განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3ბ/1795-18, 330310018002290790
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
28 სექტემბერი 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე - მარიამ ცისკაძე
სხდომის მდივანი - მაკა ბუიღლიშვილი
აპელანტი (მოსარჩელე) - ტ------– ნ----–------ე
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
დავის საგანი - თანხის დაკისრება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 14 მაისის გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 14 მაისის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
1. სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:
1.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 14 მაისის გადაწყვეტილებით ტ------– ნ----–------ის სარჩელი საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის მის სასარგებლოდ 1998-1999-2000 წლებში წარმოშობილი სახელფასო დავალიანების 1146,47 ლარის გადახდის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
2.1. პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ იქნა, რომ ტ------– ნ----–------ის მიმართ, საქართველოს თავდაცვის სამინისტროში ირიცხება ხელზე მისაღები სახელფასო დავალიანება 1146.47 ლარის ოდენობით. მოსარჩელე ტ------– ნ----–------ემ 2017 წლის 26 ივნისს განცხადებით მიმართა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და ითხოვა მისთვის მიუღებელი ფულადი სარგოს თაობაზე ცნობის გაცემა. (ტ.1. ს.ფ. 14, 77).
3. მოცემული დავის გადასაწყვეტად პირველი ინსტანციის სასამართლომ გამოიყენა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2, 24-ე მუხლები, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 57-ე, 1341 -ე მუხლები და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე, 129-ე მუხლის, 130-ე, 144-ე მუხლები.
3.1. პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, საქმის მასალებით დადგენილია და სადავოდ არ გამხდარა ის გარემოება, რომ მოსარჩელე შრომით-სამართლებრივ ურთიერთობაში იმყოფებოდა ადმინისტრაციულ ორგანოსთან, შესაბამისად ის წარმოადგენდა საჯარო მოხელეს და შრომით-სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებისას გამოყენებულ უნდა იქნეს საქართველოს კანონი ,,საჯარო სამსახურის შესახებ“.
3.2. პირველი ინსტანციის სასამართლომ აღნიშნა, მოცემულ შემთხვევაში ტ------– ნ----–------ის მიერ სასამართლოში სარჩელი აღძრულია დასახელებული მუხლის საფუძველზე და მოითხოვს მოპასუხეს დაევალოს მის სასარგებლოდ 1998-1999-2000 წლების მიუღებელი სახელფასო დავალიანების ანაზღაურებას, რაც შეადგენს 1146.47 ლარს.
3.3. სასამართლომ აღნიშნა, რომ 2017 წლის 1 ივლისამდე მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 1341 მუხლის თანახმად, საჯარო მოსამსახურეთა მიმართ 2005 წლამდე წარმოშობილი სახელფასო დავალიანების ანაზღაურების ვალდებულება აღიარებული იყო კანონით. შესაბამისად, აღნიშნული საკანონმდებლო დანაწესით სახელმწიფო ცალსახად განსაზღვრავდა საჯარო მოსამსახურეთა უფლებას მიუღებელ ხელფასზე და ვინაიდან კანონმდებელმა შემოიტანა სპეციალური საკანონმდებლო რეგულაცია, ამ ტიპის მოთხოვნებზე ზოგადი სახის ნორმების გამოყენება დაუშვებელი იყო.
3.4. ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მითითებით, ამასთან, ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ 2017 წლის 1 ივლისს ამოქმედებული კანონი აღარ ითვალისწინებს აღნიშნული დანაწესს და შესაბამისად აღნიშნული რეგულაცია აღარ არსებობს.
3.5. პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელემ 2017 წლის 26 ივნისს განცხადებით მიმართა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და ითხოვა მისთვის მიუღებელი ფულადი სარგოს თაობაზე ცნობის გაცემა. შესაბამისად მოსარჩელე ტ------– ნ----–------ემ არ მოითხოვა კუთვნილი ხელფასის ანაზღაურება.
3.6. სასამართლომ დამატებით განმარტა ასევე, რომ მოსარჩელე მხარის მიერ არ იქნა წარმოდგენილი ისეთი სახის მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ ტ------– ნ----–------ეს მიმართული ჰქონდა მოპასუხე მხარისათვის 2017 წლის 1 ივლისამდე, მიუღებელი სახელფასო დავალიანების ანაზღაურების მოთხოვნით. ტ------– ნ----–------ემ 1998-1999-2000 წლების სახელფასო დავალიანების ანაზღაურებასთან დაკავშირებით მისი უფლების რეალიზაცია არ განახორციელა 2017 წლის 1 ივლისამდე შესაბამისად, მის მიმართ უნდა გავრცელდეს 2017 წლის 1 ივლისის შემდეგ მოქმედი ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის დებულებები.
3.7. სასამართლოს მითითებით, ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 57-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მოხელეს უფლება აქვს, სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან გათავისუფლების დღემდე მიიღოს შრომითი გასამრჯელო. ხოლო, მე-3 ნაწილი მიუთითებს, რომ მოხელის შრომითი გასამრჯელო მოიცავს თანამდებობრივ სარგოს და ამ კანონით გათვალისწინებულ დანამატს.
3.8. ამასთან, სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილზე, რომლის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. იმავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის საერთო ვადა შეადგენს ათ წელს. იმავე კოდექსის 129-ე მუხლის შესაბამისად, პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულების ხანდაზმულობის ვადა სამი წელია.
3.9. ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ აღნიშნა, მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელემ მოითხოვა მიუღებელ ხელფასი 1998-1999-2000 წლების პერიოდზე. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო მოთხოვნის წარმოშობის მომენტს უკავშირებს დროს, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. ამდენად, მოსარჩელის მიმართ ხელფასის პრემიისა და დანამატის ნაწილში უნდა გავრცელდეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი ხანდაზმულობის ათწლიანი ვადა, აღნიშნული ვადა კი ათვლილი უნდა იქნეს სასამართლოში სარჩელის წარდგენის თარიღიდან უკუსვლით, მიუხედავად იმისა, თუ როდის იქნა დათხოვილი პირი სამსახურიდან.
3.10. პირველი ინსტანციის სასამართლომ ჩათვალა, მოცემულ შემთხვევაში გასულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი ხანდაზმულობის ვადა. სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის მიხედვით, ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქმეში არსებული მტკიცებულებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მოსარჩელე ტ------– ნ----–------ის სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმულია, შესაბამისად მოსარჩელეს უარი უნდა ეთქვას მის დაკმაყოფილებაზე.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 14 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ტ------– ნ----–------ემ და მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 14 მაისის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება; ტ------– ნ----–------ის სააპელაციო საჩივარი ეფუძნება შემდეგ საფუძვლებს:
4.1. სააპელაციო საჩივარში მითითებულია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების თანახმად, 2017 წლის 1 ივლისამდე მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 134 პრიმა მუხლის თანახმად, საჯარო მოსამსახურეთა მიმართ 2005 წლამდე წარმოშობილი სახელფასო დავალიანების ანაზღაურების ვალდებულება აღიარებული იყო კანონით. შესაბამისად, აღნიშნული საკანონმდებლო დანაწესით სახელმწიფო ცალსახად განსაზღვრავდა საჯარო მოსამსახურეთა უფლებას მიუღებელ ხელფასზე და ვინაიდან კანონმდებელმა შემოიტანა სპეციალური საკანონმდებლო რეგულაცია, ამ ტიპის მოთხოვნებზე ზოგადი სახის ნორმების გამოყენება დაუშვებელი იყო. ამასთან, ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ 2017 წლის 1 ივლისს ამოქმედებული კანონი აღარ ითვალისწინებს აღნიშნული დანაწესს და შესაბამისად აღნიშნული რეგულაცია აღარ არსებობს.
4.2. თბილისის საქალაქო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილზე, რომლის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. იმავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის საერთო ვადა შეადგენს ათ წელს. მითითებული კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე ითხოვს მიუღებელ ხელფასს 1998-1999-2000 წლების პერიოდზე.
4.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო მოთხოვნის წარმოშობის მომენტს უკავშირებს დროს, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. ამრიგად, თბილისის საქალაქო სასამართლოს მივიდა დასკვნამდე, რომ გასულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი ხანდაზმულობის ვადა. აპელანტი განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს უნდა გამოეყენებინა სადავო ურთიერთობის დროს მომწესრიგებელი ნორმები და არა სარჩელის შეტანის დროს არსებული საკანონმდებლო რეგულაცია. ამდენად, სააპელაციო საჩივრის ავტორის მითითებით არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ფაქტობრივი და სამართლებრივი წინაპირობები.
5. სააპელაციო პალატის მიერ სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის მოტივები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი, შეაფასა სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნია, რომ ტ------– ნ----–------ის სააპელაციო საჩვარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
5.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
5.2. საქართვლოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
6. სააპელაციო პალატა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის მოტოვების შემოწმების მიზნით ყურადღებას ამახვილებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებების შესახებ:
6.1. ტ------– ნ----–------ე შრომით-სამართლებრივ ურთიერთობაში იმყოფებოდა ადმინისტრაციულ ორგანოსთან, შესაბამისად ის წარმოადგენდა საჯარო მოხელეს და შრომით-სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებისას გამოყენებულ უნდა იქნეს საქართველოს კანონი ,,საჯარო სამსახურის შესახებ“.
6.2. ტ------– ნ----–------ის მიმართ, საქართველოს თავდაცვის სამინისტროში ირიცხება ხელზე მისაღები სახელფასო დავალიანება 1146.47 ლარის ოდენობით. მოსარჩელე ტ------– ნ----–------ემ 2017 წლის 26 ივნისს განცხადებით მიმართა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და ითხოვა მისთვის მიუღებელი ფულადი სარგოს თაობაზე ცნობის გაცემა. (ტ.1. ს.ფ. 14, 77).
7.1. სააპელაციო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციით დაცულია მოქალაქეთა შრომითი უფლებები და გარანტირებულია შრომის სამართლიანი ანაზღაურება. შესრულებული სამუშაოსათვის მუშაკმა უნდა მიიღოს შრომის შესაბამისი ანაზღაურება და აღნიშნული, დამსაქმებლის კანონისმიერ ვალდებულებას წარმოადგენს.
7.2. სააპელაციო პალატა მოცემულ შემთხვევაში მიუთითებს ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 23-ე მუხლის მე-3 პუნქტზე, რომლის თანახმად აღიარებულია, რომ ყოველ მუშაკს აქვს უფლება იღებდეს სამართლიან და დამაკმაყოფილებელ გასამრჯელოს, რომელიც უზრუნველყოფს ღირსეულ ადამიანურ არსებობას თვითონ მისთვის და მისი ოჯახისათვის და რომელსაც, როცა აუცილებელია, ემატება სოციალური უზრუნველყოფის სხვა სახსრები.
7.3. დასახელებული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მუშაკის სახელფასო და კანონით გათვალისწინებული სხვა სოციალური გარანტიების დავალიანების ანაზღაურება იმ ორგანოს კანონით გათვალისწინებული ვალდებულებაა, რომელთანაც იგი შრომით ურთიერთობაში იმყოფებოდა.
8.1. სააპელაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს საქმეში წარმოდგენილ საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის მე-2 ქვეითი ბრიგადის ბუღალტრული აღრიცხვის სამსახურის უფროსის მიერ 2017 წლის 04 ივლისს გაცემულ N------------------- ცნობაზე, რომლის თანახმად ტ------– ნ----–------ე მსახურობდა ყოფილ 21-ბრიგადაში და მისი სახელფასო დავალიანება დარიცხული და ხელზე გასაცემი თანხა მუხლობრივად შეადგენს 1998 წელი - ხელფასი: 168,32, ხელზე 153,56 ლარი, კვების კომპენსაცია: დარიცხული 236,00 - ხელზე- 188,80; 1999 წელი - ხელფასი: 252,72, ხელზე 213,98 ლარი, კვების კომპენსაცია: დარიცხული -354,00 , ხელზე 284,97 ლარი, პრემია: დარიცხული 160,48, ხელზე 136,01 ლარი; 2000 წელი - ხელფასი: დარიცხული 84,24, ხელზე 72,98 ლარი, კვების კომპენსაცია: დარიცხული 118,00, ხელზე 96,17 ლარი; სულ დარიცხული 1373,76 ლარი, ხელზე 1146,47 ლარი. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, აღნიშნული ცნობის შინაარსი პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ 2017 წლის 04 ივლისის მდგომარეობით საქართველოს თავდაცვის სამინისტრო არ უარყოფს ტ------– ნ----–------ის წინაშე ფულადი ვალდებულების არსებობას.
8.2. სააპელაციო პალატა დამატებით ყურადღებას ამახვილებს საქმეში წარმოდგენილ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ ავთანდილ სუხაშვილის მიმართ 2018 წლის 12 თებერვალს გაცემულ N------------------ ცნობაზე, რომლის მეორე აბზაცის თანახმად, ვინაიდან წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანების დასაფარად საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან შესაბამისი ასიგნებები არ იქნა გამოყოფილი, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მოკლებულია შესაძლებლობას დააკმაყოფილოს განმცხადებლის თხოვნა. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, აღნიშნული ცნობის შინაარსი პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ 2018 წლის 12 თებერვლის მდგომარეობით საქართველოს თავდაცვის სამინისტრო არ უარყოფს ტ------– ნ----–------ის წინაშე ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობას.
8.3 სააპელაციო პალატის მოსაზრებით, ყოველივე ზემოაღნიშნული წარმოადგენს მოპასუხის მხრიდან ტ------– ნ----–------ის მიმართ არსებული ფულადი დავალიანების ერთგვარ აღიარებას და შეუსრულებლობის ისეთ მიზეზზე მითითებას, რომელიც მხოლოდ საქართველოს თავდაცვის სამინისტროზე არ არის დამოკიდებული. ამიტომ სააპელაციო პალატის მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში გამოყენებული უნდა იქნას საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილები; ამ მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, თუ ვალდებულმა პირმა მოვალეობა შეასრულა ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ, მას არა აქვს უფლება მოითხოვოს შესრულებულის დაბრუნება, თუნდაც მოვალეობის შესრულების მომენტში მას არ სცოდნოდა, რომ ხანდაზმულობის ვადა გასული იყო; იმავე მუხლის მე-3 ნაწილში კი აღნიშნულია, იგივე წესი გამოიყენება ვალდებული პირის აღიარებისა და უზრუნველყოფის საშუალებათა მიმართაც.
8.4. სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროზე ბიუჯეტით გამოყოფილ ასიგნებებში წინა წლებში წარმოქმნილი სახელფასო დავალიანებების დაფარვისათვის საჭირო თანხების გაუთვალისწინებლობა არ შეიძლება გამხდარიყო მოსარჩელისათვის სახელფასო დავალიანების ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველი; ვინაიდან მოსარჩელე მუშაობდა რა მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოში, წარმოადგენდა საჯარო მოსამსახურეს, რის გამოც მისთვის სახელფასო დავალიანების გაუცემლობა წარმოადგენს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა უხეშ დარღვევას.
9.1. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ პუნქტის მიხედვით გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძველია.
9.2. სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, როდესაც არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძვლები (სსსკ-ის 394-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევები), სააპელაციო სასამართლოს შეუძლია არ გადააგზავნოს საქმე უკან და თვითონ გადაწყვიტოს იგი.
9.3. ამიტომ სააპელაციო პალატა თვლის, რომ უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 14 მაისის გადაწყვეტილება და მოპასუხე - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უნდა დაეკისროს მოსარჩელე ტ------– ნ----–------ის სასარგებლოდ 1998-1999-2000 წლების მიუღებელი სახელფასო დავალიანების ანაზღაურება 1146 ლარისა და 47 თეთრის ოდენობით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. დაკმაყოფილდეს ტ------– ნ----–------ის სააპელაციო საჩივარი.
2. გაუქმდეს მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 14 მაისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება.
3. დაკმაყოფილდეს ტ------– ნ----–------ის სარჩელი.
4. დაევალოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ტ------– ნ----–------ის სასარგებლოდ 1146.47 ლარის ანაზღაურება.
5. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში.
მოსამართლე მარიამ ცისკაძე