„ქვეყნის ქალაქებისა და კურორტების განვითარების“ პროგრამის ფარგლებში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტ(ებ)ის განხორციელების ხელშემწყობი უწყებათაშორისი კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
14.05.2026 ბოლო ცვლილება 20.05.2026
გამომცემი ორგანო
ნომერი
№195
სარეგისტრაციო კოდი
010220020.10.003.025744
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 15/05/2026
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №195

2026 წლის 14 მაისი

   ქ. თბილისი

 

„ქვეყნის ქალაქებისა და კურორტების განვითარების“ პროგრამის ფარგლებში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტ(ებ)ის განხორციელების ხელშემწყობი უწყებათაშორისი კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ
მუხლი 1
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის  მე-5 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის, მე-6 მუხლისა და 29-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სსიპ − საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის  მიერ, „ქვეყნის ქალაქებისა და კურორტების განვითარების მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 20 აპრილის №734 განკარგულების საფუძველზე, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ინფრასტრუქტურული პროექტ(ებ)ის განხორციელების მიზნით მიმდინარე სამუშაოების სოციალურ-ეკონომიკური სარგებლიანობის შენარჩუნების უზრუნველსაყოფად, სსიპ − საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ პროექტ(ებ)ის ეფექტიანი მართვისათვის გატარებული ღონისძიებების შეფასებისა და დადასტურების მიზნით, შეიქმნას „ქვეყნის ქალაქებისა და კურორტების განვითარების“ პროგრამის ფარგლებში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტ(ებ)ის განხორციელების ხელშემწყობი უწყებათაშორისი კომისია (შემდგომში – კომისია) შემდეგი შემადგენლობით:

1. საქართველოს პრემიერ-მინისტრი – კომისიის თავმჯდომარე.

2. საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრი − კომისიის თავმჯდომარის მოადგილე.

3. საქართველოს სახელმწიფო მინისტრი სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში − კომისიის წევრი.

4.  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი − კომისიის წევრი.

5.  საქართველოს კულტურის მინისტრი − კომისიის წევრი.

6.  საქართველოს ფინანსთა მინისტრი − კომისიის წევრი.

7. საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრი − კომისიის წევრი.

8.  საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი − კომისიის წევრი.

9.  საქართველოს სპორტის მინისტრი − კომისიის წევრი.

10.  საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი − კომისიის წევრი.

11.  საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი – კომისიის წევრი.

12. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის უფროსი – კომისიის წევრი.

13. სსიპ − საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი − კომისიის წევრი.

14. სსიპ − სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე − კომისიის წევრი.

15. სსიპ − ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსი − კომისიის წევრი.

16. სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის წარმომადგენელი − კომისიის მდივანი.

მუხლი 2
კომისიას უფლებამოსილება უწყდება „ქვეყნის ქალაქებისა და კურორტების განვითარების მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 20 აპრილის №734 განკარგულებით გათვალისწინებული ღონისძიებების სრულად განხორციელებისთანავე.
მუხლი 3
დამტკიცდეს თანდართული „ქვეყნის ქალაქებისა და კურორტების განვითარების“ პროგრამის ფარგლებში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტ(ებ)ის განხორციელების ხელშემწყობი უწყებათაშორისი კომისიის დებულება“.
მუხლი 4
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე



 

 

„ქვეყნის ქალაქებისა და კურორტების განვითარების“ პროგრამის ფარგლებში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტ(ებ)ის განხორციელების ხელშემწყობი უწყებათაშორისი კომისიის დებულება
მუხლი 1. რეგულირების საგანი

„ქვეყნის ქალაქებისა და კურორტების განვითარების“ პროგრამის ფარგლებში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტ(ებ)ის განხორციელების ხელშემწყობი უწყებათაშორისი კომისიის დებულება“ (შემდგომში − დებულება) განსაზღვრავს კომისიის მიზნებს, ძირითად ამოცანებს, უფლებამოსილებებსა და საქმიანობის წესს.

მუხლი 2. კომისიის მიზანი

1. კომისიის შექმნის მიზანია სსიპ − საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ, „ქვეყნის ქალაქებისა და კურორტების განვითარების მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 20 აპრილის №734 განკარგულების საფუძველზე, მიმდინარე სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროექტ(ებ)ის შეუფერხებლად განხორციელების უზრუნველყოფა და ინფრასტრუქტურული პროექტ(ებ)ის განხორციელების ხელშეწყობა.

2. კომისია თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებითა და ამ დებულებით.

მუხლი 3. კომისიის ძირითადი ამოცანები და განსახილველი საკითხები

ქვეყნის ქალაქებისა და კურორტების განვითარების მიზნით განსახორციელებელი/მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტ(ებ)ის შეუფერხებლად განხორციელების/ხელშეწყობის მიზნით, კომისიის ძირითადი ამოცანებია:

ა) სამშენებლო მასალებზე მიმწოდებლების ხარჯების შესაძლო გაზრდის გათვალისწინებითა და ინფრასტრუქტურული პროექტ(ებ)ის შეუფერხებლად განხორციელების მიზნით, სახელშეკრულებო ღირებულებების გაზრდისა და ახალი ფასების მისადაგების განსასაზღვრად რეკომენდაციების გაცემა;

ბ) სახელმწიფო შესყიდვის ელექტრონული ტენდერის შედეგად გაფორმებულ ხელშეკრულებებში ცვლილებების შეტანის თაობაზე რეკომენდაციების გაცემა;

გ) პრეისკურანტში სამუშაოს ან მომსახურების რომელიმე ერთეულის არარსებობისას მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი ახალი ერთეული მოცულობის სამუშაოების სახარჯთაღრიცხვო ღირებულებების გადახედვა მოქმედი კანონმდებლობის გათვალისწინებით და შესაბამისი რეკომენდაციის გაცემა;

დ) მიმდინარე პროექტ(ებ)ის სოციალურ-ეკონომიკური სარგებლიანობის შენარჩუნებისა და პროექტ(ებ)ის შეუფერხებლად განხორციელების მიზნით, შესაბამისი ღონისძიებების დასახვა.

მუხლი 4. კომისიის უფლებამოსილებები

კომისია უფლებამოსილია:

ა) თავის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით, ამ დებულებით განსაზღვრული ფუნქციების ეფექტიანად შესრულების მიზნით, ადმინისტრაციული ორგანოებიდან გამოითხოვოს და მიიღოს თავისი საქმიანობისათვის საჭირო ყველა სახის ინფორმაცია;

ბ) ამ დებულებით განსაზღვრული ამოცანების შესრულებასთან დაკავშირებით მიიღოს გადაწყვეტილებები, მათ შორის, შეიმუშაოს დასკვნები და რეკომენდაციები შესაბამისი ორგანოებისთვის;

გ) საჭიროების შემთხვევაში, სხდომაზე მოიწვიოს სამინისტროების, უწყებებისა და ორგანიზაციების წარმომადგენლები, აგრეთვე დარგის სპეციალისტები;

დ) განახორციელოს სხვა საქმიანობა, რომელიც ამ დებულებაში პირდაპირ არ არის მითითებული, მაგრამ აუცილებელია კომისიის მიზნისა და ამოცანების შესასრულებლად.

მუხლი 5. კომისიის თავმჯდომარე და კომისიის მდივანი

1. კომისიის თავმჯდომარე:

ა) ხელმძღვანელობს კომისიის საქმიანობას;

ბ) ამტკიცებს კომისიის დღის წესრიგსა და სამუშაო განრიგს;

გ) იწვევს და წარმართავს კომისიის სხდომებს;

დ) წარმოადგენს კომისიას მესამე პირ(ებ)თან ურთიერთობაში.

2. კომისიის მდივანი:

ა) უზრუნველყოფს კომისიის სხდომის გამართვისა და სხვა სახის პროცედურული საკითხების ორგანიზებას;

ბ) პასუხისმგებელია კომისიის სხდომის ოქმის შედგენასა და სხდომათა მასალების შენახვაზე.  

მუხლი 6. კომისიის სხდომის ჩატარებისა და გადაწყვეტილების მიღების წესი

1. კომისიის სხდომა იმართება პერიოდულად, საჭიროებიდან გამომდინარე, კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით ან საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს წინადადებით დამტკიცებული დღის წესრიგის მიხედვით.

2. კომისიის სხდომას ხელმძღვანელობს კომისიის თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში, მისი დავალების შესაბამისად – კომისიის ერთ-ერთი წევრი.

3. სხდომა უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი.

4.  კომისიის  სხდომაზე  გადაწყვეტილება  მიიღება  დამსწრეთა  უბრალო უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ კომისიის სრული შემადგენლობის ერთი მესამედისა.

5. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადაწყვეტილებას იღებს კომისიის თავმჯდომარე.

 6. კომისიის გადაწყვეტილება ფორმდება სხდომის ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ სხდომის თავმჯდომარე და კომისიის მდივანი. ოქმში უნდა აისახოს კომისიის ნებისმიერი წევრის კენჭისყრაში მონაწილეობის შესახებ თავშეკავების ან უარის თქმის მიზეზი (თუ კომისიის წევრი ამის შესახებ სხდომაზე განაცხადებს), აგრეთვე სხდომაზე გამოთქმული ყველა განსხვავებული აზრი.

მუხლი 7. დასკვნითი დებულებები

კომისიის   დებულებაში   ცვლილებებისა   და   დამატებების   შეტანა   ხდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

მუხლი 8. კომისიის საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფა

კომისიის საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი.