განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330310018002767607
საქმე №3ბ/2342-19
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
30 იანვარი, 2020 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე - ნანა დარასელია
სხდომის მდივანი - ნინო ჭაბუკიანი
აპელანტი (მოსარჩელე) - ს---–----------------–---–ი
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია
წარმომადგენელი - ხ---------------ე
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილება
1.1. აპელანტის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
1.2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილებით ს---–----------------–---–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები:
2.1 2014 წლის 17 სექტემბერს ს---–----------------–---–მა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას N14/12204 განცხადებით მიმართა, რომლითაც ქალაქ თბილისში, ვ----------ს მე-3 მ/რ მე-2 კვ-ში 1---ე ბაგა-ბაღის მიმდებარე 1111 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება მოითხოვა.
საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2015 წლის 30 მარტის N4-- სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით ს---–----------------–---–ის განცხადება არ დაკმაყოფილდა იმაზე მითითებით, რომ არ დასტურდებოდა განმცხადებლის მიერ მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავების ფაქტი „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონის ამოქმედებამდე. დასახელებული გადაწყვეტილების მიხედვით, ს---–----------------–---–მა თვითონვე განმარტა, რომ მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე ნაგებობა 2008 წელს ააშენა.
2.1.2. 2016 წლის 31 აგვისტოს ს---–----------------–---–მა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს განცხადებით მიმართა, რომლითაც ქალაქ თბილისში, ვ----------ს მე-3 მ/რ მე-2 კვ-ში 1---ე ბაგა-ბაღის მიმდებარე 1111 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია მოითხოვა. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 6 სექტემბრის N2----- მიმართვით განცხადება თანდართულ დოკუმენტებთან და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მოძიებულ მასალებთან ერთად განსახილველად ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების აღიარების კომისიას გადაეგზავნა.
2.1.3. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მისი ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 17 ოქტომბრის N1--7 განკარგულებით ს---–-----------------–---–ს უარი ეთქვა ქალაქ თბილისში, ვ----------ს მე-3 მ/რ მე-2 კვ-ში 1---ე ბაგა-ბაღის მიმდებარე 1111 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე. განკარგულების მიხედვით, მითითებულ ნაკვეთზე უფლების აღიარებაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ იმსჯელა და მიღებული გადაწყვეტილების საფუძვლად არსებული ფაქტობრივი და სამართლებრივი მდგომარეობა არ შეცვლილა, აღნიშნული კი გამორიცხავდა საკითხის ხელახლა არსებითად განხილვას, თანახმად ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლისა.
2.1.4. სადავო განკარგულებით გათვალისწინებული, ქალაქ თბილისში, ვ----------ს მე-3 მ/რ მე-2 კვ-ში 1---ე ბაგა-ბაღის მიმდებარე 1111 კვ.მ მიწის ნაკვეთი მოქცეულია სარეკრეაციო ზონაში.
3. დადგენილი ფაქტები პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივად შემდეგნაირად შეაფასა:
ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტი - ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს, ასევე, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ (ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ პუნქტი), ბათილია, თუ ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები (ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლი). სასამართლო გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ იგი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას (ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილი).
მოცემულ შემთხვევაში წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების შედეგად სასამართლომ შეამოწმა რა სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 17 ოქტომბრის №1--7 განკარგულების კანონიერება, მიიჩნია, რომ არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი შემდეგ გარემოებათა გამო:
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ფონდის ათვისებისა და მიწის ბაზრის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონმა (მიღებულია 2007 წლის 11 ივლისს) კერძო პირების მიერ დაკავებული მიწის ნაკვეთების მათ საკუთრებაში გადაცემის შესაძლებლობა და მისი რეალიზების ძირითადი პირობები დაადგინა.
დასახელებული კანონით თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების უფლებამოსილება შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობით ორგანოს გააჩნდა, რომელიც ამ უფლებამოსილებას კომისიის მეშვეობით ახორციელებდა, კომისია კი თავის ფუნქციებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VIII თავით განსაზღვრული ფორმალური ადმინისტრაციული წარმოებისა და ამ კანონით განსაზღვრული წესით ასრულებდა („ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონის მე-4 მუხლი). კანონში 2016 წლის ივნისში განხორციელებული ცვლილებების შემდეგ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უფლებამოსილია შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან (ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში − ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან) არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია და მითითებული კომისია წარმოადგენს შესაბამისი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით ორგანოსთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის უფლებამონაცვლეს („ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონის მე-4 მუხლი, 76 მუხლი).
ამავე კანონით, მისი მიზნებისათვის განისაზღვრა, თუ რა მიიჩნევა თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთად და ვინ წარმოადგენს მასზე საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნაზე დაინტერესებულ პირს. კერძოდ:- თვითნებურად დაკავებულ მიწად მიიჩნევა ფიზიკური პირის მიერ ამ კანონის ამოქმედებამდე თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული), ასევე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობა-ნაგებობით ან მის გარეშე), რომლის ფართობი ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული (კანონის მე-2 მუხლის ,,გ” პუნქტი); - დაინტერესებული პირი არის ფიზიკური პირი, ასევე მისი სავარაუდო მემკვიდრე ან უფლებამონაცვლე, რომელიც მართლზომიერად ფლობს (სარგებლობს) ან რომელმაც თვითნებურად დაიკავა სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირი, რომელმაც მის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ თვითნებურად დაიკავა მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), აგრეთვე კერძო სამართლის იურიდიული პირი ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი ან მისი უფლებამონაცვლე, რომელიც მართლზომიერად ფლობს (სარგებლობს) სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს მასზე განთავსებული შენობა- ნაგებობით (აშენებულით ან დანგრეულით) ან მის გარეშე და რომელსაც ამ კანონით დადგენილი წესით სურს მასზე საკუთრების უფლების მოპოვება, ასევე ის ფიზიკური პირი ან კერძო სამართლის იურიდიული პირი ან სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელმაც სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთით მოსარგებლისაგან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიძინა/მოიპოვა ამ მიწის ნაკვეთზე განთავსებულ შენობა-ნაგებობაზე საკუთრების უფლება (კანონის მე-2 მუხლის ,,ე” პუნქტი).
ამავე კანონის მიხედვით, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის განხილვისას კომისიამ უნდა გაითვალისწინოს მოთხოვნის შესაბამისობა სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის პირობებთან და მიწის განკარგვის სტრატეგიულ გეგმასთან („ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონის მე-51-ე მუხლის მე-2 პუნქტი). საკუთრების უფლების აღიარებას არ ექვემდებარება თვითნებურად დაკავებული რეკრეაციული დანიშნულების პარკი, ტყე-პარკი, სკვერი და სხვა ტერიტორია, გარდა საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებით განსაზღვრული საქართველოს კურორტების, საკურორტო ადგილების, სამთო-სათხილამურო ცენტრებისა და შავი ზღვის სანაპიროს სარეკრეაციო ტერიტორიის სტატუსის მქონე ტერიტორიებისა (კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი).
„ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონის მე-51-ე მუხლის მე-7 პუნქტის მიხედვით, კომისია იღებს წერილობით გადაწყვეტილებას საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის თაობაზე, თუ დაინტერესებული პირის მოთხოვნა საკუთრების უფლების აღიარების შესახებ არ აკმაყოფილებს ამ კანონით განსაზღვრულ პირობებს ან განცხადებისათვის დართული დოკუმენტებით არ დასტურდება თვითნებურად დაკავების ფაქტი.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, განცხადება იმ საკითხთან დაკავშირებით, რომლის თაობაზედაც არსებობს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი განცხადების, აგრეთვე საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, შეიძლება წარდგენილი იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ფაქტობრივი ან სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც საფუძვლად დაედო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას, შეიცვალა დაინტერესებული პირის სასარგებლოდ, ან თუ არსებობს ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებანი (მტკიცებულებები), რომლებიც განაპირობებს განმცხადებლისათვის უფრო ხელსაყრელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით თუ განცხადებაში არ არის მითითებული ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებანი, ადმინისტრაციული ორგანო განცხადების განუხილველად გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს განცხადებაზე უარის თქმის შესახებ. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი აქტი, რომლის საფუძველზედაც უარი ითქვა განცხადების დაკმაყოფილებაზე.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ს---–-----------------–---–ის მოთხოვნა ქალაქ თბილისში, ვ----------ს მე-3 მ/რ მე-2 კვ-ში 1---ე ბაგა-ბაღის მიმდებარე 1111 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ განიხილა და არ დააკმაყოფილა 2015 წლის 30 მარტის N4-- სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით. იგივე მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე 2016 წლის აგვისტოში მოთხოვნის წარდგენისას ს---–----------------–---–ს ახალ გარემოებებზე არ მიუთითებია. ამდენად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის უფლებამონაცვლე კომისიამ სადავო განკარგულებით ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად მართებულად არ დააკმაყოფილა მოსარჩელის მოთხოვნა მისი არსებითად განხილვის გარეშე. ამასთან, აღსანიშნავია, რომ არსებითად განხილვის პირობებშიც არ იარსებობებდა ს---–----------------–---–ის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი, რამეთუ მოთხოვნით გათვალსიწინებული მიწის ნაკვეთი მდებარეობდა სარეკრეაციო ზონაში და ამდენად, არ ექვემდებარებოდა საკუთრების უფლების აღიარებას.
4. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
აპელანტი აღნიშნავს, რომ დაკავებული ფართი 2016 წლისათვის არ იყო მოქცეული სარეკრიაციო ზონაში, მოსარჩელეს არ შეუწყვეტია ადმინისტრაციული დავა, მხოლოდ 2018 წლის 17 ოქტომბრის განკარგულებისას დადგინდა ასეთი შეზღუდვის თაობაზე.
აპელანტი განმარტავს, რომ მან 2008 წელს დაანგრია ძველი შენობა, დაიწყო ახალი შენობის მშენებლობა და დაასრულა კიდეც. მისი განმარტებით ორთოფოტოშიც ჩანს, რომ ძველი შენობა-ნაგეობა არსებობდა 2007 წლამდე.
აპელანტი სამართლებრივ საფუძვლად მიუთითებს საკ-ის 102-ე მუხლზე და ითხოვს გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და დაკმაყოფილდეს მისი სასარჩელო მოთხოვნები სრულად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:
5.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 389-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითებას, შესაძლო ცვლილებების ან დამატებების გათვალისწინებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
5.2. სააპელაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება - დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლო გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას მიიჩნევს მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმების სწორი გამოყენებისა და განმარტების საფუძველზე მიღებულად, მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანის პროცესში არ დაურღვევია კანონი, რაც არ იძლევა გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით დადგენილ საფუძვლებს.
სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეზე გამოკვლეულ ფაქტობრივ გარემოებებს, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივ შეფასებებს, მიუთითებს მათზე და აღნიშნავს შემდეგს:
სარჩელის საფუძველზე მოთხოვნილია ბათილად იქნეს ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 17 ოქტომბრის N1--7 განკარგულება.
სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო საჩივარი წარმოდგენილია იმ პრეტენზიით, რომ ძველი შენობა ნაგეობა არსებობდა 2007 წლამდე, რაც დგინდება ორთოფოტოთი. ამასთან, ნაკვეთი სარეკრიაციო ზონაში მოექცა 2016 წლისათვის, რაც მხოლოდ 2018 წლის 17 ოქტომბრის განკარგულებისას დადგინდა. ხოლო სადავო აქტით მოსარჩელეს უარი ეთქვა საკუთრების უფლების აღიარებაზე, ვინაიდან კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძვლად არსებული ფაქტობრივი და სამართლებრივი მდგომარეობა არ შეცვლილა, რაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, გამორიცხავდა საკითხის ხელახლა არსებითად განხილვას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო სასამართლო მიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში უნდა შეფასდეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება შესაბამისობაშია თუ არა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილ მოთხოვნებთან, რადგან ანალოგიურ მოთხოვნაზე ადმინისტრაციულ ორგანოს უკვე ჰქონდა ნამსჯელი და მიღებული იყო შესაბამისი გადაწყვეტილება.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლი ადგენს, განცხადება იმ საკითხთან დაკავშირებით, რომლის თაობაზედაც არსებობს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი განცხადების, აგრეთვე საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, შეიძლება წარდგენილი იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ფაქტობრივი ან სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც საფუძვლად დაედო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას, შეიცვალა დაინტერესებული პირის სასარგებლოდ, ან თუ არსებობს ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებანი (მტკიცებულებები), რომლებიც განაპირობებს განმცხადებლისათვის უფრო ხელსაყრელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას; თუ განცხადებაში არ არის მითითებული ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებანი, ადმინისტრაციული ორგანო განცხადების განუხილველად გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს განცხადებაზე უარის თქმის შესახებ. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი აქტი, რომლის საფუძველზედაც უარი ითქვა განცხადების დაკმაყოფილებაზე.
ზემოაღნიშნული ნორმის ანალიზის საფუძველზე სააპელაციო სასამართლო განმარტავს: დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილ განცხადებასთან და/ან საჩივართან დაკავშირებით უკვე არსებობს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, განცხადების და/ან საჩივრის ხელახლა წარდგენა შესაძლებელია იმ პირობებში, თუ 1. ფაქტობრივი ან სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც საფუძვლად დაედო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას, შეიცვალა დაინტერესებული პირის სასარგებლოდ და 2. არსებობს ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებანი (მტკიცებულებები), რომლებიც განაპირობებს განმცხადებლისათვის უფრო ხელსაყრელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.
სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმეზე ადმინისტრაციული წარმოების განახლების ორივე ზემოაღნიშნული შემთხვევისათვის პრინციპულია - იკვეთებოდეს გარემოებების განმცხადებლის სასარგებლოდ შეცვლის ფაქტი (ფაქტობრივი ან სამართლებრივი მდგომარეობა შეიცვალა დაინტერესებული პირის სასარგებლოდ; მტკიცებულებები განაპირობებენ უფრო ხელსაყრელი ინდივიდუალური დმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას), სხვა ყველა შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოსცეს განცხადების განუხილველად.
საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლის ზემოაღნიშნული რეგულაციის პირობებში, სააპელაციო სასამართლო მნიშვნელოვნად მიიჩნევს დაადგინოს, განცხადების განხილვის ეტაპზე წარდგენილი იქნა თუ არა იმ სახის მტკიცებულებები ან/და შეიცვალა თუ არა ფაქტობრივი ან სამართლებრივი მდგომარეობა იმგვარად, რომ არსებობდა განმცხადებლისათვის უფრო ხელსაყრელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის შესაძლებლობა.
აღნიშნულთან მიმართებით თბილისის სააპელაციო სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ ს---–----------------–---–ის მოთხოვნა არგუმენტირებულია მხოლოდ იმ გარემოებებით, რომ მიწის ნაკვეთზე შენობა-ნაგებობა ჯერ კიდევ 2007 წლისათვის იყო აშენებული, თუმცა, 2015 წლის 30 მარტის N4-- (დღის წესრიგის 42-ე საკითხი) და 2016 წლის 18 თებერვლის N482 (დღის წესრიგის 61-ე საკითხი) საოქმო გადაწყვეტილებებით დასტურდება, რომ ს---–----------------–---–ს უარი ეთქვა სადავო მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე რა დროსაც ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხილული და შესწავლილი იქნა მოცემული საკითხი, განმცხადებლის მხრიდან კი აღნიშნული არ გასაჩივრებულა.
სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, 2015 და 2016 წელს ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოებისას შესწავლილი იქნა შენობის განთავსების პერიოდი, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, ასევე 2005 წლის ორთოფოტოზე არ ფიქსირდება შენობა-ნაგებობა, შესაბამისად, კომისიისათვის წარდგენილი განცხადება ვერ იქნება მიჩნეული იმ სახის ახლად აღმოჩენილ ან ახლად გამოვლენილ გარემოებად, რაც წარმოშობდა ადმინისტრაციულ ორგანოს მხრიდან საკითხის არსებითად მსჯელობა-განხილვის ვალდებულებას. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლზე მითითებით, მართებულად მიიჩნევს, რომ ს---–----------------–---–ის განცხადების მარეგისტრირებელ ორგანოში განმეორებითი წარდგენა არ შეიძლება განხილულ იქნეს საქმეზე იმ ფაქტობრივი ან სამართლებრივი მდგომარეობის შეცვლად, რომელიც საფუძვლად დაედო 2015 წლის 30 მარტის N4-- (დღის წესრიგის 42-ე საკითხი) და 2016 წლის 18 თებერვლის N482 (დღის წესრიგის 61-ე საკითხი) საოქმო გადაწყვეტილებების გამოცემას, რადგან ფაქტობრივი თუ სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც საფუძვლად დაედო ზემოაღნიშნული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემას, არ შეცვლილა დაინტერესებული პირის სასარგებლოდ, და არ არსებობს ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებები (მტკიცებულებები), რომლებიც განაპირობებდნენ განმცხადებლისათვის უფრო ხელსაყრელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას. შესაბამისად, კომისიას ადმინისტრაციული წარმოებისას კანონის მოთხოვნები არ დაურღვევია, რის გამოც არ არსებობს სადავო გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძველი.
რაც შეეხება აპელანტის პოზიციას სარეკრიაციო ზონის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, პალატა განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება ეფუძნება იმ გარემოებას, რომ 2015 წლის 30 მარტის N4-- (დღის წესრიგის 42-ე საკითხი) და 2016 წლის 18 თებერვლის N482 (დღის წესრიგის 61-ე საკითხი) საოქმო გადაწყვეტილებების გამოცემის შედგომ სახეზე არაა ის გარემოება, რაც ზაკ-ის 102-ე მუხლის საფუძველეზე წარმოშობდა საკითხის ხელახლა განხილვის ვალდებულებას, შესაბამისად, არ არსებობს ამ მიმართებით სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.
6. საპროცესო ხარჯები:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.
ამავე საკანონმდებლო აქტის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ხოლო კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილი თანახმად, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელწიფო ბაჟი, რაც აპელანტის მიერ გადახდილია დავის საგნის მოცულობის პროპორციულად.
ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეზე აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს უცვლელი და ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
სარეზოლუციო ნაწილი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, 34-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 397-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ს---–----------------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილება.
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №6) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა), მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში.
მოსამართლე: ნანა დარასელია