განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 30.01.2020
საქმის ნომერი
330310019002965462
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
30.01.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330310019002965462

საქმე №3ბ/2708-19

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

30 იანვარი, 2020 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

მოსამართლე - ნანა დარასელია

სხდომის მდივანი - რუსუდან ანდრიაშვილი

 

აპელანტი (მოსარჩელე) - მ------------------–---–ი

წარმომადგენელი - ნ-----------–---–ი

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია

წარმომადგენელი - ბ---------------ე

 

მესამე პირები - თ-----------–----ე, ლ---–------------ი, მ-----------–-----–---–ი, ც-–-------------–--ე

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 6 აგვისტოს გადაწყვეტილება

 

1.1. აპელანტის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 06 აგვისტოს გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება;

 

1.2 გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 06 აგვისტოს გადაწყვეტილებით მ------------------–---–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები:

 

2.1.1. ქალაქ თბილისში, გ---–-–---–ის ქუჩა №41-ში მდებარე №01.18.04.013.0-- საკადასტრო კოდის უძრავი ქონება, ირიცხება თ-----------–----ის, ლ---–------------ის, მ------------------–---–ის, მ-----------–-----–---–ის და ც-–-------------–--ის თანასაკუთრებად.

 

2.1.2. 20-- წლის 27 ნოემბერს და 2018 წლის 23 აპრილს მ------------------–---–მა სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაცია ქ. თბილისში, გ---–-–---–ის ქუჩა №41-ის მიმდებარედ 63 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე.

 

სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 01 მაისის №1----- წერილობითი მიმართვით, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების აღიარების კომისიას კომპეტენციის ფარგლებში საკითხის განსახილველად გადაეგზავნა მ------------------–---–ის მიერ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარდგენილი და თავად საჯარო რეესტრის მიერ დამატებით მოძიებული დოკუმენტაცია უძრავ ნივთზე, მდებარე, თბილისი, გ---–-–---–ის ქუჩა №41-ის მიმდებარედ.

 

2.1.3. მ-------------------–---–ის განცხადება ქალაქგეგმარებითი თვალსაზრისით დასკვნის მისაღებად განსახილველად გადაეგზავნა სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურს გადაუგზავნა. პასუხად, აღნიშნული სამსახურის 2018 წლის 12 ოქტომბრის წერილით კომისიას ეცნობა, რომ ქალაქ თბილისში, გ---–-–---–ის ქუჩა №41-ის მიმდებარედ 63 კვ/მ მიწის ნაკვეთზე, დედაქალაქის მიწათსარგებლობის გეგმის მიხედვით, ვრცელდება ისტორიული განაშენიანების სახელმწიფო დაცვის ზონა.

 

2.1.4. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2019 წლის 22 მარტის №3-- განკარგულებით მ--------------------–--ლს უარი ეთქვა მიწის ნაკვეთზე (მის: ქ. თბილისი, გ---–-–---–ის ქუჩა №41-ის მიმდებარედ, საერთო ფართობი - 63.00 კვ.მ.) საკუთრების უფლების აღიარებაზე, ვინაიდან მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი განეკუთვნება ისტორიული განაშენიანების სახელმწიფო დაცვის ზონას (ისტ-1).

 

3. დადგენილი ფაქტების პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივად შემდეგნაირად შეაფასა:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.

 

ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე, 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის შესაბამისად დადგენილია, რომ სარჩელი ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის გამოცხადების მოთხოვნით დასაბუთებულია, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონსაწინააღმდეგოა და ის პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას. ამასთან, ნებისმიერი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერება მის ფორმალურ და მატერიალურ კანონიერებას უკავშირდება, რომელთაგან ერთ-ერთის არარსებობა ზემოაღნიშნულ სამართლებრივი შედეგის წინაპირობაა. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში დავის საგანს ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის მატერიალური და ფორმალური კანონიერება წარმოადგენს.

 

ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ფორმალური კანონიერება დაკავშირებულია ადმინისტრაციული აქტის გამოცემის პროცესთან და მოითხოვს, რომ ის უფლებამოსილი ორგანოს მიერ მისი გამოცემისათვის კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დაცვით და შესაბამისი ფორმით იქნეს გამოცემული. ადმინისტრაციული წარმოება, ეს არის ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობა, რომელიც მიმართულია ადმინისტრაციული- სამართლებრივი აქტის მომზადების, გამოცემისა და აღსრულებისაკენ. ადმინისტრაციული კოდექსი ადმინისტრაციულ ორგანოს ავალდებულებს, გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით - თუ კანონი კონკრეტულ შემთხვევაში არ ითვალისწინებს სხვა სახის ადმინისტრაციული წარმოების აუცილებლობას. საქმიანობის ამ პროცესში აუცილებელია მთელი რიგი ნორმების დაცვა, რომელიც თავმოყრილია ადმინისტრაციული კოდექსის V თავში. მატერიალური კანონიერება კი აქტის შინაარსს უკავშირდება და მასში ასახული კონკრეტული ურთიერთობების მოწესრიგების, მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძველთან და ქვეყანაში მოქმედ საკანონმდებლო აქტებთან შესაბამისობის არსებობას მოითხოვს. კერძოდ, ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტი, როგორც სამართლის ნორმის კონკრეტიზაციის და ინდივიდუალიზაციის აქტი, სამართლის იმ ნორმებს უნდა შეესაბამებოდეს რომელთა აღსრულებასაც ის ახდენს. ასევე, ის არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს ქვეყანაში მოქმედი სამართლის სხვა ნორმებსა და კონსტიტუციის ძირითად პრინციპებს. ამასთან, ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის გამოცემის უფლებამოსილება, რამდენადაც ის საკანონმდებლო აქტის საფუძველზე და მის შესასრულებლად გამოიცემა, უნდა გამომდინარეობდეს თვით ამ სამართლებრივი აქტიდან, ამდენად, სასამართლომ განმარტა, რომ აქტის მატერიალურ კანონიერებას ზემოაღნიშნულ გარემოებათა ერთობლიობა ქმნის, ხოლო ასეთის არარსებობა მისი გაუქმების (ბათილად ცნობა, ძალადაკარგულად გამოცხადება) საფუძველია. მატერიალური კანონიერება ასევე მოიაზრებს დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენების მართლზომიერებას, თანაზომიერებისა და კონკრეტულობის პრინციპებს.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ ჩათვალა, რომ გასაჩივრებული თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2019 წლის 22 მარტის №3-- განკარგულება წარმოადგენს რა ადმინისტრაციულ აქტს, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მისი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან. უნდა შეფასდეს გააჩნდა თუ არა მოპასუხეს მოსარჩელისათვის მის მიერ მითითებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების საფუძველი. კერძოდ, უნდა დადგინდეს ექვემდებარება თუ არა საკუთრების უფლების აღიარებას სადავო უძრავი ნივთი და მ--------------------–--ლი წარმოადგენდა თუ არა მოთხოვნილ მიწის ნაკვეთის აღიარებაზე უფლებამოსილ სუბიექტს.

 

„ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის შესაბამისად, კანონის მიზანია მართლზომიერ მფლობელობაში ან სარგებლობაში არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფოს საკუთრების მიწაზე ფიზიკური, კერძო სამართლის იურიდიულ პირის ან კანონით გათვალისწინებულ სხვა ორგანიზაციულ წარმონაქმნების საკუთრების უფლების აღიარებით სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ფონდის ათვისება და მიწის ბაზრის განვითარების ხელშეწყობა.

 

„ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად თვითნებურად დაკავებულ მიწას წარმოადგენს ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე, ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული, გარდა ამ მუხლის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

 

ამავე მუხლის ,,ე“ ქვეპუნქტის თანახმად კი, დაინტერესებული პირი არის ფიზიკური პირი, ასევე მისი სავარაუდო მემკვიდრე ან უფლებამონაცვლე, რომელიც მართლზომიერად ფლობს (სარგებლობს) ან რომელმაც თვითნებურად დაიკავა სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირი, რომელმაც მის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ თვითნებურად დაიკავა მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), აგრეთვე კერძო სამართლის იურიდიული პირი ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი ან მისი უფლებამონაცვლე, რომელიც მართლზომიერად ფლობს (სარგებლობს) სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით (აშენებულით ან დანგრეულით) ან მის გარეშე და რომელსაც ამ კანონით დადგენილი წესით სურს მასზე საკუთრების უფლების მოპოვება, ასევე ის ფიზიკური პირი ან კერძო სამართლის იურიდიული პირი ან სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელმაც სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთით მოსარგებლისაგან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიძინა/მოიპოვა ამ მიწის ნაკვეთზე განთავსებულ შენობა-ნაგებობაზე საკუთრების უფლება.

 

,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის,,ნ’’ ქვეპუნქტი ცალსახად ადგენს, რომ საკუთრების უფლების აღიარებას არ ექვემდებარება თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების საზოგადოებრივი სარგებლობის მიწა, რომელზეც ვრცელდება სანიტარული და დაცვითი ზონები. ამავე კანონის მე-51 მუხლის, მე-2 პუნქტის თანახმად, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის განხილვისას გათვალისწინებული უნდა იქნეს მოთხოვნის შესაბამისობა სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის პირობებთან და მიწის განკარგვის სტრატეგიულ გეგმასთან.

 

მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2019 წლის 22 მარტის №3-- განკარგულებით მ------------------–---–ს უარი ეთქვა მიწის ნაკვეთზე (მის: ქ. თბილისი, გ---–-–---–ის ქუჩა №41-ის მიმდებარედ, საერთო ფართობი - 63.00 კვ.მ.) საკუთრების უფლების აღიარებაზე, ვინაიდან მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი განეკუთვნება ისტორიული განაშენიანების სახელმწიფო დაცვის ზონას (ისტ-1).

 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 15 მარტის დადგენილება №39-18 დადგენილების 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ქ. თბილისის მიწათსარგებლობით გენერალურ გეგმაზე დატანილი შეზღუდვითი ზონების, ფენებისა და კონტურების მიზანია ასახოს ქალაქის ტერიტორიაზე საკანონმდებლო მოთხოვნებითა და საუკეთესო საერთაშორისო სამშენებლო პრაქტიკით დადგენილი სამშენებლო შეზღუდვები, რათა გამოირიცხოს დაგეგმილი ან დასაგეგმი განვითარებებით ქალაქის გარემოსდაცვითი, ლანდშაფტური, კულტურული და ტექნიკური ღირებულებების ხელყოფა ან ისეთი პარალელური განვითარების გაჩენა, რომლებიც წინააღმდეგობრივია ერთიანი ტერიტორიის ფარგლებში. ამავე დადგენილების 23-ე მუხლი მე-4 ნაწილის თანახმად, თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამუშავებისას გამოიყო და მის ძირითად ნახაზზე (თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა – ძირითადი ნახაზი მ.1:10 000) დატანილია შემდეგი შეზღუდვითი ზონები, ფენები და კონტურები: ა) ქალაქგეგმარებითი შეზღუდვები: ა.ა) ურბანული განაშენიანების კონტური; ა.ბ) სასოფლო განაშენიანების კონტური; ბ) კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზოგადი ზონები: ბ.ა) ისტორიული განაშენიანების დაცვის ზონა; ბ.ბ) ისტორიული განაშენიანების რეგულირების ზონა; ბ.გ) ისტორიული ლანდშაფტის დაცვის ზონა; გ) სანიტარიული დაცვის არეალები: გ.ა) წყლის ობიექტების სანიტარიული არეალ(ებ)ი; გ.ბ) სასაფლაოების სანიტარიული არეალ(ებ)ი; გ.გ) ნაგავსაყრელის სანიტარიული არეალ(ებ)ი; დ) საინჟინრო-ტექნიკური შეზღუდვები: დ.ა) საინჟინრო გეგმარებითი შეზღუდვები; დ.ბ) მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზების გასხვისების არეალ(ებ)ი; დ.გ) მაღალი წნევის მილსადენის განსხვისების არეალ(ებ)ი; ე) გარემოს დაცვითი ზონა 3 (გდზ -3); ვ) მდინარეთა შეტბორვის არეალი; ზ) გეოდინამიკური საფრთხის არეალ(ებ)ი; თ) თბილისის საერთაშორისო აეროპორტის დაბრკოლებების შემზღუდველი ზედაპირებით შემოფარგლული აეროდრომის რაიონი; ი) განსაკუთრებული რეგულირების სარეკრეაციო ზონა.

 

დადგენილების 25-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ისტორიული განაშენიანების დაცვის ზონად განისაზღვრება ტერიტორია, სადაც გამოვლენილია ძეგლებისა და კულტურული მემკვიდრეობის სხვა უძრავი ობიექტების დიდი კონცენტრაცია, ავთენტიკური სახით შენარჩუნებული ქუჩათა ქსელი, განაშენიანება, გეგმარებითი სტრუქტურა და მორფოლოგია.

 

მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის 2018 წლის 12 ოქტომბრის წერილის თანახმად დგინდება, რომ წერილის გაცემის დროისათვის გ---–-–---–ის ქუჩა N41-ის მიმდებარეს მდებარე 63 კვ.მ მიწის ნაკვეთზე დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მიხედვით ვრცელდებოდა ისტორიული განაშენიანების სახელმწიფო დავის ზონა, რაც ასევე შენარჩუნებულია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ 2019 წლის 15 მარტის №39-18 დადგენილებით დამტკიცებული დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის ფარგლებშიც (იხ. თბილისის მერიის ერთიანი რუკა (ინტერაქტიული რუკა) http://maps.tbilisi.gov.)

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ მითითებული მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება დაუშვებელია ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის, მე-2 პუნქტის „ნ" ქვეპუნქტიდან გამომდინარე, რის გამოც, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღება მოხდა კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.1 მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ. ამავე კოდექსის 33.1 მუხლის თანახმად კი, თუ ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. მხარის მოთხოვნით სასამართლო ადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვადას.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 601 მუხლში ჩამოთვლილია ის საფუძვლები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა. კერძოდ, დასახელებული მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება, ხოლო მოსარჩელის მიერ სასამართლოში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3 მუხლის შესაბამისად, ვერ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ სადაო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას ადგილი ჰქონდა კანონით დადგენილი ისეთი პროცედურული ნორმების არსებით დარღვევას, რომლის არარსებობის შემთხვევაშიც ზემოაღნიშნულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

ამდენად, წინამდებარე გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტებისა და გადაწყვეტილებაში განვითარებული მსჯელობის გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ მ------------------–---–ის მოთხოვნა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2019 წლის 22 მარტის განკარგულების ბათილად ცნობის თაობაზე უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს. შესაბამისად, არ უნდა დაკმაყოფილდეს მოსარჩელის მოთხოვნა, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების თაობაზე.

 

4. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

აპელანტის მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ დაარღვია კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები, რითაც არსებითად ხელყო მოსარჩელის საკუთრების უფლება. აპელანტი მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ მომხდარა საქმის ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილი მოკვლევა, რის გამოც მათი მხრიდან მიღებული იქნა სრულიად უკანონო და დაუსაბუთებელი განკარგულება.

 

აპელანტი აღნიშნავს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა ცალსახად უთითებს იმ გარემოებაზე, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან გადაწყვეტილების მიღებისას მოკვლეული უნდა იყოს საქმისათვის არსებითი ყველა გარემოება. აპელანტი თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზა ზემოაღნიშნული ვალდებულების დარღვევა, ვინაიდან ადმინისტრაციულმა ორგანომ არ მოიკვლია ის გარემოება თუ რამდენად შეიძლება ჰქონდეს კონკრეტულად მოცემულ მიწის ნაკვეთს ისტორიული განაშენიანების ზონაში ყოფნის შესაბამისი პირობები. არ ყოფილა შეფასებული ის გარემოება, მოცემული მიწის ნაკვეთი წარმოადგენს თუ არა იმ უძრავ ქონებას, რომელზეც კანონმდებლობით გათვალისწინებული მკაცრი შეზღუდვები შეიძლება განხორციელდეს. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას არ მიუმართავს კულტურის სამინისტროსთვის, რათა გაერკვიათ მოცემული მიწის ნაკვეთს რამდენად შეიძლება მოქცეულიყო იმ შეზღუდულ ზონაში, რომელშიც იგი მიიჩნია ადმინისტრაციულმა ორგანომ, კერძოდ, ისტორიული განაშენიანების სახელმწიფო დაცვის ზონაში (ისტ-1). კომისიას არც კანონმდებლობით გათვალისწინებული შეზღუდვის მიზანი შეუფასებია, რის გამოც გამოცემული იქნა უკანონო და დაუსაბუთებელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. ადმინისტრაციულმა ორგანომ სადავოდ არ გახადა თუმცა არ მხედველობაში მიიღო ის გარემოება, რომ მ------------------–---–ი 1970-იანი წლებიდან მოყოლებული უწყვეტად ფლობს და სარგებლობს მოცემული უძრავი ქონებით. არც ის გარემოება ყოფილა სადავო, რომ მ------------------–---–ის თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მომიჯნავედ არის მოცემული მიწის ნაკვეთი.

 

აპელანტის მოსაზრებით, მოცემული მიწის ნაკვეთი არ გამოირჩევა რაიმე ისტორიული ღირებულებით, რაც აღიარების კომისიას შეზღუდავდა მ------------------–---–ის მოთხოვნის დაკმაყოფილებაში.

 

აპელანტი არ იზიარებს სასამართლოს დასკვნას „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის "ნ" ქვეპუნქტზე მითითებით სადავო მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების დაუშვებლად მიჩნევის თაობაზე და მიუთითებს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს 20.05.2019 წლის წერილზე, რომელშიც ცალსახადაა მითითებული, რომ სადავო მიწის ნაკვეთი არ წარმოადგენს კულტურული მემკვიდრეობის ღირებულების მქონე უძრავ ქონებას. ამასთანავე, მოცემულ წერილში მითითებულია, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას ზემოხსენებული ტერიტორიის სტატუსის თაობაზე სააგენტოსთვის არ მიუმართავს.

 

აპელანტი მიიჩნევს, რომ სასამართლომ არც ის გარემოება შეაფასა, რომ საქმეში არსებობდა სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 18.01.2018 წლის მომართვა, რომლითაც უტყუარად დასტურდებოდა, რომ სადავო მიწის ნაკვეთის მეზობლად მდებარე უძრავი ქონება აუქციონზე იქნა გატანილი.

 

აპელანტის მიიჩნევს, რომ სასამართლოს ამგვარი განმარტების შედეგად, მეზობლად მდებარე მიწის ნაკვეთები, რომლებიც ერთსა და იმავე ზონაში მდებარეობს (ამ შემთხვევაში ისტ-1 ზონაში), შესაძლოა გასხვისდეს აუქციონის გზით, თუმცა აღიარების კომისიას არ გააჩნდეს უფლებამოსილება, რომ იმსჯელოს აღნიშნული მიწის ნაკვეთის აღიარების საკითხზე.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე აპელანტი ითხოვს, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 06.08.2019 წლის გადაწყვეტილება საქმეზე N3/3107-19 და დაკმაყოფილდეს სარჩელი სრულად.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 389-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითებას, შესაძლო ცვლილებების ან დამატებების გათვალისწინებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

4.1. ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

 

სააპელაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება - დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო სასამართლო გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას მიიჩნევს მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმების სწორი გამოყენებისა და განმარტების საფუძველზე მიღებულად, მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანის პროცესში არ დაურღვევია კანონი, რაც არ იძლევა გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე - 394-ე მუხლებით დადგენილ საფუძვლებს.

 

სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეზე გამოკვლეულ ფაქტობრივ გარემოებებს, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივ შეფასებებს, მიუთითებს მათზე და აღნიშნავს შემდეგს:

 

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2019 წლის 22 მარტის №3-- განკარგულებით მ--------------------–--ლს უარი ეთქვა მიწის ნაკვეთზე (მის: ქ. თბილისი, გ---–-–---–ის ქუჩა №41-ის მიმდებარედ, საერთო ფართობი - 63.00 კვ.მ.) საკუთრების უფლების აღიარებაზე, ვინაიდან მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი განეკუთვნება ისტორიული განაშენიანების სახელმწიფო დაცვის ზონას (ისტ-1).

 

აპელანტი სააპელაციო საჩივარს ძირითადად აფუძნებს იმ გარემოებებს, რომ სადავო მიწის ნაკვეთი არ წარმოადგენს კულტურული მემკვიდრეობის ღირებულების მქონე უძრავ ქონებას, კომისიას სტატუსის თაობაზე სააგენტოსთვის არ მიუმართავს, მხედველობაში არ მიიღო ის გარემოება, რომ მ------------------–---–ი 1970-იანი წლებიდან მოყოლებული უწყვეტად ფლობს და სარგებლობს მოცემული უძრავი ქონებით.

 

სააპელაციო სასამართლო ვერ გაზიარებს აპელანტის არგუმენტაციას და აღნიშნავს, რომ მართალია, ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,გ” ქვეპუნქტიდან გამომდინარე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების ერთ-ერთ მთავარ პირობას მიწის ნაკვეთის კანონის ამოქმედებამდე ფლობა წარმოადგენს, თუმცა პალატა მიუთითებს, რომ მ--------------------–--ლს უარი ეთქვა მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე, იმ მოტივით, რომ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი განეკუთვნება ისტორიული განაშენიანების სახელმწიფო დაცვის ზონას (ისტ-1). შესაბამისად სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზეა ის გარემოება, რაც გამორიცხავდა მიწაზე მოსარჩელის საკუთრების უფლების აღიარებას.

 

სააპელაციო სასამართლო მიუთითებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 15 მარტის №39-18 დადგენილების 22-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად ქ. თბილისის მიწათსარგებლობით გენერალურ გეგმაზე დატანილი შეზღუდვითი ზონების, ფენებისა და კონტურების მიზანია ასახოს ქალაქის ტერიტორიაზე საკანონმდებლო მოთხოვნებითა და საუკეთესო საერთაშორისო სამშენებლო პრაქტიკით დადგენილი სამშენებლო შეზღუდვები, რათა გამოირიცხოს დაგეგმილი ან დასაგეგმი განვითარებებით ქალაქის გარემოსდაცვითი, ლანდშაფტური, კულტურული და ტექნიკური ღირებულებების ხელყოფა ან ისეთი პარალელური განვითარების გაჩენა, რომლებიც წინააღმდეგობრივია ერთიანი ტერიტორიის ფარგლებში. ამავე დადგენილების 23-ე მუხლი მე-4 პუნქტის მიხედვით, თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამუშავებისას გამოიყო და მის ძირითად ნახაზზე (თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა – ძირითადი ნახაზი მ.1:10 000) დატანილია შემდეგი შეზღუდვითი ზონები, ფენები და კონტურები: ა) ქალაქგეგმარებითი შეზღუდვები: ა.ა) ურბანული განაშენიანების კონტური; ა.ბ) სასოფლო განაშენიანების კონტური; ბ) კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზოგადი ზონები: ბ.ა) ისტორიული განაშენიანების დაცვის ზონა; ბ.ბ) ისტორიული განაშენიანების რეგულირების ზონა; ბ.გ) ისტორიული ლანდშაფტის დაცვის ზონა; გ) სანიტარიული დაცვის არეალები: გ.ა) წყლის ობიექტების სანიტარიული არეალ(ებ)ი; გ.ბ) სასაფლაოების სანიტარიული არეალ(ებ)ი; გ.გ) ნაგავსაყრელის სანიტარიული არეალ(ებ)ი; დ) საინჟინრო-ტექნიკური შეზღუდვები: დ.ა) საინჟინრო გეგმარებითი შეზღუდვები; დ.ბ) მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზების გასხვისების არეალ(ებ)ი; დ.გ) მაღალი წნევის მილსადენის განსხვისების არეალ(ებ)ი; ე) გარემოს დაცვითი ზონა 3 (გდზ -3); ვ) მდინარეთა შეტბორვის არეალი; ზ) გეოდინამიკური საფრთხის არეალ(ებ)ი; თ) თბილისის საერთაშორისო აეროპორტის დაბრკოლებების შემზღუდველი ზედაპირებით შემოფარგლული აეროდრომის რაიონი; ი) განსაკუთრებული რეგულირების სარეკრეაციო ზონა.

 

დადგენილების 25-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ისტორიული განაშენიანების დაცვის ზონად განისაზღვრება ტერიტორია, სადაც გამოვლენილია ძეგლებისა და კულტურული მემკვიდრეობის სხვა უძრავი ობიექტების დიდი კონცენტრაცია, ავთენტიკური სახით შენარჩუნებული ქუჩათა ქსელი, განაშენიანება, გეგმარებითი სტრუქტურა და მორფოლოგია.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის 2018 წლის 12 ოქტომბრის წერილზე, რომლითაც დგინდება, რომ წერილის გაცემის დროისათვის გ---–-–---–ის ქუჩა N41-ის მიმდებარედ 63 კვ.მ მიწის ნაკვეთზე დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მიხედვით ვრცელდებოდა ისტორიული განაშენიანების სახელმწიფო დავის ზონა, რაც ასევე შენარჩუნებულია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ 2019 წლის 15 მარტის №39-18 დადგენილებით დამტკიცებული დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის ფარგლებშიც (იხ. თბილისის მერიის ერთიანი რუკა (ინტერაქტიული რუკა) http://maps.tbilisi.gov.)

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან და მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმებიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევა, რომ იმ პირობებში, როდესაც საქმეზე დადგენილი მტკიცებულებებით დასტურდება უფლებააღსაღიარებელი მიწის მიწის ნაკვეთზე „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის, მე-2 პუნქტის „ნ" ქვეპუნქტით განსაზღვრული საკუთრების უფლების აღიარების დაუშვებლობის კანონისმიერი საფუძველი, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღება მოხდა კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

 

პალატა ასევე მიუთითებს, რომ საკუთრების უფლების აღიარების წესი, პირობები, ასევე გამომრიცხავი გარემოებები, რეგულირდება "ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ" საქართველოს კანონით. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის დანაწესის გათვალისწინებით, კომისია არ იყო უფლებამოსილი განეხორციელებინა კანონმდებლობის მოთხოვნის საწინააღმდეგო ქმედება. ამდენად, დაცვითი ზონის სტატუსის მქონე მიწის ნაკვეთის აუქციონის წესით გასხვისების დასაშვებობის შემთხვევაშიც კი, კომისია არ იყო უფლებამოსილი მითითებული საკანონმდებლო აქტის რეგულაციების გვერდის ავლით მიეღო გადაწყვეტილება დაცვით ზონაში მოქცეულ მიწის ნაკვეთზე მოსარჩელის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ. ასევე, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს კომპეტენციას არ წარმოადგენდა მითითებულ მიწის ნაკვეთზე დაცვის ზონის გავრცელების კანონიერების შეფასება. შესაბამისად, თბილისის სააპელაციო სასამართლო არ იზიარებს აპელანტის არგუმენტაციებს და მიიჩნევს, რომ სახეზე არ არის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის საფუძველი.

 

5. საპროცესო ხარჯები:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.

 

ამავე საკანონმდებლო აქტის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ხოლო კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილი თანახმად, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელწიფო ბაჟი, რაც აპელანტის მიერ გადახდილია დავის საგნის მოცულობის პროპორციულად.

 

ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეზე აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს უცვლელი და ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 397-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. მ------------------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 6 აგვისტოს გადაწყვეტილება.

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №6) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა), მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში.

 

მოსამართლე: ნანა დარასელია