განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 23.01.2020
საქმის ნომერი
330310117002018259
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
დავები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე, ადმინისტრაციული
თარიღი
23.01.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3ბ/1172-19

N330310117002018259

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

23 იანვარი, 2020 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე: ხატია არდაზიშვილი

მოსამართლეები: დავით ახალბედაშვილი

გია ბერაია

 

სხდომის მდივანი - გიორგი სანიკიძე

 

აპელანტი (მოსარჩელე) - დ---------------ე

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრი

წარმომადგენელი - ა---------–-–---–ი

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ნაწილობრივ ბათილად ცნობა, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა და ზიანის ანაზღაურება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 10 იანვრის გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა - გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 10 იანვრის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელი დაკმაყოფილდეს

 

1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

1.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 10 იანვრის გადაწყვეტილებით დ---------------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

 

1.2. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

1.2.1. სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის მიერ 2017 წლის 28 აპრილს მიღებული იქნა №14-17 ბრძანება, რომლითაც დამტკიცდა სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის სასტიპენდიო პროგრამა „საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამები 2017-2018“, ამ ბრძანების დანართი №1-ის შესაბამისად და აღნიშნული პროგრამის განხორციელების მიზნით, გამოცხადდა სასტიპენდიო კონკურსი. ბრძანებით განისაზღვრა, რომ კონკურსანტთა განაცხადების წარდგენა უნდა მომხდარიყო ცენტრის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ინტეგრირებულ ელექტრონულ სარეგისტრაციო სისტემაში - https://app.iec.gov.ge, ელექტრონული განაცხადის ფორმის შევსებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის ატვირთვის გზით.

 

მითითებული ბრძანების დანართის №1-ის მიხედვით, სასტიპენდიო პროგრამის საშუალებით, საქართველოს მოქალაქეებსა და პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელებს შეუძლიათ მოიპოვონ დაფინანსება და სწავლა განაგრძონ საზღვარგარეთ მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამებზე, ამ პროგრამის ფარგლებში პრიორიტეტულად განსაზღვრულ პროგრამულ მიმართულებებზე /სპეციალობებზე. ამასთან, პრიორიტეტულ პროგრამულ მიმართულებებს/სპეციალობებს წარმოადგენდა: აგრარული მეცნიერებანი; განათლება; ინჟინერია; საბუნებისმეტყველო მეცნიერებანი; სოციალური მეცნიერებები; ჰუმანიტარული მეცნიერებანი; სამართალი; არქიტექტურა; საჯარო მმართველობა; მენეჯმენტი. დაფინანსება კი გაიცემოდა კონკურსის წესით, სამართლიანობის, შეჯიბრებითობისა და გამჭვირვალობის პრინციპების დაცვით.

 

ამავე დანართის შესაბამისად, პროგრამის განხორციელება შესაძლებელი იყო მხოლოდ კონკურსის გამოცხადების გზით, ხოლო კონკურსის გამოცხადების პროცესი გულისხმობდა ცენტრის მიერ კონკურსის გამოცხადებას ოფიციალური ვებ-გვერდის მეშვეობით, საზოგადოების ინფორმირებას და პროგრამაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას; დაინტერესებული პირების მიერ ელექტრონული განაცხადის შევსებას და შესაბამისი დოკუმენტაციის ატვირთვას ცენტრის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ინტეგრირებულ ელექტრონულ სარეგისტრაციო სისტემაში; კომისიის მიერ განაცხადების შეფასებისა და კონკურსანტებთან გასაუბრების გზით გამარჯვებულის გამოვლენას; გამარჯვებულ კონკურსანტებთან ხელშეკრულების გაფორმებას და ფინანსურ უზრუნველყოფას; ცენტრის ადმინისტრაციის მიერ დაფინანსებულ პირთა მხრიდან ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს.

 

დანართით ასევე დადგინდა, რომ კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენისა და კონკურსის ჩატარებასთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხებზე გადაწყვეტილებას მიიღებდა საკონკურსო კომისია, რომელიც შეიმუშავებდა და დაამტკიცებდა კონკურსანტების შეფასების კრიტერიუმებსა და შეფასების ფორმებს. საკონკურსო კომისია ელექტრონული განაცხადისა და თანდართული დოკუმენტაციის შეფასებას მოახდენდა შეფასების ელექტრონული სისტემის მეშვეობით. ქულების მაქსიმალურ რაოდენობად განისაზღვრა 100 (+დამატებითი ბონუს) ქულა, აქედან: ელ. განაცხადის შეფასებისას, მაქსიმუმ 50 ქულა; გასაუბრების შეფასებისას, მაქსიმუმ 50 ქულა და დამატებითი ბონუს ქულა - მაქსიმუმ 3 (სოციალურად დაუცველის, შშმ პირის, იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის მქონე პირებს), ერთი სტატუსისთვის 1 ქულა. კონკურსი შედგებოდა სამი ეტაპისაგან: პირველი ეტაპი გულისხმობდა ელექტრონული განაცხადისა და შესაბამისი დოკუმენტაციის ადმინისტრაციულ (ფორმალურ) შემოწმებას. მეორე ეტაპი ითვალისწინებდა კომისიის მიერ ელექტრონული განაცხადისა და თანდართული დოკუმენტაციის შინაარსობრივ შეფასებას, რომლის საფუძველზეც, კონკურსანტი უნდა გადასულიყო კონკურსის მე-3 ეტაპზე, შესაბამისი ქულის დადგენის შემთხვევაში (აღნიშნულ ეტაპზე კონკურსანტს შეეძლო მაქსიმუმ 50 ქულის დაგროვება). მესამე ეტაპი კი, გულისხმობდა კომისიასთან გასაუბრებას. აღნიშნულ ეტაპზე კონკურსანტს შეიძლებოდა დაეგროვებინა მაქსიმუმ 50 ქულა (ტ.1, ს.ფ. 183-192);

 

1.2.2. სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის მიერ 2017 წლის 09 ივნისს მიღებული იქნა №21-17 ბრძანება, რომლითაც დამტკიცდა სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის სასტიპენდიო პროგრამის - „საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამები 2017-2018“-ის საკონკურსო კომისიის შემადგენლობა, რომელიც განისაზღვრა 10 კომისიის წევრით. აღნიშნული ბრძანებით ასევე დადგინდა კომისიის ფუნქციები და საქმიანობის წესი (ტ.1, ს.ფ. 193-196).

 

1.2.3. სსიპ „განათლების საერთაშორისო ცენტრის სასტიპენდიო პროგრამის - „საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამები 2017-2018“ საკონკურსო კომისიის შემადგენლობისა და საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის 2017 წლის 09 ივნისის №21-17 ბრძანებით შექმნილი კომისიის 2017 წლის 16 ივნისის №1 ოქმით დგინდება, რომ კონკურსში მონაწილეობის მიზნით, 2017 წლის 28 აპრილიდან 31 მაისის ჩათვლით ცენტრში გადაგზავნილი იქნა 208 კონკურსანტის განაცხადი, რომელთა შორის იყო დ---------------ე.

 

მითითებული ოქმით, კონკურსის მე-2 და მე-3 ეტაპებზე კონკურსანტთა შეფასების მიზნით, დამტკიცდა შეფასების ფორმები, ამ ოქმის №2 დანართის შესაბამისად.

 

დანართი №2 მოიცავდა კონკურსის მე-2 (შინაარსობრივი შეფასების) ეტაპზე გასულ პირთა შეფასების კრიტერიუმებს (1. მოტივაცია, 2. მიმართულების/დარგის ცოდნა, 3. გამოცდილება, 4. საზოგადოებრივი ხედვა, 5. აკადემიურ სფეროში მოღვაწეობის მიზნები) და კონკურსის მე-3 (გასაუბრების) ეტაპზე გასულ კონკურსანტთა შეფასების კრიტერიუმებს (1. მოტივაცია (მოგვიყევით შერჩეულ მიმართულებაზე/პროგრამაზე სწავლის მიზნებზე და მისი შერჩევის საფუძველზე; განგვიმარტეთ უკვე მიღებული აკადემიური ხარისხის ან/და დაგროვილი სამუშაო გამოცდილების კავშირი შერჩეულ აკადემიურ პროგრამასთან); 2. ანალიზის, ლოგიკური მსჯელობის და არგუმენტაციის უნარი (მოგვიყევით სწავლის დასრულების შემდეგ თქვენი მოლოდინების შესახებ როგორც აკადემიური/კარიერული განვითარების თვალსაზრისით, ასევე, ამ სასტიპენდიო პროგრამის მიმართ); 3. ტოლერანტულობა, კეთილგანწყობა (გაიხსენეთ თქვენს ცხოვრებაში შექმნილი კონფლიქტური/სტრესული სიტუაცია და თქვენ მიერ შეთავაზებული გადაჭრის გზა; მოგვიყევით თქვენი მთავარი პიროვნული ფასეულობ(ებ)ის შესახებ); 4. თვითშეფასება (დაგვისახელეთ და აღგვიწერეთ თქვენი ძლიერი და სუსტი მხარეები); 5. საზღვარგარეთ სწავლისათვის მენტალური და ფსიქოლოგიური მზაობა (რა სირთულეებს და გამოწვევებს მოელით საზღვარგარეთ სწავლისას უცხო გარემოში ცხოვრების პერიოდში), 6. საზღვარგარეთ ქვეყნის პოზიტიურად პოპულარიზაციის ინტერესი და მზაობა (რა ინფორმაცია გაქვთ საქართველოს და შერჩეული ქვეყნის ურთიერთობების შესახებ? სად ხედავთ თქვენს როლს ამ ურთიერთობაში, როგორც საერთაშორისო სტუდენტი?), 7. აკადემიურ სფეროში მოღვაწეობის მიზნები (მოგვიყევით სწავლის დასრულების შემდგომ საქართველოში, აკადემიურ სფეროში მოღვაწეობის მიზნების თაობაზე) (ტ.1, ს.ფ. 197-232).

 

1.2.4. სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის 2017 წლის 09 ივნისის №21-17 ბრძანებით შექმნილმა კომისიამ 2017 წლის 28 ივნისის სხდომაზე განიხილა სასტიპენდიო პროგრამის - „საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამები 2017-2018“ ფარგლებში კონკურსის ჩატარებასთან დაკავშირებული პროცედურული საკითხები, რის შესახებაც შედგა ოქმი N-.

 

მითითებული ოქმის თანახმად, კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება სასტიპენდიო პროგრამის - „საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამები 2017-2018“ ფარგლებში კონკურსის მესამე ეტაპზე კომისიასთან გასაუბრების მიზნით მოწვეული იქნას ყველა კონკურსანტი, რომლებიც კონკურსის მეორე ეტაპზე შეფასდა შინაარსობრივად პრიორიტეტულად განსაზღვრულ შემდეგ მიმართულებებზე/სპეციალობებზე: განათლება, ინჟინერია, არქიტექტურა, აგრარული მიმართულებები, საბუნებისმეტყველო მეცნიერებანი, საჯარო მმართველობა და ჰუმანიტარული მეცნიერებები, ხოლო კონკურსის მესამე ეტაპზე - გასაუბრებაზე გადასული კონკურსანტები გამოვლინდნენ კვოტირების წესით შემდეგ მიმართულებაზე/სპეციალობაზე: სამართალი - საუკეთესო შედეგის მქონე 20 კონკურსანტი 37 კონკურსანტიდან; სოციალური მეცნიერებები - საუკეთესო შედეგის მქონე 25 კონკურსანტი 49 კონკურსანტიდან; მენეჯმენტი - საუკეთესო შედეგის მქონე 10 კონკურსანტი 21 კონკურსანტიდან.

 

სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის 2017 წლის 09 ივნისის №21-17 ბრძანებით შექმნილი კომისიის 2017 წლის 28 ივნისის №2 ოქმის დანართით დგინდება, რომ კონკურსის მეორე ეტაპზე დ---------------ის შეფასება შეადგენდა 32.4 ქულას და სამართლის მიმართულებაში იგი რეიტინგით 21-ე ადგილზე იყო, რის გამოც მან ვერ გადალახა მეორე ეტაპი (ტ.1, ს.ფ. 233-305).

 

1.2.5. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 21 ივლისის N3/5------ დროებითი განჩინების საფუძველზე დ---------------ე დაშვებული იქნა სასტიპენდიო პროგრამის - „საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამები 2017-2018“-ის ფარგლებში მიმდინარე კონკურსის მესამე ეტაპზე. 2017 წლის 7 აგვისტოს საკონკურსო კომისიამ დ---------------ესთან ჩაატარა გასაუბრება, რის შესახებაც შედგა ოქმი N--. აღნიშნული ოქმის თანახმად, კონკურსის მესამე - გასაუბრების ეტაპზე დ---------------ის შედეგი განისაზღვრა 27.9 ქულით (ტ.1, ს.ფ. 106-110; 328-329).

 

1.3. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

1.3.1. საქალაქო სასამართლომ მიუთითა საქართველოს მთავრობის 2015 წლის 24 აპრილის №183 დადგენილებაზე, რომლის პირველი მუხლის თანახმად, შეიქმნა საჯარო სამართლის იურიდიული პირი - განათლების საერთაშორისო ცენტრი, ხოლო აღნიშნული დადგენილების მე-3 მუხლის შესაბამისად, სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრი ჩაითვალა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის განათლების საერთაშორისო ცენტრის (სამსახურის) უფლებამონაცვლედ.

 

საჯარო სამართლის იურიდიული პირის - განათლების საერთაშორისო ცენტრის დებულება დამტკიცებულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 30 დეკემბრის №180/ნ დადგენილებით. აღნიშნული დებულების პირველი მუხლის თანახმად, საჯარო სამართლის იურიდიული პირი − განათლების საერთაშორისო ცენტრი შექმნილია საერთაშორისო სასწავლო აკადემიური პროგრამების განვითარების და საერთაშორისო აკადემიური თანამშრომლობის ხელშეწყობის მიზნით, რაც ემსახურება საქართველოს როგორც საჯარო, ისე კერძო სფეროში დასაქმებული კვალიფიციური კადრების მომზადებას. დებულების მე-2 მუხლის „ა“ პუნქტის თანახმად, ცენტრის ფუნქციებია: საქართველოს მოქალაქეების, ან პირადობის ნეიტრალური მოწმობისა და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელების უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ, უცხო ქვეყნის სხვადასხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამებზე განათლების მიღების ხელშეწყობა, ხოლო მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ცენტრს ხელმძღვანელობს აღმასრულებელი დირექტორი.

 

სასამართლომ ასევე მიუთითა საქართველოს მთავრობის 2016 წლის 22 აპრილის №201 დადგენილებაზე („სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 22 აპრილის №201 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს მთავრობის 2017 წლის 15 დეკემბრის N557 დადგენილების ამოქმედებამდე მოქმედი რედაქცია), რომლითაც ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარებისათვის საჭირო მაღალკვალიფიციური კადრების მომზადების, საქართველოში საერთაშორისო განათლების ხარისხის, საერთაშორისო აკადემიური პროგრამების და საერთაშორისო აკადემიური თანამშრომლობის განვითარების, საჯარო სამსახურში დასაქმებულ და დასაქმების მსურველ პირთა სპეციალური ცოდნისა და კვალიფიკაციის ამაღლების, ქვეყნის საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე დამტკიცდა სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის პროგრამა და პროგრამის ფარგლებში სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის მიერ გრანტის გაცემის წესი და პირობები.

 

„სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის პროგრამის“ მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად („სსიპ – განათლების საერთაშორისო ცენტრის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 22 აპრილის №201 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს მთავრობის 2017 წლის 15 დეკემბრის N557 დადგენილების ამოქმედებამდე მოქმედი რედაქცია), პროგრამა ხელს უწყობს საქართველოს მოქალაქეთა ან პირადობის ნეიტრალური მოწმობისა და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელთა მიერ: ა) საზღვარგარეთ უმაღლესი განათლების მე-2 და მე-3 საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამებზე განათლების მიღებას; ბ) საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ამაღლებას; გ) ამ პროგრამის საფუძველზე დამტკიცებული შესაბამისი სასტიპენდიო პროგრამების ფარგლებში დაფინანსებულ კურსდამთავრებულთა თანამშრომლობას, ხოლო მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, პროგრამა ხორციელდება საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ, ცენტრისა და შესაბამისი სასტიპენდიო პროგრამის საკონკურსო კომისიის მეშვეობით.

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის 2017 წლის 28 აპრილის №14-17 ბრძანებით დამტკიცდა სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის სასტიპენდიო პროგრამა „საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამები 2017-2018“, ამ ბრძანების დანართი №1-ის შესაბამისად და აღნიშნული პროგრამის განხორციელების მიზნით, გამოცხადდა სასტიპენდიო კონკურსი. ბრძანებით განისაზღვრა, რომ კონკურსანტთა მიერ განაცხადების წარდგენა უნდა მომხდარიყო ცენტრის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ინტეგრირებულ ელექტრონულ სარეგისტრაციო სისტემაში - https://app.iec.gov.ge, ელექტრონული განაცხადის ფორმის შევსებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის ატვირთვის გზით. მითითებული ბრძანების დანართი №1-ის მიხედვით, სასტიპენდიო პროგრამის საშუალებით, საქართველოს მოქალაქეებსა და პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელებს მიეცათ შესაძლებლობა მოეპოვებინათ დაფინანსება და სწავლა გაეგრძელებინათ საზღვარგარეთ მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამებზე, ამ პროგრამის ფარგლებში პრიორიტეტულად განსაზღვრულ პროგრამულ მიმართულებებზე/სპეციალობებზე. ამასთან, პრიორიტეტულ პროგრამულ მიმართულებებს/სპეციალობებს შორის იყო სამართალი, ხოლო დაფინანსება კი გაიცემოდა კონკურსის წესით.

 

დ---------------ემ მონაწილეობა მიიღო სასტიპენდიო პროგრამა „საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამები 2017-2018“-ის ფარგლებში გამოცხადებულ კონკურსში, წარადგინა ელექტრონული განაცხადი ცენტრის ელექტრონულ მისამართზე და განცხადების განხილვის მიზნით, ატვირთა დოკუმენტაცია.

 

1.3.2. საქალაქო სასამართლომ მიუთითა სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის 2017 წლის 28 აპრილის №14-17 ბრძანებით დამტკიცებულ სასტიპენდიო პროგრამაზე - „საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამები 2017-2018“, რომლითაც განისაზღვრა, რომ კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენისა და კონკურსის ჩატარებასთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხებზე გადაწყვეტილებას მიიღებდა საკონკურსო კომისია, რომელიც შეიმუშავებდა და დაამტკიცებდა კონკურსანტების შეფასების კრიტერიუმებსა და შეფასების ფორმებს. საკონკურსო კომისია ელექტრონული განაცხადისა და თანდართული დოკუმენტაციის შეფასებას მოახდენდა შეფასების ელექტრონული სისტემის მეშვეობით. ქულების მაქსიმალურ რაოდენობად განისაზღვრა 100 (+დამატებითი ბონუს) ქულა, აქედან: ელ. განაცხადის შეფასებისას, მაქსიმუმ 50 ქულა; გასაუბრების შეფასებისას, მაქსიმუმ 50 ქულა და დამატებითი ბონუს ქულა - მაქსიმუმ 3 (სოციალურად დაუცველის, შშმ პირის, იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის მქონე პირებს), ერთი სტატუსისთვის 1 ქულა. კონკურსი შედგებოდა სამი ეტაპისაგან: პირველი ეტაპი გულისხმობდა ელექტრონული განაცხადისა და შესაბამისი დოკუმენტაციის ადმინისტრაციულ (ფორმალურ) შემოწმებას. მეორე ეტაპი ითვალისწინებდა კომისიის მიერ ელექტრონული განაცხადისა და თანდართული დოკუმენტაციის შინაარსობრივ შეფასებას, რომლის საფუძველზეც, კონკურსანტი უნდა გადასულიყო კონკურსის მე-3 ეტაპზე, შესაბამისი ქულის დადგენის შემთხვევაში (აღნიშნულ ეტაპზე კონკურსანტს შეეძლო მაქსიმუმ 50 ქულის დაგროვება). მესამე ეტაპი კი, გულისხმობდა კომისიასთან გასაუბრებას. აღნიშნულ ეტაპზე კონკურსანტს შეიძლებოდა დაეგროვებინა მაქსიმუმ 50 ქულა. ამასთან, სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის 2017 წლის 09 ივნისის №21-17 ბრძანებით შექმნილმა კომისიამ 2017 წლის 28 ივნისის სხდომაზე მიიღო გადაწყვეტილება, რომ სასტიპენდიო პროგრამის - „საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამები 2017-2018“ ფარგლებში კონკურსის მესამე ეტაპზე კომისიასთან გასაუბრების მიზნით მოწვეულიყო ყველა კონკურსანტი, რომლებიც კონკურსის მეორე ეტაპზე შეფასდნენ შინაარსობრივად პრიორიტეტულად განსაზღვრულ შემდეგ მიმართულებებზე/სპეციალობებზე: განათლება, ინჟინერია, არქიტექტურა, აგრარული მიმართულებები, საბუნებისმეტყველო მეცნიერებანი, საჯარო მმართველობა და ჰუმანიტარული მეცნიერებები, ხოლო კონკურსის მესამე ეტაპზე - გასაუბრებაზე გადასული კონკურსანტები გამოვლინდებოდნენ კვოტირების წესით შემდეგ მიმართულებაზე/სპეციალობაზე: სამართალი - საუკეთესო შედეგის მქონე 20 კონკურსანტი 37 კონკურსანტიდან; სოციალური მეცნიერებები - საუკეთესო შედეგის მქონე 25 კონკურსანტი 49 კონკურსანტიდან; მენეჯმენტი - საუკეთესო შედეგის მქონე 10 კონკურსანტი 21 კონკურსანტიდან.

 

სასამართლომ საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნია, რომ დ---------------ემ გადალახა კონკურსის პირველი ეტაპი, რაც გულისხმობდა ელექტრონული განაცხადისა და შესაბამისი დოკუმენტაციის ადმინისტრაციულ (ფორმალურ) შემოწმებას დადგენილ საკონკურსო მოთხოვნებთან, ხოლო მეორე ეტაპზე მისმა შეფასებამ შეადგინა 32,4 ქულა და სამართლის მიმართულებაში იგი რეიტინგით 21-ე ადგილზე აღმოჩნდა. ამდენად, ვინაიდან სამართლის მიმართულებით 37 კონკურსანტიდან საუკეთესო შედეგის მქონე 20 კონკურსანტი შეირჩა გასაუბრების ეტაპისთვის, დადგენილი კვოტების გათვალისწინებით მოსარჩელე არ იქნა დაშვებული მესამე ეტაპზე - გასაუბრებაზე.

 

პირველი სასარჩელო მოთხოვნით მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის 2017 წლის 28 ივნისის N- სხდომის ოქმს იმ ნაწილში, რომლითაც დ---------------ემ ვერ გადალახა კონკურსის მე-2 ეტაპი. მოსარჩელე მიუთითებს, რომ კონკურსის მეორე ეტაპზე მისი შეფასება განხორციელდა სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის 2017 წლის 16 ივნისის N1 ოქმით დამტკიცებული შეფასების ფორმის დარღვევით.

 

1.3.3. სასამართლომ მიუთითა სსიპ „განათლების საერთაშორისო ცენტრის სასტიპენდიო პროგრამების - „საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამები 2017-2018“ საკონკურსო კომისიის შემადგენლობისა და საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის 2017 წლის 09 ივნისის №21-17 ბრძანებით შექმნილი კომისიის 2017 წლის 16 ივნისის №1 ოქმზე, რომლის თანახმად, კონკურსის მე-2 ეტაპზე კონკურსანტთა შეფასების მიზნით, დამტკიცდა შეფასების კრიტერიუმები და ფორმები ამ ოქმის №2 დანართის შესაბამისად, რომლის მიხედვით კონკურსის მე-2 (შინაარსობრივი შეფასების) ეტაპზე გასულ პირთა შეფასების კრიტერიუმები იყო - 1. მოტივაცია, 2. მიმართულების/დარგის ცოდნა, 3. გამოცდილება, 4. საზოგადოებრივი ხედვა, 5. აკადემიურ სფეროში მოღვაწეობის მიზნები.

 

ზემოაღნიშნული შეფასების ფორმებით ასევე დადგინდა, რომ მათგან ოთხი კრიტერიუმის (მოტივაცია, მიმართულების/დარგის ცოდნა, გამოცდილება, საზოგადოებრივი ხედვა) შეფასება ხორციელდებოდა კომისიის წევრების მიერ ქულობრივი სპექტრით 0-5 ქულამდე, ხოლო მეხუთე კრიტერიუმის (აკადემიურ სფეროში მოღვაწეობის მიზნები) შეფასება ხდებოდა 0-10 ქულამდე, დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში. საბოლოო შედეგად კი განსაზღვრული იყო ყოველ საფეხურზე მიღებულ საშუალო ქულათა ჯამი.

 

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მხარე სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის 2017 წლის 28 ივნისის N- სხდომის ოქმის ნაწილობრივ ბათილად ცნობის არსებით საფუძვლად ასახელებს იმ გარემოებას, რომ კომისიის ერთმა წევრმა მას ,,აკადემიურ სფეროში მოღვაწეობის მიზნების“ შეფასების კრიტერიუმში დაუწერა 0 ქულა. დ---------------ე მიუთითებს, რომ 2017 წლის 16 ივნისის №1 ოქმით დამტკიცებული შეფასების ფორმის თანახმად, კომისიის წევრს 0 ქულის დაწერა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეეძლო, თუ დასმულ კითხვაზე არ არსებობდა კონკურსანტის პოზიცია, მას კი აკადემიურ სფეროში მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია დაფიქსირებული ჰქონდა წარდგენილ დოკუმენტებში.

 

სასამართლომ განმარტა, რომ 2017 წლის 16 ივნისის №1 ოქმით დამტკიცებული შეფასების ფორმის თანახმად, მეორე ეტაპზე გადასული კონკურსანტის შეფასების ერთ-ერთ კომპონენტს წარმოადგენდა ,,აკადემიურ სფეროში მოღვაწეობის მიზნები“. ამასთან, განმარტებულია, რომ აღნიშნული კომპონენტის ფარგლებში კომისიის წევრებს უნდა შეეფასებინათ კონკურსანტის მზაობა აკადემიურ სფეროში მოღვაწეობისთვის, ხოლო მითითებული კომპონენტი 0 ქულით ფასდებოდა იმ შემთხვევაში, როცა კონკურსანტის პასუხი არ ირკვეოდა, რაც განმარტებულია, როგორც შემთხვევა, როდესაც დასმულ შეკითხვაზე არ არსებობს კონკურსანტის პოზიცია.

 

სასამართლომ მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ,,ლ’’ ქვეპუნქტზე, რომლის შესაბამისად, დისკრეციულ უფლებამოსილებას წარმოადგენს უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. ამავე კოდექსის მე-6 მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განახორციელოს დისკრეციული უფლებამოსილება მხოლოდ იმ მიზნით, რომლის მისაღწევადაც მინიჭებული აქვს ეს უფლებამოსილება, ხოლო მე-7 მუხლის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას არ შეიძლება გამოიცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, თუ პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად აღემატება იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა. ამდენად, ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილება წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს სამართლებრივად შებოჭილ თავისუფლებას, რომელიც შეზღუდულია საჯარო და კერძო ინტერესების შეპირისპირებით, ვინაიდან, ერთის მხრივ, აღნიშნული ისეთი უფლებამოსილებაა, რომელიც კანონმდებლობით არ არის შეზღუდული კონკრეტული მოწესრიგებით, თუმცა შეზღუდულია კანონით დადგენილი ნორმის მიზნითა და ფარგლებით.

 

სასამართლომ განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში, კონკურსანტის შეფასება საკონკურსო კომისიის დისკრეციულ უფლებამოსილებას წარმოადგენს და სასამართლო ადმინისტრაციული სამართალწარმოების ფარგლებში ვერ შეაფასებს დ---------------ის, როგორც სასტიპენდიო კონკურსში მონაწილე აპლიკანტის მიმართ კომისიის წევრების მიერ გაკეთებულ შეფასებებს/მისთვის დაწერილ ქულებს. სასამართლომ განმარტა, რომ გასაჩივრებული აქტების კანონიერების შემოწმების ფარგლებში შეფასების საგანს შეიძლება წარმოადგენდეს მხოლოდ ის გარემოება, განხორციელდა თუ არა კომისიის მიერ კონკურსის ჩატარება კანონით დადგენილი პროცედურული წესების დაცვით, ხოლო საკონკურსო კომისიის წევრების მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესში გამოთქმული მოსაზრებების ერთობლიობა და ამ მოსაზრებების შესაბამისი ქულის ასახვა თითოეულ კრიტერიუმთან მიმართებაში წარმოადგენს კომისიის დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მიმდინარე სამუშაო პროცესის ელემენტს და ვერ იქნება შეფასებული სასამართლოს მიერ.

 

სასამართლომ ყურადღება მიაქცია სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის 2017 წლის 28 აპრილის №14-17 ბრძანებით დამტკიცებულ სასტიპენდიო პროგრამაზე - „საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამები 2017-2018“, რომლითაც განისაზღვრა, რომ კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენისა და კონკურსის ჩატარებასთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხებზე გადაწყვეტილებას მიიღებდა საკონკურსო კომისია. ამდენად, კანონმდებელმა გადაწყვეტილების მიღებისათვის გაითვალისწინა შესაბამისი საკონკურსო კომისიის შექმნა და გადაწყვეტილების მიღება კომისიას მიანდო. მისი წევრების გადაწყვეტილებების მიზანშეწონილობის სასამართლო კონტროლი კი, სასამართლოს მოსაზრებით საკონკურსო კომისიის და შესაბამისად ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის არაეფექტურობას გამოიწვევს.

 

სასამართლომ განმარტა, რომ საკონკურსო კომისიის წევრების მიერ კონკურსანტის შეფასება ეფუძნება კომისიის თითოეული წევრის პირად პროფესიულ შეფასებას, შინაგან რწმენას და პირად აღქმას, რაც საკანონმდებლო რეგულაციის მიღმა არსებობს და იგი ვერ შეფასდება კანონთან მიმართებაში. სასამართლომ მიუთითა, რომ მოცემულ შემთხვევაში კომისიის ერთ-ერთმა წევრმა სწორედ საკუთარი პროფესიული შეფასების, შინაგანი რწმენისა და პირადი აღქმის საფუძველზე მიიჩნია, რომ არ ირკვეოდა/არ არსებობდა დ---------------ის პოზიცია აკადემიურ სფეროში მოღვაწეობის მიზნების შესახებ, რის გამოც აღნიშნულ კომპონენტში კონკურსანტი შეფასებული იქნა 0 ქულით. სასამართლომ განმარტა, რომ აღნიშნული გარემოება კომისიის წევრის მიერ არ წარმოადგენს შეფასების პროცედურული წესის დარღვევას, მან კონკურსანტი შეფასების ფორმით დადგენილი კრიტერიუმის მიხედვით შეაფასა და ჩათვალა, რომ დ---------------ის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის გათვალისწინებით, აკადემიურ სფეროში მოღვაწეობის მიზნების კომპონენტში, კომისიის მიერ დადგენილი შეფასების ქულათა სისტემის მიხედვით კონკურსანტს ეკუთვნოდა 0 ქულა, მაშინ როცა კომისიის სხვა წევრებმა ის 2, 5, 8 და 10 ქულებით შეაფასეს. სასამართლომ მიუთითა, რომ შესაძლებელია ერთი კონკურსანტი, ერთ კონკრეტულ კომპონენტში ათივე წევრმა განსხვავებული ქულით შეაფასოს, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ კომისიის რომელიმე წევრის შეფასება უკანონოა და არღვევს მოქმედი კანონმდებლობის ნორმებს. სასამართლომ განმარტა, რომ სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრმა სწორედ ამიტომ მიიღო გადაწყვეტილება საკონკურსო კომისიის შექმნის შესახებ, რომელიც უფლებამოსილი იქნებოდა კონკურსის ფარგლებში მიეღო სხვადასხვა გადაწყვეტილებები. ამასთან, კომისიის შემადგენლობა ათი, სხვადასხვა სფეროში მომუშავე, სხვადასხვა კვალიფიკაციისა და პროფესიული გამოცდილების მქონე პირებით განისაზღვრა. შესაბამისად, თუნდაც ერთი კომისიის წევრის მიერ გაკეთებული განსხვავებული შეფასება არ წარმოადგენს შეფასების ფორმის დარღვევას და სასამართლოს მიერ ვერ იქნება მიჩნეული პროცედურული ხასიათის დარღვევად.

 

სასამართლოს განმარტებით, კანონმდებლის მიერ კომისიისთვის დისკრეციული უფლებამოსილების მინიჭება თავის მხრივ არ გულისხმობს იმას, რომ კომისიას აქვს თვითნებობის უფლება და მისი საქმიანობა უკონტროლოა. სასამართლო მიუთითებს, რომ მართალია სასამართლო კონტროლი არ მოიცავს საკონკურსო კომისიის, როგორც კოლეგიური სტრუქტურული ერთეულის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიზანშეწონილობის შეფასებას, თუმცა სასამართლო უფლებამოსილია შეაფასოს ჰქონდა თუ არა ადგილი შეცდომას დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებაში და ამგვარი შეცდომის თავიდან აცილების შემთხვევაში, არსებობდა თუ არა სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღების ალბათობა. სასამართლომ განმარტა, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს, მისთვის მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, კანონმდებლობით განსაზღვრული ყველა კრიტერიუმის გამოკვლევის, შეფასებისა და ურთიერთშეჯერების ვალდებულება აქვს. აღნიშნული ვალდებულების დარღვევას კი, სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2017 წლის 28 ივნისის სხდომა (კონკურსის მეორე ეტაპი) წარიმართა კანონით დადგენილი პროცედურების დაცვით. ამასთან, საქმის მასალებით დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ კომისიის მიერ კონკურსის მეორე ეტაპზე დ---------------ის შეფასება განხორციელდა ამ ეტაპზე შეფასების ფორმით დადგენილი ყველა კრიტერიუმის შესაბამისად, პროცედურული ნორმების დაცვით და მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოება არ შეიძლება გახდეს მისთვის კონკრეტულ კრიტერიუმში მინიჭებული ქულის უკანონოდ მიჩნევის საფუძველი. სასამართლომ მიუთითა, რომ შესაძლოა დ---------------ეს ჰქონოდა წარდგენილი აკადემიურ სფეროში მოღვაწეობისა და მისი მიზნების შესახებ ინფორმაცია, თუმცა კომისიის ერთ-ერთმა წევრმა საკუთარი პროფესიული შეფასებისა და შინაგანი რწმენის საფუძველზე მიიჩნია, რომ კონკურსის მიზნებიდან გამომდინარე, ეს არ წარმოადგენდა აკადემიურ სფეროში მოღვაწეობის მიზნების შესახებ კონკურსანტის მიერ დაფიქსირებულ პოზიციას, შესაბამისად, მიზანშეწონილად არ იქნა მიჩნეული ამ კონკრეტულ კრიტერიუმში მოსარჩელის უფრო მაღალი ქულით შეფასება.

 

1.3.4. საქალაქო სასამართლომ მიუთითა სსიპ „განათლების საერთაშორისო ცენტრის სასტიპენდიო პროგრამების - „საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამები 2017-2018“ საკონკურსო კომისიის შემადგენლობისა და საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის 2017 წლის 09 ივნისის №21-17 ბრძანებით შექმნილი კომისიის 2017 წლის 16 ივნისის №1 ოქმზე, რომლის თანახმად, კონკურსის მე-3 ეტაპზე კონკურსანტთა შეფასების მიზნით, დამტკიცდა შეფასების კრიტერიუმები და ფორმები ამ ოქმის №2 დანართის შესაბამისად, რომლის მიხედვით კონკურსის მე-3 (გასაუბრების) ეტაპზე გასულ პირთა შეფასების კრიტერიუმები იყო: 1. მოტივაცია; 2. ანალიზის, ლოგიკური მსჯელობის და არგუმენტაციის უნარი; 3. ტოლერანტულობა, კეთილგანწყობა; 4. თვითშეფასება; 5. საზღვარგარეთ სწავლისათვის მენტალური და ფსიქოლოგიური მზაობა; 6. საზღვარგარეთ ქვეყნის პოზიტიურად პოპულარიზაციის ინტერესი და მზაობა; 7. აკადემიურ სფეროში მოღვაწეობის მიზნები. აღნიშნულ ეტაპზე პირველი 6 კომპონენტის შეფასება ხდებოდა ქულობრივი სპექტრით 0-5, ხოლო მე-7 კომპონენტის შეფასება - ქულობრივი სპექტრით - 0-10, კომისიის დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში.

 

სასამართლოს განმარტებით, მეორე სასარჩელო მოთხოვნით მოსარჩელე ითხოვს სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის 2017 წლის 7 აგვისტოს N-- სხდომის ოქმის ბათილად ცნობას. აღნიშნული ოქმი შედგენილი იქნა კონკურსის მესამე ეტაპზე დ---------------ესთან გასაუბრების შედეგად, სადაც კონკურსანტის შეფასებამ შეადგინა 27,9 ქულა.

 

მოცემულ შემთხვევაში სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის 2017 წლის 7 აგვისტოს N-- სხდომის ოქმის ბათილად ცნობის საფუძვლად დ---------------ე მიუთითებს იმ გარემოებებს, რომ გასაუბრების დროს მის მიმართ არ ყოფილა დასმული შეფასების კრიტერიუმებით დადგენილი ყველა კითხვა. ამასთან, აღნიშნავს, რომ კითხვები არ იქნა ასახული გასაუბრების შედეგად შედგენილ ოქმში.

 

სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის აღნიშნული არგუმენტაცია და მიუთითა სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის 2017 წლის 09 ივნისის №21-17 ბრძანებაზე, რომლითაც დამტკიცდა სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის სასტიპენდიო პროგრამის - „საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამები 2017-2018“-ის საკონკურსო კომისიის შემადგენლობა და საქმიანობის წესი. აღნიშნული ბრძანების 3.4 პუნქტის თანახმად, საკონკურსო კომისიის თითოეული წევრი ელექტრონული სისტემის მეშვეობით დამოუკიდებლად აფასებს კონკურსანტებს. გამარჯვებულის გამოსავლენად კომისია გადაწყვეტილებას იღებს კონკურსანტის მიერ ელექტრონული სისტემის მეშვეობით მიღებული ქულობრივი შეფასების საფუძველზე. ამავე ბრძანების მე-4 პუნქტის შესაბამისად, კომისიის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილება ფორმდება შესაბამისი ოქმით, რომელსაც ხელს აწერს კომისიის თავმჯდომარე.

 

სასამართლოს განმარტებით, განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის სადავოს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ 2017 წლის 7 აგვისტოს საკონკურსო კომისიამ დ---------------ესთან ჩაატარა გასაუბრება. ასევე დადგენილია, რომ გასაუბრების შესახებ ზემოაღნიშნული ბრძანების შესაბამისად შედგენილი იქნა ოქმი N--, რომელშიც მიეთითა კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება (დ---------------ე კონკურსის მესამე ეტაპზე შეფასდა 27.9 ქულით). ამასთან, ოქმი ხელმოწერილია კომისიის თავმჯდომარის მიერ. სასამართლო ყურადღებას მიაქცევს სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის 2017 წლის 09 ივნისის №21-17 ბრძანების მე-4 პუნქტზე, რომელიც არ ითვალისწინებს კომისიის სხდომაზე კონკურსანტისათვის დასმული კითხვებისა და პასუხების ოქმში ასახვას. ზემოაღნიშნულ პუნქტში მხოლოდ მითითებულია, რომ კომისიის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილება ფორმდება შესაბამისი ოქმით, რომელსაც ხელს აწერს კომისიის თავმჯდომარე, რაც მოცემულ შემთხვევაში აღნიშნული წესების დაცვით განხორციელდა. ამდენად, მოსარჩელე მხარის აპელირება იმ გარემოებაზე, რომ 2017 წლის 17 აგვისტოს N-- ოქმში მისთვის დასმული კითხვებისა და პასუხების არასახვა ოქმის ბათილად ცნობის საფუძველს წარმოადგენს, სასამართლომ უსაფუძვლოდ და დაუსაბუთებლად მიიჩნია. ამასთან, სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის 2017 წლის 09 ივნისის №21-17 ბრძანების 3.4 პუნქტის თანახმად, საკონკურსო კომისიის თითოეული წევრი ელექტრონული სისტემის მეშვეობით დამოუკიდებლად აფასებს კონკურსანტებს. გამარჯვებულის გამოსავლენად კომისია გადაწყვეტილებას იღებს კონკურსანტის მიერ ელექტრონული სისტემის მეშვეობით მიღებული ქულობრივი შეფასების საფუძველზე. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ კონკურსის მესამე ეტაპზე საკონკურსო კომისიის შვიდმა წევრმა დ---------------ე შეფასების ფორმით დადგენილ ცხრა კომპონენტში შეაფასა და ქულები ასახულ იქნა ელექტრონულ სისტემაში, რაც შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობას.

 

სასამართლომ ასევე არ გაიზიარა მოსარჩელე მხარის აპელირება იმ გარემოებაზე, რომ მას გასაუბრებისას კომისიის წევრებმა შეფასების ფორმით დადგენილი ცხრა კითხვიდან მხოლოდ ოთხი დაუსვეს, ხოლო ქულები ცხრავე კომპონენტში დაუწერეს, რაც 2017 წლის 7 აგვისტოს N-- ოქმის ბათილად ცნობის საფუძველია. სასამართლომ განმარტა, რომ გასაუბრების პროცედურა არ გულისხმობს კონკურსანტისათვის შეფასების ფორმით გაწერილი კითხვების სიტყვასიტყვით, ზუსტად დადგენილი ფორმულირებით დასმას. შეფასების ფორმაში არსად არ არის მითითებული, რომ კომისიის წევრები ვალდებულნი არიან კონკურსანტს ზუსტად ის კითხვები დაუსვან, ზუსტად იმ თანმიმდევრობით ან ფორმულირებით, როგორც ეს ფორმაშია მითითებული. აღნიშნული ფორმა მხოლოდ განსაზღვრავს იმ სავალდებულო ცხრა კრიტერიუმს, რომლის ფარგლებშიც კომისიის წევრები ვალდებულნი არიან შეაფასონ კონკურსანტის მიერ მიცემული განმარტებები. ამდენად, სასამართლომ მიუთითა, რომ ზემოაღნიშნული კრიტერიუმების შეფასების მიზნით, კომისიის წევრები არ არიან შეზღუდულნი დასვან ფორმაში მითითებული კითხვებისგან განსხვავებული ან დამაზუსტებელი კითხვები, რაც გასაუბრების ფორმატისთვის დამახასიათებელია და რაც კომისიის წევრების პირადი აღქმით საჭიროა რომელიმე კონკრეტული კომპონენტის ირგვლივ კონკურსანტის პოზიციის დასაფიქსირებლად, შემდგომში მისი შეფასების მიზნით. სასამართლოს განმარტებით, ის გარემოება, რომ შესაძლოა კომისიის წევრებმა კონკურსანტს არ დაუსვან შეფასების ფორმაში მითითებული კონკრეტული კითხვა ზუსტად იმ ფორმულირებით, როგორც ეს ფორმაშია აღწერილი, არ ადასტურებს იმ გარემოებას, რომ კონკურსანტის მიერ მიცემული განმარტებების ან თუნდაც სხვა კითხვებზე გაცემული პასუხების საფუძველზე, კომისიის წევრებს არ შეიძლება წარმოდგენა შეექმნათ სხვა კომპონენტის ირგვლივ კონკურსანტის პოზიციის შესახებ და ვერ შეძლონ მისი ამ კონკრეტული კრიტერიუმით შეფასება, მათთვის მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში. ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარის არგუმენტაცია ვერ გახდება გასაჩივრებული 2017 წლის 7 აგვისტოს N-- ოქმის ბათილად ცნობის საფუძველი, ვინაიდან კომისიის მხრიდან ადგილი არ აქვს კანონით დადგენილი გასაუბრების პროცედურის დარღვევას.

 

1.3.5. სასამართლომ მიუთითა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ პუნქტზე, რომლის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე.

 

სახელმწიფოს პასუხისმგებლობა მისი ორგანოების მიერ მიყენებული ზიანისათვის დადგენილია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის XIV თავის დებულებებით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე მუხლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი, ხოლო 208-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო.

 

დ---------------ე მესამე სასარჩელო მოთხოვნით ითხოვს დაეკისროს სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრს მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება 23 680 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში და 27 470,18 ლარი. მოსარჩელე მხარის განმარტებით, აღნიშნული ზიანი წარმოადგენს მატერიალური ხასიათის ზიანს და მოიცავს მგზავრობის ხარჯებს, სწავლის გადასახადს, საზღვარგარეთ ცხოვრების ხარჯებს (ბინის ქირა, კომუნალური გადასახადები და სხვა) და ბანკიდან აღებული სესხის საკომისიოს, სესხის პროცენტით, რომელიც მან აიღო საზღვარგარეთ ცხოვრებისა და სწავლის გაგრძელების მიზნით. დ---------------ე მიუთითებს, რომ აღნიშნული ზიანი მას გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით მიადგა და ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მოქმედი კანონმდებლობის ნორმების დაცვით აქტების გამოცემის შემთხვევაში, მას ეს ზიანი აღარ მიადგებოდა.

 

სასამართლომ მიუთითა, რომ იმ პირობებში, როცა სასამართლოს მიერ არ იქნა დადგენილი სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის 2017 წლის 28 ივნისის №2 და 2017 წლის 7 აგვისტოს N-- სხდომის ოქმების მიღებისას მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ კანონმდებლობის ნორმათა დარღვევის ფაქტი და არ არსებობს გასაჩივრებული აქტების ბათილად ცნობის საფუძველი, ამ ოქმების მოქმედებით მოსარჩელისთვის მიყენებული მატერიალური ზიანის ანაზღაურების შესახებ სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქალაქო სასამართლომ მიუთითა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლებზე და მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნის დარღვევას. შესაბამისად, არ არსებობს სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის 2017 წლის 28 ივნისის N- სხდომის ოქმის ნაწილობრივ (იმ ნაწილში, რომლითაც დ---------------ემ ვერ გადალახა კონკურსის მე-2 ეტაპი) ბათილად ცნობის, სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის 2017 წლის 7 აგვისტოს N-- სხდომის ოქმის ბათილად ცნობისა და მოპასუხისათვის მატერიალური ზიანის ანაზღაურების დაკისრების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები.

 

2. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

 

2.1. აპელანტის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ არ დაადგინა საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებები. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 1.0 ქულა მხოლოდ ინფორმაციის არარსებობის პირობებში უნდა დაწერილიყო; ერთ-ერთმა კომისიის წევრმა დაწერა 0 ქულა; სხვა კომისიის წევრები უმაღლეს შეფასებებს წერენ იგივე კრიტერიუმებში; გასაუბრების ეტაპზე კომისია საერთოდ არ შეხებია სავალდებულო 9 კრიტერიუმიდან (შეკითხვიდან) 5-ს. დანარჩენი ოთხიც საუბრის შინაარსიდან გამომდინარე იკვეთება და არა პირდაპირ დასმული შეკითხვის ფორმით; ცენტრს არ მოუმზადებია გასაუბრების ოქმი, ოქმით გაფორმდა მხოლოდ შედეგი. აპელანტის განმარტებით, სასამართლო საერთოდ არ მსჯელობს ცენტრის მიერ დროებითი განჩინების დარღვევაზე, კონკურსის გაუმჭვირვალობასა და ცენტრის წარმომადგენლის მიერ სასამართლოსთვის მიწოდებულ მცდარ ინფორმაციაზე. აღნიშნული დარღვევების შედეგად, აპელანტმა ვერ გადალახა კონკურსის მე-2 და მე-3 ეტაპები, რამაც გამოიწვია ზიანი. საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება აცდენილია საქართველოს უზენაესი სასამართლო პრაქტიკას, მათ შორის, უშუალოდ ცენტრის წინააღმდეგ, ანალოგიურ გარემოებებში მიღებულ საქმეებზე.

 

აპელანტის განმარტებით, სასამართლომ დაადგინა, რომ დისკრეციულ უფლებამოსილებაში ჯდება აპლიკანტისთვის 0 ქულის დაწერა, იმ პირობებში, როდესაც შეფასების ფორმა 0 ქულის დაწერას მხოლოდ ინფორმაციის არარსებობის შემთხვევაში ითვალისწინებს. ამასთანავე, სასამართლომ არ ჩათვალა მნიშვნელოვნად ის ფაქტი, რომ აპლიკანტს რამდენიმე კომისიის წევრმა იმავე კომპონენტში დაუწერა უმაღლესი ან უმაღლესთან მიახლოებული შეფასება. სასამართლო მიუთითებს, თითქოს კონკურსი ჩატარდა დადგენილი პროცედურული წესების დაცვით, ამასთანავე, იგი უარს აცხადებს კომისიის წევრების გადაწყვეტილების სასამართლო კონტროლზე, ვინაიდან სასამართლო კონტროლი, საკონკურსო კომისიის და შესაბამისად ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის არაეფექტურობას გამოიწვევს. აპელანტის განმარტებით, ადმინისტრაციული ორგანოს ქმედებების კონტროლზე სასამართლოს უარი წარმოადგენს მოსარჩელის სამართლიანი სასამართლოს უფლების შეზღუდვას. ამასთანავე,ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი ერთმნიშვნელოვნად ადგენს, რომ სასამართლომ უკანონოდ უნდა ცნოს აქტები, რომელთა გამოცემის პროცედურა არის დარღვეული, აქტები, რომლებიც შინაარსობრივად არის უკანონო და დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლების დარღვევით მიღებული აქტები (სზაკ-ის მე-6, მე-7, მე-601 მუხლები). სასამართლომ უგულველყო კანონის აღნიშნული მოთხოვნები. სასამართლომ აღნიშნა, რომ „კომისიის ერთ-ერთმა წევრმა სწორედ საკუთარი პროფესიული შეფასების, შინაგანი რწმენისა და პირადი აღქმის საფუძველზე მიიჩნია, რომ არ ირკვეოდა/არ არსებობდა დ---------------ის პოზიცია აკადემიურ სფეროში მოღვაწეობის მიზნების შესახებ, რის გამოც აღნიშნულ კომპონენტში კონკურსანტი შეფასებულ იქნა 0 ქულით“. სასამართლოს აღნიშნული პოზიცია უკანონო და ალოგიკურია. საჯარო კონკურსში წინასწარ დადგენილია შეფასების საერთო კრიტერიუმები ყველა კანდიდატისათვის. წინასწარ კრიტერიუმების განსაზღვრა ემსახურება ყველა აპლიკანტის ობიექტურობის და თანასწორობის საწყისებზე შეფასებას. როგორც კი რომელიმე კრიტერიუმი ირღვევა ერთ-ერთი აპლიკანტის მიმართ, ეს ავტომატურად იწვევს მისი ინტერესების დარღვევას და კონკურსიდან გამოთიშვას. მოსარჩელესთან დაკავშირებით კომისიამ უგულველყო შეფასების წინასწარ დადგენილი კრიტერიუმები და „პირადი აღქმის საფუძველზე“ მიიჩნია, რომ რეალურად წარდგენილი ინფორმაცია არ იყო წარდგენილი. უკანონო და აბსურდულია ფაქტის არსებობა-არარსებობა მიჩნეულ იქნას ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციის, მით უფრო „პირადი აღქმის“ საგნად.

 

აპელანტი მიუთითებს, რომ საქმეში წარმოდგენილი, ცენტრის მიერ წინასწარ დამტკიცებული შეფასების ფორმის თანახმად (ერთვის მოპასუხის კერძო საჩივარს) 10 ან 5 ქულიანი კომპონენტებში 0 ქულა იწერება მაშინ, როდესაც დასმულ შეკითხვაზე არ არსებობს კონკურსანტის პოზიცია. ამდენად, თუ არსებობს რაიმე სახით წარდგენილი პოზიცია, მაშინ 0 ქულის დაწერა არ შედის კომისიის წევრის დისკრეციაში. წინასწარ დადგენილი შეფასების ფორმები ზღუდავს კომისიის წევრს და ობიექტურ კრიტერიუმებს ადგენს. მოცემულ შემთხვევაში, აკადემიურ საქმიანობასთან დაკავშირებით, ვრცლად არის წარდგენილი მოსარჩელის პოზიცია სამოტივაციო წერილში. მითითებულია ის მიზნებიც, რომლებიც მოსარჩელეს გააჩნია ამ სფეროში. ამასთანავე, რეზიუმეში მითითებულია დეტალური ინფორმაცია მოსარჩელის აკადემიური საქმიანობის შესახებ, მათ შორის, ფაქტი, რომ მოსარჩელე სწავლობს სადოქტორო პროგრამაზე და ქართულ წამყვან სამართლის ჟურნალებში გამოქვეყნებული აქვს სტატიები. მოსარჩელეს რეკომენდაციას აძლევს მისი დისერტაციის ხელმძღვანელი, პროფესორი დავით კერესელიძე, რომელიც არის ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული პიროვნება აკადემიურ სფეროში. კერესელიძე ადასტურებს და ხაზს უსვამს მოსარჩელის აკადემიურ უნარ-ჩვევებს და საქმიანობას. ამდენად, აკადემიური საქმიანობა არამხოლოდ მოსარჩელის მიზანი იყო, არამედ იგი უკვე საქმიანობდა ამ მიმართულებით. ამ პირობებში, მითითება, რომ კომისიის წევრის „პირადი აღქმის საფუძველზე არ არსებობდა დ---------------ის პოზიცია აკადემიურ სფეროში მოღვაწეობის მიზნების შესახებ“, არის აშკარა უკანონობის გამართლება. საყურადღებოა, რომ კომისიის სხვა წევრებმა აღნიშნულ კომპონენტში შეფასება გააკეთეს მაქსიმალური ქულით (10), რაც ადასტურებს 0 ქულის დაწერის აბსურდულობას, აგრეთვე ადასტურებს იმ ფაქტს, რომ ინფორმაცია აკადემიურ საქმიანობასთან და მიზნებთან დაკავშირებით იმ ფორმით იყო წარდგენილი, რომ მაქსიმალურ შეფასებას იმსახურებდა. ამდენად, 0-ქულის დაწერის უფლება კომისიის წევრს არ ჰქონდა.

 

აპელანტის განმარტებით, სასამართლომ არ გამოითხოვა დეტალური ინფორმაცია კომისიის წევრების ვინაობისა და მათ მიერ დაწერილი ქულების შესახებ. არ იქნა გამოთხოვილი სხვა აპლიკანტების ანალოგიური ინფორმაციაც. ასეთ პირობებში, სასამართლოს არ ჰქონდა საფუძველი, დაედგინა კომისიის წევრების მიერ ქულების დაწერის მოტივი. არ არსებობს იმის განცხადების საფუძველი, რომ კომისიის წევრმა გადაწყვეტილება მიიღო საკუთარი პროფესიული შეფასების საფუძველზე. მითუფრო, იმ პირობებში, როდესაც კომისიის წევრმა ფაქტობრივად წარდგენილ ინფორმაციაზე თქვა, რომ წარდგენილი არ იყო. მოსარჩელე მთელი პროცესის მიმდინარეობისას მიუთითებდა სასამართლოს, რომ კონკურსი იყო მთლიანად გაუმჭვირვალე. მოსარჩელეს კომპონენტების მიხედვით ჩაშლილი ქულებიც კი არ გადასცეს, ვიდრე სასამართლომ არ დაავალა ცენტრს. ამის მიუხედავად, დღემდე უცნობია, რომელმა კომისიის წევრმა რა ქულა დაწერა თითოეულ კომპონენტში. აღნიშნული ინფორმაცია მნიშვნელოვანია ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის საფუძვლების დასადგენადაც. აღნიშნულიდან გამომდინარე, ნათელია, რომ მოპასუხემ უხეშად დაარღვია კონკურსის პირობები, რის შედეგადაც მოსარჩელე ვერ გადავიდა მესამე ეტაპზე. მოსარჩელე ვერ მოხვდა 20 წარმატებულ აპლიკანტთა სიაში და გავიდა 21-ე ადგილზე.

 

2.2. აპელანტი მიუთითებს, რომ მას შემდეგ, რაც მოსარჩელე გამოეთიშა კონკურსს, ზემოაღნიშნული უკანონო საფუძვლით, მან მოითხოვა დეტალური ინფორმაცია ცენტრიდან. ცენტრმა მოსარჩელეს არ გადასცა მისივე ქულების შესახებ ინფორმაცია, შესაბამისად, მოსარჩელემ მიმართა სასამართლოს და მოითხოვა დროებითი განჩინების მიღება. სასამართლომ მიიღო დროებითი განჩინება, რომლითაც ცენტრს დაევალა, არაუგვიანეს 4 აგვისტოსი, ჩაეტარებინა გასაუბრება. აღნიშნულის მიუხედავად, ცენტრმა არ დანიშნა გასაუბრება სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში, ხოლო ამის შემდეგ, მცდარი გარემოებების მითითებით, სცადა გაემართლებინა დადგენილ დროში გასაუბრების ჩატარებაზე უარის თქმა. მოპასუხე სასამართლო სხდომაზეც ამტკიცებდა, თითქოს ცენტრს დ---------------ისათვის უსაფუძვლოდ გასაუბრების ჩატარებაზე უარი არ განუცხადებია. ამის შემდეგ, სხდომაზე მოსმენილ იქნა სატელეფონო საუბრის ჩანაწერი, საიდანაც ცალსახად დასტურდება, რომ ცენტრმა განზრახ მცდარი ინფორმაცია მიაწოდა სასამართლოს, ამავდროულად, დაარღვია დროებითი განჩინება. აღნიშნულ საკითხს არავითარი რეაგირება არ მოჰყოლია სასამართლოს მხრიდან. ცენტრის მიერ განჩინების შეუსრულებლობის გამო, გასაუბრება ჩატარდა სკაიპით, ამერიკაში ჩაფრენიდან მოკლე დროში, აშშ-ის დროით დილის 6 საათზე. ძილის რიტმის დარღვევის და 28 საათიანი ფრენის გათვალისწინებით, გასაუბრება წარიმართა ყველაზე უფრო არახელსაყრელ პირობებში. მიუხედავად ამისა, აპელანტის განმარტებით, 9 კითხვიდან დასმულ 4 შეკითხვაზე შეძლო ცენტრისათვის ამომწურავი პასუხების გაცემა. საქმეში წარმოდგენილია გასაუბრების აუდიოჩანაწერი, რომელიც მოსარჩელემ გააკეთა კომისიის წევრების თანხმობით. რომ არა ეს ჩანაწერი, ვერ დადგინდებოდა ის ფაქტი, რომ კომისია მხოლოდ 4 სავალდებულო საკითხთან დაკავშირებით ესაუბრა მოსარჩელეს. მიუხედავად იმისა, რომ უკვე არაერთი გადაწყვეტილება არსებობს ცენტრის საწინააღმდეგოდ, რომელიც ავალებს მას, რომ შეადგინოს გასაუბრების ოქმები, მოპასუხე არ ასრულებს სასამართლოს მითითებას და ინარჩუნებს გაუმჭვირვალე სისტემას.

 

აპელანტის განმარტებით, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ კომისიის მხრიდან მხოლოდ შედეგების გაფორმება საკმარისია და ოქმის შედგენა არ იყო აუცილებელი. აღნიშნული განმარტება ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს დადგენილ პრაქტიკას. უზენაესმა სასამართლომ არაერთხელ დაადგინა, რომ გასაუბრების ჩატარების დროს კომისიამ უნდა შექმნას ოქმი, რომელიც დატოვებს ობიექტურად შეფასების შესაძლებლობას. მხოლოდ ქულების დაწერა საკმარისი არ არის. (სუს Nბს-415-394(კ-07), Nბს-362-362(კ-18), Nბს-167-166 (კ-16) გადაწყვეტილებები).

 

სასამართლოს მითითებით, კომისიის შვიდმა წევრმა დ---------------ე შეფასების ფორმით დადგენილ ცხრა კომპონენტში შეაფასა (მიუხედავად იმისა, რომ 9-დან 5 საკითხი არ ყოფილა განხილული), რაც შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობას. სასამართლო ადგენს, რომ არსებობს შესაძლებლობა, კომისიის წევრებს, არდასმულ 5 საკითხზე მოსარჩელის პასუხებზე წარმოდგენა შექმნოდათ განხილული 4 საკითხის საფუძველზე. აღნიშნული მსჯელობა არამხოლოდ უკანონო, არამედ არალოგიკური და გაუგებარია. რისთვის არსებობს წინასწარ დადგენილი კრიტერიუმები, თუ ერთი საკითხიდან 9 დასკვნის გაკეთება შესაძლებელია? სხვა კონკურსანტებთან მიმართებაში როგორ გაკეთდება ობიექტური შეფასება, თუ ერთი და იგივე საკითხებზე არ ხდება გასაუბრებაზე მსჯელობა? შეუძლებელია განხილული 4 საკითხიდან რაიმე ფორმით შეფასდეს აპლიკანტის პოზიცია იმ საკითხებზე, რომლებსაც არაპირდაპირაც არ შეხებიან კომისიის წევრები. მაგალითად, შეუძლებელია რაიმე დასკვნის გაკეთება შეკითხვაზე: რა ინფორმაცია გაქვთ საქართველოს და შერჩეული ქვეყნის ურთიერთობების შესახებ? სად ხედავთ თქვენს როლს ამ ურთიერთობაში, როგორც საერთაშორისო სტუდენტი? (ქვეყნის პოპულარიზაციის ინტერესი და მზაობა); რა სირთულეებს და გამოწვევებს მოელით საზღვარგარეთ სწავლისას უცხო გარემოში ცხოვრების პერიოდში? (მენტალური ფსიქოლოგიური მზაობა); დაგვისახელეთ და აღგვიწერეთ თქვენი ძლიერი და სუსტი მხარეები (თვითშეფასება) და ა.შ. საყურადღებოა, რომ თითოეული შეკითხვის დასმას აქვს თავისი მიზანი, კონკურსის პირობების გათვალისწინებით. თუ აღნიშნული საკითხები არ არის განხილული თითოეულ აპლიკანტთან მიმართებაში, ირღვევა კონკურსის პირობები და იმ აპლიკანტს, რომელსაც არ ეძლევა შესაძლებლობა, წარადგინოს პოზიცია, არარსებული კრიტერიუმით აფასებენ. სასამართლო ყოველგვარი საფუძვლის გარეშე მიუთითებს, რომ კომისიის წევრებს წარმოდგენა შეექმნათ ამა თუ იმ საკითხზე ამა თუ იმ საფუძვლით. სასამართლომ იმ პირობებში გააკეთა შეფასება, როდესაც კომისიას არ გაუფორმებია შესაბამისი ოქმი, არ იქნა გამოთხოვილი კონკრეტული მტკიცებულებები და არ დაკითხულან მოწმეები.

 

2.3. აპელანტის განმარტებით, რაც შეეხება ზიანის ანაზღაურების მოთხოვნას, ვინაიდან გასაჩივრებული აქტებით უხეშად არის დარღვეული კანონმდებლობა, სასამართლო პრაქტიკა (მათ შორის, ცენტრის მიმართ იდენტურ გარემოებებში მიღებული გადაწყვეტილებებით დადგენილი მოთხოვნები) და მოსარჩელის უფლებები, უკანონოა ზიანის ანაზღაურებაზე უარიც. საქმეში წარმოდგენილია ყველა მტკიცებულება, რომლებითაც დასტურდება ზიანის ყველა ელემენტის არსებობა (მართლწინააღმდეგობა, ბრალი, ზიანის ოდენობა, მიზეზობრივი კავშირი (მოსარჩელე მიიღებდა დაფინანსებას, რომ არა მოპასუხის უკანონო ქმედებები)).

 

2.4. აპელანტი ასევე ითხოვს თბილისის საქალაქო სასამართლოს 03.07.2018წ. საოქმო განჩინებების გაუქმებას, რომლებითაც მას უარი ეთქვა საქმეზე მტკიცებულებათა გამოთხოვასა და მოწმეთა დაკითხვაზე. აპელანტის მოსაზრებით, აღნიშნული შუამდგომლობების დაკმაყოფილების შედეგად მიღებული ინფორმაციით დადგინდებოდა, რომ რამდენიმე კომისიის წევრმა განზრახ ხელყო მოსარჩელის ინტერესები, მოსარჩელე მიიღებდა დაფინანსებას, რომ არა უკანონო და გაუმჭვირვალე კონკურსი.

 

3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების დასაბუთება

 

3.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები ნაწილობრივ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების შემადგენლობას, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, როდესაც არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძვლები (სსკ-ის 394-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევები), სააპელაციო სასამართლოს შეუძლია თვითონ გამოიტანოს გადაწყვეტილება, რა დროსაც სსსკ-ის 386-ე მუხლის მიხედვით გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

3.2. სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს მთავრობის 24.04.2015წ. №183 დადგენილებით შეიქმნა საჯარო სამართლის იურიდიული პირი - განათლების საერთაშორისო ცენტრი, რომელიც ჩაითვალა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის განათლების საერთაშორისო ცენტრის (სამსახურის) უფლებამონაცვლედ.

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 30 დეკემბრის №180/ნ დადგენილებით დამტკიცდა საჯარო სამართლის იურიდიული პირის - განათლების საერთაშორისო ცენტრის დებულება, რომლის თანახმად, განათლების საერთაშორისო ცენტრი შექმნილია საერთაშორისო სასწავლო აკადემიური პროგრამების განვითარების და საერთაშორისო აკადემიური თანამშრომლობის ხელშეწყობის მიზნით, რაც ემსახურება საქართველოს როგორც საჯარო, ისე კერძო სფეროში დასაქმებული კვალიფიციური კადრების მომზადებას. დებულების მეორე მუხლის „ა“ პუნქტის თანახმად, ცენტრის ფუნქციებში შედის საქართველოს მოქალაქეების, ან პირადობის ნეიტრალური მოწმობისა და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელების უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ, უცხო ქვეყნის სხვადასხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამებზე განათლების მიღების ხელშეწყობა.

 

საქართველოს მთავრობის 2016 წლის 22 აპრილის №201 დადგენილებით დამტკიცდა „სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის პროგრამა”, რომელიც განსაზღვრავს ცენტრის მიერ გრანტის გაცემის წესსა და ზოგად პირობებს. აღნიშნული პროგრამის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის 2.1 მუხლის თანახმად, პროგრამა ხელს უწყობს საქართველოს მოქალაქეთა ან პირადობის ნეიტრალური მოწმობისა და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელთა მიერ: ა) საზღვარგარეთ უმაღლესი განათლების მე-2 და მე-3 საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამებზე განათლების მიღებას; ბ) საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ამაღლებას; გ) ამ პროგრამის საფუძველზე დამტკიცებული შესაბამისი სასტიპენდიო პროგრამების ფარგლებში დაფინანსებულ კურსდამთავრებულთა თანამშრომლობას.

 

დადგენილია, რომ სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის 28.04.2017წ. №14-17 ბრძანებით დამტკიცდა სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის სასტიპენდიო პროგრამა -„საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამები 2017-2018“, N1 დანართის შესაბამისად და აღნიშნული პროგრამის განხორციელების მიზნით, გამოცხადდა სასტიპენდიო კონკურსი. ბრძანებით განისაზღვრა, რომ კონკურსანტთა მიერ განაცხადების წარდგენა უნდა მომხდარიყო ცენტრის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ინტეგრირებულ ელექტრონულ სარეგისტრაციო სისტემაში - https://app.iec.gov.ge, ელექტრონული განაცხადის ფორმის შევსებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის ატვირთვის გზით. მითითებული ბრძანების N1 დანართის მიხედვით, სასტიპენდიო პროგრამის საშუალებით, საქართველოს მოქალაქეებსა და პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელებს მიეცათ შესაძლებლობა, მოეპოვებინათ დაფინანსება და სწავლა გაეგრძელებინათ საზღვარგარეთ მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამებზე, ამ პროგრამის ფარგლებში პრიორიტეტულად განსაზღვრულ პროგრამულ მიმართულებებზე /სპეციალობებზე. პრიორიტეტულ პროგრამულ მიმართულებებს/სპეციალობებს შორის იყო სამართალი. დანართის მიხედვით, დაფინანსება გაიცემოდა კონკურსის წესით.

 

მითითებული პროგრამით განისაზღვრა, რომ კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენასა და კონკურსის ჩატარებასთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხებზე გადაწყვეტილებას მიიღებდა საკონკურსო კომისია, რომელიც შეიმუშავებდა და დაამტკიცებდა კონკურსანტების შეფასების კრიტერიუმებსა და შეფასების ფორმებს. საკონკურსო კომისია ელექტრონული განაცხადისა და თანდართული დოკუმენტაციის შეფასებას მოახდენდა შეფასების ელექტრონული სისტემის მეშვეობით. ქულების მაქსიმალურ რაოდენობად განისაზღვრა 100 (+დამატებითი ბონუს) ქულა, აქედან: ელ. განაცხადის შეფასებისას, მაქსიმუმ 50 ქულა; გასაუბრების შეფასებისას, მაქსიმუმ 50 ქულა და დამატებითი ბონუს ქულა - მაქსიმუმ 3 (სოციალურად დაუცველის, შშმ პირის, იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის მქონე პირებს), ერთი სტატუსისთვის 1 ქულა. კონკურსი შედგებოდა სამი ეტაპისაგან: პირველი ეტაპი გულისხმობდა ელექტრონული განაცხადისა და შესაბამისი დოკუმენტაციის ადმინისტრაციულ (ფორმალურ) შემოწმებას. მეორე ეტაპი ითვალისწინებდა კომისიის მიერ ელექტრონული განაცხადისა და თანდართული დოკუმენტაციის შინაარსობრივ შეფასებას, რომლის საფუძველზეც, კონკურსანტი უნდა გადასულიყო კონკურსის მე-3 ეტაპზე, შესაბამისი ქულის დადგენის შემთხვევაში (აღნიშნულ ეტაპზე კონკურსანტს შეეძლო მაქსიმუმ 50 ქულის დაგროვება). მესამე ეტაპი გულისხმობდა კომისიასთან გასაუბრებას. აღნიშნულ ეტაპზე კონკურსანტს შეიძლებოდა დაეგროვებინა მაქსიმუმ 50 ქულა.

 

სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის 09.06.2017წ. №21-17 ბრძანებით განისაზღვრა ზემოაღნიშნული პროგრამის საკონკურსო კომისიის შემადგენლობა და დამტკიცდა კომისიის საქმიანობის წესი. აღნიშნული კომისიის 16.06.2017წ. №1 ოქმით, კონკურსის მეორე ეტაპზე კონკურსანტთა შეფასების მიზნით, დამტკიცდა შეფასების კრიტერიუმები და ფორმები ამ ოქმის №2 დანართის შესაბამისად, რომლის მიხედვით კონკურსის მე-2 (შინაარსობრივი შეფასების) ეტაპზე გასულ პირთა შეფასების კრიტერიუმები იყო - 1. მოტივაცია, 2. მიმართულების/დარგის ცოდნა, 3. გამოცდილება, 4. საზოგადოებრივი ხედვა, 5. აკადემიურ სფეროში მოღვაწეობის მიზნები. აღნიშნული შეფასების ფორმებით ასევე დადგინდა, რომ ოთხი კრიტერიუმის (მოტივაცია, მიმართულების/დარგის ცოდნა, გამოცდილება, საზოგადოებრივი ხედვა) შეფასება ხორციელდებოდა კომისიის წევრების მიერ ქულობრივი სპექტრით 0-5 ქულამდე, ხოლო მეხუთე კრიტერიუმის (აკადემიურ სფეროში მოღვაწეობის მიზნები) შეფასება ხდებოდა 0-10 ქულამდე, დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში. საბოლოო შედეგად, განსაზღვრული იყო ყოველ საფეხურზე მიღებულ საშუალო ქულათა ჯამი.

 

დადგენილია, რომ დ---------------ემ მონაწილეობა მიიღო სასტიპენდიო პროგრამა „საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამები 2017-2018“-ის ფარგლებში გამოცხადებულ კონკურსში, წარადგინა ელექტრონული განაცხადი ცენტრის ელექტრონულ მისამართზე და განცხადების განხილვის მიზნით, ატვირთა დოკუმენტაცია. დ---------------ემ გადალახა კონკურსის პირველი ეტაპი, რაც გულისხმობდა ელექტრონული განაცხადისა და შესაბამისი დოკუმენტაციის ადმინისტრაციულ (ფორმალურ) შემოწმებას დადგენილ საკონკურსო მოთხოვნებთან, ხოლო მეორე ეტაპზე მისმა შეფასებამ შეადგინა 32,4 ქულა და სამართლის მიმართულებაში იგი რეიტინგით 21-ე ადგილზე აღმოჩნდა. ამდენად, ვინაიდან სამართლის მიმართულებით 37 კონკურსანტიდან საუკეთესო შედეგის მქონე 20 კონკურსანტი შეირჩა გასაუბრების ეტაპისთვის, დადგენილი კვოტების გათვალისწინებით, მოსარჩელე არ იქნა დაშვებული მესამე ეტაპზე - გასაუბრებაზე.

 

28.06.2017წ. საოქმო გადაწყვეტილებით ზემოაღნიშნულმა კომისიამ დაადგინა, რომ სასტიპენდიო პროგრამის - „საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამები 2017-2018“ ფარგლებში კონკურსის მესამე ეტაპზე კომისიასთან გასაუბრების მიზნით, მიწვეულიყო ყველა კონკურსანტი, რომლებიც კონკურსის მეორე ეტაპზე შეფასდნენ შინაარსობრივად პრიორიტეტულად განსაზღვრულ შემდეგ მიმართულებებზე/სპეციალობებზე: განათლება, ინჟინერია, არქიტექტურა, აგრარული მიმართულებები, საბუნებისმეტყველო მეცნიერებანი, საჯარო მმართველობა და ჰუმანიტარული მეცნიერებები, ხოლო კონკურსის მესამე ეტაპზე - გასაუბრებაზე გადასული კონკურსანტები გამოვლინდებოდნენ კვოტირების წესით შემდეგ მიმართულებაზე/სპეციალობაზე: სამართალი - საუკეთესო შედეგის მქონე 20 კონკურსანტი 37 კონკურსანტიდან; სოციალური მეცნიერებები - საუკეთესო შედეგის მქონე 25 კონკურსანტი 49 კონკურსანტიდან; მენეჯმენტი - საუკეთესო შედეგის მქონე 10 კონკურსანტი 21 კონკურსანტიდან.

 

მოსარჩელე სადავოდ ხდის 28.06.2017წ. საოქმო გადაწყვეტილებას იმ ნაწილში, რომლითაც დ---------------ემ ვერ გადალახა კონკურსის მე-2 ეტაპი. მოსარჩელის მოსაზრებით, კონკურსის მეორე ეტაპზე მისი შეფასება განხორციელდა სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის 16.06.2017წ. N1 ოქმით დამტკიცებული შეფასების ფორმის დარღვევით.

 

სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6 მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განახორციელოს დისკრეციული უფლებამოსილება მხოლოდ იმ მიზნით, რომლის მისაღწევადაც მინიჭებული აქვს ეს უფლებამოსილება. ხოლო მე-7 მუხლის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას არ შეიძლება გამოიცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, თუ პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად აღემატება იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა. ამრიგად, ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილება წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს სამართლებრივად შებოჭილ თავისუფლებას, რომელიც შეზღუდულია საჯარო და კერძო ინტერესების შეპირისპირებით, ვინაიდან, ერთის მხრივ, აღნიშნული ისეთი უფლებამოსილებაა, რომელიც კანონმდებლობით არ არის შეზღუდული კონკრეტული მოწესრიგებით, თუმცა შეზღუდულია კანონით დადგენილი ნორმის მიზნითა და ფარგლებით.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის 09.06.2017წ. №21-17 ბრძანებით შექმნილი საკონკურსო კომისია წარმოადგენს კანონის საფუძველზე შექმნილ კოლეგიურ ორგანოს, რომელიც თავისი საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კანონმდებლობით. იგი დამოუკიდებლად ახორციელებს თავის საქმიანობას კანონმდებლობის დაცვით, მის საქმიანობაში ჩაურევლობის პრინციპით. ამდენად, სასამართლოს მხრიდან შეფასების საგანს შეიძლება წარმოადგენდეს კომისიის მიერ კონკურსის ჩატარება დადგენილი წესის დარღვევით, ხოლო საკონკურსო კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესში გამოთქმული მოსაზრებების ერთობლიობა და ამ მოსაზრებების შესაბამისი ქულის ასახვა თითოეულ კრიტერიუმთან მიმართებაში წარმოადგენს კომისიის დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მიმდინარე სამუშაო პროცესის ელემენტს, საბოლოო შედეგების შეჯამებამდე.

 

აპელანტი მიუთითებს, რომ კომისიის ერთმა წევრმა მას ,,აკადემიურ სფეროში მოღვაწეობის მიზნების“ შეფასების კრიტერიუმში დაუწერა 0 ქულა იმ პირობებში, როდესაც მას აკადემიურ სფეროში მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია დაფიქსირებული ჰქონდა წარდგენილ დოკუმენტებში. აპელანტის განმარტებით, 16.06.2017წ. №1 ოქმით დამტკიცებული შეფასების ფორმის შესაბამისად, კომისიის წევრს 0 ქულის დაწერა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეეძლო, თუ დასმულ კითხვაზე არ არსებობდა კონკურსანტის პოზიცია. შეფასების ფორმა 0 ქულის დაწერას მხოლოდ ინფორმაციის არარსებობის შემთხვევაში ითვალისწინებდა.

 

სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ საკონკურსო კომისიის ცალკეული წევრი, კომპეტენციის შესაბამისად, საკუთარი შეხედულებისამებრ, დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში აფასებს კონკურსანტს თითოეულ კომპონენტთან მიმართებაში. ამასთანავე, შეფასება უნდა ეყრდნობოდეს შესაბამის ფაქტობრივ საფუძველს. პალატის მოსაზრებით, იმ პირობებში, როდესაც საქმის მასალებით დასტურდება კომისიისათვის აკადემიურ სფეროში მოღვაწეობის მიზნებთან დაკავშირებული ინფორმაციის წარდგენა მოსარჩელის მიერ, კომისიის ერთ-ერთი წევრის მხრიდან 0 ქულით შეფასება სადავო კომპონენტში სცდება გონივრულობის ფარგლებს. სააპელაციო პალატა მნიშვნელოვნად მიიჩნევს იმ გარემოებასაც, რომ სადავო კომპონენტში, მოსარჩელე მხოლოდ ერთი კომისიის წევრის მხრიდან შეფასდა 0 ქულით, ამასთანავე, ერთ-ერთი კომისიის წევრი, ამ კომპონენტში მოსარჩელეს აფასებს 10 ქულით, რაც წარმოადგენს შეფასების ზღვარის მაქსიმუმს ამ კომპონენტში. პალატა მართებულად მიიჩნევს აპელანტის მსჯელობას და განმარტავს, რომ 0 ქულის დაწერა თავისთავად უკავშირდება შემთხვევას, როდესაც საერთოდ შეუძლებელია რაიმე სახის ინფორმაციის დადგენა კონკრეტულ კრიტერიუმთან მიართებაში. პალატის მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში, შეიძლებოდა ადგილი ჰქონოდა მხოლოდ აკადემიურ სფეროში მოღვაწეობის მიზნების შესახებ პოზიციის გაურკვევლობას, ვინაიდან საქმის მასალებით დადგენილია, რომ ადგილი არ ჰქონია მოსარჩელის მხრიდან პოზიციის წარუდგენლობას. ამდენად, კომისიის წევრის მხრიდან შეფასებას შეიძლებოდა დაქვემდებარებოდა მხოლოდ კონკურსანტის მიერ დაფიქსირებული პოზიციის გარკეულობის ხარისხი, რაც გონივრულო პირობებში გამორიცხავს 0 ქულით შეფასების შესაძლებლობას.

 

3.3. განსახილველ საქმეზე ასევე სადავოა სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის 07.08.2017წ. N-- საოქმო გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, კონკურსის მესამე ეტაპზე დ---------------ის შეფასებამ შეადგინა 27,9 ქულა, შესაბამისად, მან გასაუბრების ბოლო ეტაპი - გასაუბრება ვერ გადალახა. ოქმის შინაარსით დგინდება, რომ სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში, დ---------------ემ ვერ გადალახა კონკურსის მეორე ეტაპი, რაც გულისხმობს ელექტრონული განაცხადის შინაარსობრივ შეფასებას, კერძოდ, კომისიის 28.06.2017წ. N- საოქმო გადაწყვეტილებით, სამართლის მიმართულებაზე, კონკურსის მე-3 ეტაპზე გადავიდა საუკეთესო რეიტინგის მქონე 20 კონკურსანტი. აღნიშნულ მიმართულებაზე სრულყოფილი განაცხადი წარდგენილი ჰქონდა სულ 37 კონკურსანტს. მიღებული ქულის მიხედვით (32.4) დ---------------ემ დაიკავა 21-ე სარეიტინგო ადგილი. ცენტრს დაევალა საქალაქო სასამართლოს 21.07.2017წ. დროებითი განჩინების საფუძველზე, დ---------------ის დაშვება გასაუბრების ეტაპზე. კომისიამ კონკურსის მესამე ეტაპზე - გასაუბრებაზე დ---------------ის შეფასება აწარმოა 2017 წლის 16 ივნისის N1 ოქმით დამტკიცებული შეფასების ფორმების მეშვეობით. დ---------------ის გასაუბრების ეტაპის შედეგია - 27,9 ქულა.

 

სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53.1 მუხლის თანახმად, წერილობითი ფორმით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას. 53.4 მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას. 53.5 მუხლის თანახმად კი, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.

 

პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის 07.08.2017წ. N-- საოქმო გადაწყვეტილება არ შეიცავს სათანადო დასაბუთებას მოსარჩელესთან გასაუბრების შედეგების თაობაზე. ადმინისტრაციული ორგანო მიუთითებს, რომ შეფასებისას იხელმძღვანელა 2017 წლის 16 ივნისის N1 ოქმით დამტკიცებული შეფასების ფორმების მეშვეობით, თუმცა იმ პირობებში, როდესაც აღნიშნული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, გაურკვეველია იმ ფაქტობრივი გარემოებების ერთობლიობა, რომლებსაც არსებითი მნიშვნელობა მიენიჭა საბოლოოდ მოსარჩელისათვის 27,9 ქულის განსაზღვრას და სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.

 

3.4. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლი ადმინისტრაციულ ორგანოს ავალდებულებს ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი.

 

ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, დადგენილად უნდა იქნეს მიჩნეული დ---------------ესთან მიმართებაში სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა საკონკურსო კომისიის მიერ კონკურსის ჩატარებისათვის დადგენილი წესის დარღვევით, რის გამოც, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის 28.06.2017წ. N- სხდომი ოქმი, იმ ნაწილში, რომლითაც დ---------------ემ ვერ გადალახა კონკურსის მეორე ეტაპი, ასევე სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის 07.08.2017წ. N-- სხდომის ოქმი და უნდა დაევალოს მოპასუხეს, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემა.

 

3.5. სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე მუხლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი. ამავე კოდექსის 208.1 მუხლის თანახმად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო.

 

მოსარჩელის მოთხოვნას ასევე წარმოადგენს სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრება, 23 680 აშშ დოლარის (ექვივალენტი ლარში) და 27 470,18 ლარის ოდენობით. აღნიშნულ მოთხოვნას მოსარჩელე უკავშირებს გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების უკანონობას და მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მოქმედი კანონმდებლობის ნორმების დაცვით აქტების გამოცემის შემთხვევაში, მას ეს ზიანი აღარ მიადგებოდა.

 

სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ იმ პირობებში, როდესაც სადავო საკითხის გადაუწყვეტლად იქნა ბათილად ცნობილი გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები და მათი შესაძლო უკანონობის დადგენა უკავშირდება მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან სადავო საკითხის ხელახლა შეფასებასთან, ამ ეტაპზე არ არსებობს სადავო აქტების მოქმედებით მოსარჩელისთვის მიყენებული მატერიალური ზიანის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

3.6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს განხილვის საგანი შეიძლება იყოს აგრეთვე სასამართლოს ის განჩინებები, რომლებიც გამოტანილია საქმის პირველ ინსტანციაში განხილვასთან დაკავშირებით და რომლებიც წინ უსწრებს სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანას, იმისაგან დამოუკიდებლად, დასაშვებია თუ არა მათ მიმართ კერძო საჩივრის შეტანა.

 

აპელანტი სადავოდ ხდის თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 03.07.2018წ. საოქმო განჩინებებს, რომლებიც შეეხება მტკიცებულებების გამოთხოვისა და მოწმეთა დაკითხვის შესახებ შუამდგომლობების დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.

 

სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.1 მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ხოლო 102.2 მუხლის შესაბამისად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე კოდექსის 103.1 მუხლის თანახმად, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. სასამართლოს შეუძლია შესთავაზოს მხარეებს წარმოადგინონ დამატებითი მტკიცებულებები. 103.2 მუხლის თანახმად კი, თუ მხარეებმა ამა თუ იმ მიზეზით ვერ შეძლეს მტკიცებულებების უშუალოდ მიღება და სასამართლოში წარდგენა, მხარეთა შუამდგომლობით სასამართლოს შეუძლია თვითონ გამოითხოვოს მტკიცებულებები, ვისთანაც უნდა იყოს ისინი. 104.1 მუხლის თანახმად, სასამართლო არ მიიღებს, არ გამოითხოვს ან საქმიდან ამოიღებს მტკიცებულებებს, რომლებსაც საქმისათვის მნიშვნელობა არა აქვთ.

 

მითითებული კოდექსის 134.3 მუხლის თანახმად, წერილობითი მტკიცებულების გამოთხოვის თაობაზე შუამდგომლობის აღმძვრელი პირი ვალდებულია დაასაბუთოს, თუ საქმისთვის მნიშვნელოვანი რა გარემოების დადგენა შეიძლება ამ მტკიცებულებით და რას ეფუძნება მისი ვარაუდი, რომ მტკიცებულება მის მიერ მითითებული პირის ხელთაა. 134.4 მუხლის თანახმად კი, წერილობითი მტკიცებულების გამოთხოვაზე უარის თქმა სასამართლომ უნდა დაასაბუთოს თავის განჩინებაში, რომელიც ცალკე არ გასაჩივრდება.

 

ამავე კოდექსის 140.1 მუხლის შესაბამისად, მოწმედ შეიძლება იყოს ყოველი პირი, რომლისთვისაც ცნობილია რაიმე გარემოება საქმის შესახებ, ხოლო 140.4 მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია უარი თქვას გამოძახებული მოწმის დაკითხვაზე ან არ გამოიძახოს იგი, თუ ცნობს, რომ გარემოებებს, რომელთა დასადასტურებლადაც იძახებენ მოწმეს, არა აქვთ რაიმე მნიშვნელობა საქმის არსებითად გადაწყვეტისათვის.

 

სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელე მხარემ ვერ დაასაბუთა, თუ რას ეფუძნებოდა მისი ვარაუდი, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების გარდა, სხვა დოკუმენტების გამოთხოვის აუცილებლობის შესახებ. პალატის მოსაზრებით, სადავო საკითხის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებები საქმეზე სრულად არის წარმოდგენილი, ამასთანავე, მხარეს არ შეზღუდვია უფლება, სასამართლოში საქმის მიმდინარეობისას გამოეთქვა მოსაზრებები, დაეფიქსირებინა პოზიცია შესაბამის მტკიცებულებებთან მიმართებაში. გარდა ამისა, აპელანტმა ვერ დაასაბუთა, საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე რა გარემოების დადასტურება შეეძლოთ მოწმეებს, რომელთა დაკითხვის შესახებაც შუამდგომლობდა. ამდენად, საქალაქო სასამართლომ 03.07.2018წ. საოქმო განჩინებებით სწორად დაადგინა, რომ არ არსებობდა შესაბამისი შუამდგომლობების დაკმაყოფილების საფუძველი.

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

პალატის მოსაზრებით, სააპელაციო საჩივარში მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები ნაწილობრივ ჰქმნიან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძველს.

 

5. საპროცესო ხარჯები

 

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 10.2 მუხლის თანახმად, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55.2 მუხლის თანახმად, თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, ხოლო მოპასუხე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება მოსარჩელეს, რომელიც არ არის განთავისუფლებული სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასარჩელო მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომლის დაკმაყოფილებაზედაც მას უარი ეთქვა.

 

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოპასუხე სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრს უნდა დაეკისროს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 100 (ასი) ლარის და სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 150 (ას ორმოცდააათი) ლარის გადახდა, მოსარჩელე დ---------------ის სასარგებლოდ.

 

ამასთანავე, სააპელაციო საჩივარზე დ---------------ის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 3 497 ლარი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 385-ე, 389-ე, 391-ე, 393-ე, 394-ე, 397-ე მუხლებით

 

სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. დ---------------ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 10 იანვრის გადაწყვეტილება ნაწილობრივ და ამ ნაწილში საქმეზე მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება;

 

3. დ---------------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

4. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნას ცნობილი სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის 2017 წლის 28 ივნისის N- სხდომის ოქმი იმ ნაწილში, რომლითაც დ---------------ემ ვერ გადალახა კონკურსის მე-2 ეტაპი, ასევე სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნას ცნობილი სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის 2017 წლის 7 აგვისტოს N-- სხდომის ოქმი და დაევალოს სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრს არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, გამოსცეს ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლწებრივი აქტი დ---------------ესთან მიმართებაში.

 

5. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

 

6. უცვლელად დარჩეს გასაჩივრებული საოქმო განჩინებები.

 

7. სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 100 (ასი) ლარის და სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 150 (ასორმოცდაათი) ლარის გადახდა დაეკისროს სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრს დ---------------ის სასარგებლოდ.

 

8. სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 3497 (სამიათას ოთხასოთხმოცდაჩვიდმეტი) ლარი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

9. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით, მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქუჩა №6) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი №7ა).

 

თავმჯდომარე: ხატია არდაზიშვილი

 

მოსამართლეები: დავით ახალბედაშვილი

 

გია ბერაია