განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 26.09.2019
საქმის ნომერი
330310017002209997
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
26.09.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №330310017002209997 (საქმე №3ბ/1828-18)

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

26 სექტემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი

I შ ე ს ა ვ ა ლ ი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - გიორგი გოგიაშვილი

 

სხდომის მდივანი - დიანა გოხაძე

 

აპელანტი (მოპასუხე) - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო;

წარმომადგენელი - ც----------–---–ი;

 

აპელანტი (მოპასუხე) - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო;

წარმომადგენელი - ი----ა თ-----–--ე;

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - გ--------------–--–---–ი;

წარმომადგენელი - ნ------------ე;

 

დავის საგანი - ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა;

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 მარტის გადაწყვეტილება;

 

I I ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

 

1. აპელანტების მოთხოვნა:

 

1.1. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ითხოვს გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 მარტის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

 

1.2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო ითხოვს გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 მარტის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:

2.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 მარტის გადაწყვეტილებით, გ--------------–--–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს 2017 წლის 17 ივლისის Nდად-85/05 დადგენილება მოქალაქე გ---------------–--–---–-ს დაჯარიმების შესახებ. ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2018 წლის 20 მარტის N1-1/126 ბრძანება გ--------------–--–---–ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე.

 

2.2. დასკვნები დადგენილ უდავო ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

დადგენილია, რომ ყ------ის რაიონში, გ---------ში მდებარე უძრავი ქონება, საკადასტრო კოდით: №7-----------, 2014 წლის 04 აგვისტოდან საკუთრების უფლებით აღრიცხულია გ--------------–--–---–ის სახელზე. ნაკვეთის საკუთრების ტიპი - საკუთრება, ნაკვეთის დანიშნულება - არასასოფლო - სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი: 2000.00 კვ.მ. ნაკვეთის წინა ნომერი: №7-----------, შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: შენობა №1 (მშენებარე) საერთო ფართობი 1230 კვ.მ. მათ შორის: საცხოვრებელი ფართობი - 1171,4 კვ.მ. საზაფხულო ფართობი - 58,6 კვ.მ.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი: 23.02.2016 (ს.ფ. 14-15).

 

დადგენილია, რომ 2017 წლის 13 თებერვალს გ--------------–--–---–მა №336 განცხადებით მიმართა სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს და განმარტა, რომ საკუთრებაში ფლობს ყ------ის რაიონის დაბა გ---------ში მდებარე მიწის ნაკვეთს საკადასტრო კოდით: №7----------- და აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე განთავსებულ სასტუმროს. ამავე განცხადებაში მოსარჩელე უთითებდა, რომ მშენებლობა ნაწარმოებია ყ------ის რაიონის მუნიციპალიტეტში შეთანხმებული პროექტის და შესაბამისი მშენებლობის სანებართვო მოწმობის საფუძველზე. ამასთან, მშენებლობის პროცესში განხორციელდა პროექტით გაუთვალისწინებელი სამუშაოები და მოითხოვა მის მიმართ კანონით გათვალისწინებული ზომების მიღება, რათა მოეპოვებინა კორექტირებული პროექტის ნებართვა.

 

გ---------------–--–---–-ს 2017 წლის 13 თებერვლის №336 განცხადების საფუძველზე, სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ 2017 წლის 15 თებერვალს შეადგინა შემოწმების აქტი და სამშენებლო სამართალდარღვევაზე დაიწყო შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოება, ხოლო სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს 2017 წლის 24 თებერვლის №დად-20/05 დადგენილებით, გ--------------–--–---–ი დაჯარიმდა 5 000 (ხუთი ათასი) ლარით ყ------ის რაიონის მუნიციპალიტეტში შეთანხმებული პროექტის დარღვევით ნაწარმოები მრავალფუნქციური შენობის რეკონსტრუქციისთვის.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

- გ--------------–--–---–ის 2017 წლის 13 თებერვლის №336 განცხადება (ს.ფ. 105);

- სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს 2017 წლის 15 თებერვლის შემოწმების აქტი (ს.ფ. 18-19);

- სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს 2017 წლის 24 თებერვლის №დად-20/05 დადგენილება (ს.ფ. 16).

 

2017 წლის 23 მარტს გ--------------–--–---–მა №686 განცხადებით მიმართა სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს და მოითხოვა ყ------ის მუნიციპალიტეტში, დაბა გ---------ში №7----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე და მასზე განთავსებულ სასტუმროზე წარმოებული მშენებლობის კორექტირებული საპროექტო დოკუმენტაციის შეთანხმება.

 

სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს 2017 წლის 10 აპრილის №04/553 წერილით გ--------------–--–---–ს ეცნობა, რომ მიწის ნაკვეთზე სასტუმროს მშენებლობის შემთხვევაში საჭირო იყო მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცება. ამავე წერილით პირს განემარტა, რომ უნდა წარედგინა დამატებითი დოკუმენტაცია განცხადებით დასმული საკითხის განხილვის მიზნით.

 

2017 წლის 21 აპრილს გ--------------–--–---–ის მიერ წარდგენილ იქნა 2017 წლის 10 აპრილის №04/553 წერილით მოთხოვნილი დამატებითი დოკუმენტაცია.

 

სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს 2017 წლის 03 მაისის №04/655 წერილით გ--------------–--–---–ს ეცნობა, რომ მის მიერ სააგენტოში წარდგენილ დოკუმენტაციაში საკადასტრო საზღვრების გეგმა არ ემთხვეოდა ყ------ის მუნიციპალიტეტში შეთანხმებულ პროექტში არსებულ ტოპოგრაფიულ გეგმაზე დატანილ საკადასტრო საზღვრებს. შესაბამისად, საჭირო იყო პირველ ეტაპზე განცხადებით მოეთხოვა მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცება და წარედგინა შესაბამისი დოკუმენტაცია.

 

გ--------------–--–---–მა 2017 წლის 23 მაისის (რეგ. №1287, 25.05.17წ.) განცხადებით მოითხოვა ყ------ის მუნიციპალიტეტში, დაბა გ---------ში (ს/კ: №7-----------) მდებარე 2000 კვ.მ. მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცება.

 

აღნიშნული განცხადება, სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს 2017 წლის 29 მაისის №04/789 წერილით განსახილველად გადაეგზავნა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სივრცითი დაგეგმარებისა და სამშენებლო პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსს.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

- გ--------------–--–---–ის 2017 წლის 23 მარტის №686 განცხადება (ს.ფ. 22);

- სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს 2017 წლის 10 აპრილის №04/553 წერილი (ს.ფ. 23-24);

- გ--------------–--–---–ის 2017 წლის 21 აპრილის №969 განცხადება (ს.ფ. 25);

- სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს 2017 წლის 03 მაისის №04/655 წერილი (ს.ფ. 41);

- გ--------------–--–---–ის 2017 წლის 23 მაისის (რეგ. №1287, 25.05.17წ.) განცხადება (ს.ფ. 43);

- სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს 2017 წლის 29 მაისის №04/789 წერილი (ს.ფ. 44).

 

საქმეში წარმოდგენილი სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს 2017 წლის 29 მაისის შემოწმების აქტის თანახმად, გ--------------–--–---–ის მიერ არ იქნა აღმოფხვრილი 2017 წლის 24 თებერვლის №დად-20/05 დადგენილებით გათვალისწინებული ჯარიმის დაკისრების სამართლებრივი საფუძვლები.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს 2017 წლის 29 მაისის შემოწმების აქტი (ს.ფ. 45-46)

 

სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს 2017 წლის 23 ივნისის №129-04 ბრძანებით, დამტკიცდა გ---------------–--–---–-ს მრავალფუნქციური შენობის სამშენებლო დოკუმენტის ცვლილებებზე მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები.

 

სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს 2017 წლის 04 ივლისის №136-04 ბრძანებით, შეთანხმდა ყ------ის მუნიციპალიტეტში, დაბა გ---------ში, გ---------ის სარეკრეაციო ტერიტორიაზე მოქალაქე გ--------------–--–---–ის მრავალფუნქციური შენობის სამშენებლო დოკუმენტის ცვლილებების არქიტექტურული პროექტი და კონსტრუქციული სქემა და გაიცა მშენებლობის ნებართვა მითითებულ ცვლილებებზე.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს 2017 წლის 23 ივნისის №129-04 ბრძანება (ს.ფ. 49-50);

- სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს 2017 წლის 04 ივლისის №136-04 ბრძანება (ს.ფ. 57-58).

 

სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს 2017 წლის 17 ივლისის №დად-85/05 დადგენილებით გ--------------–--–---–ი დაჯარიმდა 15 000 (თხუთმეტი ათასი) ლარით, ვინაიდან მის მიერ კანონით განსაზღვრულ ვადაში არ იქნა აღმოფხვრილი 2017 წლის 24 თებერვლის №დად-20/05 დადგენილებით დაკისრებული ჯარიმის სამართლებრივი საფუძვლები.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს 2017 წლის 17 ივლისის №დად-85/05 დადგენილება ,,მოქალაქე გ--------------–--–---–ის დაჯარიმების შესახებ’’ (ს.ფ. 59).

 

2017 წლის 03 აგვისტოს გ--------------–--–---–ის წარმომადგენელმა - დ-----------–--–---–მა №9995/21 ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და მოითხოვა სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს 2017 წლის 17 ივლისის №დად-85/05 დადგენილების ბათილად ცნობა.

 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 20 მარტის №1- 1/126 ბრძანებით გ--------------–--–---–ის 2017 წლის 03 აგვისტოს №9995/21 ადმინისტრაციული საჩივარი სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს 2017 წლის 17 ივლისის №დად-85/05 დადგენილების ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

- გ--------------–--–---–ის 2017 წლის 03 აგვისტოს №9995/21 ადმინისტრაციული საჩივარი (ს.ფ. 168-173);

- საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2018 წლის 20 მარტის №1-1/126 ბრძანება ,,გ--------------–--–---–ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე’’ (ს.ფ. 160-165).

 

2.3. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა საქართველოს კანონი ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი’’ და მხარის მიერ გასაჩივრებულ მოთხოვნასთან დაკავშირებით - ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს 2017 წლის 17 ივლისის Nდად - 85/05 დადგენილება, რომლითაც გ--------------–--–---–ი დაჯარიმდა 15 000 (თხუთმეტი ათასი) ლარით, სასამართლო მიიჩნია, რომ საქმეზე დადგენილი გარემოებები გამორიცხავს გ--------------–--–---–ის მიერ სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენას, ვინაიდან, იმ პირობებში, როდესაც სადავო მშენებლობის განხორციელებისას მოსარჩელემ თავად მიმართა შესაბამის ორგანოს და მისგან შესაბამისი რეაგირება ითხოვა, რათა შემდგომში მოეპოვებინა კორექტირებული პროექტის ნებართვა, სახეზე არ არის გ--------------–--–---–ის ქმედების მართლსაწინააღმდეგო ხასიათი. საქმის მასალებით ასევე დასტურდება, რომ მოსარჩელემ დაჯარიმებიდან (24.02.2017წ.) 1 თვეში (23.03.2017წ.) მიმართა სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს, რათა მშენებლობის წარმოება განეხორციელებინა ყ------ის რაიონის მუნიციპალიტეტში შეთანხმებული პროექტის და შესაბამისი მშენებლობის სანებართვო მოწმობის საფუძველზე, თუმცა მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო (ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან არაერთხელ დადგენილი ხარვეზისა და სხვადასხვა დოკუმენტაციის მოთხოვნის გათვალისწინებით), მოსარჩელემ ვერ მოასწრო კანონით დადგენილ 3 თვიან ვადაში - 2017 წლის 24 მაისამდე 2017 წლის 24 თებერვლის №დად-20/05 დადგენილებით დაკისრებული ჯარიმის სამართლებრივი საფუძვლების აღმოფხვრა, რაც ასევე გამორიცხავს მის ბრალეულობას. აღნიშნულის საფუძველზე პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს 2017 წლის 17 ივლისის Nდად-85/05 დადგენილება მოქალაქო გ--------------–--–---–ის დაჯარიმების შესახებ“, მიღებულია კანონის მოთხოვნათა დარღვევით, რაც პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მოსარჩელეს.

 

რაც შეეხება მოთხოვნას ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო 2018 წლის 20 მარტის N1-1/126 ბრძანება, რომლითაც გ--------------–--–---–ს უარი ეთქვა ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე, სასამართლომ განმარტა, რომ იმდენად, რამდენადაც დადგენილი იქნა, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს 2017 წლის 17 ივლისის Nდად-85/05 დადგენილება ,,მოქალაქე გ--------------–--–---–ის დაჯარიმების შესახებ’’, როგორც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტი, კანონის მოთხოვნათა დარღვევით არის მიღებული და მოსარჩელის კანონიერ ინტერესებს პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს, აღნიშნული გარემოება თავის მხრივ გასაჩივრებული აქტის ბათილად ცნობის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს, შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ ბათილად უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2018 წლის 20 მარტის №1-1/126 ბრძანება ,,გ--------------–--–---–ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე’’, მით უფრო მაშინ, როდესაც ადმინისტრაციულ საჩივარს, როგორც უფლების დაცვის საშუალებას, მხარისთვის განსაკუთრებული ინტერესი გააჩნია და ადმინისტრაციული წარმოება ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით გულისხმობს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის კანონიერების გადამოწმებას, რომელიც თავის თავში მოიცავს აქტის, როგორც ფორმალური, ისე მატერიალური კანონიერების გადამოწმებას. სასამართლო მიუთითა, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, როგორც საჩივრის განმხილველ ორგანოს, გასაჩივრებული აქტის კანონიერებისა და მიზანშეწონილობის გადამოწმების ვალდებულება წარმოეშვება მაღალი ხარისხით, რაც გულისხმობს იმას, რომ მის მიერ გამოკვლეული უნდა ყოფილიყო საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და აღნიშნულის საფუძველზე მიღებული უნდა ყოფილიყო გადაწყვეტილება საჩივრის დაკმაყოფილების ან საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

 

3. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

3.1. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააპელაციო საჩივარი:

აპელანტი არ ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების შედეგს და მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ უსაფუძვლოდ გაიზიარა მოსარჩელის პოზიცია სადავო დადგენილებასთან დაკავშირებით და არასწორად გამოიყენა "პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის" (განსახილველ პერიოდში მოქმედი რედაქცია) 25-ე მუხლის მე-7 ნაწილი, რომლის თანახმად, თუ მითითება დროულად არ შესრულდა, მაგრამ სამართალდარღვევა გამოსწორდა დადგენილების მიღებამდე, დამრღვევი თავისუფლდება პასუხისმგებლობისაგან, ხოლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება წყდება. აპელანტის განმარტებით, სასამართლოს ის განმარტება, რომ სადავო Nდად-85/05 დადგენილება მიღებულ იქნა 2017 წლის 17 ივლისს, ანუ მხოლოდ მას შემდეგ, რაც ამ უკანასკნელის მიერ უკვე აღმოფხვრილ იქნა 2017 წლის 24 თებერვლის Nდად-20/05 დადგენილებით დაკისრებული ჯარიმის სამართლებრივი საფუძველი, ეწინააღმდეგება "პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის" (განსახილველ პერიოდში მოქმედი რედაქცია) 25-ე მუხლის მე-7 ნაწილს. წარმომადგენელი ასევე არ ეთანხმება სასამართლოს იმ განმარტებას, რომ დადგენილი გარემოებები გამორიცხავს გ--------------–--–---–ის მიერ სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენას, ვინაიდან იმ პირობებში, როდესაც სადავო მშენებლობის განხორციელებისას მოსარჩელემ თავად მიმართა შესაბამის ორგანოს და მისგან შესაბამისი რეაგირება ითხოვა, რათა შემდგომში მოეპოვებინა კორექტირებული პროექტის ნებართვა, სახეზე არ არის გი-------------–--–---–ის ქმედების მართლსაწინააღმდეგო ხასიათი, რაც გამორიცხავს მის ბრალეულობას.

სააპელაციო საჩივრის ავტორის განმარტებით, გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ გი-------------–--–---–ის სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება დაიწყო შემოწმების აქტით, "პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის" 23-ე მუხლის "ზ" ქვეპუნქტის საფუძველზე, რომლის შესაბამისად, თუ დამრღვევი განცხადების საფუძველზე აღიარებს სამშენებლო ობიექტზე არსებულ დარღვევებს და ითხოვს კანონით დადგენილი ზომების მიღებას სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება იწყება შემოწმების აქტის შედგენით, რაც გამორიცხავს მოსარჩელის მიმართ აღნიშნული 25-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენების შესაძლებლობას, რადგან ამავე ნორმის მიხედვით თუ მითითება დროულად არ შესრულდა, მაგრამ სამართალდარღვევა გამოსწორდა დადგენილების მიღებამდე, დამრღვევი თავისუფლდება პასუხისმგებლობისაგან, ხოლო საქმის წარმოება წყდება. აღნიშნული დანაწესი ეხება შემთხვევებს, როდესაც სამშენებლო სამართალდარღვევა იწყება მითითებით და ეხება მითითებაში განსაზღვრულ ვადას. ასეთი დათქმა შემოწმების აქტთან დაკავშირებით არ არსებობს. ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელემ მშენებლობის ნებართვა აიღო 2017 წლის 4 ივლისს, ეს ვერ გახდება 2017 წლის 17 ივლისის დადგენილების არ მიღების საფუძველი. ამდენად, სამინისტროს მიაჩნია, რომ სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა.

ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენელი ასევე არ ეთანხმება და არ იზირებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2018 წლის 20 მარტის N1-1/126 ბრძანების ბათილად ცნობის ნაწილში და განმარტავს შემდეგს:

 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2017 წლის 11 სექტემბრის N1 1,394 ბრძანებით, მიღებულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში გ--------------–--–---–ის 2017 წლის 3 აგვისტოს N9995/21 ადმინისტრაციული საჩივარი და დაიწყო წარმოება ამავე საჩივართან დაკავშირებით. სამინისტრომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, განიხილა ადმინისტრაციული საჩივარი, მოისმინა მხარეთა მოსაზრებები, შეისწავლა საქმეში არსებული მტკიცებულებები და საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, გასაჩივრებული ბრძანებით არ დააკმაყოფილა იგი შემდეგ გარემოებათა გამო: პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 45-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.დ“ ქვეპუნქტის თანახმად, სამშენებლო დოკუმენტაციითა და სამშენებლო რეგლამენტებით განსაზღვრული სანებართვო პირობების დარღვევა ან/და შეუსრულებლობა, მეხუთე კლასის (განსაკუთრებული მნიშვნელობის) შენობა-ნაგებობისათვის გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარით. სწორედ აღნიშნული მუხლის საფუძველზე განხორციელდა მოსარჩელის თავდაპირველი დაჯარიმება 2017 წლის 24 თებერვალს სააგენტოს დად-20/05 დადგენილებით, რომელიც მოსარჩელეს სადავოდ არ გაუხდია და იგი დაეთანხმა სამართალდარღვევის არსებობის ფაქტს. პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 26-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ჯარიმის დაკისრების სამართლებრივი საფუძვლების აღმოუფხვრელობის შემთხვევაში, მისი დაკისრებიდან ყოველი 3 თვის შემდეგ, სამშენებლო სამართალდარღვევისათვის დაჯარიმებული პირები ჯარიმდებიან დაკისრებული ჯარიმით გათვალისწინებული საჯარიმო თანხის სამმაგი ოდენობის თანხით, რომელიც დამრღვევს შეიძლება დაეკისროს არა უმეტეს სამჯერ. „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N57 დადგენილების პირველი მუხლის თანახმად „ეს დადგენილება მოიცავს საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებულ საჯარო სამართლებრივ ურთიერთობათა რეგულირების სფეროს. კერძოდ, არეგულირებს საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის გაცემის, სანებართვო პირობების შესრულებისა და შენობა - ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების პროცესს“. „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N57 დადგენილების 63-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად თუ წარმოებული მშენებლობის შედეგად სამშენებლო დოკუმენტში განხორციელდა ცვლილებები, რაც საჭიროებს მშენებლობის ახალ ნებართვას, ან/და წარმოებულია უნებართვო მშენებლობა, მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანო უფლებამოსილია იმსჯელოს მშენებლობის ნებართვის გაცემის თაობაზე დამრღვევის მიერ შესაბამისი დარღვევისათვის გამოცემული აქტისა და დაკისრებული ჯარიმის გადახდის ქვითრის წარდგენის შემდეგ. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად უნებართვო ან/და სამშენებლო დოკუმენტის დარღვევით წარმოებული მშენებლობის დროს ნებართვის მაძიებელი ვალდებულია მშენებლობის ნებართვის ან ახალი ნებართვის მისაღებად სამშენებლო დოკუმენტის პროექტში გაითვალისწინოს წარმოებული სამშენებლო სამუშაოები (მშენებლობის ორგანიზების პროექტი, მშენებლობის დასრულების ეტაპები და ა. შ.) (და მოიპოვოს შესაბამისი საექსპერტო დასკვნა უნებართვოდ ან/და სამშენებლო დოკუმენტის დარღვევით წარმოებული მშენებლობის შესახებ.

 

აპელანტის განმარტებით, მშენებლობის ახალი ნებართვა გაიცემა უკვე წარმოებული მშენებლობის გათვალისწინებით. „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N57 დადგენილების მე-3 მუხლის 43-ე პუნქტის თანახმად, მშენებლობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებული წარმოება იყოფა სამ ურთიერთდამოკიდებული, მაგრამ ადმინისტრაციული წარმოების თვალსაზრისით დამოუკიდებელ სტადიად: I სტადია – ქალაქთმშენებლობითი პირობების დადგენა (მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცება); II სტადია — არქიტექტურულ სამშენებლო პროექტის შეთანხმება (არქიტექტურული პროექტის, კონსტრუქციული ან/და ტექნოლოგიური სქემის შეთანხმება); III სტადია — მშენებლობის ნებართვის გაცემა. აღნიშნული სამი სტადია წარმოადგენს ერთმანეთთან ურთიერთდაკავშირებულ ადმინისტრაციულ წარმოებებს, თუმცა, მიმდინარეობენ ერთმანეთისგან დამოუკიდებლად. შესაბამისად, იმისათვის, რომ წარმოება დაიწყოს რომელიმე სტადიისათვის, საჭიროა შესაბამისი დამოუკიდებელი განცხადება. ამასთან, იმისათვის, რომ დაიწყოს შემდგომი სტადიის ადმინისტრაციული წარმოება, საჭიროა წინა სტადია დასრულებული იყოს დადებითად. გ--------------–--–---–ს სააგენტოს 2017 წლის 24 თებერვლის Nდად-20/05 დადგენილებით განემარტა დადგენილების მიღებიდან სამი თვის ვადაში ჯარიმის დაკისრების სამართლებრივი საფუძვლის აღმოუფხვრელობის შედეგები, თუმცა მან ხსენებული დადგენილების გამოცემიდან მხოლოდ ერთი თვის შემდეგ, 2017 წლის 23 მარტს მიმართა სააგენტოს სამშენებლო სამართალდარღვევის აღმოფხვრისა და ახალი მშენებლობის ნებართვის აღების მიზნით შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოების დასაწყებად. ამასთან, როგორც წარმოდგენილი დოკუმენტაციიდან იკვეთება გ--------------–--–---–მა სააგენტოში წარადგინა ხარვეზიანი განცხადება. კერძოდ, 2017 წლის 23 მარტის განცხადებით მოთხოვნილ იქნა კორექტირებული საპროექტო დოკუმენტაციის შეთანხმება, ხოლო 2017 წლის 10 აპრილს სააგენტომ მხარეს აცნობა დამატებითი დოკუმენტაციის წარმოდგენის აუცილებლობაზე და ამასთან განუმარტა, რომ სამართალდარღვევის აღმოსაფხვრელად საჭირო იყო მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცება. 2017 წლის 21 აპრილს მოსარჩელემ სააგენტოში წარადგინა დამატებითი დოკუმენტაცია და ახალი განცხადება, სადაც ისევ არ იყო მოთხოვნა მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებთან დაკავშირებით და წინა განცხადების მსგავსად, ეხებოდა პროექტის შეთანხმებას. სააგენტოს მიერ წარდგენილი დოკუმეტაციის არსებითი განხილვისას, კიდევ ერთხელ გამოიკვეთა მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პიროებების ხელახლა დამტკიცების აუცილებლობა, და ვინაიდან, საზღვრების გეგმა არ ემთხვეოდა ყ------ის მუნიციპალიტეტთან შეთანხმებულ პროექტში არსებულ ტოპოგრაფიულ გეგმაზე დატანილ საკადასტრო საზღვრებს, შესახებაც სააგენტოს 2017 წლის 3 მაისის წერილით ეცნობა ადმინისტრაციული საჩივრის ავტორს.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, წარმომადგენლის განმარტებით, უსაფუძვლოდ იქნა მიჩნეული გი-------------–--–---–ის მსჯელობა, რომ 2017 წლის 24 თებერვლის Nდად-20/05 დადგენილებით გათვალისწინებული ჯარიმის დაკისრების სამართლებრივი საფუძვლის (სამართალდარღვევა) აღმოუფხვრელობა გამოწვეულია სააგენტოს მიერ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით.

 

3.2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი:

 

აპელანტი არ ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების შედეგს, დეტალუტრად მიუთითებს ფატობრივ გარემოებებზე და განმარტავს, რომ საქმეში არსებული მასალებით არ დასტურდება სააგენტოს მხრიდან მშნებელობის ნებართვის გაცემის ადმინისტრაციული წარმოებისათვის თვითნებური ხელშეშლა. წარმომადგენელი მიუთითებს, რომ სააგენტო თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების ზოგადი ნორმების შესაბამისად, უზრუნველყოფდა გ--------------–--–---–ისათვის სწორი მიმართულების მიცემას და მოთხოვნის სწორად ჩამოყალიბებას, ვინაიდან მისი მხრიდან ადგილი ჰქონდა ხარვეზიანი განცხადებებისა და არასრული დოკუმენტაციის წარდგენას.

 

აპელანტი საქმის მასალებით დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ჯარიმის დაკისრების სამართლებრივი საფუძვლის დროული აღმოფხვრა (მშენებლობის ნებართვის აღება) ვერ მოხერხდა დამკვეთის მიერ არადროული მოქმედებით. მიიჩნევს, რომ სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო მოქმედებდა კანონდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში და არ არსებობდა აქტების ბათილად ცნობის საფუძველი.

 

III ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 389-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითებას, შესაძლო ცვლილებების ან დამატებების გათვალისწინებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

4.1. ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

 

სააპელაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა - განმარტებების მოსმენის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობა - კანონიერების შემოწმებისა და საქმის სასამართლო განხილვის შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრები უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

სააპელაციო სასამართლო თვლის, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას არ დარღვეულა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორი შეფასება მისცა საქმის მასალებს, საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია სრულყოფილად, რაც არ იძლევა გადაწყვეტილების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველს.

 

სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივ შეფასებებს, გადაწყვეტილების დასაბუთების თვალსაზრისით შემოიფარგლება გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილზე მითითებით და დამატებით აღნიშნავს შემდეგს:

 

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ დავის საგანს წარმოადგენს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს 2017 წლის 17 ივლისის №დად-85/05 დადგენილება მოქალაქე გ--------------–--–---–ის დაჯარიმების შესახებ და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2018 წლის 20 მარტის №1-1/126 ბრძანება გ--------------–--–---–ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე. განსახილველ შემთხვევაში აქტების კანონიერების შეფასებისას მნიშვნელოვანია პალატის მიერ დადგინდეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დაცული იქნა თუ არა აქტის გამოცემისათვის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები.

 

საკითხზე მსჯელობის მიზნით პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს კანონს ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი’’ არეგულირებს მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველ ობიექტებს და მათთან დაკავშირებულ პროცესებს, რომელთა წარმოება, მშენებლობა, მონტაჟი, შენახვა, ტრანსპორტირება, ბრუნვა, გამოყენება და განადგურება შეიცავს ნგრევის, აფეთქების, ემისიისა და ინტოქსიკაციის შესაძლებლობას და არის მომეტებული რისკი ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობის, საკუთრებისა და გარემოსთვის. ამავე კანონის მე-15 მუხლის ,,ი’’ პუნქტის თანახმად კი, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოები არიან - საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილი დაწესებულებების სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოები და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის უფლებამოსილი ორგანოები.

 

მითითებული კანონის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო არის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც სახელმწიფო მაკონტროლებელი ორგანოა და ამ კოდექსით დადგენილი წესით ახორციელებს ობიექტების სახელმწიფო კონტროლსა და ზედამხედველობას. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ პუნქტის თანახმად, ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გასცემს განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (მათ შორის, რადიაციული და ბირთვული ობიექტების) მშენებლობის ნებართვას. მე-15 მუხლის ,,ა’’ პუნქტი კი, განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტს მიაკუთვნებს მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველ ობიექტს, რომელიც შეიცავს პოტენციურ ტექნიკურ საფრთხეს და რომელსაც ავარიის ან არასწორი ექსპლუატაციის შემთხვევაში შეუძლია ზიანი მიაყენოს ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, საკუთრებასა და გარემოს.

 

ამდენად, პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად განმარტა, რომ სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო წარმოდგენს განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების მშენებლობის სახელმწიფო მაკონტროლებელ და ზედამხედველობის ორგანოს. შესაბამისად, იგი კონტროლს უწევს და ზედამხედველობს ამ ობიექტების მშენებლობის პროცესში სამშენებლო საქმიანობის კანონმდებლობასთან შესაბამისობას. სააგენტო, ასევე უფლებამოსილია გასცეს მშენებლობის განხორციელების სამართლებრივ საფუძველი - მშენებლობის ნებართვა. ამავე დროს, კანონმდებელი ადმინისტრაციულ ორგანოს ავალდებულებს საქმის გარემოებების ყოველმხრივ, სრული და ობიექტურ გამოკვლევას, საკითხის სიღრმისეულ, კვალიფიციურ შესწავლას განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის მშენებლობიდან გამომდინარე.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად გაამახვილა ყურადღება ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის’’ 25-ე მუხლზე, რომელიც განსაზღვრავს სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების წესს. კერძოდ, დასახელებული მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო სამართალდარღვევის საქმის წარმოებას იწყებს დამრღვევის მიმართ მითითების გაცემით, გარდა ამ მუხლის 23-ე ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად კი მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ამოწმებს დამრღვევს, რაზედაც დგება შემოწმების აქტი. შემოწმების აქტში აისახება მშენებარე ობიექტის ფაქტობრივი მდგომარეობა მითითების პირობებთან მიმართებით, კერძოდ: ა) მითითება შესრულდა, ბ) მითითება არ შესრულდა, გ) მითითება არადროულად სრულდება.

 

საქართველოს კანონი ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის’’ 25-ე მუხლის მე-9 პუნქტით კანონმდებელმა მიუთითა, რომ თუ შემოწმების აქტში დაფიქსირებულია დარღვევა, აქტის საფუძველზე სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო იღებს დადგენილებას: ა) დამრღვევის დაჯარიმების შესახებ; ბ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით მიმდინარე მშენებლობისა და უნებართვო დემონტაჟის შეჩერების შესახებ. გ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა- ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის, მშენებარე შენობა-ნაგებობების მშენებლობის მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერებისა და დემონტაჟის შესახებ.

 

,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის’’ 45-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა.დ’’ ქვეპუნქტის (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) თანახმად, სამშენებლო დოკუმენტაციითა და სამშენებლო რეგლამენტებით განსაზღვრული სანებართვო პირობების დარღვევა ან/და შეუსრულებლობა გამოიწვევს დაჯარიმებას: მეხუთე კლასის (განსაკუთრებული მნიშვნელობის) შენობა-ნაგებობისათვის - 5 000 ლარით.

 

პალატა მიუთუთებს, რომ ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილება მოიცავს საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებულ საჯარო სამართლებრივ ურთიერთობათა რეგულირების სფეროს. კერძოდ, არეგულირებს საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის გაცემის, სანებართვო პირობების შესრულებისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების პროცესს. დასახელებული დადგენილების მე-19 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ დადგენილების მიზნებისათვის შენობა-ნაგებობები და სამშენებლო სამუშაოები მშენებლობის ნებართვის გაცემისა და ექსპლუატაციაში მიღებისათვის იყოფა 5 კლასად: ა) I კლასი – შენობა-ნაგებობები, რომლებიც მშენებლობის ნებართვას არ საჭიროებს; ბ) II კლასი – შენობა-ნაგებობები რისკის დაბალი ფაქტორით; გ) III კლასი – შენობა-ნაგებობები რისკის საშუალო ფაქტორით; დ) IV კლასი – შენობა-ნაგებობები რისკის მაღალი ფაქტორით; ე) V კლასი – შენობა - ნაგებობები რისკის მომეტებული ფაქტორით (განსაკუთრებული მნიშვნელობის შენობა - ნაგებობები).

 

,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ„ საქართველოს მთავროსბის 2009 წლის 24 მართის N57 დადგენილების 79-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, V კლასის შენობა - ნაგებობები ხასიათდება რისკის მომეტებული ფაქტორით, ამავე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ო’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, V კლასს განეკუთვნება, შესაბამისი სამართლებრივი აქტით განსაზღვრული, გ---------ის სარეკრეაციო ტერიტორიაზე ასაშენებელი შენობა - ნაგებობები.

 

განსახილველ შემთხვევაში პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ 2017 წლის 13 თებერვალს გ--------------–--–---–მა განცხადებით მიმართა სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს და განმარტა, რომ საკუთრებაში ფლობს ყ------ის რაიონის დაბა გ---------ში მდებარე მიწის ნაკვეთს საკადასტრო კოდით №7---------- და აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე განთავსებულ სასტუმროს. ამავე განცხადებაში მოსარჩელე უთითებდა, რომ მშენებლობა ნაწარმოებია ყ------ის რაიონის მუნიციპალიტეტში შეთანხმებული პროექტის და შესაბამისი მშენებლობის სანებართვო მოწმობის საფუძველზე. ამასთან, მშენებლობის პროცესში განხორციელდა პროექტით გაუთვალისწინებელი სამუშაოები და მოითხოვა მის მიმართ კანონით გათვალისწინებული ზომების მიღება, რათა მოეპოვებინა კორექტირებული პროექის ნებართვა. აღნიშნული განცხადების საფუძველზე სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს 2017 წლის 24 თებერვლის Nდად-20/05 დადგენილებით გ--------------–--–---–ი დაჯარიმდა 5 000 (ხუთი ათასი) ლარით ყ------ის რაიონის მუნიციპალიტეტში შეთანხმებული პროექტის დარღვევით ნაწარმოები მრავალფუნქციური შენობის რეკონსტრუქციისთვის, რაც მის მიერ გადახდილი იქნა.

 

,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის’’ 26-ე მუხლის მე-4 ნაწილზე არგუმენტირებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად განმარტა, რომ ჯარიმის დაკისრების სამართლებრივი საფუძვლების აღმოუფხვრელობის შემთხვევაში, მისი დაკისრებიდან ყოველი 3 თვის შემდეგ, ამ მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული პირები ჯარიმდებიან დაკისრებული ჯარიმით გათვალისწინებული საჯარიმო თანხის სამმაგი ოდენობის თანხით, რომელიც დამრღვევს შეიძლება დაეკისროს არა უმეტეს სამჯერ.

 

პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს 2017 წლის 17 ივლისის №დად-85/05 დადგენილებით გ--------------–--–---–ი დაჯარიმდა 15 000 (თხუთმეტი ათასი) ლარით და მითითებულია, რომ კანონით განსაზღვრულ ვადაში არ იქნა აღმოფხვრილი 2017 წლის 24 თებერვლის №დად- 20/05 დადგენილებით დაკისრებული ჯარიმის სამართლებრივი საფუძვლები. აღნიშნულ სადავო დადგენილებასთან დაკავშირებით მხარემ განმარტა, რომ მართალია მის მიერ მითითება დროულად არ შესრულდა, რადგან სამართალდარღვევის აღმოფხვრის 3 თვიანი ვადის ბოლო დღე იყო 2017 წლის 24 მაისი, თუმცა ვინაიდან ეს გამოწვეული არ იყო მისი ბრალით და მან დროულად მიმართა შესაბამის ორგანოს ნებართვის მოპოვების მიზნით, ამასთან იმ პირობებში როდესაც, სამართალდარღვევა გამოსწორდა მისი დაჯარიმების შესახებ სადავო დადგენილების (2017 წლის 17 ივლისი) მიღებამდე, 2017 წლის 04 ივლისს, იგი უნდა გათავისუფლებულიყო პასუხისმგებლობისგან.

 

პალატა მსგავსად პირველი ინსტანციისა იზიარებს მოსარჩელის პოზიციას მოცემულ საკითხთან დაკავშირებით და მიუთითებს ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის’’ (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) 25-ე მუხლის მე-7 ნაწილზე, თუ მითითება დროულად არ შესრულდა, მაგრამ სამართალდარღვევა გამოსწორდა დადგენილების მიღებამდე, დამრღვევი თავისუფლდება პასუხისმგებლობისაგან, ხოლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება წყდება. ამავე მუხლის მე-11 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ პუნქტების თანახმად კი, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო იღებს დადგენილებას სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ, თუ: ა) დარღვევები გამოსწორებულია და მითითება შესრულდა; ბ) საქმის განხილვისას გამოვლინდა სამშენებლო სამართალდარღვევის გამომრიცხავი გარემოებები.

 

განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით პალატას დადასტურებულად მიაჩნია, რომ სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს 2017 წლის 23 ივნისის N129-04 ბრძანებით, დამტკიცდა გ--------------–--–---–ის მრავალფუნქციური შენობის სამშენებლო დოკუმენტის ცვლილებაზე მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები, სამშენებლოდ გამოყენების პირობები, სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს 2017 წლის 04 ივლისის N136-04 ბრძანებით შეთანხმდა ყ------ის მუნიციპალიტეტში, დაბა გ---------ში, გ---------ის სარეკრეაციო ტერიტორიაზე, მოქალაქე გ---------------–--–---–-ს მრავალფუნქციური შენობის სამშენებლო დოკუმენტის ცვლილების არქიტექტურული პროექტი და კონსტრუქციული სქემა და გაიცა მშენებლობის ნებართვა მითითებულ ცვლილებებზე, ხოლო სადავო Nდად -85/05 დადგენილება მიღებული იქნა 2017 წლის 17 ივლისს, ანუ მხოლოდ მას შემდეგ, რაც ამ უკანასკნელის მიერ უკვე აღმოფხვრილი იქნა 2017 წლის 24 თებერვლის Nდად-20/05 დადგენილებით დაკისრებუილი ჯარიმის სამართლებრივი საფუძველი. აღნიშნული კი ცალსახად ეწინააღმდეგება „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსიის (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) 25 მუხლის მე-7 ნაწილს.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ ასევე მართებულად გაამახვილა ყურადღება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-2 მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ საქართველოს კანონმდებლობა შედგება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებისაგან. ამავე კოდექსის მე-8 მუხლის თანახმად, არავის არ შეიძლება შეეფარდოს ზემოქმედების ზომა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამო, თუ არა კანონმდებლობით დადგენილ საფუძველზე და წესით. ამავე ნორმის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს აწარმოებენ კანონიერების მკაცრი დაცვის საფუძველზე. საამისოდ უფლებამოსილი ორგანოები და თანამდებობის პირნი ადმინისტრაციული ზემოქმედების ზომებს შეუფარდებენ თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობის ზუსტი შესაბამისობით. სამართალდარღვევათა კოდექსის მე-10 მუხლი განსაზღვრავს, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად (გადაცდომად) ჩაითვლება სახელმწიფო ან საზოგადოებრივი წესრიგის, საკუთრების, მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების, მმართველობის დადგენილი წესის ხელმყოფი მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული (განზრახი ან გაუფრთხილებელი) მოქმედება ან უმოქმედობა, რომლისთვისაც კანონმდებლობით გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა. ამავე კოდექსის 33-ე მუხლის პირველი ნაწილი კი მოითხოვს, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის პირს სახდელი დაედოს იმ ნორმატიული აქტით დაწესებულ ფარგლებში, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის ამ კოდექსის და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ სხვა აქტების ზუსტი შესაბამისობით. ამდენად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ზოგადი მუხლები ადგენენ ადმინისტრაციული გადაცდომისათვის კანონით გათვალისწინებული სანქციის გამოყენების საერთო წესს.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად განმარტა, რომ სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება უპირველეს ყოვლისა არის სამშენებლო სამართალდარღვევის გამოსწორების მიზნით ჩატარებული საქმის წარმოება, რა დროსაც კანონმდებლობა თითოეული სამართალდარღვევისათვის პასუხისმგებლობის დაკისრებამდე საჭიროდ მიიჩნევს შესაბამისი პროცედურების დაცვას, რა დროსაც დამრღვევს ეძლევა დარღვევის გამოსწორებისა და პასუხისმგებლობის თავიდან არიდების შესაძლებლობა, პროცედურების დარღვევით ჩატარებული წარმოება კი წარმოადგენს აქტის გამოცემისათვის დადგენილი წესის დარღვევას, რაც მისი ბათილობის საფუძველს წარმოადგენს.

 

პალატა განმარტავს, რომ ,,სამშენებლო სამართალდარღვევა თავისი ბუნებით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას წარმოადგენს. ამასთან, იმისათვის, რომ პირი მივიჩნიოთ სამართალდამრღვევად, სახეზე უნდა გვქონდეს სამართალდარღვევის შემადგენლობა, წინააღმდეგ შემთხვევაში გამორიცხულია პირის - როგორც სამართალდამრღვევის დაჯარიმება... სამართალდამრღვევად მიჩნევისათვის სახეზე უნდა გვქონდეს მოსარჩელის მიერ განხორციელებული ქმედება, რომელიც მართლსაწინააღმდეგოა და ბოლოს, სახეზე უნდა იყოს ბრალი (მოსარჩელის დამოკიდებულება მის მიერ განხორციელებული ქმედების მიმართ’’ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 201 წლის 15 ნოემბრის №ბს-391-386(3კ-12) გადაწყვეტილება).

 

განსახილველ შემთხვევაში, პალატა ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს იმ განმარტებას, რომ საქმეზე დადგენილი გარემოებები გამორიცხავს გ--------------–--–---–ის მიერ სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენას, ვინაიდან, იმ პირობებში, როდესაც სადავო მშენებლობის განხორციელებისას მოსარჩელემ თავად მიმართა შესაბამის ორგანოს და მისგან შესაბამისი რეაგირება ითხოვა, რათა შემდგომში მოეპოვებინა კორექტირებული პროექტის ნებართვა, სახეზე არ გვაქვს გ--------------–--–---–ის ქმედების მართლსაწინააღმდეგო ხასიათი იმ მთვარი ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, რომ მისი დაჯარიმების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საბოლოოდ წინ უსწრებდა ადმინისტრაციულ ორგანოსთან მიღწეული შეთანხმება სამშენებლო დოკუმენტების ცვლილებების, არქიტექტურული პროექტისა და კონსტრუქციული სქემის შესახებ, რასაც მოყვა ახალი პირობებით სამშენებლო ნებართვის გაცემა.

 

პალატა, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად ვერ მიიჩნევს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ სააპელციო საჩივრებში მითითებულ არგუმენტებს და მიიჩნევს, რომ საქმის განმხილველმა სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს 2017 წლის 17 ივლისის Nდად-85/05 დადგენილება მოქალაქო გ--------------–--–---–ის დაჯარიმების შესახებ, მიღებულია კანონის მოთხოვნათა დარღვევით.

 

რაც შეეხება მხარის მოთხოვნას, ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო 2018 წლის 20 მარტის N1-1/126 ბრძანება, რომლითაც გ--------------–--–---–ს უარი ეთქვა ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე, პალატა აღნიშნულ ნაწილშიც ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის შედეგს, მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის მესამე ნაწილზე, ამავე კოდექსის 185-ე, 201-ე მუხლებზე და მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში იმდენად, რამდენადაც დადგენილი იქნა, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს 2017 წლის 17 ივლისის Nდად-85/05 დადგენილება მოქალაქე გ--------------–--–---–ის დაჯარიმების შესახებ, როგორც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი, კანონის მოთხოვნათა დარღვევით არის მიღებული და მოსარჩელის კანონიერ ინტერესებს პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს, აღნიშნული გარემოება თავის მხრივ გასაჩივრებული აქტის ბათილად ცნობის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს, შესაბამისად, მართებულად მიიჩნია ბათილად პირველი ინსტანციის სასამართლომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2018 წლის 20 მარტის №1-1/126 ბრძანება გ--------------–--–---–ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე, მით უფრო მაშინ, როდესაც ადმინისტრაციულ საჩივარს, როგორც უფლების დაცვის საშუალებას, მხარისთვის განსაკუთრებული ინტერესი გააჩნია და ადმინისტრაციული წარმოება ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით გულისხმობს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის კანონიერების გადამოწმებას, რომელიც თავის თავში მოიცავს აქტის, როგორც ფორმალური, ისე მატერიალური კანონიერების გადამოწმებას.

 

პალატის მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად განმარტა, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, როგორც საჩივრის განმხილველ ორგანოს, გასაჩივრებული აქტის კანონიერებისა და მიზანშეწონილობის გადამოწმების ვალდებულება წარმოეშვება მაღალი ხარისხით, რაც გულისხმობს იმას, რომ მის მიერ გამოკვლეული უნდა ყოფილიყო საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და აღნიშნულის საფუძველზე მიღებული უნდა ყოფილიყო გადაწყვეტილება საჩივრის დაკმაყოფილების ან საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

სააპელაციო პალატის მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი საპროცესო დარღვევების გარეშე, სწორად დაადგინა საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. შესაბამისად, სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები, რის გათვალისწინებითაც სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 მარტის გადაწყვეტილება.

 

6. სასამართლო ხარჯები:

 

6.1. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის თანახმად, აპელანტი - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო განთავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, აპელანტი - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 150 (ასორმოცდაათი) ლარი, უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

IV ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე მუხლებით

 

სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.

 

2. უცვლელად დარჩეს ძალაში თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 მარტის გადაწყვეტილება.

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №6) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში.

 

მოსამართლე : გიორგი გოგიაშვილი