განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210018002585455
საქმე №2ბ/5250-19
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
30 იანვარი, 2020 წელი თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე - მიხეილ გოგიშვილი
მოსამართლეები - დიანა ბერეკაშვილი, ოთარ სიჭინავა
სხდომის მდივანი – ნატო გოგიშვილი
აპელანტი - თ------ კ--------ა
(მხარდამჭერი) - ვ-------- კ--------ა
წარმომადგენელი - ი--- ნ------ე
მოწინააღმდეგე მხარე - სს „მ------საფინანსო ორგანიზაცია მ------ ბ------ კ-------–ი“
წარმომადგენელი - კონსტანტინე ნადარაია
მოწინააღმდეგე მხარე - მ--- კ-------ა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 08 მაისის გადაწყვეტილება
დავის საგანი – ჯანმრთელობის დაზიანების გამო მიყენებული მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება, სარჩოს დაკისრება
აპელანტის მოთხოვნა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
აღწერილობითი ნაწილი
1. 2015 წლის 10 ოქტომბერს, ქ. თბილისში, რუსთაველის გამზირზე, მ--- კ-------ა ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფი მართავდა ავტომანქანა „მ---------ს“, რაც დროსაც ვერ უზრუნველყო ავტომანქანის უსაფრთხო მართვა და შეეჯახა მიწისქვეშა გადასასვლელის ბეტონის კედელს, რის შედეგადაც მგზავრმა 1993 წლის 31 ოქტომბერს დაბადებულმა თ------ კ--------ამ მიიღო ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება.
2. მოსარჩელე ავტოსაგზაო შემთხვევის ადგილიდან მიიყვანეს შპს „მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრში“. ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის თანახმად, პაციენტის დიაგნოზია: პოლიტრავმა, ქალა-ტვინის დახურული ტრავმა, თ/ტ დაჟეჟილობა. ინტრაკრანიალური ჰიპეტენზია. სახის ძვლების მრ. მოტეხილობა. გულმკერდის დახურული ტრავმა. ორმხრივი ჰემოთორაქსი, მარცხენამხრივი პნევმოთორაქსი. მარჯვნივ მე-2 ნეკნის მოტეხილობა. მუცლის დახურული ტრავმა. ღვიძლის დაზიანებით. გულსისხლძარღვთა და სუნთქვის უკმარისობა. პოსტრეანიმაციული დაავადება. ლაპარატომიის, ჰეპატორაფიის, ორივე პლევრის ღრუს დრენირების, სახის ძვლების ოსტეოსინთეზის და ტრაქეოსტომიის შ.პ.
ზემოაღნიშნული ცნობის მოკლე ანამნეზში მითითებულია, რომ დაიწყო რეანიმაციული ღონისძიებები, პაციენტი გადაიყვანეს მართვით სუნთქვაზე. მუცლის ღრუს ექოსკოპიურმა გამოკვლევამ აჩვენა მუცლის ღრუში დიდი რაოდენობით სითხე. პაციენტი საჭიროებდა გადაუდებელ ოპერაციულ ჩარევას. ჩატარდა ქირურგის, თორაკოქირურგის, ყბა-სახის ქირურგის, ტრავმატოლოგის კონსულტაცია, ინსტრუმენტულ-ლაბორატორიული გამოკვლევები: სისხლის საერთო ანალიზი, სისხლის ჯ.გ და რზ კოაგულაგრამა, ელექტროლიტები, სეროლოგიური კვლევა, მ/დ-ს ექოსკოპიური გამოკვლევა, თავის, კისრის, გულმკერდის, მუცლის CT- გამოკვლევა, გულმკერდის რენდგენოსკოპია. პაციენტისათვის ჩატარებული მკურნალობა: ზოგადი ანესთეზიის ქვეშ გაკეთდა ოპერაცია: ლაპაროტომია. მუცლის ღრუს რევიზია, ჰეპათორაფია, მუცლის ღრუს სანაცია, დრენირება. პოსროპერაციულად პაციენტი მოთავსდა რეანიმაციულ განყოფილებაში. იმყოფებოდა კომატოზურ მდგომარეობაში. მართვით სუნთქვაზე ტრაქეოსტომიური მილის საშუალებით. ჰემოდინამიკა არასტაბილური. უტარდებოდა ინფუზიური, ტრანსფუზიური, ანტიბაქტერიული, ანტიკონვულსიური, რესპირატორული, ანტოკოაგულაციური, ჰეპატო და გასტროპროტექტორული, სპეციფიური თერაპია. ჰემოდინამიკის სტაბილიზაცია ვაზოპრასორებით. 12.10.2015 - ორივე პლევრის ღრუს დრენირება, თორაკოცენტეზი/ 12.11.2015 პაციენტი გადავიდა ქირურგიულ დეპარტამენტში. გაგრძელდა მეთვალყურეობა, მკურნალობა ნევროლოგის დანიშნულებით.
3. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, მიღებული ქალა-ტვინის ორგანული დაზიანებიდან მოსარჩელეს განუვითარდა დემენცია. პოსტტრავმული ენცეფალოპათია, ინტელექტუალური, მნესტიური და ქცევითი დარღვევები. მინიჭებული აქვს მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი უვადოდ.
4. თ------ კ--------ამ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას და მოპასუხეების მ--- კ-------ას და სს „მ------საფინანსო ორგანიზაცია მ------ ბ------ კ-------–ის“ მიმართ მოითხოვა სოლიდარულად მატერიალური ზიანის ასანაზღაურებლად 18 876.34 ლარის გადახდის დაკისრება, სარჩოს სახით 17 000 ლარის გადახდის დაკისრება და სარჩოს სახით სარჩელის შეტანიდან 2018 წლის 10 აგვისტოდან ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებამდე, ყოველთვიურად 500 ლარის გადახდის დაკისრება.
4.1. სარჩელის საფუძვლები:
მოსარჩელის განმარტებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 29 სექტემბრის განაჩენით მ--- კ-------ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-4 და მე-8 ნაწილებით, გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის. განაჩენით დადგენილია, რომ 2015 წლის 10 ოქტომბერს, ქ. თბილისში, რუსთაველის გამზირზე მ--- კ-------ა ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მართავდა ავტომანქანა მ---------ს, რა დროსაც ვერ უზრუნველყო ავტომანქანის უსაფრთხო მართვა და შეეჯახა მიწისქვეშა გადასასვლელის ბეტონის კედელს, რის შედეგადაც თ------ კ--------ამ მიიღო ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება, კერძოდ, ქალა-ტვინის ტრავმა, თავის ტვინის დაჟეჟილობა. დაზიანებების შედეგად, მას აღენიშნება პოსტტრამვული ენცეფალოპათია III სტადია, ინტელექტუალური, მნესტიური და ქცევითი დარღვევები. აღენიშნება შრომითი საქმიანობის, ურთიერთობის უნარის მეორე ხარისხის შეზღუდვა. დაზიანებების შედეგად, დამძიმდა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, სამედიცინო შემოწმების საფუძველზე, გამოვლინდა მისი შესაძლებლობის შეზღუდვის მეორე ჯგუფიდან პირველ ჯგუფზე გადასვლა. ამ ეტაპზე სჭირდება მუდმივი მედიკამენტოზური მკურნალობა, საჭიროებს რეაბილიტაციას, იმყოფება აღრიცხვაზე ნარკომანიისა და პრევენციის ეროვნულ ცენტრში, მოსარჩელეს დაუდგინდა მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი. ავტოსატრანსპორტო საშუალება, მ--------- ბენც ჩ 230, საგზაო შემთხვევის დროისათვის, რეგისტრირებული იყო მ------საფინანსო ორგანიზაცია „მ------ ბ------ კ-------–ის“ სახელზე. 2017 წლის 16 მაისს მესაკუთრემ ავტომანქანა მოხსნა რეგისტრაციიდან. თ------ კ--------ა ჯანმრთელობის დაზიანებამდე იყო შრომისუნარიანი, მუშაობდა კაფე „მ------– ე-------ში“ მიმტანად. მისი სახელფასო ანაზღაურება შეადგენდა 500 ლარს. ჯანმრთელობის დაზიანების გამო, მედიკამენტებსა და მკურნალობაზე გაღებული ხარჯების ოდენობა შეადგენს 3242.023 ლარს. ოპერაციისა და სხვა ხარჯების ნაწილი 14 920 ლარი ანაზღაურებულია მოსარჩელის ოჯახის მიერ. 2016 წელს მედიკამენტების შესაძენად გადახდილია 490 ლარი. 2017 წლის 02 აგვისტოს მედიკამენტების ხარჯებიდან მოსარჩელის დედის მიერ გადახდილია 224.317 ლარი. თ------ კ--------ას მიყენებული დაზიანების შედეგად მიადგა სახის წარუშლელი დაზიანება, რამაც სრულად შეცვალა მისი გარეგნობა, სახე თითქმის სრულად პროთეზირებულია, აგებულია მეტალო ფირფიტებზე. მან მიიღო მძიმე დაზიანებები, რამაც გამოიწვია მისი ტანჯვა და ფიზიკური ტკივილები, მიღებული დაზიანებების შედეგად მიიღო მყარი ინტელექტურალური დარღვევა, რის გამოც განიცდის მძიმე სულიერ ტანჯვას.
5. მოპასუხის შესაგებელი:
5.1. მოპასუხე სს „მ------საფინანსო ორგანიზაცია მ------ ბ------ კ-------–ის“ წარმომადგენელმა წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით არ ცნო სარჩელის მოთხოვნა. 2013 წლის 30 ოქტომბერს სს მ------ საფინანსო ორგანიზაცია „მ------ ბ------ კ-------–ს, ავტომანქანის მესაკუთრე კ-------–- მ----–--ესა და ავტომანქანის მოსარგებლე ვ-–- ჯ--------ს შორის გაფორმდა ავტო სესხის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, კ-------–- მ----–--ეს განესაზღვრა კრედიტის მაქსიმალური თანხა 1500 აშშ დოლარის ოდენობით. სესხის უზრუნველსაყოფად დაგირავდა კ-------–- მ----–--ის კუთვნილი ავტომობილი MERCEDES-BENC C----- KOMPRESSOP, გამოშვების წელი - 1997, სახელმწიფო ნომერი K-----, ტიპი - ფერი: კუპე, რუხი 1/8, WIN კოდი: WDB2083471FO11243. სესხის ხელშეკრულების მე-3 მუხლის 3.3. პუნქტის თანახმად, გამსესხებელმა ხელშეკრულების მოქმედების ვადით, ხელწერილის საფუძველზე, მფლობელობასა და სარგებლობაში გადასცა ავტოსატრანპორტო საშუალება მოსარგებლე ვ-–- ჯ--------ს. აღნიშნული სასესხო ვალდებულება მოვალე კ-------–- მ----–--ემ დაფარა 2015 წლის 22 ივნისს, რის საფუძველზეც სს მ------საფინანსო ორგანიზაცია „მ------ ბ------ კ-------–ის“ მიერ 2015 წლის 22 ივნისს გაიცა მინდობილობა, რომლითაც კ-------–- მ----–--ეს მიანიჭა ავტოსატრანსპორტო საშუალების საკუთრების უფლებით რეგისტრაციის უფლებამოსილება. მინდობილობა მას ჩაბარდა 2015 წლის 22 მაისს. აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, მოპასუხის წარმომადგენელი მიუთითებს, რომ სატრანპორტო საშუალება, რომელსაც მართავდა მ--- კ-------ა არ წარმოადგენს მ------საფინანსო ორგანიზაციის საკუთრებას, ეს ავტომანქანა წარმოადგენდა კ-------–- მ----–--ესთან გაფორმებული სესხის ხელშეკრულების უზრუნველყოფის საგანს, რომელიც ვალდებულების სრულად დაფარვის შემდეგ დაუბრუნდა მესაკუთრეს. მოპასუხე მ--- კ-------ამ წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით არ ცნო სარჩელის მოთხოვნა. მოპასუხე სადავოდ ხდის მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ოდენობით ხარჯის გაწევის ფაქტს.
6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 08 მაისის გადაწყვეტილებით თ------ კ--------ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. დაეკისრა მოპასუხე მ--- კ-------ას მოსარჩელე თ------ კ--------ას სასარგებლოდ მატერიალური ზიანის ასანაზღაურებლად 18 876.34 ლარის გადახდა, დაეკისრა მოპასუხე მ--- კ-------ას მოსარჩელე თ------ კ--------ას სასარგებლოდ 17 000 ლარის გადახდა. დაეკისრა მოპასუხე მ--- კ-------ას მოსარჩელე თ------ კ--------ას სასარგებლოდ სარჩელის შეტანიდან 2018 წლის 10 აგვისტოდან ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებამდე, ყოველთვიურად 500 ლარის გადახდა. დაეკისრა მოპასუხე მ--- კ-------ას მოსარჩელე თ------ კ--------ას სასარგებლოდ მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 5000 ლარის გადახდა. სარჩელის მოთხოვნა სს მ------საფინანსო ორგანიზაცია "მ------ ბ------ კ-------–ის" ნაწილში არ დაკმაყოფილდა. (იხ.გადაწყვეტილება)
7. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 08 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა თ------ კ--------ას წარმომადგენელმა. აპელანტის განმარტებით:
7.1. სს „მ------საფინანსო ორგანიზაციასთან“ მიმართებაში თავდაპირველად მოთხოვნილი იქნა პასუხისმგებლობა სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, თუმცა სასამართლო პროცესზე მოპასუხის მიერ წარმოდგენილი ხელშეკრულებით, მინდობილობით, ახსნა-განმარტებით გამოიკვეთა, რომ მ------საფინანსო ორგანიზაცია წარმოადგენს ავტომანქანის მესაკუთრეს, რომლის ბრალეული მოქმედებით (უმოქმედობით) მ--- კ-------ა აღმოჩნდა ავტომანქანის საჭესთან, რაც წარმოადგენს სამოქალაქო კოდექსის 999-ე მუხლის მე-4 ნაწილის პირველი წინადადებით განსაზღვრულ ქმედებას. მ------საფინანსო ორგანიზაცია, რომელსაც საკუთრებაში აქვს მომეტებული საფრთხის წყარო, ხელშეკრულების დასრულების შემდეგ მხოლოდ სამი დღის ვადით გასცემს მინდობილობას, რაც არ იქნა გამოყენებული გარდაცვლილი კ-------–- მ----–--ის მიერ, ხოლო ხელშეკრულებით განსაზღვრული იყო, მხარის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მესაკუთრე (გამსესხებელი) უფლებამოსილი იყო მოეთხოვა მანქანის გადაცემა ან თავად განეხორციელებინა მანქანის რეგისტრაციის მოხსნა, აღნიშნული მოქმედებების განუხორციელებლობა უქმნის ვარაუდის საფუძველს, რომ მ------საფინანსო ორგანიზაციასთან კვლავ იყო განახლებული ხელშეკრულება ან უპასუხისმგებლო უმოქმედობით არ მოხსნა ავტომანქანა რეგისტრაციიდან და არ გადასცა შესაბამის პირს. მ------საფინანსო ორგანიზაცია არის ბ------ სუბიექტი, რომელსაც მომეტებული პასუხისმგებლობა გააჩნია ფიზიკურ პირთან შედარებით. მ------საფინანსო ორგანიზაციის უმოქმედობა გახდა საფუძველი იმისა, რომ ავტომანქანა აღმოჩენილიყო მ--- კ-------ასთან. აღნიშნულის გამო მიაჩნია, რომ პასუხისმგებლობა მ--- კ-------ასთან ერთად უნდა დაეკისროს სოლიდარულად სს საფინანსო ორგანიზაცია მ------ ბ------ კ-------–ს.
7.2. აპელანტის განმარტებით, თ------ კ--------ას მიერ გადატანილ ტკივილთან სრულად შეუსაბამოა დაკისრებული მორალური ზიანის სახით 5000 ლარის განსაზღვრა. მართალია მორალური ზიანის ანაზღაურების ზუსტი წესი და ოდენობა კანონმდებლობით განსაზღვრული არ არის, თუმცა სასამართლოს მიერ მითითებული ზიანის ოდენობა არ არის შესაბამისობაში დადგენილ პრაქტიკასთან და არც მოსარჩელის გადატანილ სულიერ და ფიზიკურ ტანჯვასთან.
სამოტივაციო ნაწილი
8. სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეისწავლა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება და დასაბუთებულობა, მოისმინა მხარეთა მოსაზრებები და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს. შესაბამისად, ძალაში უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 08 მაისის გადაწყვეტილება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯ. საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30).
9. პალატა იზიარებს და ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებს სადავო ფაქტობრივი გარემოებების დადგენისა და მოსარჩელის მოთხოვნის ნაწილობრივ დაკმაყოფილების მატერიალურ-სამართლებრივ წინაპირობებთან დაკავშირებით და აპელანტის მოთხოვნის, სოლიდარულ პასუხისმგებელ პირად სს „მ------საფინანსო ორგანიზაცია მ------ ბ------ კ-------–ის“ მიჩნევასთან დაკავშირებით დადგენილად მიიჩნევს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
9.1. 2013 წლის 30 ოქტომბერს სს მ------ საფინანსო ორგანიზაცია „მ------ ბ------ კ-------–ს, ავტომანქანის მესაკუთრე კ-------–- მ----–--ესა და ავტომანქანის მოსარგებლე ვ-–- ჯ--------ს შორის გაფორმდა ავტო სესხის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, კ-------–- მ----–--ეს განესაზღვრა კრედიტის მაქსიმალური თანხა 1500 აშშ დოლარის ოდენობით. სესხის ხელშეკრულების მე-3 მუხლის 3.1. პუნქტის მიხედვით, აღნიშნული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად მსესხებელი (ან/და მესაკუთრე) ვალდებულებების სრულად შესრულებამდე ვადით გამსესხებელს საკუთრებაში გადასცემს (გადაუფორმებს) მის საკუთრებაში არსებულ მოძრავ ნივთს - ავტოსატრანსპორტო საშუალებას, MERCEDES-BENC C----- KOMPRESSOP, გამოშვების წელი - 1997, სახელმწიფო ნომერი K-----, ტიპი - ფერი: კუპე, რუხი 1/8, WIN კოდი: WDB2083471FO11243.
9.2. სესხის ხელშეკრულების გაფორმების დღესვე, 2013 წლის 30 ოქტომბერს ზემოაღნიშნული სატრანსპორტო საშუალება დარეგისტრირდა სს მ------საფინანსო ორგანიზაცია „მ------ ბ------ კ-------–ის“ სახელზე. 2013 წლის 30 ოქტომბერს ვ-–- ჯ--------სა და სს მ------საფინანსო ორგანიზაცია „მ------ ბ------ კ-------–ს“ შორის გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტი, ავტოსატრანსპორტო საშუალების გადაცემის შესახებ, რომლითაც ვ-–- ჯ--------ს სარგებლობაში/მფლობელობაში გადაეცა -ავტოსატრანსპორტო საშუალებას, MERCEDES-BENC C----- KOMPRESSOP, გამოშვების წელი - 1997, სახელმწიფო ნომერი K-----, ტიპი - ფერი: კუპე, რუხი 1/8, WIN კოდი: WDB2083471FO11243. 2013 წლის 30 ოქტომბრის ხელშეკრულების 3.9. პუნქტის თანახმად მსესხებელი(ან/და მოსარგებლე) ვალდებულია აანაზღაუროს ნებისმიერი ზიანი (მიუხედავად იმისა თავად ფლობდა სატრანსპორტო საშუალებას თუ სხვა პირისათვის ჰქონდა გადაცემული), მიყენებული - ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე, ასევე ავტოსატრანსპორტო საშუალებების მართვისას (ექსპლუატაციისას) სხვა (მესამე) პირებზე.
9.3. 2014 წლის 16 აგვისტოს იმავე მხარეებს შორის გაფორმდა ავტო სესხის ხელშეკრულება, რომლის მე-3 მუხლის მიხედვით, აღნიშნული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად მსესხებელი (ან/და მესაკუთრე) ვალდებულებების სრულად შესრულებამდე ვადით გამსესხებელს საკუთრებაში გადასცემს (გადაუფორმებს) მის საკუთრებაში არსებულ მოძრავ ნივთს - ავტოსატრანსპორტო საშუალებას, MERCEDES-BENC C----- KOMPRESSOP.
9.4. სასესხო ვალდებულება მოვალის მიერ დაფარული იქნა 2015 წლის 22 ივნისს, რის საფუძველზეც 2015 წლის 22 ივნისს მ------საფინანსო ორგანიზაციის უფლებამოსილმა პირმა, მინდობილობით კ-------–- მ----–--ეს მიანიჭა ზემოაღნიშნული სატრანპორტო საშუალების თავის სახელზე საკუთრებაში აღრიცხვის უფლებამოსილება. მინდობილობის თანახმად, წინამდებარე დოკუმენტი არ მოქმედებს და კ-------–- მ----–--ეს არა აქვს უფლება თავის საკუთრებაში გაიფორმოს ავტოსატრანსპორტო საშუალება იმ შემთხვევაში, თუ გადაფორმების მომენტისათვის მ------საფინანსო ორგანიზაციის სახელზე ზემოაღნიშნულ ავტოსატრანსპორტო საშუალებასთან დაკავშირებით ირიცხება რაიმე ჯარიმა ან საურავი, რომლის გადახდის ვადა არ გასულა, ან რომელიც ვადაგადაცილებულია კ-------–- მ----–--ე უფლებამოსილია თავისი სახელით და ხარჯით გადაიხადოს ხსენებული თანხები და მხოლოდ ამის შემდეგ გადაიფორმოს ავტოსატრანსპორტო საშუალება.
9.5. ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა 2015 წლის 10 ოქტომბერს ე.ი. იმ დროს, როდესაც კ-------–- მ----–--ის მიერ დავალიანება დაფარული იყო, თუმცა მის მიერ ზემოაღნიშნული მინდობილობის საფუძველზე სატრანპორტო საშუალების თავის სახელზე საკუთრებაში აღრიცხვა არ მომხდარა.
ამდენად, პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომლის ექსპლუატაციის შედეგად ზიანი მიადგა მოსარჩელის/აპელანტის ჯანმრთელობას, არ წარმოადგენს სს მ------საფინანსო ორგანიზაცია „მ------ ბ------ კ-------–ის“ საკუთრებას და რეალურად ეს ავტომანქანა წარმოადგენდა კ-------–- მ----–--ესთან გაფორმებული სესხის ხელშეკრულების უზრუნველყოფის საგანს. ამასთან, მიუხედავად სს მ------საფინანსო ორგანიზაცია „მ------ ბ------ კ-------–ის“ მიერ გაცემული მინდობილობისა კ-------–- მ----–--ეს ავტოსატრანსპორტო საშუალების აღრიცხვა არ განუხორციელებია.
პალატა მოიხმობს საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ერთგვაროვან სასამართლო პრაქტიკას, რომლის მიხედვით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, რომელიც ადგენს მოძრავ ნივთებზე საკუთრების შეძენის წესს, სატრანსპორტო საშუალებებზე საკუთრების შეძენისათვის სავალდებულოდ არ მიიჩნევს ამ მოძრავი ნივთების შემძენთა რეგისტრაციას სსიპ შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში (იხ. სუსგსაქმე №ას-406-389-2016, 8 ივლისი, 2016 წელი; №ას-824-775-2015, 29 იანვარი, 2016 წელი; №ას-914-954-2011, 27 ოქტომბერი, 2011 წელი; სუსგ №ას-1363-1381-2011, 31 იანვარი, 2012 წელი; სუსგ №ას-971-912-2012, 26 ივლისი, 2012 წელი; სუსგ №ას-33-32-2014, 24 მარტი, 2014 წელი; სუსგ №ას-658-625-2014, 5 დეკემბერი, 2014 წელი; სუსგ №ას-1189-1119-2015, 23 მარტი, 2016 წელი).
ერთ-ერთ საქმეზე საკასაციო პალატამ განმარტა შემდეგი: „საკუთრების უფლების წარმოშობის საფუძვლები ამომწურავადაა დადგენილი საქართველოს სამოქალაქო კოდექსით, რომელიც ერთმანეთისაგან განასხვავებს მოძრავ და უძრავ ნივთებზე საკუთრების შეძენის სამართლებრივ რეჟიმს. ამავე კოდექსის 186-197-ე მუხლებით განსაზღვრულია რა მოძრავ ნივთებზე საკუთრების შეძენის საფუძვლები, ეს წესები თანაბრად ვრცელდება ყველა მოძრავ ნივთზე და იგი არ ადგენს მოძრავ ნივთზე საკუთრების შესაძენად სავალდებულო რეგისტრაციას (იხ. სუსგ №ას-658-625-2014, 5 დეკემბერი, 2014 წელი; სუსგ №ას-123-115-2015, 23 აპრილი, 2015 წელი).
მოძრავ ნივთზე საკუთრების გადასაცემად აუცილებელია, რომ მესაკუთრემ ნამდვილი უფლების საფუძველზე გადასცეს შემძენს ნივთი (სსკ-ის 186.1 მუხლი). მოცემულ შემთხვევაში, სატრანსპორტო საშუალება MERCEDES-BENC C----- KOMPRESSOP, 30.10.2013 წლიდან 16.05.2017 წლამდე რეგისტრირებული იყო სს მ------საფინანსო ორგანიზაცია „მ------ ბ------ კ-------–ის“ საკუთრებაში სესხის ხელშეკრულების უზრუნველყოფად, რადგან მხარეთა შორის გირავნობის ხელშეკრულება არ გაფორმებულა და ვინაიდან მხარეთა შორის სასესხო ურთიერთობა დასრულდა 2015 წლის 22 ივნისს მ------საფინანსო ორგანიზაციამ მინდობილობით კ-------–- მ----–--ეს მიანიჭა ზემოაღნიშნული სატრანპორტო საშუალების თავის სახელზე საკუთრებაში აღრიცხვის უფლებამოსილება, რაც ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე იმგვარად უნდა იქნეს გაგებული, რომ ავტომანქანა 2015 წლის 22 ივნისს დაუბრუნდა მის რეალურ მესაკუთრეს.
ამასთან პალატა ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ თავიდანვე მ------საფინანსო ორგანიზაციისათვის ავტომობილის საკუთრებაში გადაცემა არ იყო მხარეთა ნამდვილი ნება და მიზანი და ეს გადაცემა ემსახურებოდა მხოლოდ სესხის უზრუნველყოფას.
პალატა მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანის სოლიდარულად დაკისრების ნაწილში დამატებით განმარტავს, რომ 998-ე მუხლი ეხება ზიანის დადგომაში მონაწილე პირთა სოლიდარულ პასუხისმგებლობას, რომლის თანახმად თუ ზიანის დადგომაში მონაწილეობს რამდენიმე პირი, ისინი პასუხს აგებენ, როგორც სოლიდარული მოვალეები. აღნიშნული ნორმის თანახმად, პასუხისმგებლობის წინაპირობას წარმოადგენს ზიანის დადგომაში მონაწილე პირთა ქმედებებს შორის არსებული მიზეზშედეგობრივი კავშირი. ერთობლივად მიყენებულ ზიანად ითვლება ისეთი ზიანი, რომელიც მიზეზშედეგობრივ კავშირშია ერთობლივად მოქმედ ზიანის მიმყენებელ მართლსაწინაარმდეგო ქმედებებთან. მიზეზშედეგობრივი კავშირის გარდა, ზიანის მიმყენებელი პირები უნდა მოქმედებდნენ ურთიერთშეთანხმებით ანუ, სახეზე უნდა იყოს ზიანის დადგომაში განზრახ თანამონაწილეობა (იხ., სამოქალაქო კოდექსის 998-ე მუხლის კომენტარი ელ.რესურსი http://www.gccc.ge).
ამდენად პალატა მიიჩნევს, რომ სს მ------საფინანსო ორგანიზაცია „მ------ ბ------ კ-------–ის“ ზიანის ანაზღაურების სოლიდარულ პასუხისმგებელ პირად მიჩნევის სამართლებრივი საფუძვლები არ არსებობს.
გარდა აღნიშნულისა პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია, აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. მითითებულ მუხლში მოცემულია დელიქტურ ვალდებულებების წარმოშობის საფუძვლები. ასეთი სახის ვალდებულება წარმოიშობა დაზარალებულის აბსოლუტურად სუბიექტური სამოქალაქო უფლებების დარღვევის შედეგად, იგი ატარებს არასახელშეკრულებო ხასიათს და მიმართულია მიყენებული ქონებრივი ან მორალური ზიანის ანაზღაურებისაკენ. ამდენად, მოცემული მუხლის საფუძველზე, პირს ზიანის ანაზღაურება ეკისრება, თუ არსებობს ზიანი, ზიანი მიყენებულია მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით, მართლსაწინააღმდეგო მოქმედებასა და ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი და ბრალი ზიანის მიმყენებელს მიუძღვის. ამასთან, ავტოსატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის შედეგად გამოწვეული ზიანის ანაზღაურება დელიქტური ვალდებულების კერძო შემთხვევაა და მიუხედავად ბრალისა, მომეტებული საფრთხის წყაროს იურიდიულ მფლობელს (რომელიც შეიძლება მესაკუთრედაც განვიხილოთ) აკისრებს ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას, კერძოდ: სამოქალაქო კოდექსის 999-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მგზავრების გადაყვანისა და ტვირთების გადაზიდვისთვის გათვალისწინებული სატრანსპორტო საშუალების მფლობელი, თუ მისი სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციას მოჰყვა ადამიანის სიკვდილი, დასახიჩრება ან ჯანმრთელობის მოშლა, ანდა ნივთის დაზიანება, ვალდებულია დაზარალებულს აუნაზღაუროს აქედან წარმოშობილი ზიანი. მოხმობილი ნორმა ადგენს სატრანსპორტო საშუალების იურიდიული მფლობელის ვალდებულებას, ნორმაში ჩამოთვლილ სიკეთეთა ხელყოფის შემთხვევაში, აგოს პასუხი. თავის მხრივ, ნორმის სუბიექტები არიან ვალდებული და დაზარალებული პირები. უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული ერთგვაროვანი პრაქტიკის თანახმად, სამოქალაქო კოდექსის 999-ე მუხლით გათვალისწინებულ გამონაკლისს საფუძვლად უდევს ის გარემოება, რომ სატრანსპორტო საშუალება პოტენციური საფრთხის წყაროა და მისი მოხმარება განაპირობებს შედარებით მაღალი ხარისხით საზიანო შედეგების მიღების შესაძლებლობას, ვიდრე სხვა ჩვეულებრივი საქმიანობისას. ავტოსატრანსპორტო საშუალების ამგვარი თვისების გამო იგი მომეტებული საფრთხის წყაროდაა მიჩნეული და, მიუხედავად იმისა, რომ მისი მოხმარება სამართლებრივად ნებადართულია, პასუხისმგებლობა მომეტებული საფრთხის წყაროდან მომდინარე ზიანისათვის, ჩვეულებრივ, სამოქალაქოსამართლებრივ პასუხისმგებლობასთან შედარებით უფრო მკაცრია - ზიანის ანაზღაურების ვალდებულება მომეტებული საფრთხის წყაროს მფლობელს ბრალის მიუხედავად ეკისრება. აღნიშნული გამოწვეულია იმ მატერიალური ობიექტების ფლობითა და სარგებლობით (ექსპლუატაციით ან ნებისმიერი ფორმით მისი გამოყენებით), რომელსაც განსაკუთრებული ხარისხობრივი თვისება აქვთ და ადამიანის მხრიდან მასზე სრული კონტროლის დამყარება შეუძლებელია. (სუსგ №ას-494-463-2010, 9 ნოემბერი, 2010 წელი).
ვალდებულ პირად კანონი განიხილავს ნივთის მფლობელს, ანუ პირს, რომელიც ფაქტობრივ ბატონობას ახორციელებს ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე. მოპასუხე მ------საფინანსო ორგანიზაცია ნივთის ფაქტობრივი მფლობელი არასოდეს ყოფილა და შესაბამისად მოცემულ შემთვევაში მასზე პასუხისმგებლობის დაკისრება უსაფუძვლოა.
შესაბამისად, პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის პოზიციას, რომ მ------საფინანსო ორგანიზაციის უმოქმედობა გახდა საფუძველი იმისა, რომ ავტომანქანა აღმოჩენილიყო მ--- კ-------ასთან.
10. რაც შეეხება აპელანტის განმარტებას, მორალური ზიანის სახით 5000 ლარის შეუსაბამოდ მიჩნევას მოსარჩელის მიერ გადატანილ სულიერ და ფიზიკურ ტანჯვასთან, პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ მოპასუხე მ--- კ-------ას მიერ სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის შედეგად მოსარჩელემ მიიღო სხეულის მძიმე დაზიანება, რამაც განაპირობა მისი სულიერი ტანჯვა და ემოციური განცდები. (სისტემატური სამკურნალო პროცედურების გავლა, მიყენებული დაზიანებების შედეგად არასრულფასოვნების განცდა და სხვა).
ამასთან პალატა განმარტავს, რომ მორალური ზიანის ანაზღაურების შესახებ სასარჩელო მოთხოვნის მარეგულირებელ სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს სკ-ის 413-ე მუხლი, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვნილ იქნას მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სხეულის დაზიანების ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შემთხვევებში დაზარალებულს შეუძლია მოითხოვოს ანაზღაურება არაქონებრივი ზიანისთვისაც. სკ-ის 413-ე მუხლით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტი თავისთავად ანიჭებს უფლებას დაზარალებულს, მოითხოვოს ანაზღაურება არაქონებრივი (მორალური) ზიანისათვის, რაც განპირობებულია იმით, რომ სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლება ადამიანის აბსოლუტურ უფლებებს და სამართლებრივი დაცვის განსაკუთრებულ საგანს წარმოადგენს. ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტი უკვე თავისთავად გულისხმობს იმას, რომ დაზარალებულმა განიცადა ტკივილი და სულიერი ტანჯვა, როგორც თვით დაზიანების მიღებისას, ასევე – მკურნალობის პროცესში. ეს სულიერი ტანჯვა შესაძლოა გახანგრძლივდეს იმ შემთხვევაში, თუ, მკურნალობის მიუხედავადაც, დაზარალებული პირი ვერ გამოჯანმრთელდა სრულად ან/და აღენიშნება გადატანილი დაზიანებების კვალი. სხეულის და/ან ჯანმრთელობის ხელყოფით გამოწვეული მორალური ზიანი უშუალოდ სამართალდარღვევიდან შეიძლება არც გამომდინარეობდეს, არამედ მისი თანმდევი შედეგი იყოს (როგორიცაა აქტიური ცხოვრების შეუძლებლობა, ცხოვრების წესისა და რიტმის შეცვლა, ნერვული დაძაბულობა, რაც პირს არასრულფასოვნების კომპლექსსა თუ სხვა ნეგატიურ განცდებს უყალიბებს), თუმცა, ასეთ დროს, სავალდებულოა, დასტურდებოდეს, რომ დაზარალებულის მორალური განცდები და სულიერი ტანჯვა სხეულისა თუ ჯანმრთელობის ხელყოფის უშუალო შედეგია. (სუსგ №ას-669-2019)
რაც შეეხება ზიანის ოდენობას კანონმდებელი არ ადგენს იმ კრიტერიუმს, რომლითაც უნდა დადგინდეს მორალური ზიანის ანაზღაურების ფარგლები, არამედ ეს საკითხი სასამართლოს შეფასებითი მსჯელობის საგანია და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, თავად შემთხვევის ინდივიდუალობის და თავისებურების გათვალისწინებით უნდა გადაწყდეს.
ერთ-ერთ საქმეში საკასაციო პალატამ განმარტა მორალური ზიანის ანაზღაურების სკ-ის 413-ე მუხლით განსაზღვრული ფუნქცია, კერძოდ, აღნიშნა, რომ „მორალური ზიანის ანაზღაურებას (სკ-ის 413-ე მუხლი) აკისრია სამი ფუნქცია: პირველი – დააკმაყოფილოს დაზარალებული; მეორე – ზემოქმედება მოახდინოს ზიანის მიმყენებელზე; მესამე – თავიდან აიცილოს პიროვნული უფლებების ხელყოფა სხვა პირების მიერ. არაქონებრივი ზიანის ანაზღაურება მიზნად არ ისახავს მიყენებული ზიანის სრულ რესტიტუციას, რადგან მიყენებულ ზიანს ფულადი ექვივალენტი არ გააჩნია და შეუძლებელია მისი სრული კომპენსაცია. მორალური ზიანის ანაზღაურების ოდენობა უნდა იყოს გონივრული და სამართლიანი. ანაზღაურების ოდენობის განსაზღვრა ხდება ზიანის მიმყენებლის ქონებრივი მდგომარეობის, დაზარალებულის ბრალის ხარისხის და სხვა კონკრეტულ გარემოებათა გათვალისწინებით. ფულადი კომპენსაციის ოდენობა არ უნდა იყოს უზომოდ გაზრდილი და არ უნდა მოწყდეს რეალობას, მისი მიზანი არ უნდა იყოს მოპასუხის დასჯა. მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ხელყოფის ხასიათი, მისი გავლენა პირის არამატერიალურ სიკეთეზე. მორალური ზიანის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს პირის დარღვეული უფლებების ხასიათს, ამ დარღვევის ნეგატიურ როლს პიროვნებაზე, ჯანმრთელობის დაზიანების ხარისხზე და ა.შ. (იხ., სუსგ №ას-660-660-2018, 20 ივლისი, 2018 წელი, პ-66, 67).
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ მხედველობაში მიიღო რა თ------ კ--------ას ასაკი, ის გარემოება, რომ იგი განიცდის ტკივილს, მორალურ დაძაბულობას, მოუხდა არაერთი სამედიცინო მანიპულაციის ჩატარება, ამგვარი მდგომარეობით გამოწვეული ნეგატიურ პროცესები და სამართლიანობისა და გონივრულობის კრიტერიუმი, მორალური ზიანის ფუნქციისა და მისი პრევენციული ბუნების გათვალისწინებით, სასამართლომ მართებულად დაასკვნა, რომ თ------ კ--------ასთვის მიყენებული მორალური ზიანის საკომპენსაციოდ, მოპასუხეს უნდა დაჰკისრებოდა 5000 ლარის გადახდა, რაც სააპელაციო პალატასაც ზიანის ანაზღაურების ადეკვატურ ოდენობად მიაჩნია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ დადგენილი ფაქტობრივი გარემოების პირობებში სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასებები გააკეთა საქმისათვის მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით და სწორად შეაფასა მხარეთა შორის არსებული მატერიალურ-სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე მხარეთა უფლება-მოვალეობები, რის შედეგადაც სასამართლო მივიდა სწორ გადაწყვეტილებამდე. აქედან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ თ------ კ--------ას სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის გამო.
11. საპროცესო ხარჯები:
აპელანტი თ------ კ--------ა გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ და „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად;
სარეზოლუციო ნაწილი
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თ------ კ--------ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 08 მაისის გადაწყვეტილება.
3. განჩინება, შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4- მე-5 პუნქტებით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
5. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
თავმჯდომარე: მიხეილ გოგიშვილი
მოსამართლეები: დიანა ბერეკაშვილი
ოთარ სიჭინავა