განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 30.12.2019
საქმის ნომერი
330210018002770438
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
30.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210018002770438

2ბ/8059-19

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

30 დეკემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

 

მოსამართლე- მიხეილ გოგიშვილი

 

აპელანტი - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო

მოწინააღმდეგე მხარე- შპს ,,ს---- მ---------ი“

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქლაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილება

დავის საგანი - პირგასამტეხლოს დაკისრება

 

1.აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

სასარჩელო მოთხოვნა:

მოპასუხე შპს ,,ს---- მ---------ისათვის“ მოსარჩელე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასარგებლოდ პირგასამტეხლოს სახით 12 300 ლარის გადახდის დაკისრება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

არ დაკმაყოფილდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სარჩელი შპს „ს---- მ---------ის“ მიმართ პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნით.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და შპს „ს---- მ---------ს“ შორის 2017 წლის 27 ივლისს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება, რომლის თანახმად, ხელშეკრულების გაფორმებიდან 2018 წლის 31 იანვრის ჩათვლით, შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად მოპასუხეს უნდა შეესრულებინა შინაგან საქმეთა სამინისტროს ბალანსზე რიცხული, დანართი N1-ით გათვალისწინებული „TOYOTA“-სა და „LEXUS“-ის მარკის სხვადასხვა მოდელის ავტოსატრანსპორტო საშუალებების (30 ავტომანქანა) ტექნიკური მომსახურება. ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრა 465 700 ლარით.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N559 ხელშეკრულება;

- ხელშეკრულების დანართი N1.

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

2.2. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების მე-6 მუხლის 6.3. პუნქტის მიხედვით, მიმწოდებელი ვალდებულია შეტყობინების მიღებისთანავე გონივრულ ვადებში, მაგრამ არაუმეტეს 5 კალენდარული დღის ვადაში განახორციელოს უხარისხოდ გაწეული მომსახურების წუნის გამოსწორება და შეუსაბამოს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, შემსყიდველის მხრიდან დამატებითი დანახარჯების გაწევის გარეშე.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N559 ხელშეკრულება;

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

2.3. ხელშეკრულების მე-8 მუხლის 8.1. პუნქტის მიხედვით, ხელშეკრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის ოდენობა განისაზღვრება ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 2%-ის ოდენობით და მისი მოქმედების ვადა 30 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების მოქმედების ვადას.

 

ამავე მუხლის 8.2. პუნქტის მიხედვით, ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით წარმოდგენილი საბანკო გარანტია გამოიყენება მიმწოდებლის მიერ ვალდებულების დარღვევის გამო, შესაბამისი პირგასამტეხლოს, საჯარიმო სანქციების ან/და ზიანის ანაზღაურების მიზნით.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N559 ხელშეკრულება;

- მოპასუხის ახსნა-განმარტება;

 

2.4. შპს „ს---- მ---------ის“ ზემოაღნიშნული სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, 2017 წლის 26 ივლისს სს „ბ---- ქ-------მ“ გასცა საბანკო გარანტია.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოპასუხის ახსნა-განმარტება;

- საბანკო გარანტია.

 

2.5. 2017 წლის 03 ნოემბერს შპს „ს---- მ---------ის“ სერვის ცენტრში „TOYOTA HILUX“-ის მარკის ავტომობილს (სახელმწიფო ნომრით: L--------), შეუკეთდა ძრავი.

 

აღნიშნული ავტომობილის ძრავი გამოვიდა მწყობრიდან და 2017 წლის 20 დეკემბერს შსს ლოჯისტიკის დეპარტამენტმა, შპს „ს---- მ---------ს“ მიმართა წერილით აღნიშნული ავტომობილის ძრავის შესაკეთებლად გარანტიის ფარგლებში.

 

შპს „ს---- მ---------მა“ უარი განაცხადა ავტომობილის შეკეთებაზე, იმ საფუძვლით, რომ ავტომობილის ძრავის დაზიანება გამოწვეული იყო მძღოლის დაუდევრობით.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება;

-2017 წლის 20 დეკემბრის წერილი;

-2017 წლის 27 დეკემბრის წერილი;

-სარემონტო შეკვეთა;

- საგადასახადო ანგარიშფაქტურა;

- დეფექტური აქტი;

- შესრულებული სამუშაოს აქტი.

 

2.6. 2018 წლის 01 მარტს ავტომანქანა გადაყვანილ იქნა ევაკუატორით შპს „ს---- მ---------ის“ სერვის ცენტრში, 27 აპრილს ავტომანქანა TOYOTA HILUX“, სახ. N---------- აღდგენილ იქნა სერვის ცენტრის მიერ საგარანტიო პირობებით.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება;

- 2018 წლის 19 ივნისის წერილი.

 

2.7. 2018 წლის 24 აგვისტოს სს „ბ---- ქ-------მ“ გასცა საბანკო გარანტიის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 10 246 ლარი.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოპასუხის ახსნა-განმარტება;

- საგადახდო დავალება.

 

დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები.

 

2.8. ხელშეკრულების მე-12 მუხლის 12.3 ნაწილის „ბ“ პუნქტის მიხედვით, თუ მიმწოდებელი ხელშეკრულების მე-4 და მე-5 მუხლებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევის პირობებს ვერ შეასრულებს ან/და დაარღვევს კეთილსინდისიერების პრინციპს, შემსყიდველი უფლებამოსილია: ხელშეკრულების მე-4 მუხლით განსაზღვრული მომსახურების გაწევის ვადების გადაცილების, მათ შორის აღრიცხვის პროგრამული უზრუნველყოფის დანერგვის ან/და სერვისცენტრების ვიდეოკამერებით აღჭურვის ვადების დარღვევის შემთხვევაში ან 6.3. პუნქტით განსაზღვრული პირობების დარღვევის შემთხვევაში, მიმწოდებელს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დააკისროს პირგასამტეხლო ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში 100 ლარის ოდენობით.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N559 ხელშეკრულება;

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

2.9. შპს „ს---- მ---------მა“ TOYOTA HILUX“-ის მარკის ავტომობილის (სახელმწიფო ნომრით: L--------), ტექნიკური მომსახურება უხარისხოდ შეასრულა.

 

სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 და 102-ე მუხლებზე და განმარტა, რომ მტკიცების ტვირთი - ესაა სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი - ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს.

 

მტკიცების ტვირთი დამოკიდებულია არა მხარის როლზე პროცესში, არამედ მოთხოვნის საფუძველზე. ის ვინც ითხოვს ვალდებულების შესრულებას, უნდა დაამტკიცოს მოთხოვნის საფუძვლის არსებობა არა მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი ითხოვს თავისი მოთხოვნის შესრულებას, ან აღიარებას, არამედ მაშინაც, როდესაც იგი თავს იცავს მოწინააღმდეგე მხარის ნეგატიური აღიარებითი სარჩელისაგან (მოთხოვნისაგან).

 

მტკიცების ტვირთისაგან უნდა გავმიჯნოთ ფაქტების მითითების ტვირთი, როგორც მხარის ფაკულტატური მოვალეობა. მხარეები სსკ-ის მე-4 მუხლის თანახმად სრულიად თავისუფალნი არიან მიუთითონ ნებისმიერ ფაქტზე. ეს მათი უფლებაა, მაგრამ მათ მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, ე.ი. იმის დადგენა და გარკვევა, თუ რამდენად ასაბუთებენ ეს ფაქტები იურიდიულად მხარეთა მოთხოვნებს და შესაგებელს - ეს უკვე სასამართლის შეფასების საგანია.

 

სასამართლოს განმარტებით, განსახილველ შემთხვევაში, ძრავის უხარისხოდ შეკეთების გარემოების დასადასტურებლად, მოსარჩელემ წარმოადგინა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა, რომლის მიხედვით, მოპასუხის მიერ შეკეთებული ავტომანქანის დეტალების კვლევისას ექსპერტმა დაადგინა, რომ ძრავის მეოთხე ცილინდრის დგუში დაზიანებულია ისევე როგორც ძრავის თავაკი, მეოთხე ცილინდრის სარქველებისა და საწვავის მფრქვევანის განლაგების ადგილას. აღნიშნული დაზიანება გამოწვეულია კონკრეტულად მეოთხე ცილინდრში განვითარებული დეტონაციის შედეგად, ხოლო დეტონაცია გამოიწვია საწვავის მიწოდების მფრქვევანამ, რომელმაც ვერ უზრუნველყო საკმარისი რაოდენობის საწვავის მიწოდება ცილინდრში, რაც იწვევს საწვავის აფეთქების სიძლიერებისა და ტემპერატურის ზრდას, რომელი დაზიანებებიც ნათლად ჩანს მეოთხე ცილინდრის დგუშსა და ძრავის თავაკზე.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, ექსპერტმა დაადგინა, რომ ძრავის დაზიანება გამოიწვია ძრავის მეოთხე ცილინდრის საწვავის მფრქვევანას მწყობრიდან გამოსვლამ და აღნიშნულ დაზიანებას ავტომობილის მძღოლი თავიდან ვერ აირიდებდა.

 

ამდენად, სასამართლოს მტკიცებით, საქმეში წარმოდგენილი ექსპერტის დასკვნით, ცალსახად დადგინდა, რომ ძრავის დაზიანების მიზეზი იყო ძრავის მეოთხე ცილინდრის საწვავის მფრქვევანას მწყობრიდან გამოსვლა. ამ დასკვნის გასაქარწყლებლად მოპასუხის მიერ არ ყოფილა წარდგენილი საწინააღმდეგო მტკიცებულება. აქვე საყურადღებოა ის გარემოება, რომ მოპასუხემ საბოლოოდ შეაკეთა დაზიანებული ძრავი, რაც ასევე აქარწყლებს მის პოზიციას მძღოლის მიზეზით, ძრავის დაზიანებაზე.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

2.10. სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლზე, რომლის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და შპს „ს---- მ---------ს“ შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა ნარდობის ხელშეკრულების საფუძველზე, რომლის შესაბამისად, მოპასუხემ იკისრა ვალდებულება შეესრულებინა ხელშეკრულების დანართი N1-ში მითითებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური მომსახურება.

 

სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 641-ე მუხლზე, რომლის თანახმად, ნაკეთობა ნივთობრივად უნაკლოა, თუ იგი შეესაბამება შეთანხმებულ პირობებს, ხოლო თუ ეს პირობები შეთანხმებული არ არის, მაშინ ნაკეთობა ნივთობრივად უნაკლოდ მიიჩნევა, თუკი იგი ვარგისია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ან ჩვეულებრივი გამოყენებისათვის.

 

ამ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოპასუხემ უხარისხოდ შეასრულა ძრავის შეკეთების მომსახურება და ხელშეკრულების მე-6 მუხლის 6.3. პუნქტით გათვალისწინებული შეტყობინების მიღებიდან 5 დღის ვადაში ვერ უზრუნველყო უხარისხოდ გაწეული მომსახურების წუნის გამოსწორება. ამდენად, ცალსახად დადგენილია შპს „ს---- მ---------ის“ მიერ ხელშეკრულების ზემოაღნიშნული პირობის დარღვევა.

 

სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლზე, რომლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილების შემთხვევები ასეთად ჩაითვლება თუ: ა) შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ვალდებულების შეუსრულებლობა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში განიხილება არაჯეროვან შესრულებად.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლი ითვალისწინებს პირგასამტეხლოს დაკისრების შესაძლებლობას ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. კერძოდ, აღნიშნული მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების თანახმად, კი ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

სასამართლოს განმარტებით, შპს „ს---- მ---------მა“ ჯეროვნად არ შეასრულა მასსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების მე-6 მუხლის 6.3. პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულება, რომელი პირობის დარღვევის შემთხვევაშიც, ხელშეკრულების მე-12 მუხლის 12.3. პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით მხარეები შეთანხმდნენ პირგასამტეხლოს გადახდევინებაზე. ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ არსებობს მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების ყველა პირობა.

 

სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 427-ე მუხლზე, რომლის თანახმად, ვალდებულებითი ურთიერთობა წყდება კრედიტორის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულებით. (შესრულება).

 

სასამართლოს განმარტებით, ხელშეკრულების მე-8 მუხლის 8.2. პუნქტით მხარეებმა განსაზღვრეს, რომ საბანკო გარანტია მიზანმიმართულად გამოეყენებინათ ვალდებულების დარღვევის გამო პირგასამტეხლოს, საჯარიმო სანქციების ან/და ზიანის ანაზღაურების მიზნით. დადგენილია, რომ გარანტმა გასცა საბანკო გარანტიის თანხა 10 246 ლარის ოდენობით, რომლის დანიშნულებაც მხარეთა შეთანხმების შესაბამისად, იყო სწორედ ვალდებულების დარღვევის გამო დარიცხული პირგასამტეხლოს მოთხოვნის დაკმაყოფილება. სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ გარანტის მიერ ბენეფიციარისათვის (მოსარჩელისათვის) საბანკო გარანტიის თანხის ჩარიცხვისას, გადახდის დანიშნულებაა: შემოსავალი ხელშეკრულების პირობების დარღვევის გამო დაკისრებული პირგასამტეხლოდან. აღნიშნული ცალსახად ადასტურებს იმ გარემოებას, რომ მოსარჩელემ (ბენეფიციარმა) საბანკო გარანტიის თანხა მიმართა სწორედ მოპასუხის (პრინციპალის) მიერ ვალდებულების დარღვევის გამო, დარიცხული პირგასამტეხლოს მოთხოვნის ჩასათვლელად.

 

აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელე არ არის უფლებამოსილი მოითხოვოს მოპასუხისაგან დარიცხული პირგასამტეხლოდან 10 246 ლარის დაკისრება, ამ ვალდებულების საბანკო გარანტიის თანხიდან შესრულების გამო.

 

სასამართლოს განმარტებით, ამ შემთხვევაში, მოსარჩელეს შესაგებლის საწინააღმდეგოდ არ მიუთითებია და შესაბამისად არ წარმოუდგენია მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდა, მოთხოვნის საფუძვლად მითითებული ხელშეკრულების ფარგლებში, მოპასუხის მიერ სხვა შემთხვევებში ვალდებულების დარღვევის ფაქტს, რასაც შესაძლოა გამოერიცხა 8.2. პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნილი თანხიდან 10 246 ლარის ოდენობით პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულების შეწყვეტის საფუძვლის არსებობა.

 

სასამართლომ მიუთითა, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში, მოპასუხემ სადავოდ გახადა მისთვის პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ამდენად, მხარეთა ინტერესებსა და უფლება-მოვალეობებს შორის გონივრული ბალანსის დაცვის უზრუნველსაყოფად კანონმდებელი ანიჭებს სასამართლოს დისკრეციას შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ეს ის იშვიათი გამონაკლისია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება.

 

მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენდა მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს სახით - 12 300 ლარის დაკისრება, თუმცა სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი და შეთანხმებული პირგასამტეხლო არის შეუსაბამოდ მაღალი და უნდა მოხდეს მისი შემცირება და მისი ოდენობა უნდა განისაზღვროს 10 246 ლარით.

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხემ ხელშეკრულებით გათვალისწინებული უხარისხოდ გაწეული მომსახურების წუნის გამოსწორება განახორციელა 123 დღის ვადის დარღვევით და პირგასამტეხლო 10 246 ლარის ოდენობით, სრულად უზრუნველყოფს შესასრულებელი ვალდებულების დარღვევისათვის გონივრული, პროპორციული და სამართლიანი პირგასამტეხლოს ფუნქციის შესრულებას და შეესაბამება შემსყიდველის მიერ დაგვიანებით შესრულებელი ვალდებულებისათვის, პასუხისმგებლობის სახით დაწესებულ საზღაურს.

 

აქედან გამომდინარე, მოსარჩელის მოთხოვნა დარჩენილი 2054 ლარის ნაწილში, სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირების გამო, არ დაკმაყოფილდა.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

 

აპელანტის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

3.1. აპელანტის განმარტებით, საქმის მასალებითა და არსებული მტკიცებულებებით ცალსახად დგინდება, როგორც პირგასამტეხლოს, ასევე ვადაგადაცილების ოდენობა. შესაბამისად სამინისტროს პოზიცია სრულად იყო გამყარებული არსებული მტკიცებულებებით. სასამართლო გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ: შპს "ს---- მ---------მა" ჯეროვნად არ შეასრულა მასსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების მე-6 მუხლის 6.3 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულება, რომელი პირობის დარღვევის შემთხვევაშიც, ხელშეკრულების მე-12 მუხლის 12.3 პუქნტის "გ" ქვეპუნქტით მხარეები შეთანხმდნენ პირგასამტეხლოს გადახდევინებაზე. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ არსებობს მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების ყველა პირობა." თუმცა სასამართლომ განმარტა, რომ ხელშეკრულების მე-8 მუხლის 8.2 პუნქტით მხარეებმა განსაზღვრეს, რომ საბანკო გარანტია მიზანმიმართულად გამოეყენებინათ ვალდებულების დარღვევის გამო პირგასამტეხლოს, საჯარიმო სანქციების ან/და ზიანის ანაზღაურების მიზნით. სწორედ ეს გახლავთ დასაბუთება იმისა თუ რატომ არ უნდა დაეკისროს შპს" ს---- მ---------" პირგასამტეხლო, რომელიც ცალსახად გათვალისწინებულია ხელშეკრულებით.

 

აპელანტის განმარტებით, გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული. სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამავე კოდექსის 416-ე მუხლის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად ხელშეკრულებით გაითვალისწინონ დამატებითი საშუალებებიც: პირგასამტეხლო, ბე და მოვალის გარანტია. ამავე კოდექსის 117-ე მუხლის მიხედვით, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება კრედიტორს ყოველთვის გააჩნია, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა მან ზიანი. მთავარია მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევის ფაქტი. პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული (უზენაესის გადაწყვეტილება Noას-570 541-2015). ხოლო რაც შეეხება საბანკო გარანტიას: საკასაციო პალატის 2017 წლის 1 თებერვლის გადაწყვეტილებით (საქმე Nას-1038-999-2016) კანონმდებლობა საბანკო გარანტიას განიხილავს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ერთ ერთ საშუალებას, რომელიც სხვა უზრუნველყოფის საშუალებებისაგან განსხვავდება თავისი დამოუკიდებლობით, არააქცესორულობით, რაც გულისხმობს იმას, რომ ძირითადი ვალდებულება ხელშეკრულება, რომლის უზუნველსაყოფადაც საბანკო გარანტია გაიცა, გავლენას ვერ ახდენს ამ უკანასკნელზე. იგი ბენეფიციარის კუთვნილი მოთხოვნის დაკმაყოფილებას იმ შემთხვევაშიც უზრუნველყოფს, როცა საბანკო გარანტიით უზრუნველყოფილი ძირითადი ვალდებულებიდან გამომდინარე ბენეფიციარის მოთხოვნა არ წარმოშობილა, მთლიანად ან ნაწილობრივ შესრულდა, შეწყდა ან ბათილია. პალატამ მიიჩნია, რომ საბანკო გარანტია რაიმე დათქმას პირგასამტეხლოს ჩათვლის ან გაქვითვის შესახებ არ ითვალისწინებდა და ეს არც საბანკო გარანტიის ბუნებიდან გამომდინარეობდა. შესაბამისად სააპელაციო საასამრთლოს განმარტება ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას, არ შეიძლება ორი დამოუკიდებელი სამოქალაქო ინსტიტუტის ერმთანეთში აღრევა და ხელშეკრულების დამოუკიდებლობის პრინციპის დარღვევა, მაშინ როდესაც არ არსებობს რაიმე სამართლებრივი საფუძველი, რათა მომხდარიყო ამ ორი უზრუნველყოფის გაერთიანება.

 

აპელანტის მტკიცებით, გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა ის გარემოება, რომ მოპასუხე არის მეწარმე სუბიექტი და, შესაბამისად, მას ცოდნა და ასევე თვისუფალი ნება ჰქონდა, რომ ხელშეკრულების აღნიშნულ პირობებზე ეთქვა უარი, თუმცა ხელშეკრულების დადების ეტაპზე მხარეს არ გამოუთქვამს არანაირი პრეტენზია ხელშეკრულებაში არსებულ პირგასამტხელოს პროცენტის ოდენობაზე და არც საბანკო გარანტიის პირობაზე, რაც მისი ხელმოწერით დასტურდება. მხარე ინფორმირებული იყო მოსალოდნელი სამართლებრივი შედეგის დადგომის შესახებ, თუმცა მიუხედავად ამისა მიიჩნია, რომ მოცემული პირგასამტეხლოს პროცენტის ოდენობა და საბანკო გარანტიის პირობა გონივრულია მოცემული სამართლებრივი ურთიერთობისთვის. გარდა ამისა, მოსარჩელეს წარმოადგენდა სახელმწიფო დაწესებულება, რომლისთვისაც სწორედ დადებული ხელშეკრულებები, იძლევა იმის საშუალებას, რომ პირნათლად შესრულდეს ძირითადი ფუნქცია.

 

აპელანტის მტკიცებით, მოცემული გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლომ არ გაითვალისწინა, ასევე, ის გარემოება, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო სახელმწიფო შესყიდვების შესაბამისად დადებულ ხელშეკრულებებში ითვალისწინებს პირგასამტეხლოს, არა სადამსჯელო ფუნქციით, არამედ ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

იმავე კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

 

4.1. სააპელაციო პალატას უდვოდ მიაჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

დადგენილია, რომ მოპასუხემ უხარისხოდ შეასრულა ძრავის შეკეთების მომსახურება და ხელშეკრულების მე-6 მუხლის 6.3. პუნქტით გათვალისწინებული შეტყობინების მიღებიდან 5 დღის ვადაში ვერ უზრუნველყო უხარისხოდ გაწეული მომსახურების წუნის გამოსწორება. დადგენილია, შპს „ს---- მ---------ის“ მიერ ხელშეკრულების ზემოაღნიშნული პირობის დარღვევა.

 

ხელშეკრულების მე-8 მუხლის 8.2. პუნქტით მხარეებმა განსაზღვრეს, რომ საბანკო გარანტია მიზანმიმართულად გამოეყენებინათ ვალდებულების დარღვევის გამო პირგასამტეხლოს, საჯარიმო სანქციების ან/და ზიანის ანაზღაურების მიზნით. დადგენილია, რომ გარანტმა გასცა საბანკო გარანტიის თანხა 10 246 ლარის ოდენობით, რომლის დანიშნულებაც მხარეთა შეთანხმების შესაბამისად, იყო სწორედ ვალდებულების დარღვევის გამო დარიცხული პირგასამტეხლოს მოთხოვნის დაკმაყოფილება.

 

მოსარჩელეს შესაგებლის საწინააღმდეგოდ არ მიუთითებია და შესაბამისად არ წარმოუდგენია მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდა მოთხოვნის საფუძვლად მითითებული ხელშეკრულების ფარგლებში მოპასუხის მიერ სხვა შემთხვევებში ვალდებულების დარღვევის ფაქტს, რასაც შესაძლოა გამოერიცხა 8.2. პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნილი თანხიდან 10 246 ლარის ოდენობით პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულების შეწყვეტის საფუძვლის არსებობა.

 

დადგენილია, რომ მოპასუხემ ხელშეკრულებით გათვალისწინებული უხარისხოდ გაწეული მომსახურების წუნის გამოსწორება განახორციელა 123 დღის ვადის დარღვევით.

 

პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებას, რომ კონტრაქტით გათვალისწინებული მოქმედების ვადაგადაცილებაზე, როდესაც არსებობდა შედავების რეალური და ობიექტური საფუძვლები ყოველ დღეზე 100 ლარის ოდენობით პირგასამტეხლოს დაკისრება არის შეუსაბამოდ მაღალი და აშკარად შეუსაბამო ვალდებულების დარღვევის შედეგებთან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის მიხედვით, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხაა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.

 

სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული. ამასთან, პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება წარმოიშობა იმ შემთხვევაში, თუ სახეზეა ვალდებულების შეუსრულებლობა, ან არაჯეროვანი შესრულება.

 

პირგასამტეხლო მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებას წარმოადგენს, რომლის მიხედვითაც, მოვალე ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ან ვალდებულების სხვა სახის დარღვევისათვის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას იხდის.

 

პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების წინაპირობაა ვალდებულების შეუსრულებლობა ან ვალდებულების დარღვევა. პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ „პრეზუმირებული მინიმალური ზიანის“ ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც, რაღა თქმა უნდა, არ წარმოადგენს ფაქტობრივი ზიანის ექვივალენტ ფულად თანხას და არც ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ანაზღაურებას ემსახურება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობას იძლევა. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგად, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ.

 

პალატა თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში ვადაგადაცილების ობიექტური გარემოებებიდან გამომდინარე, როდესაც გაურკვეველი იყო მანქანის მწყობრიდან გამოსვლის მიზეზი, საქალაქო სასამართლოს მიერ დაკისრებული პირგასამტეხლო არის გონივრული, პროპორციული და სამართლიანი.

 

პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის მოსაზრებას რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მოხდა ორი დამოუკიდებელი სამოქალაქო ინსტიტუტის ერმთანეთში აღრევა და ხელშეკრულების დამოუკიდებლობის პრინციპის დარღვევა, მაშინ როდესაც არ არსებობს რაიმე სამართლებრივი საფუძველი, რათა მომხდარიყო ამ ორი უზრუნველყოფის გაერთიანება. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ პირგასამტეხლოს სახით გადასახდელი თანხის გადახდა მოხდა საბანკო გარანტიის რეალიზაციის გზით, რაც არ ეწინააღმდეგება საბანკო გარანტიის, როგორც ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ინსტიტუტის შინაარსს. უკვე შესრულებული ვალდებულების და გადახდილი თანხის ხელმეორედ დაკისრება გამოიწვევდა მოსარჩელის უსაფუძვლო გამდიდრებას. მოსარჩელემ ვერ დაადასტურა, რომ მას აღნიშნული თანხა არ მიუღია.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

ამდენად, სააპელაციო პალატა ასკვნის, რომ სააპელაციო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქლაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სარჩელზე უარის თქმაში იგულისხმება ასევე სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

 

განსახილველ შემთხვევაში, აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე- 5 მუხლის პირველი ნაწილის „უ“ ქვეპუნტის საფუძველზე.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 397-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. უცვლელი დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქლაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილება.

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

მოსამართლე: მიხეილ გოგიშვილი