განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 160210117002134199
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
17 დეკემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი
საქმე №2ბ/3983-19
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე - ვანო წიკლაური
მოსამართლეები: ნათია გუჯაბიძე, გოდერძი გიორგიშვილი
სხდომის მდივანი - ელენე ომანიძე
აპელანტი - ჯ--–--– ა-–----
მოწინააღმდეგე მხარე - ს- ,,ფ----------------------–--’’
წარმომადგენელი - ლ-–- ბ------
თარჯიმანი - ა---- ს---–---------
დავის საგანი - ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ, ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობის ნაწილში გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით გასაჩივრებულ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილებით ს- ,,ფ----------------------–--ს” სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხე ჯ--–--– ა-–---ს მოსარჩელე ს- ,,ფ----------------------–--ს“ სასარგებლოდ დაეკისრა 5594,24 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხა არის 4100 ლარი, სარგებელი - 1389 ლარი, ხოლო პირგასამტეხლო - 105,24 ლარი. ბათილად იქნა ცნობილი ჯ--–--– ა-–---სა (პ/ნ: 2----------) და ფ-------- ბ---------ს (პ/ნ: 2----------) შორის, 2017 წლის 06 ივნისს გაფორმებული უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულება, უძრავ ქონებაზე მდებარე მ--------–-- რაიონი, სოფელი ა--–-----------–--, საკადასტრო კოდით: 8-----------.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
პირველი ინსტანციის სასამართლომ უდავოდ მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. 2016 წლის 15 ივლის- ჯ--–--– ა-–---სა და ს- ,,ფ----------------------–--ს” შორის დაიდოს სესხის ხელშეკრულება N0--------------, რომლითაც ჯ--–--– ა-–---მა სესხის სახით მიიღო 4100 ლარი, 2017 წლის 15 აგვისტომდე. სესხით სარგებლობისათვის საპროცენტო სარგებელი განისაზღვრა 33.95%-ით წლის განმავლობაში. სესხი უნდა დაფარულიყო გრაფიკის შესაბამისად. მხარეები ასევე შეთანხმდნენ, რომ თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში გადაუხდელ თანხას დაერიცხებოდა პირგასამტეხლო, რაც ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შეადგენს გადაუხდელი თანხის 0.5%-ს. ამასთან, საურავის დარიცხვა განხორციელდებოდა მხოლოდ 60 კალენდარული დღის განმავლობაში.
აღნიშნული გარემოება დასტურდება შემდეგი მტკიცებულებებით:
- სესხის ხელშეკრულება (ს.ფ. 19-22);
- გადახდის გრაფიკი (ს.ფ. 23).
2.2. 2017 წლის 17 ივლისს, ჯ--–--– ა-–---ს გაეგზავნა შეტყობინება. ჯ--–--– ა-–---ს მიმდინარე დავალიანების დასაფარად განესაზღვრა დამატებით 14 დღე. ადრესატმა უარი განაცხადა გზავნილის ჩაბარებაზე.
აღნიშნული გარემოება დასტურდება შემდეგი მტკიცებულებებით:
- გაფრთხილების წერილი, უკუგზავნილი (ს.ფ. 25-27).
2.3. 2017 წლის 06 ივნისს, საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა ამავე თარიღის ჩუქების ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე ჯ--–--– ა-–----ს სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონება (ს/კ 8-----------) საკუთრების უფლებით აღირიცხა ფ-------- ბ---------ს სახელზე.
აღნიშნული გარემოება დასტურდება შემდეგი მტკიცებულებებით:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (სარჩელი, შესაგებელი, 20.12.2017 წლის სასამართლო სხდომის ოქმი);
- საჯარო რეესტრის ამონაწერები (ს. ფ. 29-30, 36-37);
- განცხადება (ს.ფ. 31);
- განცხადების მიღების ბარათი (ს.ფ. 32);
- ჩუქების ხელშეკრულება (ს.ფ. 33-35).
2.4. მოპასუხეები ჯ--–--– ა-–---- და ფ-------- ბ--------- არიან და-ძმანი. აღნიშნული გარემოება დასტურდება შემდეგი მტკიცებულებებით:
- მხარეთა-ახსნა განმარტება (20.12.2017 წლის სასამართლო სხდომის ოქმი);
2.5. სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება შეადგენს 6541,44 ლარს, საიდანაც ძირი თანხაა 4100 ლარი, სარგებელი - 1389 ლარი, ხოლო პირგასამტეხლო -
1052,44 ლარი;
აღნიშნული გარემოება დასტურდება შემდეგი მტკიცებულებებით:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (სარჩელი, შესაგებელი, 20.12.2017 წლის სასამართლო სხდომის ოქმი);
- გადახდების ისტორია (ს.ფ. 28);
პირველი ინსტანციის სასამართლომ განსახილველ საქმეზე დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2.6. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია მოსარჩელე მხარის მიერ მითითებული გარემოება იმის შესახებ, რომ ფ-------- ბ---------სა და ჯ--–--– ა-–---ს შორის დადებული ჩუქების ხელშეკრულება არის მოჩვენებითი და ჯ--–--– ა-–----ს სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონება ფ-------- ბ---------ს სახელზე გაფორმდა იმ მიზნით, რომ ჯ--–--– ა-–----ს მიერ აღებული სესხის გამო არ მომხდარიყო მისი რეალიზება.
მოსარჩელე მხარის მიერ მითითებული გარემოება უარყვეს მოპასუხეებმა და განმარტეს, რომ ჯ--–--– ა-–----ს ოპერაციის ხარჯები გაიღო მისმა დამ ფ-------- ბ---------მ და ამ თანხის სანაცვლოდ აჩუქა თავის დას უძრავი ქონება. მითითებული გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები მოპასუხე მხარის მიერ წარმოდგენილი არ იქნა. აღნიშნულის საპირისპიროდ, მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი იქნა მტკიცებულებები, რომლითაც დასტურდება, რომ ჯ--–--– ა-–---მა სესხი აიღო 2016 წლის 15 ივლისს, მას თანხის პირველი გადახდა უწევდა 2017 წლის 15 ივნისს, რაც მის მიერ არ მომხდარა, ხოლო მანამდე, 2017 წლის 06 ივნისს, მან საკუთრებაში არსებული ერთადერთი ქონება აჩუქა დას.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა დადასტურდეს ეს ფაქტები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება, დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამდენად, საპროცესო ნორმა განსაზღვრავს იმ მტკიცებულებათა სიას, რომლებიც მხარეებს შეუძლიათ თავიანთი მოთხოვნების დასადასტურებლად გამოიყენონ. ჩამოთვლილ მტკიცებულებათაგან არცერთს არ აქვს უპირატესი იურიდიული მნიშვნელობა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ სრულ და ობიექტურ განხილვას, შედეგად, სასამართლოს გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ, თანახმად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლისა.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
2.7. ს- ,,ფ----------------------–--” ითხოვს ჯ--–--– ა-–----სათვის დავალიანებული სესხის ძირითადი თანხის 4100 ლარის დაკისრებას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.
მოცემულ შემთხვევაში, უდავოდ არის დადგენილი, რომ მოსარჩელემ და მოპასუხე დადეს სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მსესხებელმა მიიღო 4100 ლარი 2016 წლის 15 ივლისამდე. ასევე დადგენილია, რომ მსესხებელმა არ დააბრუნა ნასესხები თანხა, მიუხედავად იმისა, რომ ხელშეკრულების ვადა ამოიწურა. ამდენად, მას მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სესხის ძირითადი თანხის 4100 ლარის გადახდა.
2.8. ს- ,,ფ----------------------–--” ასევე ითხოვს ჯ--–--– ა-–----სათვის დავალიანებული საპროცენტო სარგებლის - 1389 ლარის დაკისრებას.
საქართველოს სამოქლაქო კოდექსის 868-ე მუხლის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.
განსახილველ შემთხვევაში მხარეთა მიერ გათვალისწინებულ იქნა საპროცენტო სარგებელი - 33,95%. დადგენილია ასევე, რომ სარგებლის სახით არსებული დავალიანება შეადგენს 1389 ლარს. შესაბამისად, მოთხოვნა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
2.9. ს- ,,ფ----------------------–--” ასევე ითხოვს ჯ--–--– ა-–----სათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს - 1052,44 ლარის დაკისრებას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 416-ე მუხლის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად ხელშეკრულებით გაითვალისწინონ დამატებითი საშუალებებიც: პირგასამტეხლო, ბე და მოვალის გარანტია. ამავე კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად კი, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ხელშეკრულებით ვალდებულების დარღვევისათვის - ვადის გადაცილებისათვის გათვალისწინებულ იქნა პირგასამტეხლო შესაბამისად გადასახდელი თანხის 1%-ის ოდენობით ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის, 60 დღის განმავლობაში. ასევე დადგენილია, რომ მსესხებელმა დაარღვია ნაკისრი ვალდებულება და არ დაფარა სესხი. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეს უფლება აქვს მოსთხოვოს მოპასუხეს პირგასამტეხლოს გადახდა. ამასთან, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი და შეთანხმებული პირგასამტეხლო არის შეუსაბამოდ მაღალი და უნდა მოხდეს მისი შემცირება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად პირგასამტეხლო რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან.
ზემოთ მითითებული გარემოებების, ასევე მოპასუხის მიერვალდებულების დარღვევით გამოწვეული სავარაუდო ზიანის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ უნდა მოხდეს პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება. კერძოდ, მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი 1052,44 ლარი უნდა შემცირდეს და მოპასუხე ჯ--–--– ა-–---ს ს- ,,ფ----------------------–--ს“ სასარგებლოდ პირგასამტეხლოს სახით უნდა დაეკისროს 105,24 ლარის გადახდა.
2.10. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყვეს (მოჩვენებითი გარიგება).
მოჩვენებით გარიგებებთან დაკავშირებით საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2013 წლის 1-ლი ივლისის განჩინებაში (საქმე№ ას-1439-1357-2012) განმარტა შემდეგი: მოჩვენებითი გარიგების არსებობის შემთხვევაში არ არსებობს გამოვლენის გარეგანი დათქმა. ამ შემთხვევაში აუცილებელია, რომ ნების გამომვლენი და ნების მიმღები მოქმედებდნენ შეთანხმებით და ორივე აცნობიერებდნენ ნების ნაკლს. მოჩვენებითი გარიგების დროს კანონი ადგენს კავშირს ფიქტიურ გარიგებასა და ნების მიმღები ადრესატის თანხმობას შორის. განსახილველი ნორმით იგულისხმება ის შემთხვევა, როდესაც, როგორც ნების გამომვლენი, ასევე მისი მიმღები მოქმედებენ იმ განზრახვის გარეშე, რომ ამ გარიგებას შესაბამისი იურიდიული შედეგი მოჰყვეს. ყოველივე აღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ მოჩვენებითი გარიგებას ახასიათებს მხარეთა „ურთიერთშეთანხმება”, „გარიგება” მოჩვენებით ნების გამოვლენის შესახებ. ამ შემთხვევაში ორივეს გაცნობიერებული აქვს, რომ მათ მიერ ასეთი ნების გამოვლენას არ მოჰყვება იურიდიული შედეგი. სასამართლო პრაქტიკამ გვიჩვენა, რომ ძირითადად მოჩვენებითი გარიგების დადება დაკავშირებულია მესამე პირებთან არსებულ ურთიერთობასთან (მაგალითად, მოჩვენებითი გარიგების დადების ერთ-ერთ მოტივს შეიძლება წარმოადგენდეს მესამე პირის მოტყუება, პასუხისმგებლობისაგან თავის არიდება და ა. შ). ამრიგად, იმისათვის, რომ სასამართლომ სადავო გარიგება მიიჩნიოს მოჩვენებით გარიგებად, აუცილებელია ისეთი ფაქტობრივი გარემოებების არსებობა, რომლებიც მიუთითებენ ნების გამოვლენის ნაკლზე, ფიქტიური გარიგების შესახებ
,,ურთიერთშეთანხმებაზე”, საერთო მიზანზე, რაც არ შეესაბამება მათ მიერ გარეგანი ნების გამოვლენას.
ამ მხრივ მეტად დიდი მნიშვნელობა გააჩნია პრეზუმფციებისა და მტკიცების ტვირთის სწორად განსაზღვრას. მითითებული გარემოებების დადასტურება ეკისრება პირს, რომელიც ითხოვს ამ საფუძვლით გარიგების ბათილობას, რადგან თუნდაც მოსარჩელე უთითებდეს გარიგების ერთი მხარის არაკეთილსინდისიერებაზე, ივარაუდება, რომ გარიგების მეორე მხარე მოქმედებდა კეთილსინდისიერად, რისი გაქარწყლება ევალება მოსარჩელეს. მაგრამ იმ შემთხვევაში, როდესაც გარიგება იდება ნათესავებს (მაგალითად, მამა-შვილს შორის) ან სხვა ოჯახის წევრებს შორის, უნდა ვივარაუდოთ, რომ ოჯახის წევრებისათვის ცნობილია არსებული ვალდებულებების თაობაზე და, ასევე, მათი ოჯახის წევრის მიერ ქონებრივი პასუხისმგებლობისაგან თავის არიდების თაობაზე (იხ. პრაქტიკა - უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 30 აპრილის #ას-571-879-09 განჩინება).
როგორც აღინიშნა, გარიგების მოჩვენებითად მიჩნევისათვის აუცილებელია მისი მონაწილე ორივე მხარის შეთანხმებული მოქმედება, მათი ერთობლივი განზრახვა ხელშეკრულება დადონ არა მასში ჩამოყალიბებული და კანონით განსაზღვრული მიზნის მისაღწევად, არამედ სხვა მიზნით. შესაძლოა არსებობდეს გარიგების ბათილად ცნობის საფუძველი, მაგრამ თუ კონტრაჰენტი კეთილსინდისიერია ამ გარემოებების მიმართ, კანონი მის ინტერესებს უპირატესობას ანიჭებს. ამდენად, ასეთ დროს მნიშვნელოვანია შემძენის კეთილსინდისიერების დადგენა. მოცემულ შემთხვევაში, მჩუქებელი არის დასაჩუქრებულის ძმა. ამასთან, ჩუქების ხელშეკრულების გაფორმების პერიოდში ჯ--–--– ა-–---ს უწევდა გადახდის გრაფიკით გათვალისწინებული თანხის შეტანა. ასევე დადგენილია, რომ 2017 წლის 06 ივნისს ჯ--–--– ა-–---მა ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე გადააფორმა მის სახელზე რიცხული ერთადერთი უძრავი ქონება ფ-------- ბ---------ზე. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები ერთმნიშვნელოვნად ადასტურებენ, რომ მართალია, საკუთრების უფლება გადაეცა დასაჩუქრებულს, რაც ჩუქების ხელშეკრულებს არსს წარმოადგენს, მაგრამ მისი მიზანი მოსალოდნელი შედეგის თავიდან აცილება იყო.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან, ხელშეკრულება გამოყენებულ იქნა მართლსაწინააღმდეგო მიზნის მისაღწევად და მის რეალურ მიზანს არსებული დავალიანების დაფარვის მიზნით ქონების რეალიზაციის თავიდან აცილება წარმოადგენდა, ის ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები
3.1.1. აპელანტი არ იზიარებს სასამართლოს დასკვნას, სადავო გარიგების მოჩვენებითად მიჩნევის შესახებ და განმარტავს, რომ გარიგების გაფორმების საფუძველს არა უძრავი ნივთის მესაკუთრის მოჩვენებითად შეცვლა, არამედ მადლიერების ნიშნად ქონების დისთვის საჩუქრად გადაცემა წარმოადგენდა. აპელანტის განმარტებით დასაჩუქრებული პირი მისი ერთადერთი პატრონი და მარჩენალია, შესაბამისად, საკუთრებაში არსებული ქონება მხოლოდ და მხოლოდ გაწეული ზრუნვისთვის მადლობის ნიშნად აჩუქა. აპელანტი ყურადღებას იმ გარემოებაზეც ამახვილებს, რომ რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში და სახელმწიფოსგან იღებს დახმარებას, რაც გარიგების საგნის მის საკუთრებაში დაბრუნების შემთხვევაშიც კი ამ ნივთის რეალიზაციის შედეგად ბანკის მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას გამორიცხავს.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.
4.1. ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
4.1.1. სააპელაციო პალატა პირველ რიგში შენიშნავს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერებას ამოწმებს ჯ--–--– ა-–----ს მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, რომლითაც ეს უკანასკნელი პრეტენზიას აცხადებს 2017 წლის 06 ივნისის ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებასთან დაკავშირებით. (გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტი)
4.1.2. სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს ფაქტობრივ გარემოებას მასზედ, რომ ჯ--–--– ა-–---ს და ფ-------- ბ---------ს შორის 2017 წლის 06 ივნისს გაფორმებული ჩუქების ხელშეკრულება უძრავ ქონებაზე მდებარე: მ--------–-- რაიონი, სოფ. ა--–-----------–--, საკადასტრო კოდით 8----------- მოჩვენებით გარიგებას წარმოადგენს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მოსაჩვენებლად, მხოლოდ იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოყვეს. გარიგების მოჩვენებითად ცნობა შეფასებითი კატეგორიაა, გარიგების მოჩვენებითად ცნობის დროს, სასამართლოს კვლევის საგანში შემავალ გარემოებას მხარეთა ნამდვილი ნების დადგენა წარმოადგენს, რა დროსაც მხედველობაში ყველა ის მნიშვნელოვანი ფაქტი თუ გარემოება მიიღება, რომელზეც მოდავე მხარეები მიუთითებენ ან საქმეში არსებული მასალებიდან გამომდინარეობს.
მოჩვენებითი გარიგების არსებობის შემთხვევაში, არ არსებობს ნების გამოვლენის გარეგანი დათქმა. ამ შემთხვევაში აუცილებელია, რომ ნების გამომვლენი და ნების მიმღები მოქმედებდნენ შეთანხმებით და ორივე აცნობიერებდეს ნების ნაკლს. მოჩვენებითი გარიგების დროს კანონი ადგენს კავშირს ფიქტიურ გარიგებასა და ნების მიმღები ადრესატის თანხმობას შორის. ამრიგად, განსახილველი ნორმით იგულისხმება ის შემთხვევა, რომლითაც, როგორც ნების გამომვლენი, ისე ნების მიმღები მოქმედებდნენ იმ განზრახვის გარეშე, რომ ამ გარიგებას შესაბამისი იურიდიული შედეგი მოჰყვეს. ყოველივე აღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ მოჩვენებით გარიგებას ახასიათებს მხარეთა „ურთიერთშეთანხმება“, „გარიგება“ მოჩვენებით ნების გამოვლენის შესახებ. ამ შემთხვევაში ორივე მხარეს გაცნობიერებული აქვს, რომ ასეთი ნების გამოვლენას არ მოჰყვება იურიდიული შედეგი.
სასამართლო პრაქტიკამ აჩვენა, რომ ძირითადად მოჩვენებითი გარიგების დადება დაკავშირებულია მესამე პირებთან არსებულ ურთიერთობასთან, (მაგალითად, მოჩვენებითი გარიგების დადების ერთ-ერთ მოტივს შეიძლება წარმოადგენდეს მესამე პირის მოტყუება, პასუხისმგებლობისაგან თავის არიდება და ა.შ.). ამრიგად, იმისათვის, რომ სასამართლომ სადავო გარიგება მიიჩნიოს მოჩვენებით გარიგებად, აუცილებელია ისეთი ფაქტობრივი გარემოებების არსებობა, რომლებიც მიუთითებენ ნების გამოვლენის ნაკლზე, ფიქტიური გარიგების შესახებ „ურთიერთშეთანხმებაზე”, საერთო მიზანზე, რაც არ შეესაბამება მათ მიერ გარეგანი ნების გამოვლენას.
ამ მხრივ მეტად დიდი მნიშვნელობა გააჩნია პრეზუმფციებისა და მტკიცების ტვირთის სწორად განსაზღვრას. მითითებული გარემოებების დადასტურება ეკისრება პირს, რომელიც ითხოვს ამ საფუძვლით გარიგების ბათილობას, რადგან თუნდაც მოსარჩელე უთითებდეს გარიგების ერთი მხარის არაკეთილსინდისიერებაზე, ივარაუდება, რომ გარიგების მეორე მხარე მოქმედებდა კეთილსინდისიერად, რისი გაქარწყლება ევალება მოსარჩელეს, მაგრამ იმ შემთხვევაში, როდესაც გარიგება იდება ნათესავებს (მაგალითად, დედა-შვილს შორის) ან სხვა ოჯახის წევრებს შორის, ივარაუდება, რომ ოჯახის წევრებისათვის ცნობილია არსებული ვალდებულებებისა და, ასევე მათი ოჯახის წევრის მიერ ქონებრივი პასუხისმგებლობისაგან თავის არიდების თაობაზე.
სამოქალაქო სამართალწარმოება შეჯიბრებითობის პრინციპზეა დამყარებული, რაც თავისთავად მიანიშნებს მხარეთა შესაძლებლობაზე, მათი მოთხოვნები, თუ ამ მოთხოვნის წინააღმდეგ წარდგენილი შესაგებლები დამაჯერებლად დაადასტურონ. მტკიცების პროცესში მხარე არ არის შეზღუდული და ის თავად წყვეტს რომელი ფაქტით დაამტკიცოს მოთხოვნის მართებულობა, თუმცა, ვალდებულია მითითებული ფაქტები სარწმუნო მტკიცებულებებს დაამყაროს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლით განსაზღვრულია მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების პროცესუალური წესი და დადგენილია, თუ რა საშუალებითაა შესაძლებელი სადავო გარემოებების დადასტურება, ამავე ნორმის მე-3 ნაწილით კანონმდებელმა დაადგინა მტკიცებულებათა სათანადოობის შემოწმების აუცილებლობა. ნორმის დისპოზიცია, უმთავრესად, მტკიცების ტვირთის მატერიალური კანონმდებლობით განსაზღვრას უკავშირდება, კერძოდ, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
ამდენად, მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების შედეგად, როგორც წესი, მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს გარიგების მოჩვენებითობა და შემძენის არაკეთილსინდისიერება, თუმცა, იმ შემთხვევაში, როდესაც გარიგება ახლო ნათესავებს შორის იდება, ასეთ ვითარებაში არსებობს პრეზუმფცია, რომ ახლო ნათესავმა (დედამ, შვილმა, დამ, ძმამ, მეუღლემ) იცოდა გარიგების ბათილობის წინაპირობების თაობაზე. შესაბამისად, ახლო ნათესავებს შორის გარიგების დადების პირობებში, შემძენის კეთილსინდისიერების პრეზუმფცია არ არსებობს, რაც იმთავითვე მტკიცების ტვირთის შებრუნების საფუძველია.
მოცემულ შემთხვევაში ს- ,,ფ----------------------–--’’ სარჩელში უთითებს და სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
- 2016 წლის 15 ივლისს ერთი მხრივ ს- ,,ფ----------------------–--ს’’ (ბანკი) და მეორე მხრივ ჯ--–--– ა-–---ს (მსესხებელი) შორის სესხის ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის საფუძველზეც ჯ--–--– ა-–---ს სესხად გადაეცა 4 100 ლარი, ყოველწლიურად 33.95 % სარგებლის დარიცხვის პირობით. სესხის ვადა 396 დღით განისაზღვრა, გადახდის გრაფიკის მიხედვით მსესხებელს ვალდებულება სამი გადახდის ფარგლებში უნდა დაეფარა. კერძოდ, პირველი გადახდა 2017 წლის 15 ივნისს უნდა განეხორციელებინა, რა დროსაც ბანკის სასარგებლოდ 2500 ლარი უნდა გადაეხადა, 2017 წლის 17 ივლისს 2000 ლარი, ხოლო 2017 წლის 15 აგვისტოს 989.17 ლარი უნდა გადაეხადა. (ტ.1.ს.ფ. 19-23)
- უდავოა, რომ მსესხებელს სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული გრაფიკის მიხედვით არც ერთი გადახდა არ განუხორციელებია.
- 2017 წლის 18 ივლისს ბანკმა ჯ--–--– ა-–---ს გაფრთხილების წერილი გაუგზავნა რომლითაც აცნობა, რომ იმ შემთხვევაში თუ 14 დღის ვადაში სრულად არ დაფარავდა გადახდის მომენტისთვის არსებულ დავალიანებას ბანკი შეწყვეტდა მასთან სახელშეკრულებო ურთიერთობას და მთლიანი დავალიანების დაფარვის მიზნით კანონით გათვალისწინებულ ზომებს მიმართავდა.
- 2017 წლის 06 ივნისამდე ჯ--–--– ა-–----ს სახელზე რეგისტრირებული იყო უძრავი ნივთი მდებარე: მ--------–-- რაიონი, სოფ. ა--–-----------–--, საკადასტრო კოდით 8-----------.
- 2017 წლის 06 ივნისს, საჯარო რეესტრში ჩუქების ხელშეკრულება დარეგისტრირდა, რომლის საფუძველზეც ჯ--–--– ა-–----ს სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონება მდებარე: მ--------–-- რაიონი, სოფ. ა--–-----------–--, საკადასტრო კოდით 8----------- საკუთრების უფლებით ამ უკანასკნელის დის - ფ-------- ბ---------ს სახელზე აღირიცხა.
დასახელებული ფაქტობრივი გარემოებების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატა საფუძლიანად მიიჩნევს ბანკის მითითებას მასზედ, რომ სესხის გადახდის ვადის დადგომამდე რამდენიმე დღით ადრე და-ძმას შორის უძრავი ქონების თაობაზე დადებული უსასყიდლო გარიგება მოჩვენებითია. აღნიშნული მტკიცების გაქარწყლების ვალდებულება მოპასუხე აპელანტს ჰქონდა, კერძოდ, ჯ--–--– ა-–---ს უნდა ემტკიცებინა, რომ სესხის გადახდის ვადის დადგომამდე რამდენიმე დღით ადრე (ნიშანდობლივია კიდევ ერთხელ აღინიშნოს, რომ სადავო გარიგება მოპასუხე მხარეებს შორის 2017 წლის 06 ივნისს გაფორმდა, სესხის დაფარვის მიზნით პირველი გადახდა კი მოპასუხე აპელანტს 2017 წლის 15 ივნისს უნდა განეხორციელებინა) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების დისთვის უსასყიდლოდ გადაცემისას გარიგების გაფორმების ერთადერთ მიზანს დის მიმართ საჩუქრის გაკეთება წარმოადგენდა და გარიგების დადებით ბანკის მოთხოვნის იძულებით აღსრულების საშუალების მისი საკუთრებიდან გასვლას არ ისახავდა მიზნად, ამასთან, გააჩნდა რესურსი, რომლითაც ბანკის მიმართ არსებული ვალდებულების შესრულებას აპირებდა. ჯ--–--– ა-–---ს ამგვარი მტკიცება სარწმუნოდ არ განუხორციელებია. ასეთად მიჩნეული ვერ იქნება აპელანტის ახსნა-განმარტება მასზედ, რომ ქონების გადაცემის ერთადერთ მიზანს დის მიმართ მადლიერების გამოხატვა წარმოადგენდა, რადგან აპელანტს სასამართლოსთვის არ წარმოუდგინა დამაჯერებელი არგუმენტები, რატომ დაემთხვა სადავო გარიგების გაფორმება მაინცდამაინც მოსარჩელესთან ნაკისრი ვალდებულების შესრულების პერიოდს და რამ შეუშალა ხელი მას საკუთრებაში არსებული ქონება ოჯახის წევრისთვის თუნდაც ამ ვადის დადგომამდე ეჩუქებინა. მოპასუხე აპელანტის წინააღმდეგ მოქმედი პრეზუმფციის გასაქარწყლებლად, რომლის მიხედვითაც საწინააღმდეგოს დადასტურებამდე ითვლება, რომ ვალდებულების შესრულების ვადის დადგომის დროს ოჯახის წევრთან დადებული უსასყიდლო გარიგება მოჩვენებითია, არადამაჯერებელია ასევე მოპასუხე აპელანტის მითითება მასზედ, რომ სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში მისი რეგისტრაციის ფაქტი ქონების მოჩვენებითად განკარგვის ნების გამოვლენას გამორიცხავს, რადგან სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში რეგისტრაციის გამო მისი ქონება მოთხოვნის იძულებითი დაკმაყოფილების მიზნით ყადაღის დადებას მაინც არ ექვემდებარება. აღნიშნულთან დაკავშირებით სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს სამოქალაქო კოდექსის 142-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ქცევის წესზე, რომლის მიხედვითაც სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადასტურებული მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადაა ათი წელი, მაშინაც როცა ეს მოთხოვნა ნაკლებ ხანდაზმულობის ვადას ექვემდებარება. აქვე გასათვალისწინებელია სოციალური დახმარების შესახებ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის #145 დადგენილების მე-3 მუხლის პირველი პუნქტი, რომლის მიხედვითაც საარსებო შემწეობის ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანოა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტო (შემდგომში – სააგენტო), რომელიც ამ წესისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფს საარსებო შემწეობის მაძიებელი ოჯახებისათვის საარსებო შემწეობის დანიშვნას, გაცემას, შეწყვეტას, გაანგარიშებას, შეჩერებას, აღდგენასა და საარსებო შემწეობის მიღებასთან დაკავშირებულ სხვა საკითხთა გადაწყვეტას. ამრიგად, მართალია საქმის განხილვის მიმდინარეობისას მოპასუხე აპელანტი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში, რომლის საფუძველზეც მისი ქონება ყადაღას არ ექვემდებარება (სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ზ’’ პუნქტის თანახმად ყადაღას არ ექვემდებარება იმ სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის წევრის ქონება, გარდა მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად გამოყენებული ქონებისა, რომლის სოციალურ-ეკონომიკური მაჩვენებელიც საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ ზღვარზე ნაკლებია) თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ მის წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების ვადა ათი წელია, ამასთან, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზა ექვემდებარება გადამოწმებას, შემწეობა კი - შეჩერებას, შეწყვეტას, ზედმეტად გაცემული შემწეობის უკან დაბრუნებას.
რაც შეეხება დასაჩუქრებულს - ფ-------- ბ---------ს, მას უნდა ემტკიცებინა, რომ მართალია, უსასყიდლოდ მიიღო ქონება, თუმცა, არსებობდა ქონების საკუთრებაში მიღების ნამდვილი ნება, და რომ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა, სცოდნოდა იმ საფრთხის თაობაზე, რომ ძმისგან ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე მიღებული ქონება ს- ,,ფ----------------------–--ს’’ მიმართ არსებული დავალიანების დაფარვას შეიძლებოდა მოხმარებოდა. მასვე უნდა დაედასტურებინა, თუ რამ განაპირობა ხელშეკრულების დადება დროის სწორედ ისეთ მონაკვეთში, როდესაც მჩუქებელს ს- ,,ფ----------------------–--ს’’ სახელზე ქონების შენარჩუნების ინტერესი ჰქონდა. აღსანიშნავია, რომ ფ-------- ბ---------ს ამგვარი მტკიცება პირველი ინსტანციის სასამართლოში არ განუხორციელებია, მას არც პირველი ინსტანციის სასამრთლოს გადაწყვეტილეა გაუსაჩივრებია.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ აპელანტმა მტკიცების ტვირთის ჯეროვანი განაწილების ფარგლებში ვერ დაადასტურა მის მტკიცების საგანში შემავალი გარემოებები, კერძოდ, მიუხედავად გარიგების უსასყიდლობისა და გარიგების მხარეთა ახლო-ნათესაური კავშირისა ნების გამოვლენის ნამდვილობა იმ პირობებში, როდესაც მესამე პირს ჰქონდა ქონებრივი ხასიათის მოთხოვნები ქონების უსასყიდლოდ განმკარგავის, მოცემულ შემთხვევაში, ჯ--–--– ა-–----ს მიმართ, შესაბამისად, პალატა მიიჩნევს, რომ სადავოდ გამხდარი გარიგება ბათილია, გამოვლენილი ნების მოჩვენებითი ხასიათის გამო.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.
6. საპროცესო ხარჯები
6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ვ’’ პუნქტის შესაბამისად აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ბაჟის გადახდის ვალდებულებისგან.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ჯ--–--– ა-–----ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. მოცემულ საქმეზე უცვლელად დარჩეს ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილება.
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
სხდომის თავმჯდომარე: /ვანო წიკლაური /
მოსამართლეები: /ნათია გუჯაბიძე /
/გოდერძი გიორგიშვილი /