განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 12.06.2018
საქმის ნომერი
330310016001369933
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
დავები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის თაობაზე, დავები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე
თარიღი
12.06.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330310016001369933

საქმე N3ბ/2027-17

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

12 ივნისი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლო

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

მოსამართლე – მარიამ ცისკაძე

 

სხდომის მდივანი - რუსუდან ანდრიაშვილი

 

აპელანტი (მოპასუხე) - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - მ-----–ა ხ-------–---–ი

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ნაწილობრივ ბათილად ცნობა, ახალი აქტის გამოცემის დავალება

 

სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა

 

1. სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილებით მ-----–ა ხ-------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2-------–-------------- მიღებული გადაწყვეტილება; მოპასუხე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას დაევალა საქმის არსებითი გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი გადაწყვეტილების მიღება.

 

2. პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.1. მ-----–ა ხ-------–---–მა 25.08.2015წ. განცხადებით მიმართა ქალაქ თბილისის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას და მოითხოვა ქალაქ თბილისში, ა-–---------- წ-------–ის ქუჩა N--ის მიმდებარედ 1------ კვ.მ. მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება. განცხადებასთან ერთად კომისიას წარედგინა მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი, მიწის ნაკვეთის სიტუაციური ნახაზი, ორთოფოტო, ფოტოები და ინფორმაცია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან.

 

2.2. საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართვის საფუძველზე სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა ქალაქგეგმარებითი თვალსაზრისით განიხილა ქალაქ თბილისი, ა-–---------- წ-------–ის ქუჩა N--ის მიმდებარედ 1------ კვ.მ მიწის ნაკვეთის კანონმდებლობით დადგენილი წესით საკუთრების უფლების აღიარების საკითხი და კომისიას 02.03.2016წ. წერილით აცნობა, რომ მითითებული მიწის ნაკვეთი დედაქალაქის პერსპექტიული განვითარების გენერალური გეგმის მიხედვით მოქცეული იყო სარეკრიაციო (რზ-2) ზონაში.

 

2.3. ქალაქ თბილისის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 28.03.2016წ. გადაწყვეტილებით (ოქმი №492) მ-----–ა ხ-------–---–ის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. განმცხადებელს განემარტა, რომ მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე განთავსებული იყო ხის დროებითი შენობა-ნაგებობა, რომელზედაც საკუთრების უფლების აღიარება ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას.

 

2.4. ტექნიკური აღრიცხვის მონაცემებით, ქალაქ თბილისში, ა-–---------- წ-------–ის ქუჩა N--ის მიმდებარედ 1------ კვ.მ. მიწის ნაკვეთი აღრიცხული არ არის.(ს.ფ. 25-26).

 

2.5. ნოტარიულად დამოწმებული 16.07.2015წ. თანხმობის თანახმად, ქალაქ თბილისში, ა-–---------- წ-------–ის ქუჩა N--ის მიმდებარედ 1------ კვ.მ. მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ მცხოვრები დ----- გ---------, თ----- ბ--------–---–ი და ნ-----–ი ჭ----------–ი ადასტურებენ, რომ მ-----–ა ხ-------–---–ი 1990 წლიდან ფლობს და სარგებლობს ქალაქ თბილისში, ა-–---------- წ-------–ის ქუჩა N--ის მიმდებარედ 1------ კვ.მ. მიწის ნაკვეთს, რომელზეც დგას შენობა-ნაგებობა და ტერიტორია შემოღობილია ღობით.

 

2.6. 2005 წლის ორთოფოტოდან ირკვევა, რომ იმ დროისათვის მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე დგას შენობა. წარმოდგენილი ფოტოებით ასევე დასტურდება, რომ მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე დგას ხის შენობა, ნაკვეთი შემოღობილია და მასზე გაშენებულია ხეხილი.

 

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ძირითადად დასაბუთებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32–ე, 34–ე მუხლებით, ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ" საქართველოს კანონის მე-2 მუხლით.

 

3.1. პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, საქმის განხილვის შედეგად დადგინდა, რომ ქალაქ თბილისში, ა-–---------- წ-------–ის ქუჩა N--ის მიმდებარედ 1------ კვ.მ მიწის ნაკვეთის ფლობის დასადასტურებლად მ-----–ა ხ-------–---–მა კომისიას წარუდგინა: სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 17.07.2015წ. №--------------- გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით ქალაქი თბილისი, ა-–---------- წ-------–ის ქუჩა N--ის მიმდებარედ საკუთრება აღრიცხული არ არის (ს.ფ. 26); მიწის ნაკვეთის 2005 წლის ორთოფოტო, რომელშიც ჩანს მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა (ს.ფ. 27); მოწმეთა ჩვენება, რომლითაც დასტურდება, რომ მ-----–ა ხ-------–---–ი 1990 წლიდან ფლობდა სადავო მიწის ნაკვეთს (ს.ფ. 83-84); ფოტოსურათები, რომლითაც დასტურდება სადავო მიწის ნაკვეთზე შენობის არსებობა.

 

3.2. მ-----–ა ხ-------–---–ს სადავო მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უარი ეთქვა იმ მოტივით, რომ შენობა, რომელიც მიწის ნაკვეთზე იყო განთავსებული, ხის დროებით ნაგებობას წარმოადგენდა და კანონმდებლობის მიხედვით აღიარებას არ ექვემდებარებოდა.

 

3.3. პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, გადაწყვეტილება ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იქნეს მიღებული საქმის ყველა გარემოების გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე. მოცემულ შემთხვევაში კომისიის მიერ ყურადღება იქნა გამახვილებული მხოლოდ ერთ-ერთ ფაქტობრივ გარემოებაზე და მთლიანობაში არ არის გამოკვლეული ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნებს აკმაყოფილებს თუ არა მ-----–ა ხ-------–---–ის განცხადება საკუთრების უფლების აღიარებაზე.

 

3.4. ამდენად, სასამართლოს მოსაზრებით, საკითხი ხელახლა უნდა განიხილოს კომისიამ და თუ, მოსარჩელის განცხადება ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნებს არ ეწინააღმდეგება, კომისიამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება მ-----–ა ხ-------–---–ის სახელზე მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ.

 

4. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის წარმომადგენელმა, რომელმაც მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა; წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი ეფუძნება შემდეგ მოტივებს:

 

4.1. სააპელაციო საჩივარში მითითებულია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული, სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა საქმის ფაქტობრივ გარემოებებს.

 

4.2. აპელანტი დადგენილად მიიჩნევს, რომ ქალაქ თბილისის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას 2015 წლის 25 აგვისტოს განცხადებით მიმართა მ-----–ა ხ-------–---–მა და მოითხოვა ქ. თბილისში, ა-–---------- წ-------–ის ქ.N--ის მიმდებარედ 1------ კვ.მ. მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება.

 

4.3. ქალაქ თბილისის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 28.03.2016წ. გადაწყვეტილებით (N492 ოქმი) მ-----–ა ხ-------–---–ის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. განმცხადებელს განემარტა, რომ მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე განთავსებული იყო ხის დროებითი შენობა-ნაგებობა, რომელზედაც საკუთრების უფლების აღიარება ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას.

 

4.4. აპელანტი მიუთითებს ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად ,,თვითნებურად დაკავებული მიწა - ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობა ამ მის გარეშე), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე, ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში ან დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული, გარდა ამ მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა“.

 

4.5. სააპელაციო საჩივრის თანახმად, ზემოაღნიშნული კანონის მე-2 თავით მოწესრიგებულია მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების წესი, კერძოდ, მე-5 პრიმა მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ განცხადების განხილვის საფუძველია დაინტერესებული პირის მიერ წერილობითი განცხადების წარდგენა კომისიაში, ხოლო ამავე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის დასადასტურებლად დაინტერესებულმა პირმა უნდა წარადგინოს: ა) მიწის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტი ან/და მოწმის ჩვენება; ბ) მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი; გ) ინფორმაცია საკუთრების უფლების აღიარების საფასურის ოდენობის დასადგენად; დ) დაინტერესებული პირის საიდენტიფიკაციო დოკუმენტების ასლები.

 

4.6. მითითებული კანონის მე-5 პრიმა მუხლის მე-2 პუნქტით და იმ დროს მოქმედი საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბრის N525 ბრძანებულებით დამტკიცებული ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესით“ დადგენილ იქნა, რომ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის განხილვისას გათვალისწინებული უნდა იქნეს მოთხოვნის შესაბამისობა სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის პირობებთან და მიწის განკარგვის სტრატეგიულ გეგმასთან (რომლის განსაზღვრის შემთხვევაში კოლეგიური უფლებამოსილების ფარგლებში კომისიამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების ან საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ). თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ საკითხის განხილვისას მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო სარგებლობს ფართო დისკრეციით.

 

4.7. აპელანტის განმარტებით, ზემოაღნიშნული მუხლების დეფინიციიდან გამომდინარე, იმისათვის, რომ პირმა დაამტკიცოს მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავების ფაქტი, ვალდებულია დაადასტუროს, რომ მართალია სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, მაგრამ ის ფლობს და სარგებლობს ამ მიწის ნაკვეთით, ანუ უკანონოდაა დაუფლებული მიწას და ახორციელებს მასზე ფაქტობრივ ბატონობას, სწორედ აღნიშნულმა გარემოებამ განაპირობა ის, რომ ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბრის N525 ბრძანებულების მე-2 მუხლის “ე” პუნქტმა მიწის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტში მოიაზრა ცნობა-დახასიათება უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე, სასამართლოს აქტი, ორთოფოტო (აეროფოტოგადაღება), აბონენტად აყვანის დოკუმენტი, გადახდის ქვითარი ან/და სხვა დოკუმენტები. ცალსახაა, რომ მითითებული ნორმის საფუძველზე ბრძანებულება ითხოვს შესაბამისი დოკუმენტის წარმოდგენას, რომელიც იქნება უდავო დასტური იმისა, რომ პირი ნამდვილად დაუფლებულია მიწის ნაკვეთს, ფლობს და სარგებლობს ამ მიწის ნაკვეთით. შესაბამისად, დაუშვებელია ლეგალიზაციას დაექვემდებაროს ის მიწის ნაკვეთები, რომლის დაკანონებაზე პრეტენზიას აცხადებს პირი, მაგრამ ვერ ადასტურებს ამ ნივთზე ბატონობის ფაქტს. აღნიშნულიდან გამომდინარე მოსარჩელემ ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა წარუდგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია, რომლითაც შეიძლება დადასტურდეს, რომ ის ფაქტობრივად სარგებლობს და ფლობს თვითნებურად დაკავებული ფართით. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი ისეთი მტკიცებულებები, რომელიც უტყუარად დაადასტურებდა აღნიშნულს და კომისიას გაუჩენდა შინაგან რწმენას იმის თაობაზე, რომ იგი ფლობდა და სარგებლობდა მოთხოვნილი მიწის ნაკვეთით.

 

4.8. სააპელაციო საჩივრის თანახმად, თბილისის საქალაქო სასამართლომ სადავო გადაწყვეტილების 3.1. პუნქტით სსიპ-ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 02.03.2016წ. წერილის საფუძველზე დადგენილად მიიჩნია, რომ ქ. თბილისში, ა-–---------- წ-------–ის ქუჩა N--ის მიმდებარედ 1------ კვ.მ მიწის ნაკვეთი, დედაქალაქის პერსპექტიული განვითარების გენერალური გეგმის მიხედვით მოქცეული იყო სარეკრიაციო (რზ-2) ზონაში. თუმცა მიუხედავად ამისა, სადავო გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლომ არ გაითვალისწინა აღნიშნული გარემოება, რომელიც პირდაპირ გამორიცხავს საკუთრების უფლების აღიარებას მოსარჩელის მიერ მოთხოვილ მიწის ნაკვეთზე.

 

4.9. ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მეორე ნაწილის "ე" პუნქტის მიხედვით: "საკუთრების უფლების აღიარებას არ ექვემდებარება თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების შემდეგი მიწა: ე) რეკრეაციული დანიშნულების პარკი, ტყე-პარკი, სკვერი და სხვა ტერიტორია. სააპელაციო საჩივრის თანახმად, გასაჩივრებული გდაწყვეტილების 6.2. პუნქტით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სადავო მიწის ნაკვეთზე განთავსებულია შენობა-ნაგებობა. სასამართლო განმარტავს, რომ შენობა-ნაგებობის სიმყარე შეიძლება ბადებდეს კომისიის ეჭვს, რომ შენობა ახალი აგებულია. თუმცა, შენობა ჩანს 2005 წლის ორთოფოტოზე, რომლითაც მტკიცდება, რომ იგი 2007 წლამდე არის აშენებული. ამდენად, სასამართლო აღნიშნულის საფუძველზე ასკვნის, რომ სადავო მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა-ნაგებობა არ არის დოებითი ნაგებობა, რომელიც საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის საკმარის საფუძველს წარმოადგენს.

 

4.10. „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ" საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ვ" პუნქტის თანახმად, „შენობა – სამშენებლო მასალებისა და ნაკეთობებისგან შექმნილი კონსტრუქციული სისტემა, რომელიც გრუნტთან უძრავად არის დაკავშირებული, ქმნის გადახურულ სივრცეს და შემოსაზღვრულია კედლებით, კოლონებით ან/და სხვა შემომზღუდავი კონსტრუქციებით, გარდა დროებითი შენობისა," ხოლო იმავე მუხლის „ზ" ქვეპუნქტის თანახმად, „დროებითი შენობა – ანაკრები ელემენტებისაგან შედგენილი, ასაწყობ-დასაშლელი ან/და მობილური სისტემა, რომელიც მიწასთან დაკავშირებულია საკუთარი წონით ან/და მშრალი არამონოლითური ჩამაგრებით და რომელსაც არ გააჩნია მიწისქვეშა სათავსები."

 

4.11. სააპელაციო საჩივრის თანახმად, აღნიშნული ნორმის საფუძველზე შესაძლებელია დასკვნის გაკეთება, რომ თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი მხოლოდ მაშინ ექვემდებარება პირის საკუთრებად აღიარებას, თუ მასზე (ხსენებული კანონის ამოქმედებამდე) განთავსებულია საცოვრებელი შენობა აშენებული ან დანგრეული. შესაბამისად, აპელანტი თვლის, სასამართლო ვალდებული იყო ემსჯელა აღნიშნულ საკითხზე და შეეფასებინა შენობის მდგომარეობა, რომელიც სპეციალური ცოდნის გარეშეც შეიძლებოდა მიეჩნია დროებით ნაგებობად, რაც გამორიცხავდა მ-----–ა ხ-------–---–ის სარჩელის დაკმაყოფილებას. სააპელაციო საჩივრის თანახმად, დასახელებული ნორმებიდან გამომდინარე განმცხადებელს, რომელიც ითხოვს მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებას, მასზე უნდა არსებობდეს კაპიტალური შენობა-ნაგებობა, აშენებული ან დანგრეული. დაინტერესებულ პირს კანონის აღნიშნული პირობის არსებობის შემთხვევაში შეუძლია შემდგომი პროცედურების დაცვით მოითხოვოს საკუთრების უფლების აღიარება კონკრეტულ მიწის ნაკვეთზე. დაინტერესებულმა პირმა არამხოლოდ უნდა დაამტკიცოს მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავების ფაქტი, მისი ფლობა და სარგებლობა, არამედ უნდა არსებობდეს კანონით გათვალისწინებული წინაპირობაც, რაც გულისხმობს სადავო მიწის ნაკვეთზე კაპიტალური შენობა-ნაგებობის ან მისი ნანგრევების არსებობას. ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ ადგილზე დათვალიერებით დაადგინა, რომ სადავო მიწის ნაკვეთზე განთავსებულია ხის დროებითი ნაგებობა. სწორედ აღნიშნულმა გარემოებამ განაპირობა კომისიის მიერ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღება.

 

4.12. სააპელაციო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში კომისიის მიერ ყურადღება იქნა გამახვილებული მხოლოდ ერთ-ერთ ფაქტობრივ გარემოებაზე და მთლიანობაში არ არის გამოკვლეული ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნებს აკმაყოფილებს თუ არა მ-----–ა ხ-------–---–ის განცხადება საკუთრების უფლების აღიარებაზე.

 

4.13. აპელანტი არ ეთანხმება სასამართლოს აღნიშნულ მსჯელობას და მიუთითებს, რომ იმ პირობებში როიდესაც არსებობს მოსარჩელის მიერ მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის 2 (ორი) საფუძველი (სადავო მიწის ნაკვეთზე განთავსებულია დროებითი ნაგებობა და მიწის ნაკვეთი მოქცეულია სარეკრიაციო (რზ-2) ზონაში), სასამართლოს აღნიშნული არგუმენტი საფუძველს მოკლებულია. შესაბამისად, გაუგებარია სასამართლოს მითითება დამატებით რა გარემოება უნდა გამოიკვლიოს კომისიამ ახალი გადაწყვეტილების მიღებისას, მაშინ როდესაც საქმეში არსებული მტკიცებულებებით ცალსახად დგინდება სადავო მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების წინააღმდეგობა მოქმედ კანონთან.

 

4.14. აღნიშნულთან დაკავშირებით აპელანტი ყურადღებას ამახვილებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 14 ივლისს (საქმე Nბს-311-307) განჩინებაზე (გვ. 9-10), რომლითაც საკასაციო პალატამ განმარტა, რომ „სასკ-ის 32.4 მუხლით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც სამართალწარმოების ფარგლებში ვერ ხერხდება სადავო ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება, რაც თავის მხრივ შეუძლებელს ხდის სადავო ადმინისტრაციული აქტების კანონიერებაზე მსჯელობას. რაც შეეხება დადგენილი გარემოებების სამართლებრივი შეფასების საჭიროებას, აღნიშნული ასევე არ ქმნის სასკ-ის 32.4 მუხლის გამოყენების საფუძვლებს, აღნიშნული გარემოებების სამართლებრივი შეფასება თავად სასამართლომ უნდა მოახდინოს".

 

4.15. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილება არის დაუსაბუთებელი, სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა საქმის ფაქტობრივ გარემოებებს და შესაბამისად სახეზეა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-394-ე მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლები.

 

5. სააპელაციო პალატის მიერ სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

სააპელაციო პალატა სააპელაციო საჩივრის მოტივების შემოწმების, საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობა-კანონიერების შეფასების შედეგად თვლის, რომ სააპელაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

5.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

5.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს იმავე კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

5.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

 

5.4. სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალურ პასუხისგაცემად(იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

 

6. სააპელაციო პალატა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების მიზნით ყურადღებას ამახვილებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებების შესახებ:

 

6.1. მ-----–ა ხ-------–---–მა 25.08.2015წ. განცხადებით მიმართა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას და მოითხოვა ქალაქ თბილისში, ა-–---------- წ-------–ის ქუჩა N--ის მიმდებარედ 1------ კვ.მ. მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება. განცხადებასთან ერთად კომისიას წარედგინა მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი, მიწის ნაკვეთის სიტუაციური ნახაზი, ორთოფოტო, ფოტოები და ინფორმაცია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან.

 

6.2. საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართვის საფუძველზე სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა ქალაქგეგმარებითი თვალსაზრისით განიხილა ქალაქ თბილისი, ა-–---------- წ-------–ის ქუჩა N--ის მიმდებარედ 1------ კვ.მ მიწის ნაკვეთის კანონმდებლობით დადგენილი წესით საკუთრების უფლების აღიარების საკითხი და კომისიას 02.03.2016წ. წერილით აცნობა, რომ მითითებული მიწის ნაკვეთი დედაქალაქის პერსპექტიული განვითარების გენერალური გეგმის მიხედვით მოქცეული იყო სარეკრიაციო (რზ-2) ზონაში (ტ.I. ს.ფ. 86).

 

6.3. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 28.03.2016წ. გადაწყვეტილებით (ოქმი №492) მ-----–ა ხ-------–---–ის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. განმცხადებელს განემარტა, რომ მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე განთავსებული იყო ხის დროებითი შენობა-ნაგებობა, რომელზედაც საკუთრების უფლების აღიარება ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას. (ტ. I., ს.ფ. 15-19);

 

6.4. ტექნიკური აღრიცხვის მონაცემებით, ქალაქ თბილისში, ა-–---------- წ-------–ის ქუჩა N--ის მიმდებარედ 1------ კვ.მ. მიწის ნაკვეთი აღრიცხული არ არის.(ტ. I, ს.ფ. 25-26).

 

6.5. ნოტარიულად დამოწმებული 16.07.2015წ. თანხმობის თანახმად, ქალაქ თბილისში, ა-–---------- წ-------–ის ქუჩა N--ის მიმდებარედ 1------ კვ.მ. მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ მცხოვრები დ----- გ---------, თ----- ბ--------–---–ი და ნ-----–ი ჭ----------–ი ადასტურებენ, რომ მ-----–ა ხ-------–---–ი 1990 წლიდან ფლობს და სარგებლობს ქალაქ თბილისში, ა-–---------- წ-------–ის ქუჩა N--ის მიმდებარედ 1------ კვ.მ. მიწის ნაკვეთს, რომელზეც დგას შენობა-ნაგებობა და ტერიტორია შემოღობილია ღობით.(ტ. I, ს.ფ. 83-84).

 

6.6. 2005 წლის ორთოფოტოდან ირკვევა, რომ იმ დროისათვის მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე დგას შენობა. წარმოდგენილი ფოტოებით ასევე დასტურდება, რომ მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე დგას ხის შენობა, ნაკვეთი შემოღობილია და მასზე გაშენებულია ხეხილი.(ტ. I, ს.ფ. 27, 29-31, 85, 88-107).

 

7.1. სააპელაციო პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებას, რომ ქალაქ თბილისში, ა-–---------- წ-------–ის ქუჩა N--ის მიმდებარედ 1------ კვ.მ მიწის ნაკვეთის ფლობის დასადასტურებლად მ-----–ა ხ-------–---–მა კომისიას წარუდგინა: სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 17.07.2015წ. №--------------- გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით ქალაქი თბილისი, ა-–---------- წ-------–ის ქუჩა N--ის მიმდებარედ საკუთრება აღრიცხული არ არის (ს.ფ. 26); მიწის ნაკვეთის 2005 წლის ორთოფოტო, რომელშიც ჩანს მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა (ს.ფ. 27); მოწმეთა ჩვენება, რომლითაც დასტურდება, რომ მ-----–ა ხ-------–---–ი 1990 წლიდან ფლობდა სადავო მიწის ნაკვეთს (ს.ფ. 83-84); ფოტოსურათები, რომლითაც დასტურდება სადავო მიწის ნაკვეთზე შენობის არსებობა.

 

7.2. სააპელაციო პალატა ასევე იზიარებს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მითითებას, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილება ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იქნეს მიღებული საქმის ყველა გარემოების გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე. სააპელაციო პალატა აღნიშნავს მოცემულ შემთხვევაში კომისიის მიერ ყურადღება იქნა გამახვილებული მხოლოდ ერთ-ერთ ფაქტობრივ გარემოებაზე და მთლიანობაში არ არის გამოკვლეული ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნებს აკმაყოფილებს თუ არა მ-----–ა ხ-------–---–ის განცხადება საკუთრების უფლების აღიარებაზე.

 

სააპელაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმის შესახებ, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 28.03.2016წ. გადაწყვეტილებით (ოქმი №492) მ-----–ა ხ-------–---–ის მოთხოვნა არ იქნა უარყოფილი იმ საფუძვლით, რომ მითითებული მიწის ნაკვეთი დედაქალაქის პერსპექტიული განვითარების გენერალური გეგმის მიხედვით მოქცეული იყო სარეკრიაციო (რზ-2) ზონაში.

 

7.3. სააპელაციო პალატა თვლის, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად აღნიშნა, რომ მოცემული საკითხი ხელახლა უნდა განიხილოს კომისიამ და თუ, მოსარჩელის განცხადება ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნებს აღნიშნული საკითხის განხილვის მომენტისათვის არ ეწინააღმდეგება, კომისიამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება მ-----–ა ხ-------–---–ის სახელზე მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ.

 

8.1. სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ" საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,გ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, თვითნებურად დაკავებულ მიწას წარმოადგენს - ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე, ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. პალატა მიუთითებს, რომ აღნიშნული კანონით მოწესრიგებულია წესი, რომელიც წარმოადგენს მართლზომიერ მფლობელობაში ან/და თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების წინაპირობას, რაც უპირველესად გულისხმობს დაინტერესებული პირის მიერ უფლების აღიარების თაობაზე მოთხოვნის წარდგენას უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოში.

 

8.2. ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა განმარტავს, რომ („ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონის მე-2 მუხლის ,,ვ“ ქვეპუნქტის მიხედვით შენობას წარმოადგენს სამშენებლო მასალებისა და ნაკეთობებისგან შექმნილი კონსტრუქციული სისტემა, რომელიც გრუნტთან უძრავად არის დაკავშირებული, ქმნის გადახურულ სივრცეს და შემოსაზღვრულია კედლებით, კოლონებით ან/და სხვა შემომზღუდავი კონსტრუქციებით, გარდა დროებითი შენობისა, ხოლო ,,ზ“ ქვეპუნქტის მიხედვით დროებითი შენობა არის ანაკრები ელემენტებისაგან შედგენილი, ასაწყობ-ასაშლელი ან/და მობილური სისტემა, რომელიც მიწასთან დაკავშირებულია საკუთარი წონით ან/და მშრალი არამონოლითური ჩამაგრებით და რომელსაც არ გააჩნია მიწისქვეშა სათავსები.

 

8.3. სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილით, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება. რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლით განსაზღვრულია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საქმის გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევის ვალდებულება, კერძოდ, ამ მუხლის პირველ ნაწილში მითითებულია ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ხოლო იმავე მუხლის მეორე ნაწილში კი აღნიშნულია, დაუშვებელია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. იმავე კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქმის გარემოებებიდან გამომდინარე ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია: გამოითხოვოს დოკუმენტები; შეაგროვოს ცნობები; მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს; დაათვალიეროს მოვლენის ან შემთხვევის ადგილი, დანიშნოს ექსპერტიზა; გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები; მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევისა და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს.

 

9.1. სააპელაციო პალატა მოცემულ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ყოველმხრივ და ერთობლობაში შემოწმება-შეფასების შედეგად თვლის, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ განხორციელებულა საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევა, არ არის შეფასებულა საქმეში არსებული მტკიცებულებები, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ დადგენილა სადავო მიწის ნაკვეთზე არსებული შენობის ტიპი და შესაბამისი მტკიცებულებებით, მათ შორის ექსპერტიზის დასკვნით არ დადასტურებულა, რომ სადავო ნაკვეთზე გათავსებული შენობა დროებითია, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც საქმეში წარმოდგენილი ორთოფოტოთი დასტურდება, რომ შენობა 2007 წლამდე არის აშენებული და მოსარჩელე მხარის განმარტებით შენობას ხის მხოლოდ კედლები გააჩნია, რაც არ ქმნის იმ დასკვნის გაკეთების საფუძველს, რომ შენობა დროებითია.

 

9.2. ყოველივე ზემოაღნიშნულის გამო სააპელაციო პალატას მიაჩნია, ადმინისტრაციული წარმოება არ ჩატარებულა კანონით დადგენილი წესით და მიღებულ იქნა დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება, რაც სადავო აქტის ბათილად ცნობის საფუძველია.

 

9.3. სააპელაციო პალატა თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად არსებობს სადავო საკითხის გადაუწყვეტლად გასაჩივრებული აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები და თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას, როგორც თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის უფლებამონაცვლეს, უნდა დაევალოს ადმინისტრაციული წარმოების ხელახლა ჩატარება, რომლის ფარგლებშიც უნდა დაადგინოს მ-----–ა ხ-------–---–თან მიმართებით არსებობს თუ არა ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად სადავო მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების წინაპირობები.

 

9.4. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მოცემული დავის გადაწყვეტისას არ დაურღვევია კანონი, რის გამოც არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძვლები.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. არ დაკმაყოფილდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის სააპელაციო საჩივარი;

 

2. უცვლელი დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილება;

 

3. სააპელაციო სასამართლოს განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32), დასაბუთებული განჩინების მხარეთათვის გადაცემიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა).

 

მოსამართლე: მარიამ ცისკაძე