განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 25.02.2020
საქმის ნომერი
140210017002203733
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
25.02.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 140210017002203733

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

25 თებერვალი, 2020 წ. ქ.თბილისი

საქმე №2ბ/5963-19

 

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე - დიანა ბერეკაშვილი

 

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

 

აპელანტი - ნ------ კ-------ი

 

მოწინააღმდეგე მხარე - სს “პ------------- ბანკი”

 

დავის საგანი – დავალიანების გადახდის დაკისრება, იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 5 აპრილის გადაწყვეტილება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. 2011 წლის 24 მარტს სს “პ------------- ბანკსა” და ი.მ ნ------ კ-------ს შორის გაფორმდა გენერალური საკრედიტო ხელშეკრულება №F------, რომლის საფუძველზეც საკრედიტო ლიმიტი განისაზღვრა 45 000 აშშ დოლარი, 360 თვის ვადით, წლიური საპროცენტო განაკვეთი არაუმეტეს 35%.

 

2. 2011 წლის 18 მარტს სს “პ------------- ბანკსა” და ი.მ ნ------ კ-------ს, ასევე ნ---- ფ------–---–ს შორის დაიდო იპოთეკის ხელშეკრულება N6------------, რომლის საფუძველზეც სს “პ------------- ბანკის” მიერ იპოთეკის უფლებით დაიტვირთა ნ---- ფ------–---–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე: ქ. კ---ი, გ------- ს-----ის (ყოფილი ს----–--ის) ქ. 45ბ, ს/კ 6----------- (წინა ნომერი 6-----------)

 

3. 2011 წლის 24 მარტს სს “პ------------- ბანკსა” და ნ---- ფ------–---–ს, ვ-----ა კ-------ს და გ------ კ-------ს შორის საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით დაიდო სოლიდარული ვალდებულების შესახებ ხელშეკრულებები №6------------, №6------------ და №6------------.

 

4. 2013 წლის 10 მაისს სს “პ------------- ბანკსა” და ნ------ კ-------ს შორის დაიდო შემადგენელი საკრედტო ხელშეკრულება N1-------, შემდეგი პირობებით: კრედიტის მოცულობა 29 000 აშშ დოლარი, კრედიტის ვადა -36 თვე, პროცენტის მოცულობა -15%.

 

5. გორის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა სს „პ------------- ბანკმა“ და მოპასუხეების ი.მ ნ------ კ-------ის, გ------ კ-------ის, ვეფხვია კ-------ის და ნ---- ფ------–---–ის მიმართ მოითხოვა მოპასუხეებს ი.მ ნ------ კ-------ს, გ------ კ-------ს, ვეფხვია კ-------ს და ნ---- ფ------–---–ს სოლიდარულად დაეკისროთ მოსარჩელე სს ”პ------------- ბანკის” სასარგებლოდ 15 319.98 აშშ დოლარის გადახდა. დავალიანების დაფარვის მიზნით სარეალიზაციოდ მიექცეს მოპასუხე ნ---- ფ------–---–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე: ქ. კ---ი, გ------- ს-----ის (ყოფილი ს----–--ის) ქ. 45ბ, ს/კ 6----------- (წინა ნომერი 6-----------). იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაციიდან მიღებული თანხა არ იქნება საკმარისი დავალიანების დასაფარად, აღსრულება მოხდეს სოლიდარულ მოვალეთა საკუთრებაში არსებული ნებისმიერი ქონების რეალიზაციის და შემოსავლის გზით.

 

6. სარჩელის საფუძვლები:

 

6.1. 2011 წლის 24 მარტს სს “პ------------- ბანკსა” და ი.მ ნ------ კ-------ს შორის გაფორმდა გენერალური საკრედიტო ხელშეკრულება №F------, რომლის საფუძველზეც საკრედიტო ლიმიტი განისაზღვრა 45 000 აშშ დოლარი, 360 თვის ვადით, წლიური საპროცენტო განაკვეთი არაუმეტეს 35%. 2011 წლის 18 მარტს სს “პ------------- ბანკსა” და ი.მ ნ------ კ-------ს, ასევე ნ---- ფ------–---–ს შორის დაიდო იპოთეკის ხელშეკრულება N6------------, რომლის საფუძველზეც სს “პ------------- ბანკის” მიერ იპოთეკის უფლებით დაიტვირთა ნ---- ფ------–---–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე: ქ. კ---ი, გ------- ს-----ის (ყოფილი ს----–--ის) ქ. 45ბ,ს/კ 6----------- (წინა ნომერი 6-----------). 2011 წლის 24 მარტს სს “პ------------- ბანკსა” და ნ---- ფ------–---–ს, ვეფხვია კაჭურსა და გ------ კ-------ს შორის საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით დაიდო სოლიდარული ვალდებულების შესახებ ხელშეკრულებები №6------------, №6------------ და №6------------; ხსენებული ხელშეკრულებებით მოპასუხეებმა აიღეს სოლიდარულ პასუხისმგებლობა მსესხებელთან ერთად, სოლიდარული ვალდებულების ოდენობა განისაზღვრა 45 000 აშშ დოლარით; 2013 წლის 10 მაისს სს “პ------------- ბანკსა” და ნ------ კ-------ს შორის დაიდო შემადგენელი საკრედტო ხელშეკრულება N1-------, შემდეგი პირობებით: კრედიტის მოცულობა 29 000 აშშ დოლარი, კრედიტის ვადა -36 თვე, პროცენტის მოცულობა -15%. მიუხედავად არაერთი გაფრთხილებისა, მოპასუხეები არ ასრულებენ ვალდებულებას, რის გამოც მოსარჩელემ მომართა სასამართლოს და ითხოვს მოპასუხეთა მხრიდან ვალდებულების შესრულებას, მოპასუხეთათვის თანხის 15 319.98 აშშ დოლარის დაკისრებას, საიდანაც ძირითადი თანხაა 13 917.23 აშშ დოლარი და პროცენტი - 1402.75 აშშ დოლარი.

 

7. მოპასუხის შესაგებელი:

 

7.1. მოპასუხე მხარემ საქმის მოსამზადებელ ეტაპზე სარჩელი ცნეს ნაწილობრივ, კერძოდ სესხის ძირი თანხიდან 12 255 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში, ხოლო დანარჩენ ნაწილში სარჩელს არ დაეთანხმნენ და მოითხოვეს მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

 

8. გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 5 აპრილის გადაწყვეტილებით სს “პ------------- ბანკის” სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; მოპასუხეებს ი.მ ნ------ კ-------ს, გ------ კ-------ს, ვეფხვია კ-------ს და ნ---- ფ------–---–ს სოლიდარულად დაეკისრათ მოსარჩელე სს “პ------------- ბანკის” სასარგებლოდ 14 764.98 (თოთხმეტიათას შვიდას სამოცდაოთხი აშშ დოლარი და ოთხმოცდათვრამეტი ცენტი) აშშ დოლარის გადახდა. დავალიანების დაფარვის მიზნით სარეალიზაციოდ მიექცა მოპასუხე ნ---- ფ------–---–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე: ქ. კ---ი, გ------- ს-----ის (ყოფილი ს----–--ის) ქ. 45ბ, ს/კ 6----------- (წინა ნომერი 6-----------). იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაციიდან მიღებული თანხა არ იქნება საკმარისი დავალიანების დასაფარად, აღსრულება მოხდეს მოპასუხეების ნ------ კ-------ის, გ------ კ-------ის, ვეფხვია კ-------ის და ნ---- ფ------–---–ის საკუთრებაში არსებული სხვა ქონებიდან; (იხ. გადაწყვეტილება)

 

9. გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 5 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ნ------ კ-------მა. (იხ. სააპელაციო საჩივარი)

 

სამოტივაციო ნაწილი

 

10. სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეისწავლა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება და დასაბუთებულობა, მიიჩნევს, რომ არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი, რის გამოც ძალაში უნდა დარჩეს გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 5 აპრილის გადაწყვეტილება.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯ. საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30).

 

11. მოცემულ შემთხვევაში სარჩელზე დავის საგანს წარმოადგენს საბანკო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულების დაკისრება. შესაბამისად მოსარჩელის მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმებია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლი /საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით/,სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილი /მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი/, 873-ე მუხლი /კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა./ 417-ე მუხლი /პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის/

 

12. პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის განმარტებას იმის თაობაზე, რომ სასამართლომ არასწორად შეაფასა სესხის გადახდების ისტორიის მიმდინარეობა, კანონიერად მიიჩნია მის მიერ ბანკის ანგარიშზე შეტანილი თანხებიდან 1662.87 აშშ დოლარის საურავში გადამისამართებული თანხების განაწილება და აღნიშნულ თანხას მოაკლო მხოლოდ 555 აშშ დოლარი და ბანკის მიერ მასთან შეთანხმების გარეშე საურავში გადამისამართებული 1107.74 აშშ დოლარი დაეკისრა უკანონოდ.

13. პალატა იზიარებს პირველის ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს (წინამდებარე განჩინების 1-4 პუნქტი), სასამართლოს დასკვნებს სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე და დამატებით დადგენილად მიიჩნევს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

13.1. 24.03.2011 წლის გენერალური ხელშეკრულების მე-5 მუხლის 5.3. პუნქტის თანახმად კრედიტის დაბრუნებასა და პროცენტების გადახდასთან დაკავშირებული ანგარიშსწორების განხორციელებისას პირველ რიგში იფარება ბანკის ყველა საკომისიო, გადახდის ვადის გადაცილების გამო დაკისრებული პირგასამტეხლო, შემდეგ კრედიტზე დარიცხული პროცენტები და ბოლოს კრედიტის თანხა. აღნიშნული რიგითობა ბანკის შეხედულებისამებრ შეიძლება შეიცვალოს.

 

13.2. ამავე ხელშეკრულების მე-9 მუხლის 9.1. პუნქტის თანახმად იმ შემთხვევაში თუ ბანკის ანგარიშზე არ ჩაირიცხება ფული კრედიტის დაბრუნების გრაფიკით გათვალისწინებულ ვადაში, ბანკი უფლებამოსილია დააკისროს, ხოლო ასეთ შემთხვევაში მსესხებელი ვალდებულია გადაიხადოს პირგასამტეხლო შესაბამისი გადასახდელი თანხის 0.5 %-ის ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

13.3. სს „პ------------- ბანკის“ მიერ 29.11.2017 წელს გაცემული ცნობის თანახმად ნ------ კ-------ის დავალიანება შეადგენს 15 319.98 აშშ დოლარს, საიდანაც 13 917 23 აშშ დოლარი შეადგენს ძირითად თანხას, ხოლო 1 402.75 აშშ დოლარი პროცენტს. სესხის ვადაგადაცილებაშია 10.02.2015 წლიდან. ამ დროიდან ვალდებულების შესრულება არ ხდებოდა მხარეთა შორის შეთანხმებით დადგენილი გრაფიკის მიხედვით, თუმცა მოპასუხის მიერ სესხის დაფარვა ნებაყოფლობით ხორცილედებოდა 2017 წლის 15 მაისის ჩათვლით.

 

13.4. დადგენილია, რომ მოპასუხის მიერ საბანკო ანგარიშზე შეტანილი თანხებიდან 1662.87 აშშ დოლარი მიექცა საურავის თანხის ანგარიშში სესხის ვადაგადაცილებისთვის.

 

13.5. მიუხედავად არაერთი გაფრთხილებისა, მოპასუხეებმა არ შეასრულეს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, რის გამოც მოსარჩელემ მომართა სასამართლოს და ითხოვა მოპასუხეთათვის თანხის 15 319.98 აშშ დოლარის დაკისრება, საიდანაც ძირითადი თანხაა 13 917.23 აშშ დოლარი და პროცენტი - 1402.75 აშშ დოლარი.

 

აღნიშნულის ფაქტობრივი გარემოებების შეფასების შედეგად პალატა უსაფუძვლოდ მიიჩნევს აპელანტის განმარტებას, რომ ბანკის მიერ მასთან შეთანხმების გარეშე საურავში გადამისამართებული 1107.74 აშშ დოლარი დაეკისრა უკანონოდ, ვინაიდან როგორც აღნიშნა სესხის პირობები მსესხებლის მიერ არაერთხელ იქნა დარღვეული, ამასთან მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული იქნა პირგასამტეხლო ვალდებულების დარღვევისათვის და ასევე შეთანხმებული იქნა ანგარიშსწორების განხორციელებისას დავალიანების დაფარვის რიგითობა.

გარდა აღნიშნულისა პალატა მიიჩნევს, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის - 1107.74 აშშ დოლარის, შეუსაბამოდ მაღალ ოდენობად მიჩნევის საფუძველი არ არსებობს და განმარტავს შემდეგს:

 

კანონმდებელი ანიჭებს სასამართლოს პირგასამტეხლოს შემცირების უფლებას, თუმცა ეს იმდაგვარად არ უნდა იქნეს გაგებული, რომ სასამართლომ ყველა შემთხვევაში უნდა გამოიყენოს თავისი ეს დისკრეციული უფლებამოსილება. კანონმდებელი განსაზღრავს პირგსამატეხლოს შემცირების აუცილებელ წინაპირობას. კერძოდ, მოთხოვნილი/დაკისრებული პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალი უნდა იყოს. შეუსაბამოდ მაღალია თუ არა პირგასამტეხლო, უნდა გადაწყდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების შეფასების შედეგად. უპირველეს ყოვლისა, გათვალისწინებული უნდა იქნეს თანაზომიერების პრინციპი მიღებულ სარგებელს/შესრულებასა და დაკისრებულ პირგასამტეხლოს შორის. პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა. პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული. პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს ანუ, პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს რეპრესიული ხასიათის სანქცია ეკისრება.(სუსგ. საქმე №ას-897-837-2017). პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (იხ. სუსგ 6.05.2015წ. საქმე №ას-1158-1104-2014; 10.02.2016წ. საქმე №ას-1265-1187-2015). საკასაციო პალატა ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში მიუთითებს რომ, რომ კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგად, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება (იხ.სუსგ №ას-833-799-2016; 2016 წლის 2 ნოემბერი).

 

აღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, პირგასამტეხლოს დაკისრების სამართლებრივ წინაპირობას წარმოადგენს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულების დარღვევა. განსახილველ შემთხვევაში უდავოდ დადგენილია, რომ მოვალემ, სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ფულადი ვალდებულება სრულად არ შეასრულა და მას წარმოეშვა პირგასამტეხლოს გადახდის მოვალეობა. ამასთან პირგასამტეხლოს ოდენობა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა განისაზღვროს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერად. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან ვალდებულების შეუსრულებლობის პერიოდი არის ხანგრძლივი, სესხის მოვალეს უნდა დაებრუნებია 2016 წლის 10 მაისს, თუმცა 2017 წლის 15 მაისიდან ვალდებულება დღემდე შესრულებული არ არის. აქედან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ დაკისრებული პირგასამტეხლო სესხის ძირ თანხაზე 13 917.23 აშშ დოლარზე ჯარიმა - 1107.87 აშშ დოლარი, არ არის შეუსაბამოდ მაღალი და პირგასამტეხლოს კიდევ უფრო შემცირების შემთხვევაში, ის დაკარგავს თავის ძირითად პრევენციულ და ზიანის მაკომპენსიერებლ ფუნქციას. აქედან გამომდინარე პალატა მიიჩნევს, რომ აპელანტის მოთხოვნა დაუსაბუთებელია და ის არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

ზემოაღნიშნულის საფუძველზე, პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.

 

14. საპროცესო ხარჯები

 

აპელანტის მიერ ბიუჯეტში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ანაზღაურებას არ ექვემდებარება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად;

 

სარეზოლუციო ნაწილი

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. ნ------ კ-------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 5 აპრილის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელი.

 

3. განჩინება, შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: დიანა ბერეკაშვილი