განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 24.01.2020
საქმის ნომერი
330310018002770408
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
24.01.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330310018002770408

საქმე №3ბ/2709-19

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

24 იანვარი, 2020 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - დავით ახალბედაშვილი

 

სხდომის მდივანი - ნინო პაპინაშვილი

 

აპელანტი (მოპასუხე) - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო

წარმომადგენელი - სოფიკო ლოქაბიძე

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - შპს „ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის სეფსისის საწინააღმდეგო ცენტრი“

წარმომადგენელი - ნანა აფხაიძე

 

მესამე პირი - შპს „ეიჩ ბი-ჯორჯია“

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 30 ივლისის გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 30 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 30 ივლისის გადაწყვეტილებით, შპს ,,ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის სეფსისის საწინააღმდეგო ცენტრის“ სარჩელი დაკმაყოფილდა და ბათილად იქნა ცნობილი სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2018 წლის 14 ნოემბრის №SP181020646/508937 ბრძანება ,,დავალიანების გადახდევინების შესახებ“;

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

2018 წლის 18 ოქტომბერს, შპს ,,ეიჩ ბი-ჯორჯიამ“ განცხადებით მიმართა აღსრულების ეროვნულ ბიუროს და მოითხოვა დავალიანების გადახდევინების შესახებ გამარტივებული წარმოების დაწყება, რესპონდენტის - შპს ,,ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის სეფსისის საწინააღმდეგო ცენტრის“ მიმართ. განცხადების თანახმად, განცხადების შეტანის დღისათვის აპლიკანტის - შპს ,,ეიჩ ბი-ჯორჯიას“ მოთხოვნა, რესპონდენტის მიმართ შეადგენდა 3272 ლარს.

 

შპს ,,ეიჩ ბი-ჯორჯიამ“ განცხადებას თან დაურთო შედარების აქტი, სასაქონლო ზედნადებები, ამონაწერი პირადი ბარათიდან, ხელშეკრულება საქონლის ყიდვა-გაყიდვის შესახებ (ს.ფ. 75-80, 86-99);

 

2018 წლის 26 ოქტომბერს, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს გამარტივებული საქმისწარმოების სამსახურმა გამოსცა გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ №SP181020646/500703 შეტყობინება, რომლითაც რესპონდენტ - შპს ,,ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის სეფსისის საწინააღმდეგო ცენტრს“ ეცნობა, რომ შეტყობინების მიღებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში შეეძლო განეხორციელებინა შეტყობინებაში მითითებული მოქმედებები, მათ შორის, განეცხადებინა წერილობითი პროტესტი აპლიკანტის მოთხოვნის წინააღმდეგ, თუ არ ეთანხმებოდა მოთხოვნას. რესპონდენტს ასევე განემარტა, რომ შეტყობინებაში მითითებული მოქმედებების განუხორციელებლობის შემთხვევაში გამოიცემოდა ბრძანება დავალიანების გადახდევინების შესახებ. მითითებული შეტყობინება შპს ,,ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის სეფსისის საწინააღმდეგო ცენტრს“ გაეგზავნა ფოსტის მეშვეობით, მისამართზე: თბილისი, დ. უზნაძის ქ. N87, თუმცა გზავნილი ადრესატს ვერ ჩაბარდა. კურიერის მიერ საფოსტო გზავნილის დასტურზე აღნიშნულია: ,,გადაცემა ჩაბარების წარუმატებელი მცდელობა; ადრესატი ვერ მოიძებნა მისამართზე“.

 

2018 წლის 26 ოქტომბრის №SP181020646/500703 შეტყობინება გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ შპს ,,ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის სეფსისის საწინააღმდეგო ცენტრს“ ფოსტის მეშვეობით ასევე გაეგზავნა შემდეგ მისამართზე: თბილისი, საბურთალოს რაიონი, ყაზბეგის გამზირი N16.

 

შპს ,,საქართველოს ფოსტის“ დასტურის თანახმად, ზემოაღნიშნულ მისამართზე ადრესატს გზავნილი ჩაბარდა. კურიერის მიერ საფოსტო გზავნილის დასტურზე აღნიშნულია, რომ გზავნილი ჩაიბარა ნინო შაფათავამ (01024058543), ორგანიზაციის წარმომადგენელმა - მენეჯერმა, 2018 წლის 29 ოქტომბერს (ს.ფ. 103-105, 109);

 

2018 წლის 14 ნოემბერს, სსიპ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ გამოსცა №SP181020646/508937 ბრძანება დავალიანების გადახდევინების შესახებ, რომლის თანახმადაც რესპონდენტ - შპს ,,ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის სეფსისის საწინააღმდეგო ცენტრს“ დაეკისრა დავალიანების გადახდა 3272 ლარის ოდენობით, აპლიკანტის - შპს ,,ეიჩ ბი-ჯორჯიას“ მიმართ (ს.ფ. 111);

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა პირმა - ნინო შაფათავამ დაადასტურა 2018 წლის 29 ოქტომბერს საფოსტო გზავნილის ჩაბარებისა და საქმეში წარმოდგენილ საფოსტო შეტყობინების დასტურზე მისი ხელმოწერის ნამდვილობის ფაქტი. მანვე განმარტა, რომ იგი მუშაობს ოფის მენეჯერად, შპს ,,ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში“, რომლის დირექტორია დავით გადელია. მოწმემ აღნიშნა, რომ მის მიერ აღნიშნული საფოსტო გზავნილის ჩაბარება განხორციელდა სვეტა სლოევას მითითებით, რომელიც შპს ,,ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის“ მენეჯერის თანამდებობაზე ნინო შაფათავას დანიშვნამდე მუშაობდა, ახლა კი წარმოადგენს ამავე ორგანიზაციის HR-ს. მოწმე ნინო შაფათავას განმარტებით, მან ჩაბარებული გზავნილი გადასცა სვეტა სლოევას, რომელმაც განუცხადა, რომ აღნიშნულ გზავნილს გადასცემდა ადრესატ ორგანიზაციას, თუმცა აღნიშნული გადაცემის დამადასტურებელი რაიმე წერილობითი დოკუმენტი მოწმეს არ გააჩნია. სასამართლო სხდომაზე ნინო შაფათავამ ასევე განმარტა, რომ მას არასოდეს უმუშავია შპს ,,ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის სეფსისის საწინააღმდეგო ცენტრში“ და აღნიშნული ორგანიზაციის ადგილმდებარეობა მისთვის უცნობია.

 

საქმეში წარმოდგენილი ამონაწერებით მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, დგინდება, რომ შპს ,,ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის სეფსისის საწინააღმდეგო ცენტრი“ (ს/კ 212153747, დირექტორი: ომარ ქუტიძე) და შპს ,,აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის სეფსისის და ინფექციურ პათოლოგიათა კლინიკა“ (ს/კ 405018831, გენერალური დირექტორი: დავით გადელია) წარმოადგენენ ერთი და იმავე იურიდიულ მისამართზე რეგისტრირებულ, სხვადასხვა იურიდიულ პირებს (ს.ფ. 15-17);

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 13 ივნისის განჩინების (საქმე N3/7873-18) საფუძველზე, სსიპ შემოსავლების სამსახურმა 2019 წლის 28 ივნისს, N21-11/70572 წერილით მომართა სასამართლოს. წერილში მიუთითა, რომ ნინო შაფათავას (პ/ნ 01024058543) 2018 წლის 01 ოქტომბრიდან 2018 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით შპს ,,ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის სეფსისის საწინააღმდეგო ცენტრიდან“ (ს/ნ 212153747) მიღებული შემოსავალი არ უფიქსირდება (ს.ფ. 185).

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

სასამართლომ განმარტა შემდეგი:

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2018 წლის 18 ოქტომბერს, შპს ,,ეიჩ ბი-ჯორჯიამ“ განცხადებით მიმართა აღსრულების ეროვნულ ბიუროს, წარუდგინა საქონლის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება, დამატებითი დოკუმენტაცია და მოითხოვა დავალიანების გადახდევინების შესახებ გამარტივებული წარმოების დაწყება, რესპონდენტის - შპს ,,ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის სეფსისის საწინააღმდეგო ცენტრის“ მიმართ. განცხადების თანახმად, განცხადების შეტანის დღისათვის აპლიკანტის - შპს ,,ეიჩ ბი-ჯორჯიას“ მოთხოვნა, რესპონდენტის მიმართ შეადგენდა 3272 ლარს. აღნიშნული განცხადების საფუძველზე, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს გამარტივებული საქმისწარმოების სამსახურმა 2018 წლის 26 ოქტომბერს გამოსცა გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ შეტყობინება, რომლითაც რესპონდენტ შპს ,,ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის სეფსისის საწინააღმდეგო ცენტრს“ განესაზღვრა 10 კალენდარული დღე ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გასატარებელი მოქმედებებისათვის. მითითებული შეტყობინება რესპონდენტს გაეგზავნა ფოსტის მეშვეობით, მისამართზე: თბილისი, დ. უზნაძის ქ. 87, თუმცა შეტყობინება ადრესატს ვერ ჩაბარდა. აღნიშნული შეტყობინება შპს ,,ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის სეფსისის საწინააღმდეგო ცენტრს“ ასევე გაეგზავნა მისამართზე: თბილისი, საბურთალოს რაიონი, ყაზბეგის გამზირი 16.

 

საქმეში წარმოდგენილი შპს ,,საქართველოს ფოსტის“ დასტურის თანახმად, გზავნილი 2018 წლის 29 ოქტომბერს ჩაბარდა ორგანიზაციის წარმომადგენელს, მენეჯერს - ნინო შაფათავას, რის გამოც „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 917-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოქმედებების განუხორციელებლობიდან გამომდინარე, სსიპ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ 2018 წლის 14 ნოემბერს გამოსცა №SP181020646/508937 ბრძანება, რომლითაც რესპონდენტ შპს ,,ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის სეფსისის საწინააღმდეგო ცენტრს“ დაეკისრა დავალიანების გადახდა 3272 ლარის ოდენობით.

 

სასამართლოს მითითებით, მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარე სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლად უთითებს იმ გარემოებას, რომ მას გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ შეტყობინება არ ჩაბარებია, ვინაიდან ნინო შაფათავა არ წარმოადგენს შპს ,,ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის სეფსისის საწინააღმდეგო ცენტრის“ თანამშრომელს და შესაბამისად, მის უფლებამოსილ წარმომადგენელს. მოსარჩელის განმარტებით, ნინო შაფათავა არის არა შპს ,,ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის სეფსისის საწინააღმდეგო ცენტრის“, არამედ შპს ,,აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის სეფსისის და ინფექციურ პათოლოგიათა კლინიკის“ თანამშრომელი, რის გამოც იგი არ წარმოადგენდა მოსარჩელის სახელზე არსებული გზავნილის ჩაბარებაზე უფლებამოსილ პირს. ამდენად, მხარეს მიაჩნია, რომ ვინაიდან იგი არ იყო ინფორმირებული გამარტივებული წარმოების დაწყების თაობაზე, გასაჩივრებული დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანება უკანონოა და ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 917-ე მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად, გამარტივებული წარმოებისას გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ შეტყობინება რესპონდენტს ჩაჰბარდება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით. დაუშვებელია რესპონდენტისათვის გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ შეტყობინების საჯარო გამოცხადების გზით ცნობება.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ხოლო ჩაბარების განსხვავებულ, გონივრულ წესზე მხარეთა შეთანხმების არსებობის შემთხვევაში − ამ შეთანხმებით გათვალისწინებული წესით. ამავე კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო უწყება ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფლის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის, სასამართლოსთვის ცნობილი სხვა მისამართის ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით, ხოლო 73-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლო უწყება იგზავნება ამ კოდექსის 70-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ტექნიკური საშუალებით, ფოსტით, სასამართლო კურიერის მეშვეობით ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას, უწყების გაგზავნის რომელი ფორმა გამოიყენოს, რომელ მისამართზე გააგზავნოს უწყება, და არ არის ვალდებული, დაიცვას თანამიმდევრობა. სასამართლომ დასაბარებელ პირს უწყება შეიძლება ჩააბაროს ასევე სასამართლოს შენობაში. თუ პირველად გაგზავნისას უწყების ადრესატისათვის ჩაბარება ვერ ხერხდება, იგი დასაბარებელ პირს უნდა გაეგზავნოს დამატებით ერთხელ მაინც იმავე ან სასამართლოსთვის ცნობილ სხვა მისამართზე. მითითებული კოდექსის 75-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ადრესატმა ან ამ კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულმა სუბიექტმა, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული გამონაკლისისა, უარი განაცხადა უწყების მიღებაზე, მისი მიმტანი პირი სათანადო აღნიშვნას აკეთებს უწყებაზე, რომელიც სასამართლოს უბრუნდება. ასეთ შემთხვევაში უწყება ადრესატისათვის ჩაბარებულად ითვლება და სასამართლოს შეუძლია განიხილოს საქმე, ხოლო მე-2 ნაწილის მიხედვით, უწყების მიღებაზე ამ კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სუბიექტის უარის შემთხვევაში სასამართლო უწყება არ ჩაითვლება მოპასუხისათვის ჩაბარებულად, თუ მას პირველად ეგზავნება უწყება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა უწყება გაგზავნილი იქნა მოპასუხის მიერ პასუხში (შესაგებელში) მითითებულ მისამართზე.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, საქმის მასალებით დადგენილია, რომ გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2018 წლის 26 ოქტომბრის შეტყობინება შპს ,,ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის სეფსისის საწინააღმდეგო ცენტრს“ გაეგზავნა ფოსტის მეშვეობით, მისამართზე: თბილისი, საბურთალოს რაიონი, ყაზბეგის 16, რომელიც საქმეში წარმოდგენილი შპს ,,საქართველოს ფოსტის“ დასტურის თანახმად, ჩაიბარა ორგანიზაციის წარმომადგენელმა, მენეჯერმა - ნინო შაფათავამ.

 

სასამართლოს მითითებით, საქმის მასალებში წარმოდგენილია ამონაწერები მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომლითაც დგინდება, რომ შპს ,,ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის სეფსისის საწინააღმდეგო ცენტრი“ (ს/კ 212153747, დირექტორი: ომარ ქუტიძე) და შპს ,,აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის სეფსისის და ინფექციურ პათოლოგიათა კლინიკა“ (ს/კ 405018831, გენერალური დირექტორი: დავით გადელია) წარმოადგენენ ერთი და იმავე იურიდიულ მისამართზე რეგისტრირებულ, სხვადასხვა იურიდიულ პირებს. ამასთან, სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა პირმა - ნინო შაფათავამ განმარტა, რომ იგი მუშაობს ოფის მენეჯერად, შპს ,,ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში“, რომლის დირექტორია დავით გადელია. მოწმემ აღნიშნა, რომ მის მიერ საფოსტო გზავნილის ჩაბარება განხორციელდა სვეტა სლოევას მითითებით, რომელიც შპს ,,ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის“ მენეჯერის თანამდებობაზე მუშაობდა ნინო შაფათავას დანიშვნამდე , ახლა კი წარმოადგენს ამავე ორგანიზაციის HR-ს. მოწმე ნინო შაფათავას განმარტებით, მან ჩაბარებული გზავნილი გადასცა სვეტა სლოევას, რომელმაც განუცხადა, რომ აღნიშნულ გზავნილს გადასცემდა ადრესატ ორგანიზაციას, თუმცა აღნიშნული გადაცემის დამადასტურებელი რაიმე წერილობითი დოკუმენტი მოწმეს არ გააჩნია. სასამართლო სხდომაზე ნინო შაფათავამ ასევე განმარტა, რომ მას არასოდეს უმუშავია შპს ,,ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის სეფსისის საწინააღმდეგო ცენტრში“ და აღნიშნული ორგანიზაციის ადგილმდებარეობა მისთვის უცნობია. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 28 ივნისის N21-11/70572 წერილის თანახმად, ნინო შაფათავას (პ/ნ 01024058543) 2018 წლის 01 ოქტომბრიდან 2018 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით შპს ,,ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის სეფსისის საწინააღმდეგო ცენტრიდან“ (ს/ნ 212153747) მიღებული შემოსავალი არ უფიქსირდება.

 

ამდენად, პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2018 წლის 26 ოქტომბრის შეტყობინება შპს ,,ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის სეფსისის საწინააღმდეგო ცენტრის“ უფლებამოსილ წარმომადგენელს არ ჩაბარებია. აღნიშნული კი, წარმოადგენდა გამარტივებული წარმოებისათვის დადგენილი პროცედურის დარღვევას.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ შპს ,,ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის სეფსისის საწინააღმდეგო ცენტრის“ მიმართ მიმდინარე გამარტივებული წარმოების პროცესში ადგილი ჰქონდა არსებითი ხასიათის პროცედურის დარღვევას და ამ დარღვევების გათვალისწინებით, მოპასუხე არ იყო უფლებამოსილი გამოეცა ბრძანება დავალიანების გადახდევინების შესახებ, რაც უდავოდ წარმოადგენს გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2018 წლის 14 ნოემბრის №SP181020646/508937 ბრძანების ბათილად ცნობის საფუძველს.

 

სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

აპელანტის მითითებით, ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 913 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, აპლიკანტი არის პირი, რომელსაც აქვს დოკუმენტურად დადასტურებული ფულადი სახის ვადამოსული მოთხოვნა. ამავე კანონის 914 მუხლის მე-2 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავალიანების გადახდევინების შესახებ განცხადება უნდა შეიცავდეს დოკუმენტების ჩამონათვალს, რომელის მეშვეობითაც აპლიკანტი ასაბუთებს თავის მოთხოვნას და რომლებიც ერთვის დავალიანების გადახდევინების შესახებ განცხადებას. ამავე კანონის 915 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, აღსრულების ეროვნული ბიურო აპლიკანტის მოთხოვნის უფლების შემოწმებისას ეყრდნობა მხოლოდ დავალიანების გადახდევინების შესახებ განცხადებასა და თანდართულ წერილობით მტკიცებულებში არსებულ მონაცემებს. მითითებული მუხლების შინაარსის გათვალისწინებით, გამარტივებული წარმოების დაწყების საფუძველია, აპლიკანტის დოკუმენტურად დადასტურებული ფულადი სახის მოთხოვნა, რომლის დაკმაყოფილების სამართლებრივი შესაძლებლობა უკვე დამდგარია. მოცემულ საქმესთან მიმართებით აპლიკანტის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტთა საფუძველზე შემოწმდა დაცული იყო თუ არა გამარტივებული წარმოების დასაწყებად კანონით დადგენილი წინაპირობები და დადგინდა, რომ სახეზე იყო ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი ყველა ის წინაპირობა, რაც აუცილებელია აღსრულების ეროვნულ ბიუროში გამარტივებული წარმოების დასაწყებად, კერძოდ, აპლიკანტის წარმოდგენილ დოკუმენტაციას მიენიჭა სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტის - ფულადი სახის ვადამოსული მოთხოვნის არსებობის დამდგენი ძალა.

 

,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 917 მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად, გამარტივებული წარმოებისას გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ შეტყობინება რესპონდენტს ჩაბარდება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ...ორგანიზაციისათვის გაგზავნილი უწყება უნდა ჩაბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში - ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს. ...ამ ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში უწყების ჩაბარება დასტურდება მის მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.

 

აპელანტის მითითებით, შეტყობინება ,,გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ“ შეიცავს ყველა იმ უფლება მოვალეობათა დეტალურ განმარტებას, რაც აქვს რესპონდენტს გამარტივებული წარმოების ფარგლებში. ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 917 მუხლის მე-2 პუნქტის "გ.ბ" ქვეპუნქტის მიხედვით, რესპონდენტს უფლება აქვს განაცხადოს წერილობითი პროტესტი აპლიკანტის მოთხოვნის წინააღმდეგ, თუ არ ეთანხმება მოთხოვნას. გამარტივებული წარმოების პროცედურა მოითხოვს კანონით გათვალისწინებული ეტაპების გავლას, რომლის დროსაც განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა რესპოდენტის განხორციელებულ ქმედებებს, მათ შორის დავალიანების არსებობის თაობაზე პროტესტის წარდგენას, რაც თავის მხრივ გამორიცხავს გადახდის ბრძანების გამოცემას და იძულებითი აღსრულების ღონისძიებების გატარებას. რესპონდენტი თავისუფლდება ფაქტობრივ გარემოებების დადასტურების ვალდებულებისაგან. კანონმდებლის ამგვარი მიდგომა დეტერმინირებულია სწორედ გამარტივებული წარმოების სპეციფიკით.

 

ამასთან, ფაქტობრივი გარემოებების ყოველმხრივ კვლევა-შესაწავლა-შეფასება სასამართლოს პრეროგატივაა და გამარტივებული წარმოების სამსახური არ წარმოადგენს სასამართლოს ქვედა რგოლის ანალოგიას, გამომდინარე აქედან, მას არ გააჩნია სასამართლოს მსგავსი ნორმაშემფარდების ფუნქცია. ასევე საგულისხმოა, რომ ყველას აქვს უფლება საკუთარი დარღვეული ან/და სადავოდ ქცეული უფლება დაიცვას სასამართლოსათვის მიმართვის გზით, განსაკუთრებით იმ მოცემულობით, როდესაც რესპონდენტი მიუთითების სადავოდ გამხდარი ფაქტობრივი გარემოებების შეფასების აუცილებლობაზე. სწორედ ამიტომაც მიენიჭა რესპონდენტს უფლება, შეუზღუდა გამოხატოს საკუთარი პოზიცია მის მიმართ დაწყებულ წარმოებასთან დაკავშირებით. მათ შორის არ დაეთანხმოს, მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გამარტივებული წარმოების წესით განხილვას. ამ პოზიცის საფუძვლიანობის შესწავლა ახდენს აღსრულების ეროვნული ბიურო და რესპონდენტის პროტესტი წარმოადგენს უპირობო საფუძველს დაწყებული წარმოების შეწყვეტისათვის. ერთადერთი ვალდებულება, რაც კანონმდებელმა რესპონდენტს დაუწესა, არის ის რომ რესპონდენტი ვალდებულია, პოზიცია მის მიმართ დაწყებული გამარტივებულ წარმოება დაკავშირებით წარმოადგინოს წერილობითი ფორმით, კანონით განსაზღვრულ 10 დღიან ვადაში.

 

სააპელაციო საჩივრის ავტორის მითითებით, განსახილველ შემთხვევაში შეტყობინება ,,გამარტივებული წარმოების დაწყების თაობაზე“ მოსარჩელეს ჩაბარდა კანონით დადგენილი წესით, მას მიეცა რეალური შესაძლებლობა დაეფიქსირებინა პოზიცია გამარტივებულ წარმოებასთან დაკავშირებით. უდავოა, რომ გამარტივებული წარმოების ფარგლებში რესპონდენტისათვის შეტყობინების გაგზავნისას გამოყენებულ იქნა სწორი საკომუნიკაცია მისამართი - რეგისტრაციის მისამართზე მისულ ფოსტის მუშაკს დამხვედრმა პირმა განუცხადა საკუთარი ვინაობა, ადრე ორგანიზაციაში დაკავებული თანამდებობა და ჩაიბარა რესპონდენტ - შპს ,,ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის სეფსისის საწინააღმდეგო ცენტრისათვის“ განკუთვნილი კორესპონდენცია.

 

აპელანტის მითითებით, სასამართლოს მიერ განვითარებული სამართლებრივი ლოგიკის გაზიარებისას, შეიქმნება რეალობა, როდესაც ორგანიზაციისათვის განკუთვნილი კორესპონდენციის თანამშრომლის მიერ ჩაბარების შემთხვევაში, ნორმის გამომყენებელმა ადმინისტრაციულმა ორგანომ, შემთხვევაში სსიპ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ, რესპონდენტისაგან უნდა გამოითხოვოს ინფორმაცია ადრესატსა და ჩამბარებელ პირს შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობის დასადასტურებლად. ეს იგივეა დაწესდეს ვალდებულება, რომ ადრესატის ნაცვლად მის ოჯახის წევრზე ჩაბარების შემთხვევაში ნათესაური კავშირის დადგენის მიზნით განხორციელდეს მოკვლევა, მიუხედავად იმისა, რომ მისამართზე დამხვედრი პირი ადასტურებს ადრესატთან ცხოვრების ფაქტსა ნათესაურ კავშირს, რის გამოც თანხმობას აცხადებს კანონისმიერი ვალდებულ შესარულებაზე - კორესპონდენცია გადასცეს ადრესატს. შესაბამისად, სასამართლომ სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს დააკისრა იმაზე მეტი ვალდებულება, რაც კანონით არის დადგენილი. საქმის მასალების მიხედვით ირკვევა, რომ შეტყობინების ჩაბარებიდან 10 კალენდარული დღის განმავლობაში მოსარჩელემ არ წარმოადგინა წერილობითი პოზიცია მის მიმართ დაიწყო გამარტივებული წარმოების თაობაზე.

 

,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 917 მუხლის მე-4 პუნქტის ქვეპუნქტის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიურო გამოსცემს დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანებას იმ შემთხვევაში, თუ რესპონდენტი არ განახორციელებს ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ არც ერთ მოქმედებას – დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანება გამოიცემა მოთხოვნის სრულ ოდენობაზე. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი და სამართლებრივი წინაპირობების საფუძველზე, აღსრულების ეროვნული ბიუროს გამარტივებული წარმოების სამსახურის მიერ გამოიცა ,,ბრძანება დავალიანების გადახდევინების შესახებ“. ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 919 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გასაჩივრება დაიშვება იმ შემთხვევაში, არსებითად დარღვეულია გამარტივებული წარმოების ამ თავით დადგენილი პროცედურა. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლების შინაარსის გათვალისწინებით, ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი ბათილად შეიძლება გამოცხადდეს, თუ ის ეწინააღმდგება კანონს. ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქარეთველოს კანონი ადგენს იმ მოთხოვნებს, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს გამარტივებული წარმოების ფარგლებში მიღებული ბრძანება ,,დავალიანების გადახდევინების შესახებ“.

 

აპელანტის მითითებით, საქმეში არსებული დოკუმენტაციის მიხვედით, დგინდება, რომ გამარტივებული წარმოება განხორციელდა კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობს სადავოდ ქცეული ბრძანების გაუქმების, კანონით დადგენილი ფაქტობრივი და სამართლებრივი წინამძღვრები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებასა და დასკვნებს, საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

ფაქტობრივი დასაბუთება:

 

სააპელაციო სასამართლო სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც იზიარებს სააპელაციო პალატაც.

 

სამართლებრივი დასაბუთება:

 

სააპელაციო სასამართლო ასევე სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს.

 

სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 914 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დავალიანების გადახდევინების შესახებ განცხადება, რომელიც გამარტივებული წარმოების დაწყების საფუძველია, მიზნად უნდა ისახავდეს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის მიერ დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემას. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, დავალიანების გადახდევინების შესახებ განცხადება უნდა შეიცავდეს: ა) მხარეებისა და მათი წარმომადგენლების (თუ საქმეში წარმომადგენელი მონაწილეობს) დასახელებას, პირად/საიდენტიფიკაციო ნომერს, მისამართს (ფაქტობრივ საცხოვრებელ ან/და საქმიანობის ადგილს), სხვა ცნობილ საკონტაქტო მონაცემებს; ბ) აპლიკანტის საბანკო რეკვიზიტებს; გ) აპლიკანტის მოთხოვნას; დ) დოკუმენტების ჩამონათვალს, რომელთა მეშვეობითაც აპლიკანტი ასაბუთებს თავის მოთხოვნას და რომლებიც ერთვის დავალიანების გადახდევინების შესახებ განცხადებას; ე) მითითებას იმის შესახებ, ითხოვს თუ არა აპლიკანტი გამარტივებული წარმოებისას გაწეული დამატებითი ხარჯის (რომელიც შედგება სააპლიკაციო და ყადაღის დადებისათვის გათვალისწინებული საფასურებისაგან) ანაზღაურებას; ვ) მითითებას იმის შესახებ, რომ დაყენებული მოთხოვნა არ არის დამოკიდებული აპლიკანტის მიერ რაიმე საპასუხო ვალდებულების შესრულებაზე, ან რომ მან ასეთი ვალდებულება უკვე შეასრულა; ზ) მითითებას იმის შესახებ, ითხოვს თუ არა აპლიკანტი დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების აღსრულებას; ზ) მითითებას იმის შესახებ, ითხოვს თუ არა აპლიკანტი დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების აღსრულებას; თ) მითითებას იმის შესახებ, ითხოვს თუ არა აპლიკანტი მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით ყადაღის დადებას; ი) აპლიკანტის ან მისი წარმომადგენლის ხელმოწერას.

 

,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 917 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიურო გამოსცემს დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანებას შემდეგ შემთხვევებში: ა) თუ რესპონდენტი არ განახორციელებს ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ არც ერთ მოქმედებას – დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანება გამოიცემა მოთხოვნის სრულ ოდენობაზე; ბ) თუ რესპონდენტი სრულად აღიარებს მოთხოვნას – დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანება გამოიცემა მოთხოვნის სრულ ოდენობაზე; გ) თუ რესპონდენტი აღიარებს მოთხოვნის ნაწილს – დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანება გამოიცემა მოთხოვნის აღიარებულ ნაწილზე; დ) მხარეთა მორიგების პირობების დარღვევის შემთხვევაში − მორიგების პირობებში აღნიშნული და რესპონდენტის მიერ დაუფარავი დავალიანების ოდენობაზე. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანებით აპლიკანტის ძირითად მოთხოვნასთან ერთად რესპონდენტს დაეკისრება ასევე გამარტივებული წარმოებისას აპლიკანტის მიერ გაწეული დამატებითი ხარჯის გადახდა, რომელიც შედგება სააპლიკაციო და ყადაღის დადებისათვის გადახდილი საფასურებისაგან. რესპონდენტს დამატებითი ხარჯის გადახდა დაეკისრება იმ შემთხვევაში, თუ აპლიკანტს მოთხოვნილი ჰქონდა ასეთი ხარჯის ანაზღაურება.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2018 წლის 18 ოქტომბერს, შპს ,,ეიჩ ბი- ჯორჯიამ“ განცხადებით მიმართა აღსრულების ეროვნულ ბიუროს, წარუდგინა საქონლის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება, დამატებითი დოკუმენტაცია და მოითხოვა დავალიანების გადახდევინების შესახებ გამარტივებული წარმოების დაწყება, რესპონდენტის - შპს ,,ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის სეფსისის საწინააღმდეგო ცენტრის“ მიმართ. განცხადების თანახმად, განცხადების შეტანის დღისათვის აპლიკანტის - შპს ,,ეიჩ ბი-ჯორჯიას“ მოთხოვნა, რესპონდენტის მიმართ შეადგენდა 3272 ლარს. აღნიშნული განცხადების საფუძველზე, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს გამარტივებული საქმისწარმოების სამსახურმა 2018 წლის 26 ოქტომბერს გამოსცა გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ შეტყობინება, რომლითაც რესპონდენტ შპს ,,ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის სეფსისის საწინააღმდეგო ცენტრს“ განესაზღვრა 10 კალენდარული დღე ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გასატარებელი მოქმედებებისათვის. მითითებული შეტყობინება რესპონდენტს გაეგზავნა ფოსტის მეშვეობით, მისამართზე: თბილისი, დ. უზნაძის ქ. 87, თუმცა შეტყობინება ადრესატს ვერ ჩაბარდა. აღნიშნული შეტყობინება შპს ,,ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის სეფსისის საწინააღმდეგო ცენტრს“ ასევე გაეგზავნა მისამართზე: თბილისი, საბურთალოს რაიონი, ყაზბეგის გამზირი N16.

 

საქმეში წარმოდგენილი შპს ,,საქართველოს ფოსტის“ დასტურის თანახმად, გზავნილი 2018 წლის 29 ოქტომბერს ჩაბარდა ორგანიზაციის წარმომადგენელს, მენეჯერს - ნინო შაფათავას. კანონით დადგენილი ვადის გასვლის შემდგომ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 917-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოქმედებების განუხორციელებლობიდან გამომდინარე, სსიპ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ 2018 წლის 14 ნოემბერს გამოსცა №SP181020646/508937 ბრძანება, რომლითაც რესპონდენტ შპს ,,ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის სეფსისის საწინააღმდეგო ცენტრს“ დაეკისრა დავალიანების გადახდა 3272 ლარის ოდენობით.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარე სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლად უთითებს იმ გარემოებას, რომ მას გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ შეტყობინება არ ჩაბარებია, ვინაიდან ნინო შაფათავა არ წარმოადგენს შპს ,,ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის სეფსისის საწინააღმდეგო ცენტრის“ თანამშრომელს და შესაბამისად, მის უფლებამოსილ წარმომადგენელს. მოსარჩელის განმარტებით, ნინო შაფათავა არის არა შპს ,,ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის სეფსისის საწინააღმდეგო ცენტრის“, არამედ შპს ,,აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის სეფსისის და ინფექციურ პათოლოგიათა კლინიკის“ თანამშრომელი, რის გამოც იგი არ წარმოადგენდა მოსარჩელის სახელზე არსებული გზავნილის ჩაბარებაზე უფლებამოსილ პირს. ამდენად, მხარეს მიაჩნია, რომ ვინაიდან იგი არ იყო ინფორმირებული გამარტივებული წარმოების დაწყების თაობაზე, გასაჩივრებული დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანება უკანონოა და ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.

 

სააპელაციო პალატის მოსაზრებით, პირველმა ინსტანციის სასამართლომ სწორად მიუთითა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 917 მუხლის მე-10 პუნქტზე, რომელიც განსაზღვრავს, რომ გამარტივებული წარმოებისას გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ შეტყობინება რესპონდენტს ჩაჰბარდება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით. დაუშვებელია რესპონდენტისათვის გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ შეტყობინების საჯარო გამოცხადების გზით ცნობება.

 

ამდენად, ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ შეტყობინების რესპონდენტისათვის ჩაბარება ხდება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის შესაბამისი ნორმების საფუძველზე.

 

განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით დადგენილია, რომ გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2018 წლის 26 ოქტომბრის შეტყობინება შპს ,,ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის სეფსისის საწინააღმდეგო ცენტრს“ გაეგზავნა ფოსტის მეშვეობით, მისამართზე: თბილისი, საბურთალოს რაიონი, ყაზბეგის 16, რომელიც საქმეში წარმოდგენილი შპს ,,საქართველოს ფოსტის“ დასტურის თანახმად, ჩაიბარა ორგანიზაციის წარმომადგენელმა, მენეჯერმა - ნინო შაფათავამ.

 

საქმის მასალებში წარმოდგენილ ამონაწერებზე მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომლითაც დგინდება, რომ შპს ,,ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის სეფსისის საწინააღმდეგო ცენტრი“ (ს/კ 212153747, დირექტორი: ომარ ქუტიძე) და შპს ,,აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის სეფსისის და ინფექციურ პათოლოგიათა კლინიკა“ (ს/კ 405018831, გენერალური დირექტორი: დავით გადელია) წარმოადგენენ ერთი და იმავე იურიდიულ მისამართზე რეგისტრირებულ, სხვადასხვა იურიდიულ პირებს. ამასთან, როგორც პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა პირმა - ნინო შაფათავამ განმარტა, იგი მუშაობს ოფის მენეჯერად, შპს ,,ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში“, რომლის დირექტორია დავით გადელია. მოწმემ აღნიშნა, რომ მის მიერ საფოსტო გზავნილის ჩაბარება განხორციელდა სვეტა სლოევას მითითებით, რომელიც შპს ,,ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის“ მენეჯერის თანამდებობაზე მუშაობდა ნინო შაფათავას დანიშვნამდე , ახლა კი წარმოადგენს ამავე ორგანიზაციის HR-ს. მოწმე ნინო შაფათავას განმარტებით, მან ჩაბარებული გზავნილი გადასცა სვეტა სლოევას, რომელმაც განუცხადა, რომ აღნიშნულ გზავნილს გადასცემდა ადრესატ ორგანიზაციას, თუმცა აღნიშნული გადაცემის დამადასტურებელი რაიმე წერილობითი დოკუმენტი მოწმეს არ გააჩნია. პირველი ინსტანციის სასამართლოში გამართულ სხდომაზე ნინო შაფათავამ ასევე განმარტა, რომ მას არასოდეს უმუშავია შპს ,,ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის სეფსისის საწინააღმდეგო ცენტრში“ და აღნიშნული ორგანიზაციის ადგილმდებარეობა მისთვის უცნობია. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 28 ივნისის N21-11/70572 წერილის თანახმად, ნინო შაფათავას (პ/ნ 01024058543) 2018 წლის 01 ოქტომბრიდან 2018 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით შპს ,,ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის სეფსისის საწინააღმდეგო ცენტრიდან“ (ს/ნ 212153747) მიღებული შემოსავალი არ უფიქსირდება.

 

ამდენად, სააპელაციო პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებას, რომ გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2018 წლის 26 ოქტომბრის შეტყობინება შპს ,,ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის სეფსისის საწინააღმდეგო ცენტრის“ უფლებამოსილ წარმომადგენელს არ ჩაბარებია და ობიექტურად ადრესატისათვის უცნობი იყო მის მიმართ აღსრულების ბიუროში მის მიმართ წარმოებული სამართლებრივი ღონისძიებების შესახებ. აღნიშნული კი, წარმოადგენს გამარტივებული წარმოებისათვის დადგენილი პროცედურის დარღვევას, მიუხედავად იმისა, რომ დადგენილია აღსრულების ეროვნული ბიუროს მხრიდან ადრესატის სათანადო წესით ინფორმირების მცდელობის ფაქტი, რაც პრაქტიკულად უშედეგოდ დასრულდა არასათანადო ადრესატისათვის ამ შეტყობინების ჩაბარების გამო. შესაბამისად, საამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადრესტისათვის კანონით დადგენილი წესით შეტყობინების ობიექტურად არ ან ვერ ჩაბარება არ შეიძლება გახდესშპს ,,ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის სეფსისის საწინააღმდეგო ცენტრის“ კანონიერი ინტერესის ან/და უფლების არამართლზომიერი შეზღუდვის საფუძველი.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ შპს ,,ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის სეფსისის საწინააღმდეგო ცენტრის“ მიმართ მიმდინარე გამარტივებული წარმოების პროცესში ადგილი ჰქონდა არსებითი ხასიათის პროცედურულ დარღვევას და ამ დარღვევის გათვალისწინებით, მოპასუხე არ იყო უფლებამოსილი გამოეცა ბრძანება დავალიანების გადახდევინების შესახებ. ამდენად, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად სცნო ბათილად გასაჩივრებული - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2018 წლის 14 ნოემბრის №SP181020646/508937 ბრძანება.

 

შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

ზემოაღნიშნული გარემოებების ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები. შესაბამისად, უცვლელად უნდა დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 30 ივლისის გადაწყვეტილება.

 

საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, ხოლო მოპასუხე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება მოსარჩელეს, რომელიც არ არის განთავისუფლებული სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასარჩელო მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომლის დაკმაყოფილებაზედაც მას უარი ეთქვა.

 

სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 150 ლარის ოდენობით, დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, მე-13, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 30 ივლისის გადაწყვეტილება;

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №6) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში.

 

მოსამართლე დავით ახალბედაშვილი