განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 140310019003061492
საქმე № 3ბ/3043-19
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
21 თებერვალი, 2020 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე - შოთა გეწაძე
აპელანტი (მოსარჩელე) -საქართველოს თავდაცვის სამინისტრო;
წარმომადგენელი - ია-------–--ა;
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - და-------------ნი;
დავის საგანი - პირგასამტეხლოს დაკისრება;
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 9 ოქტომბრის გადაწყვეტილება;
1. სასარჩელო მოთხოვნა:
და-------------ნისთვის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (სახელმწიფო ბიუჯეტის) სასარგებლოდ 5---- (ხ------------) ლარის დაკისრება.
2. მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხის განმარტებით, იგი 14 წლის ასაკიდან არის სამხედრო სამსახურში; სწავლობდა სამხედრო ლიცეუმში, რომლის წარმატებით დამთავრების შემდეგ სწავლა გააგრძელა სამხედრო აკადემიაში; მე-4 კურსზე, სამხედრო აკადემიის დამთავრებისას ბატალიონის მეთაურმა საბაკალავრო ნაშრომის ჩაბარების საშუალება არ მისცა, რათა დიპლომის გაცემა არ მომხდარიყო მასზე; დათხოვნაში წასვლისას, ხელის მოწერა დაავიწყდა და მაშინვე მიბრუნდა უკან; აუხსნა ხელმძღვანელობას, რომ ხელის მოწერა დაავიწყდა, მაგრამ არ გაითვალისწინეს და სამსახურიდან დაითხოვეს, მიუხედავად იმისა, რომ ამ დროისათვის მას არ ჰქონდა არც ერთი დისციპლინური დარღვევა და გააჩნდა 100 ქულა; ხელმძღვანელობას მასთან ჰქონდა არაკორექტული, დაძაბული და უხეში საუბარი, რის შემდეგაც დააწერინეს, რაც მათ სურდათ; გათავისუფლების შესახებ ბრძანება არ გაასაჩივრა, რადგან იქ სწავლის გაგრძელებას აზრი აღარ ჰქონდა ხელმძღვანელობასთან დაძაბული ურთიერთობის გამო.
3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნები:
3.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
3.1.1. სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.
3.1.2. მოპასუხე და-------------ნს მოსარჩელე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ პირგასამტეხლოს (ჯარიმის) სახით გადასახდელად დაეკისრა 1---- (ერთი ათასი) ლარი.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები:
4.1. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2013 წლის 13 სექტემბრის ბრძანებით სსიპ ,,დავით აღმაშენებელის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის” მსმენელი და-------------ნი ჩაირიცხა საკონტრაქტო (პროფესიულ) სამხედრო სამსახურში კონტრაქტით გათვალისწინებული პირობების თანახმად, მიენიჭა პირველადი წოდება "რიგითი" 2013 წლის 15 სექტემბრიდან და მასთან გაფორმდა კონტრაქტი (ს.ფ. 15-20).
4.2. კონტრაქტის მე-6 მუხლის 6.1.2 ქვეპუნქტის თანახმად, სამინისტროს ინიციატივით მოსამსახურის წინასწარი ინფორმირების გარეშე მასთან კონტრაქტი ცალმხრივად შეიძლება შეწყდეს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, რაც წარმოადგენს მოსამსახურის სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის საფუძველს.
4.3. იმავე მუხლის 6.2. ქვეპუნქტის მიხედვით, თუ მოსამსახურე ვადამდე დაითხოვება სამსახურიდან კანონმდებლობით გათვალისწინებული იმ საფუძვლებით, რომელიც წარმოადგენს ფინანსური პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს, რომელიც მისი მიზეზით არის გამოწვეული, მას ეკისრება ჯარიმის და კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფინანსური პასუხისმგებლობის გადახდის ვალდებულება (ს.ფ. 15-20).
4.4. სსიპ ,,დავით აღმაშენებელის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის” რექტორის 2017 წლის 2 აგვისტოს ბრძანების თანახმად, და-------------ნმა 2017 წლის 26 ივლისს, 19:50 საათიდან 20:35 საათამდე, დატოვა აკადემიის შენობა ისე, რომ არ იყო გათვალისწინებული დათხოვნაში წამსვლელ იუნკერთა სიაში და ამავე დროს მას ხელი არ მოუწერია დათხოვნის წიგნში, რის გამოც ამ ბრძანებით დადგინდა მისი სასწავლებლიდან გარიცხვა (ს.ფ. 22);
4.5. სსიპ ,,დავით აღმაშენებელის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის” რექტორის 2017 წლის 16 აგვისტოს ბრძანებით და-------------ნს შეუწყდა იუნკერის სტატუსი, ამოირიცხა იუნკერთა სიიდან და მოიხსნა ყველა სახის კმაყოფიდან 2017 წლის 11 აგვისტოდან კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო (ს.ფ. 24).
4.6. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 11 აგვისტოს ბრძანებით და-------------ნი დათხოვნილი იქნა საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურიდან რეზერვში (ს.ფ. 26).
5. დადგენილი ფაქტები პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივად შემდეგნაირად შეაფასა:
სასამართლომ მიუთითა, რომ მოპასუხე და-------------ნმა დაარღვია მასთან გაფორმებული კონტრაქტის ისეთი ვალდებულება, რაც იწვევს მისთვის პირგასამტეხლოს დაკისრებას. სსიპ ,,დავით აღმაშენებელის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის” რექტორის 2017 წლის 2 აგვისტოს ბრძანებით დადგენილია, რომ და-------------ნმა 2017 წლის 26 ივლისს, 19:50 საათიდან 20:35 საათამდე, დატოვა აკადემიის შენობა, ისე, რომ არ იყო გათვალისწინებული დათხოვნაში წამსვლელ იუნკერთა სიაში და ამავე დროს მას ხელი არ მოუწერია დათხოვნის წიგნში, რის გამოც ამ ბრძანებით დადგინდა მისი სასწავლებლიდან გარიცხვა.
პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ ამგვარ პირობებში თუნდაც საქართველოს მთავრობის № 264 დადგენილებით ჯარიმის 5---- ლარამდე შემცირება უკიდურესად მძიმე და შეუსაბამოდ არათანაბარ სამართლებრივ თუ უფლებრივ საზღვრებში, კაბალურ მდგომარეობაში ამყოფებს სამხედრო მოსამსახურეს და მთლიანად დამოკიდებულს ხდის კონტრაქტორზე.
სასამართლომ განმარტა, რომ პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და აღნიშნული გარემოებათა გათვალისწინებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა უნდა განისაზღვროს 1---- ლარით. სასამართლოს მსჯელობით აღნიშნულით დაცული იქნება როგორც გონივრულობის ფარგლები, ასევე სამართლიანობის პრინციპი.
6. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო მოთხოვნა:
გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 9 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმება დაუკმაყოფილებელ ნაწილში და ახალი გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
6.1 საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
აპელანტი არ ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შედეგს და განმარტავს:
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო დაეთანხმა და გაითვალისწინა საერთო სასამართლოების მიდგომა - საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 17 სექტემბრის N 728 და 2011 წლის 17 სექტემბრის N 729 ბრძანებებით დამტკიცემული კონტრაქტებით განსაზღვრულ შეუსაბამოდ მაღალი სანქციის (28 000 ლარი) შემცირების თაობაზე. თუმცა გასათვალისწინებელია, რომ მითითებული კონტრაქტების დარღვევისთვის გარკვეულ პირებს სახვდასხვა ინსტანციის სასამართლომ დააკისრა საჯარიმო სანქციები გარკვეული მეტნაკლებობით, მიუხედავად იმისა, რომ კონტრაქტის სახე და საჯარიმო თანხები ერთგვაროვანია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იმ მიზნით, რომ ერთგვაროვანი მიდგომა ყოფილიყო ყველა კონტრაქტორის მიმართ, თავდაცვის სამინისტრომ ამ საკითხის მოგვარება განახორციელა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის დონეზე და საქართველოს მთავრობის 2019 წლის 6 ივნისის N 264 დადგენილებით მითითებული კონტრაქტების დარღვევისთვის განსაზღვრული საჯარიმო სანქციები შეამცირა გონივრული და მისაღები თანხის ოდენობამდე, კერძოდ:
ა) 1500 ლარამდე - პირველ კურსზე ყოფნისას კონტრაქტის დარღვევის შემთხვევაში;
ბ) 2500 ლარამდე - მეორე კურსზე ყოფნისას კონტრაქტის დარღვევის შემთხვევაში;
გ) 4000 ლარამდე - მესამე კურსზე ყოფნისას კონტრაქტის დარღვევის შემთხვევაში;
დ) 5000 ლარამდე - მეოთხე კურსზე ყოფნისას ან მის შემდგომ პერიოდში კონტრაქტის დარღვევის შემთხვევაში.
და-------------ნს და თავდაცვის სამინისტროს შორის გაფორმებული იყო საქართველოს თავდაცვის მინისტრის N 729 ბრძანებით დამტკიცებული N 5-- კონტრაქტი, რომელიც დაარღვია მოწინააღმდეგე მხარემ მეოთხე კურსზე სწავლისას, ამდენად იგი ვალდებულია სამინისტროს აუნაზღაუროს 5---- (ხ------------) ლარი.
აპელანტი მიუთითებს, რომ გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული და გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ შეუძლებელია მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება.
7. სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის და სარჩელის სრულად დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები ქმნის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების შემადგენლობას, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ - სამართლებრივ საფუძვლებს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, როდესაც არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძვლები (სსსკ-ის 394-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევები), სააპელაციო სასამართლოს შეუძლია თვითონ გამოიტანოს გადაწყვეტილება, რა დროსაც სსსკ-ის 386-ე მუხლის მიხედვით გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
სააპელაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობა - კანონიერების შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
7.2. პალატა აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილება გასაჩივრებულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში (4---- ლარის ნაწილში), ხოლო გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებულ ნაწილში (1---- ლარის ნაწილში) მოპასუხე დავით ბაზოაინის მიერ არ გასაჩივრებულა და ამ ნაწილში გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში. ამდენად, პალატა მსჯელობს მხოლოდ ადმინისტრაციული ორგანოს სააპელაციო საჩივარზე.
სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, მიუთითებს მათზე, ხოლო სამართლებრივი შეფასების ნაწილში აღნიშნავს შემდეგს:
7.3. პირველყოვლისა პალატა განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს, ერთი მხრივ, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და სსიპ ,,დავით აღმაშენებელის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიას” და, მეორე მხრივ, მოპასუხე ფიზიკურ პირს შორის საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 17 სექტემბრის № 729 ბრძანებით დამტკიცებული ,,სამხედრო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩასარიცხ პირებთან გასაფორმებელი” ხელშეკრულებიდან წარმოშობილი პირგასამტეხლოს (ჯარიმის)ანაზღაურება.
პალატა მიიჩნევს, რომ ხელშეკრულების დადებისას ადმინისტრაციული ორგანოების მიზანს წარმოადგენდა საჯარო უფლებამოსილების განხორციელება - სახელმწიფოს უზრუნველყოფა იუნკერებით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
განსახილველ შემთხვევაში უნდა გაირკვეს, დაარღვია თუ არა და-------------ნმა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან გაფორმებული კონტრაქტის ისეთი ვალდებულება, რაც იწვევს მისთვის პირგასამტეხლოს დაკისრებას.
დადგენილია, რომ სსიპ დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორის 05.09.2017 წლის N 5-- ბრძანებით და-------------ნი ერთიანი ეროვნულგამოცდებგამოვლილი აბიტურიენტი ჩაირიცხა აკადემიის ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამაზე (სასწავლო ბატალიონის 1-ლი კურსი) იუნკერად 2013 წლის 15 მარტიდან და აყვანილ იქნა ყველა სახის კმაყოფაზე.
და-------------ნმა დაარღვია მასთან გაფორმებული კონტრაქტის ისეთი ვალდებულება, რაც იწვევს მისთვის პირგასამტეხლოს დაკისრებას. სსიპ ,,დავით აღმაშენებელის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის” რექტორის 2017 წლის 2 აგვისტოს ბრძანებით დადგენილია, რომ და-------------ნმა 2017 წლის 26 ივლისს, 19:50 საათიდან 20:35 საათამდე, დატოვა აკადემიის შენობა, ისე, რომ არ იყო გათვალისწინებული დათხოვნაში წამსვლელ უნკერთა სიაში და ამავე დროს მას ხელი არ მოუწერია დათხოვნის წიგნში, რის გამოც ამ ბრძანებით დადგინდა მისი სასწავლებლიდან გარიცხვა.
პალატა ასევე ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მითითებული ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტები მოპასუხის მხრიდან არ გასაჩივრებულა და კანონით დადგენილი წესით სადავოდ არ გამხდარა; ამასთან, მოპასუხეს არ წარმოუდგენია დადგენილებასა და ბრძანებაში მითითებული გარემოებების გამომრიცხავი უტყუარი სახის მტკიცებულება.
პალატა აღნიშნავს, რომ მითითებული აქტები წარმოადგენს ინდივიდუალურადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, რომლებიც პირდაპირ მიუთითებენ მოპასუხის მხრიდან კონტრაქტის პირობების დარღვევაზე და და-------------ნთან კონტრაქტი სწორედ ამ აქტებითაა შეწყვეტილი შესაბამისი საფუძვლის მითითებით.
როგორც აღინიშნა, მოპასუხე ,,აკადემიიდან” დათხოვნილ იქნა და მასთან კონტრაქტი შეწყდა მე-4 სასწავლო კურსზე დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების გამო, კონტრაქტის 6.1.5 ქვეპუნქტის საფუძველზე (მოსამსახურის სასწავლებლიდან მისი ბრალით გარიცხვის გამო).
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის მიხედვით, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის, ხოლო 418-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ, თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს.
პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ მითითებული კონტრაქტი წარმოადგენს ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას, რაც გულისხმობს სამხედრო მოსამსახურის ადმინისტრაციულ ორგანოსთან ვერტიკალურ დაქვემდებარებაში ყოფნას, რომლითაც განისაზღვრება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ძირითადად უფლებები, ხოლო სამხედრო მოსამსახურის ძირითადად ვალდებულებები.
სააპელაციო პალატა არ იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს პოზიციას ხელშეკრულებით დადგენილი პირგასამტეხლოს ოდენობის (5000 ლარი) შემცირების თაობაზე. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ დაუშვებელია კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით განსაზღვრული პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება, ვინაიდან იგი არ წარმოადგენს მხარეთა მიერ თავისუფალი ნების გამოვლენის პირობებში შეთანხმებულ პირობას, არამედ დადგენილია კანონისმიერი საფუძვლით, კერძოდ, მოცემულ შემთხვევაში პირგასამტეხლოს ოდენობა განსაზღვრულია საქართველოს მთავრობის N 264 დადგენილებით, რომლითაც ცვლილება შევიდა ,,სამხედრო სამსახურის დებულების დამტკიცების“ შესახებ მთავრობის N238 დადგენილებაში. სააპელაციო პალატა ასევე ყურადღებას მიაქცევს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 2 თებერვლის და 2016 წლის 22 ივნისის განჩინებებს (ას-1171-1116-2014; ას-410-393-2016), რითაც დაუშვებლად არის მიჩნეული კანონისმიერი საფუძვლით დადგენილი პირგასამტეხლოს შემცირება.
ზემოაღნიშნულ გარემოებათა გათვალისწინებით, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ არსებობს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები. ამდენად, სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 9 ოქტომბრის გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში და ამ ნაწილში მიღებული უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი მოპასუხისათვის ჯარიმის სახით 4---- (ო-----------) ლარის ანაზღაურების დაკისრების ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს. და-------------ნს უნდა დაეკისროს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ ჯარიმის - 4---- (ო-----------) ლარის ანაზღაურება.
8. პროცესის ხარჯები:
8.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
ამავე კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო საჩივრისათვის სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტს, მაგრამ არანაკლებ 150 ლარისა.
დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციისა და სააპელაციო საჩივარზე კანონით დადგენილი სახელმწიფო ბაჟის მინიმალური ოდენობის გათვალისწინებით, პალატას მიაჩნია, რომ და-------------ნს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით 160 (ასსამოცი) ლარის გადახდა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-12, 251-ე, მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
2. გაუქმდეს გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 9 ოქტომბრის გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში და ამ ნაწილში მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება.
3. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი მოპასუხისათვის ჯარიმის სახით 4---- (ო-----------) ლარის ანაზღაურების დაკისრების ნაწილში დაკმაყოფილდეს.
4. და-------------ნს დაეკისროს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ ჯარიმის 4---- (ო-----------) ლარის ანაზღაურება.
5. და-------------ნს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით 160 (ასსამოცი) ლარის გადახდა.
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. № 6) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. № 7ა), მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის გადაცემის მომენტიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის გადაცემის მომენტიდან. გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.
მოსამართლე:
შოთა გეწაძე -