განაჩენი

სისხლის სამართლის 18.02.2020
საქმის ნომერი
330100119003192546
ინსტანცია
თარიღი
18.02.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100119003192546

საქმე №1ბ/2054-2019წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

18 თებერვალი, 2020 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე მზია ლომთათიძემ

 

ზაზა ჭანტურიძის მდივნობით,პროკურორ - ა----------–---–ის

ადვოკატ - ნ----------------ს

გამართლებულ - ი------–-----ის

თარჯიმან - მ-------------–--ის

მონაწილეობით,თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ ა----------–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე ზეპირი მოსმენით განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

 

ი------–-----ის მიმართ, დაბადებულის 1--- წლის 11 ნოემბერს, საქართველოს მოქალაქის, პირადი №0----------, ნასამართლევის, საშუალო განათლებით, განქორწინებულის, რეგისტრირებულის ქ. თბილისი, თ------------------------------–-----------–----------------------------ში, ფაქტობრივად მცხოვრების: ქ. თბილისი, თ------------------------------–-----------–------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111; 3811-ე მუხლის მე-3 ნაწილით.

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ი------–-----ეს ბრალი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა, არაერთგზის, ოჯახის წევრის მიმართ.

 

ი------–-----ის მიერ განხორციელებული ქმედება გამოიხატა შემდეგში:

 

2019 წლის 27 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილებით, ი------–-----ის მიმართ 6 თვის ვადით გამოიცა დამცავი ორდერი, რომლითაც მას აეკრძალა შვილთან - თ------–------სთან ან მის საცხოვრებელ ადგილთან მიახლოვება და მასთან კომუნიკაცია ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის ტელეფონის გამოყენებით. აღნიშნულის მიუხედავად, 2019 წლის 20 და 22 აგვისტოს ქ. თბილისში, თ------------------------------–-----------––-------ე კორპუსთან მყოფმა ი------–-----ემ, რომელიც დამცავი ორდერის მოთხოვნების შეუსრულებლობისთვის 2019 წლის 2 მაისის განაჩენით უკვე იყო ნასამართლევი, ტელეფონის ნომრით 595 3------- განახორციელა კომუნიკაცია თ------–------სთან, ტელეფონის ნომერზე 574 4-------. აღნიშნული ქმედებებით ი------–-----ემ არ შეასრულა დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები.

 

აღნიშნული ქმედებისათვის ი------–-----ეს წარედგინა ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111; 3811-ე მუხლის მე-3 ნაწილით.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 11 ნოემბრის განაჩენით ი------–-----ე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111; 3811-ე მუხლის მე-3 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ სასამართლო სხდომაზე ვერ იქნა წარდგენილი აშკარა, დამაჯერებელი და ერთმანეთთან შეთანხმებული საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ი------–-----ის მიერ მისთვის ბრალად წარდგენილი დანაშაულის ჩადენას.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ა----------–---–მა, რომელმაც მოითხოვა ი------–-----ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა და მისი დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111; 3811-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, შემდეგი საფუძვლებით:

აპელანტის განმარტებით, საქმის არსებითი განხილვის დროს დაიკითხა დაზარალებული თ------–------, რომელმაც განმარტა, რომ 2019 წლის 20 აგვისტოს მან დარეკა გამოტოვებულ ზარებში მისთვის უცხო ნომერზე, იცნო მამამისის ხმა და გაუთიშა ტელეფონი. 2019 წლის 22 აგვისტოს ისევ განხორციელდა ზარი იგივე ნომრიდან, რა დროსაც თ------–------მ იცნო მამამისის ნომერი და აღარ უპასუხა. მისივე განმარტებით, ი------–-----ეს ტელეფონში ჩაწერილი არ აქვს მისი ნომერი, რაც იმას ნიშნავს, რომ ზარის განხორციელებისათვის აუცილებელია ნომრის შეყვანა. დაცვის მხარის მიერ უდავოდ იქნა მიჩნეული მტკიცებულებები, მათ შორის მობილური ტელეფონის დათვალიერების ოქმები, ზარების ე. წ. სქრინშოთი, ამასთან, დაცვის მხარე თავადაც არ ხდის სადავოს ზარის განხორციელების ფაქტს. აპელანტის მითითებით, ბრალდებული ი------–-----ე პროცესის მიმდინარეობისას აცხადებდა, რომ მან პირველ ჯერზე ნამდვილად დარეკა შვილთან - თ------–------სთან, ვინაიდან სურდა ეთხოვა მისთვის საკვების ფული, თ------- არ უპასუხა ტელეფონზე, მოგვიანებით კი თვითონ დაზარალებულმა დაურეკა. დასკვნით სიტყვაში კი ი------–-----ემ მიუთითა, რომ 2019 წლის 22 აგვისტოს არ დაურეკავს თ------–-----ისთვის, არამედ ზარი თავისით გაეშვა, რადგან ტელეფონი არის გაუმართავი.

აპელანტმა მიიჩნია, რომ ბრალდების მხარემ სასამართლოში წარადგინა ურთიერთშეთავსებად და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს, რომ ი------–-----ემ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111; 3811-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული.

თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას სახელმწიფო ბრალმდებელმა მხარი დაუჭირა მის მიერ წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და ითხოვა მისი დაკმაყოფილება, ხოლო გამართლებულმა ი------–-----ემ და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ნ----------------მ მოითხოვეს გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.

სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები, გაანალიზა საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა და გასაჩივრებული განაჩენის კანონიერება, რის შედეგადაც მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა საკმარისი მტკიცებულებები, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაარწმუნებდა სააპელაციო პალატას ი------–-----ის მიერ დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობის ჩადენაში, კერძოდ:

 

აპელანტმა ი------–-----ის დამნაშავედ ცნობისათვის მთავარ მტკიცებულებად მიუთითა დაზარალებულ თ------–-----ის ჩვენება, რომლის თანახმად დასტურდება შემდეგი: თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილებით, დაზარალებულის მამის - ი------–-----ის მიმართ ექვსი თვის ვადით გამოიცა დამცავი ორდერი, რომლის თანახმადაც, მას აეკრძალა დაზარალებულთან, მის სახლთან მიახლოება, ასევე, ნებისმიერი საშუალებით კომუნიკაცია, მათ შორის ტელეფონის გამოყენებით. 2019 წლის 20 აგვისტოს, თავის მობილურ ტელეფონზე ნახა უცხო ნომრიდან შესული ზარი, რის გამოც დარეკა აღნიშნულ ნომერზე და უთხრა, რომ მისი ნომრიდან იყო ზარი შესული, რაზეც მამამისმა უპასუხა: „ხო, თ------, შენ ხარო?“. მან იცნო რა მამამისის ხმა, მაშინვე გაუთიშა ტელეფონი და აღნიშნულის შესახებ შეატყობინა გამომძიებელს. ამის შემდეგ, 2019 წლის 22 აგვისტოს, მის ნომერზე კვლავ შევიდა ზარი მამამისის ნომრიდან, თუმცა იცნო რა მამამისის ნომერი, არ უპასუხა სატელეფონო ზარს. დაზარალებულ თ------–-----ის განმარტებით, 2019 წლის 22 აგვისტოს ნამდვილად მამამისი რეკავდა თუ არა აღნიშნული ნომრიდან, ამის თქმა არ შეუძლია.

 

დაზარალებულის ჩვენებასთან მიმართებით მნიშვნელოვანია თავად ი------–-----ის პოზიცია, რომელმაც პირველი ინსტანციის სასამართლოში განმარტა, რომ 2019 წლის 20 აგვისტოს, კერძოდ, მწყობრიდან გამოსული მობილური ტელეფონი ჰქონდა ჯიბეში და როგორც ჩანს, ფიზიკური შეხების შედეგად, მისი ნებისაგან დამოუკიდებლად, ზარი გავიდა მისი შვილის ნომერზე, თუმცა რაიმე სახის კომუნიკაცია (საუბარი) მათ შორის არ შემდგარა, რადგან მის შვილს სატელეფონო ზარისთვის არ უპასუხია. ტელეფონიდან შემთხვევით გაშვებული ზარის შემდეგ, მისმა შვილმა თვითონ დაურეკა მას, რა დროსაც შედგა მათ შორის ხანმოკლე საუბარი - შვილის მიმართვა: „თქვენი ზარი იყო შემოსული“ და მისი პასუხი - „ხო, შვილო, თ------, შენ ხარ?“, რის შემდეგაც გაითიშა ტელეფონი. ამის შემდეგ, 2019 წლის 22 აგვისტოს, კვლავ შემთხვევით გაეშვა ზარი თ------–------სთან, თუმცა არც ამ შემთხვევაში შემდგარა მათ შორის რაიმე კომუნიკაცია - სატელეფონო საუბარი.

 

საქმეზე უდავო მტკიცებულებებადაა მიჩნეული 2019 წლის 20 და 22 აგვისტოს განხორციელებული ზარების ე. წ. სქრინშოთი, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილება, 2019 წლის 23 აგვისტოს დათვალიერების ოქმი, რომლის თანახმად, გამომძიებლის მიერ დათვალიერებულ იქნა ი------–-----ის მიერ წარდგენილი შავი ფერის „სამსუნგის“ ფირმის მობილური ტელეფონი, რომელიც არის მეორადი და შეინიშნება ცვეთა, ასევე, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 1 და 2 მაისის განაჩენები და 2019 წლის 18 სექტემბრის დათვალიერების ოქმი.

 

სხვა რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა ი------–-----ის ბრალეულობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111; 3811-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, ბრალდების მხარეს სასამართლოში არ წარმოუდგენია. საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა ამგვარი ერთობლიობის ფონზე, პალატა მოკლებულია სამართლებრივ შესაძლებლობას დასაბუთებულად იმსჯელოს ი------–-----ის მიერ დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობის ფაქტზე, რაც საქმეზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი არც ერთი მტკიცებულებით არაა დადასტურებული.

 

პალატა განმარტავს, რომ ი------–-----ის მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენა შესაძლებელია მხოლოდ პირდაპირი განზრახვით. შესაბამისად, პირს გაცნობიერებული უნდა ჰქონდეს აღნიშნული დანაშაულის ჩადენა. ბრალდებულის განმარტებით, მას დაზიანებული ტელეფონის გამო მისგან დამოუკიდებლად გაეშვა ზარი შვილის ნომერზე, ამასთან მათ შორის კომუნიკაცია არ შემდგარა. აპელანტის მითითება იმის თაობაზე, რომ ი------–-----ეს ტელეფონში არ ჰქონდა ჩაწერილი შვილის ნომერი და ზარის განხორციელებისას ნომრის შეყვანაა აუცილებელი, არ არის გამყარებული რაიმე არგუმენტით და ბრალდების მხარის ამგვარი მოსაზრება ვერ დაედება საფუძვლად გამამტყუნებელ განაჩენს. ამასთან, დაზარალებულის განმარტებით, მან არ იცის 2019 წლის 22 აგვისტოს უკვე ნაცნობი ნომრიდან ისევ ი------–-----ე რეკავდა თუ არა. 2019 წლის 20 აგვისტოს კი ი------–-----ის ზარზე თ------–------ს არ უპასუხია.

 

პალატა განმარტავს, რომ სამართლიანი სასამართლოს ფუნდამენტური უფლება, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს პირის მსჯავრდებას მხოლოდ უტყუარი, ერთმანეთთან შეჯერებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობის საფუძველზე, რომელიც გამამტყუნებელი განაჩენის დადგომისათვის უალტერნატივო საშუალებას წარმოადგენს და იმავდროულად, საკმარისობის თვალსაზრისით, გონივრულ ეჭვს მიღმა უნდა ადასტურებდეს პირის ბრალეულობას. შესაბამისად, სასამართლო ასკვნის, რომ მოცემულ საქმეში არ არსებობს საკმარისი ფაქტობრივი და მტკიცებულებითი საფუძველი გონივრულ ეჭვს მიღმა იმის დასადგენად, რომ ი------–-----ემ განახორციელა დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა. პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის მოსაზრებას, რომ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისია ი------–-----ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.

 

პალატა აღნიშნავს, რომ „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსამართლე ფაქტობრივ გარემოებებს აფასებს და გადაწყვეტილებებს იღებს მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის, საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებისა და ნორმების, სხვა კანონების შესაბამისად და თავისი შინაგანი რწმენის საფუძველზე. მოცემულ შემთხვევაში კი, საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები პალატას არასაკმარისად მიაჩნია ი------–-----ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.

 

პალატა განმარტავს, რომ ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს, რომელმაც აღნიშნული ბრალდების დამტკიცება უნდა შეძლოს უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე. აქედან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ აკმაყოფილებს კანონმდებლის მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დაწესებულ, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ მაღალ სამართლებრივ სტანდარტს, რაც სასამართლოს დაარწმუნებდა ი------–-----ის დამნაშავეობაში. სახელმწიფო ბრალმდებლის პოზიცია იმის შესახებ, რომ ზემოაღნიშნული მტკიცებულებებით დასტურდება ი------–-----ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა, წარმოადგენს ამ მტკიცებულებების ანალიზის შედეგად წარმოქმნილ ვარაუდს, რაც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საფუძვლად ვერ დაედება გამამტყუნებელ განაჩენს.

 

საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ აღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - ”ინ დუბიო პრო რეო”, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. კონსტიტუციის დასახელებული დანაწესიდან გამომდინარე, მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს სასამართლოს, სათანადოდ შეაფასოს მტკიცებულებები, სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული წინააღმდეგობები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ყოველი პირი, რომელსაც ბრალად ედება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა, ითვლება უდანაშაულოდ, ვიდრე მისი ბრალეულობა არ დამტკიცდება კანონის შესაბამისად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მტკიცების სტანდარტად განიხილავს „გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს“ და განმარტავს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი აკისრია თავად ბრალმდებელს. იმავე კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. იგივე შინაარსის მატარებელია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის მიხედვით, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი ი------–-----ის ბრალეულობის დასადგენად და, შესაბამისად, მისი დამნაშავედ ცნობისათვის, ვინაიდან, ვერ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ ა----------–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 11 ნოემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი.

ი------–-----ე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111;3811-ე მუხლის მე-3 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.

 

ი------–-----ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 27 აგვისტოს განჩინებით გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა, გაუქმებულია.

 

ი------–-----ეს განემარტოს, რომ უფლება აქვს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი წესით მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაშია და ექვემდებარება აღსრულებას სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მ. ლომთათიძე