განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 140210017001967147
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
25 თებერვალი, 2020 წ. ქ.თბილისი
საქმე №2ბ/7239-19
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე - დიანა ბერეკაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
აპელანტი - შ------- დ----–---–ი
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ე----- კ---------“
დავის საგანი – თანხის დაკისრება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილება
აღწერილობითი ნაწილი
1. 2015 წლის 27 მაისს შპს „ე----- კ---------სსა“ და მოპასუხე შ------- დ----–---–ს შორის გაფორმდა საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულება №1--------, რომლის საფუძველზეც გირავნობით დაიტვირთა მსესხებლის კუთვნილი ავტომანქანა „ნისან მურანო“;
2. შ------- დ----–---–ს საკრედიტო ხაზის ხელშეკრულების საფუძველზე გადაეცა სესხი 2300 აშშ დოლარი.
3. გორის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა შპს „ე----- კ---------“-მა და მოპასუხე შ------- დ----–---–ის მიმართ მოითხოვა ფულადი დავალიანების 2320.84 აშშ დოლარის ოდენობით დაკისრება, საიდანაც ძირი თანხაა - 1756 აშშ დოლარი, ხოლო პროცენტი - 564.81 აშშ დოლარი.
4. სარჩელის საფუძვლები:
4.1. მოსარჩელის განმარტებით, 2015 წლის 27 მაისს შპს „ე----- კ---------სსა" და შ------- დ----–---–ს შორის გაფორმდა საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულება №1-------- და მსესხებელზე გაიცა კრედიტი 2300 აშშ დოლარის ოდენობით, წლიური საპროცენტო განაკვეთის 5 %, 36 თვის ვადით.მოპასუხის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, 2016 წლის 30 ნოემბერს მოსარჩელემ უზრუნველყო გირავნობის საგნის რეალიზაცია. ავტომობილი გაიყიდა 600 აშშ დოლარად, რომლის გაქვითვაც ხელშეკრულების შეაბამისად განხორციელდა შემდეგნაირად: 480 აშშ დოლარი გაიქვითა დარიცხული სარგებელი, ხოლო 120 აშშ დოლარით შემცირდა სესხის ძირი. მოპასუხის სახელზე არსებული დავალიანება დღევანდელი მდგომარეობით შეადგენს 2320.84 აშშ დოლარს, რომელიც მას უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ.
5. მოპასუხის შესაგებელი:
5.1. მოპასუხემ მხარემ სასამართლოს მთავარ სხდომაზე სასარჩელო მოთხოვნა ცნო ნაწილობრივ, კერძოდ 500 აშშ დოლარის ნაწილში და მიუთითა, რომ მოსარჩელის მიერ გაყიდული ავტომობილი ღირდა ბევრად მეტი, ვიდრე მოხდა მისი რეალიზაცია. მას შეეძლო ავტომანქანის რეალიზაციით მთლიანად დაეფარა დავალაინება. მოსარჩელეს კი მისთვის არ უცნობებია, რომ დაგირავებული ავტომანქანა შეფასებული იყო 600 აშშ დოლარად და ამ ფასად უნდა მოეხდინა მისი რეალიზაცია.
6. გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილებით შ------- დ----–---–ს მოსარჩელე შპს „ე----- კ---------ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 2320.84 (ორიათას სამას ოცი აშშ დოლარი და ოთხმოცდაოთხი ცენტი) აშშ დოლარის გადახდა. (იხ. გადაწყვეტილება)
7. გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა შ------- დ----–---–მა. (იხ. სააპელაციო საჩივარი)
სამოტივაციო ნაწილი
8. სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეისწავლა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება და დასაბუთებულობა, მიიჩნევს, რომ არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი, რის გამოც ძალაში უნდა დარჩეს გორის რაიონული სასამართლოს 21 დეკემბრის გადაწყვეტილება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯ. საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30).
9. მოცემულ შემთხვევაში სარჩელზე დავის საგანს წარმოადგენს საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულების დაკისრება. შესაბამისად მოსარჩელის მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმებია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლი /საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით/,სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილი /მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი/.
10. აპელანტის განმარტებით მოსარჩელის მიერ ავტომანქანის რეალიზაცია განხორციელდა უკანონოდ და შეუსაბამოდ დაბალ ფასად. რეალურ საბაზრო ფასად რეალიზაციის შემთხვევაში, სესხის ძირი თანხის და სარგებლის გადახდა არ მოუწევდა. ავტომანქანის გადაყვანის დროს არ იქნა შედგენილი შეფასების აქტი მისი მდგომარეობის თაობაზე, ხოლო მოსარჩელის მიერ წარდგენილი შეფასების აქტით შეფასებული იქნა 600 აშშ დოლარად, როცა მყიდველი ჰყავდა და უხდიდა 2500 აშშ დოლარს, რაზეც აცნობა მოსარჩელეს.
აღნიშნულთან დაკავშირებით პალატა იზიარებს პირველის ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს (წინამდებარე განჩინების 1-2პუნქტი), სასამართლოს დასკვნებს სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე და დამატებით დადგენილად მიიჩნევს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
11.1. 2016 წლის 31 აგვისტოს მოპასუხე შ------- დ----–---–ს შპს „ე----- კრედიტ +“-დან გაეგზავნა შეტყობინება და ეცნობა, რომ ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო მფლობელობაში გადაეცა მათ სასარგებლოდ დაგირავებული ავტომობილი. ამასთან ეცნობა, რომ ხელშეკრულებიდან გამომდინარე არსებული მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით გეგმავს ავტომობილის რეალიზაციას და იმ შემთხვევაში, თუ არ მოხდება დავალიანების სრულად დაფარვა შპს „ე----- კ---------“ დადგენილ ვადებში უზრუნველყოფს გირავნობის საგნის რეალიზაციას.
11.2. მიუხედავად აღნიშნული გაფრთხილებისა მოპასუხის მიერ არ მომხდარა დავალიანების დაფარვა.
11.3. მექანიკური სატრანსპორტო საშუალების შეფასების ანგარიშის მიხედვით ავტომანქანა „ნისან მურანო“ 2016 წლის 26 აგვისტოს მდგომარეობით შეფასებული იქნა 600 აშშ დოლარად.
11.4. 2015 წლის 27 მაისის შპს „ე----- კ---------სა“ და მოპასუხე შ------- დ----–---–ს შორის დადებული №1-------- საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულების მე-6 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად გამსესხებელი უფლებამოსილია მოითხოვოს და განახორციელოს გირავნობის საგნის რეალიზაცია უშუალოდ (პირდაპირი მიყიდვის გზით გაასხვისოს გირავნობის საგანი მის მიერ დამოუკიდებლად შერჩეულ მესამე პირზე.)
11.5. 2016 წლის 30 ნოემბერს შპს „ე----- კ---------ის“ მიერ მოხდა გირავნობის საგნის -ავტომანქანა „ნისან მურანოს“ რეალიზაცია 600 აშშ დოლარად, რომლის გაქვითვაც ხელშეკრულების შეაბამისად განხორცილედა შემდეგნაირად: 480 აშშ დოლარით გაიქვითა დარიცხული სარგებელი, ხოლო 120 აშშ დოლარით შემცირდა სესხის ძირი.
აღნიშნულის ფაქტობრივი გარემოებების შეფასების შედეგად პალატა უსაფუძვლოდ მიიჩნევს აპელანტის ზემოაღნიშნულ განმარტებას და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვანას იმის თაობაზე, რომ დავალიანების გადაუხდელობის შემთხვევაში ავტომანქანის სარეალიზაციოდ გადაცემის შესახებ ცნობილი იყო მოპასუხე მხარისათვის, თუმცა მისი მხრიდან დავალიანება დაფარული არ იქნა, ამასთან მას არც ამ ავტომანქანის რეალიზაციის ფაქტი გაუხდია სადავოდ, ამდენად იმ გარემოებაზე მითითება, რომ არარეალურ ფასად განხორციელდა დაგირავებული ნივთის რეალიზაცია, არ ქმნის სარჩელზე მოთხოვნილი თანხების გადახდის ვალდებულებისაგან მოპასუხის გათავისუფლების საფუძველს.
ამასთან პალატა დამატებით განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული შესაგებლენი, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. მტკიცების ტვირთზე მითითებას აკეთებს სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვითაც თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება. მტკიცების ტვირთი - ესაა სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი - ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. მტკიცების ტვირთი დამოკიდებულია არა მხარის როლზე პროცესში, არამედ მოთხოვნის საფუძველზე. ის ვინც ითხოვს ვალდებულების შესრულებას, უნდა დაამტკიცოს მოთხოვნის საფუძვლის არსებობა არა მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი ითხოვს თავისი მოთხოვნის შესრულებას, ან აღიარებას, არამედ მაშინაც, როდესაც იგი თავს იცავს მოწინააღმდეგე მხარის ნეგატიური აღიარებითი სარჩელისაგან (მოთხოვნისაგან). პალატა აღნიშნავს, რომ მტკიცების საგანში შემავალი გარემოებებიდან ერთი ნაწილი უნდა დაამტკიცოს მოსარჩელემ, მეორე ნაწილი კი - მოპასუხემ. ამასთან ერთად, დამტკიცების ტვირთის განაწილების საფუძველზე, მოსარჩელე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოპასუხემ უნდა დაამტკიცოს და პირიქით, მოპასუხე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების ინსტიტუტი მიუთითებს არა მარტო იმაზე, თუ რომელმა მხარემ რა ფაქტები უნდა დაადგინოს, არამედ იმაზეც, თუ რომელი ფაქტების დადგენის მოვალეობისაგან თავისუფლდება ესა თუ ის მხარე. შესაბამისად, მოსარჩელემ, როგორც წესი, უნდა დაამტკიცოს ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის წარმოშობის საფუძველს, ხოლო მოპასუხემ კი - ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს (იხ. ჰაინ ბიოლინგი, ლადო ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, თბ., 2003, გვ.64). (სუსგ ას-1242-2018)
მოცემულ შემთხვევაში აპელანტი მიუთითებს, რომ გირავნობის საგნის რეალური საბაზრო ღირებულება აღემატება გირავნობის საგნის რეალიზაციის ფასს, თუმცა მის მიერ აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება არ იქნა წარმოდგენილი, რაც სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.
ზემოაღნიშნულის საფუძველზე, პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.
12. საპროცესო ხარჯები
აპელანტის მიერ ბიუჯეტში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ანაზღაურებას არ ექვემდებარება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად;
სარეზოლუციო ნაწილი
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შ------- დ----–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელი;
3. განჩინება, შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: დიანა ბერეკაშვილი