საქართველოს აძლევს შესაძლებლობას. მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირთა მონაწილეობით, ბიუროკრატიული პროცესების გვერდის ავლით, სწრაფად და ეფექტურად მოახდინოს როგორც არსებული და მოსალოდნელი საფრთხეების იდენტიფიცირება, აგრეთვე მათზე ერთობლივად რეაგირების მექანიზმების დასახვა.

სისუსტეები «-» საფრთხეები

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია SWOT ანალიზში გამოკვეთილი სისუსტეებისა და საფრთხეების კორელაციის სიღრმისეული გაანალიზება, ვინაიდან ხსენებულმა სისუსტეებმა შესაძლებელია საფრთხეები რეალისტური გახადოს. შესაბამისად, წინამდებარე სტრატეგიამ უნდა დასახოს გზები, რომელთა მეშვეობითაც მოხდება არსებული სისუსტეების აღმოფხვრა. სტრატეგიამ ისეთ საფრთხეებს, როგორიცაა მსოფლიოში მზარდი კიბერდანაშაული, ახალი ნარკოტიკული საშუალებების გავრცელება, დანაშაულის მზარდი კომპლექსურობა და მიგრაციული პროცესები, უნდა დაუპირისპიროს სპეციალიზებული ადამიანური რესურსი, გაძლიერებული სასაზღვრო კონტროლი, გაღრმავებული პრევენციული საქმიანობა, მათ შორის, კერძო სექტორთან ურთიერთობა, ოპერაციულ დონეზე ძლიერი უწყებათაშორისი თანამშრომლობა და სხვ.

სტრატეგიული ნაწილი

წინამდებარე სტრატეგია ემსახურება საქართველოს უსაფრთხო ქვეყნის სტატუსის შენარჩუნებასა და გაძლიერებას, სადაც ორგანიზებულ დანაშაულს ეფექტიანად ებრძვიან ძლიერი ინსტიტუტები კოორდინირებული მოქმედებით, გაძლიერებული საერთაშორისო თანამშრომლობითა და საზოგადოების აქტიური მონაწილეობით, რათა უზრუნველყოფილი იყოს ქვეყანაში მოსახლეობის კეთილდღეობა, კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებების დაცვა.

სამომავლოდ, წარმოდგენილი ხედვა დაეხმარება საქართველოს, გახდეს უფრო მეტად უსაფრთხო და სტაბილური ქვეყანა, რომელსაც შეუძლია ეფექტიანად ებრძოლოს და დაიცვას თავი ორგანიზებული დანაშაულისგან მომდინარე საფრთხეებისგან.

ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის 2025-2028 წლების სტრატეგია სახავს ორ ძირითად მიზანს:

  • ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის პრევენციული მექანიზმების ეფექტიანობის გაუმჯობესება;

  • ორგანიზებულ დანაშაულზე რეაგირების ეფექტიანობის გაუმჯობესება.

სტრატეგიის პირველი მიზანი

ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა ნაკლებ ეფექტიანია, თუკი მას მხოლოდ რეაქტიული ხასიათი ექნება. სახელმწიფომ ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგას ორგანიზებული დანაშაულის პრევენციის მიმართულებითაც, რაც თავიდან აარიდებს არა მხოლოდ ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფების მიერ ჩადენილი დანაშაულების რაოდენობის ზრდას, არამედ პოტენციური საფრთხეებისგან მოქალაქეების დაცვით შემცირდება ორგანიზებული დანაშაულებრივი საქმიანობის შედეგად გამოწვეული ზიანის საერთო ოდენობაც. შემცირდება გამოძიების, სისხლისსამართლებრივ დევნასა და მართლმსაჯულების აღსრულებასთან დაკავშირებული ხარჯებიც.

მოქალაქეებსა და სამართალდამცავ ორგანოებს შორის განმტკიცებული ურთიერთთანამშრომლობა, საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და სახელმწიფოს მხრიდან პასუხისმგებლობის გარდუვალობის პრინციპის განუხრელი დაცვის დემონსტრირება გახდება შემაკავებელი ფაქტორი, როგორც არსებული კრიმინალური ორგანიზაციებისთვის, აგრეთვე იმ ადამიანებისთვის, რომლებიც სამომავლოდ შესაძლოა შეუერთდნენ ორგანიზებულ ჯგუფებს.

სამართალდამცავი უწყებების მიერ საზოგადოების ნდობის მოპოვება და მათი გაძლიერება ისეთი ინფორმაციით, როგორიცაა ორგანიზებული დანაშაულის ნეგატიური შედეგები და ორგანიზებული დანაშაულისგან თავდაცვის სათანადო მექანიზმები, დადებითად აისახება მოქალაქეთა მიერ სამართალდამცავი უწყებებისთვის მიმართვიანობაზე. თავის მხრივ, საზოგადოებისგან მიღებული ინფორმაცია სახელმწიფოს დაეხმარება უკეთ განსაზღვროს დანაშაულის, მათ შორის, ორგანიზებული დანაშაულის მასშტაბები, მათი ჩადენის ფორმები და დასახოს მასთან ბრძოლის უკეთესი სტრატეგიები როგორც ეროვნულ, ასევე ოპერაციულ დონეზე.

ორგანიზებული დანაშაულის პრევენციის მიმართულებით წარმოებული სახელმწიფო პოლიტიკის გავლენის სრულყოფილი შეფასება რომელიმე კონკრეტული ინდიკატორით შეუძლებელია, თუმცა, როგორც აღინიშნა, ის აუცილებლად აისახება მოქალაქეთა მიერ სამართალდამცავი უწყებებისთვის მიმართვიანობის ზრდაზე. შესაბამისად, სტრატეგიის პირველი მიზნის - „ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის პრევენციული მექანიზმების ეფექტიანობის გაუმჯობესება“ გავლენა ქვეყანასა და საზოგადოებაზე გაიზომება შემდეგი სამი ინდიკატორით:

  • „ქურდულ სამყაროსა“ და მასთან დაკავშირებით ჩადენილი დანაშაულების შესახებ, ფიზიკური/იურიდიული პირების მიერ სამართალდამცავი ორგანოებისადმი მიმართვის საფუძველზე, რეგისტრირებული დანაშაულის პროცენტული წილის ზრდა;

  • კიბერდანაშაულებზე ფიზიკური/იურიდიული პირების მიერ სამართალდამცავი ორგანოებისადმი მიმართვის საფუძველზე, რეგისტრირებული დანაშაულის პროცენტული წილის შენარჩუნება;

  • ნარკოდანაშაულის თაობაზე ფიზიკური/იურიდიული პირების მიერ სამართალდამცავი ორგანოებისადმი მიმართვის საფუძველზე, რეგისტრირებული დანაშაულის პროცენტული წილის ზრდა.

როგორც აღინიშნა, ორგანიზებული დანაშაულის პრევენციაში განსაკუთრებულ როლს საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და სამართალდამცავი უწყებების მიერ პრევენციული ფუნქციის გაძლიერება თამაშობს. საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისკენ მიმართული სახელმწიფო პოლიტიკა უნდა წარიმართოს სხვადასხვა მიმართულებით. გარდა მრავალფეროვანი წყაროების/მეთოდების გამოყენებით საინფორმაციო ხასიათის კამპანიების ჩატარებისა (მაგ., ვიზიტები საგანმანათლებლო დაწესებულებებში, ვიდეორგოლები, სატელევიზიო და რადიოინტერვიუები და ა.შ.), მნიშვნელოვანია განათლების სექტორში საბაზისო, თუმცა ორგანიზებული დანაშაულისგან თავის დასაცავად აუცილებელი ცოდნის ინტეგრაცია, რაც შეიძლება გამოიხატოს როგორც საგანმანათლებლო პროგრამებში რელევანტური ინფორმაციის ასახვით, ასევე პერსონალის გაძლიერებით.

არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის მიერ სკოლის დირექციის, ადმინისტრაციის წარმომადგენლებისა და მასწავლებლებისთვის, მომზადებული დანაშაულის პრევენციის ტრენინგმოდულის ფარგლებში, იგეგმება პერსონალის გადამზადება ისეთ თემებზე, როგორიცაა, მაგალითად: ადამიანის უფლებები, დანაშაულის პრევენცია, პასუხისმგებლობების გააზრება და სხვა.

სკოლებში ძალადობის პრევენციის მიზნით, სხვადასხვა მტკიცებულებაზე დაფუძნებული მეთოდებითა და ტექნიკებით, სისტემატურად ჩატარდება საინფორმაციო და საგანმანათლებლო შეხვედრები, ცნობიერების ასამაღლებელი კამპანიები არამარტო მოსწავლეებთან, მასწავლებლებთან და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან. არამედ, ასევე, მშობლებთანაც, ისეთ თემებზე, როგორებიცაა: სარისკო ქცევების პრევენცია, ემოციის რეგულაცია, ბრაზის მართვა, ძალადობის, მათ შორის ბულინგის, კიბერბულინგის, სიძულვილის ენის გავლენის შედეგები, პრევენცია და რეაგირება; ანტიდისკრიმინაციული მიდგომები, ტოლერანტობა, სტერეოტიპები, ადამიანის უფლებები და სხვა.

პარალელურად, ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერებისთვის მდგრადი საფუძვლის შესაქმნელად, მნიშვნელოვანია კიბერუსაფრთხოების სფეროში ცნობიერების ამაღლების 2025-2030 წლების სტრატეგიისა და მისი სამოქმედო გეგმის განხორციელების ხელშეწყობა და კოორდინაცია.

გარდა აღნიშნულისა, აუცილებელია სამართალდამცავი უწყებებისადმი მოქალაქეთა ნდობის გაძლიერება, რაზეც დადებით გავლენას ახდენს საზოგადოებაზე ორიენტირებული საპოლიციო საქმიანობა, რომლის უპირველეს გამოვლინებას საქართველოში მართლწესრიგის ოფიცრის სამსახური წარმოადგენს. შესაბამისად, მნიშვნელოვანია ამ ინსტიტუტის კვლავ გაძლიერება და მართლწესრიგის ოფიცრებით განსაკუთრებით დიდი ქალაქების მოცვა, რათა მოქალაქეებთან გახშირდეს უშუალო კომუნიკაცია და საზოგადოებაში განმტკიცდეს განცდა იმისა, რომ უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა კოლექტიური პასუხისმგებლობაა. მისი უკეთ დაცვა კი მხოლოდ სამართალდამცავთა და მოქალაქეთა მჭიდრო ურთიერთთანამშრომლობით მიიღწევა.

სამართალდამცავი უწყებების ძლიერი პრევენციული საქმიანობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მდგენელია ანალიზზე დაფუძნებული საპოლიციო საქმიანობა, რომლის მეშვეობით ხდება სამართალდამცავთა ხელთ არსებული ინფორმაციის კომპლექსური და სიღრმისეული ანალიზი, ხოლო მასზე დაყრდნობით არა მხოლოდ არსებულ გამოწვევებთან გამკლავება, არამედ პოტენციური საფრთხეების იდენტიფიცირებაც კი.

ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის კუთხით სახელმწიფოს პრევენციულ საქმიანობაზე მსჯელობისას, აუცილებლად გასათვალისწინებელია პენიტენციური სისტემა, რომელიც პასუხისმგებელია სასჯელის აღსრულებისას იზრუნოს მსჯავრდებულის რესოციალიზაცია-რეაბილიტაციაზე. აღნიშნული განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პენიტენციურ სისტემაში, ვინაიდან პენიტენციურ დაწესებულებაში სხვა მსჯავრდებულებთან ერთად მოხვედრა თავისთავად ზრდის გარკვეული კრიმინალური კავშირების შექმნისა და, დანაშაულის ჩადენის მეთოდების შესახებ ინფორმაციის გაცვლის რისკებს, რამაც შესაძლოა ხელი შეუშალოს სასჯელის სპეციალურ (კერძო) პრევენციულ მიზანს - მსჯავრდებულს სასჯელის მოხდის შემდგომ აღარ ჰქონდეს ახალი დანაშაულის ჩადენის სურვილი. ამავე მიზნით, არსებითია როგორც დანაშაულის პირველი (ზოგადი) და მეორე დონის პრევენციის შესაძლებლობების, ასევე პრობაციის სისტემის სარეაბილიტაციო პროგრამების განვითარება. აღნიშნულის გათვალისწინებით, ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლაში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს როგორც არასრულწლოვნებსა და ახალგაზრდებს შორის თემატურ საკითხებზე ცნობიერების ასამაღლებელი ღონისძიებების, ისე პენიტენციურ და პრობაციის სისტემებში რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის კომპონენტის კიდევ უფრო გაძლიერება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, სტრატეგიის პირველი მიზნის („ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის პრევენციული მექანიზმების ეფექტიანობის გაუმჯობესება“) მიღწევა დაგეგმილია ორი ამოცანის შესრულებით:

  1. ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და სამართალდამცავი უწყებების მიერ პრევენციული ფუნქციის გაძლიერება;

  2. პენიტენციურ დაწესებულებებში ორგანიზებული ჯგუფების შესაძლო გავლენის შემცირება.

პირველი ამოცანის შედეგის გაზომვა დაგეგმილია ინდიკატორით - „ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე ცნობიერების ამაღლებისკენ მიმართული პრევენციული ღონისძიებებით მოცული სამიზნე აუდიტორიის პროცენტული მაჩვენებლის ზრდა“, ხოლო მეორე ამოცანა გაიზომება შემდეგი სამი ინდიკატორით - „თავისუფლებააღკვეთილ მსჯავრდებულთა ჩართულობა სარეაბილიტაციო პროგრამებში“, „მომზადება/გადამზადების პროგრამებში ჩართულ თავისუფლებააღკვეთილ მსჯავრდებულთა რაოდენობის ზრდა“ და „დასაქმებულ თავისუფლებააღკვეთილ მსჯავრდებულთა რაოდენობის ზრდა“.

სტრატეგიის მეორე მიზანი

ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა სახელმწიფოსგან უპირველესად მოითხოვს ძლიერ რეაქტიულ პოლიტიკას, შესაბამისად, სტრატეგიის მეორე მიზნად სწორედ „ორგანიზებულ დანაშაულზე რეაგირების ეფექტიანობის გაუმჯობესებაა“ დასახული, რომლის გავლენაც გაიზომება შემდეგი 3 ინდიკატორით: „ქურდულ სამყაროსთან დაკავშირებულ დანაშაულებზე განაჩენის გამოტანით განხილულ საქმეებში მსჯავრდებულად ცნობილ პირთა პროცენტული მაჩვენებელი“, „კიბერდანაშაულთან დაკავშირებით განაჩენის გამოტანით განხილულ საქმეებში მსჯავრდებულად ცნობილ პირთა პროცენტული მაჩვენებელი“ და „ნარკოდანაშულთან დაკავშირებით განაჩენის გამოტანით განხილულ საქმეებში მსჯავრდებულად ცნობილ პირთა პროცენტული მაჩვენებელი“.

ორგანიზებული დანაშაულის ტრანსსასაზღვრო და კომპლექსური ხასიათის გათვალისწინებით, სახელმწიფომ არაერთი მიმართულებით უნდა გადადგას ქმედითი ნაბიჯები. ამ ტიპის დანაშაულებზე სახელმწიფოს სათანადო რეაგირება პირველ რიგში მოითხოვს ძლიერ სამართალდამცავ სისტემას, რომელსაც აქვს ყველა სახის შესაძლებლობა, გამოავლინოს და გამოიძიოს ორგანიზებული დანაშაულები, ხოლო ორგანიზებული ჯგუფების წევრთა მიმართ დააყენოს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა. სამართალდამცავი სისტემის შესაძლებლობების გაძლიერება მოითხოვს არა მხოლოდ მათი წარმომადგენლების თანამედროვე ტექნიკური აღჭურვილობით შეიარაღებას, არამედ სათანადო პროგრამულ უზრუნველყოფებთან წვდომას. შესაძლებლობების გაძლიერება აგრეთვე გულისხმობს სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომელთა კვალიფიკაციის მუდმივ ამაღლებას. მხოლოდ მცოდნე და სათანადოდ აღჭურვილ სამართალდამცავებს შეუძლიათ გამოააშკარაონ ორგანიზებული ხასიათის მქონე კრიმინალური ქსელები და დაიცვან მოქალაქეები მოსალოდნელი საფრთხეებისგან. მნიშვნელოვანია, რომ ქართველი სამართალდამცავები არ ჩამოუვარდებოდნენ საზღვარგარეთ მყოფ კოლეგებს, რათა კრიმინალური ორგანიზებისთვის საქართველო ამ ნიშნით არ იქცეს მიმზიდველ ადგილად. სათანადო კვალიფიკაცია და მატერიალური შესაძლებლობები საქართველოს სამართალდამცავ უწყებებს კიდევ უფრო გაუმარტივებს საერთაშორისო კოოპერაციებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, განსახილველი მიზნის მისაღწევად სტრატეგია ერთ-ერთ ამოცანად განსაზღვრავს „სამართალდამცავ ორგანოთა რესურსების/შესაძლებლობების განვითარებას“, რომლის შედეგის გასაზომადაც განსაზღვრულია შემდეგი ინდიკატორები - „ქურდულ სამყაროსთან დაკავშირებული დანაშაულების გახსნის მაჩვენებელი“, „კიბერდანაშაულის გახსნის მაჩვენებელი“ და „ნარკოდანაშაულის გახსნის მაჩვენებელი“.

ორგანიზებულ დანაშაულთან ყოველმხრივი ბრძოლის მიზნით, მნიშვნელოვანია სახელმწიფომ არა მხოლოდ გამოავლინოს და სათანადო პასუხისმგებლობა დააკისროს ორგანიზებულ ჯგუფებს, არამედ აღკვეთოს ყველა ის გზა, რომელიც ორგანიზებულ ჯგუფს სამომავლოდ საქმიანობის გაგრძელების შესაძლებლობას მისცემს. ასეთი უპირველესად გულისხმობს ორგანიზებული ჯგუფების მიერ დანაშაულებრივი საქმიანობის შედეგად მიღებული შემოსავლების იდენტიფიცირებასა და ჩამორთმევას. ვინაიდან ორგანიზებული ჯგუფები ქურდულ სამყაროსთან და ნარკოტიკებთან დაკავშირებული დანაშაულებრივი ქმედებების დასაფინანსებლად დიდ წილად ეყრდნობიან სწორედ ამგვარ ფინანსურ რესურსს, მისი გამოცლა მნიშვნელოვნად შეზღუდავს შესაძლებლობებს, გააძლიერონ კრიმინალური ქსელები და გააგრძელონ დანაშაულებრივი საქმიანობა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სახელმწიფომ ინტენსიურად უნდა ატაროს პარალელური ფინანსური გამოძიებები, რისთვისაც უპირველესად გასაუმჯობესებელია სამართალდამცავ უწყებათა კოორდინირებული მუშაობა და ასამაღლებელია სამართალდამცავთა ცოდნა როგორც პარალელური ფინანსური გამოძიების მნიშვნელობაზე, აგრეთვე უკანონოდ მიღებული შემოსავლების ლეგალიზაციის ფორმებსა და მათი გამოვლენის გზებზე. უკანონო ქმედებებით მოპოვებული მატერიალური აქტივების კონფისკაცია წარმოადგენს ქვეყანის მკაფიო განაცხადს, რომ უკანონო გზით მიღებული მატერიალური სარგებელი ვერ გახდება დანაშაულებრივი ქცევის ჯილდო. ამასთან, დანაშაულებრივი გზით მიღებული ქონების კონფისკაციის რაოდენობის ზრდა, დამატებით, ქვეყანაში აამაღლებს ლეგალური ბიზნესის წარმოების ინტერესს, ხელს შეუწყობს ჯანსაღ კონკურენციას და უზრუნველყოფს სამართლიან გარემოს.

საქართველოს შესაბამისი უწყებები ამ გამოწვევასთან გამკლავების მიზნით, საზღვარგარეთ მოქმედ კოლეგა სამართალდამცავ ორგანოებთან ინტენსიური თანამშრომლობის რეჟიმში სისტემატურად განახორციელებენ საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის ანალიზს, ყურადღებას გაამახვილებენ დანაშაულებრივი გზით მოპოვებული აქტივების იდენტიფიცირებისა და მათი დაყადაღების ქმედითი მექანიზმების ჩამოყალიბებაზე. ამავდროულად, უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური, საკუთარი მანდატის ფარგლებში, დამკვირვებლის სტატუსით არის წარმოდგენილი, როგორც კამდენის აქტივების მოძიების უწყებათაშორის ქსელში (CARIN), ასევე ბალკანეთის აქტივების მართვის უწყებათაშორის ქსელში (BAMIN).

ასევე, საქართველოს სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლები გააგრძელებენ მონაწილეობას როგორც სხვა ადგილობრივი თუ უცხოური კოლეგა სამართალდამცავი უწყებების, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ორგანიზებულ რელევანტურ სასწავლო ღონისძიებებში, რომელთა თემატიკაც მოიცავს პარალელური ფინანსური გამოძიების უნარებსა და დანაშაულებრივი გზით მოპოვებული აქტივების იდენტიფიცირებას, აგრეთვე სპეციფიკური ანალიტიკური პროგრამული უზრუნველყოფების გამოყენებას.

დამატებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ, ტრადიციული მიდგომების გარდა, დანაშაულებრივი გზით მიღებული შემოსავლების ლეგალიზაციის (ფულის გათეთრების) წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში, გათვალისწინებული იქნება ელექტრონული ფულით, კრიპტოვალუტით ჩადენილი დანაშაულის შესახებ ოპერატიული ინფორმაციის მოპოვება და ანალიზი. უპირატესობა მიენიჭება იმ პროდუქტებს, რომლებიც უკვე აპრობირებულია და მათი მოქნილობა და საიმედოობა დასტურდება საზღვარგარეთ მოქმედი კოლეგა სამართალდამცავი უწყებების საუკეთესო პრაქტიკით.

განხილული გარემოებების გათვალისწინებით, სტრატეგიის მეორე მიზნის ფარგლებში, მე-2 ამოცანად დასახულია „ორგანიზებული ჯგუფ(ებ)ის მიერ დანაშაულებრივი გზით მიღებული მატერიალური სარგებლის შემცირება/კონფისკაცია“, რომლის შედეგებიც გაიზომება შემდეგი ინდიკატორით: ჩამორთმეული აქტივების სავარაუდო ჯამური ღირებულების ზრდა.

ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში არსებით როლს თამაშობს სახელმწიფოს საექსპერტო-კრიმინალისტიკური შესაძლებლობებიც, რომლის თანამედროვე ტექნოლოგიებით გაძლიერება შესაძლებელს ხდის სამართალდამცავმა უწყებებმა მოიპოვონ რაოდენობრივად უფრო მეტი და, ამასთანვე, სარწმუნო მტკიცებულებები, რომლებიც ერთობლიობით დააკმაყოფილებენ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს. მნიშვნელოვანია კვლევის თანამედროვე მეთოდებისა და ტექნოლოგიების დანერგვა, როგორც შემთხვევის ადგილის დათვალიერების, ასევე შემდგომი ლაბორატორიული გამოკვლევის მიმართულებით. ავტომატიზებული საიდენტიფიკაციო სისტემებისა და მონაცემთა ბაზების სრულყოფა და განვითარება სხვადასხვა საექსპერტო დარგის მიხედვით, მათ შორის დნმ-ის ერთიანი მონაცემთა ბაზის შექმნა და არსებული დაქტილოსკოპიური, ბალისტიკური და ჰაბიტოსკოპიური ბაზების შემდგომი გაზრდა და განვითარება, ციფრული და კომპიუტერული ექსპერტიზის ლაბორატორიის შემდგომი გაფართოება და აღჭურვა, სპეციალური საექსპერტო-კველვითი ტექნოლოგიებითა და პროგრამული უზრუნველყოფით.

იმგვარი საექსპერტო შესაძლებლობები, როგორიცაა დნმ-ის მონაცემთა ბაზა, ციფრული საექსპერტო ინსტრუმენტები, დაქტილოსკოპიური და ბალისტიკური ტექნოლოგიები, მნიშვნელოვნად განაპირობებს გამოძიების სწორი გზით წარმართვას და ამცირებს დანაშაულზე რეაგირების დროს. ხსენებული მიმართულება განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს თანამედროვე სამყაროში, როდესაც კლასიკურმა დანაშაულებმაც კი ციფრულ სამყაროში გადაინაცვლა. თავის მხრივ, ორგანიზებულმა კრიმინალურმა ჯგუფებმაც წარმატებით აითვისეს უახლესი ტექნოლოგიური მიღწევები და მათი გამოყენებით ცდილობენ დანაშაულის კვალის დაფარვას. შესაბამისად, სახელმწიფომ უნდა იზრუნოს, რომ მის ხელთ არსებული საექსპერტო აღჭურვილობა თუ პროგრამული უზრუნველყოფა და მათთან მომუშავე პერსონალის კვალიფიკაცია მუდმივ თანხვედრაში იყოს ტექნოლოგიურ სფეროში არსებულ მიღწევებთან და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლაში არსებულ გამოწვევებთან. აღნიშნულიდან გამომდინარე, სტრატეგიის მეორე მიზნის მესამე ამოცანას წარმოადგენს „საექსპერტო-კრიმინალისტიკური შესაძლებლობების გაძლიერება“, რომელიც გაიზომება შემდეგი ორი ინდიკატორით: „საექსპერტო საქმიანობის (ლაბორატორიული საქმიანობის მიმართულებით) ISO17025 საერთაშორისო სტანდარტთან შესაბამისობაში მოყვანა და მიღწეული შედეგების შენარჩუნება და ზრდა“, აგრეთვე „საექსპერტო საქმიანობის (შემთხვევის ადგილის მიმართულებით) ISO17020 საერთაშორისო სტანდარტთან შესაბამისობაში მოყვანა და მიღწეული შედეგების შენარჩუნება“.

ორგანიზებულ დანაშაულზე რეაგირების კუთხით, აღსანიშნავია საქართველოს საზღვრის ეფექტიანი კონტროლი. საზღვრის მართვა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფების ძებნილი, გაძევებული, საეჭვო ან აკრძალვაზე მყოფი წევრების გამოსააშკარავებლად ან საზღვარგარეთის ქვეყნებთან მათი კავშირის დასადგენად, არამედ იგი განსაკუთრებულ როლს თამაშობს საქართველოში ან/და საქართველოდან ნარკოტიკების შემოტანის/გატანის შემთხვევების გამოვლენასა და აღკვეთაში. საქართველო, თავისი გეოგრაფიული მდებარეობით, ერთ-ერთ სატრანზიტო ქვეყნად ითვლება. იგი ერთმანეთთან აკავშირებს ევროპასა და აზიას, ახლოსაა ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან, რომელიც, თავის მხრივ, აერთიანებს ნარკოტიკების წარმოშობის არაერთ ქვეყანას. ამასთან, საქართველოს აქვს არა მხოლოდ საჰაერო ან სახმელეთო საზღვრები, არამედ საზღვაოც, რაც კიდევ უფრო აფართოებს ქვეყანაში ნარკოტიკების შემოტანის/გატანის შესაძლებლობებს.

შესაბამისად, სახელმწიფომ კვლავ უნდა გააძლიეროს საზღვრის მართვა და ამისთვის თანამშრომლები აღჭურვოს სათანადო მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებით, დანერგოს თანამედროვე ანალიტიკური პროგრამები და განამტკიცოს ურთიერთთანამშრომლობის ფორმატები. უნდა გაგრძელდეს სანაპირო დაცვის ქვედანაყოფების ოპერაციული შესაძლებლობების გაძლიერებაც, რაც ხელს შეუწყობს ზღვაზე არსებული საფრთხეების პრევენციასა და ეფექტიან რეაგირებას.

აღნიშნულიდან გამომდინარე, სტრატეგიის მეორე მიზნის მეოთხე ამოცანა („საზღვრის მართვის გაძლიერება“) ემსახურება საზღვრის გაძლიერებას და მისი განხორციელება შეფასდება ნარკოტრანზიტის გამოვლენის მაჩვენებლით.

ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლაში გადამწყვეტ როლს თამაშობს საერთაშორისო თანამშრომლობა, ვინაიდან წლებია აღნიშნული ტიპის დანაშაულებმა ტრანსსასაზღვრო ხასიათი შეიძინა. ამ მიმართულებით მსოფლიოში დაგროვდა სათანადო გამოცდილებაც და წარმატებით ფუნქციონირებს ქვეყანათა შორის ურთიერთთანამშრომლობის ფორმატებიც. მსოფლიოსთვის და განსაკუთრებით ევროპისთვის საქართველო ამ კუთხით მეტად საინტერესოა, ვინაიდან იგი არის გარკვეული ორგანიზებული ჯგუფების წევრების წარმოშობის ქვეყანა (მაგ., „კანონიერი ქურდები“ და „ქურდული სამყაროს“ წევრები, კიბერდანაშაულის ჩამდენი პირები), აგრეთვე, მისი გეოგრაფიული მდებარეობის გათვალისწინებით, ნარკოტიკების სატრანზიტო მარშრუტის შემადგენელი ნაწილი. თავის მხრივ, საქართველოსთვისაც მნიშვნელოვანია სხვა ქვეყნებთან მჭიდრო კავშირი, ვინაიდან თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, საზღვარგარეთ მყოფი ორგანიზებული ჯგუფები დისტანციურად ახერხებენ საქართველოში დანაშაულის ჩადენას. ნარკოტრანზიტისას შესაძლებელია საქართველო არ იყოს დანიშნულების ქვეყანა, თუმცა ნარკოტიკების ნაწილი მაინც დარჩეს ქართული „ბაზრისთვის“. გარდა ერთობლივი ოპერაციებისა, საქართველოს, საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობით, შეუძლია ისარგებლოს მათი ცოდნითა და ტექნოლოგიური შესაძლებლობებით. სასწავლო პროგრამები, ტექნიკური მხარდაჭერა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება ხელს შეუწყობს საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების შესაძლებლობების გაუმჯობესებას.

შესაბამისად, საქართველომ აქტიურად უნდა განაგრძოს საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავება, გააფართოოს ატაშეების ქსელი, შეუერთდეს სხვადასხვა ანალიტიკურ პროგრამასა თუ ორგანიზაციას, შეისწავლოს და დანერგოს საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილება, მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში, საქართველოში მოქმედი სამართლებრივი ნორმები დაუახლოვოს შესაბამის საერთაშორისო-სამართლებრივ აქტებს. სწორედ ამ გარემოებების გათვალისწინებით, სტრატეგიის მეორე მიზნის ბოლო, მეხუთე ამოცანად განისაზღვრა „საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავება“, რომელიც გაიზომება საქართველოსა და უცხო ქვეყნის სამართალდამცავ ორგანოებს შორის გაცვლილი ოპერატიული ინფორმაციების რაოდენობის ზრდით.

შეჯამებისთვის ხაზგასასმელია, რომ საქართველოს ხედვის შესაბამისი სტრატეგიული მიზნებისა და ამოცანების განხორციელება საგრძნობლად გააუმჯობესებს ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას და ამ მიმართულებით აამაღლებს ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების დონეს. წარმოდგენილი სტრატეგიის განხორციელებით საქართველოში მეტად გაძლიერდება სამართალდამცავი სისტემა, რომელიც უფრო ეფექტიანად გაუმკლავდება ორგანიზებული კრიმინალური ჯგუფებისგან მომდინარე საფრთხეებს, რაც თავისთავად დადებითად აისახება დანაშაულის გამოვლენის, დანაშაულის გახსნის, სისხლისსამართლებრივი დევნის, პარალელური ფინანსური გამოძიებებისა და მათ საფუძველზე ამოღებული, დანაშაულებრივი საქმიანობის შედეგად მოპოვებული, ქონების რაოდენობის ზრდაზე. ამასთანავე, სტრატეგიით დასახული მიზნების მიღწევა გავლენას იქონიებს სახელმწიფო ინსტიტუციებისა და საზოგადოების ნორმალური ფუნქციონირებისთვის შესაბამისი გარემოს განმტკიცებაზე, სამართალდამცავი ორგანოების მიმართ საზოგადოების ნდობაზე და, ამავდროულად, გაუმჯობესებულ საინვესტიციო გარემოზე.

მონიტორინგი და შეფასება

მონიტორინგი, ანგარიშგება და შეფასება პოლიტიკის პროცესის განუყოფელი ნაწილია. სამდივნო სტრატეგიის მონიტორინგისათვის, საბჭოს წევრი უწყებებისგან ინფორმაციის გამოთხოვის გზით, ამზადებს პროგრესის ანგარიშებს წელიწადში ორჯერ, ხოლო საქმიანობის წლიურ ანგარიშს, რომელიც, თავის მხრივ, პროგრესის ანგარიშებს ეყრდნობა - წლის ბოლოს.

წლიურ ანგარიშში, დანართის სახით, სამდივნო წარმოადგენს სამოქმედო გეგმის განხორციელების პროგრესანგარიშის კონსოლიდირებულ ვერსიას. წლიურ ანგარიშში მიღწეულ შედეგებზე ინფორმაცია აისახება არა მხოლოდ აქტივობებთან, არამედ ამოცანებთან დაკავშირებით.

სამდივნო, საბჭოს წევრი უწყებების მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, უზრუნველყოფს ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შესრულების მდგომარეობის კონსოლიდირებული ანგარიშის მომზადებასა და საბჭოსათვის განსახილველად წარდგენას. მონიტორინგის ანგარიშების მომზადების ვადები სტრატეგიის განხორციელების სრული პერიოდისათვის დაყოფილია შემდეგნაირად:

მონიტორინგი

იანვარი თებერვალი მარტი აპრილი მაისი ივნისი ივლისი აგვისტო სექტემბერი ოქტომბერი ნოემბერი დეკემბერი

პროგრეს-

ანგარიში

წლიური ანგარიში

მონიტორინგის ანგარიშები შეიცავს ისეთ მნიშვნელოვან ინფორმაციას, როგორიცაა სტატისტიკური მონაცემები დანაშაულის გამოვლენის, გახსნის, პარალელური ფინანსური გამოძიებისა და დაკავებულ პირთა შესახებ. ასევე, გათვალისწინებულია მნიშვნელოვანი ცნობები უკანონო ქონების ამოღების შესახებ, ორგანიზებული დანაშაულის ახალი საფრთხეებისა და ტენდენციების შესახებ.

მონიტორინგის ანგარიშის მომზადების პარალელურად აღსანიშნავია, რომ შეფასების პროცესი მნიშვნელოვან ადამიანურ და ფინანსურ რესურსს მოითხოვს. შესაბამისად, მისი სწორი და დროული დაგეგმვა უმნიშვნელოვანესი ეტაპია პოლიტიკის წარმატებით განხორციელებისათვის. საბოლოო შეფასების ანგარიში სტრატეგიის მოქმედების ციკლის დასრულების შესაბამისად შემუშავდება. შეფასების ერთ-ერთი მიზანია შემდგომი პოლიტიკის დოკუმენტის შემუშავებისა და განხორციელებისათვის ინფორმაციის უზრუნველყოფა. ამდენად, მისი ჩატარების დრო შეესაბამება პოლიტიკის დაგეგმვის ციკლის მოთხოვნებს. ასევე, ანგარიშის საფუძველზე შესაძლებელი იქნება შედეგებისა და რეკომენდაციების გამოყენება შემდგომი სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების შემუშავებისას.

აღსანიშნავია, რომ ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის 2025-2028 წლების სტრატეგია შეფასდება ხუთი ძირითადი კრიტერიუმით, რომელიც დაფუძნებულია OECD/DAC მიდგომებზე31:

• შესაბამისობა - რამდენად შეესაბამება მიზნები და ამოცანები ბენეფიციარებისა თუ ქვეყნის საჭიროებებს, გლობალურ პრიორიტეტებსა და პარტნიორთა და დონორთა პოლიტიკას. შუალედური შეფასება იკვლევს ჩარევის ამოცანების ან ჩანაფიქრის აქტუალობას შეცვლილი გარემოებების გათვალისწინებით;

• ეფექტურობა - მიღწეულია თუ არა მიზნები და ამოცანები (და არა აქტივობები) ან რამდენად მოსალოდნელია ეს მათი პრიორიტეტულობის გათვალისწინებით.;

• ეფექტიანობა - შედეგების მიღწევა ყველაზე დაბალი ხარჯებით; დგინდება შედეგების შეფარდება აუცილებელ ხარჯებთან (რესურსებთან);

• მდგრადობა - რამდენად განგრძობადია განვითარების სფეროში ჩარევის სარგებლის მოქმედება ჩარევის დასრულების შემდეგ და როგორია ხანგრძლივ პერსპექტივაზე გათვლილი სიკეთეების გაგრძელების ალბათობა;

• გავლენა - როგორია განვითარების სფეროში ჩარევის შედეგები: პირდაპირი/არაპირდაპირი, გამიზნული/დაუგეგმავი, პოზიტიური/ნეგატიური, მთავარი/მეორეული.

შეფასების ანგარიში მომზადდება დადგენილ ვადაში, ფოკუსირებული იქნება მნიშვნელოვან ინფორმაციებზე, შეფასების კრიტერიუმებზე დაყრდნობით მხოლოდ რელევანტურ და სტრატეგიულად გადადგმულ ნაბიჯებზე და მარტივად აღსაქმელი საშუალებებით, რათა საბოლოო ჯამში, ანგარიში მკითხველზე ორიენტირებული და აღქმადი იყოს, გრაფიკული საშუალებების, ცხრილების და მონაცემების პროგრესის წარმოსაჩენად.

სტრატეგიის უწყვეტი შეფასება და კორექტირება შესაძლებელი იქნება სტრუქტურირებული უკუკავშირის მეშვეობით, რომელიც დაეყრდნობა მონაცემთა ანალიზს, გამოძიების შედეგებს და საერთაშორისო თანამშრომლობას.