განაჩენი

სისხლის სამართლის 18.02.2020
საქმის ნომერი
060100119003014644
ინსტანცია
თარიღი
18.02.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 060100119003014644

№1/ბ-822-2019 წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

30 იანვარი, 2020 წელი ქ. ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის

სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე თეიმურაზ სვანიძე

სხდომის მდივანი - მარინა მაკარიძე

პროკურორის - გ--- გ--–--ის

ადვოკატის - ი-----–ი შ---------ის

გამართლებულის - რ----- ო------ის მონაწილეობით

ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე რ----- მ--–----ის ძე ო------ის მიმართ, დაბადებული:1--------- წელი, პირადი №04001015215, საქართველოს მოქალაქე, დაოჯახებული, უმაღლესი განათლების მქონე, მცხოვრები: ქ.სამტრედია, ი-------ის ქ.N5-.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ნ ა წ ი ლ ი:

ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, რ----- ო------ეს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:

2019 წლის 17 აპრილს რ----- ო------ე და ნ---- პ----ა დაოჯახდნენ. 2019 წლის 19 აპრილს, დაახლოებით 1130 საათზე, რ----- ო------ემ ქ. სამტრედია, ი-------ის ქუჩა N5--ში მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში, იმ მოტივით იძალადა ფიზიკურად ნ---- პ----აზე, რომ ამ უკანასკნელს წარსულში სხვა მამაკაცთან ჰქონდა სქესობრივი ურთიერთობა. კერძოდ კი რ----- ო------ემ ნ---- პ----ას ძლიერად მოქაჩა თმებში, ორჯერ დაარტყა ხელი სახის არეში და მარჯვენა ხელი დაუკაწრა ფრჩხილებით, რის შედეგად დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.

სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 01 ნოემბრის განაჩენთ რ----- ო------ე უდანაშაულოდ იქნა ცნობილი და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

სააპელაციო საჩივრის არსი:

სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 01 ნოემბრის განაჩენი სააპელაციო საჩივრით გასაჩივრებულ იქნა სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორის მარიამ მელაძის მიერ, რომელმაც გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და რ----- ო------ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში დამნაშავედ ცნობა მოითხოვა.

ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი, არასწორი სამართლებრივი შეფასება მიეცა წარმოდგენილ მტკიცებულებებს და არსებითად არის დარღვეული სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნები. რ----- ო------ის მიმართ სისხლის სამართლის საქმეზე შეიკრიბა და სასამართლოს წარედგინა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის შესაბამის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადასტურებს გამართლებულის ბრალეულობას წარდგენილ ბრალდებაში.

დაცვის მხარემ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე წარმოადგინა შესაგებელი, რომლითაც გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვეს.

სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:

– აპელანტს, პროკურორ გ--- გ--–--ეს, რომელმაც მხარი დაუჭირა ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვა.

– მოწინააღმდეგე მხარეს, გამართლებულ რ----- ო------ეს და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატს - ი-----–ი შ---------ეს, რომლებმაც მხარი არ დაუჭირეს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარს და გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვეს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:

მოწმის სახით დაკითხული დაზარალებულ ნ---- პ----ას ჩვენებით დადგენილია, რომ რ----- ო------ე გაიცნო თებერვლის თვეში ფეისბუქის მეშვეობით. 2 თვის შემდეგ შეხვდა მას და თავის შესახებ მოუყვა ყველაფერი. 17 აპრილს დაქორწინდნენ. სამი დღის განმავლობაში ცემდა, განათხოვარი, რომ ხარ არ მჭირდებიო. 19 აპრილს ჩხუბი დაუწყო უმიზეზოდ. სახლის მეორე სართულზე არსებულ მათ საძინებელ ოთახში დაარტყა ხელი, მოქაჩა თმებში და დაკაწრა მაჯაზე, საიდანაც წამოუვიდა სისხლი, რაც შეიწმინდა ტანსაცმელზე. ინციდენტის დროს სახლში იყვნენ მარტო. რ----- ყვიროდა, შემდეგ გაათრია ქუჩაში და დატოვა იქ. მას დანით ან „ბიგ“-ის ფირმის სამართებლით თვითდაზიანების მიყენება არ უცდია. მისივე განმარტებით ბიგ-ის ფირმის საპარსზე მისი სისხლია, თუმცა რატომ ამის ახსნა არ შეუძლია. ასევე ვერ ახსნის, რატომ არ უთხრა გამომძიებელს, რომ სისხლი მოსდიოდა.

მოწმის სახით დაკითხულმა ჯ---- დ---–-–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ რ----- ო------ე არის მისი მეზობელი. მათი სახლები ერთმანეთისგან დაახლოებით 10-15 მეტრითაა დაშორებული. 17 აპრილს რ----- დაქორწინდა. 19 აპრილს დილით მივიდა მასთან სახლში და უთხრა, რომ ცოლს შორდებოდა და მისი მანქანით მიეყვანა ისინი სამარშრუტო ავტობუსამდე. რ.ო------ე და ნ.პ----ა ჩასხდნენ უკანა სავარძელში. ნ.პ----ასთვის არაფერი საეჭვო შეუმჩნევია იგი იყო ჩვეულებრივად. მიიყვანა სადგურში და დატოვა. რამოდენიმე ხნის შემდეგ კი მივიდა აბაშის გზაზე მდებარე გალფის ავტოგასამართ სადგურთან, სადაც რ. ო------ე უნდა წამოეყვანა. სამარშრუტო ავტობუსი გაჩერდა მისგან დაახლოებით 15 მეტრის მოშორებით. რ-----ს ჩამოყვა ნ----ც, რაც მას გაუკვირდა. დაახლოებით 10-15 წუთი ისაუბრეს ერმანეთში. რ.ო------ე სამგზავრო ფულს აძლევდა ნ. პ----ას, ის კი არ მიდიოდა და დაემუქრა კიდეც , რომ ზიანს მიაყენებდა.

მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტ-კრიმინასლისტმა გ-----მ ჟ-------მა განაცხადა, რომ მითითებულ საქმეზე მონაწილეობა მიიღო შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში, რა დროსაც სააბაზანო ოთახიდან გამომძიებელ ნ----- ნ--------ის მითითებით ამოიღეს ბიგ-ის ფირმის წვერსაპარსი.

მოწმის სახით დაკითხულმა ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სასამართლო სამედიცინო ექსპერტმა შ----- თ------ემ დაადასტურა მის მიერ გაცემული სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნების სისწორე და განმარტა, რომ გამომძიებელ გ------ი ნ-–--–-–---–ის დადგენილების საფუძველზე სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა ჩაუტარა ნ---- პ----ას და გასცა შესაბამისი დასკვნა. მისივე განმარტებით ნ.პ----ას სხივმაჯის სახსარზე არსებული ნაკაწრი დაზიანებები შეიძლება განვითარებულიყო როგორც ფრჩხილით, ასევე სამართებლით.

მოწმის სახით დაკითხული დეტექტივ გამომძიებელის - ნ----- ნ--------ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2019 წლის 21 აპრილს, ნ---- ჩხაიძის შეტყობინების საფუძველზე, დაიწყო გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე. ნ. ჩხაიძემ გამოკითხვისას განუცხადა, რომ რ. ო------ის სახლში იპოვა სისხლიანი ერთჯერადი საპარსი რაზეც რ-----ო ო------ემ (ბაბუა) უთქვამს, რომ ნ----მ თავის მოკვლა სცადა. საპარსი ამოიღეს და მას ეტყობოდა სისხლის კვალი სახელურსა და სამართებელზე. ნ. პ----ამ მას განუცხად, რომ რ. ო------ე ძალადობდა მასზე, რის გამოც დაემუქრა ბიგ-ის ფირმის სამართებლით, რომ თავს მოიკლავდა. მან ნ. პ----ასგან აიღო ნერწყვის ნიმუში და დანიშნა ბიოლოგიური ექსპერტიზა.

მოწმის სახით დაკითხული დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელის გ------ი ნ-–--–-–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2019 წლის 19 აპრილს, ნ---- პ----ას შეტყობინების საფუძველზე, დაიწყო გამოძიება ოჯახური ძალადობის ფაქტზე. მან გომკითხა ნ. პ----ა, ჩაატარა შემთხვევის ადგილი დათვალიერება. ნ. პ----ას განმარტებით რ. ო------ემ საძინებელ ოთახში მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა და ფრჩხილებით მიაყენა დაზიანება მაჯაზე. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას, საძინებელ ოთახში სისხლის კვალი აღმოჩენილი არ ყოფილა. სისხლი არც დაზარალებულ ნ.პ----ას ტანსაცმელზე არ იყო. ნ. პ----ას მაჯაზე ნაკაწრები ჰქონდა. მისივე განმარტებით ბრალდებულ რ.ო------ისაგან ბიოლოგიური ნიმუში არ აუღიათ.

მოწმის სახით დაკითხული უბნის ინსპექტორ-გამომძიებელის თ-- გ--------ის ჩვენებით დადგენილია, რომ მან რ.ო------ის მიმართ შეადგინა შემაკავებელი ორდერი. ნ.პ----ას განმარტებით, მას რ.ო------ემ თმებში მოქაჩა და სახეში გაარტყა ხელი. ასევე ხელზე ემჩნეოდა ნაკაწრები.

მოწმის სახით დაკითხული ნ---- ჩ----ის ჩვენებით დადგენილია, რომ რ-----ო და რ----- ო------ეები არიან მისი მეზობლები და დროგამოშვებით მათ ულაგებს სახლს. მან იპოვა აბაზანაში სისხლიანი ერთჯერადი საპარსი, რაც უთხრა რ-----ო ო------ეს და ამ უკანასკნელის თხოვნით დარეკა პოლიციაში. რ. ო------ემ მას უთხრა, რომ მისმა რძალმა ნ. პ----ამ ამ საპარსით ხელი გადაიჭრა.

2019 წლის 19 აპრილის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ შემთხვევის ადგილის მდებარეობს სამტრედიაში, ი-------ის ქუჩა N5--ში მდებარე რ----- ო------ის საცხოვრებელი სახლის საძინებელი ოთახი, შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას საქმისათვის მნიშვნელობის მქონე რაიმე ნივთი ან კვალი ამოღებული არ ყოფილა.

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 23 აპრილის N0-------- ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით დადგენილია, რომ 19.04.19წ. ჩატარებული პირადი შემოწმებისას მოქ. ნ---- პ----ას მარჯვენა სხივ-მაჯის სახსრის წინა ზედაპირზე აღენიშნებოდა განივად და განივ ირიბად მდებარე ხაზოვანი ფორმის ნაკაწრები, რაც განვითარებულნი უნდა იყოს რაიმე მახვილი საგნის წვერით, ლესილი კიდის ან მკვეთრად გამოხატული კიდის მქონე მკვრივი-ბლაგვი საგნის შემხები ზემოქმედების შედეგად. ცალ-ცალკე და ერთად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯამრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს.

 

2019 წლის 21 აპრილის შემთხვევის ადგილის (სააბაზანო ოთახი) დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას რ----- ო------ის ქ.სამტრედიაში, ი-------ის ქუჩის N5--ში მდებარე მისი საცხოვრებელი სახლის სააბაზანო ოთახში განთავსებული თაროდან ამოღებული იქნა „BIG“-ის ფირმის წვერის საპარსი, რომელიც დაილუქა N F--------- პაკეტში.

მოწმის სახით დაკითხული რ----- ო------ის ჩვენებით დადგენილია, რომ ნ---- პ----ა გაიცნო დაქორწინებამდე ორი თვით ადრე. სამჯერ შეხვდნენ ერთმანეთს მარტვილში. შეხვედრაზე ნ---- ყოველთვის მის დასთან და რძალთან ერთად მიდიოდა, რამაც აფიქრებინა, რომ იგი მოკრძალებული, მშვიდი ადამიანი იყო. 17 აპრილს ისევ შეხვდა ნ----ს მარტვილში, სადაც ჩავიდა ბ. ტერელაძესთან ერთდ ამ უკანასკნელის კუთვნილი ავტომანქანით. შეხვედრისას გადაწყვიტეს, რომ დაოჯახებულიყვნენ და წამოვიდნენ სამტრედიაში, რ. ო------ის სახლში. მასთან მივიდნენ სტუმრები, ასევე ნ----ს მშობლები და აღნიშნეს ქორწინება. 18-დან 19 აპრილის ღამეს, მათ პირველად ჰქონდათ სქესობრივი კავშირი და რ. ო------ემ გაიგო, რომ ნ. პ----ა არ იყო ქალწული, რაზეც ამ უკანასკნელმა განუმარტა, რომ 15 წლის ასაკში მოიტაცეს. რ. ო------ემ თავი ჩათვალა მოტყუებულად, ვინაიდან ამის შესახებ ნ. პ----ას მისთვის ქორწინებამდე არ უთქვამს და გაბრაზდა. მან აუხსნა ნ. პ----ას, რომ ტყუილით ოჯახს ვერ შექმნიდა და უნდა დაშორებულიყვნენ, თუმცა ნ. პ----ა ამის წინააღმდეგი იყო და უარს აცხადებდა მშობლების სახლში დაბრუნებაზე. ამის შესახებ მან უთხრა ბაბუას რ-----ო ო------ეს. გაიგეს მეზობლებმაც. რ. ო------ემ ნ. პ----ას უთხრა, რომ ჩაელაგებინა მისი ნივთები და წაიყვანდა სახლში. რამოდენიმე ხანში ააკითხა საძინებელში, სადაც ნახა, რომ ნ. პ----ას დანა და მაკრატელი ეჭირა ხელში და ედო მაჯაზე, თუმცა არ დაუსვია, აშინებდა მას. გამოართვა ორივე და შეინახა ოთახში. შემდეგ კი ნ---- ვერ იპოვა. დაიწყო ძებნა და შემთხვევით შეიხედა სააბაზანოში. ნ----ს მარცხენა ხელში ეჭირა ბიგ-ის საპარსი, მარჯვენაზე კი ნაკაწრები ეტყობოდა. მან გამოართვა და იქვე დააგდო, ნ---- კი გამოიყვანა ეზოში. ამის შემდეგ მივიდა მის მეზობელთან ჯ---- დ---–-–---–თან და თხოვა მანქანით გაეყვანა სადგურზე, რომ ნ---- წაეყვანა მარტვილში. ჯ----მ უთხრა, რომ მარტვილში წაყოლა სახიფათო იქნებოდა, რის გამოც გადაწყვიტა, რომ მარტო გაემგზავრებონა. ჯ.დ---–-–---–ის მანქანით მივიდნენ სადგურზე და ჩასხდნენ მარტვილისკენ მიმავალ მიკროავტობუსში. მარტვილის (აბაშის) გზაზე, გალფის ბენზინგასამართ სადგურთან იგი ჩამოვიდა ავტობუსიდან, ნ---- კი უნდა გაეყოლებინა, მაგრამ ნ----ც ჩამოყვა და უარს აცხადებდა მშობლების სახლში დაბრუნებაზე, თან დაემუქრა, რომ პოლიციაში დარეკავდა და გაამწარებდა. ამის შემდეგ ჯ.დ---–-–---–ის მანქანით, რომელმაც მას მიაკითხა დაბრუნდა სახლში, ნ. პ----ა კი დარჩა.

რაც შეეხება სხვა მტკიცებულებებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ,,დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, მხარეები შეთანხმდნენ და გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

სააპელაციო პალატას რ----- ო------ის მიერ ოჯახურ ძალადობის განხორციელების ფაქტებთან დაკავშირებით მიაჩნია, რომ საქმეში არ მოიპოვება პირდაპირ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც დაადასტურებდა მის მიმართ წარდგენილ ბრალდებას.

პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება ჩადენილად ითვლება იმ შემთხვევაში თუ პირის მხრიდან ადგილი აქვს ოჯახში ძალადობას, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობას, სისტემატიურ შეურაცხყოფას, შანტაჟს ან დამცირებას, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი.

სააპელაციო პალატა ასევე განმარტავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი მინიმუმ ორი პირდაპირი მტკიცებულების არსებობას გულისხმობს, რომელიც ნეიტრალურ პირს დაარწმუნებს ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში. ამასთან მტკიცებულებათა დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულების მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებს და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.

ეს მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს დანაშაულებრივი ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ. მტკიცებულებების ამგვარი ტესტით შეფასების შემდეგ არის შესაძლებელი, სამართლებრივი კვალიფიკაცია მიეცეს პირის ქმედებას და დაეკისროს პასუხისმგებლობა. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი უნდა გამორიცხავდეს ეჭვებისა და ვარაუდების საფუძველზე პირისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას.

სააპელაციო სასამართლოს აზრით რ----- ო------ის მიერ, ყოფილი მეუღლის - ნ.პ----ას მიმართ ძალადობის დასადასტურებლად საქმეში არსებული მტკიცებულებები ვერ ჩაითვლება საკმარის მტკიცებულებებად, ვინაიდან დაუშვებელია გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი, შესაბამისად, შეუძლებელია უტყუარი მტკიცებულებების არ არსებობის გამო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დამტკიცდეს რ.ო------ის მიერ ნ.პ----ას მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ჯანმრთელობის მძიმე, ნაკლებად მძიმე ან მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით.

ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

პალატა ასევე განმარტავს, რომ საქმის განხილვისას აუცილებელი არ არის მტკიცებულებათა სიჭარბე. მთავარია, ამ მტიცებულებათა წონა და გადამწყვეტი მნიშვნელობა. გადამწყვეტი ასეთ კონტექსტში გულისხმობს უფრო მეტს, ვიდრე უბრალოდ დამადასტურებელი მტკიცებულება, რომლის გარეშეც პირის დამნაშავედ ცნობის შანსი მცირდება. როდესაც მტკიცებულება გადამწყვეტი ხასიათისაა, მისი გამოყენება დამოკიდებულია იმაზე, რამდენად ძლიერია დამატებითი მტკიცებულებები.

მოცემულ კონკრეტულ სამართლებრივ შემთხვევაში ნ---- პ----ას მარჯვენა სხივ-მაჯის სახსრის წინა ზედაპირზე არსებულ ხაზოვანი ფორმის ნაკაწრებს, რაზეც თავად დაზარალებული მიუთითებს, რომ რ----- ო------ემ მიაყენა ფრჩხილებით, პალატის აზრით აღნიშნული მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს, არ დასტურდება და არსებითად ეწინააღმდეგება სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის დროს გამოკვლეულ, ურთიერთ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას. ამასთან, ბრალდების მხარეს სასამართლოში არ წარმოუდგენია სხვა რაიმე უტყუარი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა რ.ო------ის ბრალეულობას.

მართალია საქმეში არსებობს სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმადაც ნ---- პ----ას მარჯვენა სხივ-მაჯის სახსრის წინა ზედაპირზე აღენიშნებოდა განივად და განივ ირიბად მდებარე ხაზოვანი ფორმის ნაკაწრები, რაც განვითარებულნი უნდა იყოს რაიმე მახვილი საგნის წვერით, ლესილი კიდის ან მკვეთრად გამოხატული კიდის მქონე მკვრივი-ბლაგვი საგნის შემხები ზემოქმედების შედეგად, თუმცა ეს მტკიცებულება უტყუარად ვერ ადასტურებს, რომ ნ---- პ----ას ეს დაზიანებები რ.ო------ემ მიაყენა სხეულზე, ვინაიდან მისივე განმარტებით ბიგ-ის ფირმის საპარსზე მისი სისხლია, თუმცა რატომ ამის ახსნა ვერ შეძლო.

მოწმის სახით დაკითხული ნ---- ჩ----ის ჩვენებით კი დგინდება, რომ იგი, რომელიც ო------ეების მეზობელია და დროგამოშვებით მათ ულაგებს სახლს. 2019 წლის 21 აპრილს დაახლოებით 1700 საათზე აბაზანაში იპოვა სისხლიანი ერთჯერადი საპარსი, რის შესახებაც უთხრა რ-----ო ო------ეს (ბაბუას) და ამ უკანასკნელის თხოვნით დარეკა პოლიციაში, რ. ო------ემ კი მას უთხრა, რომ მისმა რძალმა ნ. პ----ამ ამ საპარსით ხელი გადაიჭრაო.

რაც შეეხება შემთხვევის ადგილზე მისულ პოლიციის თანამშრომლების - ნ----- ნ--------ის, გ------ი ნ-–--–-–---–ის და თ-- გ--------ის ჩვენებებს პალატას მიაჩნია, რომ ისინი ირიბი ხასიათისაა. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, „ირიბია მოწმის ის ჩვენება, რომელიც ეფუძნება სხვა პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, „სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის დროს ირიბი ჩვენება დასაშვები მტკიცებულებაა, თუ ის დასტურდება სხვა ისეთი მტკიცებულებით რომელიც არ არის ირიბი ჩვენება“. ირიბი ჩვენება ეყრდნობა სხვა წყაროდან მოპოვებულ, როგორც წესი, მოდიფიცირებულ ინფორმაციას. ირიბი ჩვენებით დადგენილ ფაქტსა და ინფორმაციის წყაროს შორის არსებობს შუალედური რგოლი. რაც უფრო მეტი შუალედური რგოლი არსებობს წყაროსა და ჩვენების მიმცემ მოწმეს შორის, მით უფრო ნაკლებია მის მიერ მიცემული ჩვენების სარწმუნოობის ხარისხი და მტკიცებულებითი წონა.

სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად „ირიბი ჩვენება დასაშვები მტკიცებულებაა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ირიბი ჩვენების მიმცემი პირი მიუთითებს ინფორმაციის წყაროს, რომლის იდენტიფიცირება და რეალურად არსებობის შემოწმება შესაძლებელია“. კოდექსი ადგენს წყაროს დასახელების ვალდებულებას, მაგრამ არ ადგენს ირიბი ჩვენების სარწმუნოობის გადამოწმებისათვის დასახელებული პირველწყაროს გამოკვლევის ვალდებულებას.

აღსანიშნავია, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ირიბ ჩვენებას დასაშვებად თვლის, თუმცა, პრაქტიკის მიხედვით, არ შეიძლება განაჩენი დაეფუძნოს მხოლოდ ირიბ ჩვენებას. კერძოდ, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი და მე-3 პუნქტები შეიცავენ პრეზუმფციას სისხლის სამართალწარმოებაში ბრალდებულის მიმართ მხოლოდ ირიბი ჩვენების აკრძალვის თაობაზე. აღსანიშნავია, რომ ასეთი მტკიცებულების ამორიცხვა გამართლებულია მაშინაც, როდესაც ეს მტკიცებულება ეხმარება დაცვის მხარეს.

აღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - in dubio pro reo, რომლის თანახმად დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. სამართლებრივი სახელმწიფო გულისხმობს ისეთი სამართლებრივი სისტემის არსებობას, რომლის პირობებშიც პირის წინააღმდეგ განხორციელებული მართლმსაჯულების ღონისძიებები - ბრალდება და პასუხისმგებლობის დაკისრება უნდა განხორციელდეს ადეკვატური სტანდარტების შესაბამისად.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ირიბ ჩვენებას დასაშვებად თვლის, თუმცა, პრაქტიკის მიხედვით, არ შეიძლება განაჩენი დაეფუძნოს მხოლოდ ირიბ ჩვენებას. კერძოდ, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი და მე-3 პუნქტები შეიცავენ პრეზუმფციას სისხლის სამართალწარმოებაში ბრალდებულის მიმართ მხოლოდ ირიბი ჩვენების აკრძალვის თაობაზე. აღსანიშნავია, რომ ასეთი მტკიცებულების ამორიცხვა გამართლებულია მაშინაც, როდესაც ეს მტკიცებულება ეხმარება დაცვის მხარეს.

შესაბამისად, სასამართლო უთითებს, რომ მოცემული სისხლის სამართლის საქმის განხილვისას არ გამოვლენილა მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც მიუთითებდა რ----- ო------ის მიერ მისთვის ბრალად წაყენებული ქმედების ჩადენას და წარმოდგენილი იქნა მხოლოდ ის მტკიცებულებები, რომლებითაც არ დასტურდება ძალადობის ფაქტი.

საქართველოს კონსტიტუციის მე-31 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, გონივრულ ეჭვს მიღმა ეს არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ,,არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი“.

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს. სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 01 ნოემბრის განაჩენი კანონიერია და უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული, ხოლო სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლით, 298-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორის მარიამ მელაძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 01 ნოემბრის განაჩენი რ----- ო------ის მიმართ დარჩეს უცვლელად.

რ----- ო------ე ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და გამართლდეს.

რ----- ო------ის მიმართ სამტრედიის რაიონული სასამართლოს მიერ 2019 წლის 22 აპრილს შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია და გირაოს თანხა 2000 (ორი ათასი) ლარი, რომელიც შეტანილია საქართველოს ბანკში (ბანკის კოდი BAGAGE22) აღსრულების ეროვნულ ბიუროს N GE27BG0000000999999999 ანგარიშზე განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში დაუბრუნდეს მის შემტანს ბ---------ი მ----------ს (პ/ნ.0----------).

გამართლებულ რ----- ო------ეს განემარტოს მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ უფლების თაობაზე.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№6), გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე თეიმურაზ სვანიძე