განაჩენი

სისხლის სამართლის 11.02.2020
საქმის ნომერი
330100115783124
ინსტანცია
თარიღი
11.02.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330100115783124

საქმე № 1ბ/1766-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

11 თებერვალი, 2020 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე: ნინო სანდოძე

მოსამართლეები: ნათია ბარბაქაძე

ვახტანგ მრელაშვილი

 

სხდომის მდივნები ლელა ბახტაძე, გიორგი ჩუბინიძე

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი: მ-----–------ე.

 

დაცვის მხარე:

გამართლებული: კ------- კ--------ი, დაბადების თარიღი: 1----–-–------------------- (დაუსწრებლად).

 

ადვოკატი: ა----–-–---–---–ი.

 

კვალიფიკაცია:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 105-ე მუხლი (2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი რედქცია).

 

სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

მხარეთა პოზიციები:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 20 სექტემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებში გამოძების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორმა მ-----–------ემ. წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით აპელანტმა მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამართლებელი განაჩენის გაუქმება და კ------- კ--------ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 105-ე მუხლით (ძველი რედაქცია) და მისთვის სასჯელის სახედ და ზომად 12 წლით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა, რაც 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენებით შეუმცირდეს და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 9 წლის ვადით. აპელანტის განმარტებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი, ვინაიდან ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, კერძოდ, მოწმეების: ვ-–---------ს, მ---------------–---–ის, გო----------------ის, ვ--–---------------–---–ის, ჯ--------------–---ის, დ----------------ის, ლ-----------ას, ლ--–---------ს, ი-------------–---–ის და დაზარალებულ ლ----------------–---–ის ჩვენებები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, სასამართლო-სამედიცინო და ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნები, ასევე საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები ადასტურებენ კ------- კ--------ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 105-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. აპელანტის განმარტებით კ------- კ--------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები არ გააჩნია, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა ის, რომ იგი ნასამართლევია. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, აპელანტმა მოითხოვა კ------- კ--------ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 105-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში დამნაშავედ ცნობა და მისთვის კანონიერი სასჯელის განსაზღვრა.

 

ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე დაცვის მხარეს შესაგებელი არ წარმოუდგენია.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას, ბრალდების მხარემ მხარი დაუჭირა მის მიერ წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და მოითხოვა მისი დაკმაყოფილება.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას დაცვის მხარემ მხარი არ დაუჭირა წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.

 

წარდგენილი ბრალდება:

საბრალდებო დასკვნის მიხედვით, კ------- კ--------ს ბრალი ედება მასში, რომ მან ჩაიდინა განზრახ მკვლელობა სისხლის სამართლის კოდექსის 104-ე მუხლში აღნიშნული დამამძიმებელი გარემოებების გარეშე, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

1993 წლის 10 ნოემბერს, თბილისში, დაახლოებით 04:00 საათისთვის, რ------------------ სახლის წინ, ურთიერთშელაპარაკების დროს წარმოშობილ ჩხუბში, გადაჭრილი გლუვლულიანი თოფიდან გასროლით, კ------- კ--------მა მოკლა 1----–--–- დაბადებული ზ--------------–---–ი, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა და თან წაიღო ცეცხლსასროლი იარაღი.

 

სასამართლომ დაადგინა:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 20 სექტემბრის განაჩენით კ------- კ--------ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 105-ე მუხლით (2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი კოდექსით) წარდგენილ ბრალდებაში.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

თბილისის სააპელაციო სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილ იქნა შემდეგი:

 

მოწმე მ---------------–---–ის ჩვენებით დასტურდება, რომ იგი 1993 წლის ნოემბრის თვეში მორიგის თანაშემწედ მუშაობდა ვაკის რაიონის განყოფილებაში. 1993 წლის 9 ნოემბერს იყო მორიგე და ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც 10 ნოემბერს, გამთენიისას, დაახლოებით 4-5 საათზე ტელეფონით მიიღო შეტყობინება, რომ რ----------------- ძირს ეგდო დაჭრილი ახალგაზრდა ბიჭი. მან ინფორმაციის მიმწოდებელ პირს ჰკითხა სახელი და გვარი, თუმცა აღნიშნულმა პირმა არ გაუმხილა ვინაობა და გაუთიშა ტელეფონი. მან მიღებული ინფორმაციის შესახებ აცნობა ხელმძღვანელობას. აღნიშნულის შემდეგ მითითებულ ადგილზე გავიდნენ ოპერატიული ჯგუფის თანამშრომლები, რომლებმაც რ-------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე ნახეს გარდაცვლი მამაკაცი - ზ--------------–---–ი, რომელსაც სახის არეში ჰქონდა ცეცხლსასროლი იარაღიდან ნასროლი.

 

დაზარალებულის უფლებამონაცვლის - ლ----------------–---–ის მიერ წინასწარ გამოძიებაში მიცემული ჩვენებით ირკვევა, რომ აწ გარდაცვლილი ზ--------------–---–ი იყო მისი შვილი, რომლის მეგობრების დიდ ნაწილს იცნობდა. მან ზ--------------–---–ი ამხანაგთან - ა-–--------------თან ერთად დიდუბის ავტოსადგურში ნახა 1993 წლის 9 ნოემბერს და თხოვა მასთან ერთად წასულიყო სოფელში. ზ--------------–---–ი რამდენიმე წუთი ესაუბრა ა-–--------------ს, თუმცა მათი საუბრის შინაარსი მისთვის უცნობია, შემდეგ კი მიუბრუნდა დედას და უთხრა, რომ ვერ წაყვებოდა სოფელში, რადან ჰქონდა აუცილებელი საქმე. მეორე დღეს, 1993 წლის 10 ნოემბერს, შეიტყო, რომ მისი შვილი - ზ--------------–---–ი მოუკლავთ თბილისში, რ-----------------. დაზარალებულის უფლებამონაცვლის ჩვენებით, ზ--------------–---–ს თოფიდან სახის არეში ჰქონდა ნასროლი. მისთვის უცნობია მკვლელობის მიზეზი, აღნიშნული შესაძლოა იცოდეს იმ სვანმა ბიჭმა.

 

მოწმე ლ-----------ას წინასწარ გამოძიებაში მიცემული ჩვენებით დასტურდება, რომ მისი უფროსი ქალიშვილი დ---- გათხოვილია ხ--------------- სოფელ ქ----------–---–- მცხოვრებ დ----------------ზე და ჰყავს ორი შვილი დ---- და კ--- კ--------ები. თავად ცხოვრობს თბილისში, რ--------------------–-, სადაც მასთან ერთად ჩაწერილი იყო მისი შვილიშვილი კ------- კ--------ი. მოწმის ჩვენებით, მისთვის კ--- კ--------ის მიერ ჩადენილი დანაშაულის დეტალები ცნობილი არ არის, იცის მხოლოდ ის რომ კ--- კ--------მა გადაჭრილი თოფით მოკლა ახალგაზრდა ბიჭი.

 

მოწმე ლ--–---------ს მიერ გამოძიებაში მიცემული ჩვენებით ირკვევა, რომ იგი ცხოვრობდა თბილისში, რ-------------ა N---ში. აღნიშნული ბინის მე-3 სართულზე ცოლ-შვილთან ერთად ცხოვრობდა მისი ნათესავის - ლ-----------ას შვილიშვილი კ--- კ--------ი, რომელსაც ჰყავდა თეთრი ფერის უცხოური ავტომანქანა. 1993 წლის 10 ნოემბერს, დილის რვის ნახევარზე მასთან მივიდა კ--- კ--------ის ცოლი - მ------- და უთხრა ,,წუხელ ჩვენი სახლის წინ კ---მ თოფით მოკლა ვიღაც ახალგაზრდა ბიჭიო‘‘. კითხვაზე რატომ ჩაიდინა კ---მ ეს, მ-------მ უპასუხა, რომ იმ ბიჭს სურდა კ---სთვის მანქანის წართმევა. ასევე უთხრა, რომ ამ ამბის გამო მ------- და კ--- უნდა გაქცეულიყვნენ. ამის შემდეგ მას მ------- და კ--- კ--------ი აღარ უნახავს. მოწმის ჩვენებით, მისი სახლის ფანჯრები არ გადის ქუჩის მხარეს, ამიტომ მას შემთხვევის დღეს იარაღიდან გასროლის ხმა არ გაუგია. შემთხვევიდან რამდენიმე დღეში თბილისში ჩავიდა კ--- კ--------ის მამა - დ----------------ი. მან დ----------------ს უთხრა, რომ კ--- კ--------მა თოფით მოკლა ახალაგაზრდა ბიჭი და გაიქცა, ამიტომ მის შვილს ვერ იპოვიდა.

 

მოწმე დ----------------ის მიერ წინასწარ გამოძიებაში მიცემული ჩვენებებით დასტურდება, რომ კ------- კ--------ი არის მისი შვილი, რომელიც მეუღლესთან - მ------- გ---–--------სთან და შვილებთან ერთად ცხოვრობდა ბებიასთან ლ-----------ასთან, მისამართზე თბილისი, რ-------------ა N---ში და ჰყავდა თეთრი ფერის ,,ტოიოტას‘‘ მარკის ავტომანქანა. ერთ-ერთი შეხვედრისას კ------- კ--------მა უამბო, რომ 1993 წელს მოძრაობდა ჭავჭავაძის გამზირზე, რა დროსაც იმის გამო, რომ აპირებდა წვიმას, მანქანა გაუჩერა გოგოს და ბიჭს, რომლებმაც უთხრეს რომ მიდიოდნენ ძველ სტუდქალაქში. ამ დროს გამოცვივდნენ სხვა ბიჭები, ჩასხდნენ მის მანქანაში და მოუწოდეს ,,გაქანდი ვაკეში, თორემ მოგკლავთო“. ერთ-ერთმა კი, მანქანიდან აიღო მისი მართვის მოწმობა და გვარის წაკითხვის შემდეგ მიმართა შეურაცხმყოფელად. სტუდქალაქში მისვლისას, აღნიშნული პირები გადავიდნენ მანქანიდან და გადაიყვანეს კ--- კ--------იც, რომელიც აიყვანეს ოთახში, სადაც გაშლილი იყო სუფრა. იქ მყოფმა ქალმა ჭიქაში ჩაყარა რაღაც ფხვნილი, რის შემდეგაც აღნიშნულმა პირებმა კ---ს უთხრეს, რომ უნდა დაელია ეს ღვინო, რაზეც მან განუცხადა უარი. ამის გამო მას გადაუგრიხეს ხელები, მაგრამ ვერ მოერივნენ. ერთმა სვანმა ბიჭმა ოთახში შეიტანა სანადირო თოფი და მისი კონდახი კეფაში და წვივში ჩაარტყა კ--- კ--------ს. აღნიშნულის გამო კ--- დაეცა. შემდეგ მას ბიჭებმა წაართვეს გასაღები და უთხრეს, რომ ვინაიდან მან გაუწია წინააღმდეგობა იკატავებდნენ მისი მანქანით. კ--- კ--------ს ავტომანქანის საკეტი ჰქონდა დაბლოკილი, ამიტომ იგი თავად ჩაიყვანეს მანქანაში, დასვეს საჭესთან და კვლავ აგრძელებდნენ მასზე ძალადობას. კ--- კ--------მა მანქანა გააჩერა რ-------------ა N---თან, თავის საცხოვრებელ სახლთან და ამ პირებს უთხრა, რომ სახლიდან ჩაიტანდა ბენზინს. მას გაჰყვა სვანი ბიჭი სანადირო თოფით. კ--- კ--------მა დაუძახა მეზობელს - ფ------------------ს, რომლის გამოსვლის შემდეგ, კ--- მიბრუნდა სვანისკენ, დაესხა მას თავს და ფ--------ს დახმარებით წაართვა თოფი. სვანი ბიჭი ჩაცურდა მოაჯირზე და ჩაჯდა მანქანაში. მას კ--- კ--------ი თოფით ხელში გაჰყვა უკან, მივარდა მანქანას, ყველას დაუმიზნა თოფი და უყვიროდა გადმოსულიყვნენ მანქანიდან, მაგრამ არავინ გადმოვიდა. შემდეგ მანქანიდან გადმოვიდა ერთი ბიჭი, რომლიც კ--- კ--------ს მიახტა მუცელზე, რის გამოც კ--- ზურგით დაეცა ასფალტზე და პირდაპირ ესროლა თავდამსხმელს. იმ ბიჭს ტყვია მოხვდა კისრის არეში და გადავარდა გვერდზე. მოწმის ჩვენებით, ამის შემდეგ კ--- ოჯახთან ერთად გაიქცა მეგობრის დახმარებით, მანქანა კი მიატოვა სახლთან. მოგვიანებით იქ მივიდნენ სვანები, რომლებმაც ვერ ნახეს კ---, ამიტომ წაიყვანეს მისი ავტომანქანა, რომლიც შემდეგ მხედრიონელებმა დაწვეს რუსთაველის გამზირზე. მას მეგობრის დახმარებით დაუკავშირდა კ--- კ--------ი, რომელმაც მიუყვანა ბავშვები, უამბო მომხდარის შესახებ და უთხრა, რომ მას მოსაკლავად დასდევდნენ მხედრიონელები. აღნიშნულიდან სამ თვეში მას კვლავ დაუკავშირდა კ------- კ--------ი და უთხრა ბავშვები ჩაეყვანა თბილისში. შეხვედრისას კი უთხრა, რომ ბაქოში მყოფს, მიაგნეს მხედრიონელებმა. ამის შემდეგ მას შვილი აღარ უნახავს.

 

შემთხვევის ადგილისა და გვამის დათვალიერების ოქმით ირკვევა, რომ 1993 წლის 10 ნოემბერს 07:00-08:00 საათზე დათვალიერდა შემთხვევის ადგილი, რომელიც მდებარეობს თბილისში, რ-------------------64 სახლებს შორის ქუჩაში. ტრასაზე ასვენია დაახლოებით 19-23 წლამდე ასაკის, ახალგაზრდა მამაკაცის გვამი, რომელსაც აღმოაჩნდა მოსწავლის ბილეთი, გაცემული ზ-----–--–----------------–---–-ს სახელზე. დოკუმენტზე არსებული ფოტოსურათის გვამთან შედარებით დასტურდება, რომ არის ერთი და იგივე პირი. გვამს მარცხენა მხარეს სახეზე, თვალთან, აღენიშნება სისხლმდენი ნაფლეთოვანი ჭრილობა, ზომით 1X1,5 სმ. გვამიდან გამოსული სისხლი შერეულია წყლის გუბესთან. გვამის ფეხიდან 1 მეტრისა და 50 სმ-ის დაშორებით აღმოჩენილია სანადირო თოფის გასროლილი 16 კალიბრიანი ვაზნის ცარიელი მასრა. გვამის თავთან, 70 სმ-ის დაშორებით, მიწიდან აღებულ იქნა ასევე, სანადირო თოფის გასროლილი 16 კალიბრის მასრა, მასრა დამზადებულია დაპრესილი მუყაოსგან, აქვს პირველი მასრისნაირი წარწერები. ოქმზე დართულია შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას გადაღებული 4 ფოტოსურათი.

 

სასამართლო-მედიცინის სამეცნიერო დაწესებულების 1993 წლის 7 დეკემბრის ექსპერტის N---- დასკვნით დასტურდება, რომ:

▪ ზ-----–--–----------------–---–-ს სიკვდილის მიზეზია მარცხენა საძილე არტერიის და საუღლე ვენის ცეცხლნასროლი დაზიანების შედეგად განვითარებული ზოგადი მწვავე სისხლნაკლებობა გარეგანი სისხლდენის გამო.

▪ ზ----------–---–ის გვამზე აღინიშნება სახის მარცხენა ნახევარში, ლოყისა და პირის მარცხენა ნახევრის არეში - დაფლეთილი, ცეცხლნასროლი ჭრილობა, ჭრილობის არხში უცხო სხეულებით, ქეჩის ორი ტიზით და ტყვიის მეტალის მრავლობითი საფანტებით, ჭრილობის ირგვლივ და ჭრილობის არხში შებოლვის (მჭვარტლის) კვალით და კანზე თოფის წამლის დაუწვავი ნაწილაკებით. მარცხენა ლოყის წინა ნახევარში და პირის კუთხის არეში არსებული უსწორო, დაფლეთილი კიდეების მქონე ჭრილობა წარმოადგენს ტყვიის შესავალ ხვრელს, ჭრილობის არხის მიმართულებაა წინიდან უკან და მთავრდება კისრის მარცხენა უკანა ნახევარში, თითქმის, კანქვეშ. სროლა ნაწარმოებია ახლო მანძილიდან დამატებითი ფაქტორების მოქმედების ზონაში. დაზიანება განვითარებულია რაიმე სადალულიანი ცეცხლსასროლი იარაღით, რომელიც დატენილი იყო ტყვიის მეტალის საფანტით და ქეჩის ტიზებით.

 

ამოღების ოქმით ირკვევა, რომ 1993 წლის 4 დეკემბერს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ბიურო ექსპერტ ვ----------სგან, ამოღებულ იქნა მის მიერ ზ--------------–---–ის გვამის გაკვეთის შედეგად ამოღებული სანადირო გლუვლულიანი თოფის პიჟის ორი კომპლექტი და საფანტები. ტიზები და საფანტები ექსპერტის მიერ ამოღებული იქნა გვამის თავის არედან.

 

საქართველოს რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროს სასამართლო ექსპერტიზის კვლევითი ცენტრის 1993 წლის 30 დეკემბრის ექსპერტის N------ დასკვნით დასტურდება, რომ:

▪ შემთხვევის ადგილიდან ამოღებული მასრები განკუთვნილია 16 კალიბრის სანადირო თოფებისათვის და მათი გასროლა შესაძლებელი იყო შესაბამისი კალიბრის სანადირო თოფითა და ამავე კალიბრის გადაჭრილი თოფით. კონკრეტულად, თუ რომლითაა გასროლილი, ამ საკითხის დადგენა შეუძლებელია.

▪ გვამიდან ამოღებული ტიზები თავისი ზომებით შეესაბამება შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ მასრებს.

▪ დადგენა იმისა, წარდგენილი ტიზებითა და საფანტით იყო თუ არა დამუხტული წარდგენილი მასრები, შეუძლებელია, მაგრამ არ გამოირიცხება შესაძლებლობა, რომ აღნიშნული მასრებიდან რომელიმე დამუხტული ყოფილიყო წარდგენილი ტიზებითა და საფანტით.

 

ჩხრეკის ოქმით ირკვევა, რომ 1996 წლის 18 აპრილს გაჩხრეკილ იქნა ხ--------------- სოფელ ქ----------–---–- მდებარე დ----------------ის საცხოვრებელი სახლი, რა დროსაც თოფი ან რაიმე საბრძოლო მალასა არ აღმოჩენილა.

 

სამართლებრივი შეფასება:

სააპელაციო პალატა არ იზიარებს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პალატა თვლის, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი არ იქნა საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც დაადასტურებდა კ------- კ--------ის მიერ ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენას. სააპელაციო სასამართლოში დაკითხული მოწმის მ---------------–---–ის ჩვენებით და გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილ იქნა, რომ 1993 წლის 10 ნოემბერს, თბილისში, რ-------------------თან აღმოჩენილ იქნა ცეცხლნასროლი დაზიანებით გარდაცვლილი ზ--------------–---–ი. აღნიშნულ გარემოებას არც დაცვის მხარე ხდის სადავოდ. სადავო გარემოებას წარმოადგენს, გარდაცვლილისთვის სასიკვდილო დაზიანების კ------- კ--------ის მიერ მიყენების ფაქტი.

 

პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით არ დადასტურდა კ------- კ--------ის მიერ ზ--------------–---–ისთვის იარაღიდან გასროლით დაზიანების მიყენების ფაქტი, კერძოდ: სააპელაციო სასამართლოში ჩვენების მიცემისას მ---------------–---–მა დაადასტურა, მის მიერ ინფორმაციის მიღების ფაქტი, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილზე გასულმა ოპერატიული ჯგუფის წევრებმა თბილისში, რ----------------- აღმოაჩინეს ახალგაზრდა მამაკაცის - ზ--------------–---–ის გვამი, თუმცა მას აღნიშნული მკვლელობის ჩამდენი პირის ვინაობის შესახებ ინფორმაცია სასამართლოსთვის არ მიუწოდებია. ამასთან, დაზარალებულის უფლებამონაცვლის ლ----------------–---–ის გამოძიებაში მიცემული ჩვენებით დადგენილ იქნა, რომ მისი შვილი ზ--------------–---–ი მოკლეს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით, თუმცა იგი არ არის ფაქტის შემსწრე და არ იცის ვინ განახორციელა გასროლა. ა-–--------------ი კი, რომელიც ლ----------------–---–ის განმარტებით, შემთხვევის დღეს იმყოფებოდა ზ--------------–---–თან ერთად, გამოძიებაში და სასამართლოში არ დაკითხულა.

 

პალატა ასევე აღნიშნავს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოში გამოკვლეული იქნა ლ-----------ას, ლ--–---------ს და დ----------------ი მიერ წინასწარ გამოძიებაში მიცემული ჩვენებები, რომლითაც დადგენილ იქნა შემდეგი: ლ-----------ას ჩვენებით, კ------- კ--------ი არის მისი შვილიშვილი, რომელმაც თოფით მოკლა ახალგაზრდა ბიჭი. მოწმე ლ--–---------ს ჩვენებით კი დადგენილ იქნა, რომ მისთვის კ------- კ--------ის მეუღლისგან - მ-------სგან შეიტყო, რომ მათ სახლთან კ------- კ--------მა იარაღით მოკლა ბიჭი, რომელსაც სურდა ავტომანქანის წართმევა. მოცემულ შემთხვევაში აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ბრალდების მხარეს მ------- გ---–-------- არ დაუკითხავს და აღნიშნულთან დაკავშირებით მისგან არ მიუღია ინფორმაცია. მართალია მოწმე დ----------------ის გამოძიებაში მიცემული ჩვენებებით დადგენილია, რომ კ------- კ--------ი არის მისი შვილი, რომელმაც უამბო, რომ შემთხვევის დღეს მასზე ძალადობას ახორციელებდა რამდენიმე პირი, რომელთაგან ერთ-ერთს წაართვა იარაღი და მისი გამოყენებით მოუწოდებდა მათ ავტომანქანიდან გადმოსვლისკენ, რა დროსაც ერთ-ერთი მათგანი გადმოვიდა მანქანიდან, მუცელზე მიახტა მას და წააქცია, რა დროსაც კ------- კ--------მა იარაღიდან გასროლით მოკლა ეს ბიჭი. მოცემულ შემთხვევაში პალატა მოკლებულია შესაძლებლობას გადაამოწმოს დ----------------ის მიერ მითითებული გარემოებები, კერძოდ ნამდვილად ჰქონდა თუ არა ადგილი კ------- კ--------ის მიმართ ძალადობრივი ქმედებების განხორციელებას და იმყოფებოდა თუ არა იგი მართლწინააღმდეგობის გამომრიცხავ მდგომარეობაში, ამასთან სააპელაციო პალატაში არ გამოკვლეულა არცერთი პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა კ------- კ--------ის მიერ ზ--------------–---–ის მიმართ იარაღიდან გასროლის ფაქტს, რის გამოც დ----------------ის მიერ გამოძიებაში მიცემული ჩვენებები ვერ დაედება საფუძვლად კ------- კ--------ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას.

 

პალატა ასევე ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას იმასთან დაკავშირებით, რომ ექსპერტის №------ დასკვნა არ არის კატეგორიული შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებულ მასრებსა და გვამიდან ამოღებულ ტიზებთან მიმართებით, რამდენადაც დასკვნაში მითითებულია, რომ დადგენა იმისა, ზ--------------–---–ის გვამიდან ამოღებული ტიზებითა და საფანტით იყო თუ არა დამუხტული შემთხვევის ადგილიდან წარდგენილი მასრები, შეუძლებელია, მაგრამ არ გამოირიცხება შესაძლებლობა, რომ აღნიშნული მასრებიდან რომელიმე დამუხტული ყოფილიყო წარდგენილი ტიზებითა და საფანტით. აღნიშნულიდან გამომდინარე, ხსენებულ დასკვნა არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს კ------- კ--------ის საწინააღმდეგოდ.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით პალატა თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ არის ურთიერთშეთავსებად და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 105-ე მუხლით (2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი კოდექსით) წარდგენილ ბრალდებაში კ------- კ--------ის ბრალეულობას.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (1998 წლის 20 თებერვლის რედაქცია) 132-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეული მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი დამოკიდებულების, დასაშვებობის, უტყუარობის თვალსაზრისით, ხოლო საქმეზე შეკრებილი ყველა მტკიცებულება მათი ერთობლიობით, საკმარისი უნდა იყოს პირის დამნაშავედ ცნობისათვის. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად კი, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა ეჭვის გამომრიცხავ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მოცემულ შემთხვევაში კი, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი კ------- კ--------ის განზრახ მკვლელობაში დამნაშავედ ცნობისათვის, ვინაიდან არ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის საჭირო სტანდარტს.

 

საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი კი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (1998 წლის 20 თებერვლის რედაქცია) მე-10 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, ბრალდების მტკიცების მოვალეობა ბრალმდებელს ეკისრება. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად კი, ყოველგვარი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ეჭვმიტანილისა და ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

პალატა აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, ეროვნული სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები სისხლის სამართლის მართლმსაჯულების ძირითად მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს, კერძოდ, ბრალდების მხარემ „გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით“ უნდა დაასაბუთოს ბრალეულობა და ასევე უნდა აკმაყოფილებდეს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითად პრინციპს in dubio pro reo (პირი არ შეიძლება დამნაშავედ იყოს ცნობილი სასამართლოს მიერ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი) (Barbera, Messegue and Jabardo v. Spain, § 77, Lavents v. Latvia, § 125, and Melich an Beck v. The Czech Republic, § 60). მტკიცებულებათა შეფასების პროცესში სასამართლო „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით ხელმძღვანელობს (Ireland v. The United Kingdom, § 161).

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს პირის მსჯავრდებას უტყუარი და გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.

 

ამდენად, პალატამ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შეამოწმა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, გააანალიზა, თუ რამდენად აკმაყოფილებს მათი ერთობლიობა პირის დამნაშავედ ცნობისათვის საქართველოს კონსტიტუციით დადგენილ სავალდებულო სტანდარტს და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ კ------- კ--------ი ცნობილი უნდა იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 105-ე მუხლით (2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი კოდექსით) წარდგენილ ბრალდებაში.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებში გამოძების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორ მ-----–------ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 20 სექტემბრის განაჩენი, როგორც კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი, უნდა დარჩეს უცვლელი.

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლოს საპროცესო კოდექსის (1998 წლის 20 თებერვლის რედაქცია) 535-ე მუხლით, 536-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით, 547-ე მუხლის პირველი ნაწილით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 20 სექტემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი.

 

კ------- კ--------ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 105-ე მუხლით (2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი კოდექსით) წარდგენილ ბრალდებაში.

 

კ------- კ--------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.

 

გამართლებულ კ------- კ--------ს უფლება აქვს, მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

 

საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებების ბედი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გადაწყდეს შემდეგნაირად:

 

2 (ორი) ცალი მასრა განადგურდეს.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე: ნინო სანდოძე

 

მოსამართლეები: ნათია ბარბაქაძე

 

ვახტანგ მრელაშვილი