განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 17.01.2020
საქმის ნომერი
330310019002832832
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
17.01.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330310019002832832

საქმე N3ბ/2153-19

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

17 იანვარი, 2020 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

მოსამართლე დავით ახალბედაშვილი

 

სხდომის მდივანი ნინო პაპინაშვილი

 

აპელანტი (მოპასუხე) - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო

წარმოამდგენელი - ლ---------------–---

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - თ----------------–--

წარმოამდგენელი - ნა------–--–---–-

 

მესამე პირები - მ-----------------------------–--

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილება

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

 

1.აპელანტის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

 

2.გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:

2.1.გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილებით თ----------------–--ს სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2018 წლის 9 ოქტომბრის №01-1235/ო ბრძანება და დაევალა მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, თ----------------–--ს ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ;

 

3.1. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

თ----------------–-- არის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი, რომელზეც გაცემულია იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობა. აღნიშნული მოწმობის თანახმად, დევნილის მუდმივ საცხოვრებელ ადგილს იძულებით გადაადგილებამდე წარმოადგენდა სოხუმი, თბილისის გზატკეცილი №23, ბინა №9, ხოლო დროებით საცხოვრებელ ადგილს (რეგისტრაციის ადგილი) - ქ. თბილისი, ბელიაშვილის ქ. №5, ჭიდაობის სპორტ სკოლა. მისი სარეგისტრაციო ნომერია №003-04158. ამავე ნომრით არიან რეგისტრირებულები იზ---–--ა გულუა და ბე--- კეკ--–--.

 

დადგენილია, რომ 2005 წლის 19 ნოემბრიდან მერი ხო----- და თ----------------–-- იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში. მათ 2007 წლის 22 ნოემბერს შეეძინათ შვილი - გიორგი კეკ--–-- (ს.ფ. 21, 152).

 

მერი ხო-----მ 2015 წლის 2 თებერვალს განცხადებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფასთან დაკავშირებით და შეავსო საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე კითხვარი. განმცხადებლის ინფორმაციით, იგი ფაქტობრივად ცხოვრობს ქ. თბილისში, დიღმის მასივი, მე-4 კვ. კორპ. 7, ბინა 14-ში. აღნიშნულთან დაკავშირებით შეავსო საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე კითხვარი.

 

კითხვარის თანახმად, მერი ხო-----ს და გიორგი კეკ--–--ს (შვილი) სარეგისტრაციო ნომერს წარმოადგენს 003-04164, ხოლო თ----------------–--ს სარეგისტრაციო ნომერს - 003-04158.

 

მოდულში - ინფორმაცია ოჯახის შესახებ (A) დაფიქსირდა, რომ მერი ხო----- მითითებულ მისამართზე ცხოვრობს მეუღლესთან - თ----------------–--სთან და შვილთან - არასრულწლოვან გიორგი კეკ--–--სთან ერთად. განმცხადებელს ჰყავს: დედა - ირინა ძინძიბაძე, რომელსაც აქვს ბინა; მამა - მურმან ხო----- და დასაოჯახებელი და - ნინო ხო-----, ასევე, დაოჯახებული და - სოფიო ხო-----, რომელსაც აქვს ბინა. ყველა მათგანი არის დევნილი. მეუღლემ - თ----------------–--მ, რომელსაც მინიჭებული აქვს ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდერი, ომში მიიღო ტრავმა. მოდულში ინფორმაცია ოჯახის ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობის შესახებ (B) დაფიქსირდა, რომ მერი ხო----- და თ----------------–-- არიან დაქირავებით მომუშავე პირები. მათ საკუთრებაში არ გააჩნიათ უძრავი ქონება, ასევე, სარგებლობაში არ გააჩნიათ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. ოჯახს ჰყავს ავტომობილი, საბაზრო ფასით 3500 აშშ დოლარი. ოჯახის საშუალო თვიური ხარჯები შეადგენს: სურსათსა და სასმელზე - 300 ლარს, თამბაქოს ნაწარმზე - 30 ლარს, ტანსაცმელსა და ფეხსაცმელზე - 20 ლარს, საოჯახო მოხმარების საქონელზე - 30 ლარს, სათბობსა და ელექტროენერგიაზე - 100 ლარს, ტრანსპორტზე - 150 ლარი, ჯანმრთელობის დაცვაზე - 100 ლარს, განათლებაზე - 350 ლარს. სულ ხარჯი აქვთ 1080 ლარი. მათი შემოსავალი შეადგენს 1990 ლარს, საიდანაც 1900 ლარი არის დაქირავებით შრომიდან მიღებული ხელფასი და 90 ლარი - დევნილთა შემწეობა. ოჯახს გააჩნია კრედიტი სს „საქართველოს ბანკში“ და სს „თიბისი ბანკში“. გამოკითხვის დროს, ოჯახი არ იმყოფებოდა სიღარიბის დაძლევის პროგრამაში.

 

მოდულში - ინფორმაცია საცხოვრებელის შესახებ (C) მერი ხო-----მ დააფიქსირა, რომ „ოჯახის საცხოვრებელი ფართის სტატუსი“ არის ნათესავის/ახლობლის ბინა, სადაც ცხოვრობს ქირის გარეშე. ოჯახს საკუთრებაში არ გააჩნია სხვა საცხოვრებელი.

 

მოდულში - საცხოვრებელის მდგომარეობა და ცხოვრების პირობები (D) დაფიქსირდა, რომ საცხოვრებელი არ არის ნგრევადი და გარემოს არ აქვს მავნე ქიმიური შემადგენლობა.

 

წინასწარი მონაცემებით განმცხადებლის ოჯახის ქულა განისაზღვრა 3,50 ერთეულით, რომელიც მიენიჭა: 1 ქულა - „სოციალურ კრიტერიუმში“ ცხოვრობს ნათესავის/ახლობლის ბინაში, ქირის გარეშე; 1,50 ქულა - კრიტერიუმში „ომის ვეტერანი/ვეტერანი“; 1 ქულა - კრიტერიუმში „სახელმწიფო ჯილდო, III ხარისხის“ (ს.ფ. 134-151,162-165 );

 

ამონაწერებით საჯარო რეესტრიდან დგინდება, რომ ქ. თბილისში, აბაშვილის ქ. №3, სამხედრო ქალაქის ტერიტორიაზე, კორპ. N1, ბინა №207, ფართით 40,90 კვ.მ. საკადასტრო კოდით №01.19.19.005.053.01.207 თ----------------–--მ 2013 წლის 27 ნოემბრის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე გაასხვისა ნათია სხილაძეზე.

 

ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დგინდება, რომ ქ. თბილისში, ლუბლიანას ქ. №11ა-ში მდებარე, №01.13.02.010.052.01.157 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონება 2015 წლის 29 იანვრის №121 უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე წარმოადგენს ნინო ხო-----ს საკუთრებას.

 

ამონაწერებით საჯარო რეესტრიდან დგინდება, რომ ქ. თბილისში, სოფელ დიღომში მდებარე, №01.72.14.042.341 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული და ჩხოროწყუში, სოფელ ლესიჭინეში მდებარე უძრავი ქონებები წარმოადგენს მურმან ხო-----ს საკუთრებას.

 

ამონაწერებით საჯარო რეესტრიდან დგინდება, რომ ქ. თბილისში, დიღმის მასივში, მე-4 კვარტალში, მე-6 კორპუსში მდებარე ბინა №18, საკადასტრო კოდით: №01.13.03.20.002.01.18 და ამავე მისამართზე არსებული სარდაფი, საკადასტრო კოდით: №01.13.03.020.002.01.507 წარმოადგენს ირინე ძინძიბაძის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას (ს.ფ. 153-161);

 

დროებითი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა აღწერის მიზნით, 2017 წლის 22 თებერვალს სამინისტროს მიერ განხორციელდა წარმომადგენელთა ვიზიტი ქ. თბილისში, ბელიაშვილის ქ. №5-ში, მე-2 სართულზე, ბინა №7-ში, სადაც ოჯახი განსახლებულია 1998 წლიდან. წარმომადგენელთა მიერ შევსებული აღწერის ფორმის თანახმად, მითითებულ მისამართზე ცხოვრობენ იზ---–--ა გულუა, ბე--- კეკ--–-- და რუსუდან კეკ--–--, ხოლო მეორე შვილი - თ----------------–-- ცხოვრობს მეუღლესთან და შვილთან ერთად, ქირით. აღნიშნული ფორმის შინაარსის ნამდვილობა ხელმოწერით დაადასტურა ბე--- კეკ--–--მ (ს.ფ. 123).

 

საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე მერი ხო-----ს განაცხადის შეფასების ელექტრონულ ფორმაში დაფიქსირდა, რომ განმცხადებლის ფაქტიურ საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენს: ქ. თბილისი, დიღმის მასივი, მე-4 კვ. კორპ. 7, ბინა 14, ხოლო იურიდიულ მისამართს - ქ. თბილისი, დიღმის მასივი, მე-4 კვ. კორპ. 6, ბინა 18. სარეგისტრაციო ნომერზე (ორგანიზებული №003-04158) ცხოვრობს 8 სული, განაცხადს აკეთებს შვილთან და მეუღლესთან - თე-------ზ კეკ--–--სთან ერთად. განმცხადებლის მამას - მურმან ხო-----ს გააჩნია ხუთი სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი; დას - ნინო ხო-----ს გააჩნია მშენებარე ბინა, მდებარე, ქ. თბილისი, ლუბლიანას ქ. №11ა, სადარბაზო 3, სართული 10, ბინა 157; დედას - ირინა ძინძიბაძეს გააჩნდა ქ. თბილისში, დიღმის მასივში, მე-6 კვარტალში, მე-6 კორპუსში მდებარე №18 ბინა, სარდაფი და ორი ფართი, რომელთა ამონაწერი არ იძებნება. განმცხადებლის მეუღლემ, თე-------ზ კეკ--–--მ 2014 წლის 28 აპრილს ნათია სხილაძეზე გაასხვისა უძრავი ქონება, მდებარე ქ. თბილისში, აბაშვილის №3, სამხედრო ქალაქის ტერიტორია, კორპუსი №1, ბინა №207.

 

ამავე ფორმის თანახმად, წინასწარი მონაცემებით განმცხადებლის ოჯახის ქულა განისაზღვრა 4,50 ერთეულით, რომელიც მიენიჭა: 1,50 ქულა - C.1.1. კრიტერიუმში

„საცხოვრებლის ფინანსური პირობები“ ცხოვრობს ნათესავის/ახლობლის ბინაში, ქირის გარეშე, 1,50 ქულა - კრიტერიუმში „ჯილდოები“, თ----------------–--ს მინიჭებული აქვს ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენი, 1,50 ქულა - კრიტერიუმში „ომის მონაწილე“, თ----------------–-- არის ომის ვეტერანი (ს.ფ. 133-135).

 

იზ---–--ა გულუას და ბე--- კეკ--–--ს ოჯახის მოკვლევის მიზნით, 2018 წლის 21 იანვარს განხორციელდა დამატებითი მონიტორინგი მისამართზე, ქ. ქუთაისი, სულხან- საბას №71, ბინა №34. მითითებულ მისამართზე მდებარე უძრავი ქონება ოჯახს აქვს გასხვისებული. მონიტორინგის ჯგუფს ადგილზე დახვდა ხა-----ა რუ---ე, რომლის განმარტებით, აღნიშნული ფართი შეიძინა იზ---–--ა გულუასგან 2013 წელს და მას შემდეგ, ცხოვრობს იქ, მეუღლესთან, მის მშობლებთან და შვილებთან ერთად. მისივე განმარტებით, იზ---–--ა გულუასთან არავითარი ნათესაური კავშირი არ გააჩნია (ს.ფ. 45-53, 124).

 

თ----------------–--მ 2018 წლის 25 ივნისის №29289/01 განცხადებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელს და მოითხოვა დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა, იმ საფუძვლით, რომ არის აფხაზეთიდან დევნილი და 1997 წლიდან ცხოვრობდა ქ. თბილისში, ბელიაშვილის ქ. №5-ში, მშობლებთან, მეუღლესთან და შვილთან ერთად. ამასთან, მისი მშობლების და დის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიუხედავად, თ----------------–-- მეუღლესთან და შვილთან ერთად დარჩა ბინის გარეშე, გაურკვეველი მიზეზით ისინი სიაში აღარ ფიქსირდებიან.

 

თ----------------–--მ 2018 წლის 5 ივლისს დამატებით წარადგინა ქ. თბილისში, ბელიაშვილის ქ. №5-ში მდებარე ჭიდაობის სპორტ სკოლის მაცხოვრებელთა ხელმოწერები იმის დასადასტურებლად, რომ იგი ნამდვილად ცხოვრობდა მითითებულ მისამართზე, მშობლებთან, დასთან, მეუღლესთან და შვილთან ერთად (ს.ფ. 128-131).

 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ 2018 წლის 6 ივლისს განიხილა ქ. თბილისში, ახლადაშენებულ კორპუსებში გრძელვადიანი განსახლების მიზნით იმ დევნილ ოჯახთა მიერ შეტანილი განცხადებები, რომლებიც არ ეთანხმებოდნენ დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2018 წლის 5 ივნისს მიღებულ გადაწყვეტილებას (ოქმი №21) და ითხოვდნენ საკითხის განმეორებით შესწავლას.

 

ქ. თბილისში, კომისიის მიერ განხილულ ნგრევად ობიექტებში დამისამართებული, მაგრამ ფაქტობრივად არმცხოვრები დევნილი ოჯახების მიერ შეტანილი განცხადებების განხილვის შედეგად, თ----------------–--ს მიმართ მიღებული იქნა უარყოფითი გადაწყვეტილება, ფაქტობრივად არცხოვრების გამო (ს.ფ. 118-122).

 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2018 წლის 10 ივლისის №01-02/08/15612 წერილით თე-------ზ კეკ--–--ს, 2018 წლის 25 ივნისის №29289/01 და 5 ივლისის №31090/01 განცხადებების პასუხად ეცნობა, რომ მოკვლევის შედეგად წარდგენილი ინფორმაციის მიხედვით, იგი არ არის ქ. თბილისში, აკ. ბელიაშვილის ქ. №5-ში მდებარე ჭიდაობის სპორტ სკოლის მუდმივი მაცხოვრებელი. შესაბამისად, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის გადაწყვეტილებით (ოქმი №21) უარი ეთქვა მიმდინარე ეტაპის ფარგლებში ბინით უზრუნველყოფაზე. ამასთან, დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ, მისი განცხადებების საფუძველზე, განმეორებით შეისწავლა საკითხი და უცვლელად დარჩა კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება (ოქმი №21). შესაბამისად, მისი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელით უზრუნველყოფის საკითხი განხილული იქნებოდა „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესით“ გათვალისწინებული საერთო წესის შესაბამისად, კრიტერიუმების საფუძველზე (ს.ფ. 125).

 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 9 ოქტომბრის №01-1235/ო ბრძანებით, ქალაქ თბილისში, ახლადაშენებულ კორპუსებში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე თე-------ზ კეკ--–--ს ოჯახს უარი ეთქვა, ქ. თბილისში, ბელიაშვილის ქ. №5-ში მდებარე ჭიდაობის სპორტ სკოლაში ფაქტობრივად არცხოვრების გამო (ს.ფ. 117).

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სტატუსით გამოკითხულმა ნონა შენგელიამ განმარტა, რომ არის პენსიონერი და ცხოვრობს ვაზისუბანში, თუმცა 2000 წლიდან გასახლებამდე ცხოვრობდა დიღომში და ახლოს იცნობს მოსარჩელის ოჯახს. მისი საცხოვრებელი ფართი კეკელიების საცხოვრებელიდან გამოყოფილი იყო ერთი კედლით, შესაბამისად, მისთვის ცნობილი, რომ სადავო ფართში ცხოვრობდნენ ბე--- კეკ--–-- მეუღლით, თ----------------–-- მეუღლით და რუსუდან კეკ--–--. თ----------------–-- ოჯახით მუდმივად იქ ცხოვრობდა, გარდა იმ პერიოდისა, როდესაც მივლინებაში მიდიოდა, რასაც ხშირად ჰქონდა ადგილი.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სტატუსით გამოკითხულმა ტატიანა ბე-----–--ამ განმარტა, რომ დაახლოებით 19 წელია ცხოვრობს ქ. თბილისში, ბელიაშვილის ქ. №5-ში და ამ დროიდან იცნობს მოსარჩელის ოჯახს. შესაბამისად, მისთვის ცნობილია, რომ თ----------------–--ს ოჯახი ცხოვრობს პირველ სართულზე, ძალიან ვიწროდ, ვინაიდან ოჯახში არიან ბე--- კეკ--–-- მეუღლით და ორი შვილით, ასევე თ----------------–--ს ოჯახი. თავად ტატიანა ბე-----–--ა ცხოვრობს მე-4 სართულზე და ყოველთვის ხედავდა მათ. თ----------------–--ს შვილი გაიზარდა იქ. მოწმის განმარტებით, მამა-შვილი არიან სამხედრო პირები და ხშირად მიდიან მივლინებაში, თუმცა ოჯახი მუდმივად იქ რჩებოდა. მას არასდროს სმენია, რომ ოჯახი საცხოვრებლად სხვაგან გადავიდა (ს.ფ. 199-207).

 

3.2. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, განსახილველ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი მასალებით დადგენილია, რომ თ----------------–-- რეგისტრირებულია მისამართზე ქ. თბილისი, ბელიაშვილის ქ. №5, ჭიდაობის სპორტ სკოლა, რომელიც 2018 წლის 5 ივნისის მდგომარეობით წარმოადგენდა სახელმწიფოს გადაუდებელი ინტერესის ობიექტს და შესაბამისმა უწყებამ წერილობით მიმართა მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს.

 

საქმის მასალებით დადგენილია, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის საოქმო გადაწყვეტილებებითა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 9 ოქტომბრის №01-1235/ო ბრძანებით, თ----------------–--ს ოჯახს (მეუღლე და შვილი), როგორც სახელმწიფო დაინტერესებაში არსებულ ობიექტში - ჭიდაობის სპორტ სკოლაში მაცხოვრებელს, ქ. თბილისში, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარი ეთქვა აღნიშნულ მისამართზე ფაქტობრივად არცხოვრების გამო.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ ზემოაღნიშნულ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე დაყრდნობით აღნიშნა, რომ მართალია კომისია უფლებამოსილია თავად განსაზღვროს დევნილი ოჯახის განსახლების საჭიროება განსახილველ ეტაპზე, მაგრამ ეს უნდა იყოს გამყარებული სათანადო გარემოებებითა თუ მტკიცებულებებით, რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ აქვს. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მოსაზრებას თე-------ზ კეკ--–--ს რეგისტრირებული ადგილისაგან განსხვავებულ ადგილას მუდმივად ცხოვრებასთან დაკავშირებით, მხოლოდ იმ გარემოებებზე დაყრდნობით, რომ თ----------------–--ს მეუღლემ - მერი ხო-----მ საცხოვრებლის უზრუნველყოფის შესახებ განაცხადის გაკეთებისას საცხოვრებელ ადგილად დააფიქსირა სხვა მისამართი, სადაც ცხოვრობდა სხვის საკუთრებაში, ქირის გარეშე, ხოლო მოსარჩელის მამამ - ბე--- კეკ--–--მ მონიტორინგისას ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენლებს მიუთითა თ----------------–--ს ქირით, სხვა მისამართზე ცხოვრებასთან დაკავშირებით. მითითებული ინფორმაცია ეხება, ერთის მხრივ, 2015 წლის თებერვალში გაკეთებულ განაცხადსა და შევსებულ კითხვარს და მეორეს მხრივ, 2017 წლის თებერვალში განხორცილებულ მონიტორინგს, ხოლო კომისიის მიერ გადაწყვეტილებები მიღებულია 2018 წლის ივნისი-ივლისის თვეებში, ყოველგვარი დამატებითი ინფორმაციის მოძიებისა თუ გადამოწმების გარეშე. სასამართლო მიიჩნევს, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ ბე--- კეკ--–--ს და მერი ხო-----ს მიერ მიწოდებული ინფორმაცია იდენტური იქნებოდა, ადმინისტრაციულ ორგანოში დაცული წინა წლების ინფორმაცია ავტომატურად არ გულისხმობდა მოპასუხის მიერ სადავო გადაწყვეტილების მიღებისას მოსარჩელის ქ. თბილისში, ბელიაშვილის ქ. №5-ში არცხოვრებას და განსახლების საჭიროების არარსებობას.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, სამინისტროს მიერ საკითხის გამოკვლევისას შედგენილი კითხვარით, გადამოწმების ოქმითა და საქმის სხვა მასალებით დადასტურდა ის გარემოება, რომ თე-------ზ კეკ--–--ს ოჯახს საკუთრებაში არ გააჩნია უძრავი ქონება. სასამართლო მიიჩნევს, რომ დროებით, აუცილებელი საჭიროებიდან გამომდინარე სხვის საკუთრებაში არსებული ფართით სარგებლობის შესაძლებლობა არ გამორიცხავს მოსარჩელის უფლებას, როგორც დევნილი ოჯახი განსახლებულ იქნეს ნორმატიული აქტით გათვალისწინებული წესით მოცემულ ეტაპზე და არა სხვა რომელიმე ეტაპზე, მითუმეტეს მოწმეთა განმარტებით, დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტში მათ მიერ დაკავებული საცხოვრებელი ფართი დაახლოებით 28-29 კვ.მ. იქნებოდა. შესაბამისად, დადგენილი გარემოებებიდან გამომდინარე, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს პოზიციას მოსარჩელისათვის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ, ქ. თბილისში, ბელიაშვილის ქ. N5-ში მდებარე ,,ჭიდაობის სპორტ სკოლაში“ ფაქტობრივად არცხოვრების საფუძვლით.

 

სასამართლომ მხარეთა ყურადღებას ასევე გაამახვილა სხდომაზე მოწმის სტატუსით გამოკითხული პირების ახსნა-განმარტებებზე, რომლითაც ხაზგასმით დაადასტურეს მოსარჩელის სადავო მისამართზე მუდმივად ცხოვრების ფაქტი. მათი განმარტებით, თ----------------–--ს ოჯახს იცნობენ ახლოს, იგი მეუღლესთან და შვილთან ერთად მუდმივად ცხოვრობს ქ. თბილისში, ბელიაშვილის ქ. №5-ში და მას არასდროს დაუტოვებია საცხოვრებელი ადგილი, გარდა მივლინებაში ყოფნის პერიოდისა. მათივე განმარტებით, თ----------------–-- და ბე--- კეკ--–-- არიან სამხედრო პირები და ხშირად იმყოფებიან მივლინებაში, რა დროსაც უწევთ საცხოვრებლის დატოვება. აღნიშნული გარემოება სასამართლო სხდომაზე ასევე დაადასტურა მერი ხო-----მ, რომელმაც განაცხადა, რომ დედის ბინაში ცხოვრობდა მეუღლის მივლინებაში ყოფნის დროს. ამდენად, სასამართლოს შეფასებით, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ წარმოდგენილი მასალების ურთიერთშეჯერებით ცალსახად არ დგინდება თ----------------–--ს მუდმივად რეგისტრაციის ადგილას - ქ. თბილისი, ბელიაშვილის ქ. №5-ში მდებარე ჭიდაობის სპორტ სკოლაში არცხოვრების ფაქტი.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების დადგენისას სრულყოფილად არ გამოიკვლია საქმის გარემოებები და არასწორად შეაფასა მტკიცებულებები. უფრო მეტიც, დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ მოსარჩელის საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხი განმეორებით შეისწავლა იმავე ინფორმაციაზე დაყრდნობით, რითაც კომისიის სხდომაზე მიიღო გადაწყვეტილება, ყოველგვარი ახალი დოკუმენტისა თუ შემოწმების შედეგად მოძიებული ინფორმაციის გარეშე. ამრიგად, სასამართლოს დასკვნით, გასაჩივრებული ბრძანებით მოსარჩელისათვის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმა განხორციელდა კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის პირობებში, რის გამოც შესაბამისი გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება კანონს.

 

4. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

სააპელაციო საჩივრის ავტორის მითითებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ დევნილ ოჯახს განაცხადის/აპლიკაციის შევსებისას გააჩნია სააგენტოსთან თანამშრომლობის ვალდებულება, რაც გულისხმობს, რომ მან სწორი და უტყუარი ინფორმაცია უნდა მიუთითოს განაცხადში, მათ შორის საცხოვრებელთან დაკავშირებით.

 

,,დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ მე-3 მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის მიღებისა და წინასწარი შეფასების სამმართველოს ან/და სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული დეპარტამენტის სხვა თანამშრომლ(ებ)ის მიერ განაცხადების შეფასებისას აღმოჩნდა, რომ დევნილის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია არის არსებითად მცდარი, რამაც შეიძლება გავლენა იქონიოს ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შეფასებაზე, განაცხადი რჩება განუხილველი, რის თაობაზეც დევნილ ოჯახს ეცნობება დეპარტამენტის უფროსის ან დეპარტამენტის საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის მიღებისა და წინასწარი შეფასების სამმართველოს უფროსის დასაბუთებული წერილობითი აქტის მეშვეობით.

 

აპელანტის მითითებით, ქ. თბილისში, ახლადაშენებულ კორპუსებში დევნილთა გრძელვადიანი განსახლების მიზნით, სამინისტროს საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის შეფასების მონიტორინგის სამმართველოს მიერ განხორციელდა ქ. თბილისში, აკ. ბელიაშვილის ქ. N5-ში მდებარე, ყოფილი "ჭიდაობის სპორტ სკოლის" შენობაში დამისამართებული და ფაქტობრივად მცხოვრები დევნილი ოჯახების მოკვლევა. მოკვლევის შედეგად წარმოდგენილი ინფორმაციით, თ----------------–--ს დევნილი ოჯახი აღნიშნულ მისამართზე, როგორც მუდმივი მაცხოვრებელი, არ დაფიქსირდა. შესაბამისად, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2018 წლის 4 ივნისის გადაწყვეტილებით (ოქმი N21), მოსარჩელის ოჯახს მიმდინარე ეტაპის ფარგლებში, უარი ეთქვა ბინით უზრუნველყოფაზე.

 

საქმის ფაქტობრივი გარემოებების შესწავლისა და გამოკვლევის მიზნით, მონიტორინგის ჯგუფის მიერ 2017 წლის 22 თებერვალს განხორციელდა ადგილზე ვიზიტი მისამართზე: ქ. თბილისი, აკ. ბელიაშვილის ქ. N5, ბ. N7. მოსარჩელის მამის ბე--- კეკ--–--ს განმარტებით, ,,თ----------------–-- ცხოვრობს მეუღლესთან და შვილთან ერთად, ქირით. შევსებული აქვთ აპლიკაცია ქ. თბილისზე.“ აღნიშნულთან დაკავშირებით შედგა ოქმი, რომლის სისწორეც დადასტურებული თავად ბე--- კეკ--–--ს ხელმოწერით.

 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 09 აგვისტოს N320 ბრძანებით დადგენილი ზოგადი წესის შესაბამისად, თ----------------–--ს დევნილ ოჯახს (მერი ხო----- - მეუღლე; გიორგი კეკ--–-- - შვილი) 2015 წლის 2 თებერვალს შევსებული აქვს საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადი, სადაც ფაქტიური საცხოვრებელი ადგილის მისამართად მითითებულია არა ბელიაშვილის ქ. N5, არამედ ქ. თბილისი, დიღმის მას. 4-ე მ/რ კორ. 7 ბ. N14. რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ გარემოებას, რომ მოსარჩელის ოჯახის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მისამართი არის არა ბელიაშვილის ქ. N5, არამედ განაცხადში მითითებული მისამართი.

 

აპელანტის მითითებით, კომისიის 2018 წლის 6 ივლისის სხდომაზე (ოქმი N32) განმეორებით მოხდა ოჯახის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საკითხის განხილვა, რის საფუძველზეც, თ----------------–--ს ოჯახს უარი ეთქვა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე, მითითებულ მისამართზე (ქ. თბილისში, აკ. ბელიაშვილის ქ. N5) ფაქტობრივად არ ცხოვრების გამო. შესაბამისად, გამოიცა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილის 2018 წლის 9 ოქტომბრის N01-1235 ბრძანება.

 

სააპელაციო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა ხორციელდება საქართველოს მთავრობის 2017 წლის 13 თებერვლის N240 განკარგულებით დამტკიცებული ,,იძულებით გადაადგილებულ პირთა დევნილთა მიმართ 2017-2018 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის“ (სადავო პერიოდისათვის მოქმედი რედაქცია) და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 09 აგვისტოს N320 ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული ,,დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის წესის“ შესაბამისად.

 

,დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესი“, (შემდგომში − წესი) ეფუძნება საქართველოს კანონმდებლობას, გაეროს სახელმძღვანელო პრინციპებს ქვეყნის შიგნით გადაადგილების შესახებ და ადგენს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის, მე-4 მუხლის „ლ“, „ნ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-13 მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს მთავრობის 2017 წლის 13 თებერვლის №240 განკარგულებით დამტკიცებული „იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიმართ 2017-2018 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის“ (შემდგომში − სამოქმედო გეგმა) შესაბამისად, დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების წესს. გრძელვადიანი საცხოვრებელ ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-3-მე-5 მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი.

 

,,დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ მე-3 მუხლის მიხედვით, „საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განცხადებების განხილვასა და გადაწყვეტილების მიღებაზე პასუხისმგებელია ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-9 პუნქტით შექმნილი დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისია (შემდგომში – კომისია). კომისია, ამ წესის შესაბამისად, ანაწილებს დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით სააგენტოსათვის გადმოცემულ ან სააგენტოს მიერ შესყიდულ/რეაბილიტირებულ საცხოვრებელ ფართებს და არსებული რესურსის გათვალისწინებით, განსაზღვრავს იმ დევნილი ოჯახების კონტინგენტს, რომელთაც გაუკეთდებათ გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფისათვის კონკრეტული შეთავაზებები. სააგენტოს დევნილთა და ეკომიგრანტთა საკითხების ადმინისტრირების დეპარტამენტი ახდენს განაცხადების დამუშავებას ამ მუხლის მე-5-მე-8 პუნქტებით დადგენილი პროცედურით. დეპარტამენტი დამუშავებულ მასალას წარუდგენს კომისიას საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის დაკმაყოფილების ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით.

 

აპელანტის მითითებით, ,,დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ მე-6 მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია პრიორიტეტი მიანიჭოს და ამ მუხლის მე-5 პუნქტში მოცემული კრიტერიუმების გარეშე განახორციელოს: იმ დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა, რომლებიც ცხოვრობენ სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ ნგრევად და/ან საცხოვრებლად უვარგის მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ საცხოვრებელ ფართობში (ყოფილ დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტში). ამგვარი ობიექტების მდგომარეობა უნდა დასტურდებოდეს სააგენტოს ან კონკრეტული კომპაქტურად განსახლების ობიექტში მაცხოვრებელი დევნილი ოჯახების დაკვეთით მომზადებული შესაბამისი საექსპერტო დასკვნით.

 

აპელანტის მითითებით, საქმის მასალებით დასტურდება, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ საქმისათის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა ფაქტობრივი გარემოება შეისწავლა, გამოიკვლია და გადაწყვეტილება მხოლოდ მას შემდეგ მიიღო.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

სააპელაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, შეამოწმა გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

5.1. ფაქტობრივი დასაბუთება:

 

სააპელაციო სასამართლო სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც იზიარებს სააპელაციო პალატაც.

 

5.2. სამართლებრივი დასაბუთება:

 

სააპელაციო სასამართლო ასევე სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს.

 

სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა.

 

დევნილთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა ხორციელდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს N320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის შესახებ წესის“ შესაბამისად. აღნიშნული წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გრძელვადიანი საცხოვრებელ ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-3-მე-5 მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის კრიტერიუმები განსაზღვრულია ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-6 პუნქტით დამტკიცებული „საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმის“ №6 დანართისა და „სოციალური კრიტერიუმის“ №7 დანართის შესაბამისად. მითითებული მუხლის მე-10 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამ წესის მე-3-მე-6 მუხლებით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელებისას, კომისია უფლებამოსილია პრიორიტეტი მიანიჭოს და ამ მუხლის მე-5 პუნქტში მოცემული კრიტერიუმების გარეშე განახორციელოს იმ დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა, რომელთა მიმართაც არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება კონკრეტული დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე.

 

განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით დადგენილია, რომ თ----------------–-- რეგისტრირებულია მისამართზე ქ. თბილისი, ბელიაშვილის ქ. №5, ჭიდაობის სპორტ სკოლა, რომელიც 2018 წლის 5 ივნისის მდგომარეობით წარმოადგენდა სახელმწიფოს გადაუდებელი ინტერესის ობიექტს და შესაბამისმა უწყებამ წერილობით მიმართა მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს.

 

საქმის მასალებით დადგენილია, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის საოქმო გადაწყვეტილებებითა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 9 ოქტომბრის №01-1235/ო ბრძანებით, თ----------------–--ს ოჯახს (მეუღლე და შვილი), როგორც სახელმწიფო დაინტერესებაში არსებულ ობიექტში - ჭიდაობის სპორტ სკოლაში მაცხოვრებელს, ქ. თბილისში, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარი ეთქვა აღნიშნულ მისამართზე ფაქტობრივად არცხოვრების გამო.

 

სააპელაციო პალატა არ იზიარებს მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მოსაზრებას თე-------ზ კეკ--–--ს რეგისტრირებული ადგილისაგან განსხვავებულ ადგილას მუდმივად ცხოვრებასთან დაკავშირებით, მხოლოდ იმ გარემოებებზე დაყრდნობით, რომ თ----------------–--ს მეუღლემ - მერი ხო-----მ საცხოვრებლის უზრუნველყოფის შესახებ განაცხადის გაკეთებისას საცხოვრებელ ადგილად დააფიქსირა სხვა მისამართი, სადაც ცხოვრობდა სხვის საკუთრებაში, ქირის გარეშე, ხოლო მოსარჩელის მამამ - ბე--- კეკ--–--მ მონიტორინგისას ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენლებს მიუთითა თ----------------–--ს ქირით, სხვა მისამართზე ქირით ცხოვრებასთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ აღნიშნული ინფორმაცია ეხება, ერთის მხრივ, 2015 წლის თებერვალში გაკეთებულ განაცხადსა და შევსებულ კითხვარს და მეორეს მხრივ, 2017 წლის თებერვალში განხორცილებულ მონიტორინგს, ხოლო კომისიის მიერ გადაწყვეტილებები მიღებულია 2018 წლის ივნისი-ივლისის თვეებში, ყოველგვარი დამატებითი ინფორმაციის მოძიებისა თუ გადამოწმების გარეშე. სააპელაციო პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებას და განმარტავს, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ ბე--- კეკ--–--ს და მერი ხო-----ს მიერ მიწოდებული ინფორმაცია იდენტური იქნებოდა, ადმინისტრაციულ ორგანოში დაცული წინა წლების ინფორმაცია ავტომატურად არ გულისხმობდა მოპასუხის მიერ სადავო გადაწყვეტილების მიღებისას მოსარჩელის ქ. თბილისში, ბელიაშვილის ქ. №5-ში არცხოვრებას და განსახლების საჭიროების არარსებობას.

 

სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ მართალია, კომისია უფლებამოსილია თავად განსაზღვროს დევნილი ოჯახის განსახლების საჭიროება განსახილველ ეტაპზე, მაგრამ ეს უნდა იყოს გამყარებული სათანადო გარემოებებითა თუ მტკიცებულებებით, რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ აქვს. სასამართლო მხარეთა ყურადღებას ამახვილებს მასზედე, რომ სამინისტროს მიერ საკითხის გამოკვლევისას შედგენილი კითხვარით, გადამოწმების ოქმითა და საქმის სხვა მასალებით დადასტურებულია ის გარემოება, რომ თე-------ზ კეკ--–--ს ოჯახს საკუთრებაში არ გააჩნია უძრავი ქონება. ამდენად, დროებით, აუცილებელი საჭიროებიდან გამომდინარე სხვის საკუთრებაში არსებული ფართით სარგებლობის შესაძლებლობა არ გამორიცხავს მოსარჩელის უფლებას, როგორც დევნილი ოჯახი განსახლებულ იქნეს ნორმატიული აქტით გათვალისწინებული წესით მოცემულ ეტაპზე და არა სხვა რომელიმე ეტაპზე, მითუმეტეს მოწმეთა განმარტებით, დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტში მათ მიერ დაკავებული საცხოვრებელი ფართი დაახლოებით 28-29 კვ.მ. იქნებოდა.

 

სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში მნიშვნელოვან მტკიცებულებას წარმოადგენს პირველი ინსტანციის სასამართლოში გამართულ სხდომაზე მოწმის სტატუსით გამოკითხული პირების (ნონა შენგელიას, ტატიანა ბე-----–--ას) ახსნა-განმარტებები, რომლითა მიერაც ხაზგასმით დადასტურდა თ----------------–--ს სადავო მისამართზე მუდმივად ცხოვრების ფაქტი. მოწმეთა ჩვენების თანახმად, თ----------------–--ს ოჯახს იცნობენ ახლოს, იგი მეუღლესთან და შვილთან ერთად მუდმივად ცხოვრობს ქ. თბილისში, ბელიაშვილის ქ. №5-ში და მას არასდროს დაუტოვებია საცხოვრებელი ადგილი, გარდა მივლინებაში ყოფნის პერიოდისა. მათივე განმარტებით, თ----------------–-- და ბე--- კეკ--–-- არიან სამხედრო პირები და ხშირად იმყოფებიან მივლინებაში, რა დროსაც უწევთ საცხოვრებლის დატოვება. აღნიშნული გარემოება სასამართლო სხდომაზე ასევე დაადასტურა მერი ხო-----მ, რომელმაც განაცხადა, რომ დედის ბინაში ცხოვრობდა მეუღლის მივლინებაში ყოფნის დროს. ამდენად, სასამართლოს შეფასებით, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ წარმოდგენილი მასალების ურთიერთშეჯერებით ცალსახად არ გამოირიცხება თ----------------–--ს რეგისტრაციის ადგილას - ქ. თბილისი, ბელიაშვილის ქ. №5-ში მდებარე ჭიდაობის სპორტ სკოლაში მუდმივად ცხოვრების ფაქტი.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების დადგენისას სრულყოფილად არ გამოიკვლია საქმის გარემოებები და არასწორად შეაფასა მტკიცებულებები. საგულისხმოა, რომ განსახილველ შემთხვევაში განაცხადი გაკეთებულ იქნა და კითხვარი შეივსო 2015 წლის თებერვალში, მონიტორინგი განხორციელდა 2017 წლის თებერვალში, ხოლო კომისიის მიერ გადაწყვეტილებები მიღებულია 2018 წლის ივნისი-ივლისის თვეებში ყოველგვარი ახალი დოკუმენტისა თუ შემოწმების შედეგად მოძიებული ინფორმაციის გარეშე. ამრიგად, პალატის მოსაზრებითაც, გასაჩივრებული ბრძანებით მოსარჩელისათვის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმა განხორციელდა კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის პირობებში, რის გამოც შესაბამისი გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება კანონს.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერსს ან უკანონოდ ზღუდავს მას. ამავე კოდექსის 33-ე მუხლი ადგენს, რომ თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მათი სამართლებრივი შეფასებიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად ცნო ბათილად გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალა ადმინისტრაციულ ორგანოს, საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.

 

6. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი საპროცესო დარღვევების გარეშე, სწორად დაადგინა საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. შესაბამისად, სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები, რის გათვალისწინებითაც სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილება.

 

7. საპროცესო ხარჯები:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე და ამ კოდექსის VII3 თავით გათვალისწინებულ საქმეებზე. შესაბამისად, მხარეები განთავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-12 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-391-ე, 397-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილება;

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს კასაციის წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №6), დასაბუთებული განჩინების მხარეთათვის გადაცემიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (მდებარე: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა).

 

მოსამართლე: დავით ახალბედაშვილი