განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 020142219700101441
საქმე №1/აგ-92-2019წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
14 თებერვალი, 2020 წელი ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
თავმჯდომარე ლერი თედორაძე
მოსამართლეები: მაკა გორგოძე, თეიმურაზ სვანიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა მსჯავრდებულ ა----------------–ის (დაბადებული: 0--------- წელს, პირადი № 2----------, საქართველოს მოქალაქე, უმაღლესი განათლების მქონე, დაოჯახებული, რეგისტრირებული მისამართზე: მ--------–------------–---–---------) ინტერესების დამცველი ადვოკატ ა--------------ის შუამდგომლობა, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, განაჩენის გადასინჯვის თაობაზე
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 24 აგვისტოს განაჩენით ა----------------–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და მას ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
მსჯავრდებულ ა----------------–ს, როგორც ნარკოტიკული საშუალების მომხმარებელს, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სამი წლის ვადით ჩამოერთვა შემდეგი უფლებები: სატრანსპორტო საშუალების მართვის, საექიმო საქმიანობის, საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები.
მსჯავრდებულმა ა----------------–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა შუამდგომლობით მომართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს, რომლითაც ითხოვს, გადაისინჯოს ა----------------–ის მიმართ გამოტანილი განაჩენი და გათავისუფლდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 24 აგვისტოს განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშულისთვის დაკირებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან.
სააპელაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა შუამდგომლობის მოტივების საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულის ინტერესების დამცველი ადვოკატის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილების თანახმად, დაკმაყოფილდა კონსტიტუციური სარჩელი №732 („საქართველოს მოქალაქე გივი შანიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) და არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან მიმართებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის სიტყვების „ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება“ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის მოხმარებისთვის.
განსახილველ შემთხვევაში, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 24 აგვისტოს განაჩენით ა----------------–ს მსჯავრი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალება ტეტრაჰიდროკანაბინოლის (მარიხუანას) ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება, ჩადენილი ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციულ-სახდელშეფარდებული პირის მიერ.
ზემოაღნიშნული ნორმების მოთხოვნათა თანახმად, მსჯავრდებულ ა----------------–ის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს და იგი უნდა გათავისუფლდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 24 აგვისტოს განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან. ასევე, უნდა აღუდგეს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე 03 (სამი) წლის ვადით ჩამორთმეული უფლებები.
სარეზოლუციო ნაწილი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდესის 310-314-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1.ა----------------–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის, ა--------------ის, შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;
2.ა----------------–ი გათავისუფლდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 24 აგვისტოს განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის, დადგენილი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან;
3.ა----------------–ს აღუდგეს, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სამი წლის ვადით ჩამორთმეული: სატრანსპორტო საშუალების მართვის, საექიმო საქმიანობის, საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები;
4.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
თავმჯდომარე /ლ.თედორაძე/
მოსამართლეები: /მ.გორგოძე/
/თ.სვანიძე/