განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210118002533245
საქმე №2ბ/8054-19
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
31 იანვარი, 2020 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მოსამართლე - მიხეილ გოგიშვილი
სხდომის მდივანი – ნატო გოგიშვილი
აპელანტები - გ--–- ყ---–---, ი--- გ------–---
მოწინააღმდეგე მხარე - ხ----- ს--–-------
დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
სასარჩელო მოთხოვნა
1. მოპასუხეების - გ--–- ყ---–--ისა და ი--- გ------–--ისათვის, მოსარჩელის - ხ----- ს--–------ის სასარგებლოდ ზიანის - 5635,00 აშშ დოლარის ოდენობით ანაზღაურების დაკისრება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
2. მოპასუხეებს ი--- გ------–---სა და გ--–- ყ---–---ს მოსარჩელე ხ----- ს--–------ის
სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 5 635 აშშ დოლარის გადახდა.
3. სამართლებრივი მხარე სასამართლომ დაასაბუთა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე, 172-ე, 160-164-ე, 463-ე, 464-ე მუხლების საფუძველზე.
4. გადაწყვეტილება გაასაჩივრეს მოპასუხე მხარეებმა და სააპელაციო საჩივრით მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება, რომლითაც სარჩელი არ დაკმაყოფილდება.
გ--–- ყ---–--ისა და ი--- გ------–--ის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები:
5.1. აპელანტების განმარტებით, სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ ხ----- ს--–------- და ნ-----–---- ც--–------–-–---–ი ფიქტიური მოვალე და კრედიტორი იყვნენ და მათი ე.წ. სესხის ხელშეკრულება სამომავლო სასამართლო დავაზე იყო გათვლილი, რაც მათ არაკეთილსინდისიერებაზე მიუთითებს. შესაბამისად, სასამართლოს მიერ სარჩელის დაკმაყოფილება ეფუძნება საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების არასწორ და ცალმხრივ შეფასებას.
5.2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივმა უსწორობამ განაპირობა სამართლებრივი უსწორობაც, რაც გამოიხატა შემდეგში: სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და არასწორი ინტერპრეტაცია მისცა გამოყენებულ კანონს.
გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთება
6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
7. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
8. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა მოპასუხეთა სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები.
ფაქტობრივ/სამართლებრივი დასაბუთება
9. სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
9.1. უძრავი ქონება, მდებარე: ქ.თბილისი, მ----- გ-–----ი, მ--------------- V, კორპუსი 19, ბინა №72, საკადასტრო კოდით: 0----------------------, რეგისტრირებულია ხ----- ს--–------ის საკუთრებად, 2016 წლის 08 აგვისტოდან.
9.2. 2017 წლის 28 აპრილის სააღსრულებო მოქმდების განხორციელების შესახებ ოქმით, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2016 წლის 21 ოქტომბერს გაცემული №2/26204-15 სააღსრულებო ფურცლის შესაბამისად, მ----- ყ---–--ის უკანონო მფლობელობიდან უძრავი ქონების (მდებარე: ქ. თბილისი, მ----- გ-–----ი, მ--------------- V, კორპუსი 19, ბინა №72, საკადასტრო კოდი: 0----------------------) გამოთხოვის და გამოთავისუფლებული ქონების ხ----- ს--–------ის მფლობელობაში გადაცემის მიზნით, აღიწერა ბინაში არსებული მოძრავი ქონება.
9.3. მ----- ყ---–---სა და ნ-----–---- ც--–------–-–---–ს შორის (31.08.2015წ., 28.10.2015წ. და 17.11.2015წ.) გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებები, რომლებიც ითვალისწინებდა საპროცენტო სარგებლის გადახდის ვალდებულებას. ამ მიზნით ხ----- ს--–-------მ ნ-----–---- ც--–------–-–---–ს გადაუხადა 14 თვის სარგებელი, 2017 წლის აპრილის თვიდან 2018 წლის ივნისის თვემდე, რამაც ჯამურად შეადგინა 5653,00 აშშ დოლარი.
10. 2018 წლის 09 ივლისს ხ----- ს--–-------მ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და მოპასუხეების გ--–- ყ---–--ისა და ი--- გ------–--ისათვის ზიანის ანაზღაურების სახით - 5635,00 აშშ დოლარის დაკისრება მოითხოვა.
11. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნის თანახმად, ხ----- ს--–-------მ ნ-----–---- ც--–------–-–---–თან (განსახილველ საქმეში მოსარჩელის ხ----- ს--–------ის წარმომადგენელი) გააფორმა სესხის ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებდა საპროცენტო სესხის გადახდის ვალდებულებას. ამ მიზნით მოსარჩელემ გამსესხებელს გადაუხადა 14 თვის სარგებელი 2017 წლის აპრილის თვიდან 2018 წლის ივნისის თვემდე, რამაც ჯამურად შეადგინა 5653,00 აშშ დოლარი. მოსარჩელეს არ მოუწევდა ამ თანხის გადახდა, მას რომ ჰქონოდა უძრავი ქონების განკარგვის შესაძლებლობა სესხის გაფორმებითა და ბინის სარგებლობის უფლებით (საპროცენტო სარგებლის ნაცვლად), ი--- გ------–---სა და გ--–- ყ---–---ს რომ არ ჰქონოდათ უძრავი ქონება ფაქტობრივ მფლობელობაში.
12. სააპელაციო პალატა არ იზიარებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების აღნიშნულ დასკვნას და მიაჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი სესხისა და იპოთეკის (31.08.2015წ., 28.10.2015წ.,17.11.2015წ.) ხელშეკრულებების თანახმად, ხელშეკრულებები გაფორმდა მ----- ყ---–---სა და ნ-----–---- ც--–------–-–---–ს შორის და არა ხ----- ს--–-------სა და ნ-----–---- ც--–------–-–---–ს შორის, როგორც ეს მითითებულია პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაში. საქმეში წარმოდგენილი მასალებიდან არ დასტურდება, რომ ხ----- ს--–-------სა და ნ-----–---- ც--–------–-–---–ს შორის არსებობდა სახელშეკრულებო ურთიერთობა. აღნიშნული ფაქტი თბილისის სააპელაციო სასამართლოში 2020 წლის 17 იანვარს გამართულ სასამართლო სხდომაზეც უარყვეს მხარეებმა (იხ. 17.01.2020წ. სასამართლო სხდომის ოქმი). შესაბამისად, გაუგებარია რის საფუძველზე დაადგინა და მიიჩნია მითითებული გარემოება უდავო ფაქტობრივ გარემოებად პირველი ინსტანციის სასამართლომ. ამასთან, სასამართლო მიუთითებს, რომ აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებას მოპასუხე მხარე არ შედავებია, რაც ასევე არ დასტურდება საქმეში არსებული მასალებიდან და პირველ ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმებიდან. მითითებული გარემოებიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა, როგორც ფაქტობრივ გარემოებებს, ისე მტკიცებულებებს, ანუ სახეზეა სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეუსაბამობა საქმეში არსებულ მტკიცებულებებთან, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მოთხოვნების დარღვევაზე მიუთითებს. ამასთან, პალატას მიაჩნია, რომ მოპასუხე მხარეთა ბრალეულობა საქმის მასალებით არ დასტურდება. კერძოდ:
12.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. განსახილველი დავა უნდა განვიხილოთ დელიქტური ვალდებულების ჭრილში, ვინაიდან, მოდავე მხარეებს შორის ხელშეკრულება არ არსებულა, ანუ მხარეები ერთმანეთთან არ ყოფილან ვალდებულებით ურთიერთობაში.
12.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლში მოცემულია დელიქტურ ვალდებულებების წარმოშობის საფუძვლები. ასეთი სახის ვალდებულების წარმოიშობისათვის სახეზე უნდა იყოს ზიანის მიმყენებლის მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედება, რომელმაც გამოიწვია დაზარალებულის სამოქალაქო უფლებების დარღვევა. დელიქტური ვალდებულება მიმართულია მიყენებული ქონებრივი ან მორალური ზიანის ანაზღაურებისაკენ.
12.3. კონკრეტულ შემთხვევაში, შესაფასებელია ის გარემოება, თუ რამდენად მიუთითებენ სარჩელით განსაზღვრული წინაპირობები მატერიალური ზიანის ანაზღაურების საფუძვლიანობაზე. ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის საფუძვლიანობის დადგენის მიზნით შესამოწმებელია შემდეგი წინაპირობების არსებობა: ქმედების მართლსაწინააღმდეგობა, ბრალეულობა, ზიანი, მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს (ზიანს) შორის.
12.4. ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს (სსკ-ის 412-ე მუხლი). ზიანის სავარაუდობა დგინდება გონივრულობის თვალსაზრისით და არ განისაზღვრება ვალდებულების დამრღვევის სუბიექტური შესაძლებლობებით.
12.5. პალატა აღნიშნავს, რომ სამოქალაქო სამართალში მართლწინააღმდეგობად მიიჩნევა სხვა პირთა დაცული ინტერესის ხელყოფა, რომელიც მოიცავს როგორც კანონით დადგენილი წესების, ისე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევას. მართლწინააღმდეგობის არსი ისაა, რომ ქმედება არღვევს სამართლის ნორმით გამოხატული მოქმედების ან უმოქმედობის ვალდებულებას. მართლწინააღმდეგობა სამართალდარღვევის ობიექტური ნიშანია და მისი არსებობა არ არის დამოკიდებული მოვალის ცნობიერების ხასიათზე, ანუ იმაზე, აცნობიერებდა თუ არა ის თავისი მოქმედების სამართლებრივ ხასიათს. დოქტრინისეული ცნებიდან გამომდინარე, მართლწინააღმდეგობის შეცნობას უკავშირდება ბრალი. ანუ პირი ბრალეულად მოქმედებს თუ მას გააზრებული აქვს ის, რომ მისი ქმედებით ილახება სხვისი უფლება და ხელყოფას არ გააჩნია კანონიერი საფუძველი.
12.6. განსახილველ შემთხვევაში, სადავოა მოპასუხეთა ბრალეულობის საკითხი. კერძოდ, თუ რამდენად სავარაუდო იყო მათთვის ის ზიანი, რომელიც განიცადა მოსარჩელე მხარემ. თავის მხრივ, მოპასუხეები მათ ქმედებაში ბრალის არარსებობაზე მიუთითებენ. განსახილველ შემთხვევაში, პალატას მიაჩნია, რომ ზიანის სავარაუდობისა და გონივრულობის თვალსაზრისით მნიშვნელოვანია დადგინდეს იყვნენ, თუ არა ინფორმირებულნი ი--- გ------–--- და გ--–- ყ---–---, რომ ხ----- ს--–------- აპირებდა სადაო ბინის სანივთო სამართლებრივი უფლებით დატვირთვას (უპროცენტო სესხითა და იპოთეკით დატვირთვას ბინის სარგებლობის უფლებით) და ამ გზით ნ-----–---- ც--–------–-–---–ისათვის დავალიანების გასტუმრებას, პროცენტიანი სესხის უპროცენტო სესხით ჩანაცვლებას და შედეგად, დამატებითი პროცენტების გადახდისგან თავის არიდებას.
12.7. საქართველოს უზენაესი სასამართლო, მყარ პრაქტიკაზე დაყრდნობით, არაერთ გადაწყვეტილებაში განმარტავს, რომ მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტის მიხედვით მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს (იხ. სუსგ-ებები: #ას-944-894-2015, 27.11. 2015წ.; #ას-1326-1252-2012, 25.03.2013 წ.; #ას-1142-1071-2012, 07.03,2013 წ.). მოცემულ შემთხვევაში, ამ ტვირთის მატარებელია მოსარჩელე მხარე, რომელიც ვალდებულია დაამტკიცოს ზიანის მიმყენებლის ბრალი, ზიანის არსებობა და მისი მოცულობა, ასევე, მიზეზობრივი კავშირი მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.
12.8. მოსარჩელეთა მიერ საქმეში არ არის წარმოდგენილი არც ერთი მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდება, რომ მოპასუხეთათვის ცნობილი იყო, იმ გარემოების თაობაზე, რომ ხ----- ს--–------- აპირებდა სადაო ბინის სანივთო სამართლებრივი უფლებით დატვირთვას. მოსარჩელის მიერ საქმეში წარმოდგენილია 2017 წლის 09 ნოემბრის წინარე შეთანხმება, რომელიც დადებულია თ----- წ--–-----სა და ხ----- ს--–-------ს შორის, თუმცა იმ ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდება, რომ მოპასუხეთათვის ცნობილი იყო მითითებული შეთანხმების შესახებ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი არ ყოფილა. ამასთან, ხ----- ს--–------- მოპასუხეთათვის ზიანის ანაზღაურებას ითხოვს 2017 წლის აპრილის თვიდან 2018 წლის ივნისამდე, მითითებული შეთანხმება კი დადებულია 2017 წლის 09 ნოემბერს, ანუ ზიანის მოთხოვნილი პერიოდიდან (აპრილის თვიდან) შვიდი თვის შემდგომ, რითაც კიდევ ერთხელ დასტურდება ის გარემოება, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი წინარე შეთანხმება არ არის რელევანტური და სამართლებრივად წონადი მტკიცებულება მოპასუხეთათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრების საფუძვლიანობის დასადასტურებლად.
12.9. პალატა მიუთითებს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 75-ე მუხლის მე-4 პუნქტზე, რომლის თანახმად, თუ იძულებით აღსრულებას ახორციელებს კრედიტორი, რომლის მოთხოვნა არ არის უზრუნველყოფილი, საკუთრების გადასვლის მიუხედავად, ქონებაზე საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უფლებები უცვლელი რჩება. თუ იძულებით აღსრულებას ახორციელებს იპოთეკარი/მოგირავნე, საკუთრების გადასვლის შედეგად უქმდება ყველა სანივთო უფლება (გარდა საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლებისა), რომლებიც ქონებაზე რეგისტრირებულია იძულებითი აღსრულების განმახორციელებელი კრედიტორის იპოთეკის შემდეგ. თუ იძულებითი აღსრულების განმახორციელებელი იპოთეკარები არიან საქართველოში რეგისტრირებული კომერციული ბანკი, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, სადაზღვევო ორგანიზაცია, საერთაშორისო ან „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად განსაზღვრული განვითარებული ქვეყნების საფინანსო ინსტიტუტები, საკუთრების გადასვლის შედეგად უქმდება ქონებაზე ასეთი კრედიტორის იპოთეკის შემდეგ რეგისტრირებული საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლებაც. ქონებაზე ადრე რეგისტრირებული უფლებები (მათ შორის, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება) ყველა შემთხვევაში უცვლელი რჩება.
12.10.განსახილველ შემთხვევაში, იპოთეკარმა - ნ-----–---- ც--–------–-–---–მა განახორციელა იძულებითი აღსრულება. ხ----- ს--–-------მ 2016 წლის აგვისტოს თვეში აუქციონზე შეიძინა სადაო ბინა. ბინას აუქციონის შემდგომ გადაჰყვა სანივთო უფლება, კერძოდ, იპოთეკა 2015 წლის 31 აგვისტოს, 2015 წლის 28 ოქტომბრისა და 2015 წლის 17 ნოემბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებების საფუძველზე.
12.11.პალატა არ იზიარებს მოსაზრებას, რომ ხ----- ს--–-------ზე ბინა გადავიდა, როგორც სანივთო, ასევე ვალდებულებითი უფლებითაც დატვირთული, ვინაიდან სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების არსებობისას, იძულებითი აღსრულების შედეგად ქონების აუქციონზე რეალიზაციისას, სასესხო ურთიერთობა არ მიყვება ნივთებს. სასესხო ურთიერთობაში რჩებიან მსესხებელი და გამსესხებელი. ნივთს გადაყვება მხოლოდ სანივთო უფლება - იპოთეკა.
12.12.აღნიშნული ფაქტი, კიდევ ერთხელ გამორიცხავს მოპასუხეთა მიერ მოსარჩელისათვის ზიანის მიყენების სავარაუდობას. კერძოდ, კანონის დანაწესიდან გამომდინარე, სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების მოვალეობა ქონდა მ----- ყ---–---ს. მ----- ყ---–--- იყო ვალდებული გადაეხადა ნ-----–---- ც--–------–-–---–ისაგან ნასესხები თანხა. ამიტომ მოპასუხეთათვის ვერ იქნებოდა უდავოდ ცნობილი ის ფაქტი, რომ ხ----- ს--–------- აპირებდა მ----- ყ---–--ის მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულებას და აღნიშნული ვალდებულების შესრულების მიზნით სადაო ბინის უპროცენტო სესხითა და იპოთეკით დატვირთვას.
12.13. სამოქალაქო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო მტკიცებულებებს აფასებს მათი სარწმუნოობისა და არასარწმუნოობის თვალსაზრისით და იმის მიხედვით, თუ საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე რომელ ფაქტს ადასტურებს კონკრეტული მტკიცებულება. მტკიცებულებათა შეფასება მოსამართლის შინაგანი რწმენით არ ნიშნავს სრულიად უანგარიშგებო დასკვნების გაკეთების უფლებას. სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში უნდა მიუთითოს მოსაზრებაზე, რის გამოც მან ზოგიერთი მტკიცებულება ცნო უტყუარად, ხოლო სხვები სარწმუნოდ. არავითარ მტკიცებულებას სასამართლოსათვის არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ნებისმიერი მტკიცებულება სასამართლომ შეიძლება უარყოს, ან პირიქით, მიიღოს, თუ მტკიცებულების ობიექტური შინაარსი შეესაბამება საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. საპროცესო კანონმდებლობით თითოეულ მხარეს ევალება წარადგინოს საკუთარი პოზიციის გასამყარებლად ისეთი მტკიცებულებები, რომელიც მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტის შესატყვისად, აძლევს შესაძლებლობას, კონკრეტული გარემოება თუ ფაქტი დაადასტუროს. სასამართლო მტკიცებულებათა ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიდის დასკვნამდე მხარის მოსაზრების დასამტკიცებლად თითოეულის ვარგისიანობისა და სამართლებრივი წონადობის თაობაზე.
12.14. თითოეულმა მხარეს ეკისრება, როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების ტვირთი, რაც სათანადო მტკიცებულებების წარდგენით უნდა განხორციელდეს (სსსკ-ის 102-ე მუხლი). დასახელებული ნორმა წარმოადგენს მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების ზოგად, პროცესუალურ სტანდარტს და ადგენს ვალდებულ პირს, რომელმაც მტკიცების საგანში შემავალი ფაქტი სათანადო გარემოებებზე მითითებითა და დასაშვები მტკიცებულებების წარდგენით უნდა დაადასტუროს. განსახილველ შემთხვევაში, პალატას მიაჩნია, რომ მოსარჩელის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა იმ გარემოების დადასტურება, რომ მოპასუხეთათვის ცნობილი იყო, იმ ფაქტის თაობაზე, რომ ხ----- ს--–------- აპირებდა სადაო ბინის სანივთო სამართლებრივი უფლებით დატვირთვას და ამ გზით ნ-----–---- ც--–------–-–---–ისათვის დავალიანების გასტუმრებას, თუმცა მან ასეთი მტკიცება სასამართლოს ვერ წარუდგინა.
12.15. აღნიშნულიდან გამომდინარე, მარტოოდენ პრეტენზიის გაცხადება, სამართლებრივად წონადი მტკიცებულებების არქონის პირობებში სააპელაციო სასამართლოს უქმნის რწმენას, რომ მხარეთა დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე, მოსარჩელემ საქმის განხილვის ვერც ერთ სტადიაზე ვერ მოახდინა კუთვნილი მტკიცების ტვირთის რეალიზება (სსსკ-ის მე-3, მე-4, 102-ე, 105-ე მუხლები), ვერ დაძლია მოწინააღმდეგის არგუმენტები და ვერ დაამტკიცა სარჩელში მითითებული გარემოებები. მტკიცების ნაკლი კი სამართალწარმოებაში მხარისათვის არასასურველ შედეგს იწვევს.
12.16. აღნიშნული გარემოება დამდგარი ზიანის მიმართ მოპასუხეთა ქმედების ბრალეულობას გამორიცხავს, რაც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია, მოპასუხეთა ქმედებაში ბრალის არარსებობის გამო.
შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
13. ამდენად, სააპელაციო პალატა ასკვნის, რომ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება.
საპროცესო ხარჯები
14. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
15. განსახილველ შემთხვევაში, აპელანტები გათავისუფლებული არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე- 5 მუხლის პირველი ნაწილის „მ1“ ქვეპუნტის საფუძველზე. შესაბამისად, ვინაიდან, სააპელაციო საჩივარი სრულად დაკმაყოფილდა ხ----- ს--–-------ს უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდა 663 ლარის ოდენობით.
სარეზოლუციო ნაწილი:
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 391-ე, 397-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. გ--–- ყ---–--ისა და ი--- გაჩეჩლაძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება.
3. ხ----- ს--–------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
4. დაეკისროს ხ----- ს--–-------ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის 663 ლარის გადახდა.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით.
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე მიხეილ გოგიშვილი