საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ინტეგრირებული მართვის 2023 – 2027 წლების სტრატეგიისა და მისი სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
09.03.2023 ბოლო ცვლილება 30.08.2023
გამომცემი ორგანო
ნომერი
№92
სარეგისტრაციო კოდი
010040000.10.003.023925
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 10/03/2023
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №92

2023 წლის 9 მარტი

   ქ. თბილისი

 

საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ინტეგრირებული მართვის 2023 – 2027 წლების სტრატეგიის დამტკიცების შესახებ
მუხლი 1
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის გათვალისწინებითა და „ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ინტეგრირებული მართვის 2023 – 2027 წლების სტრატეგია“.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი
📎 დანართები (1)
danarti.docx

საქართველოს სახელმწიფო საზღვრის

ინტეგრირებული მართვის 2023-2027 წლების სტრატეგია

სარჩევი

1. შესავალი 3

1.1. სტრატეგიის მიზანი და სამართლებრივი საფუძვლები 3

2. არსებული საფრთხეები და გამოწვევები 4

3. სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია და დემარკაცია 4

4. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის მართვის პრიორიტეტული მიმართულებები 5

4.1. სახელმწიფო საზღვრის დაცვისა და საბაჟო კონტროლის სისტემების განვითარება 5

4.2. ინფორმაციული სისტემების განვითარება 10

4.3. ანალიტიკური შესაძლებლობების განვითარება 13

4.4. უწყებათაშორისი თანამშრომლობა 15

4.5. საერთაშორისო თანამშრომლობა 18

4.5.1. ევროკავშირთან თანამშრომლობა 18

4.5.2 ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციასთან თანამშრომლობა 20

4.5.3 ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობა 22

4.6. ადამიანური რესურსების განვითარება 24

4.7. საზოგადოებასთან ურთიერთობა და სტრატეგიული კომუნიკაცია 26

1. შესავალი

1.1. სტრატეგიის მიზანი და სამართლებრივი საფუძვლები

საქართველოს მთავრობა, სახელმწიფოს უსაფრთხოების და ეკონომიკური ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად, ქვეყანასა და რეგიონში უსაფრთხოების, მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობის მიზნით, ევროკავშირისა და პარტნიორი ქვეყნების სახელმწიფო საზღვრის მართვის საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით, ამტკიცებს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ინტეგრირებული მართვის 2023-2027 წლების სტრატეგიას (შემდგომში – სტრატეგია).

სტრატეგიის მიზანია სახელმწიფო საზღვრებზე არსებული ვითარებისა და საზღვრის ინტეგრირებულ მართვასთან დაკავშირებული გამოწვევების კომპლექსური ანალიზის საფუძველზე, 2023-2027 წლებისთვის განვითარების პრიორიტეტების განსაზღვრა და სახელმწიფო საზღვრის ინტეგრირებული მართვის სისტემის შემდგომი გაუმჯობესება, ქვეყნის უსაფრთხოებისა და მდგრადი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობის მიზნით.

სახელმწიფო საზღვრის ინტეგრირებული მართვის სისტემა ითვალისწინებს საზღვრის ინტეგრირებული მართვის ოთხშრიან მოდელს, რომელიც ხელს უწყობს ადამიანებისა და ტვირთების კანონიერ გადაადგილებას და უზრუნველყოფს სახელმწიფო საზღვრის ეფექტიან კონტროლს. სასაზღვრო უსაფრთხოების სფეროში გატარებული და მიმდინარე რეფორმების მიზანია ინსტიტუციური, სამართლებრივი, ანალიტიკური, ადამიანური, მატერიალური, ტექნოლოგიური და სხვა შესაძლებლობების განვითარება, რაც ეფექტიანად უზრუნველყოფს ტრანსსასაზღვრო დანაშაულის პრევენციის, გამოვლენისა და აღკვეთის ქმედითი მექანიზმების გაუმჯობესებას.

სტრატეგია ეყრდნობა საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციას, საქართველოს კანონმდებლობას, სამთავრობო პროგრამას 2021–2024 „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“, „ხედვა 2030 საქართველოს განვითარების სტრატეგიას“ და სახელმწიფოს მიერ ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებს. სტრატეგიის შემუშავების პროცესში გათვალისწინებულ იქნა ევროკავშირის ინიციატივის – აღმოსავლეთ პარტნიორობის (EaP) ფარგლებში განსაზღვრული პრიორიტეტები, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ შემუშავებული ერთიანი სახელმწიფო საზღვრის მართვის საუკეთესო პრაქტიკა და ევროკომისიის საზღვრის ინტეგრირებული მართვის სახელმძღვანელო დოკუმენტი.

2. არსებული საფრთხეები და გამოწვევები

საქართველოს სახელმწიფო საზღვრის მართვაზე ზეგავლენას ახდენს გლობალური და რეგიონული მასშტაბის პროცესები და არსებული საფრთხეები. ამ თვალსაზრისით საყურადღებოა რუსეთის ფედერაციის მხრიდან უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო აგრესია, მსოფლიოში არსებული ეკონომიკური და პოლიტიკური გამოწვევები, საერთაშორისო ტერორიზმი, ტრანსსასაზღვრო ორგანიზებული დანაშაული, ჰიბრიდული საფრთხეები, ბუნებრივი და ტექნოგენური კატასტროფები და სხვა.

რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია და მასთან დაკავშირებული პროცესები ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისათვის მთავარ გამოწვევად რჩება, რაც თავის მხრივ სახელმწიფო საზღვრის მართვაზე ნეგატიურად აისახება. ამასთან, საყურადღებოა სხვადასხვა რეგიონში, განსაკუთრებით ფართო შავი ზღვის რეგიონში, მიმდინარე მოვლენები, რამაც შესაძლოა გავლენა იქონიოს საქართველოს უსაფრთხოებაზე.

გასათვალისწინებელია იარაღის, ნარკოტიკების, კონტრაბანდის, ტრეფიკინგის, ქიმიური, ბიოლოგიური, რადიოაქტიური და ბირთვული მასალების უკანონო ტრანსპორტირების და სხვა ტიპის ტრანსნაციონალური დანაშაულის რისკები, რაც კომპლექსურ რეაგირებასა და შესაძლებლობების მუდმივ განვითარებას მოითხოვს.

საზღვრის მართვასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ასევე აღსანიშნავია ისეთი ბუნებრივი კატასტროფების რისკები, როგორებიცაა წყალდიდობა, ზვავი, მიწისძვრა, ტყის ხანძარი და მეწყერი. საზღვრისპირა რეგიონებში არსებული ბუნებრივი პირობები ართულებს ინციდენტებზე რეაგირების, მიყენებული ზიანის დროული ლიკვიდაციისა და რეაბილიტაციის პროცესს.

3. სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია და დემარკაცია

1991 წელს, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, დაიწყო პრაქტიკული მუშაობა ქვეყნის სახელმწიფო საზღვრების დადგენის მიზნით. საქართველოს მოსაზღვრე ქვეყნებთან (თურქეთის რესპუბლიკის გარდა) შექმნილია სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის კომისიები. თურქეთის რესპუბლიკასთან სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია და დემარკაცია დასრულებულია და დადგენილია „საქართველოს რესპუბლიკასა და თურქეთის რესპუბლიკას შორის მეგობრობის, თანამშრომლობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობების შესახებ“ 1992 წლის 30 ივლისს დადებული ხელშეკრულებით.

სამთავრობო კომისიები აწარმოებენ ორმხრივ მოლაპარაკებებს მოსაზღვრე სახელმწიფოებთან, რუსეთის ფედერაციის გარდა. სომხეთისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკებთან ამ მიმართულებით არსებობს გარკვეული პროგრესი, ხოლო რუსეთის ფედერაციასთან მოლაპარაკების პროცესი განახლდება საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციის შემდგომ. ამასთან, 2008 წლის სამხედრო აგრესიის შედეგად, რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციისა და მათი ე.წ. დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებით, რუსეთის ფედერაციამ უგულებელყო სამთავრობო კომისიების დონეზე მანამდე მიღწეული შეთანხმებები.

შესაბამისმა სამთავრობო კომისიებმა, მთავრობის მიერ სასაზღვრო პოლიტიკის გათვალისწინებით, უნდა გააგრძელონ აქტიური მუშაობა დელიმიტაციისა და დემარკაციის პროცესის დასასრულებლად აზერბაიჯანის და სომხეთის რესპუბლიკებთან. თურქეთის რესპუბლიკასთან უნდა შემუშავდეს სახელმწიფო საზღვრის რეჟიმის შესახებ საერთაშორისო შეთანხმების პროექტი, ხოლო სხვა მეზობელ ქვეყნებთან – დელიმიტაცია-დემარკაციის დასრულების შემდეგ.

4. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის მართვის პრიორიტეტული მიმართულებები

4.1. სახელმწიფო საზღვრის დაცვისა და საბაჟო კონტროლის სისტემების განვითარება

არსებული ვითარება

საქართველოს სახელმწიფო საზღვრის სახმელეთო მონაკვეთის – ე.წ. მწვანე საზღვრის დაცვას უზრუნველყოფს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებასაქართველოს სასაზღვრო პოლიცია (შემდგომში – სასაზღვრო პოლიცია). მიმდინარე წლებში, „მწვანე საზღვრის“ დაცვის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, სახელმწიფო ბიუჯეტით და საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით, არაერთი ქმედითი ნაბიჯი გადაიდგა, როგორც საზღვრის დაცვის ორგანიზების, მართვისა და კონტროლის მექანიზმების გაუმჯობესების, ისე სასაზღვრო ინფრასტრუქტურის მოწყობისა და საზღვრის დაცვის თანამედროვე ტექნიკური საშუალებებით აღჭურვის მიმართულებით. რიგი სასაზღვრო სექტორების ე.წ. „მაღალი რისკის“ შემცველ მონაკვეთებზე მოეწყო ელექტრონული დაკვირვებისა და აღმოჩენის სისტემები, რაც სასაზღვრო ზონასა და ზოლში კანონსაწინააღმდეგო ქმედებათა პრევენციის, გამოვლენის, აღკვეთის და სამართალდარღვევებზე მყისიერი რეაგირების შესაძლებლობების გაზრდას ემსახურება.

„მწვანე საზღვრის“ დაცვის მიმართულებით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სასაზღვრო ინფრასტრუქტურის შემდგომი განვითარება (განსაკუთრებით, მაღალმთიან რეგიონებში), საზღვრის დაცვისა და კონტროლის ტექნიკური (მათ შორის, სახელმწიფო საზღვრის ელექტრონული დაკვირვებისა და საინფორმაციო-ტექნოლოგიური სისტემები) და სამართალდარღვევებზე მყისიერი რეაგირებისათვის საჭირო საშუალებებით უზრუნველყოფა. ასევე, მნიშვნელოვანია გაძლიერდეს რისკის ანალიზისა და სასაზღვრო დანაყოფების ოპერატიული უზრუნველყოფის კომპონენტი.

აღსანიშნავია, რომ სახმელეთო საზღვრის დაცვის ღონისძიებებში აქტიურადაა ჩართული სასაზღვრო ავიაცია, რომლის შეუფერხებელი საქმიანობა (ავიაპარკის გამართულობა, შესაბამისი სპეციალური აღჭურვილობა, პირადი შემადგენლობის მომზადება-გადამზადება) უაღრესად მნიშვნელოვანია როგორც ყოველდღიური საქმიანობის განხორციელების, ისე სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი ვალდებულების, მოქალაქეთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის შენარჩუნებისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის კუთხით (ძებნა-გადარჩენა, ევაკუაცია, ბუნებრივი და ტექნოგენური კატასტროფების დროს საჰაერო მხარდაჭერა და ა.შ.). ბოლო წლებში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა სასაზღვრო ავიაციის მოდერნიზება-განახლების მიმართულებით. ავიაპარკის განახლების მიზნით, 2022 წლის 19 დეკემბერს ხელი მოეწერა ხელშეკრულებას სამი საშუალო ტვირთამწეობის ვერტმფრენის შეძენაზე, რომლებიც დაკომპლექტებულია ხანძრების ქრობის, სამთო-სამაშველო და საპოლიციო ოპერაციების ჩატარებისათვის აუცილებელი აღჭურვილობით. პრიორიტეტულ მიმართულებად რჩება ავიაპარკის შემდგომი განვითარება, მუდმივი მზადყოფნის შენარჩუნება და კვალიფიციურ მფრინავთა და ტექნიკოსთა კონტინგენტის მომზადება-გადამზადება.

რაც შეეხება საზღვაო სივრცის კონტროლსა და დაცვას – სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტი უზრუნველყოფს საქართველოს საზღვაო სივრცეში დადგენილი სამართლებრივი რეჟიმის შესრულებაზე კონტროლს, საზღვაო უშიშროებისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან დაკავშირებული კომპლექსური ამოცანების შესრულებას.

საზღვაო სივრცის საპასუხისმგებლო არეალის კონტროლი „ეფექტიანი დასწრების“ პრინციპით ხორციელდება, რაც ითვალისწინებს საჭირო ადგილზე, საჭირო დროს, საჭირო შესაძლებლობებით ყოფნას. „ეფექტიანი დასწრების“ პრინციპით კონტროლი ვერ ხორციელდება საქართველოს ტერიტორიული ზღვის ოკუპირებული აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მიმდებარე საზღვაო სივრცის მონაკვეთში. საქართველოს საზღვაო სივრცის ეფექტიანი კონტროლის უზრუნველსაყოფად მიმდინარეობს სანაპირო დაცვის ფლოტის მოდერნიზება – შეემატა ახალი მცურავი საშუალებები, ამაღლდა გემთსარემონტო პოტენციალი და გაუმჯობესდა კანონის აღსრულებაზე პასუხისმგებელი დანაყოფების შესაძლებლობები. თუმცა, სანაპირო დაცვის ფლოტის მოდერნიზება და მის წინაშე მდგარი ამოცანების განხორციელებისათვის მინიმალურად აუცილებელი რაოდენობის მცურავი საშუალებების შემატება ხანგრძლივი პროცესია, რაც დამატებით რესურსს და შემდგომ ძალისხმევას საჭიროებს. ამ კონტექსტში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სწრაფი რეაგირების შესაძლებლობების შემდგომი განვითარება, სანავსადგურო ინფრასტრუქტურის უსაფრთხოებისა და სანაპირო ზოლის ეფექტიანი კონტროლის განხორციელების მიზნით.

მიმდინარე წლებში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა სასაზღვრო-სამიგრაციო კონტროლის ეფექტიანობის გაუმჯობესებისა და ქვეყანაში უკანონო მიგრაციასთან ბრძოლის მიმართულებით. 2018 წელს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში შეიქმნა საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველო, რომელსაც დაექვემდებარა ყველა სასაზღვრო გამტარი პუნქტი და დამკვიდრდა სგპ-ების მართვის ერთიანი და კოორდინირებული სტანდარტი. გარდა ამისა, გაუმჯობესდა საპასპორტო კონტროლის/რეგისტრაციის შესაძლებლობები სამართალდარღვევათა გამოვლენის მიმართულებით. სრულად განახლდა დოკუმენტების შემოწმებისთვის საჭირო აღჭურვილობა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში. სასაზღვრო-სამიგრაციო კონტროლის განყოფილებებში (ვახტანგისი, ახკერპი, გუგუთი) ასევე სასაზღვრო სარკინიგზო კონტროლის განყოფილებებში (გარდაბანი, სადახლო) განახლდა პატრულ-ინსპექტორების მოსასვენებელი სივრცეები. მიმდინარეობს სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის დანაყოფების ეტაპობრივი აღჭურვა-განახლება, როგორც დოკუმენტების/ავტოსატრანსპორტო საშუალებების შესამოწმებელი აღჭურვილობით, ისე კომპიუტერული და საოფისე ტექნიკით. პრიორიტეტულია დოკუმენტების სიღრმისეული შემოწმების შესაძლებლობების შემდგომი გაუმჯობესება.

წლების განმავლობაში ქვეყნისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევას ქვეყანაში მიგრაციული ნაკადების მონიტორინგისა და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის მექანიზმის არარსებობა წარმოადგენდა. 2014 წელს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში შეიქმნა მიგრაციის დეპარტამენტი, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყანაში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი პირების გამოვლენას და გაძევების პროცედურების განხორციელებას. დეპარტამენტში ფუნქციონირებს კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფ პირთა დროებითი განთავსების ცენტრი, რომელიც შესაბამისობაშია გაძევების მიზნით უცხოელის დაკავებისთვის დაწესებულ საერთაშორისო სტანდარტებთან. მიგრაციის დეპარტამენტი პასუხისმგებელია უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ საქართველოს მიერ გაფორმებული შეთანხმებების განხორციელებაზე. 2018 წლიდან მიგრაციის დეპარტამენტის მანდატი გაფართოვდა და მის ფუნქციებში შევიდა საერთაშორისო დაცვაზე (ლტოლვილის, ჰუმანიტარული ან დროებითი დაცვა) განცხადების განხილვა და შესაბამისი სტატუსის მინიჭების მიზანშეწონილობის დადგენა და თავშესაფრის მაძიებელთა მიმღები ცენტრის მართვა.

ეროვნულ კანონმდებლობაში თავშესაფრის საკითხები რეგულირდება „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონითა და შესაბამისი კანონქვემდებარე აქტებით. ქართული თავშესაფრის სისტემა შესაბამისობაშია „ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ 1951 წლის ჟენევის კონვენციასთან და საერთაშორისო დონეზე მოქმედ სტანდარტებთან.

სახელმწიფო საზღვარზე საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის იდენტიფიცირების და, საჭიროებისამებრ, რეფერირების, სამართლიანი და ეფექტიანი თავშესაფრის პროცედურის უზრუნველსაყოფად შემუშავდა „უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის იდენტიფიცირებისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტს, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტსა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციას შორის ინფორმაციის გაცვლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 21 ივლისის № 99 ბრძანება.

ქვეყანაში უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით, დაიხვეწა საკანონმდებლო ბაზა, განვითარდა შიდაუწყებრივი და უწყებათაშორისი კოორდინაცია. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში მიგრაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე ერთიანი პოლიტიკის ჩამოყალიბებისა და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის ქმედითი მექანიზმის განვითარების მიზნით, შეიქმნა უკანონო მიგრაციის წინააღდეგ ბრძოლის საკოორდინაციო ჯგუფი. ამასთან, კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფ პირთა გამოვლენაზე პასუხისმგებელი შსს-ს სტრუქტურული ერთეულებისთვის,  შემუშავდა ქვეყანაში უკანონოდ მყოფი მიგრანტების გამოვლენისა და რეფერირების წესი. განხორციელებული ღონისძიებების შედეგად, გაიზარდა ქვეყანაში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფ უცხოელთა გამოვლენის მაჩვენებელი.

გამოწვევად რჩება არალეგალურად მყოფ პირთა წარმოშობის ქვეყნებთან თანამშრომლობა, რათა უზრუნველყოფილ იქნეს ეფექტური პროცედურები იმ პირთა იდენტიფიცირებისა და უსაფრთხო და დაბრუნების მიზნით, რომლებიც ვერ აკმაყოფილებენ საქართველოს ტერიტორიაზე შესვლის, ყოფნის ან ცხოვრებისათვის დადგენილ მოთხოვნებს.

გარდა მიგრაციული პროცესებისა, საზღვრის ინტეგრირებული მართვის განუყოფელი ნაწილია ფიზიკური პირების, ტვირთისა და სატრანსპორტო საშუალებების საზღვრის კვეთის პროცედურების შეუფერხებელი განხორციელება, რასაც უზრუნველყოფს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ – შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტი შესაბამისი საზღვაო, სარკინიგზო, სახმელეთო და საჰაერო სგპ-ების მეშვეობით. აღნიშნულის უზრუნველსაყოფად, ინტეგრირებული საზღვრის მართვის პრინციპებიდან გამომდინარე და საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობის მიზნით, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტს, სხვა უფლებამოსილებებთან ერთად, დელეგირებული აქვს ათამდე ფუნქცია (მათ შორის, ფიტოსანიტარიული, ვეტერინარული, სანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო და, კომპეტენციის ფარგლებში, საპასპორტო კონტროლი).

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO), ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (OIE) და მცენარეთა დაცვის საერთაშორისო კონვენციის (IPPC) მიერ დადგენილი წესებისა და მოთხოვნების შესაბამისად, სასაზღვრო ინსპექციის პუნქტებში შემოსავლების სამსახურის თანამშრომელთა მიერ ხორციელდება შესაბამისი დონის სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლი. DCFTA ხელშეკრულების საფუძველზე ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოებამ დახვეწა და გააუმჯობესა კონტროლის პროცედურები. შეიქმნა არაცხოველური წარმოშობის სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობისა და ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების სასაზღვრო კონტროლის მარეგულირებელი აქტი, დამტკიცდა პროცედურული სახელმძღვანელოები და განვითარდა საბაჟო ინფრასტრუქტურა.

მიმდინარე რამდენიმე სტრატეგიული პროექტიდან უმნიშვნელოვანესია საქართველო - აზერბაიჯანის საზღვარზე ახალი საბაჟო გამშვები პუნქტის მშენებლობა. ერთობლივი ინიციატივა ხელს შეუწყობს ქვეყნების სატრანზიტო და ლოგისტიკური შესაძლებლობების განვითარებას, რაც უფრო გააძლიერებს რეგიონის სატრანსპორტო და სავაჭრო კავშირებს. ერთობლივი მართვის ელემენტების მქონე ახალი საბაჟო გამშვები პუნქტი, საშუალებას იძლევა თავიდან იქნეს აცილებული საბაჟო კონტროლის პროცედურების დუბლირება, რაც თავის მხრივ შეამცირებს საზღვრის კვეთის პროცედურებზე დახარჯულ დროს და გაზრდის ტრანსსასაზღვრო სავაჭრო ნაკადებს.

მიუხედავად მიღწეული პროგრესისა, მნიშვნელოვანი ძალისხმევა არის გასაწევი ევროკავშირის სტანდარტებთან შემდგომი დაახლოების მიზნით. კერძოდ, განსახორციელებელია ღონისძიებები საბაჟო კონტროლისა და ზედამხედველობის ეფექტიანობის ამაღლების, მათ შორის, ინფრასტრუქტურის მოწყობის, ახალი ტექნიკური აღჭურვილობისა და ტექნოლოგიების დანერგვის, ასევე არსებული სისტემების გაფართოების თვალსაზრისით. ასევე აუცილებელია, ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისი ფიტოსანიტარიული, ვეტერინარული და სურსათის უვნებლობის სასაზღვრო კონტროლისათვის საჭირო ინფრასტრუქტურის მოწყობა და სათანადო მოვლა-პატრონობის სისტემის ფუნქციონირება. საჭიროა ქმედითი ნაბიჯები გადაიდგას საბაჟო ლაბორატორიის ამოქმედებისა და საქმიანობის სრულყოფილად დაწყებისათვის, რომელიც მნიშვნელოვანი ნაწილია ეფექტური საბაჟო კონტროლის განხორციელებისთვის.

გარდა ადამიანური და მატერიალური რესურსისა, სახელმწიფო საზღვრის ინტეგრირებული მართვის ეფექტიანი უზრუნველყოფისათვის მნიშვნელოვანია სასამსახურო ძაღლების გამოყენება. მიმდინარე წლებში ქვეყანაში არაერთი ნაბიჯი გადაიდგა კინოლოგიის განვითარების მიმართულებით: მოეწყო განახლებული ინფრასტრუქტურა და შეიქმნა შესაბამისი სპეციალიზებული დანაყოფები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან კინოლოგების მომზადების, სასამსახურო ძაღლების წვრთნისა და მოვლის ერთიანი სტანდარტის დამკვიდრებაზე. მიღწეული შედეგების მიუხედავად, საჭიროა შემდგომი ღონისძიებების გატარება კინოლოგიის მიმართულების გაძლიერების კუთხით.

ამოცანები

  • სამართლებრივი ბაზის შემდგომი დახვეწა;

  • კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფ პირთა გაძევების მექანიზმების ეფექტიანი იმპლემენტაცია;

  • სასაზღვრო და საბაჟო ინფრასტრუქტურის განვითარება;

  • „მწვანე საზღვარზე“ სასაზღვრო ზონისა და ზოლის მარკირება;

  • სასაზღვრო და საბაჟო მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მოდერნიზება (ტრანსპორტი; სპეციალური აღჭურვილობა/ტექნიკა; შეიარაღება და სხვა.);

  • სანაპირო დაცვის ფლოტისა და ოპერაციული შესაძლებლობების გაზრდა/განვითარება;

  • სანაპირო დაცვის ფლოტის ტექნიკური მომსახურებისა და სარემონტო პოტენციალის შემდგომი გაზრდა;

  • სასაზღვრო პოლიციის ავიაციის შესაძლებლობების გაუმჯობესება;

  • საბაჟო კონტროლის სისტემების (მათ შორის, ქვეყნის შიგნით კონტროლის მექანიზმების) განვითარება;

  • საბაჟო ლაბორატორიის განვითარება;

  • კინოლოგიური სამსახურების შესაძლებლობების განვითარება.

4.2. ინფორმაციული სისტემების განვითარება

არსებული ვითარება

სასაზღვრო უსაფრთხოების ინფორმაციული სისტემების განვითარება ხორციელდება ერთიანი მიდგომის ფარგლებში და მოიცავს შემდეგ მიმართულებებს: საკომუნიკაციო ქსელები (მაღალსიჩქარიანი ქსელი და რადიოკავშირები); ავტომატიზებული საინფორმაციო სისტემები; ელექტრონული დაკვირვების სისტემები და აღჭურვილობა.

საზღვრის მართვაში ჩართული უწყებები, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, მუდმივ რეჟიმში აგროვებენ საზღვრის კვეთასთან დაკავშირებულ ინფორმაციას და ამ ინფორმაციისა და სტატისტიკის გაზიარება შესაბამისი უწყებებისა და პირებისთვის ხდება უწყვეტად, კანონით დადგენილი პირობების გათვალისწინებით. ტურისტებისა და ტვირთის ნაკადის ზრდასთან დაკავშირებული გამოწვევების მართვა პირდაპირ არის დაკავშირებული საზღვრის მართვაში ჩართული ტექნიკური საშუალებების გამართვასა და თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების შეძენა-განვითარებასთან.

„სასაზღვრო ოპერაციების მართვის სისტემის“ (BOMS) პროექტის ფარგლებში შემუშავებულია „სასაზღვრო ოპერაციების მოხსენების სისტემის“ (BORS) პროექტი და კონცეპტუალური დიზაინი. პროექტის მიზანია, შეიქმნას ავტომატიზებული საინფორმაციო სისტემა, რომელიც ხელს შეუწყობს სასაზღვრო უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინფორმაციის ციფრულ ფორმატში მართვას და რისკის ანალიზის წარმოების ერთიანი სისტემის დანერგვას.

აღნიშნული საინფორმაციო სისტემის ერთ-ერთი მოდული გათვალისწინებულია საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრის (JMOC) ინფორმაციის რეგისტრაციის და ანალიტიკური დამუშავების უზრუნველსაყოფად, რომელიც მიმდინარე ეტაპზე ჩართულია საპილოტე რეჟიმში. შემდგომი ეტაპი აღნიშნული პროგრამის ანალიტიკური მოდულის ამუშავებას ითვალისწინებს.

შემუშავებულია და დანერგილია სასაზღვრო მიგრაციის მართვისა და მოხსენებების სისტემა – BMARS, რომელიც ახორციელებს პირის და ტრანსპორტის სახელმწიფო საზღვრის კვეთის საიდენტიფიკაციო მონაცემების რეგისტრაციას და მათ იდენტიფიცირებას შესაბამის მონაცემთა ბაზებთან. აღნიშნულ სისტემას ოპერაციულად იყენებენ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი და შემოსავლების სამსახური, ამ სისტემის ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში არსებულ ინფორმაციას იყენებენ საქართველოს შინაგან საქმეთა, საქართველოს საგარეო საქმეთა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროების შესაბამისი დანაყოფები, ხოლო საბაჟო პროცედურებთან დაკავშირებით, საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შემოსავლების სამსახური.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ყველა სგპ-ზე აშშ-ის მთავრობის მხარდაჭერით მოწყობილია რადიოაქტიური მასალების კონტროლის სისტემები, რომელთა საშუალებით ხორციელდება სახელმწიფო საზღვრის გადამკვეთი ყველა ობიექტის რადიაციული კონტროლი. შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველო აღიჭურვა რადიაციული ფონის ამომცნობი ახალი ხელის მოწყობილობებით. აღნიშნული ხელსაწყოები გადაეცათ მაღალი გამტარუნარიანობის მქონე სასაზღვრო გამტარ პუნქტებს. სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო დანაყოფების ნაწილი აღჭურვილია რადიოაქტიური მასალების აღმოჩენისა და იდენტიფიცირების ტექნიკური საშუალებებით, დამტკიცებულია შესაბამისი სტანდარტული სამოქმედო პროცედურები და პერიოდულად მესაზღვრეთათვის ტარდება შესაბამისი სწავლებები. ასევე, სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ტაქტიკური ქვედანაყოფები აღჭურვილნი არიან ქიმიური, ბიოლოგიური, რადიოაქტიური და ბირთვული (ქბრბ) მასალების აღმომჩენი საშუალებებით და ინდივიდუალური დაცვის აღჭურვილობით.

აქტიურად მიმდინარეობს საზღვაო მონიტორინგისა და კავშირგაბმულობის სისტემების მოდერნიზება, რაც გააუმჯობესებს საქართველოს საზღვაო სივრცეში არსებული ვითარების შესახებ ერთიან ოპერაციულ სურათს. ამასთან, წყალქვეშა უსაფრთხოების სისტემების დანერგვა და განვითარება პრიორიტეტულია ნავსადგურებისა და საზღვაო ინფრასტრუქტურის უსაფრთხოებისათვის.

აშშ-ის მთავრობის მხარდაჭერით, ქვეყანაში განვითარდა სასაზღვრო და საზღვაო უსაფრთხოების ტექნიკური და ტექნოლოგიური მომსახურების შესაძლებლობები, რაც უზრუნველყოფს რადიო-საკომუნიკაციო და ელექტრონული დაკვირვების სისტემების გამართულ ფუნქციონირებას.

ციფრული საბაჟო კონცეფციის დანერგვის, რისკზე დაფუძნებული საბაჟო კონტროლის გაძლიერების, საბაჟო მონაცემთა საინფორმაციო სისტემების მოდერნიზაციის, საბაჟო ფორმალობების გამარტივების, საზღვრის კვეთასთან დაკავშირებული ბარიერებისა და საჭირო დროის შემცირების მიზნით ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს ინფორმაციული სისტემების განვითარება, რისთვისაც მუდმივად მიმდინარეობს როგორც რიგი საბაჟო ფორმალობების და საბაჟო კონტროლის პროცედურების გაციფრულება, ასევე არსებული მექანიზმების დახვეწა, საბაჟო მონაცემების საერთაშორისო და ეროვნულ დონეზე ელექტრონულად გაცვლა და საერთაშორისო ვაჭრობაში მონაწილე და საზღვრის მკვეთ პირებზე ორიენტირებული ელექტრონული სერვისების დანერგვა.

აღსანიშნავია, რომ არაერთი დანერგილი სისტემის მიუხედავად, საზღვრის ინტეგრირებულ მართვაში ჩართული უწყებებისთვის საზღვრის დაცვის, საბაჟო კონტროლის, ზედამხედველობის, რისკების მართვისა და საბაჟო გაფორმების ფორმალობების ხელშეწყობისა და სრულყოფის მიზნით, კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება, არსებული ინფორმაციული სისტემების განახლება-გაუმჯობესება და მსოფლიოს საუკეთესო პრაქტიკიდან გამომდინარე თანამედროვე ტექნოლოგიებისა და სისტემების შემუშავება-დანერგვა.

ამოცანები

  • სახელმწიფო საზღვარზე აღმოჩენისა და დაკვირვების ელექტრონული სისტემების შემდგომი განვითარება;

  • საზღვაო სივრცის გაცნობიერებულობის ელექტრონული სისტემების შემდგომი განვითარება;

  • სახელმწიფო საზღვარზე საკომუნიკაციო სისტემების შემდგომი განვითარება;

  • სასაზღვრო უსაფრთხოების დანაყოფებს შორის დიდი მოცულობის ციფრულ მონაცემთა გაცვლის შესაძლებლობების განვითარება;

  • სასაზღვრო უსაფრთხოების მხარდამჭერი ციფრული პლატფორმების დანერგვა და განვითარება;

  • სახელმწიფო საზღვარზე ქბრბ ნივთიერებების გადაადგილების კონტროლის ტექნოლოგიური მექანიზმების გაუმჯობესება;

  • საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ტექნიკური მხარდაჭერის შესაძლებლობების შემდგომი განვითარება;

  • საბაჟო მონაცემთა არსებული საინფორმაციო სისტემის მოდერნიზაცია და ახალი სისტემების დანერგვა.

4.3. ანალიტიკური შესაძლებლობების განვითარება

არსებული ვითარება

რისკების მართვის სისტემის მიზანია საზღვარზე არსებული რისკების გამოვლენა, საზღვრისა და მიგრაციის სფეროში არსებული ხარვეზების იდენტიფიცირება, სათანადო შემარბილებელი ღონისძიებებისა და პრევენციის მექანიზმების შემუშავება და შესაბამის სამოქმედო გეგმებში ასახვა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფები ახორციელებენ სახელმწიფო საზღვარზე, სასაზღვრო ზოლსა და ზონაში, საზღვაო სივრცეში და საზღვრისპირა რეგიონებში არსებული მდგომარეობის ანალიზს, განსაზღვრავენ რისკებსა და საფრთხეებს, რის შედეგადაც შეიმუშავებენ შესაბამის რეკომენდაციებს. 2021 წელს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ბაზაზე შეიქმნა საზღვრის მართვისა და კოორდინაციის სამმართველო, რომელიც უზრუნველყოფს საზღვრის მართვის პროცესში ჩართული სუბიექტების კოორდინაციას, საზღვრის მართვის პოლიტიკის განსაზღვრას, რისკების ანალიზის ევროპული სისტემის იმპლემენტაციას, მართვის პროცესში არსებული გამოწვევების იდენტიფიცირებასა და შესაბამისი რეკომენდაციების გაცემას, აგრეთვე რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგსა და სხვა დაკავშირებული ფუნქციების განხორციელებას. სამმართველოს შექმნა და მისი შემდგომი განვითარება ინტეგრირებული საზღვრის მართვის ეფექტიანობის ზრდას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს.

სახელმწიფო საზღვარზე რისკების ანალიზის ერთიანი სისტემის დანერგვის მიზნით მიმდინარეობს სამართლებრივი ჩარჩოს დახვეწა და საინფორმაციო-ტექნოლოგიური რესურსების განვითარება. შემუშავებულია რისკის ანალიზის მეთოდოლოგია, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს რისკის ანალიზის ერთიანი სისტემის შექმნას, რაც თავის მხრივ ეფუძნება რისკის ანალიზის საერთო ინტეგრირებულ მოდელს (CIRAM).

მიმდინარე წლებში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაინერგა სასაზღვრო ინციდენტების აღრიცხვის ელექტრონული სისტემა, რომლის საშუალებით, სასაზღვრო გამტარ პუნქტებში გამოვლენილი ინციდენტების შესახებ სტრუქტურირებული ინფორმაცია 24-საათიან რეჟიმში აღირიცხება. პროგრამის საშუალებით, ასევე ხორციელდება საზღვარზე ინციდენტების სტატისტიკის გენერირება, რაც მნიშვნელოვანი კომპონენტია საზღვრის რისკის ანალიზის წარმოების თვალსაზრისით.

საზღვრის ინტეგრირებული მართვის პროცესში, ანალიზის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია საბაჟო რისკების მართვის სისტემა, რომლის მიზანია საზღვარზე არსებული რისკების გამოვლენა, საბაჟო კონტროლისა და ზედამხედველობის ეფექტიანობის ამაღლება,  ეკონომიკური საზღვრის დაცვა,  მიწოდების ჯაჭვის უსაფრთხოება და სახელმწიფოს ფინანსური ინტერესების დაცვა.   ამ ეტაპზე აშშ-ის ექსპორტის კონტროლისა და საზღვრის უსაფრთხოების (EXBS) პროგრამის დახმარების ფარგლებში მიმდინარეობს საბაჟო რისკების ანალიტიკური პროგრამების დანერგვა, რომლის გამოყენებით შესაძლებელი გახდება საბაჟო ინსტრუმენტების გარკვეული ნაკრების აგება და თანამედროვე, მოქნილი და მრავალფუნქციური პლატფორმის შექმნა. ასევე  მიმდინარეობს აქტიური სამუშაოები  მონაცემთა ავტომატური ანალიზის მეთოდის „Machine Learning” დანერგვის მიმართულებით (მათ შორის, საბაჟო რისკების მართვის მიზნებისათვის).  მიუხედავად ამისა, საბაჟო სფეროში ანალიტიკური შესაძლებლობების სრულყოფისათვის, კვლავ იკვეთება სხვადასხვა საბაჟო სისტემების მოდერნიზაციის, შესაძლებლობების განვითარებისა და თანამედროვე მეთოდების დანერგვის აუცილებლობა.  

ამოცანები

  • სახელმწიფო საზღვარზე რისკის ანალიზის საერთო ინტეგრირებული მოდელის (CIRAM) დანერგვა;

  • საბაჟო რისკების მართვის სისტემის მოდერნიზაცია;

  • ხელოვნური ინტელექტის მქონე პროგრამული უზრუნველყოფის  (ე.წ. Machine Learning) დანერგვა.

4.4. უწყებათაშორისი თანამშრომლობა

არსებული ვითარება

სახელმწიფო საზღვრის დაცვის ეფექტიანობის უზრუნველყოფის მიზნით, გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება უწყებათაშორის თანამშრომლობასა და კოორდინაციას. შექმნილია ეროვნული დონის მუდმივმოქმედი უწყებათაშორისი თანამშრომლობის ფორმატები, რაც სახელმწიფო საზღვრის მართვის საკითხების სხვადასხვა თემატურ მიმართულებას აერთიანებს, მათ შორის მიგრაციის მართვას (მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისია), ტრეფიკინგთან (ტრეფიკინგის საბჭო და სამდივნო) და ქბრბ მასალების კონტრაბანდასთან ბრძოლას (ქბრბ საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო და სამდივნო).

ქვეყანაში უწყებათაშორისი თანამშრომლობის მექანიზმების ჩამოყალიბება ხორციელდება არსებული ცვლადი გამოწვევების შესაბამისად. მაგალითად, საქართველოს საზღვაო სივრცეში ნაოსნობის, საზღვაო ნავსადგურებში ტვირთბრუნვის მოცულობის მკვეთრად მატებამ რიგი რისკების ზრდა გამოიწვია. შესაბამისად, გაჩნდა საქართველოს საზღვაო სივრცეში უსაფრთხოების, უშიშროების და სამართლებრივი რეჟიმის უზრუნველყოფა-კონტროლის გაძლიერების აუცილებლობა, რაც თვის მხრივ, შესაბამისი სამინისტროების, აგრეთვე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და საქართველოს დაზვევრვის სამსახურის კოორდინირებულ მოქმედებებს მოითხოვს. ამ მიზნიდან გამომდინარე, შეიქმნა საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრი (JMOC), რომელიც წარმოადგენს საზღვაო ვითარების გაცნობიერებისა და უწყებათაშორისი კოორდინაციის მექანიზმს, სადაც რეალურ დროში ისახება საქართველოს საზღვაო სივრცეში შექმნილი ერთიანი ოპერაციული სურათი. ცენტრი აერთიანებს სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებს და წარმოადგენს საქართველოს საზღვაო სივრცეში სამართლებრივი რეჟიმის კონტროლის, საფრთხეების პრევენციის, გამოვლენისა და მათზე რეაგირების, ასევე პასუხისმგებელი კომპეტენტური ორგანოების ეფექტიანი თანამშრომლობის უზრუნველყოფის მექანიზმს.

ასევე, საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე, შეიქმნა სასაზღვრო პოლიციისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი, რომელსაც დაევალა ორ უწყებას შორის როგორც მშვიდობიანობის, ისე საგანგებო და საომარი მდგომარეობის დროს კოორდინირებული თანამშრომლობის გეგმების შემუშავება და რეკომენდაციების მომზადება ინფორმაციის გაცვლის მექანიზმების განსაზღვრის შესახებ.

საგანგებო და საომარი მდგომარეობის დროს კოორდინირებული მოქმედების გარდა, ეფექტიანი უწყებათაშორისი თანამშრომლობა ასევე მნიშვნელოვანია საზღვრისპირა რეგიონებში ბუნებრივი და ტექნოგენური საგანგებო სიტუაციების წარმოქმნის შემთხვევაში. შესაბამისად, პრიორიტეტულია უწყებათაშორისი საკოორდინაციო მექანიზმების/გეგმების შემუშავება და ამოქმედება.

უწყებათაშორისი თანამშრომლობის მნიშვნელოვანი კომპონენტია სახელმწიფო საზღვარზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთობლივი კოორდინირებული მოქმედებები, რომლებიც უზრუნველყოფენ სგპ-ის გავლით ფიზიკურ პირთა საპასპორტო კონტროლის განხორციელებას. აღნიშნული პროცესის სრულყოფის მიზნით, დამტკიცდა ერთობლივი ბრძანება, რომელიც სგპ-ის გავლით საზღვრის გადაკვეთისას ფიზიკურ პირთა საპასპორტო კონტროლის და ამ პირთა მიერ გადაადგილებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების აღრიცხვის წესებს განსაზღვრავს.

ამას გარდა,  საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული აკრძალვების და შეზღუდვების ეფექტურად მართვის მიზნით, „ერთი ფანჯრის პრინციპის“ შესაბამისად, ფუნქციონირებს ლიცენზიების, ნებართვებისა და სერტიფიკატების ერთიანი ელექტრონული სისტემა, სადაც ამ ეტაპზე გაერთიანებულია ათი სახელმწიფო უწყება. თუმცა, აუცილებელია სისტემაში რიგი კომპეტენტური უწყებების ჩართულობის გაზრდა და მისი სრულყოფისთვის მუშაობის გაგრძელება.

აღსანიშნავია, რომ გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ოფისისა (UNODC) და მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის (WCO) ერთობლივი პროექტის, კონტეინერების კონტროლის პროგრამის ფარგლებში, სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო ტვირთების კონტროლის კუთხით შეიქმნა ერთობლივი უწყებათაშორისი დანაყოფები. კონტეინერების კონტროლის პროგრამაში ჩართულია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური და შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი, რომლებიც ერთობლივად ახორციელებენ საქართველოში იმპორტის, ექსპორტისა და ტრანზიტულად გადაადგილებული ტვირთების კონტროლს. ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ბრუნვის პრევენციის მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის ერთობლივი ბრძანების საფუძველზე, დამტკიცდა უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი, რომელსაც დაევალა ორ უწყებას შორის თანამშრომლობის გაღრმავება და ერთობლივი მუშაობა ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ბრუნვის პრევენციისთვის.

უწყებათაშორისი თანამშრომლობის მნიშვნელოვანი კომპონენტია მგზავრის შესახებ წინასწარი მონაცემებისა (API) და მგზავრის სახელის შესახებ ჩანაწერის (PNR) მონაცემების სისტემის დანერგვა, რომელიც მიზნად ისახავს ტერორიზმის, ასევე სხვა მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთა პრევენციის, გამოვლენის, გამოძიების ან სისხლისსამართლებრივი დევნის ხელშეწყობას, ასევე სასაზღვრო კონტროლის გაუმჯობესებასა და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლას.

საქართველოს საჰაერო კოდექსში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებებით, საჰაერო გადამზიდ კომპანიებს დაეკისრათ ვალდებულება, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკურ სააგენტოს მიაწოდონ მგზავრთა შესახებ წინასწარი მონაცემები. დამტკიცდა საჰაერო გადამზიდველის მიერ, უფლებამოსილი ორგანოსთვის მგზავრის წინასწარი მონაცემებისა და მგზავრის სახელის ჩანაწერის მონაცემების მიწოდების წესი. მიმდინარე ეტაპზე, შეძენილია შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობა და სისტემა სატესტო რეჟიმიდან გადასულია ოპერაციულ რეჟიმზე.

მიღწეული პროგრესის მიუხედავად, მნიშვნელოვანია უწყებათაშორისი თანამშრომლობის ეფექტურობის გაზრდა, რაც გულისხმობს ინფორმაციის გაცვლის სწრაფი, მოქნილი და სრულყოფილი მექანიზმების დანერგვას.

ამოცანები

  • საზღვრის ინტეგრირებულ მართვაში ჩართულ უწყებებს შორის, ოპერაციულ დონეზე, თანამშრომლობის მექანიზმების გაუმჯობესება;

  • JMOC-ის შესაძლებლობების შემდგომი განვითარება ინფორმაციის ანალიტიკური დამუშავებისა და უწყებებს შორის ინფორმაციის რეგისტრაციის ეფექტიანი პლატფორმის შექმნის, „ერთი ფანჯრის პრინციპზე“ დაფუძნებული ელექტრონული სისტემების სრულყოფის გზით;

  • ავიარეისებით გადაადგილებული მგზავრების შესახებ წინასწარი ინფორმაციის მოწოდების სისტემის შემდგომი განვითარება (API - PNR).

4.5. საერთაშორისო თანამშრომლობა

4.5.1. ევროკავშირთან თანამშრომლობა

არსებული ვითარება

მიმდინარე ეტაპზე, წარმატებულად მიმდინარეობს თანამშრომლობა ევროკავშირთან მოქმედი ჩარჩო დოკუმენტების შესაბამისად. 2016 წლის 1 ივლისიდან ძალაშია საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმება. შედეგად, ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობები თვისობრივად ახალ ეტაპზეა გადასული. აღნიშნული შეთანხმებით, გაიხსნა ევროკავშირის შიდა ბაზარი საქართველოში წარმოებული საქონლისთვის.

2017 წლის 28 მარტიდან ამოქმედდა ევროკავშირის წევრ/შენგენის სივრცის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლა. საქართველო აგრძელებს უვიზო მიმოსვლის ამოქმედების შემდგომ ევროკომისიის მიერ გაცემული დამატებითი რეკომენდაციების განხორციელებას. 2021 წლის 1 იანვრიდან ძალაში შევიდა ცვლილება საქართველოს კანონში „საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ“, რომელიც მიზნად ისახავს პრევენციული მექანიზმის გაძლიერებას, რათა შემცირდეს ევროკავშირის წევრ/შენგენის სივრცის ქვეყნებში საქართველოს იმ მოქალაქეთა ნაკადის გადინება, რომლებიც არაკეთილსინდისიერად იყენებენ უვიზოდ მოგზაურობის შესაძლებლობას.

2021 წელს ევროპული საზღვრისა და სანაპირო დაცვის სააგენტოსთან (FRONTEX) ხელი მოეწერა განახლებულ სამუშაო შეთანხმებას. აღნიშნული შეთანხმების სრულყოფილად იმპლემენტაციისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის (EaP) ქვეყნებთან თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, FRONTEX-მა დანიშნა მეკავშირე ოფიცერი, რომელსაც ერთობლივი საქმიანობის კოორდინაცია დაევალა. განსაკუთრებული მნიშვნელობისაა FRONTEX-თან სამუშაო შეთანხმების ფარგლებში საქართველოს სასაზღვრო გამტარ პუნქტებზე მოქმედი საკოორდინაციო პუნქტები (თბილისის, ქუთაისის და ბათუმის აეროპორტები, ასევე ბათუმის ნავსადგური, სარფი), სადაც რეგულარულ რეჟიმში არიან დისლოცირებული FRONTEX-ის ოფიცრები.

ამას გარდა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტიურადაა ჩართული FRONTEX-ის ერთობლივ ოპერაციებში. ასევე, წარმატებულია თანამშრომლობა FRONTEX-ის რისკის ანალიზის ქსელთან. აღსანიშნავია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია (შემდგომში – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია) გახდა FRONTEX-ის აკადემიების ქსელის ასოცირებული წევრი, რაც ხელს უწყობს სახელმწიფო საზღვრის მართვის საკითხებზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის სასწავლო პროგრამის თავსებადობას FRONTEX-ის კურიკულუმთან.

ასევე, აქტიურად მიმდინარეობს საქართველოსა და ევროკავშირს შორის, უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის და ვიზების გაცემის პროცედურის გამარტივების შესახებ შეთანხმებების იმპლემენტაცია. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს რეადმისიის შეთანხმების ეფექტიან იმპლემენტაციას და შეთანხმების ფარგლებში მიღებულ განაცხადებზე დადებითი გადაწყვეტილების მაღალ მაჩვენებელს ინარჩუნებს (97%). საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული რეადმისიის შეთანხმების წარმატებული განხორციელება არის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის შენარჩუნების პროცესში.

საქართველოს მიერ შემუშავებულ იქნა რეადმისიის საქმის წარმოების ელექტრონული სისტემა, რომლიც უზრუნველყოფს რეადმისიის პროცესის უკეთ მართვას, მონიტორინგს და მხარეთა შორის კომუნიკაციის გამარტივებას.

ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად, ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობისთვის  უმნიშვნელოვანესია  საბაჟო მიმართულებით რიგი პროექტების  (მათ შორის  „ტრანზიტის საერთო პროცედურების შესახებ“ (CTC) და „საქონლით ვაჭრობაში ფორმალობების გამარტივების შესახებ“ (SAD) კონვენციებთან  მიერთება, „ახალი კომპიუტერიზებული სატრანზიტო სისტემისა“ (NCTS) და ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის ინსტიტუტის იმპლემენტაცია) წარმატებით დანერგვა, რაც მიზნად ისახავს  საერთაშორისო ვაჭრობაში მონაწილე პირთათვის საზღვრის კვეთასთან დაკავშირებული პროცედურების გამარტივებას, ევროკავშირთან და სხვა ხელშემკვრელ მხარეებთან ერთიანი სატრანზიტო პროცედურებისა და ახალი კომპიუტერიზებული სატრანზიტო სისტემის  დანერგვას, საბაჟო ორგანოსა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობასა და მიწოდების ჯაჭვის უსაფრთხოების უზრუნველყოფას.

აქვე, აღსანიშნავია ევროკავშირის ინიციატივები და ინსტრუმენტები, რომლებიც მიზნად ისახავს საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის სრულყოფას, ციფრული ეკონომიკის კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესებას, საერთაშორისო ვაჭრობის გამარტივებას უქაღალდო ვაჭრობისა და ელექტრონული ლოგისტიკის საშუალებით.

ამოცანები

  • ევროკავშირის შესაბამის სააგენტოებთან, მათ შორის, FRONTEX-თან თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავება;

  • ევროკავშირთან გაფორმებული უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ შეთანხმების ეფექტიანი იმპლემენტაცია;

  • „ტრანზიტის საერთო პროცედურების შესახებ (CTC)“ და „ერთიანი ადმინისტრირების დოკუმენტის (SAD)“ კონვენციებთან მიერთებისა და „ახალი კომპიუტერიზებული სატრანზიტო სისტემის (NCTS)“ იმპლემენტაცია;

  • ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის (AEO) ინსტიტუტის სრულყოფილად იმპლემენტაცია;

  • ევროკავშირის ინიციატივებისა და ინსტრუმენტების (მათ შორის, EU4Digital, TAIEX) გამოყენებით მხარდაჭერის პროექტების განხორციელება;

  • ევროკავშირთან საბაჟო სფეროში ინფორმაციის გაცვლის გაციფრულება და გაფართოება.

4.5.2. ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციასთან თანამშრომლობა

არსებული ვითარება

საქართველოს სასაზღვრო პოლიცია 2010 წლიდან წარმატებულად თანამშრომლობს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (შემდგომში – ნატო) გაერთიანებული საზღვაო ძალების სარდლობასთან (MARCOM) ორმხრივად გაფორმებული ტაქტიკური მემორანდუმის საფუძველზე, რომლის განახლებულ ვერსიას 2020 წელს მოეწერა ხელი. აღნიშნული მემორანდუმით, საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტი ნატოს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციის „ზღვის მცველი“ მხარდამჭერია. სასაზღვრო პოლიციას MARCOM-ის შტაბ-ბინაში (დიდი ბრიტანეთი – ნორთვუდი) 2014 წლიდან წარგზავნილი ჰყავს მეკავშირე ოფიცერი, რომელიც უზრუნველყოფს ინფორმაციის ეფექტიანად გაცვლასა და თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებას. ნატოსთან ინფორმაციის გაცვლის კუთხით, ასევე აღსანიშნავია საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრისა (JMOC) და ნატოს ნაოსნობის ცენტრის (NSC) თანამშრომლობა, რაც ხელს უწყობს შავი ზღვის რეგიონში არსებული ვითარების შესახებ ცნობიერების ამაღლებას და სანაპირო დაცვის კანონაღსრულებითი საქმიანობის პოტენციალის ზრდას.

გარდა ამისა, საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტი ჩართულია ნატოს ოპერაციული შესაძლებლობების კონცეფციის შეფასებისა და უკუკავშირის პროგრამაში (OCC E&F), რაც გულისხმობს, საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ტაქტიკური ქვედანაყოფებისა (აბორდაჟის ჯგუფები) და ორი მცურავი საშუალების ნატოს სტანდარტების შესაბამისად სერტიფიცირების პროცესს.

2021 წელს აბორდაჟის ჯგუფებმა წარმატებით დაასრულეს OCC E&F სერტიფიცირების პროცესი. შედეგად, ჩრდილოატლანტიკური საბჭოს გადაწყვეტილებით, 2022 წლის 11 მაისს საქართველოს ნატოს საზღვაო ოპერაციის „ზღვის მცველის“ ოპერაციული პარტნიორის სტატუსი მიენიჭა, რის საფუძველზეც სანაპირო დაცვის აბორდაჟის ჯგუფები 2023 წლიდან ჩაერთვებიან ხსენებულ ოპერაციაში. აღნიშნული ხელს შეუწყობს საქართველოს საზღვაო სივრცეში კანონაღსრულებითი საქმიანობის ეფექტიანობის ამაღლებასა და ნატოს საზღვაო კომპონენტებთან თავსებადობას.

ასევე, აღსანიშნავია, რომ შავ ზღვაზე უსაფრთხოების კუთხით ნატოსთან თანამშრომლობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს ნატო–საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) საზღვაო უსაფრთხოების ინიციატივა, რაც მოიცავს საზღვაო უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით თავდაცვის ძალებსა და საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ქვედანაყოფებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას, საქართველოს საზღვაო სივრცეში არსებული ვითარების შესახებ გაცნობიერებულობის ეფექტური სისტემის განვითარებას, სანაპირო დაცვის შესაძლებლობების გაუმჯობესებასა და ნატოს საზღვაო ძალებთან ურთიერთთავსებადობის ამაღლებას.

ამოცანები

  • სანაპირო დაცვის დეპარტამენტის მცურავი საშუალებებისთვის ნატოს ოპერაციული კონცეფციის შეფასებისა და უკუკავშირის პროგრამის (OCC E&F) წარმატებით დასრულება და მათთვის ნატოს სწრაფი რეაგირების ძალების (NRF) სტატუსის მინიჭება;

  • სასაზღვრო პოლიციის შესაბამისი დანაყოფების ნატოს სტანდარტებთან თავსებადობის ამაღლება;

  • სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ქვედანაყოფების ჩართვა ნატოს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციაში „ზღვის მცველი“.

4.5.3 ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობა

არსებული ვითარება

ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობა ეფუძნება საერთაშორისო სამართლებრივ ბაზასა და ორმხრივ საერთაშორისო შეთანხმებებს, რაც ქმნის სამართლებრივ საფუძვლებს ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების, ინფორმაციის გაცვლისა და საზღვრის მართვის სფეროში საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებისათვის. ამ მიზნით, საზღვრის დაცვის სფეროში გაფორმებულია 10 საერთაშორისო ხელშეკრულება, ხოლო, საბაჟო მიმართულებით, ორმხრივ და მრავალმხრივ დონეზე ხელშეკრულებები გაფორმებულია 16 ქვეყანასთან. მიმდინარეობს მუშაობა შეთანხმების პროექტებზე არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და ჰონგ-კონგის სპეციალურ ადმინისტრაციულ რეგიონთან.

პარტნიორი ქვეყნებისა და დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით მუდმივად მიმდინარეობს საზღვრის ინტეგრირებული მართვის პროცესში ჩართული უწყებების ინსტიტუციური განვითარების ხელშეწყობა. სახელმწიფო საზღვრის მართვის შესაძლებლობების გაუმჯობესების მიზნით, აშშ-ის მთავრობისა და ევროკავშირის ფინანსური დახმარებით ხორციელდება სასაზღვრო და საბაჟო ინფრასტრუქტურის მოწყობა, ტექნოლოგიური აღჭურვა და პირადი შემადგენლობის კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობა. მიღწეული პროგრესის მიუხედავად, დღის წესრიგში რჩება პარტნიორ სახელმწიფოებთან და დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის მეტად გაღრმავების საკითხი. ასევე, მნიშვნელოვანია დონორი ორგანიზაციების მიერ დაფინანსებული პროექტების ეფექტური აღსრულება და მიღწეული შედეგების მდგრადობის უზრუნველყოფა.

სახელმწიფო საზღვრის ინტეგრირებული მართვის მიზნებიდან გამომდინარე, ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის კონტექსტში, მნიშვნელოვანია წინასწარი საბაჟო მონაცემების გაცვლის მექანიზმისა და სასაზღვრო წარმომადგენელების – სასაზღვრო კომისრების ინსტიტუტის სრულყოფილად დანერგვა და პრაქტიკაში გამოყენება.

წინასწარი საბაჟო მონაცემების გაცვლის თაობაზე ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატში საერთაშორისო ხელშეკრულებები გაფორმებულია სუამ-ის ორგანიზაციის წევრ ქვეყნებთან, თურქეთის, სომხეთისა და ყაზახეთის რესპუბლიკებთან. ინფორმაციის გაცვლა მიმდინარეობს საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას, საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას და საქართველოსა და უკრაინას შორის. მიმდინარეობს მუშაობა სომხეთის, ყაზახეთის და ყირგიზეთის რესპუბლიკებთან საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების შესახებ მონაცემების ელექტრონული გაცვლის პროექტზე. გაწეული ძალისხმევის მიუხედავად, კვლავ იკვეთება საბაჟო მონაცემების გაცვლის სისტემების გაუმჯობესებისა და არეალის გაფართოების აუცილებლობა.

რაც შეეხება მეზობელ ქვეყნებთან სასაზღვრო წარმომადგენელების – სასაზღვრო კომისრების ინსტიტუტს – იგი ხელს უწყობს სასაზღვრო ინციდენტებზე დროულ რეაგირებას, სახელმწიფო საზღვრის რეჟიმის დაცვასა და კონტროლს. სასაზღვრო კომისართა – სასაზღვრო წარმომადგენელთა საქმიანობის შესახებ საერთაშორისო ხელშეკრულება გაფორმდა სომხეთის რესპუბლიკასთან 2016 წელს და აზერბაიჯანის რესპუბლიკასთან 2018 წელს, ხოლო თურქეთის რესპუბლიკასთან ძალაშია 1997 წლის ხელშეკრულება, რომლითაც ხელმძღვანელობენ ორი ქვეყნის შესაბამისი უწყებები. სასაზღვრო წარმომადგენელთა საქმიანობის შესახებ საერთაშორისო სამართლებრივი ბაზის არსებობის მიუხედავად, დღის წესრიგში დგას ეროვნული კანონმდებლობის შექმნა და დახვეწა, რათა მოხდეს პრაქტიკაში წარმატებით დანერგილი საქმიანობის შემდგომი ინსტიტუციონალიზაცია.

წარმატებულად მიმდინარეობს თანამშრომლობა საზღვრის მართვისა და არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ პარტნიორ ქვეყნებში მივლენილი პოლიციის ატაშეებისა და საქართველოში მყოფი/მოვლენილი პოლიციის ატაშეების მეშვეობით. პოლიციის ატაშეების პროაქტიული თანამშრომლობა და შესაბამის სამართალდამცავ უწყებებთან ინფორმაციის მიმოცვლა ხელს უწყობს, როგორც ტრანსსასაზღვრო დანაშაულის, ისე არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანობას.

განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება საზღვრის მართვის სფეროში მეზობელ სახელმწიფოებთან თანამშრომლობის გაღრმავებასა და ინფორმაციის გაცვლის მექანიზმების სრულყოფას.

ისტორიულად გეოპოლიტიკური მდებარეობის გათვალისწინებით, საქართველოზე გადიოდა აზიისა და ევროპის დამაკავშირებელი ერთ-ერთი სატრანზიტო გზა. დღეს საქართველოს მთავრობა მეზობელ ქვეყნებთან და კერძო სექტორთან თანამშრომლობით ახდენს რესურსების მობილიზებას, რათა გახდეს სატრანზიტო და ლოგისტიკური ცენტრი და მაქსიმალური სარგებელი მიიღოს ჩინეთსა და ევროპას შორის სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებით. გეოგრაფიულად შუა დერეფანი (Middle Corridor) მოიცავს ცენტრალური აზია-კავკასიის სატრანსპორტო დერეფნებს, წარმოადგენს ევროპა-აზიის სატრანსპორტო მარშრუტის ნაწილს. საქართველოს, როგორც ამ დერეფნის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მონაწილეს, შეუძლია გადამწყვეტი როლი ითამაშოს შუა დერეფნის ეფექტიანობის ზრდაში.

სატრანზიტო გზების სრული პოტენციალის გამოყენებისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად განსაკუთრებული ინტერესის სფეროს წარმოადგენს ფართო შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებთან უსაფრთხოების ფორმატების ფარგლებში თანამშრომლობა, იქნება ეს ორმხრივი თუ რეგიონული ფორმატები. საზღვაო უსაფრთხოების კუთხით, მნიშვნელოვანია თურქეთთან, ბულგარეთთან, რუმინეთთან და უკრაინასთან ორმხრივ ფორმატში არსებული თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავება. ამასთან, საქართველო რჩება შავ ზღვაზე არსებული უსაფრთხოების რეგიონული ფორმატების მონაწილე, მიუხედავად იმისა, რომ ამ ფორმატების ეფექტიანობა მნიშვნელოვნადაა შემცირებული რეგიონში რუსეთის ფედერაციის ანტაგონისტური და დესტრუქციული ქმედებებით.

ამოცანები

  • ორმხრივი თანამშრომლობის კონტექსტში მეზობელ სახელმწიფოებთან თანამშრომლობის გაღრმავება საზღვრის დაცვისა და საბაჟო კონტროლის მიმართულებით;

  • მეზობელ სახელმწიფოებთან არსებული საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად, სასაზღვრო წარმომადგენელთა საქმიანობის შესახებ კანონმდებლობის დახვეწა და სასაზღვრო წარმომადგენლობითი საქმიანობის ინსტიტუტის ფორმალიზება;

  • ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატში წინასწარი საბაჟო მონაცემების გაცვლის სისტემების დანერგვა/მონაცემთა არეალის გაფართოება;

  • ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატში საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავება საბაჟო ფორმალობებისა და პროცედურების სრულყოფისათვის;

  • საბაჟო გამშვები პუნქტის ერთობლივი მართვის პრინციპის განხორციელება.

4.6. ადამიანური რესურსების განვითარება

არსებული ვითარება

საზღვრის მართვის საკითხებში ჩართული უწყებების მიზნების მისაღწევად აუცილებელია ადამიანური რესურსების მართვისა და პროფესიული განვითარების ეფექტიანი პოლიტიკის დაგეგმვა, რომელიც ორგანიზაციული ანალიზის საფუძველზე გამოვლენილი ხარვეზებისა და საჭიროებების გათვალისწინებით განისაზღვრება. ადამიანური რესურსების მართვისა და პროფესიული განვითარების სისტემა ეფუძნება შემდეგ ძირითად პრინციპებს: ობიექტურობა, თანასწორობა, თანაბარი შესაძლებლობები, დამსახურება, კეთილსინდისიერება და გამჭვირვალობა.

ადამიანური რესურსების მართვისა და პროფესიული განვითარების ეფექტიანი პოლიტიკა უზრუნველყოფს მოთხოვნების შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პერსონალის სათანადო თანამდებობებზე შერჩევას, შემდგომ კარიერულ განვითარებასა და შენარჩუნებას. სამსახურებრივი მოვალეობის ეფექტიანი განხორციელების მიზნით, მუდმივად უნდა მიმდინარეობდეს უწყვეტი განათლების ხელშეწყობა. მნიშვნელოვანია სამუშაო ადგილებზე სწავლების პრაქტიკისა და დისტანციური სწავლების მეთოდების დახვეწა. აგრეთვე, სახელმწიფო საზღვრის დაცვის ორგანიზების კუთხით, გენდერული თავისებურებების გათვალისწინება და შესაბამისი სამუშაო გარემოს უზრუნველყოფა.

მნიშვნელოვანია ტაქტიკური და ოპერაციული დონის მმართველი რგოლის ოფიცერთა მომზადების სპეციალური სასწავლო პროგრამის განვითარება. საბაზისო მომზადების/გადამზადების პროცესის და შემდგომი პროფესიული განვითარების უზრუნველყოფის მიზნით, დაგეგმილია სახელმწიფო საზღვარზე სამსახურის პირობებთან მაქსიმალურად მიახლოებული სპეციალიზებული სასწავლო ცენტრის შექმნა, ინფრასტრუქტურის მოწყობა და ახალი სასწავლო პროგრამების შემუშავება.

პრიორიტეტულია ავიაციისა და სანაპირო დაცვის მიმართულებით, ვიწრო სპეციალიზაციის სწავლებების უზრუნველყოფა. საავიაციო სპეციფიკიდან გამომდინარე, საჭიროა ტექნიკური და საფრენოსნო შემადგენლობის კვალიფიკაციის რეგულარული ამაღლება. საავიაციო ფლოტის ოპტიმიზაციის პირობებში არსებობს ტრენინგების საჭიროება საფრენი აპარატების ტიპების, სპეციალობების ან/და აგრეგატების მიხედვით.

აღსანიშნავია, რომ სსიპ – სასწავლო უნივერსიტეტის ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ბაზაზე მიმდინარეობს სანაპირო დაცვის დეპარტამენტის მოსამსახურეთა მომზადება/გადამზადების სპეციალიზებული კურსები. ამასთანავე, სანაპირო დაცვის ოფიცერთა მომზადების თვალსაზრისით, განსაკუთრებული მნიშვნელობა გააჩნია პარტნიორი ქვეყნების მიერ შემოთავაზებულ სასწავლო კურსებს.

2021 წლიდან ქუთაისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების გაფართოების, ასევე სხვა სასაზღვრო გამტარი პუნქტების/საბაჟო გამშვები პუნქტების გამტარუნარიანობის/ტვირთბრუნვის მოსალოდნელი მატების შედეგად, დღის წესრიგში დგას მესაზღვრე-კონტროლიორების და მებაჟე ოფიცრების რაოდენობის გაზრდა. საბაჟო კონტროლის ღონისძიებების, გაფორმებისა და საბაჟო ფორმალობების ეფექტიანი განხორციელების მიზნით, მნიშვნელოვანია ადამიანური რესურსის შემდგომი ოპტიმიზაცია და მათი გადამზადება.

ამოცანები

  • საზღვრის მართვაში ჩართული უწყებების მოსამსახურეთა კარიერულ ზრდაზე მორგებული სასწავლო სისტემის დანერგვა;

  • სამუშაო ადგილებზე სწავლების მექანიზმების გაუმჯობესება, მათ შორის, დისტანციური სწავლების მეთოდების დანერგვა;

  • საზღვრის მართვაში ჩართული უწყებების სპეციალიზებული საგანმანათლებლო პროგრამების დანერგვა/განვითარება;

  • სახელმწიფო საზღვრის დაცვაში ქალთა როლის ზრდის ხელშეწყობა;

  • პარტნიორი ქვეყნების საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, დონორ ორგანიზაციებთან და ადგილობრივი შესაბამისი გადამზადების ცენტრებთან და ორგანიზაციებთან თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავება.

4.7. საზოგადოებასთან ურთიერთობა და სტრატეგიული კომუნიკაცია

საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უსაფრთხოების დაცვა მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული საზოგადოებასთან ნდობაზე დაფუძნებულ, ეფექტიან და მიზნობრივ კომუნიკაციაზე. ასევე, დიდ როლს თამაშობს შესაბამისი უწყებების მიერ ქვეყნის საზღვრის მართვის შესახებ საერთაშორისო საზოგადოების შესაბამისი ინფორმირება. საზღვრის ინტეგრირებული მართვის გაუმჯობესების პროცესში, აუცილებელია საზოგადოებისთვის საზღვრის მართვაში მონაწილე უწყებების როლებისა და კომპეტენციების შესახებ ინფორმაციის მუდმივი მიწოდება, ცნობიერების ამაღლება სხვადასხვა სასაზღვრო წესისა და რეგულაციის, ასევე, სიახლეების შესახებ. მოსახლეობისთვის ინფორმაციის დროულად მიწოდების უზრუნველსაყოფად, აუცილებელია თანამედროვე საინფორმაციო გარემოში არსებული საკომუნიკაციო არხების ეფექტიანი გამოყენება.

საზოგადოებასთან ეფექტიანი კომუნიკაციის მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტიურ რეჟიმში აშუქებს საზღვრის მართვასთან დაკავშირებულ მიმდინარე პროექტებსა და სიახლეებს არსებული ოფიციალური საკომუნიკაციო არხების მეშვეობით. საზოგადოებასთან ურთიერთობის გამარტივებისა და ხელშეწყობის მიზნით, მთელი რიგი ღონისძიებები გატარდა შემოსავლების სამსახურის მიერ. სახელმწიფო საზღვრის მკვეთ პირებთან, საერთაშორისო ვაჭრობაში ჩართულ პირებთან და სხვა ეკონომიკურ ოპერატორებთან კომუნიკაციის ეფექტიანობის უზრუნველსაყოფად, მუდმივად მიმდინარეობს სხვადასხვა თემატიკის საინფორმაციო კამპანიები. დიდი მნიშვნელობა ენიჭება საინფორმაციო რესურსების მუდმივ განახლებასა და გაუმჯობესებას საზღვრის მკვეთ და საერთაშორისო ვაჭრობაში ჩართულ პირთა ინფორმირებულობისა და კანონშესაბამისობის გაზრდის მიზნით.

პრიორიტეტულია საზღვრის ინტეგრირებული მართვის შესახებ საერთაშორისო პარტნიორების ინფორმირებულობის გაზრდა მათთვის ობიექტური ინფორმაციის მიწოდებისა და მათი გამოცდილების გაზიარების მიზნით. ზემოთ დასახელებული მიზნების მისაღწევად და გამოწვევების საპასუხოდ, აუცილებელია საზღვრის მართვაში მონაწილე უწყებებს გააჩნდეთ ერთიანი სამოქმედო გეგმა, რომელიც განსაზღვრავს საკომუნიკაციო პოლიტიკის დღის წესრიგს.

სახელმწიფო უწყების სამოქმედო გეგმა უნდა ეფუძნებოდეს ძირითად საკომუნიკაციო მიზნებს: საზღვრის ინტეგრირებული მართვის პროცესში ჩართული უწყებების საქმიანობის შესახებ საზოგადოებისათვის ინფორმაციის მიწოდება; თანამშრომელთა იმიჯისა და რეპუტაციის გაძლიერება; უწყებების მიერ განხორციელებული და მიმდინარე რეფორმების შესახებ სამიზნე აუდიტორიების ინფორმირება.

სამოქმედო გეგმით გაწერილი ამოცანების შესრულების პარალელურად, მნიშვნელოვანია საზოგადოებისგან მიღებული უკუკავშირის ანალიზი. განხორციელებული საკომუნიკაციო აქტივობების შედეგიანობა პერიოდულად უნდა შეფასდეს, რათა დინამიურ პროცესებში სტრატეგიის რომელიმე მიმართულებამ არ დაკარგოს აქტუალობა და რელევანტურობა.

ამოცანები:

  • არსებული საინფორმაციო გარემოს ანალიზი და ძირითადი სამიზნე აუდიტორიების განსაზღვრა და შესაბამისი ინფორმირება;

  • საკომუნიკაციო აქტივობების, გზავნილებისა და საკომუნიკაციო არხების განსაზღვრა;

  • მონიტორინგისა და შეფასების სისტემის შემუშავება;

  • უკუკავშირის სისტემების შემდგომი გაუმჯობესება.

ტერმინთა განმარტებები:

  • ასოცირების შესახებ შეთანხმება - ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმება;

  • დელიმიტაცია და დემარკაცია – სახელმწიფო იურისდიქციის გავრცელების არეალის განსაზღვრის მიზნით: სახელმწიფო საზღვრის ხაზის გამავლობის/ადგილმდებარეობის განსაზღვრა რუკებზე მომიჯნავე სახელმწიფოებს შორის შეთანხმებით (დელიმიტაცია); სახელმწიფო საზღვრის ხაზის დადგენა ადგილზე სპეციალური სასაზღვრო ნიშნების საშუალებით (დემარკაცია);

  • რისკის ანალიზი – საფრთხის, მოწყვლადობისა და ზემოქმედების ურთიერთმიმართება (ურთიერთდამოკიდებულება), რამაც შესაძლოა გავლენა მოახდინოს ქვეყნის უსაფრთხოებაზე, საზღვრების დაცულობასა და მგზავრთა ლეგალურ გადაადგილებაზე;

  • საბაჟო გამშვები პუნქტი – საქართველოს საბაჟო საზღვართან მდებარე საბაჟო კონტროლის ზონა, სადაც მგზავრის, საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების მიმართ ხორციელდება საქართველოს საბაჟო კოდექსით დადგენილი პროცედურები;

  • საერთაშორისო თანამშრომლობა – თანამშრომლობა ადგილობრივ დონეზე სახელმწიფო საზღვრის ორივე მხარეს მოქმედ სამსახურებს, მეზობელი და სხვა ქვეყნების სასაზღვრო უწყებებსა და სახელმწიფო საზღვრის მართვაში მონაწილე უწყებებს შორის სახელმწიფო საზღვრის ერთიანი მართვის ფორმატში, აგრეთვე, თანამშრომლობა საერთაშორისო ორგანიზაციებთან;

  • საზღვრის ინტეგრირებული მართვის პროცესში ჩართული უწყებები - საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის №49 დადგენილებით განსაზღვრული უწყებები;

  • სასაზღვრო გამტარი პუნქტი – საერთაშორისო მიმოსვლისათვის ნებადართული გზატკეცილის ან გზის მონაკვეთი, რკინიგზის სადგურის, ნავსადგურის, აეროპორტის (აეროდრომის) ტერიტორიის ნაწილი, სადაც ხორციელდება სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშირებული საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სასაზღვრო კონტროლი;

  • სასაზღვრო ინსპექციის პუნქტი – საქართველოს საბაჟო საზღვართან მდებარე საბაჟო კონტროლის ზონა, ასევე საბაჟო ორგანოს საწყობი ან საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული საბაჟო კონტროლის ზონა, სადაც შემოსავლების სამსახურის მიერ რეგულირებადი ობიექტების მიმართ ხორციელდება ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლი, ვეტერინარული კონტროლი, სანიტარიული კონტროლი და სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის სასაზღვრო კონტროლი;

  • სასაზღვრო კონტროლი – სასაზღვრო შემოწმება, ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობა და ტრანსსასაზღვრო დანაშაულის გამოძიება, საბაჟო, ფიტოსანიტარიულ-სასაზღვრო-საკარანტინო, ვეტერინარულ-სასაზღვრო-საკარანტინო, სანიტარიულ-საკარანტინო და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის კონტროლი; ასევე, სასაზღვრო გამტარ პუნქტში განხორციელებული შემოწმება, რათა მიღებულ იქნეს გადაწყვეტილება, რომ პირი, მის სატრანსპორტო საშუალებასა და/ან მფლობელობაში არსებულ ნივთებთან ერთად, უფლებამოსილია შევიდეს საქართველოს ტერიტორიაზე ან დატოვოს იგი; საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის, აგრეთვე საქართველოს საბაჟო ტერიტორიასა და უცხო ქვეყანას შორის გადაადგილებული საქონლის შემოტანის, ტრანზიტის, გადაადგილების, შენახვის, მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებისა და გატანის, აგრეთვე უცხოური საქონლის და მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე განთავსებისა და გადაადგილების მარეგულირებელი სხვა სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა დაცვის უზრუნველსაყოფად საბაჟო ორგანოს მიერ განსახორციელებელი ცალკეული ქმედებები;

  • სახელმწიფო საზღვარზე რისკების ანალიზის ერთიანი სისტემა - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში მოქმედი საზღვრის ეფექტიანი მართვის ერთ-ერთი კომპონენტი, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე არსებული რისკების იდენტიფიცირებას, მათზე რეაგირებისა და პრევენციული ღონისძიებების განხორციელების ქმედითი მექანიზმების განვითარებას.

  • სახელმწიფო საზღვრის მართვაში მონაწილე უწყებები - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო;

  • სახელმწიფო საზღვრის ოთხშრიანი კონტროლის მოდელი - ქვეყნის შიგნით კონტროლის ღონისძიებები, სასაზღვრო კონტროლი, მეზობელ ქვეყნებთან თანამშრომლობა, მესამე ქვეყნებში განხორციელებული ღონისძიებები;

  • სახელმწიფო საზღვრის რეჟიმი – სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის წესი; საქართველოსა და სხვა სახელმწიფოთა სამხედრო და არასამხედრო გემების საქართველოს შიდა საზღვაო წყლებში, ნავსადგურებსა და ტერიტორიულ ზღვაში ყოფნისა და ნაოსნობის წესები, აგრეთვე, სახელმწიფო საზღვარზე სარეწი და სხვა საქმიანობა, სხვადასხვა სამუშაოთა წარმოების წესები;

  • ტრანზიტული ქვეყანა - ქვეყანა, რომლის გავლითაც მოძრაობენ მიგრაციული (ლეგალური/არალეგალური) ნაკადები;

  • უწყებათაშორისი თანამშრომლობა – თანამშრომლობა სახელმწიფო საზღვრის მართვაში მონაწილე უწყებებს შორის ცენტრალურ, რეგიონულ და ადგილობრივ დონეზე;

  • შიდაუწყებრივი თანამშრომლობა – თანამშრომლობა უწყების სხვადასხვა ადმინისტრაციულ დონეს შორის მმართველობის ცენტრალური ორგანოდან უშუალოდ სახელმწიფო საზღვარზე მოქმედ ადგილობრივ ქვედანაყოფებამდე, აგრეთვე, უწყების სხვადასხვა სამსახურებს შორის.

შემოკლებები:

  • AEO - ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორი;

  • API – საჰაერო მგზავრების შესახებ წინასწარი ინფორმაციის გაცვლა;

  • BLACK SEA FORUM - შავი ზღვის უსაფრთხოების ფორუმი;

  • BMARS - სასაზღვრო მიგრაციის მართვისა და მოხსენებების სისტემა;

  • BOMS - სასაზღვრო ოპერაციების მართვის სისტემა;

  • BORS - სასაზღვრო ოპერაციების მოხსენების სისტემა;

  • CIRAM - რისკის ანალიზის ერთიანი ინტეგრირებული მოდელი;

  • CTC - ტრანზიტის საერთო პროცედურები;

  • DCFTA - ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება;

  • EXBS - ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ექსპორტის კონტროლისა და საზღვრის უსაფრთხოების პროგრამა;

  • FRONTEX - ევროპული საზღვრისა და სანაპირო დაცვის სააგენტო;

  • IPPC - მცენარეთა დაცვის საერთაშორისო კონვენცია;

  • JMOC - საქართველოს საზღვაო სივრცის სამართლებრივი რეჟიმის კონტროლის უზრუნველყოფის მიზნით სახელმწიფო საზღვრის დაცვის სუბიექტებისა და სახელმწიფო სასაზღვრო რეჟიმის დაცვასთან დაკავშირებული საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრი;

  • MARCOM - ნატოს გაერთიანებული საზღვაო ძალების სარდლობა;

  • NATO - ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია;

  • NCTS - ახალი კომპიუტერიზებული სატრანზიტო სისტემა;

  • OCC E&F - ნატოს ოპერაციული შესაძლებლობების კონცეფციის შეფასებისა და უკუკავშირის პროგრამა;

  • OSCE - ევროპის უსაფრთხოების და თანამშრომლობის ორგანიზაცია;

  • PNR - მგზავრების პირადი ინფორმაციის აღრიცხვა;

  • SAD - ერთიანი ადმინისტრირების დოკუმენტი;

  • SNGP - ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი;

  • UNODC - გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ოფისი;

  • WCO - მსოფლიო საბაჟო ორგანიზაცია;

  • WHO - ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია.