ბრძანება N 11626

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 27.05.2026
№ დოკუმენტი 11626
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 11626

27 მაისი 2026

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს------- (ს/ნ ---------------)

(მის.: ----------------------------)

2026 წლის 22 აპრილის და 7 მაისის საჩივრების

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 7 და 21 მაისის სხდომებზე (ოქმები №37; №41) განიხილა შპს „------“ (ს/ნ ------) 2026 წლის 22 აპრილის №101920/1/2026 და 7 მაისის №102555/1/2026 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის პირველი აპრილის №052-6 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

სადავო საკითხები:

1. გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. აცხადებს, რომ საგადასახადო ორგანოს დასკვნა ეფუძნება არაზუსტ მონაცემებს და ფაქტობრივ გარემოებებთან შეუსაბამო ანალიზს, კერძოდ: შემოწმების მასალებში წარმოდგენილ დანართში დაშვებულია არსებითი უზუსტობები, რამაც პირდაპირ გავლენა მოახდინა საგადასახადო ვალდებულებების არასწორ განსაზღვრაზე. გადამხდელი ასევე მიუთითებს საქართველოს მთავრობის 2011 წლის 24 მაისის №222 დადგენილებით „მარცვლეულის ბუნებრივი დანაკარგის ნორმების დამტკიცების შესახებ“ მარცვლეულის ბუნებრივი დანაკარგის სავალდებულო ნორმებზე, რომლებიც გამოიყენება მარცვლეულის ტრანსპორტირების, შენახვისა და გადამუშავების პროცესში წარმოშობილი ფაქტობრივი დანაკლისის შემთხვევაში. შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს მიერ განხორციელებული შეფასება, რომელიც არ ითვალისწინებს ნორმირებულ დანაკარგებს, არის არასრული და სამართლებრივად არაკორექტული.

2. გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმებით გამოვლენილი განკარგვადი თანხის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას. მიუთითებს, რომ საქონლის შეძენა ხდებოდა როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ასევე იმპორტის გზით. შესყიდვები (ქართული ხორბალი, სიმინდი და ქერი) ხორციელდება როგორც მეწარმე ფიზიკური პირებისგან, ასევე ფერმერებისგან. საგადასახადო შემოწმების მიმდინარეობის ეტაპზე შემოწმებისთვის არ იქნა წარდგენილი მათი შესყიდვის აქტები, რომელიც ადასტურებს საქონლის შეძენის ფაქტს. აღნიშნავს, რომ რეალიზაციის დოკუმენტებით დადასტურებელია საწარმოს მიერ აღნიშნული საქონლის რეალიზაცია, ასევე უდავოა შესაბამისი რაოდენობის სოფლის მეურნეობის პროდუქტების შეძენაც, რის გამოც შემოწმების მიერ გამოყენებულ იქნა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით განსაზღვრული უფლება, გადაანგარიშდა გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. აღნიშნული აქტი ეფუძნება არასრულ და არასწორ ფინანსურ ანალიზს. ამასთან, საგადასახადო შემოწმებისას ფულადი მასის გაანგარიშების დროს სრულად არ იქნა გათვალისწინებული საწარმოს მიერ დაფარული მნიშვნელოვანი ფინანსური ვალდებულებები.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 28 ნოემბრის №26238 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა შპს „-----“ (ს/ნ -----) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2023 წლის პირველი იანვრიდან 2025 წლის 27 ნოემბრამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2026 წლის 27 მარტს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2026 წლის პირველი აპრილის №7399 ბრძანება და ამავე თარიღის №052-6 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს განესაზღვრა სულ 4 236 536 ლარი, მათ შორის გადასახადი 2 447 456 ლარი, ჯარიმა 1 212 617 ლარი და საურავი 576 463 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, სადავო საკითხებთან დაკავშირებით, დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:

1.საწარმოს საქმიანობას წარმოადგენს სოფლის მეურნეობის პროდუქტების (ძირითადად ხორბალი, სიმინდი, ქერი, ქატო) შეძენა/იმპორტი და რეალიზაცია. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების ანალიზით ირკვევა, რომ შეძენილი სმფ-ის ნაწილის რეალიზაცია არ ფიქსირდება გამოწერილი დოკუმენტებით (ძირითადად იმპორტირებული ხორბალი, ქატო). ამასთან, 2025 წლის იანვრის შემდეგ საწარმოს სამეურნეო ოპერაციები არ უწარმოებია. საგადასახადო შემოწმებასთან გადამხდელმა არ ითანამშრომლა და სააღრიცხვო დოკუმენტაცია არ წარმოადგინა. ასევე, არ ითანამშრომლა და არ წარმოადგინა მოთხოვნილი ინფორმაცია სმფ-ის ინვენტარიზაციის დროს, რომელიც დანიშნული იყო საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2025 წლის 28 ნოემბრის №26142 ბრძანებით. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შეძენილი საქონლის ის ნაწილი, რომელიც არ ფიქსირდებოდა რეალიზაციის ამახველ ელექტრონულ ზედნადებებში, ჩაითვალა რეალიზებულად დოკუმენტურად დაფიქსირებული ფასების მიხედვით და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე და 163-ე მუხლების შესაბამისად, გადამხდელს დაერიცხა დღგ, ასევე ჯარიმა ამავე კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

2. გადამხდელის მიერ რეალიზებულია ქართული ხორბალი, სიმინდი და ქერი (გათავისუფლებულია დღგ-ისგან), რომელთა რეალიზაცია აღემატება შეძენილ რაოდენობას. გადასახადის გადამხდელის მიერ არ იქნა წარმოდგენილი მათი შესყიდვის აქტები ან სხვა რაიმე დოკუმენტაცია. ვინაიდან, რეალიზაციის დოკუმენტებით დადასტურებელია საწარმოს მიერ აღნიშნული საქონლის რეალიზაცია, ასევე უდავოა შესაბამისი რაოდენობის სოფლის მეურნეობის პროდუქტების შეძენაც, შემოწმების მიერ გამოყენებულ იქნა არაპირდაპირი მეთოდი. 2025 წლის იანვრის შემდეგ საწარმოს სამეურნეო ოპერაციები არ უწარმოებია და არც ხელფასების გაცემა ფიქსირდება. საგადასახადო შემოწმებისთვის ხელთ არსებული მონაცემებით (შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების და საბანკო ამონაწერების მიხედვით) შედგა ფულადი სახსრების მოძრაობის ანგარიში. გადამხდელის საქმიანობის შედეგად დარჩენილი სალაროს ნაშთი არის 7 905 418.64 ლარი, რომლის ეკონომიკური საქმიანობისათვის გახარჯვა არ დასტურდება. შედეგად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების საფუძველზე, აღნიშნული თანხა ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. პირს ასევე დაერიცხა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით - სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს „მარცვლეულის ბუნებრივი დანაკარგის ნორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 24 მაისის №222 დადგენილებაზე, რომლითაც საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-11 ნაწილის, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტისა და მე-6 მუხლის შესაბამისად დამტკიცებულია მარცვლეულის ბუნებრივი დანაკარგის ნორმები (დანართი №2).

ამავე დადგენილების პირველი მუხლის თანახმად, დებულება მარცვლეულის ბუნებრივი დანაკარგის ნორმების შესახებ ადგენს მარცვლეულის ტრანსპორტირებასთან, მიღებასთან, შენახვასა და გადამუშავებასთან დაკავშირებული ბუნებრივი დანაკარგის მაქსიმალურ, ზღვრულ ნორმებს, რომლებიც გამოიყენება მხოლოდ მარცვლეულის ფაქტობრივი დანაკლისის შემთხვევაში. ხოლო, ამავე დადგენილების მე-3 მუხლის თანახმად, აკრძალულია მარცვლეულის ჩამოწერა მარცვლეულის ბუნებრივი დანაკარგის ნორმების ფარგლებში დანაკლისის ფაქტის დადგენამდე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-11 ნაწილის თანახმად, დანაკლისი არის გადასახადის გადამხდელის ბუღალტრულ ჩანაწერებთან შედარებისას გამოვლენილი (მათ შორის, ინვენტარიზაციის საშუალებით) სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ან/და ძირითადი საშუალებების ნაკლებობა. ისეთი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების მიმართ, რომელთა დასაწყობება ფიზიკურად შეუძლებელია (ელექტრო- და თბოენერგია, გაზი და წყალი), დანაკლისად ითვლება სხვაობა შეძენილ (შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით) და რეალიზებულ (გადასახადის გადამხდელისგან ფაქტობრივად გასულ) სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა შორის, თუ ვერ დგინდება დებიტორი (ამნაზღაურებელი) ან/და მიმთვისებელი. ამასთანავე, უფლებამოსილ ორგანოს შეუძლია დაადგინოს დანაკარგის მაქსიმალური ზღვრული ოდენობა. ასეთ შემთხვევაში დანაკლისად ჩაითვლება ამ ოდენობაზე მეტი დანაკარგი. საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად საქონლის არამატერიალური ფორმით მარკირების/ნიშანდების შემთხვევაში დანაკლისად არ ჩაითვლება ამ საქონლის წარმოების პროცესში მწარმოებლის მიერ გამოვლენილი დანაკარგი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

 

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივრებში აღნიშნავს, რომ შემოწმების მასალებში წარმოდგენილ დანართში დაშვებულია არსებითი უზუსტობები, რამაც პირდაპირ გავლენა მოახდინა საგადასახადო ვალდებულებების არასწორ განსაზღვრაზე. შემოწმების მიხედვით, შეძენილია 122.5 ტონა ფქვილი (50 კგ ტომარა), ხოლო რეალიზებულია მხოლოდ 23.9 ტონა, დარჩენილი 98.6 ტონა მიჩნეულია რეალიზებულად. რეალური ფაქტობრივი გარემოებით 2023 წლის პირველ სექტემბერს №---- ზედნადებით შეძენილი 122.5 ტონა ფქვილი, სრულად რეალიზებულია 2023 წლის 9 სექტემბერს №----- ზედნადებით, შესაბამისად, აღნიშნული საქონლის ნაშთი პერიოდის ბოლოს შეადგენს 0-ს. გადამხდელის განმარტებით, 23.9 ტონა ფქვილი, რომელიც აუდიტორმა მიაკუთვნა მიმდინარე პერიოდის რეალიზაციას, რეალურად წარმოადგენს 2022 წლის 21 დეკემბერს შეძენილ საქონელს ს/ზ №-----, რომელიც 2023 წლის 9 იანვარს რეალიზდა №----- ზედნადებით. აღნიშნული არის სასტარტო ნაშთის რეალიზაცია და აღნიშნული რეალიზაციიდან გამომდინარე უნდა დაკორექტირდეს სასტარტო ნათში, რომელიც არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით ჩართული იქნა დამატებითი რეალიზაციის თანხაში. ამასთან, არსებობის პერიოდის განმავლობაში დოკუმენტური რეალიზაციის მოცულობა რეალიზაციის 100%-ს შეადგენს, ხოლო 2023 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით საწარმოს გააჩნდა 86 690.11 ლარის სასაქონლო ნაშთი.

გადამხდელი ასევე მიუთითებს საქართველოს მთავრობის 2011 წლის 24 მაისის №222 დადგენილებით „მარცვლეულის ბუნებრივი დანაკარგის ნორმების დამტკიცების შესახებ“ მარცვლეულის ბუნებრივი დანაკარგის სავალდებულო ნორმებზე, რომლებიც გამოიყენება მარცვლეულის ტრანსპორტირების, შენახვისა და გადამუშავების პროცესში წარმოშობილი ფაქტობრივი დანაკლისის შემთხვევაში. შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს მიერ განხორციელებული შეფასება, რომელიც არ ითვალისწინებს ნორმირებულ დანაკარგებს, არის არასრული და სამართლებრივად არაკორექტული.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივრებში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. თავის მხრივ, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები გადასახადის გადამხდელის არგუმენტების და საჩივრებზე თანდართული დოკუმენტაციის გათვალისწინებით, მათ შორის, შეისწავლოს მარცვლეულის დანაკარგის გათვალისწინების საკითხი „მარცვლეულის ბუნებრივი დანაკარგის ნორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 24 მაისის №222 დადგენილების შესაბამისად და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილ საჩივარში მითითებულ არგუმენტაციაზე, რომლითაც პირი არ ეთანხმება შემოწმებით გამოვლენილი განკარგვადი თანხის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას და აღნიშნავს, რომ შემოწმების მასალებით ფულის მასის გაანგარიშებაში შემმოწმებლის მიერ ჩართული იქნა აღებული სესხი საერთო ჯამში

7 662 000 ლარი, ხოლო გამოკლებული იქნა გადახდილი სესხის ძირი, პროცენტი და ჯარიმა 2 621 851.15 ლარი. საგადასახადო შემოწმებისას ფულადი მასის გაანგარიშების დროს სრულად არ იქნა გათვალისწინებული საწარმოს მიერ დაფარული მნიშვნელოვანი ფინანსური ვალდებულებები, კერძოდ: სესხის ძირის დაფარვა და სესხის პროცენტის გადახდა. შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის კომპანიის სრული სასესხო ვალდებულება შეადგენს

1 797 691 ლარი და იგი ფორმირებულია ზირაათ ბანკის სასესხო ვალდებულებით. საბანკო ამონაწერებითა და შესაბამისი ხელშეკრულებებით დადასტურებულია, რომ კომპანიის მიერ დაფარული სესხის ძირი და პროცენტი ჯამში შეადგენს 6 777 554.91 ლარს. სესხის ძირისა და პროცენტების დაფარვა მოხდა როგორც საბანკო ტრანზაქციის გზით, ასევე ანგარიშვალდებული პირების მიერ ნაღდი/უნაღდო ანგარიშსწორების გზით. აღნიშნული დასტურდება ანგარიშვალდებული პირების საბანკო ამონაწერებით და შედარების აქტებით. ხოლო, სხვაობა (4,155,704 ლარი) წარმოადგენს რეალურად გაწეულ ხარჯს, რომელიც პირდაპირ ამცირებს ფულადი სახსრების ნაშთს.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივრებში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის, სესხის ხელშეკრულება). თავის მხრივ, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები (მათ შორის, საჩივრებზე თანდართული) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „-----“ (ს/ნ -----) საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით: ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივრებში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები; ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები გადასახადის გადამხდელის არგუმენტების და საჩივრებზე თანდართული დოკუმენტაციის გათვალისწინებით, მათ შორის, შეისწავლოს მარცვლეულის დანაკარგის გათვალისწინების საკითხი „მარცვლეულის ბუნებრივი დანაკარგის ნორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 24 მაისის №222 დადგენილების შესაბამისად და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით: ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივრებში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის, სესხის ხელშეკრულება); ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები (მათ შორის, საჩივრებზე თანდართული) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

4. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

5. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, მისი ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.

2. გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმებით გამოვლენილი განკარგვადი თანხის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას

 

ფაქტობრივი გარემოებები

საწარმოს საქმიანობას წარმოადგენს სოფლის მეურნეობის პროდუქტების შეძენა/იმპორტი და რეალიზაცია. ირკვევა, რომ შეძენილი სმფ-ის ნაწილის რეალიზაცია არ ფიქსირდება გამოწერილი დოკუმენტებით. ამასთან, 2025 წლის იანვრის შემდეგ საწარმოს სამეურნეო ოპერაციები არ უწარმოებია. შეძენილი საქონლის ის ნაწილი, რომელიც არ ფიქსირდებოდა რეალიზაციის ამსახველ ელექტრონულ ზედნადებებში, ჩაითვალა რეალიზებულად დოკუმენტურად დაფიქსირებული ფასების მიხედვით და გადამხდელს დაერიცხა დღგ, ასევე ჯარიმა.

ვინაიდან, რეალიზაციის დოკუმენტებით დადასტურებელია საწარმოს მიერ აღნიშნული საქონლის რეალიზაცია, ასევე უდავოა შესაბამისი რაოდენობის სოფლის მეურნეობის პროდუქტების შეძენაც, შემოწმების მიერ გამოყენებულ იქნა არაპირდაპირი მეთოდი. შედგა ფულადი სახსრების მოძრაობის ანგარიში. გადამხდელის საქმიანობის შედეგად დარჩენილი სალაროს ნაშთი არის 7 905 418.64 ლარი, რომლის ეკონომიკური საქმიანობისათვის გახარჯვა არ დასტურდება. შედეგად,აღნიშნული თანხა ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით.

 

გადაწყვეტილება

საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივრებში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:73(5,9);159(1);163(1);164(1);101(1);154(1);8(11):