განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №190310019003110197
საქმე №3ბ/2905-19
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
29 იანვარი, 2020 წელი, ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე დავით ახალბედაშვილი
სხდომის მდივანი - ნინო პაპინაშვილი
აპელანტი (მოპასუხე) - ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვის, სოციალური მომსახურების, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდული განვითარების სამსახური
წარმომადგენელი - ლ---------–-–---–-
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ა-–----–---------
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 06 ნოემბრის გადაწყვეტილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
აპელანტის მოთხოვნა: რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 06 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 06 ნოემბრის გადაწყვეტილები თანახმად, ა-–----–--------ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად იქნა ცნობილი ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვის, სოციალური მომსახურების, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდული განვითარების სამსახურის 2019 წლის 24 ივნისის N02/9270 ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაევალა მოპასუხე მხარეს არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად ახალი ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა რუსთავის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში.
დადგენილი უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
მოსარჩელე ა-–----–---------, 2015 წლის აპრილის თვიდან, ოჯახთან ერთად ცხოვრობს ქალაქ რუსთავში მე-17 მ/რაიონში მდებარე 39-ე ბაგა-ბაღის შენობაში, რომლის მესაკუთრეა თვითმართველი ქალაქი რუსთავი. მოსარჩელე, ექვს თვეში ერთხელ ახორციელებს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში ფაქტობრივი მისამართის განახლებას (ს.ფ. 28-29, 40-51).
2019 წლის 15 ივლისს მომზადებული ამონაწერით, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან, დგინდება, რომ მოსარჩელე ა-–----–--------ის ოჯახს მინიჭებული აქვს 16820 სარეიტინგო ქულა. ოჯახი შედგება შვიდი წევრისგან - მშობლები: გ---------------–------- და ა-–----–---------, ხოლო შვილები - ნ------–--------------------------–----------–--------- (ს.ფ. 30-31).
საქმეში წარმოდგენილი საბანკო ანგარიშის ამონაწერით დგინდება, რომ 2019 წლის თებერვლის თვიდან მაისის თვის ჩათვლით, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერია ჩაურიცხა მათ 150 ლარი, მრავალშვილიანი ოჯახების მატერიალური დახმარების მიზნით, თუმცა 2019 წლის ივნისის თვეში მითითებული დახმარება არ ფიქსირდება. შემდგომი დახმარება ჩაირიცხა მიმდინარე წლის ივლისის თვეში (ს.ფ. 32-38).
დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის 2019 წლის 17 ივლისს გაცემული საინფორმაციო ბარათით დგინდება, რომ ა-–-----–---------მ ფაქტობრივი მისამართი განაახლა 2019 წლის 07 ივნისს (ს.ფ. 50-51).
2019 წლის ივნისის თვეში მოსარჩელეს არ დაერიცხა ,,მრავალშვილიანი ოჯახების დახმარების“ - პროგრამით გათვალისწინებული თანხა, 150 ლარის ოდენობით. აღნიშნულის თაობაზე განცხადებით მიმართა მოსარჩელე ა-–----–---------მ მოპასუხეს და მოითხოვა დახმარების თანხის ჩარიცხვა (ს.ფ. 21, 32-38).
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვის, სოციალური მომსახურების, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდული განვითარების სამსახურის 2019 წლის 24 ივნისის N02/9270 მიმართვით მოსარჩელე ა-–----–---------ს განემარტა, რომ 2019 წლის მაისის თვის ბაზასთან მოსარგებლე პირების დადარების შემდგომ აღმოჩნდა, რომ მოსარჩელეს შეწყვეტილი ჰქონდა რეგისტრაცია, რაც გამორიცხავდა მოქმედი წესის შესაბამისად მატერიალური დახმარების გაცემის სამართლებრივ შესაძლებლობას (ს.ფ 21).
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
პირველი ინსტანციის სასამართლოს მიუთითებს, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 01 თებერვლის „ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვის, სოციალური მომსახურების, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდული განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ N19 დადგენილების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტზე, რითაც ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვის, სოციალური მომსახურების, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდული განვითარების სამსახურის ერთ-ერთ ძირითად ფუნქციას წარმოადგენს, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების ერთიანი სახელმწიფო და მუნიციპალური პოლიტიკის გატარების ხელშეწყობა; ხოლო ამავე დადგენილების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, სოციალური მომსახურების განყოფილება უზრუნველყოფს მუნიციპალური პროგრამების ფარგლებში ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის სოციალურად დაუცველი მოსახლებისთვის სოციალური დახმარებების ორგანიზებას.
2018 წლის 24 დეკემბრის ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს „ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური უზრუნველყოფის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“ №85 დადგენილების მე-9 დანართის თანახმად, განსაზღვრულია მრავალშვილიანი ოჯახების დახმარების პროგრამა, კერძოდ, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მცხოვრები და რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული მრავალშვილიანი ოჯახებს (4 და მეტი შვილი) მატერიალური დახმარების გაწევის მიზნით ერიცხება ყოველთვიური დახმარება.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ მოსარჩელე ა-–-----–---------, 2015 წლის აპრილის თვიდან, ოჯახთან ერთად ცხოვრობს ქალაქ რუსთავში მე-17 მ/რაიონში მდებარე 39-ე ბაგა-ბაღის შენობაში, რომლის მესაკუთრეს წარმოადგენს თვითმართველი ქალაქი რუსთავი. მოსარჩელე, ექვს თვეში ერთხელ აახლებს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში მითითებულ ფაქტობრივ მისამართს.
მოსარჩელე ა-–----–--------ის ოჯახი წარმოადგენს მრავალშვილიან ოჯახს, ოჯახი შედგება შვიდი წევრისგან - მშობლები: გ--------------–------- და ა-–-----–---------, ხოლო შვილები - ნ------–--------------------------–----------–---------, შესაბამისად ოჯახი აკმაყოფილებს ზემოაღნიშნული დადგენილებით მოთხოვნილ წინაპირობებს.
საქმეში წარმოდგენილი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან 2019 წლის 15 ივლისს მომზადებული ამონაწერით დგინდება, რომ მოსარჩელე ა-–----–--------ის ოჯახს მინიჭებული აქვს 16820 სარეიტინგო ქულა.
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 24 დეკემბრის „ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური უზრუნველყოფის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“ №85 დადგენილების მე-9 დანართის მე-2 მუხლის პირველ პუნქტის თანახმად, ქვეპროგრამით მოსარგებლეებს წარმოადგენენ ქალაქ რუსთავში მცხოვრები მრავალშვილიანი ოჯახები, რომლებიც ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებულნი არიან განცხადებით მომართვამდე არანაკლებ 1 (ერთი) წლის განმავლობაში უწყვეტად (წყვეტის შემთხვევაში რეგისტრაცია არ უნდა ფიქსირდებოდეს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებს გარეთ) და მათი ოჯახის სარეიტინგო ქულა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში არ აღემატება 150 000-ს, რომელთაც ჰყავთ 4 და მეტი შვილი. ამ წესით დადგენილი ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არანაკლებ 1 წლიანი რეგისტრაცია მოეთხოვება მშობელს (განმცხადებელს), ხოლო პროგრამის ბენეფიციარებს (მათ შვილებს) მხოლოდ აქტიური რეგისტრაციის სტატუსი. მატერიალური დახმარება გაიცემა 18 (თვრამეტი) წელს მიუღწეველი შვილების რაოდენობის გათვალისწინებით.
საქმეში წარმოდგენილი საბანკო ანგარიშის ამონაწერით დგინდება, რომ 2019 წლის თებერვლის თვიდან მაისის თვის ჩათვლით, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიამ მას ჩაურიცხა 150 ლარი, მრავალშვილიანი ოჯახების მატერიალური დახმარების მიზნით. 2019 წლის ივნისის თვეში მითითებული დახმარების გაცემა არ ფიქსირდება. ამასთან, შემდგომი დახმარება ჩაერიცხა 2019 წლის ივლისის თვეში.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ 2019 წლის ივნისის თვეში მოსარჩელეს არ დაერიცხა ,,მრავალშვილიანი ოჯახების დახმარების“ - პროგრამით გათვალისწინებული თანხა 150 ლარის ოდენობით.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილი, ფაქრობრივი გარემოებაა, რომ მოსარჩელის ფაქტობრივ საცხოვრებელ მისამართს წარმოადგენს ქალაქ რუსთავში მე-17 მ/რაიონში მდებარე 39-ე ბაგა-ბაღის შენობა. ხოლო, სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის 2019 წლის 17 ივლისს გაცემული საინფორმაციო ბარათით დგინდება, რომ ა-–----–---------ს ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მისამართი განახლებული აქვს 2019 წლის 07 ივნისს, მანამ, სანამ მოპასუხე მხარე განახორციელებდა შესაბამისი თანხების ჩარიცხვას პროგრამით მოსარგებლეებისათვის.
პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილი ფაქტების საფუძველზე მიიჩნია, რომ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვის, სოციალური მომსახურების, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდული განვითარების სამსახურის 2019 წლის 24 ივნისის N02/9270 მიმართვა, რომლითაც მოსარჩელე ა-–----–---------ს განემარტა, რომ რეგისტრაციის შეწყვეტა გამორიცხავდა მოქმედი წესის შესაბამისად მატერიალური დახმარების გაცემის სამართლებრივ შესაძლებლობას, არის კანონშეუსაბამო, ვინაიდან ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართი მოსარჩელემ განნახლა თანხის ჩარიცხვამდე, შესაბამისად მოპასუხე მხარეს, როგორც ადმინისტრაციულ ორგანოს ვალდებულება ჰქონდა სადავო საკუიხი უკეთ გამოეკვლია და სათანადოდ გადაემოწმებინა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, განსახილველ შემთხვევაში მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოსმ დაარღვია საჯარო და კერძო ინტერესთა ბალანსი, რადგან გამოცემული ადმინისტრაციული აქტით არ დასაბუთდა მოსარჩელისათვის თანხის ჩარიცხვაზე უარის თქმის მართლზომიერება და მიზანშეწონილობა, რამაც გამოიწვია მოსარჩელის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა.
ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვის, სოციალური მომსახურეობის, განთლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდული განვითარების სამსახურის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
აპელანტის განმარტებით, განსახილველ შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 24 დეკემბრის N85 დადგენილებით დამტკიცებული მრავალშვილიანი ოჯახების მატერიალური დახმარების პროგრამის განხორციელების წესის მე-3 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით, რომლითაც განსაზღვრულია დაფინანსების გაცემის პირობები და ადმინისტრირება. აღნიშნული ფარგლებში პროგრამის განმახორციელებელს ევალება პროგრამით მოსარგებლე პირები ყოველთვიურად განსაზღვროს სააგენტოდან მიღებული ბაზის შესაბამისად, ანუ პროგრამით გათვალისწინებული დახმარების გაცემისათვის აუცილებელია პროგრამით მოსარგებლე რეგისტრტირებული იყოს ქალაქ რუსთავის ადმინისტრაციულ საზღვრებში, რაც წესის შესაბამისად დგინდება და მოწმდება სააგენტოდან მიღებული ბაზების შესაბამისად, რომელიც ქალაქ რუსთავის მერიას მიეწოდება ყოველთვიურად. შესაბამისად, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან 2019 წლის 30 მაისს მიღებული ბაზის მიხედვით, მოსარჩელე მხარეს არ უფიქსირდება რუსთავში რეგისტრაციის ფაქტი, რაც გამორიცხავს მისთვის მაისის თვის დახმარების მიღების სამართლებრივ შესაძლებლობას.
აპელანტის მითითებით, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ამგვარი მოცემულობის არსებობა გამორიცხავს სასამართლოს მიერ ადმინისტრაციული ორგანოს ქმდების კანონშეუსაბამოდ მიჩნევის უსწორობას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 389-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითებას, შესაძლო ცვლილებების ან დამატებების გათვალისწინებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
ფაქტობრივი დასაბუთება:
სააპელაციო სასამართლო ეთანხმება თბილისის საქალაქო სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც იზიარებს სააპელაციო პალატაც.
სამართლებრივი დასაბუთება:
სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა სადავო საკითხი; თავის მხრივ, აპელანტმა თავის სააპელაციო საჩივარში ვერ გააქარწყლა პირველი ინსტანციის სასამართლოს სამართლებრივი დასკვნები, ვერ მიუთითა და ვერ წარმოადგინა ისეთი არგუმენტები, რომლებზე დაყრდნობითაც შესაძლებელი იქნებოდა საქმეზე დადგენილი ფაქტების სხვაგვარი სამართლებრივი შეფასება;
სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 01 თებერვლის „ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვის, სოციალური მომსახურების, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდული განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ N19 დადგენილების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვის, სოციალური მომსახურების, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდული განვითარების სამსახურის ერთ-ერთ ძირითად ფუნქციას წარმოადგენს, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების ერთიანი სახელმწიფო და მუნიციპალური პოლიტიკის გატარების ხელშეწყობა; ხოლო ამავე დადგენილების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, სოციალური მომსახურების განყოფილება უზრუნველყოფს მუნიციპალური პროგრამების ფარგლებში ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის სოციალურად დაუცველი მოსახლებისთვის სოციალური დახმარებების ორგანიზებას.
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 24 დეკემბრის „ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური უზრუნველყოფის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“ №85 დადგენილების მე-9 დანართით, განსაზღვრულია მრავალშვილიანი ოჯახების დახმარების პროგრამა, რომლის თანახმადაც, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მცხოვრები და რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული მრავალშვილიანი ოჯახებისათვის (4 და მეტი შვილი) ყოველთვიურად მატერიალური დახმარების გაწევის მიზნით ერიცხება ყოველთვიური დახმარება.
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 24 დეკემბრის „ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური უზრუნველყოფის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“ №85 დადგენილების მე-9 დანართის მე-2 მუხლის პირველ პუნქტის თანახმად, ქვეპროგრამით მოსარგებლეებს წარმოადგენენ ქალაქ რუსთავში მცხოვრები მრავალშვილიანი ოჯახები, რომლებიც ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებულნი არიან განცხადებით მომართვამდე არანაკლებ 1 (ერთი) წლის განმავლობაში უწყვეტად (წყვეტის შემთხვევაში რეგისტრაცია არ უნდა ფიქსირდებოდეს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებს გარეთ) და მათი ოჯახის სარეიტინგო ქულა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში არ აღემატება 150 000-ს, რომელთაც ჰყავთ 4 და მეტი შვილი. ამ წესით დადგენილი ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არანაკლებ 1 წლიანი რეგისტრაცია მოეთხოვება მშობელს (განმცხადებელს), ხოლო პროგრამის ბენეფიციარებს (მათ შვილებს) მხოლოდ აქტიური რეგისტრაციის სტატუსი. მატერიალური დახმარება გაიცემა 18 (თვრამეტი) წელს მიუღწეველი შვილების რაოდენობის გათვალისწინებით.
განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით უდავოდ დადგენილია, რომ მოსარჩელე ა-–----–--------ის ოჯახი წარმოადგენს მრავალშვილიან ოჯახს, ოჯახი შედგება შვიდი წევრისგან - მშობლები: გ--------------–------- და ა-–-----–---------, ხოლო შვილები - ნ------–--------------------------–----------–---------. ა-–-----–---------, 2015 წლის აპრილის თვიდან, ოჯახთან ერთად ცხოვრობს ქალაქ რუსთავში მე-17 მ/რაიონში მდებარე 39-ე ბაგა-ბაღის შენობაში, რომლის მესაკუთრეს წარმოადგენს თვითმართველი ქალაქი რუსთავი. მოსარჩელე, ექვს თვეში ერთხელ ახორციელებს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში საკუთარი ფაქტობრივი მისამართის განახლებას.
საქმეში წარმოდგენილი 2019 წლის 15 ივლისს მომზადებული სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან ამონაწერით, დგინდება, რომ მოსარჩელე ა-–----–--------ის ოჯახს მინიჭებული აქვს 16820 სარეიტინგო ქულა.
საქმეში წარმოდგენილი საბანკო ანგარიშის ამონაწერით დგინდება, რომ 2019 წლის თებერვლის თვიდან მაისის თვის ჩათვლით, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიამ მას ჩაურიცხა 150 ლარი, მრავალშვილიანი ოჯახების მატერიალური დახმარების მიზნით. თუმცა 2019 წლის ივნისის თვეში მოსარჩელეს არ დაერიცხა ,,მრავალშვილიანი ოჯახების დახმარების“ - პროგრამით გათვალისწინებული თანხა 150 ლარის ოდენობით და შემდგომი დახმარება ჩაერიცხა 2019 წლის ივლისის თვეში.
დადგენილია ისიც, რომ მოსარჩელის ფაქტობრივ საცხოვრებელ მისამართს წარმოადგენს ქალაქ რუსთავში მე-17 მ/რაიონში მდებარე 39-ე ბაგა-ბაღის შენობა, რაც მას არ შეუცვლია. ხოლო, სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის 2019 წლის 17 ივლისს გაცემული საინფორმაციო ბარათით დგინდება, რომ ა-–----–---------ს ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მისამართი განახლებული აქვს 2019 წლის 07 ივნისს, ვიდრე დადგებოდა მოპასუხე მხარის მიერ პროგრამით მოსარგებლეებისათვის შესაბამისი თანხების ჩარიცხვის თარიღი.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სააპელაციო პალატა არ იზიარებს აპელანტი ადმინისტრაციული ორგანოს არგუმენტაციას მასზედ, რომ ვინაიდან მოსარჩელე მხარეს კანონით დადგენილი წესით არ ჰქონდა განახლებული მისი ოჯახის ქ. რუსთავში რეგისტრაცია და ის არ ფიქსირდებოდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან 2019 წლის 30 მაისს მათთვის გაგზავნილ მონაცემთა ბაზაში, აღნიშნული გამორიცხავდა ივნისის თვეში მისთვის თანხის ჩარიცხვის შესაძლებლობას.
პალატა მიუთითებს, რომ პროგრამის განმახორციელებლის მიერ პროგრამით მოსარგებლე პირების განსაზღვრა და სააგენტოდან მიღებული ბაზებთან შედარება, ყოველთვიურად, არა მექანიკურად, არამედ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა გამოკვლევისა და სატანადო შეფასების გზით უნდა ხორციელებოდეს, რათა უზრუნველყოფილ იქნეს დახმარების მიმღები მრავალშვილიანი ოჯახისათვის კანონმდებლობით განსაზღვრული შეღავათის მიღება და მაქსიმალურად გამოირიცხოს ფაქტობრივი შეცდომის დაშვებისალბათობა.
განსახილველ შემთხვევაში ადმინისტრაციულ ორგანოს არ სრულყოფილად გამოუკვლევია, რა გარემოებით იყო გამოწვეული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან 2019 წლის 30 მაისს მათთან გადაგზავნილ მონაცემთა ბაზაში ა-–----–--------ის ოჯახის არ არსებობა. ხომ არ ჰქონდა ადგილი ტექნიკურ უზუსტობას და ხომ არ მომხდარა შემდგომში ამ ოჯახის ბაზაში დამატება მით უფრო გარემოების გათვალისწინებით, რომ მცირედი დაგვიანებით თუმცა ივნისის დასაწყისშივე მოსარჩელემ უზრუნველყყო რეგისტრაციის განახლება და დაუყოვნებლივ აცნობა შეაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს აღნიშნული ფაქტის შესახებ, რაც სავარაუდოდ საკითხში სრულყოფილად გარკვევის ვალდებულებისადმი არაჯეროვანი დამოკიდებულების გამო არ იქნა გათვალისწინებული აპელანტის მიერ. ამასთან, საყურადღებოა ისიც, რომ სადავო პერიოდში, მის შემდგომ და მანამდე საკმაო ხნის განმავლობაშიც ა-–----–--------ის ოჯახი უწყვეტად იღებდა ზემოაღნიშნული დადგენილებით გათვალისწინებულ შემწეობას. შესაბამისად, ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე უდავოა ოჯახის კანონიერი ინტერესი, რომ ისინი რეგისტრირებულნი იყვნენ სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და ღებულობდნენ ფულად დახმარებას, რადგან აღნიშნულს მათი არსებობისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობა გააჩნია.
ცხადია, რომ აპელანტ ადმინისტრაციულ ორგანომ სრულყოფილად არ გამოიკვლია ის ფაქტი, რომ ა-–----–--------ის მიერ მისი ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართი განახლებულ იქნა თანხის ჩარიცხვამდე - 2019 წლის 07 ივნისს და ამის თაობაზე აცნობა კიდეც მათ. სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ სადავო საკითხისადმი ადმინისტრაციული ორგანოს მსგავსი ფორმალური დამოკიდებულება და სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზასთან მოსარგებლე პირების მხოლოდ მექანიკური დადარება ეწინააღმდეგება ზემოაღნიშნული დადგენილებით განსაზღვრულ მრავალშვილიანი ოჯახების ხელშეწყობის საჯარო მიზანს და ვერ უზრუნველყოფს ამ თვალსაზრისით სწორი სოციალური და ეკონომიკური პოლიტიკის გატარებას. აღნიშნული მიდგომა სოციალური დახმარების გარეშე ტოვებს შეჭირვებულ მრავალშვილიან ოჯახს, რაც პრინციპულად მიუღებელია.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლებიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ აპელანტი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადგილი არ ჰქონია საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევასა და მათ სრულყოფილად შესწავლას, რის გამოც საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ სწორად იქნა სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნობილი ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვის, სოციალური მომსახურების, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდული განვითარების სამსახურის 2019 წლის 24 ივნისის N02/9270 ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და სწორად დაევალა მოპასუხე მხარეს საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა.
სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი საპროცესო დარღვევების გარეშე, სწორად დაადგინა საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. აპელანტის მიერ არ ყოფილა მითითებული გარემოებებზე და წარმოდგენილი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3-ე მუხლის შესაბამისად ის მტკიცებულებები, რაც გააბათილებდა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ სადავო საკითხის გადაწყვეტის პროცესში გაკეთებულ სამართლებრივ დასკვნებს. შესაბამისად, სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული გარემოებები, რის გამოც სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 06 ნოემბრის გადაწყვეტილება.
საპროცესო ხარჯები:
,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლების შესაბამისად, მხარეები განთავისუფლებულები არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-12, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 397-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვის, სოციალური მომსახურების, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდული განვითარების სამსახურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 06 ნოემბრის გადაწყვეტილება;
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს კასაციის წესით, საქართველოს უზენაეს სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №6), დასაბუთებული განჩინების მხარეთათვის გადაცემიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (მდებარე ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა).
მოსამართლე: დავით ახალბედაშვილი