განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 27.11.2019
საქმის ნომერი
080210018002339299
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ნარდობა
თარიღი
27.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №080210018002339299

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქმე №2/ბ-36-19 27 ნოემბერი, 2019 წელი

ქ. ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: ლაურა მიქავა სხდომის მდივანი - ბექა გიორგაძე

 

აპელანტი (მოსარჩელე) წარმომადგენელი მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) წარმომადგენელი - სსიპ და–---–----------------------------ო - თე--------- მუ-------–- - შპს ,,არ--------“ - ვლ------------------

დავის საგანი - პირგასამტეხლოს დაკისრება -

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილება

 

1. აპელანტის მოთხოვნა: გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

- სსიპ და–---–----------------------------ოს სარჩელი არ დაკმაყოფილდა;

- მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილი იქნა;

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.1. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ და–---–----------------------------ოსა და შპს „არ-------“-ს შორის 2016 წლის 09 ნოემბერს დაიდო №ეტ-14 ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ, რომლის საგანს წარმოადგენდა იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციაში, პრომეთეს მღვიმეში დაზიანებული მონაკვეთის აღდგენა (გამაგრება-გაძლიერება) მიზნით ჩასატარებელი სამშენებლო სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულება;

 

2.2. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №ეტ-14 ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრა 67260 ლარით (ხელშეკრულების 3.2 პუნქტი). №ეტ-14-2 შეთანხმების აქტით სახელშეკრულებო ღირებულება შეიცვალა და განისაზღვრა 66923,71 ლარით. შპს „არ--------"-ს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები უნდა დაესრულებინა ხელშეკრულების გაფორმებიდან 45 დღის ვადაში. აღნიშული ვადა მხარეთა შეთანხმების აქტით (№ეტ-14-1,12.01.2017) შეიცვალა და მხარეები შეთანხმდნენ, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები უნდა განხორციელებულიყო ხელშეკრულების გაფორმებიდან 58 კალენდარული დღის განმავლობაში გეგმა-გრაფიკის შესაბამისად. ხელშეკრულების 3.3. პუნქტის თანახმად სამუშაოების ჩამონათვალი, ერთეულის და საერთო ღირებულება გაწერილი იყო შესასრულებელი სამუშაოების ხარჯთაღრიცხვაში;

 

2.3. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს და მოპასუხე შპს „არ--------„-ს შორის 2016 წლის 09 ნოემბერს გაფორმებული ხელშეკრულების პირობების შესრულებაზე კოტროლისა და ზედამხედველობის მიზნით სსიპ და–---–----------------------------ოს 2016 წლის 17 ნოემბრის №5/ა1302 ბრძანებით შეიქმნა ინსპექტირების ჯგუფი, რომლის ერთ-ერთ ფუნქციას წარმოადგენდა ხელშეკრულების შესრულების ვადების კონტროლი;

 

2.4. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №ეტ-14 ხელშეკრულების 13.1. პუნქტის თანახმად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისათვის დადგენილი ვადების დარღვევის შემთხვევაში, ყოველ ვადაგადაცილებული დღისათვის მხარეს დაეკისრებოდა პირგასამტეხლო ხელშეკრულების ღირებულების 0,05%-ის ოდენობით. 13.2. პუნქტის თანახმად, გეგმა-გრაფიკის დარღვევის შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებული იყო ორი კვირის ვადაში გაესწორებინა არსებული ჩამორჩენა გეგმა-გრაფიკით გათვალისწინებულ ვადებთან, წინააღმდეგ შემთხვევაში მიმწოდებელი დარღვეულ (ორი კვირა) და შემდგომ პერიოდზე, 13.1. პუნქტის გარდა დამატებით გადაიხდიდა პირგასამტეხლოს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 50 ლარის ოდენობით, გარდა იმ შემთხვევევისა, თუ ჩამორჩენა ან მისი გამოსწორების ვადის უშედეგოდ გასვლა გამოწვეული იქნებოდა შემსყიდველის მიზეზით;

 

2.5. 2017 წლის 31 იანვარს მხარეთა შორის გაფორმდა სამუშაოს დასრულების აქტი №ეტ-14, რომლის თანახმად, სსიპ და–---–--------------------------------ს და შპს არ-------ს შორის 2016 წლის 09 ნოემბერს გაფორმებული ხელშეკრულება №ეტ-12-ით გათვალისწინებული სამუშაოები, კერძოდ: პრომეთეს მღვიმის ბუნების ძეგლის დაზიანებული სანაოსნო მონაკვეთის აღდგენის სამუშაოების დასრულებულია. აქტს ხელს აწერს იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის დირექტორი, დაცვის განყოფილების უფროსი, ადმინისტრაციული განყოფილების უფროსი და შპს „არ--------ს“ დირექტორი;

 

2.6. შპს „არ--------„-ს მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო უნდა დასრულებულიყო ხელშეკრულების გაფორმებიდან 45 კალენდარულ დღეში, რაც მხარეთა შორის 2017 წლის 12 იანვარს გაფორმებული №ეტ-14-1 შეთანხმებით განისაზღვრა 58 დღით. ანუ პრომეთეს მღვიმეში დაზიანებული მონაკვეთის აღდგენის (გამაგრება-გაძლიერება) მიზნით ჩასატარებელი სამშენებლო სარეაბილიტაციო სამუშაოები უნდა დასრულებულიყო 2017 წლის 06 იანვარს. დადგენილია, რომ შპს „არ-------მა„ სამუშაოები დაასრულა 2017 წლის 31 იანვარს;

 

მოსარჩელე მხარის მტკიცებით მოპასუხის მიერ შესრულებული სამუშაოს ვადაგადაცილებულ დღეთა რაოდენობამ შეადგინა 25 დღე. ასევე მოპასუხის მიერ ვადაგადაცილებით იქნა შესრულებული ცალკეული სამუშაოები, კერძოდ: 1. სამშენებლო სამუშაოები (წყლის ამოტუმბვა) 2017 წლის 12 იანვრის შეთანხმების აქტით სამუშაოები უნდა დასრულებულიყო 2016 წლის 06 იანვარს. სამუშაოთა წარმოების ჟურნალის გათვალისწინებით დასრულდა 2017 წლის 27 იანვარს. გეგმა გრაფიკით გათვალისწინებულ პერიოდზე ვადაგადაცილებულ დღეთა რაოდენობამ შეადგინა 21 დღე. უბანი №1-ის გამაგრებითი სამუშაოები უნდა დასრულებულიყო 2017 წლის 04 იანვარს. სამუშაოთა წარმოების ჟურნალის გათვალისწინებით დასრულდა 2017 წლის 27 იანვარს. გეგმა-გრაფიკით გათვალისწინებულ პერიოდზე გადაცილებულ დღეთა რაოდენობამ შეადგინა 23 დღე. უბანი №2-ის გამაგრებითი სამუშაოები უნდა დასრულებულიყო 2016 წლის 27 დეკემბერს. სამუშაოთა წარმოების ჟურნალის გათვალისწინებით დასრულდა 2017 წლის 27 იანვარს. გეგმა-გრაფიკით გათვალისწინებულ დღეთა რაოდენობამ შეადგინა 31 დღე. მიმწოდებლის მიერ დაირღა 2016 წლის 09 ნოემბერს გაფორმებული №ეტ-14 ხელშეკრულების 13 მუხლის 13.1. და 13.2. პუნქტის მოთხოვნები. ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების დასრულების ვადაგადაცილებული დღეების რაოდენობამ შეადგინა 25 დღე. ხოლო გეგმა-გრაფიკით გათვალისწინებული ვადაგადაცილების დღეების რაოდენობამ შეადგინა 75 დღე;

 

2.7. 2017 წლის 09 ივნისს მოსარჩელემ მოპასუხეს წერილობით აცნობა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების მიწოდების ვადების დარღვევის თაობაზე და განესაზღვრა ვადა პირგასამტეხლოს გადახდასთან დაკავშირებით;

 

2.8. მოპასუხე მხარე არ დაეთანხმა 3.2.1. პუნქტში მითითებულ გარემოებას. მოპასუხის განმარტებით 2016 წლის 24 დეკემბერს სამუშაოების მიმდინარეობისას გამოვლინდა ახალი გარემოებები, რის გამოც №1 უბანზე არსებული პროექტის შესაბამისად სამუშაოების გაგრძელება შეუძლებელი გახდა, აღნიშნულის შესახებ ეცნობა სსიპ და–---–----------------------------ოს. 2016 წლის 26 დეკემბერს (პროექტის დამთავრებამდე 11 დღით ადრე) ახლადგამოვლენილი გარემოებები დათვალიერებული იქნა ობიექტზე და გადაწყდა არსებული საპროექტო დოკუმენტაციის კორექტირება და კორექტირებული საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესაბამისად №ეტ-14 ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანა, რაც განხორციელდა 2017 წლის 23 იანვარს. ხელშეკრულებით მიმწოდებელს სამუშაოს შესასრულებლად განსაზღვრული ჰქონდა 58 დღე, მიმწოდებელს სამუშაოს შესასრულებლად 23 იანვრიდან 11 დღე დარჩენილი ჰქონდა და მოსარჩელეს ეს ვადა უნდა გაეთვალისწინებინა. კორექტირებული ხარჯთაღრიცხვით განისაზღვრა გაუთვალისწინებელი სამუშაოების შესრულება, კერძოდ დამატებითი ანკერების მოწყობა. კლდოვან მასივში თაღოვანი რიგელის საყრდენი სვეტების ჩასამაგრებლად. ასევე კლდოვან მასივში ბურღილის მოწყობა და მასში სვეტის საყრდენი ლითონის კონსოლის ჩაბეტონება. თუ არ მოეწყობოდა სვეტები, ვერ შესრულდებოდა სხვა სამუშაოები, სვეტების დამაგრება გათვალისწინებული იქნა 2017 წლის 23 იანვრის კორექტირებული ხარჯთაღრიცხვით. ამასთან ხელშეკრულების 5.7. პუნქტის თანახმად ვერ მოხდებოდა სამუშაოს შერულება თუ არ განხორციელდებოდა შესაბამისი დამატება ან თანხმობა დამატებითი სამუშაოს შესრულებაზე;

 

2.9. 2017 წლის 23 იანვარს მხარეთა შორის გაფორმდა შეთანხმების აქტი №ეტ-14-2, რომლითაც შემცირდა სახელშეკრულებო ღირებულება 336,29 ლარით. ამავე შეთანხმების აქტის მე-2 პუნქტის თანახმად შპს ,,არ--------ს" მიერ 10 დეკემბრის №229 წერილში მოყვანილი საკითხები გათვალისწინებული იქნა მიმწოდებლის მიერ სამუშაოთა ფორმა №2-ში. ასევე განისაზღვრა ხარჯთაღრიცხვა შეთანხმების აქტზე თანდართული ხარჯთაღრიცხვის შესაბამისად. კორექტირებული ხარჯთაღრიცხვით განისაზღვრა გაუთვალისწინებელი სამუშაოების შესრულება, კერძოდ დამატებითი ანკერების მოწყობა. კლდოვან მასივში თაღოვანი რიგელის საყრდენი სვეტების ჩასამაგრებლად. ასევე კლდოვან მასივში ბურღილის მოწყობა და მასში სვეტის საყრდენი ლითონის კონსოლის ჩაბეტონება. გაუთვალისწინებელ სამუშაოებში შედიოდა რკინაბეტონის რიგელის და სვეტების ზედაპირის დაფარვა და სხვა. დადგენილია, რომ შპს არ--------„-მა სამუშაოები დაასრულა №ეტ-14-2 ცვლილების გაფორმებიდან (2017 წლის 23 იანვარი) 7 დღის განმავლობაში (2017 წლის 31 იანვარს);

 

2.10. სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ №2 უბანზე შესასრულებელი სამუშაო დასრულდა 2016 წლის 27 დეკემბერს, რაც დასტურდება სამუშაოთა წარმოების ჟურნალის ჩანაწერებით და 2016 წლის 28 დეკემბერს გაფორმებული №9 ფარული სამუშაოების აქტით, რომელსაც ხელს აწერს სსიპ და–---–----------------------------ოს ინსპექტირების ჯგუფის უფროსი.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.11. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური;

 

2.12. დავა რომლითაც მოსარჩელე ითხოვდა პირგასამტეხლოს დაკისრებას მოპასუხეზე ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის და გეგმა გრაფიკით გათვალისწინებული ვადების დარღვევის გამო, გამომდინარეობდა სსიპ და–---–----------------------------ოს და შპს „არ--------„-ს შორის 2016 წლის 09 ნოემბერს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ დადებული №ეტ-14 ხელშეკრულებიდან, რომლის მიხედვით ხელშეკრულების შესყიდვის ობიექტს წარმოადგენდა იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციაში, პრომეთეს მღვიმეში დაზიანებული მონაკვეთის აღდგენის (გამაგრება-გაძლიერება) მიზნით ჩასატარებელი სამშენებლო სარეაბილიტაციო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა;

 

2.13. მხარეები შეთანხმდნენ ხელშეკრულების არსებით პირობებზე: ხელშეკრულებების საგანზე - პრომეთეს მღვიმეში დაზიანებული მონაკვეთის აღდგენის (გამაგრება- გაძლიერება) მიზნით ჩასატარებელი სამშენებლო სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულების თაობაზე. ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრა 67260 ლარით, მხარეები შეთანხმდნენ სამუშაოთა შესრულების ვადაზე - შპს „არ--------„-ს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები უნდა დაესრულებინა ხელშეკრულების გაფორმებიდან 45 დღის ვადაში. აღნიშული ვადა 2017 წლის 12 იანვრის მხარეთა შეთანხმების აქტით (№ეტ-14-1) შეიცვალა და მხარეები შეთანხმდნენ, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები უნდა განხორციელებულიყო ხელშეკრულების გაფორმებიდან 58 კალენდარული დღის განმავლობაში (2017 წლის 06 იანვრის ჩათვლით) გეგმა-გრაფიკის შესაბამისად. ხელშეკრულების 3.3. პუნქტის თანახმად სამუშაოების ჩამონათვალი, ერთეულის და საერთო ღირებულება გაწერილია შესასრულებელი სამუშაოების ხარჯთაღრიცხვაში;

 

2.14. მოსარჩელე ამტკიცებდა, რომ მოპასუხემ დაარღვია სახელშეკრულებო პირობები, რის გამოც მას ეკისრება პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება. საგულისხმოა, რომ მოსარჩელე მხარე არ დავობდა ვალდებულების შესრულებაზე, დავის საგანს წარმოადგენდა მოპასუხის მიერ სამუშაოს დაგვიანებით შესრულების და გეგმა-გრაფიკის დარღვევის გამო პირგასამტეხლოს დაკისრება;

 

2.15. მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2016 წლის 24 დეკემბერს სამუშაოების მიმდინარეობისას გამოვლინდა ახალი გარემოებები, რის გამოც №1 უბანზე არსებული პროექტის შესაბამისად სამუშაოების გაგრძელება შეუძლებელი გახდა. 2016 წლის 26 დეკემბერს (პროექტის დამთავრებამდე 11 დღით ადრე) ახლადგამოვლენილი გარემოებები დათვალიერებული იქნა ობიექტზე და გადაწყდა არსებული საპროექტო დოკუმენტაციის კორექტირება და კორექტირებული საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესაბამისად №ეტ-14 ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანა. 2017 წლის 23 იანვარს მხარეთა შორის გაფორმებული შეთანხმების აქტით №ეტ-14-2 დადგენილია, რომ სსიპ და–---–--------------------------------ს და შპს არ------- შორის შედგა შეთანხმების აქტი №ეტ-14-2, რომლითაც შემცირდა სახელშეკრულებო ღირებულება 336,29 ლარით. ამავე შეთანხმების აქტის მე-2 პუნქტის თანახმად, შპს არ--------ს მიერ 10 დეკემბრის №229 წერილში მოყვანილი საკითხები გათვალისწინებული იქნა მიმწოდებლის მიერ სამუშაოთა ფორმა №2-ში. ასევე განისაზღვრა ხარჯთაღრიცხვა შეთანხმების აქტზე თანდართული ხარჯთაღრიცხვის შესაბამისად. კორექტირებული ხარჯთაღრიცხვით განისაზღვრა გაუთვალისწინებელი სამუშაოების შესრულება, კერძოდ დამატებითი ანკერების მოწყობა. კლდოვან მასივში თაღოვანი რიგელის საყრდენი სვეტების ჩასამაგრებლად. ასევე კლდოვან მასივში ბურღილის მოწყობა და მასში სვეტის საყრდენი ლითონის კონსოლის ჩაბეტონება. გაუთვალისწინებელ სამუშაოებში შედიოდა რკინაბეტონის რიგელის და სვეტების ზედაპირის დაფარვა და სხვა. მხარეებს შორის №ეტ14-2 ცვლილება კორექტირებული საპროექტო სახარჯთააღრიცხვო დოკუმენტაციის შესაბამისად გაფორმდა 2017 წლის 23 იანვარს;

 

2.16. საქართველოს ტექნიკური უნივერსისტიტის წერილის თანახმად, გასამაგრებელ №1 უბანზე, სამუშაოების მსვლელობის პროცესში საჭირო გახდა დამატებითი სამუშაოების შესრულება, საჭირო გახდა საყრდენი სვეტის 16 ცალი ანკერით მიმაგრება გვერდით ძირითად ქანზე. აღნიშნული წერილით ასევე დასტურდება, რომ აუცილებელი იყო წყლიდან ქვიშის დამატებითი მასის გატანა წყალდიდობის გამო. საჭირო გახდა მღვიმიდან გამოსული წყლის მიმღები მდინარის კალაპოტის გაწმენდა (დაგდება), რამაც მოითხოვა დამატებითი კვლევითი სამუშაოების ჩატარება;

 

2.17. ხელშეკრულების 5.7. პუნქტის თანახმად, მიმწოდებელი ვალდებული იყო მოეპოვებინა შემსყიდველის თანხმობა ნებისმიერ გადახვევაზე, მასთან შეთანხმებული გეგმებიდან, ნახაზებიდან და მასალებიდან, რომელთა ნიმუშები უკვე წარედგინა შემსყიდველს. ამასთან მიმწოდებელი არ იყო უფლებამოსილი დამატებით საზღაურისა და გრაფიკის გაგრძელებაზე, თუ არ განხორციელდებოდა შესაბამისი დამატება ან არ იქნებოდა მიღებული დამკვეთის წერილობითი თანხმობა (განკარგულება ან შესაბამისი წესით გაფორმებული შეთანხმების აქტი) აღნიშნული სამუშაოს შესრულებაზე. აღნიშნული შეთანხმების გათვალისწინებით მიმწოდებლის მიერ 23 იანვრამდე სამუშაოს შესრულება შეჩერებული იყო;

 

2.18. წარმოდგენილი მტკიცებულების საფუძველზე სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, შპს ,,არ-------“-მა სამუშაოები დაასრულა №ეტ-14-2 ცვლილების გაფორმებიდან (2017 წლის 23 იანვარი) 7 დღის განმავლობაში (2017 წლის 31 იანვარს). მოსარჩელე მხარეს ზემოთაღნიშნული გარემოების მიუხედავად მიმწოდებლისათვის ხელშეკრულების 13.2. პუნქტის შესაბამისად არ განუსაზღვრია ორ კვირიანი ვადა გაესწორებინა არსებული ჩამორჩენა გეგმა-გრაფიკით გათვალისწინებულ ვადებთან;

 

2.19. ხელშეკრულების 13.1 მუხლით განისაზღვრა, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისათვის დადგენილი ვადების დარღვევის შემთხვევაში ყოველ ვადაგადაცილებული დღისათვის მხარეს დაეკისრებოდა პირგასამტეხლო ხელშეკრულების ღირებულების 0,05%-ის ოდენობით. ამავე ხელშეკრულების 13.2. პუნქტის თანახმად, წარმოდგენილი გეგმა გრაფიკის დარღვევის შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია ორი კვირის ვადაში გაასწოროს არსებული ჩამორჩენა გეგმა-გრაფიკით გათვალისწინებული ვადებიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში მიმწოდებელი დარღვეულ (ორი კვირა) და შემდგომ პერიოდზე 13.1. პუნქტის გარდა დამატებით გადაიხდის პირგასამტეხლოს ყოველ ვადაგადაცდენილ დღეზე 50 ლარის ოდენობით, გარდა იმ შემთხვევისა თუ ჩამორჩენა ან მისი გამოსწორების ვადის უშედეგოდ გასვლა გამოწვეულია შემსყიდველის მიზეზით;

 

2.20. მართლია, ხელშეკრულებების 13.1. და 13.2. პუნქტებით განისაზღვრა პირგასამტეხლოს არსებობა, მათი დარიცხვის წესი და ოდენობა, რომელიც მხოლოდ მაშინ იწყებდა ამოქმედებას თუკი გეგმა-გრაფიკის დარღვევის შემთხვევაში მიმწოდებელი 2 კვირის ვადაში არ გაასწორებდა არსებულ ჩამორჩენას გეგმა-გრაფიკით გათვალისწინებული ვადებიდან, თუმცა წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ხელშეკრულების იმ პირობის დარღვევაში, რომელიც ეხება ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებისათვის დადგენილი ვადების და გეგმა-გრაფიკით გათვალისწინებული ვადების დარღვევით შესრულებას, მოპასუხე მხარეს ბრალი არ მიუძღვის, რადგან მხარეებს შორის №ეტ14-2 ცვლილება კორექტირებული საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესაბამისად გაფორმდა 2017 წლის 23 იანვარს, რის გამოც №1 უბანზე 23 იანვრამდე სამუშაოს შესრულება შეჩერებული იყო. კორექტირებული ხარჯთაღრიცხვით განისაზღვრა გაუთვალისწინებელი სამუშაოების შესრულება, კერძოდ დამატებითი ანკერების მოწყობა. კლდოვან მასივში თაღოვანი რიგელის საყრდენი სვეტების ჩასამაგრებლად. ასევე კლდოვან მასივში ბურღილის მოწყობა და მასში სვეტის საყრდენი ლითონის კონსოლის ჩაბეტონება;

 

2.21. 2016 წლის 09 ნოემბრის №ეტ14 ხელშეკრულების 13 მუხლის 13.2 პუნქტის თანახმად მიმწოდებელი არ არის ვალდებული გადაიხადოს გეგმა-გრაფიკის დარღვევისათვის გათვალისწინებული პირგასამტეხლო, რადგან სამუშაოს გასაგრძლებლად აუცილებელი №ეტ14-2 შეთანხმება სსიპ და–---–----------------------------ომ მხოლოდ 2017 წლის 23 იანვარს გააფორმა, რის გამოც გეგმა-გრაფიკში ჩამორჩენის გამოსასწორებლად მოცემული 2 კვირიანი ვადა „შემსყიდველი„ ორგანიზაციის მიზეზით უშედეგოდ გავიდა. შესაბამისად, შპს „არ--------„-ს ხელშეკრულების 13.2. პუნქტის თანახმად, გეგმა-გრაფიკში ჩამორჩენის გამოსწორების შესაძლებლობა მოპასუხეს არ მისცემია;

 

2.22. წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე სასამართლომ დაადგინა, რომ №2 უბანზე შესასრულებელი სამუშაო დასრულდა 2016 წლის 27 დეკემბერს. ხელშეკრულების 9.2. პუნქტის თანახმად, სამუშაოთა დასრულება დასტურდება მხარეთა შორის გაფორმებული სამუშაოთა დასრულების აქტით. 2016 წლის სამუშაოთა წარმოების ჟურნალში არსებული ჩანაწერის თანახმად, 2016 წლის 27 დეკემბერს დათვალიერდა №2 უბანი და შედგა ფარული სამუშაოს შესახებ აქტი №8. დასრულდა №2 უბანზე ძირითადი ქანის ბურღვის სამუშაოები და მასში ლითონის უჟანგავი ანკერების მოწყობის სამუშაოები. 2016 წლის 28 დეკემბერს შედგა ფარული სამუშაოს შესახებ აქტი №9. აღნიშნული აქტის თანახმად შემოწმებული იქნა წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, სოფელ ყუმისთავში პრომეთეს მღვიმეში სანაოსნოს ტერიტორია უბანი №2, შემოწმების შედეგად დარღვევა არ გამოვლენილა. წარმოდგენილი მტკიცებულების საფუძველზე სასამართლომ გაიზიარა მოპასუხე მხარის პოზიცია, რომ №2 უბანზე მიმწოდებლის მიერ სამუშაო შესრულებული იქნა გეგმა-გრაფიკით გათვალისწინებულ ვადებში და შპს „არ--------„-ს მიერ №2 უბანზე ხელშეკრულების პირობების დარღვევას ადგილი არ ჰქონია;

 

2.23. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 400-ე მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ: ა. შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება; ბ. შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც იგი არ ასრულებს ვალდებულებას. ამავე კოდექსის 401-ე მუხლის თანახმად, ვადა გადაცილებულად არ ჩაითვლება, თუკი ვალდებულება არ შესრულდა ისეთ გარემოებათა გამო, რაც მოვალის ბრალით არ არის გამოწვეული;

 

2.24. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

2.25. აღნიშნული ნორმის მიხედვით, პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში დამრღვევმა მხარემ უპირობოდ უნდა მოახდინოს პირგასამტეხლოს გადახდა. სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმეზე არსებული მტკიცებულებების ერთობლიობით არ იკვეთებოდა რა მოპასუხის მხრიდან ხელშეკრულების პირობების დარღვევა, რის გამოც ამ უკანასკნელს არ უნდა დაკისრებოდა პირგასამტეხლო. სახელშეკრულებო ურთიერთობებში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია მხარის კეთილსინდისიერება, რაც განსახილველ შემთხვევაში მოპასუხე მხარემ გამოავლინა და სწორედ კეთილსინდისიერებიდან გამომდინარე განახორციელა ყველა ის ქმედება, რითაც საერთო ჯამში, არ დაზიანებულა ხელშეკრულებით გათვალისწინებული საბოლოო შედეგები. ასევე აღსანიშნავია, რომ პირგასამტეხლო არის ხელშეკრულების შესრულების გარანტია და ერთგვარი იძულებითი ღონისძიება, რათა თავიდან იქნეს აცილებული ხელშეკრულების პირობების დარღვევა და მხარეებისთვის წინასწარ იყოს მოსალოდნელი ის „დამსჯელი“ შედეგი, რაც თან ახლავს მათ არაკეთილსინდისიერ ქმედებასა და ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობასა თუ არაჯეროვან შესრულებას. სასამართლომ დაადგინა, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდებოდა მოპასუხის მიერ ვალდებულების დარღვევა, რაც სარჩელზე უარის თქმის საფუძველი იყო;

 

3. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა სსიპ და–---–----------------------------ომ

 

სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

 

3.1. აპელანტის განმარტებით, მოპასუხემ 2016 წლის 24 დეკემბრიდან იცოდა იმ ახალი გარემოებების შესახებ, რომლებიც გახდა საფუძველი N1 უბანზე პროექტის ნაწილობრივ შეცვლის და ასევე შეთანხმდა ახალი გარემოებების შესაბამისად სამუშაოების წარმოება. აღნიშნული დგინდება მოპასუხის მიერ წარმოდგენილი შესაგებლით სადაც მითითებულია, რომ: 2016 წლის 24 დეკემბერს სამუშაოების მიმდინარეობისას გამოვლინდა ახალი გარემოებები, რის გამოც №1 უბანზე არსებული პროექტის შესაბამისად სამუშაოების გაგრძელება შეუძლებელი გახდა. 2016 წლის 26 დეკემბერს ახლად გამოვლენილი გარემოებები დათვალიერებული იქნა ობიქტზე კონტროლის განმახორციელებელ ჯგუფთან და პროექტის ავტორთან ერთად და გადაწყდა საპროექტო დოკუმენტაციის კორექტირება და ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანა;

 

3.2. სწორედ ამ ახალი გარემოებების ზეპირი შეთანხმების გამო მოხდა მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის შეთანხმება ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, 2017 წლის 12 იანვრის N14-1 შეთანხმების აქტით. მოპასუხემ 2017 წლის 12 იანვარს, როდესაც შეთანხმების აქტს ხელი მოაწერა და ახალი სამუშაოების წარმოების გრაფიკიც წარმოადგინა სამუშაოების შესრულების ვადის გაგრძელების თაობაზე, უკვე იცოდა სამუშაოების წარმოების ხელისშემშლელი ახალი გარემოებების თაობაზე. შესაბამისად, იგი ახალ გრაფიკს და შეთანხმებას სამუშაოთა ხანგრძლივობის 58 კალენდარულ დღემდე გაგრძელების შესახებ მათი გათვალისწინების გარეშე ხელს არ მოაწერდა და არც ახალ სამუშაოთა წარმოების გრაფიკს წარმოადგენდა. აღნიშნულზე მიუთითებს ასევე 2017 წლის 23 იანვრის ეტ - 14-2 შეთანხმების აქტი, რომლის მე-5 პუნქტის თანახმად აღნიშნული ხელშეკრულების სხვა პუნქტები და პირობები დარჩა უცვლელი, მათ შორის სამუშაოს დასრულების ვადაც და გრაფიკიც;

 

3.3. უბანი N2-ის გამაგრებითი სამუშაოები მოიცავდა შემდეგ სამუშაოებს: 1. ინვენტარული ხარაჩოების მოწყობას; 2. ქანის ჩამოწმენდას გვირაბის ჭერიდან; 3. Ф-25 უჟანგავი ფოლადის ანკერების მოწყობას გამონამუშევრის თაღში, სირგრძით 3 მეტრი; 4. ანკერების ნაშვერების დაფარვას ქ/ც ხსნარით; 5. ჩამოწმენდილი ქანის გატანას მღვიმიდან 400 მ-ის მანძილზე. თუ ამ სამუშაოებიდან ერთ-ერთი მათგანიც არ იქნებოდა შესრულებული N2 უბნის გამაგრებითი სამუშაოები დამთავრებულად არ ჩაითვლებოდა. სასამართლომ მხოლოდ ფარული სამუშაოების შემოწმების შესახებ 2016 წლის 28 დეკემბრის აქტით N9, დაადგინა N2 უბნის გამაგრებითი სამუშაოების დამთავრება მაშინ, როდესაც ეს აქტი მიუთითებდა მხოლოდ Ф-25 ფოლადის ანკერების მოწყობაზე 28 დეკემბრის მდგომარეობით;

 

3.4. აპელანტის მითითებით, სამუშაო გრაფიკით წყლის ამოტუმბვის სამუშაოები უნდა დასრულებულიყო 06 იანვარს, თუმცა დასრულდა 27 იანვარს, 21 დღის დაგვიანებით, რაც არ გაითვალისწინა სასამართლომ;

 

3.5. მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულების 5.7 პუნქტის თანახმად წერილობითი შეთანხმება აუცილებელია გეგმებიდან, მასალებიდან, ნახაზებიდან გადახვევის მხოლოდ ისეთ შემთხვევაში, როდესაც სამუშაოები მოითხოვს დამატებით საზღაურსა და სამუშაოთა წარმოების გრაფიკის გაგრძელებას. 2017 წლის 23 იანვრის შეთანხმების აქტით N ეტ-14-2, არ მომხდარა არც სამუშაოთა წარმოების გრაფიკის გაგრძელება და არც დამატებითი საზღაურის გამოყოფა, პირიქით საზღაური შემცირდა;

 

3.6. ამდენად, სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს სრულად, რადგან სარჩელზე დართული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების დასრულდა 25 დღის დაგვიანებით და რადგან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე პირგასამტეხლოს ოდენობა შეადგენდა ხელშეკრულების ღირებულების 0,05 პროცენტს, ხოლო ხელშეკრულების ღირებულება 67260 ლარს, ამიტომ ხელშეკრულების 13.1 პუნქტიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს ოდენობა შეადგენს (67260 *0,05/100) *25=836,5 ლარს. ასევე მითითებული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ სამშენებლო სამუშაოებზე (წყლის ამოტუმბვა) გეგმა გრაფიკზე აცდენილი დღეების რაოდენობა შეადგენს 21 დღეს, N2 უბანზე 31 დღეს, ხოლო N1 უბანზე 23 დღეს, ამიტომ ხელშეკრულების 13.2 პუნქტის შესაბამისად, პირგასამტეხლო სამივე პოზიციაზე აცდენილი დღეების გათვალისწინებით ტოლია მათი ჯამის 21*50 + 31*50 + 23*50 = 3750 ლარს. ამდენად, სულ დასაკისრებელი პირგასამტეხლოს ოდენობა შეადგენს 836,5 ლარს + 3750 ლარი = 4586,5 ლარს.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთება

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

4.1. დადგენილია, რომ 2016 წლის 9 ნოემბერს სსიპ და–---–----------------------------ოსა (შემსყიდველი) და შპს ,,არ-------“ (მიმწოდებელი) შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვების №ეტ-14 ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც:

3.1. პუნქტი - ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციაში, პრომეთეს მღვიმეში დაზიანებული მონაკვეთის აღდგენის (გამაგრება-გაძლიერება) მიზნით ჩასატარებელი სამშენებლო სარეაბილიტაციო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა (შენობის დასრულების სამუშაოები) ელექტრონული ტენდერის საშუალებით;

3.2. პუნქტი - მთლიანი სახელშეკრულებო ღირებულება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გადასახადის ჩათვლით შეადგენდა 67260 ლარს;

3.3. პუნქტი - სამუშაოების ჩამონათვალი, ერთეულის და საერთო ღირებულება გაწერილი იქნა შესასრულებელი სამუშაოების დეტალურ ხარჯთაღრიცხვაში, რომელიც ერთვოდა ხელშეკრულებას და წარმოადგენდა მის განუყოფელ ნაწილს (დანართი №1 - შესასრულებელი სამუშაოების დეტალური ხარჯთაღრიცხვა);

4.1. პუნქტი - ხელშეკრულების შესრულების კონტროლი (ინსპექტირება) განხორციელდებოდა როგორც ტექნიკური, ასევე საპროექტო ზედამხედველობის ფორმით. ტექნიკურ ზედამხედველობას შემსყიდველის მხრიდან განახორციელებდა სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით შექმნილი კონტროლის განმახორციელებელი ჯგუფი, ხოლო საპროექტო ზედამხედველობას - პროექტის ავტორი კომპანია;

5.1. პუნქტი - სამუშაოს შესრულება განხორციელდებოდა მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი მხარეთა შეთანხმებით დამტკიცებული სამუშაოების შესრულების გეგმა-გრაფიკის შესაბამისად;

5.2. პუნქტი - სამუშაოს შესრულების გრაფიკში ცვლილებების შეტანა შესაძლებელი იყო ურთიერთშეთანხმებით, წერილობითი ფორმით, ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის მოტივირებული წერილობითი ინიციატივის საფუძველზე;

5.3. პუნქტი - მიმწოდებელი ვალდებული იყო ფარული სამუშაოები ეწარმოებინა ტექნიკური კოტროლის განმახორციელებელი ჯგუფის წევრის უშუალო ზედამხედველობის ქვეშ;

5.7. პუნქტი - მიმწოდებელი ვალდებული იყო მოეპოვებინა შემსყიდველის თანხმობა ნებისმიერ გადახვევაზე მასთან შეთანხმებული გეგმებიდან, ნახაზებიდან და მასალებიდან, რომელთა ნიმუშები წარედგინა შემსყიდველს. ამასთან, მიმწოდებელი არ იყო უფლებამოსილი დამატებით საზღაურსა და გრაფიკის გაგრძელებაზე თუ არ განხორციელდებოდა შესაბამისი დამატება ან არ იქნებოდა მიღებული დამკვეთის წერილობითი თანხმობა აღნიშნული სამუშაოების შესრულებაზე;

8.2. პუნქტი - ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები უნდა განხორციელებულიყო ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 45 კალენდარული დღის განმავლობაში, წარმოდგენილი (ხელშეკრულებაზე თანდართული) გეგმა-გრაფიკის შესაბამისად;

13.1. პუნქტი - ხელშეკრულებით გათვალისწინებული, ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისათვის დადგენილი ვადების დარღვევის შემთხვევაში, ყოველ ვადაგადაცილებული დღისათვის მხარეს დაეკისრებოდა პირგასამტეხლო ხელშეკრულების ღირებულების 0,05%-ის ოდენობით;

13.2. პუნქტი - გეგმა-გრაფიკის დარღვევის შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებული იყო ორი კვირის ვადაში გაესწორებინა არსებული ჩამორჩენა გეგმა-გრაფიკით გათვალისწინებულ ვადებთან, წინააღმდეგ შემთხვევაში მიმწოდებელი დარღვეულ (ორი კვირა) და შემდგომ პერიოდზე, 13.1. პუნქტის გარდა, დამატებით გადაიხდიდა პირგასამტეხლოს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 50 ლარის ოდენობით, გარდა იმ შემთხვევევისა, თუ ჩამორჩენა ან მისი გამოსწორების ვადის უშედეგოდ გასვლა გამოწვეული იქნებოდა შემსყიდველის მიზეზით.

(იხ. ხელშეკრულება, ს/ფ 18-24).

 

4.2. მხარეთა შორის 2017 წლის 12 იანვრის №ეტ-14-1 შეთანხმების აქტის თანახმად, შეიცვალა №ეტ-14 ხელშეკრულების მე-8 მუხლის 8.2 პუნქტი და ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები უნდა განხორციელებულიყო ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 58 კალენდარული დღის განმავლობაში, წარმოდგენილი (შეთანხმების აქტზე თანდართული) გეგმა-გრაფიკის შესაბამისად;

(იხ. აქტი, ს/ფ 73).

 

4.3. მხარეთა შორის 2017 წლის 23 იანვრის №ეტ-14-2 შეთანხმების აქტის თანახმად: შემცირდა სახელშეკრულებო ღირებულება 336,29 ლარით და ნაცვლად 67260 ლარისა, განისაზღვრა 66923,71 ლარით; შპს ,,არ--------“-ს მიერ №229 წერილში მოყვანილი საკითხები გათვალისწინებული იქნა მიმწოდებლის მიერ წარმოსადგენ შესრულებულ სამუშაოთა ფორმა №2-ში; დანართი №1 (ხაჯთაღრიცხვა) განისაზღვრა წინამდებარე შეთანხმების აქტზე თანდართული ხარჯთაღრიცხვის შესაბამისად; ეს შეთანხმება წარმოადგენდა მხარეთა შორის 2016 წლის 09 ნოემბერს გაფორმებული №ეტ-14 ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს. აღნიშნული ხელშეკრულების სხვა პუნქტები და პირობები დარჩა უცვლელი (კორექტირებული ხარჯთაღრიცხვით განისაზღვრა გაუთვალისწინებელი სამუშაოების შესრულება, კერძოდ დამატებითი ანკერების მოწყობა. კლდოვან მასივში თაღოვანი რიგელის საყრდენი სვეტების ჩასამაგრებლად. ასევე კლდოვან მასივში ბურღილის მოწყობა და მასში სვეტის საყრდენი ლითონის კონსოლის ჩაბეტონება. გაუთვალისწინებელ სამუშაოებში შედიოდა რკინაბეტონის რიგელის და სვეტების ზედაპირის დაფარვა და სხვა).

(იხ. აქტი, ს/ფ 78).

 

4.4. საქმეში წარმოდგენილი პრომეთეს მღვიმეში მონაკვეთების აღდგენის (გამაგრება-გაძლიერება) მიზნით ჩასატარებელი სამუშაოების კორექტირებული ხარჯთაღრიცხვის თანახმად:

- მოსამზადებელი სამუშაოების ღირებულება ჯამში იყო 5 477,38 ლარი;

- სამშენებლო სამუშაოების ღირებულება ჯამში იყო 960 ლარი;

- უბანი №2-ის გამაგრებითი სამუშაოების ღირებულება ჯამში იყო 21 864,34 ლარი;

- უბანი №1-ის გამაგრებითი სამუშაოების ღირებულება ჯამში იყო 13 898,61.

(იხ. ხარჯთაღრიცხვა, ს/ფ.: 80-83).

 

4.5. 22.05.2017წ. სსიპ და–---–----------------------------ოს თავმჯდომარის 2016 წლის 17 ნოემბრის №5/ა1302 ბრძანების შესაბამისად, 2016 წლის 9 ნოემბერს №ეტ-14 ხელშეკრულების პირობების შესრულებაზე ზედამხედველობის მიზნით შექმნილი კონტროლის განმახორციელებული ჯგუფის №2 დასკვნის თანახმად:

- ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები უნდა დასრულებულიყო (ხელშეკრულების გაფორმებიდან 45 კალენდარული დღე) 2016 წლის 24 დეკემბერს, რომელიც სსიპ და–---–----------------------------ოსა და შპს ,,არ-------ს“ შორის 2017 წლის 12 იანვარს გაფორმებული №ეტ-14-1 შეთანხმების აქტით გადავადებული იქნა 2017 წლის 6 იანვრამდე (ხელშეკრულების გაფორმებიდან 58 კალენდარული დღე);

- შპს ,,არ--------ს“ 2017 წლის 10 იანვრის №229 წერილისა და პროექტის ავტორი კომპანიის სსიპ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 2017 წლის 23 იანვრის №490 წერილის საფუძველზე 2017 წლის 23 იანვარს სსიპ და–---–----------------------------ოსა და შპს ,,არ-------ს“ შორის გაფორმდა შეთანხმების აქტი №ეტ-14-2;

- შპს ,,არ-------მა“ სამუშაოები დაასრულა 2017 წლის 31 იანვარს, რაც დასტურდება მხარეთა შორის გაფორმებული სამუშაოთა დასრულების აქტი №ეტ-14-ით;

- აღნიშნულის გათვალისწინებით გადაცილებულ დღეთა რაოდენობამ შეადგინა 25 დღე;

- რაც შეეხება ცალკეულ სამუშაოთა ვადაგადაცილებებს:

- მოსამზადებელი სამუშაოები: სამუშაოები უნდა დასრულებულიყო არაუგვიანეს 2016 წლის 16 ნოემბერს, რომელიც სამუშაოთა წარმოების ჟურნალის გათვალისწინებით დასრულდა ვადებში;

- სამშენებლო სამუშაოები (წყლის ამოტუმბვა): სსიპ და–---–----------------------------ოსა და შპს ,,არ-------ს“ შორის 2017 წლის 12 ინავრის შეთანხმების აქტით სამუშაოები უნდა დასრულებული 2016 წლის 6 იანვარს. სამუშაოთა წარმოების ჟურნალის გათვალისწინებით დასრულდა 2017 წლის 27 იანვარს. გეგმა-გრაფიკით გათვალისწინებულ პერიოდზე გადაცილებულ დღეთა რაოდენობამ შეადგინა 21 დღე;

- უბანი №2-ის გამაგრებითი სამუშაოები: სამუშაოები უნდა დასრულებულიყო 2016 წლის 27 დეკემბერს. სამუშაოთა წარმოების ჟურნალის გათვალისწინებით დასრულდა 2017 წლის 27 იანვარს. გეგმა-გრაფიკით გათვალისწინებულ პერიოდზე გადაცილებულ დღეთა რაოდენობამ შეადგინა 31 დღე;

- უბანი №1-ის გამაგრებითი სამუშაოები: სამუშაოები უნდა დასრულებულიყო 2017 წლის 4 იანვარს. სამუშაოთა წარმოების ჟურნალის გათვალისწინებით დასრულდა 2017 წლის 27 იანვარს. გეგმა-გრაფიკით გათვალისწინებულ პერიოდზე გადაცილებულ დღეთა რაოდენობამ შეადგინა 23 დღე;

- დასკვნა:

- მიმწოდებლის მიერ დაირღვა სსიპ და–---–----------------------------ოსა და შპს ,,არ-------ს“ შორის 2016 წლის 9 ნოემბერს გაფორმებული №ეტ-14 ხელშეკრულების 13.1 და 13.2. პუნქტები, კერძოდ: ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების დასრულების ვადაგადაცილებული დღეების რაოდენობამ შეადგინა 25 დღე (13.1.), ხოლო გეგმა-გრაფიკით გათვალისწინეული ვადაგადაცილებული დღეების რაოდენობამ შეადგინა 75 დღე (13.2.).

(იხ. დასკვნა, ს/ფ 32-33).

 

4.6. განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის არსებობდა ნარდობის ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილი ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა. მოცემული დავის ფარგლებში, სსიპ და–---–----------------------------ოს სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს ხელშეკრულებით გათვალიწინებული პირგასამტეხლოს - 4586,5 ლარის, მოპასუხისათვის დაკისრება, რომლის სამართლებრივი საფუძველიც მოცემულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის პირველ ნაწილში;

 

4.7. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე და 418-ე მუხლების თანხმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შესაძლებელია აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას;

 

4.8. სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული. იგი წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან;

 

4.9. მოცემულ შემთხვევაში, პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ შპს ,,არ--------“-ს მიერ ადგილი აქვს ხელშეკრულებით გათვლისწინებული ვალდებულების დარღვევას, რაც გამოიხატა სამუშაოების ვადის დარღვევით შესრულებაში. ამდენად, არსებობს მასზე პირგასამტეხლოს დაკისრების სამართლებრივი საფუძვლები;

 

4.10. პალატა არ იზიარებს შპს ,,არ--------“-ს იმ მოსაზრებას, რომ მას ჰქონდა ხელისშემშლელი გარემოებები, რის გამოც იგი ელოდებოდა მოსარჩელისაგან თანხმობას, რა დროსაც მას შეჩერებული ჰქონდა სამუშაოები, რის გამოც სამუშაოები საპატიო მიზეზით ვერ შეასრულა დადგენილ ვადაში. ამდენად, მას არ უნდა დაეკისროს პირგასამტეხლოს გადახდა. აღნიშნულზე სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ თავდაპირველად, მხარეთა შორის დადებული 2016 წლის 9 ნოემბრის სახელმწიფო შესყიდვების №ეტ-14 ხელშეკრულების თანახმად, ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები უნდა განხორციელებულიყო ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 45 კალენდარული დღის განმავლობაში, წარმოდგენილი (ხელშეკრულებაზე თანდართული) გეგმა-გრაფიკის შესაბამისად. ამავე ხელშეკრულების 5.2. პუნქტის თანახმად, სამუშაოს შესრულების გრაფიკში ცვლილებების შეტანა შესაძლებელი იყო ურთიერთშეთანხმებით, წერილობითი ფორმით, ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის მოტივირებული წერილობითი ინიციატივის საფუძველზე. მხარეთა შორის 2017 წლის 12 იანვრის №ეტ-14-1 შეთანხმების აქტის თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ მასზედ, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები უნდა განხორციელებულიყო ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 58 კალენდარული დღის განმავლობაში, წარმოდგენილი (შეთანხმების აქტზე თანდართული) გეგმა-გრაფიკის შესაბამისად. ამის შემდგომ 2017 წლის 23 იანვარს მხარეთა შორის კვლავ დაიდო №ეტ-14-2 შეთანხმების აქტი, რომლის თანახმადაც მხარეები შეთანხმდნენ ახალ ხარჯთაღრიცხვაზე, თუმცა ამავე შეთანხმების აქტში ცალსახად მითითებულია, რომ აღნიშნული ხელშეკრულების სხვა პუნქტები და პირობები დარჩა უცვლელი. ამასთან, აქვე მითითებულია, რომ ეს შეთანხმება წარმოადგენდა მხარეთა შორის 2016 წლის 09 ნოემბერს გაფორმებული №ეტ-14 ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს. ამდენად, მხარეთა მიერ შეთანხმებული ვადა - 58 კალენდარული დღე თავისი გეგმა-გრაფიკით დარჩა უცვლელი, რაც გამორიცხავს მისი მოსაზრებების გაზიარების შესაძლებლობას;

 

4.11. მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების 13.1. პუნქტის თანახმად, ხელშეკრულებით გათვალისწინებული, ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისათვის დადგენილი ვადების დარღვევის შემთხვევაში, ყოველ ვადაგადაცილებული დღისათვის მხარეს დაეკისრებოდა პირგასამტეხლო ხელშეკრულების ღირებულების 0,05%-ის ოდენობით;

 

4.12. პირგასამტეხლოს ოდენობის გაანგაშიების ნაწილში და სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ პირგასამტეხლოს, როგორც პრევენციული, ისე სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის სამართლებრივი ბუნებიდან გამომდინარე, მისი გავრცელება ხდება სახელშეკრულებო ურთიერთობის იმ ნაწილზე, რა ნაწილშიც მოხდა ვალდებულების დარღვევა. პირგასამტეხლოს ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან დაანგარიშება, ერთი მხრივ, უსაფუძვლოდ ზრდის მის მოცულობას, მეორე მხრივ, მოვალეს აკისრებს პასუხისმგებლობას უკვე შესრულებული ან მომავალში შესასრულებელი ვალდებულების ნაწილშიც. პალატას მიაჩნია, რომ აღნიშნული მიდგომა არ გამომდინარეობს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლისა და 418-ე მუხლის პირველი ნაწილის მიზნებიდან. ამდენად, პირგასამტეხლოს ოდენობის დაანგარიშება უნდა მოხდეს არა ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან, არამედ იმ კონკრეტული სამუშაოს ღირებულების გათვალისწინებით, რომლის მიწოდების ვადის დარღვევის შედეგადაც ამოქმედდა აღნიშნული სანქცია;

 

4.13. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოსამზადებელი სამუშაოები დასრულდა ვადებში, რის გამოც არ არსებობს ამ ნაწილში პირგასამტეხლოს დაკისრების სამართლებრივი საფუძვლები. რაც შეეხება სხვა სამუშაოებს: სამშენებლო სამუშაოები (წყლის ამოტუმბვა) განხორციელდა 21 დღის დაგვიანებით, უბანი №2-ის გამაგრებითი სამუშაოები - 31 დღის დაგვიანებით, უბანი №1-ის გამაგრებითი სამუშაოები - 23 დღის დაგვიანებით, შესაბამისად, არსებობს ამ ნაწილში პირგასამტეხლოს დაკისრების სამართლებრივი საფუძვლები;

 

4.14. ამდენად, შპს ,,არ--------“-ს მიერ განხორციელებული ვადაგადაცილებით შესრულებული სამუშაოების გათვალისწინებით თითოეულ სამუშაოზე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე პირგასამტეხლოს - 0.05%-ის ოდენობა შეადგენს:

სამშენებლო სამუშაოები (წყლის ამოტუმბვა) – 960 x 0,05=0,48 x 21 დღეზე=10,08 ლარს;

უბანი №2-ის გამაგრებითი სამუშაოები - 21 864,34 x 0,05=10,93 x 31 დღეზე=338,83 ლარს;

უბანი №1-ის გამაგრებითი სამუშაოები - 13 898,61 x 0,05=6,95 x 23 დღეზე=159,85 ლარს.

აღნიშნული თანხები ჯამურად შეადგენს 508,76 ლარს, რაც უნდა დაეკისროს მოპასუხეს.

 

4.15. მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების 13.2. პუნქტის თანახმად, გეგმა-გრაფიკის დარღვევის შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებული იყო ორი კვირის ვადაში გაესწორებინა არსებული ჩამორჩენა გეგმა-გრაფიკით გათვალისწინებულ ვადებთან, წინააღმდეგ შემთხვევაში მიმწოდებელი დარღვეულ (ორი კვირა) და შემდგომ პერიოდზე, 13.1. პუნქტის გარდა, დამატებით გადაიხდიდა პირგასამტეხლოს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 50 ლარის ოდენობით, გარდა იმ შემთხვევევისა, თუ ჩამორჩენა ან მისი გამოსწორების ვადის უშედეგოდ გასვლა გამოწვეული იქნებოდა შემსყიდველის მიზეზით;

 

4.16. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მიმწოდებლის მიერ დაირღვა სსიპ და–---–----------------------------ოსა და შპს ,,არ-------ს“ შორის 2016 წლის 9 ნოემბერს გაფორმებული №ეტ-14 ხელშეკრულების 13.1 და 13.2. პუნქტები, კერძოდ: ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების დასრულების ვადაგადაცილებული დღეების რაოდენობამ შეადგინა 25 დღე (13.1.), ხოლო გეგმა-გრაფიკით გათვალისწინეული ვადაგადაცილებული დღეების რაოდენობამ ჯამში შეადგინა 75 დღე (13.2.);

 

4.17. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო;

 

4.18. ზემოხსენებული ნორმით გათვალისწინებული შესალებლობა, ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგად, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ.;

 

4.19. პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირების საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის თანახმად, „მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობით პირგასამტეხლო მხარეთა მიერ ნების თავისუფალი გამოვლენის გზით მიღწეული შეთანხმებაა, იგი არ წარმოადგენს მხარეთა აბსოლუტურ უფლებას და კვალიფიციური შედავების პირობებში, სასამართლო უფლებამოსილია შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობის თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან. სასამართლოს მხრიდან მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის კანონისმიერ საფუძველს წარმოადგენს სასამართლოსათვის დაკისრებული ერთგვარი საჯარო წესრიგის უზრუნველმყოფელი ვალდებულება და, რაც მთავარია, ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინება, სახელდობრ, ის სუბიექტური და ობიექტური ფაქტორები, როგორიცაა: მხარეთა ქონებრივი მდგომარეობა, ვალდებულების დარღვევის ხარისხი, კრედიტორის მოლოდინი ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ და ა.შ. (იხ. სუსგ Nას-708-678-2016, 27 იანვარი, 2017 წელი; სუსგ №ას-222-209-2015, 6 მაისი, 2015 წელი);

 

4.20. ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს, ანუ პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს იძულებითი ხასიათის სანქცია ეკისრება. პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (იხ. სუსგ №ას-428-428-2018, 13 ივლისი, 2018 წელი);

 

4.21. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია, აგრეთვე, მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა (იხ. სუსგ Nას-1199-1127-2015, 13 აპრილი, 2016 წელი);

 

4.22. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ პირგასამტეხლოს ოდენობა შეაფასა რა დარღვევის სიმძიმის, მოცულობის, იმის გათვალისწინებით, რომ სამუშაოები შესრულდა და მიაჩნია, რომ იგი არ შეესაბამება დადგენილ პრაქტიკას. პალატას პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობად მიაჩნია ხელშეკრულების 13.2. პუნქტით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შემცირება და მისი განსაზღვრა - ვადაგადაცილებულ დღეებზე ჯამში 100 ლარის ოდენობით, ხოლო გეგმა-გრაფიკით განსაზღვრულ ვადაგადაცილებულ დღეებზე ჯამში 100 ლარის ოდენობით, რაც ასევე უნდა დაეკისროს მოპასუხეს;

 

4.23. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე შპს ,,არ--------“-სათვის დასაკისრებელი პირგასამტეხლოს ოდენობა საბოლოო ჯამში უნდა განისაზღვროს 708,76 ლარით (508,76+100+100=708,76), რისი გადახდაც სსიპ და–---–----------------------------ოს სასრგებლოდ უნდა დაეკისროს შპს ,,არ-------ს“;

 

4.24. სააპელაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო საჩივარი საფუძვლიანია და იგი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. სსიპ და–---–----------------------------ოს სარჩელი - პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე, ნაწილობრივ საფუძვლიანია. შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ არის სწორი და იგი უნდა გაუქმდეს;

 

4.25. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილის შესაბამისად სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით;

 

4.26. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე, 386-ე, 393-ე, 394-ე მუხლის ე1 პუნქტის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას და იღებს ახალ გადაწყვეტილებას, თუ სასამართლოს მიერ დარღვეული იქნა საპროცესო სამართლის ნორმა, რამაც არასწორი გადაწყვეტილება გამოიწვია, ან თუ გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძლიანობის შეფასება შეუძლებელია;

 

4.27. თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე;

 

4.28. ყოველივე ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ საფუძვლიანია და იგი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, უნდა გაუქმდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილება და მიღებული უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება; სსიპ და–---–----------------------------ოს სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

5.1. სსიპ და–---–----------------------------ოს სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; უნდა გაუქმდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილება და მიღებული უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება; სსიპ და–---–----------------------------ოს სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; შპს ,,არ-------ს“ სსიპ და–---–----------------------------ოს სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 708,76 ლარის გადახდა;

 

6. საპროცესო ხარჯები

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, ხოლო მოპასუხე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება მოსარჩელეს, რომელიც არ არის განთავისუფლებული სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასარჩელო მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომლის დაკმაყოფილებაზედაც მას უარი ეთქვა;

 

6.2. დადგენილია, რომ სსიპ და–---–----------------------------ოს სააპელაციო საჩივარი და სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, შესაბამისად, შპს ,,არ-------ს“ სსიპ და–---–----------------------------ოს სასარგებლოდ დაკმაყოფილებული ნაწილის პროპორციულად უნდა დაეკისროს პირველი ინსტანციისა და სააპელაციო წარმოებისათვის მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის გადახდა - 125 (50+75=125) ლარის ოდენობით;

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. სსიპ და–---–----------------------------ოს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

2. გაუქმდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

 

3. სსიპ და–---–----------------------------ოს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

4. შპს ,,არ-------ს“ სსიპ და–---–----------------------------ოს სასარგებლოდ დაეკისროს 826.92 ლარის გადახდა;

 

5. შპს ,,არ-------ს“ სსიპ და–---–----------------------------ოს სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ საქალაქო და სააპელაციო სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 125 ლარის ოდენობით;

 

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში საკასაციო წესით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული წესების დაცვით, მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;

 

7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია;

 

მოსამართლე ლაურა მიქავა