განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330310017002071127
საქმე №3ბ/1902-19
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
28 ნოემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე - ნანა დარასელია
სხდომის მდივანი - რუსუდან ანდრიაშვილი
აპელანტი (მოსარჩელე) - საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო
წარმომადგენელი - მ---------------ე
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - მ---------------ე
წარმომადგენელი - ზ-----------–---–ი
დავის საგანი - სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ თანხის დაკისრება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 30 მაისის გადაწყვეტილება
1.1. აპელანტის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 30 მაისის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
1.2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 30 მაისის გადაწყვეტილებით საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს (საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უფლებამონაცვლე) სარჩელი მოპასუხე - მ---------------ის მიმართ, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ თანხის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები:
2.1.1 2009 წლის 21 აგვისტოს საქართველოს პრეზიდეტთან არსებული სსიპ განვითარებისა და რეფორმების ფონდს და მ---------------ეს შორის გაფორმებულ იქნა გრანტის შესახებ ხელშეკრულება ,,სასწავლო, სამაგისტრო პროგრამა 2009-2010''-ის ფარგლებში, რომლითაც გრანტის გამცემი გრანტის მიმღებს უსასყიდლოდ გადასცემს მიზნობრივ ფულად სახსრებს (16 630,63 ლარი). ხელშეკრულებით გათვალისწინებული გრანტი გაიცემა სასწავლო და კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამის ფარგლებში და გამოყენებულ უნდა იქნას გრანტის მიმღების უცხოეთის სასწავლო დაწესებულებაში სწავლის ღირებულებასთან ან/და საზღვარგარეთ მგზავრობისას, ცხოვრებასა და სწავლასთან, ასევე პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულ სხვა ღონისძიებებთან დაკავშირებული ხარჯების დასაფინანსებლად, კერძოდ 1.1. პუნქტის თანახმად, U----------------------------------------- სწავლასთან დაკავშირებული ხარჯების დასაფინასებლად. 3.2. პუნქტის თანახმად, გრანტის მიმღებს უფლება აქვს ნებისმიერ დროს მის მიერ შერჩეული ფორმითა და საშუალებით მოახდინოს გრანტის მიმღებისათვის გადარიცხული თანხების ხარჯვის მონიტორინგი, ხოლო 4.3. პუნქტის მიხედვით, კი გრანტის გამცემს უფლება აქვს გრანტის მიმღების მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ცალმხრივად, საკუთარი გადაწყვეტილებით შეწყვიტოს ხელშეკრულების მოქმედება, რაც დაუყოვნებლივ უნდა ეცნობის გრანტის მიმღებს.
2.1.2. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2010 წლის 26 მარტს განცხადებით მიმართა მ---------------ემ და 21.08.2009 წ. გრანტის ხელშეკრულების საფუძველზე მოითხოვა დარჩენილი 6257 ფუნტი სტერლინგიდან სწავლის საფასურის 5839 ევროს გადარიცხვა U-------------------------ის ანგარიშეზე, ხოლო 436 ფუნტი სტერლინგის გადარიცხვა ამავე უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებელის ანგარიშზე.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ 2010 წლის 01 აპრილს N 68 საგადახდო მოთხოვნით U---------------------------ის ანგარიშეზე გადარიცხულ იქნა 5839 გირვანქა სტერლინგი, ხოლო იმავე დღეს N 84-ით გადარიცხულ იქნა 436 გირვანქა სტერლინგი, ჯაში 6 275 გირვანქა სტერლინგი.
2.1.3. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2016 წლის 18 იანვრის MES 5------------ წერილით მ---------------ეს ეთხოვა 2009 წლლის 21 აგვისტოს სსიპ განვითარების და რეფორმების ფონდსა და მას შორის დადებული გრანტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სასწავლო პროგრამის დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტისა უმოკლეს ვადაში წარდგენა.
3. დადგენილი ფაქტები პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივად შემდეგნაიარად შეაფასა:
სასამართლომ განმარტა, რომ ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოიყენოს საქმიანობის როგორც საჯაროსამართლებრივი, ასევე კერძოსამართლებრივი ფორმები, მათ შორის, დადოს როგორც ადმინისტრაციული, ისე კერძოსამართლებრივი ხელშეკრულება. კონკრეტულ შემთხვევაში, ადმინისტრაციული და სამოქალაქო სამართლებრივი ხელშეკრულებების გამიჯვნა შესაძლებელია ამ ხელშეკრულებათა მიზნის დადგენის გზით. საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 251-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებასთან, შესრულებასთან და შეწყვეტასთან დაკავშირებული დავები განიხილება საერთო სასამართლოების მიერ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობა, შეცვლა ან შეწყვეტა ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების გზით. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია კონკრეტული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობა, რომლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის გზით მოწესრიგების უფლებამოსილება მას კანონით აქვს მინიჭებული, მოაწესრიგოს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების გზით.
სასამართლომ მიუთითა, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსთან თუ კერძო პირთან დადებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავის ადმინისტრაციულ საქმეთა კატეგორიისადმი მიკუთვნების საფუძველს არ ქმნის მხოლოდ ის გარემოება, რომ ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარე, ადმინისტრაციული ორგანოა. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია კანონიერი ინტერესების დასაკმაყოფილებლად ისარგებლოს კერძო სამართლის საშუალებით, თუ აღნიშნული მისი შეხედულებით უფრო მისაღებია და არ ეწინააღმდეგება საჯარო სამართლებრივ ნორმებს, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოიყენოს საქმიანობის კერძო-სამართლებრივი ფორმები და შესაბამისად დადოს კერძო - სამართლებრივი ხელშეკრულება. ამდენად, ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებასთან, შესრულებასთან და შეწყვეტასთან დაკავშირებული დავები განიხილება საერთო სასამართლოების მიერ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით, ხოლო ადმინისტრაციული ორგანოს მიერ კერძო-სამართლებრივ ხელშეკრულებასთან დაკავშირებული დავები განიხილება სამოქალაქო სამართალწარმოების წესით (სასკ-ის 251 მუხ, სზაკ-ის 65.2, 651 მუხ.). საჯარო-სამართლებრივი და კერძო-სამართლებრივი ხელშეკრულების გამიჯვნისათვის არსებითი მნიშვნელობა ენიჭება არა ხელშეკრულების მონაწილეთა სტატუსს, არამედ ხელშეკრულების მიზანს. ადმინისტრაციული ხელშეკრულების დეფინიციის (სზაკ-ის 2.1 მუხლის “ზ” ქვეპუნქტი) ძირითად ელემენტს შეადგენს ხელშეკრულების დადება საჯარო უფლებამოსილების განხორციელების მიზნით. ხელშეკრულების მიზანი მისი შინაარსით განისაზღვრება. ამდენად, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ხელშეკრულების მხარეების მიერ ნაკისრი ვალდებულებების, ხელშეკრულების დადების შედეგად წარმოშობილი უფლება- მოვალეობების შინაარსს (იხ. სუს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 06.06.2012წ. №ბს-1394-1377(კ-11) განჩინება).
საქართველოს უზნესმა სასამართლომ 2018 წლის 09 იანვრის Nბს-1015-1011(გ-17) განჩინებით საქმეზე განმარტა, რომ ,,გრანტი მოცემულ შემთხვევაში გაიცა ადმინისტრაციული კანონმდებლობის მიხედვით დადებული ადმინისტრაციული ხელშეკრულების საფუძველზე, სადავო სამართალურთიერთობისმარეგულირებელი ნორმები მოცულია საჯარო სამართლის სხვადასხვა წყაროებით, ხელშეკრულება ადმინისტრაციული სამართლის ნორმების შესრულებას ემსახურება. შესაბამისად, სადავო სამართალურთიერთობა ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან გამომდინარეობს. განსახილველ შემთხვევაში გაცემა საქართველოს კონსტიტუციის 35-ე მუხლით განმტკიცებული განათლების მიღების უფლების უზრუნველყოფის ერთ-ერთი საშუალებაა. შესაბამისად, კონკრეტულ შემთხვევაში, ადმინისტრაციული ორგანო საჯარო უფლებამოსილების მიზნის მისაღწევად მოქმედებდა და ამ მიზნის მისაღწევად მან გამოიყენა ხელშეკრულების დადება, როგორც საქმიანობის ერთ-ერთი ფორმა, რის გამოც 2009 წლის 18 ივნისს დადებული ხელშეკრულება ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, თავისი ბუნებით ადმინისტრაციული ხელშეკრულებაა. დავის განსჯადობას არ ცვლის ის გარემოება, რომ მოსარჩელე თანხის ანაზღაურებას მოითხოვს სამოქალაქო კოდექსი ნორმების (361.2 მუხ., 394.1 მუხ.) საფუძველზე. ვალდებულების ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას შესრულება (სკ-ის 361.2 მუხ.), კრედიტორის მიერ ზიანის ანაზღაურების უფლება (394.1 მუხ.) არ ცვლის დავის ბუნებას, რომელიც უკავშირდება საბოლოო ჯამში ადმინისტრაციული ხელშეკრულების მოთხოვნების შესრულებას, ადმინისტრაციული ხელშეკრულების საფუძველზე გაცემული გრანტის სახსრების მიზნობრივ გამოყენებას. ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე დადებული ადმინისტრაციული ხელშეკრულებიდან წარმოშობილი სადავო სამართალურთიერთობა ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით უნდა იქნეს განხილული. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 251-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ხელშეკრულების შესრულებასთან დაკავშირებული დავები განიხილება საერთო სასამართლოების მიერ ადმინისტრაციული სამართლწარმოების წესით''.
პირველი ინსტანციის სასამართლო განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზეა მხარეთა შორის შორის გაფორმებული ხელშეკრულება, როემლიც წარმოადგენს ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას და მხარეები შეთანხმებული არიან მის ყველა არსებით პირობაზე.
სასამართლო მიუთითა „გრანტების შესახებ“ კანონის მე-3 მუხლზე, რომლის თანახმად გრანტის გამცემი (დონორი) შეიძლება იყოს საერთაშორისო საქველმოქმედო, ჰუმანიტარული და სხვა საზოგადოებრივი ორგანიზაცია, უცხო ქვეყნის მთავრობა, უცხოეთის ან საქართველოს სამეწარმეო ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული საჯარო სამართლის იურიდიული პირი, საქართველოს სამინისტრო. ამდენად, გრანტთან დაკავშირებული დავის ბუნება შესაძლოა იყოს როგორც კერძოსამართლებრივი, ასევე საჯაროსამართლებრივი. მოცემულ შემთხვევაში 2009 წლის 21 აგვისტოს „გრანტის შესახებ“ ხელშეკრულება დაიდო „გრანტის გამცემ“ - სსიპ „განვითარებისა და რეფორმების ფონდსა“ და „გრანტის მიმღებს“ - მ---------------ეს შორის 2009 წლის 26 თებერვლის საქართველოს მთავრობის დადგენილება N 36 ,,პროგრამა ,,ცოდნის კარის” ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან ზოგიერთი ღონისძიების დაფინანსების წესისა და პირობების შესახებ'' ფარგლებში (ხელშეკრულების დადებამდე მოქმედი „განვითარებისა და რეფორმების ფონდის შესახებ“ 2004 წლის 14 იანვრის კანონის საფუძველზე შექმნილი, საქართველოს პრეზიდენტთან არსებული სსიპ განვითარებისა და რეფორმების ფონდის წესდება საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 იანვრის N33 ბრძანებულებით იყო დამტკიცებული).
2009 წლის 26 თებერვლის საქართველოს მთავრობის ,,პროგრამა ,,ცოდნის კარის” ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან ზოგიერთი ღონისძიების დაფინანსების წესისა და პირობების შესახებ'' N36 დადგენილება მიოღებულ იქნა ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარებისათვის საჭირო მაღალკვალიფიციური კადრების მომზადებისა და საქართველოს მოქალაქეთა მიერ უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მაგისტრის აკადემიური ხარისხის მიღების ხელშეწყობის მიზნით ,,საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონის 32-ე მუხლის საფუძველზე და დამტკიცდა პროგრამა ,,ცოდნის კარის” ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან ზოგიერთი ღონისძიების დაფინანსების თანდართული წესი და პირობები.
საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 იანვრის N33 ბრძანებულებით დამტკიცებული „საქართველოს პრეზიდენტთან არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - განვითარებისა და რეფორმების ფონდის წესდების“ მე-6 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, დაკისრებული მიზნების განსახორციელებლად ფონდი, წესდებაში აღნიშნული სხვა უფლებამოსილებებთან ერთად, დაწესებულების ხელმძღვანელის წარდგინების საფუძველზე, გასცემდა გრანტებს იურიდიულ და ფიზიკურ პირებზე (მე-6 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი). გრანტი არის გრანტის გამცემის (დონორის) მიერ გრანტის მიმღებისათვის უსასყიდლოდ გადაცემული მიზნობრივი სახსრები ფულადი ან ნატურალური ფორმით, რომლებიც გამოიყენება კონკრეტული ჰუმანური, საგანმანათლებლო, სამეცნიერო-კვლევითი, ჯანმრთელობის დაცვის, კულტურული, სპორტული, ეკოლოგიური, სასოფლო-სამეურნეო განვითარებისა და სოციალური პროექტების, აგრეთვე სახელმწიფოებრივი ან საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროგრამების განხორციელებისათვის („გრანტების შესახებ“ კანონის 2.1 მუხ.). გრანტი არის გრანტის გამცემის (დონორის) მიერ გრანტის მიმღებისთვის უსასყიდლოდ გადაცემული მიზნობრივი სახსრები („გრანტების შესახებ“ კანონის 2.1 მუხ.). გრანტს ახასიათებს მიზნობრიობა, ანუ იგი გაიცემა განსაზღვრული მიზნის მისაღწევად. განვითარებისა და რეფორმების ფონდსა და მ-----------------ს შორის დადებული ხელშეკრულების მიზანს წარმოადგენდა „გრანტის მიმღების“ უცხოეთის სასწავლო დაწესებულებაში სწავლის ღირებულების ან/და საზღვარგარეთ მგზავრობის, ცხოვრებისა და სწავლის, ასევე პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული სხვა ღონისძიებებთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსება. ამდენად, ხელშეკრულება დაიდო მარიამ ხუნდაძის მიერ საზღვარგარეთ სწავლის დასაფინანსებლად, რაც „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონის ნორმებით რეგულირდება. გრანტის გაცემის სამართლებრივი საფუძველია წერილობითი ხელშეკრულება გრანტის გამცემსა (დონორსა) და გრანტის მიმღებს შორის. გრანტი გამოიყენება მხოლოდ ხელშეკრულებაში აღნიშნული მიზნებისათვის, სხვა მიზნებისათვის გრანტის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ გრანტის გამცემის (დონორის) თანხმობით („გრანტების შესახებ“ კანონის 5.2 მუხ.).
სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 30 დეკემბრის N970 ბრძანებულების პირველი პუნქტის თანახმად, სსიპ განვითარებისა და რეფორმების ფონდი ლიკვიდირებულად გამოცხადდა, ხოლო მე-4 პუნქტის შესაბამისად, ფონდის ლიკვიდაციის შემდეგ სასწავლო-სამაგისტრო და სხვა პროგრამების განხორციელებასთან დაკავშირებული ფონდის უფლებებისა და მის მიერ ნაკისრი მოვალეობების განხორციელება დაევალა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ კანონის მე-5 მუხლის „რ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მთავრობა საქართველოს კონსტიტუციისა და კანონით დადგენილ ფარგლებში უზრუნველყოფს განათლებისა და მეცნიერების სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებას ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების სრულყოფას. საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის N37 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების“ მე-2 მუხლის მე-ე პუნქტის „ც“ ქვეპუნქტის თანახმად, კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილებათა ფარგლებში სამინისტრო ადგენს სახელმწიფო სასწავლო გრანტის გაცემისა და გადატანის წესს, საქართველოს მთავრობას დასამტკიცებლად წარუდგენს სახელმწიფო სასწავლო გრანტის თანხის რაოდენობას. ამავე კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „პ“ ქვეპუნქტით განათლების და მეცნიერების სამინისტროს მინიჭებული აქვს უფლებამოსილება განსაზღვროს სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გაცემის წესი და პირობები. ხელშეკრულების დადების პერიოდში სახელმწიფო სასწავლო გრანტის საფასურის რაოდენობა განსაზღვრული იყო იმჟამად მოქმედი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 5 ივლისის N664 ბრძანებით დამტკიცებული შესაბამისი დებულებით. (სადღეისოდ მოქმედებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 15 ოქტომბრის N154/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გაცემისა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გადატანის წესი და პირობები“). „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების მიხედვით, საქართველოს მთავრობა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარდგინებით ამტკიცებს სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის წლიურ მოცულობებსა და ოდენობებს, დაფინანსების ოდენობასა და პირობებს. საქართველოს მთავრობის 2009 წლის 26 თებერვლის N36 დადგენილების მე-2 პუნქტის თანახმად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაევალა სსიპ განვითარებისა და რეფორმირების ფონდისათვის სახსრების გადარიცხვა. ხსენებული დადგენილების საფუძველზე დამტკიცებული დაფინანსების წესის და პირობების თანახმად, ფონდი ანგარიშვალდებული იყო სამინისტროს წინაშე (მე-5 მუხ.).
სასამართლომ განმარტა, რომ სამოქალაქო კოდექსის თავისებურება ის არის, რომ იგი მთლიანად შესრულებაზეა ორიენტირებული, მთავარია ვალდებულების შესრულება და არა პასუხისმგებლობა მისი შეუსრულებლობისთვის, ვალდებულების შესრულებულად მიჩნევის მიზნებისათვის, მნიშვნელოვანია იმ პირობების დაცვა, რაც ვალდებულების შესრულებას უზრუნველყოფს და, შესაბამისად, ვალდებულების შეუსრულებლობას გამორიცხავს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლი იძლევა პასუხს კითხვაზე, თუ როგორ უნდა შესრულდეს ვალდებულება, ისე, რომ არ მოხდეს ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობის რღვევა. შესაბამისად, 361-ე მუხლი აწესებს ვალდებულების შესრულების ისეთ სტანდარტს, რომლითაც დაცულია არა მხოლოდ ვალდებულების შესრულება (316.I), არამედ მეორე მხარის უფლებებისა და ქონებისადმი განსაკუთრებული გულისხმიერი მოპყრობა (316.II). ვალდებულების ძალით, კრედიტორი უფლებამოსილია, მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც. თუ არ არსებობს ვალდებულება, მაშინ არც შესრულება იქნება სახეზე. ყოველი მოქმედება არ იწვევს ვალდებულების შესრულებას და, შესაბამისად, ვალდებულების შესრულების სამართლებრივი შედეგის დადგომას (427). ვალდებულების შესრულება ნიშნავს იმ მოქმედების შესრულებას (ან მოქმედებისაგან თავის შეკავებას), რომლის მოთხოვნის უფლებაც კრედიტორს აქვს (კრედიტორის მოთხოვნის რელატიური ბუნება). სწორედ ასეთი მოქმედება (ან მოქმედებისაგან თავის შეკავება) წარმოადგენს ვალდებულების ობიექტს.
მითითებული ნორმა შეიცავს ისეთ დებულებას, რომლის მიხედვითაც, შესრულება ვალდებულების არსებობის პრეზუმფციას ქმნის (361.I), თუ არ არსებობს ვალდებულება, არც შესრულებას ექნება ადგილი. ვალდებულების გარეშე შესრულებული კი, უკან დაბრუნებას ექვემდებარება (976). ამდენად, მართალია, ყოველი შესრულება ვალდებულების არსებობას გულისხმობს, თუმცა, მხოლოდ შესრულება რომელიმე კონკრეტული ვალდებულების ინდიკატორად ვერ მიიჩნევა. ამდენად, შესრულება, მართალია, ვალდებულების არსებობას ნიშნავს, თუმცა, მხოლოდ შესრულებით კონკრეტული ვალდებულების არსებობა არ დასტურდება. ამიტომ, შემსრულებელმა უნდა ამტკიცოს, თუ რა სამართალურთიერთობის ფარგლებში განახორციელა მან ეს შესრულება და, კონკრეტულად, რომელი ვალდებულება შეასრულა, წინააღმდეგ შემთხვევაში, შემსრულებელი, მხოლოდ შესრულებით, კონკრეტული სამართალურთიერთობის მტკიცების გარეშე, საპასუხო ვალდებულების შესრულებას ვერ მოითხოვს. თუ შემსრულებელი ვერ დაადასტურებს კონკრეტული ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობის არსებობას, იგი განხორციელებული შესრულების უკან გამოთხოვის უფლებას ინარჩუნებს (976), გარდა იმ შემთხვევებისა, თუ მიმღები არ დაადასტურებს, რომ მან შესრულება სხვა ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე მიიღო.
ვალდებულების ჯეროვნად შესრულება ნიშნავს ვალდებულების შესრულებას კანონითა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, იმ გონიერი მოლოდინის ფარგლებში, რაც შესრულების მიმღებს აღნიშნული ვალდებულების შესრულების მიმართ ჰქონდა. ვალდებულების შესრულების ჯეროვანება ვალდებულების შესრულების მხოლოდ ერთი ან რამდენიმე კანონისმიერი ან ხელშეკრულებისმიერი მოთხოვნის დაცვას არ გულისხმობს, მაგალითად, ვალდებულების უნაკლო (ნივთობრივი, უფლებრივი), ხარისხიან, შეთანხმებული ოდენობით, დათქმულ დროს ან დათქმულ ადგილას შესრულებას. შესრულების ჯეროვნება ყველა ზემოთ დასახელებული ობიექტური ფაქტორის ერთობლიობაა და ვალდებულების ყოველგვარი დარღვევის გარეშე შესრულებას ნიშნავს. ვალდებულების ჯეროვანი შესრულება გულისხმობს მოვალის მიერ იმ მოთხოვნათა (მოქმედებათა) განუხრელად დაცვას, რომლებიც დაკავშირებულია თვით შესრულების საგანთან. ამდენად, ვალდებულების ჯეროვანი შესრულება ყველა იმ ობიექტურ ფაქტორთა ერთობლიობაა, რაც ვალდებულების კანონისმიერი, თუ სახელშეკრულებო პირობების შესაბამისად შესრულების დროს უნდა იყოს დაცული. ჯეროვანი შესრულება მოიცავს ყველა იმ მოთხოვნის დაცვის აუცილებლობას, რომლებიც განსაზღვრავენ, ვინ ვის წინაშე უნდა განახორციელოს შესრულება, რომელი საგნით, სად, როდის და რა გზით უნდა განხორციელდეს იგი. ბრუნვის მონაწილის ვალდებულება, ჯეროვნად შეასრულოს მოვალეობა, ემყარება იმ სინამდვილეს, რომელიც მისთვის ცნობილია და მას ამ სინამდვილისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება ევალება.
სასამართლომ აღნიშნა, რომ სახელშეკრულებო ურთიერთობებში მნიშვნელოვანია ვალდებულების კეთილსინდისიერად შესრულება, ეს პრინციპი კერძო სამართლის უნივერსალური შეფასებითი კატეგორიაა და თანამედროვე სამართლებრივი წესრიგისათვის დამახასიათებელია კეთილსინდისიერების პრინციპის აღიარება. ამ პრინციპით კონკრეტდება ინდივიდის მოქმედების თავისუფლების ფარგლები, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ეს შესაბამისი სამართლებრივი ურთიერთობიდან ან ამ ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლის ნორმიდან პირდაპირ არ გამომდინარეობს. კეთილსინდისიერი ქცევის ვალდებულება ემყარება სამართალში ზოგადად მოქმედ კეთილსინდისიერების ვარაუდს. ეს ვარაუდი განსაზღვრავს სამართლებრივი ურთიერთობის განვითარების საერთო მიმართულებასაც. სამოქალაქო ბრუნვის სიმყარე და სტაბილურობა მისი მონაწილეების კეთილსინდისიერებაზეა დამოკიდებული. ვალდებულების დათქმულ დროს შესრულება კანონისმიერი პირობაა. ვალდებულების შესრულების დროდ ითვლება განსაზღვრული მომენტის დადგომა, როცა ვალდებულება უნდა შესრულდეს. როგორც წესი, ვადა დადგენილია მოვალის ინტერესებისათვის. აღნიშნული უფლების შეზღუდვა მხოლოდ კრედიტორის ლეგიტიმური ინტერესის არსებობის შემთხვევაშია დასაშვები. კრედიტორი უფლებამოსილი არ არის ვადაზე ადრე მოითხოვოს ვალდებულების შესრულება, ხოლო მოვალეს ყოველთვის შეუძლია ვალდებულების ვადაზე ადრე შესრულება. გამონაკლისს კრედიტორის პატივსადები ინტერესი წარმოადგენს. ვალდებულების შესრულების ადგილი ვალდებულების ჯეროვანი შესრულების ერთ-ერთი მთავარი ინდიკატორია. შესაბამისად, ვალდებულების შესრულების ადგილის განსაზღვრას არსებითი მნიშვნელობა აქვს იმის დასადგენად, ვალდებულება ჯეროვნად შესრულდა თუ არა, ასევე ადგილი ხომ არ ჰქონდა მოვალის მხრიდან შესრულების ვადაგადაცილებას, ან კრედიტორის მიერ შესრულების მიღების ვადის დარღვევას.
სასამართლომ განმარტა, რომ სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობები (8.III). უფლება-მოვალეობა კეთილსინდისიერად განხორციელებულად ითვლება იქამდე, სანამ საწინააღმდეგო არ დადასტურდება, შესაბამისად, არსებობს კეთილსინდისიერი ქცევის პრეზუმფცია. კრედიტორი, უფლებამოსილია, ვალდებულების ძალით, მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება ან მოქმედებისაგან თავის შეკავება (316.I), ხოლო კანონის ძალით — თავისი უფლებებისა და ქონებისადმი განსაკუთრებული გულისხმიერება (316.II). ამდენად, მხარეებს ეკისრებათ, არამხოლოდ კანონით ან ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების კეთილსინდისიერად შესრულება, არამედ ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობის ფარგლებში ისე მოქცევა, რომ პატივი სცენ ერთმანეთის უფლებებსა და კანონით გათვალისწინებულ ინტერესებს. ამდენად, ვალდებულების კეთილსინდისიერი შესრულება გულისხმობს არამხოლოდ კანონით ან ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებას, არამედ ყველა იმ დამატებითი უფლება-მოვალეობების განუხრელად დაცვას, რაც ვალდებულების შინაარსიდან პირდაპირ არ მომდინარეობს, თუმცა, კეთილსინდისიერი ქცევის სტანდარტის გათვალისწინებით, იგულისხმება. აღნიშნული სტანდარტი კი სხვა არაფერია, თუ არა მეორე მხრის უფლებებისა და ინტერესების იმ ფარგლებში პატივისცემა, რა ფარგლებშიც კონტრაჰენტს მისი უფლებისა და მოვალეობების პატივსცემის გონივრული მოლოდინი ჰქონდა. გონივრულ მოლოდინს მიღმა სტანდარტი კეთილსინდისიერების პრინციპის დარღვევად არ განიხილება.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე უთითებს, რომ ხელშეკრულების შესაბამისად, მონიტორინგის განხორციელების მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, მოპასუხეს მიმართა წერილობით და მოსთხოვა წარმოედგინა სასწავლო პროგრამის დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტი, თუმცა მ-----------------ს მიერ აღნიშნული დოკუმენტი დღემდე არ წარუდგენია. შესაბამისად, საკითხის გადაწყვეტისათვის, კერძოდ იმის დასადგენად ამ უკანასკნელს წარმოეშვა თუ არა ხელშეკრულებით მიღებული თანხის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაბრუნების ვალდებულება, მნიშვნელოვანია დადგინდეს შეასრულა თუ არა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას და საბოლოოდ მიღწეული იქნა თუ არა ის მიზანი, რა მიზნითაც განხორციელდა მოპასუხესთან ხელშეკრულების გაფორმება, რასაც ითვალისწინებს ზემოაღნიშნული დადგენილება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.1 მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. ამ მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ასევე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17.1 მუხლის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები; მოპასუხე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი შესაგებელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2016 წლის 18 იანვრის MES 5------------ წერილით მ---------------ეს ეთხოვა 2009 წლის 21 გავისტოს სსიპ განვითარების და რეფორმების ფონდსა და მას შორის დადებული გრანტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სასწავლო პროგრამის დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტის უმოკლეს ვადაში წარდგენა, თუმცა მისი ჩაბარების შესახებ დადასტურებული ინფორმაცია სასამართლში წარმოდგენილი არ არის, არ იკვეთება მოსარჩელის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევის ფაქტი და ამდენად, საქმეში არსებული მასალების, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
სასამართლომ ასევე მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილზე, რომლი თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, ხანდაზმულობის საერთო ვადა შეადგენს ათ წელს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნების ექვს წელს, ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, ცალკეულ შემთხვევებში კანონით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს ხანდაზმულობის სხვა ვადებიც.
სასამართლომ განმარტა, რომ სასარჩელო ხანდაზმულობაში იგულისხმება დრო, რომლის განმავლობაშიც პირს, ვისი უფლებაც დარღვეულია, შეუძლია, მოითხოვოს თავისი უფლებების იძულებით განხორციელება ან დაცვა. ხანდაზმულობა არის დარღვეული უფლების იძულებით დაცვის ვადა და იგი უშუალოდ უკავშირდება სარჩელის უფლებას. სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლა გავლენას ახდენს მატერიალური სარჩელის ანუ სარჩელის დაკმაყოფილების უფლებაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე არსებითი მნიშნელობის არის იმის გარკვევა თუ როდის დაიწყო სასარჩელო მოთხოვნის ვადის დენა, თავის მხრივ სამოქალაქო კოდექსის ნორმათა თანახმად აღნიშნული დაკავშირებულია სუბიექტურ ფაქტორთან, ანუ იმ მომენტთან, როცა დაზარალებულმა შეიტყო ან უნდა შეეტყო თავისი უფლების დარღვევის შესახებ. ამავე დროს სასარჩელო ხანდაზმულობა ხელს უწყობს რა სამოქალაქო ურთიერთობათა სტაბილიზაციას, ამავდროულად ემსახურება სახელშეკრულებო დისციპლინის სიმყარეს და ეხმარება სამოქალაქო ურთიერთობის მონაწილეებს თავიანთი უფლებებისა და ვალდებულებების აქტიურად და დროულად განხორციელებაში.
სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. სასარჩელო ხანდაზმულობა გულისხმობს დროს, რომლის განმავლობაში პირს შეუძლია მოითხოვოს თავისი დარღვეული უფლების აღდგენა. სარჩელის ხანდაზმულობის საკითხის სწორად შეფასებისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება მოთხოვნის იძულებითი რეალიზაციის ვადის დენის დასაწყისის განსაზღვრას. სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ, ე.ი, თუ მოთხოვნის წარმოშობისა და, შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადის დენის დაწყების მომენტის დადგენა ობიექტურად შეუძლებელია, ყურადღება უნდა მიექცეს სუბიექტურ მომენტს, ამასთან, იგულისხმება, რომ ხანდაზმულობის წარმოშობის ობიექტური და სუბიექტური მომენტები თანხვედრაშია.
სასამართლომ განმარტა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა 2009 წლის 21 აგვისტოს სსიპ განვითარებისა და რეფორმების ფონდსა და მ-----------------ს შორის დადებული ,,გრანტის შესახებ’’ ხელშეკრულების საფუძველზე გაცემული 16 630,63 ლარის სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნების შესახებ ხანდაზმულია, კერძოდ, საქმის მასალებით დგინდება, რომ ბოლო გადარიცხვა განხორციელდა 2010 წლის 01 აპრილს საგადახდო მოთხოვნა N84, რომლითაც გადარიცხულ იქნა 436 გირვანქა სტერლინგი (ხოლო მანამდე 01.04.2010 წ. N 68 საგადახდო მოთხოვნით - 5839 გირვანქა სტერლინგი), ამდენად, ხანდაზმულობის ვადის დენა ამ შემთხვევაში დაიწყო 2010 წლის აპრილის თვიდან. განსახილველ შემთხვევაში, კი სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლოში წარმოდგენილია 2016 წლის 18 ოქტომბერს. აღნიშნული საკითხის გათვალისწინებითაც სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს (საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უფლებამონაცვლე) სარჩელი ასევე ხანდაზმულია, რაც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს.
4. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
აპელანტი მიუთითებს, "გრანტების შესახებ" საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებზე, ამავე კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე მუხლის პირველსა და მეორე ნაწილზე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლისა და 317-ე მუხლის პირველ ნაწილებზე, ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილზე.
ზემოხსენებული ნორმების ანალიზის საფუძველზე აპელანტი განმრტავს, რომ ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები. შესრულების ვალდებულება პირველ რიგში ხელშეკრულებით გათვალისწინებული შედეგის დადგომას გულისხმობს. მოცემულ შემთხვევაში ხელშეკრულებით განსაზღვრული შედეგი არ დადგა, ანუ ის რასაც ემსახურებოდა ხელშეკრულების დადება - მ---------------ესათვის შესაბამისი განათლების მიღების შესაძლებლობას, რაც გამოხატული უნდა ყოფილიყო შესაბამისი სწავლის დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტის მოპოვებაში, რაც ამ შემთხვევაში არ განხორცილებეულა. აპელანტის მოსაზრებით, სადავო გადაწყვეტილებაში არ არის მითითებული და განმარტებული თუ რა წარმოადგენდა მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების მიზანს და იყო თუ არა აღნიშნული მიზანი მიღწეული.
სამინისტრომ მ---------------ეს სწავლა დაუფინანსა ლონდონის უნივერსიტეტში 15475,10 ლარისა და 1155,53 ლარის გადარიცხვით. გრანტის მიმღებმა არ შეასრულა, ხელშეკრულების 3.4 პუნქტით გათვალისწინებული მოვალეობა, რომლის მიხედვითაც იგი ვალდებულია ხელი შეუწყოს გრანტის გამცემს მონიტორინგის უფლების განხორციელებაში. ამასთან მან, მიუხედავად საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს თხოვნისა, არ წარმოადგინა სასწავლო პროგრამის დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტი, რომლითაც დაარღვია ხელშკრულების გათვალისწინებული ვალდებულება და ვერ დაადასტურა გრანტის მიზნობრივად გამოყენების ფაქტი, რითაც ასევე დაირღვა ამავე ხელშეკრულების მე-3 მუხლით გათვალისწინებული ვალდებულება, რომლის თანახმად, გრანტის მიმღები ვალდებულია ხელშეკრულების ფარგლებში მიღებული გრანტის თანხები გამოიყენოს მხოლოდ ხელშეკრულების 1.1 პუნქტით გათვალისწინებული მიზნებისათვის.
ასევე აპელანტი არ ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლო იმ ნაწილში, რომ მოსამართლემ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სარჩელი მიიჩნია უსაფუძვლოდ, სასარჩელო მოთხოვნა ცნო ხანდაზმულად და ხანდაზმულობის ვადის ათვლა დაიწყო გრანტის გამცემის მიერ 2010 წლის 01 აპრილს, ანუ გრანტის ბოლო გადარიცხვიდან. შესაბამისად, სასამართლომ არასწორად გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე, 129-ე და 130-ე მუხლები.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტს მიაჩნია, რომ უსაფუძვლოა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 30 მაისის გადაწყვეტილება და მიღებულ უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სრულად დაკმაყოფილდება სასარჩელო მოთხოვნა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 389-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითებას, შესაძლო ცვლილებების ან დამატებების გათვალისწინებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
სააპელაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის და გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობა-კანონიერების შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას არ დარღვეულა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორი შეფასება მისცა საქმის მასალებს, საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია სრულყოფილად, რაც არ იძლევა გადაწყვეტილების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველს.
სააპელაციო პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სარჩელის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით, რაც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის დამოუკიდებელ სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს.
სააპელაციო სასამართლო საჭიროდ მიიჩნევს ყურადღება გაამახვილოს ხანდაზმულობის ინსტიტუტის არსებობის მიზნებზე, რაც უმთავრესად სამართლებრივი სტაბილურობის ხელშეწყობასა და პირის უფლებების დროულად განხორციელებაში გამოიხატება. ხანდაზმულობის ვადების არარსებობის პირობებში უფლება უსასრულოდ იქნებოდა გაურკვეველ მდგომარეობაში და მისი არა მარტო დაცვა, არამედ არსებობაც ეჭვის ქვეშ დადგებოდა. ხანდაზმულობის ვადების არსებობა კი სამართალურთიერთობის მონაწილეებს აიძულებს დროულად იზრუნონ საკუთარი უფლებების განხორციელებასა და დაცვაზე, ხოლო სასამართლოს – შესაძლებლობას აძლევს შედარებით გონივრულ დროში გადაწყვიტოს დავა. ამასთან, საყურადღებოა, რომ ხანდაზმულობის ვადების არსებობა გამორიცხავს პირის შესაძლებლობას მისთვის ხელსაყრელ დროს მიმართოს სასამართლოს.
სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ხანდაზმულობის ვადა არ გულისხმობს დროის გაურკვეველ პერიოდს. მას აქვს დასაწყისი და დასასრული. ხანდაზმულობის ვადის სწორად გამოთვლისას კი მნიშვნელოვანია მისი დენის დაწყების მომენტის განსაზღვრა.
მოცემულ შემთხვევაში, დავის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, პალატა ვერ გაიზიარებს საჩივრის ავტორის მოსაზრებას ხანდაზმულობასთან მიმართებით და აღნიშნავს, რომ მხარეებს შორის 2009 წლის 21 აგვისტოს დადებული გრანტის შესახებ ხელშეკრულება მოიცავდა 2009/2010 წლების სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში სწავლასთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსებას. ამდენად, ხელშეკრულების მოქმედება მოიცავდა 2009/2010 სასწავლო წლის პერიოდს, რა დროშიც უნდა დასრულებულიყო საგრანტო თანხის ამოწურვა. შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა 2009 წლის 21 აგვისტოს დადებული ხელშეკრულების საფუძველზე გაცემული - 16 630,63 ლარის სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნების შესახებ ხანდაზმული იყო, ვინაიდან, როგორც აღინიშნა, საგრანტო ხელშეკრულების მოქმედება მოიცავდა 2009/2010 სასწავლო წლების პერიოდს და ამ სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში სწავლასთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსებას, ხოლო სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლოში წარდგენილი იქნა 2016 წლის 18 ოქტომბერს, მოთხოვნის წარმოშობიდან 3 წლის გასვლის შემდგომ, რაც საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს.
სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. ამავე კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა - ექვს წელს. სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის მიხედვით კი, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.
სასარჩელო ხანდაზმულობაში იგულისხმება დრო, რომლის განმავლობაშიც პირს, ვისი უფლებებიც დარღვეულია, შეუძლია, მოითხოვოს თავისი უფლების იძულებით განხორციელება ან დაცვა, იგი უფლების განხორციელების ვადაა და იგულისხმება, რომ კანონმდებლის მიერ დადგენილია ზღვრული ვადები, რომლის ფარგლებშიც შესაძლებელია საქმის ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევა და დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღება. ამდენად, სარჩელის ხანდაზმულობის თაობაზე მსჯელობა მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც, ის აბსოლუტურ გავლენას ახდენს მატერიალური უფლების გადაწყვეტაზე.
სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის ანალიზით ირკვევა, რომ ხანდაზმულობის ვადის დენის დაწყების ორი საფუძველი არსებობს, ობიექტური და სუბიექტური. ხანდაზმულობის ვადის დენის დაწყების ობიექტური საფუძველია, მოთხოვნის წარმოშობის დრო (ხელშეკრულების დადების დრო), ხოლო სუბიექტურის, თუ როდის შეიტყო, ან უნდა შეეტყო პირს.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 5 ნოემბრის გადაწყვეტილებით საქმეზე ისრაელის მოქალაქეები - თამაზ ჯანაშვილი, ნანა ჯანაშვილი და ირმა ჯანაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ სასამართლომ განმარტა, რომ ზოგადად, ვადებს დიდი მნიშვნელობა აქვს სამართლებრივ ურთიერთობებში წესრიგის შეტანისთვის. დროის ფაქტორი ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებს პირთა შორის ურთიერთობების სამართლებრივ მოწესრიგებაში. გარკვეული დროის დადგომას ან ვადის გასვლას უკავშირდება კონკრეტული იურიდიული შედეგები – სამართლებრივი ურთიერთობების (შესაბამისად პირთა უფლებებისა ან/და მოვალეობების) წარმოშობა, შეცვლა ან შეწყვეტა. ვადებს მნიშვნელოვანი წესრიგი შეაქვს სამართლიანი სასამართლოს უფლებით სარგებლობის პროცესშიც. დრო სამართლიანი სასამართლოს უფლებას გასდევს მთლიანად უფლებით სარგებლობის განმავლობაში. ხშირ შემთხვევაში, ამ უფლებით სარგებლობის შესაძლებლობა თავიდანვე გარკვეული დროით არის პირობადებული – ამა თუ იმ უფლების, ინტერესის დასაცავად სასამართლოსადმი მიმართვა უფლების დარღვევიდან გარკვეული ვადით არის შეზღუდული.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა მიიჩნევს, რომ სასარჩელო მოთხოვნა არის ხანდაზმული, რისი გათვალისწინებითაც არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი. სააპელაციო სასამართლო აქვე მიუთითებს, რომ მ-----------------მ მიიღო ადამიანის უფლებათა დაცვასა და გლობალურ ეთიკაში მაგისტრის ხარისხი, რითაც მიღწეული იქნა ის შედეგი და შესრულებული იქნა ის ვალდებულება, რასაც ზემოაღნიშნული დადგენილება და მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულება ითვალისწინებდა, აღნიშნული სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის დამატებითი საფუძველია, რა პირობებშიც, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარში წარმოდგენილი არგუმენტაცია გაზიარებული ვერ იქნება, შესაბამისად უცვლელად უნდა დარჩეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
6. საპროცესო ხარჯები:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.
ამავე საკანონმდებლო აქტის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, თუ ორივე მხარე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.
განსახილველ შემთხვევაში აპელანტი ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის ,,უ'' ქვეპუნქტის დანაწესის საფუძველზე, გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამდენად, სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის გამო, საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 397-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს
სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 30 მაისის გადაწყვეტილება.
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №6) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა), მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში.
მოსამართლე: ნანა დარასელია