განაჩენი

სისხლის სამართლის 24.02.2020
საქმის ნომერი
050100119002813143
ინსტანცია
თარიღი
24.02.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 050100119002813143

№1/ბ-25-2020 წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

20 თებერვალი, 2020 წელი ქ. ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის

სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე თეიმურაზ სვანიძე

სხდომის მდივანი - მარინა მაკარიძე

 

პროკურორის - ნ--- მ-------ის

გამართლებულის - ვ----– გ----------ის

ადვოკატის - გ---- გ--------–-ძის მონაწილეობით

 

ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ვ----– რ-----ს ძე გ----------ის მიმართ, დაბადებული: 24-------- წელი, პირადი №0----------, საქართველოს მოქალაქე, უმაღლესი განათლების მქონე, განქორწინებული, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ოზურგეთ, სოფელი ნატანები.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ნ ა წ ი ლ ი:

ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ვ----– გ----------ეს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის მეორე წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რაც გამოიხატა შემდეგში:

2007 წლიდან 2010 წლამდე დროის პერიოდში ვ----– გ----------ე არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა ნ---- ღ-–-----თან და მასთან ეწეოდა ერთიან საოჯახო მეურნეობას. 2018 წლის 9 დეკემბერს, დაახლოებით 12:00 საათზე ოზურგეთის მუნციპალიტეტის სოფელ თხინვალში, მისივე საცხოვრებელ სახლში, საყოფაცხოვრებო საკითხზე უთანხოებით განაწყენებულმა ვ----– გ----------ემ, ყოფილი მეუღლის - ნ---- ღ-–-----ის მიმართ განახორციელა სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, რა დროსაც ნ---- ღ-–-----ს გაუჩნდა ვ----– გ----------ის მხრიდან მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 22 ნოემბრის განაჩენით ვ----– გ----------ე უდანაშაულოდ იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და გამართლდა.

სააპელაციო საჩივრის არსი:

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 22 ნოემბრის განაჩენი სააპელაციო საჩივრით გასაჩივრებულ იქნა ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორის ნ--- მ-------ის მიერ, რომელმაც გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და ვ----– გ----------ის საქართველოს 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნობა მოითხოვა. ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი.

ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე დაცვის მხარემ წარმოადგინა შესაგებელი, რომლითაც გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვა.

სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:

– აპელანტს, პროკურორ ნ--- მ-------ეს, რომელმაც მხარი დაუჭირა თავის სააპელაციო საჩივარს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვა.

– მოწინააღმდეგე მხარეს, გამართლებულ ვ----– გ----------ეს და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატ გ---- გ--------–-ძეს, რომლებმაც მხარი არ დაუჭირეს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარს და გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვეს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:

მოწმის სახით დაკითხულმა დაზარალებულმა ნ---- ღ-–-----მა სასამართლო სხდომაზე ისარგებლა მისთვის კანონით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა ყოფილი მეუღლის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.

მოწმის სახით დაკითხული შსს ოზურგეთის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის ს------ რ-----ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2018 წლის 9 დეკემბერს ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც თხინვალიდან შევიდა შეტყობინება იმის შესახებ, რომ ნ---- ღ-–-----ი ითხოვდა დახმარებას, რადგან ადგილი ჰქონდა იარაღით მუქარას. მივიდნენ შემთხვევის ადგილზე, ნ----ს საცხოვრებელ სახლში, სადაც ნ---- ღ-–-----მა განაცხადა, რომ მასთან მივიდა ყოფილი მეუღლე ვ----– გ----------ე, რომელთანაც ახლა გაშორებულია და უთხრა, რომ შერიგებულიყვნენ და გაეგრძელებინათ თანაცხოვრება. ვ----–მა ასევე უთხრა, ისეთ რამეს გააკეთებდა, რომ ციხეში მოხვდებოდა. ნ----მ თქვა, რომ დაახლოებით ერთი თვის წინ ვ----–მა შეიძინა იარაღი და ამ ფაქტს დაუკავშირა ვ----–ის ნათქვამი, ამიტომ შეეშინდა ამ მუქარის და დარეკა პოლიციაში. ნ---- ღ-–-----ის განცხადებით, მუქარების ფაქტს ადრე ადგილი არ ჰქონია.

მოწმის სახით დაკითხული ოზურგეთის რაიონული სამმართველოს უბნის უმცროსი ინსპექტორ-გამომძიებლის პ----- გ--------–-ძის ჩვენებით დადგენილია, რომ 2018 წლის 9 დეკემბერს ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას ს------ რ-----ესთან ერთად, მიიღეს შეტყობინება, რომ ნ---- ღ-–-----ი ითხოვდა დახმარებას მუქარის გამო. ს------ რ-----ესთან ერთად მივიდა ნ----ს მამის საცხოვრებელ სახლში, სადაც ნ----მ განმარტა, რომ ემუქრებოდა ვ----– გ----------ე. ვ----–ი ეუბნებოდა, რომ შერიგებულიყვნენ და მასთან დაბრუნებულიყო, რაზეც უარი მიიღო. ვ----–ს უთქვამს თუ არ შეურიგდებოდა ისეთ რამეს გააკეთებდა, რომ ციხეში მოუწევდა წასვლა. ნ----ს შეეშინდა და დარეკა პოლიციაში. ნ----მ თქვა, რომ განიცადა შიში, რადგან იცოდა, რომ ვ----–ს იარაღი ჰქონდა შეძენილი.

მოწმის სახით დაკითხული უ-- ჩ-------ას ჩვენებით დადგენილია, რომ მითითებულ საქმეზე გამოძიება დაიწყო მუქარის ფაქტზე. შეტყობინების საფუძველზე, საცხოვრებელი მისამართიდან პ----- გ--------–-ძის და ს------ რ-----ის მიერ წარმოდგენილი იქნა შეტყობინების ინიციატორი - ნ---- ღ-–-----ი, რომელიც მის მიერ იქნა გამოკითხული. ნ---- ღ-–-----ის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, მასთან მისული იყო მეუღლე, რომელთანაც ერთად აღარ ცხოვრობდა და სთხოვდა შერიგებას, როდესაც უარი უთხრა, ვ----–ს უთქვამს ისეთს გააკეთებდა რომ ციხეში წავიდოდა. რადგან ნ----სთვის ცნობილი იყო, რომ ვ----–ს დაახლოებით ერთი თვის უკან შეძენილი ჰქონდა იარაღი, მისი სიტყვები აღიქვა ჯანმრთელობის დაზიანების ან სიცოცხლის მოსპობის რეალურ მუქარად, მას გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში და ეს გახდა მისი მხრიდან შეტყობინების გაკეთების საფუძველი. მან გამოკითხა ასევე გ---–---- მ---------ე, რომელიც ადასტურებდა ნ----ს მიერ განხორციელებული შეტყობინების ფაქტს და ითხოვდა პოლიციის დახმარებას. მან გამოკითხა ასევე პ----- გ--------–-ძე და ს------ რ-----ე, რომლებიც იმყოფებოდნენ შეტყობინების ინიციატორთან. მათ განმარტეს, რომ ნახეს ანერვიულებული ნ----, რომელმაც მიუთითა შიშის და აღელვების მიზეზი.

მოწმის სახით დაკითხული გ---–---- მ---------ის ჩვენებით დადგენილია, რომ ნ---- ღ-–-----ი მისი შვილია. 112-ში დარეკა იმიტომ, რომ შეკამათება მოხდა, თუმცა მისმა შვილმა იკითხა ძალადობის შემთხვევაში ვისთვის მიემართა. ყოფილ სიძესა და შვილს შორის იყო კამათი და აინტერესებდა სად უნდა მიემართა. რაზე იყო კამათი არ ახსოვს, კამათი ხშირი არ ყოფილა, არც ერთი ფაქტი არ ახსენდება. შვილის მიმართ მუქარას არ ჰქონია ადგილი. იყო ასე ნათქვამი „ისეთი რამე არ გამაკეთებინო, რომ ციხეში მომიწიოს წასვლაო“. არ ახსოვს უთხრა თუ არა ნ----მ, რომ მას შეეშინდა და არც ის არ ახსოვს ამ სიტყვების გამო დარეკა თუ არა ნ----მ 112-ში. მის შვილს მუქარის შესახებ არასდროს არ უთქვამს.

მხარეთა მიერ უდავოდ იქნა ცნობილი, 2018 წლის 09 დეკემბრის N2------ შეტყობინება, რომლის თანახმადაც ნ---- ღ-–-----ი დაუკავშირდა N 112-ის ოპერატორს და მიმართა კითხვით: აინტერესებდა ოჯახურ ძალადობასთან დაკავშირებით ვისთვის უნდა მიემართა, ახსენა მუქარა და იარაღის უკანონო ტარება. ახლა დახმარება არ სჭირდება, პოლიციის მისვლა არ სურს.

სააპელაციო პალატას ვ----– გ----------ის მიერ სიცოცხლის მოსპობის მუქარის განხორციელების ფაქტთან დაკავშირებით, მიაჩნია, რომ საქმეში არ მოიპოვება პირდაპირი მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადასტურდებოდა წარდგენილი ბრალდება.

პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება ჩადენილად ითვლება იმ შემთხვევაში თუ პირის მხრიდან ადგილი აქვს სიცოცხლის მოსპობის მუქარას, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ დაზარალებული ერთადერთი სუბიექტია, ვისაც შეუძლია სასამართლოს მიაწოდოს ინფორმაცია აღიქვა თუ არა მუქარა რეალურად და განიცადა თუ არა შიში, ვინაიდან მუქარის განხორციელების შიში, სუბიექტური აღქმაა. ხოლო ყველა სხვა პირის განმარტება, არის მხოლოდ ვარაუდი. მოცემულ შემთხვევაში კი დაზარალებულმა ნ---- ღ-–-----მა გამოიყენა მისთვის კანონით მინიჭებული უფლება და უარი განაცხადა ყოფილი მეუღლის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე. შესაბამისად, დაუდგენელია ამ ქმედებების შედეგად დაზარალებულმა განიცადეს თუ არა ფიზიკური ტკივილი და ან ტანჯვა და რეალურად აღიქვა თუ არა სხეულის დაზიანების მუქარა.

პალატა ასევე განსაკუთრებულ ყურადღებას მიაპყრობს იმას, რომ საქმეში წარმოდგენილია დანაშაულის შესახებ შეტყობინება და სხვა მასალები, რომლებშიც ასახულია დაზარალებულის მიერ მიწოდებული ინფორმაცია მის მიმართ განხორციელებული მუქარის შესახებ, თუმცა ამ ინფორმაციის პირველწყარომ ნ---- ღ-–-----მა სასამართლო სხდომაზე არ დაადასტურა ხსენებული ინფორმაციის რეალურობა.

ამდენად, სააპელაციო სასამართლოს აზრით ვ----– გ----------ის მიერ, ყოფილი მეუღლის - ნ---- ღ-–-----ის მიმართ, სიცოცხლის მოსპობის მუქარის დასადასტურებლად საქმეში არსებული მტკიცებულებები ვერ ჩაითვლება საკმარისად, მიუხედავად იმისა, რომ საქმეში არსებობს ხსენებულ მოწმეთა ჩვენებები, რომლების თანახმადაც ვ----– გ----------ის მიერ თითქოს განხორციელდა სიცოცხლის მოსპობის მუქარა, თუმცა ეს მტკიცებულებები ვერ ადასტურებენ წარდგენილ ბრალს და ისინი არ შეიძლება საფუძვლად დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს.

რაც შეეხება მოწმის სახით დაკითხული გ---–---- მ---------ის, ასევე პოლიციის თანამშრომლების: ს------ რ-----ის, პ----- გ--------–-ძის და უ-- ჩ-------ას ჩვენებებს, ისინი განმარტავენ დაზარალებულ ნ---- ღ-–-----ის მონათხრობს, ყოფილი მეუღლის ვ----– გ----------ის მხრიდან მის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტთან დაკავშირებით. შესაბამისად, აღნიშნულ მოწმეთა ჩვენებები ეხება და იმეორებს სხვის მონაყოლს. ამდენად, ყველა ეს ჩვენება თავისი შინაარსიდან გამომდინარე არის ირიბი. ირიბია ჩვენება, თუ ის ეფუძნება მეორად წყაროს და თავად მოწმე არ არის გარკვეული ფაქტის შემსწრე ან პირველადი წყარო. აღნიშნულ მოწმეებს საკუთარი თვალით არ დაუნახავათ ან სხვაგვარად არ აღუქვიათ (არ მოუსმენიათ) ვ----– გ----------ის მიერ განხორციელებული ქმედება. ამასთან, სასამართლო განმარტავს, რომ ზემოაღნიშნული ჩვენებების გარდა, საქმეში არ მოიპოვება სხვა მოწმის ჩვენება, რომლის მიერ სასამართლოსათვის მიცემული ინფორმაცია იქნებოდა ღირებული.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, „ირიბია მოწმის ის ჩვენება, რომელიც ეფუძნება სხვა პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას“. ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, „სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის დროს ირიბი ჩვენება დასაშვები მტკიცებულებაა, თუ ის დასტურდება სხვა ისეთი მტკიცებულებით რომელიც არ არის ირიბი ჩვენება“. ირიბი ჩვენება ეყრდნობა სხვა წყაროდან მოპოვებულ, როგორც წესი, მოდიფიცირებულ ინფორმაციას. ირიბი ჩვენებით დადგენილ ფაქტსა და ინფორმაციის წყაროს შორის არსებობს შუალედური რგოლი. რაც უფრო მეტი შუალედური რგოლი არსებობს წყაროსა და ჩვენების მიმცემ მოწმეს შორის, მით უფრო ნაკლებია მის მიერ მიცემული ჩვენების სარწმუნოობის ხარისხი და მტკიცებულებითი წონა.

გარდა ამისა, სასამართლო ირიბ ჩვენებასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი: ა) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს ამავე კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული მტკიცებულების -ირიბი ჩვენების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას; ბ) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 169-ე მუხლის პირველი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს ამავე კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული მტკიცებულების - ირიბი ჩვენების საფუძველზე პირის ბრალდებულად ცნობის შესაძლებლობას.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ირიბ ჩვენებას დასაშვებად თვლის, თუმცა, პრაქტიკის მიხედვით, არ შეიძლება განაჩენი დაეფუძნოს მხოლოდ ირიბ ჩვენებას. კერძოდ, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი და მე-3 პუნქტები შეიცავენ პრეზუმფციას სისხლის სამართალწარმოებაში ბრალდებულის მიმართ მხოლოდ ირიბი ჩვენების აკრძალვის თაობაზე. აღსანიშნავია, რომ ასეთი მტკიცებულების ამორიცხვა გამართლებულია მაშინაც, როდესაც ეს მტკიცებულება ეხმარება დაცვის მხარეს.

საყურადღებოა, რომ ამ მხრივ სტრასბურგის სასამართლომ შემდეგი მინიმალური სტანდარტი ჩამოაყალიბა. იმისთვის, რათა ირიბი ჩვენების გამოყენებამ არ გამოიწვიოს კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევა, შემდეგი ორი პირობა უნდა იქნეს დაცული: უნდა არსებობდეს მოწმის სასამართლოში არგამოცხადების მნიშვნელოვანი მიზეზი ან/და ირიბი ჩვენება არ უნდა წარმოადგენდეს განაჩენის არსებით ან ერთადერთ საფუძველს (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2011 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე “Al-Khawaja and Tahery v. The United Kingdom“, საჩივრები: N26766/05 და N22228/06 და გადაწყვეტილება საქმეზე „Horncastle and Others v. The United Kingdom“ საჩივარი: N4184/10). თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში სასამართლო აღნიშნული წესიდან გამონაკლისის დაშვების შესაძლებლობასაც არ გამორიცხავს, თუ ნეგატიური ფაქტორები, რომლებიც ირიბი ჩვენების გამოყენების შედეგად დაცვის მხარისთვის წარმოიშვება, სათანადოდ არის დაბალანსებული (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2011 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე“Al-Khawaja and Tahery v. the United Kingdom“,საჩივრები: N26766/05 და N22228/06).

საქართველოს კონსტიტუციის მე-31 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, გონივრულ ეჭვს მიღმა ეს არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ,,არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი“.

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს. სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 22 ნოემბრის განაჩენი კანონიერია და უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული, ხოლო ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორის ნ--- მ-------ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორის ნ--- მ-------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 22 ნოემბრის განაჩენი ვ----– გ----------ის მიმართ დარჩეს უცვლელად:

ვ----– გ----------ე ცნობილ იქნას უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

 

მსჯავრდებულ ვ----– გ----------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია და გირაოს შემტანს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით.

 

გამართლებულ ვ----– გ----------ეს განემარტოს მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ უფლების თაობაზე.

 

საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნივთიერი მტკიცებულება ვ----– გ----------ისაგან ამოღებული სასიგნალო პისტოლეტი, რომელიც ინახება შსს სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის ოზურგეთის რაიონულ სამმართველოში, დაუბრუნდეს გამართლებულ ვ----– გ----------ეს.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№6), გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

მოსამართლე /ხელმოწერილია/ თეიმურაზ სვანიძე