განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 210315619003102708
საქმე № 3ბ/290-20
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
21 თებერვალი, 2020 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე - შოთა გეწაძე
საჩივრის ავტორი (სავარაუდო მოსარჩელე) - გე-–---------–--ლი, ნინ---------–-–--ლი, თა------------–--ლი;
წარმომადგენელი - ქე---------------–ი;
მოწინააღმდეგე მხარე (სავარაუდო მოპასუხე) - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო; სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო; სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს კახეთის მომსახურების ცენტრი;
სავარაუდო დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა; ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, ქმედების განხორციელება;
გასაჩივრებული განჩინება - სარჩელის აღძვრამდე სარჩელის უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 17 ივლისის განჩინება;
საჩივრის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე.
1. გასაჩივრებული განჩინების დასკვნები:
1.1. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
განმცხადებელ გე-–---------–--ლს, ნინ---------–-–--ლსა და თა------------–--ლს უარი ეთქვათ სარჩელის აღძვრამდე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე.
2. გასაჩივრებული განჩინებით დადგენილი ფაქტები:
2.1. სიღნაღის რაიონულ სასამართლოს 2019 წლის 16 ივლისის განცხადებით მიმართა გე-–---------–--ლის, ნინ---------–-–--ლის, თა------------–--ლის წარმომადგენელმა ქე---------------–მა და მოითხოვა სარჩელის აღძვრამდე უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება, კერძოდ, განმცხადებელმა მოითხოვა უძრავ ქონებასთან დაკავშირებით, რომლის რეკვიზიტებია: მესაკუთრე: ვლ--------------ძე, სა-–----------ძე; მისამართი: მუნიციპალიტეტი საგარეჯო, სოფელი ხ-–--, საკადასტრო კოდი N5----------- - სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს აკრძალვოდა ნებისმიერი მოქმედების შესრულება.
განმცხადებელთა განმარტებით, ცხოვრობენ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაშმში. მათი საცხოვრებელი სახლები მდებარეობს ყოფილი ხ-–--ს საავადმყოფოს მიმდებარე ტეროტორიის მეზობლად. რამდენიმე წელია საავადმყოფო გაუქმებულია და აღარ ფუნქციონირებს. აღნიშნული საავადმყოფო წარმოადგენს საბჭოთა კავშირის დროინდელ შენობას და შესაბამისად, იგი წარმოადგენდა სახელმწიფოს საკუთრებას. გასაბჭოებამდე კი ქონება წარმოადგენდა ცნობილი ისტორიკოსის - დიმიტრი ბაქრაძის საკუთრებას. განმცხადებლებმა, იმის გათვალისწინებით, რომ მათი ინფორმაციით ქონება წარმოადგენდა სახელმწიფოს საკუთრებას, მოისურვეს თანასოფლელებთან ერთად საკუთარი სახსრებით მოეხდინათ საავადმყოფოს მიწის ნაკვეთისა და შენობა-ნაგებობის რეაბილიტაცია, შემდგომში ქონების ერთ ნაწილში მემორიალური მუზეუმისა და მეორე ნაწილში თანასოფლელთა ფერმერული განვითარების საორგანიზაციო საბჭოს მოწყობის მიზნით. აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი პროექტიც იქნა შეკვეთილი U-----ში წარსადგენად, რომ მომხდარიყო სოფლის ახალგაზრდობის ჩართვა როგორც კულტურულ, ისე ფერმერულ საქმიანობაში.
განმცხადებელთა მითითებით, მათთვის სრულიად მოულოდნელად ცნობილი გახდა, რომ ვლ--------------ძესა და სა-–----------ძეს სავარაუდოდ გაყალბებული საარქივო ცნობისა და ცნობა-დახასიათების საფუძველზე მოუხდენიათ მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობის რეგისტრაცია. აღნიშნულის გათვალისწინებით, განმცხადებლები მიუთითებენ, რომ აპირებენ სარჩელის აღძვრას სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ 2017 წლის 28 დეკემბერს ზემოაღნიშნულ საკადასტრო კოდზე რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნით, ვინაიდან რეგისტრაცია განხორციელდა გაყალბებული დოკუმენტაციის საფუძველზე. ასევე, აპირებენ სარჩელის აღძვრას სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს კახეთის მომსახურების ცენტრის მიმართ ქმედების განხორციელებისა და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით.
განმცხადებელთა განმარტებით, სარჩელის სასამართლოში წარმოდგენამდე აუცილებელია სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება, რომ სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს აეკრძალოს სადავო უძრავ ქონებაზე ნებისმიერი მოქმედების შესრულება. აღნიშნული უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება კი განპირობებულია იმ გარემოებით, რომ მესაკუთრედ რეგისტრირებულ პირებს - ვლ--------------ძესა და სა-–----------ძეს განზრახული აქვთ ქონების გასხვისება. სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში კი გადაწყვეტილების აღსრულება შეუძლებელი გახდება, თუკი მოხდება სადავო მიწის ნაკვეთის გასხვისება.
2.2. სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 17 ივლისის განჩინებით განცხადება სარჩელის აღძვრამდე მისი უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ არ დაკმაყოფილდა, რაც განმცხადებლების წარმომადგენელმა 2019 წლის 30 ივლისს საჩივრით გაასაჩივრა. აღნიშნული საჩივარი სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 17 ივლისის განჩინებაზე დაუსაბუთებლობის გამო, საქმის მასალებთან ერთად გადმოეგზავნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს.
3. დადგენილი ფაქტები პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივად შემდეგნაირად შეაფასა:
3.1. პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტებით, სარჩელის უზრუნველყოფა, სასამართლო გადაწყვეტილების რეალურად აღსრულებისათვის მოსალოდნელი დაბრკოლების თავიდან აცილების ღონისძიებაა, რომელიც მოპასუხისათვის გარკვეული უფლებების შეზღუდვაში გამოიხატება. უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება გარკვეულწილად დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად სარწმუნოდ დაადასტურებს მხარე მისი გამოყენების იურიდიულ ინტერესს, აღნიშნული ღონისძიების გამოუყენებლობით შემდგომში მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების გაძნელების ან საერთოდ აღსრულების შეუძლებლობის საშიშროებას.
სასამართლოს განმარტებით, წარმოდგენილ სარჩელის უზრუნველყოფის შუამდგომლობაში, მიუხედავად აღსაძრავი სარჩელის დავის საგნისა, განმცხადებელთა მიერ არ არის განმარტებული მომავალი სარჩელის მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძვლები, რომლის გარეშეც სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას განსაზღვროს უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების აუცილებლობა აღსაძრავ სარჩელთან მიმართებაში. ასევე, არ არის მითითებული მათი კანონით დაცული რა უფლებების რეალიზება უნდა მოახდინონ აღსაძრავი სარჩელით და რა ფორმით, რა შედეგის მომტანია მათთვის თუნდაც სადავო ქონებაზე მესაკუთრეთა შესახებ რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, იმ მოცემულობაში, როდესაც თავადვე განმარტავენ, რომ სადავო ქონება წარმოადგენდა სახელმწიფოს საკუთრებას. შესაბამისად გაურკვეველია, მათი რა კანონიერი ინტერესის რეალიზება შეიძლება მოხდეს თუნდაც აღსაძრავი მოთხოვნებით სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში.
სიღნაღის რაიონულმა სასამართლომ მხარეს დამატებით განუმარტა, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისას, მაშინ როდესაც უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებას ითხოვს განმცხადებელი (მომავალი მოსარჩელე) სარჩელის აღძვრამდე, მით უფრო სარწმუნოდ და დასაბუთებულად უნდა იყოს გადმოცემული მოთხოვნის ფაქტობრივი გარემოებები და მათი დაკმაყოფილების საფუძვლები. სარჩელის აღძვრამდე სარჩელის უზრუნველყოფაზე მსჯელობისას სასამართლოს უნდა გაუჩნდეს დასაბუთებული ვარაუდი, რომ განმცხადებლის უფლებების დაცვის მიზნით, სარჩელის სასამართლოში წარმოდგენამდე, აუცილებელია მოხდეს მისი უზრუნველყოფა. სარჩელის აღძვრამდე უზრუნველყოფის ღონისძიების მოთხოვნისას, მხარე უფრო მეტადაა ვალდებული მიუთითოს და ამტკიცოს როგორც დავის ფაქტობრივი გარემოებები, ასევე უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების გადაუდებელი აუცილებლობა, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზე არაა.
4. საჩივრის ავტორის - გე-–---------–--ლის, ნინ---------–-–--ლის, თა------------–--ლის მოთხოვნა:
4.1. სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 17 ივლისის განჩინების გაუქმება და სარჩელის აღძვრამდე უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ 2019 წლის 16 ივლისის განცხადების დაკმაყოფილება.
5. გე-–---------–--ლის, ნინ---------–-–--ლის, თა------------–--ლის საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
5.1. საჩივრის ავტორი არ ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შედეგს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე უარის თქმის შესახებ, მიიჩნევს რომ განჩინება უკანონოა და შესაბამისად ითხოვს სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 17 ივლისის განჩინების გაუქმებას.
წარმომადგენლი მიიჩნევს, რომ ვლადიმერ და სა-–----------ძეების მიერ გაყალბებული საარქივო ცნობით და ცნობა დახასიათებით განხორციელდა საკუთრების უფლების რეგისტრაცია და სადავო ქონების დევიძეების საკუთრებაში აღრიცხვა. განმცხადებლები ითხოვენ სასამართლოს მიერ უზრუნველყოფის ღონისძიებას გამოყენებას, რადგან აპირებენ სიღნაღის რაიონულ სასამართლოსთვის სარჩელით მიმართვას N5----------- საკადასტრო კოდზე მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მიზნით, იმის გამო, რომ მარეგისტრირებელმა ორგანომ რეგისტრაციის დროს დაარღვია კანონი. ასევე, განმცხადებლები აპირებენ მოპასუხედ საჯარო რეესტრთან ერთად სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს კახეთის მომსახურების ცენტრის მიმართ ქმედების განხორციელებისა და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნას.
საჩივრის ავტორმა მიუთითა უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების აუცილებლობაზე, კერძოდ, ვლ--------------ძესა და სა-–----------ძეს როგორც მისთვის ცნობილია განზრახული აქვთ სადავო ქონების გასხვისება. საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ სადავო მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული შენობის უკანონოდ მისაკუთრების თაობაზე შეტანილი აქვს განცხადება როგორც პოლიციაში, ასევე - სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში. სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში გადაწყვეტილების აღსრულება გაძნელდება იმ პირობებში, თუ სადავო მიწის ნაკვეთი გასხვისდება. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ მესამე პირები - ვლადიმერ და სა-–----------ძეები არასოდეს ყოფილან უძრავი ქონების მესაკუთრეები და გაუგებარია რაზე დაყრდნობით მიიჩნია სასამართლომ, რომ განცხადება დაუსაბუთებელია.
6. სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული განჩინების ძალაში დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო საჩივარს წარმოებაში იღებს შესაბამისი ინსტანციის სასამართლოსათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული წესების თანახმად. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, თუ სასამართლო საჩივარს დასაშვებად და დასაბუთებულად მიიჩნევს, იგი აკმაყოფილებს მას. წინააღმდეგ შემთხვევაში საჩივარი საქმის მასალებთან ერთად სასამართლო განჩინების საფუძველზე გაეგზავნება ზემდგომ სასამართლოს განჩინების მიღებიდან 5 დღის ვადაში. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივარი განიხილება ამ კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით დადგენილი წესით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კერძო საჩივრის (საჩივრის) თაობაზე განჩინება გამოაქვს ზემდგომ სასამართლოს, ხოლო ამ კოდექსის 420-ე მუხლით კერძო საჩივრის ზემდგომ სასამართლოში განხილვა წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
ამავე კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას (განჩინებას) სააპელაციო საჩივრის (საჩივრის) ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს სამართლებრივ შეფასებებს და დამატებით აღნიშნავს შემდეგს:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე და 198-ე მუხლების შინაარსიდან გამომდინარე, მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს განცხადებით სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ. განცხადება უნდა შეიცავდეს მითითებას იმ გარემოებებზე, რომელთა გამოც უზრუნველყოფის ღონისძიებათა მიუღებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, აგრეთვე დასაბუთებას, თუ უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გატარება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. თუ სასამართლოს გაუჩნდება დასაბუთებული ვარაუდი, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების მიუღებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, მას გამოაქვს განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ. მითითებული ნორმების საპროცესო რეალიზება იწყება იმ შემთხვევაში, როდესაც სარჩელის უზრუნველყოფის წინაპირობას წარმოადგენს საფუძვლიანი ეჭვი იმის თაობაზე, რომ გადაწყვეტილება აღუსრულებელი დარჩება ან მნიშვნელოვანწილად გაძნელდება აღსრულება უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების გარეშე.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 192-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ გადაუდებელ შემთხვევაში შეიძლება შეტანილ იქნეს სასამართლოში სარჩელის აღძვრამდე.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკითხს იმის შესახებ, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიება უნდა იქნეს გამოყენებული, წყვეტს სასამართლო მოსარჩელის განცხადების შესაბამისად. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტის თანახმად, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება შეიძლება იყოს მოპასუხისათვის გარკვეული მოქმედების შესრულების აკრძალვა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ პუნქტი იმპერატიულად განსაზღვრავს იმ პირთა წრეს, რომლის მიმართაც შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს გარკვეული მოქმედების შესრულების აკრძალვის შესახებ უზრუნველყოფის ღონისძიება.
სარჩელის უზრუნველყოფა, როგორც სამართლებრივი ინსტიტუტი, წარმოადგენს მატერიალური კანონმდებლობით დაცულ ამა თუ იმ პირის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების რეალური განხორციელების საპროცესო სამართლებრივ გარანტიას, რომელსაც სასამართლო იყენებს დარღვეული თუ სადავოდ ქცეული უფლების შესახებ გადაწყვეტილების გამოტანამდე. აღნიშნული ღონისძიების გამოყენებისას, სასამართლო მსჯელობს მხოლოდ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების საფუძველზე, კერძოდ, სამომავლოდ მისაღები გადაწყვეტილების აღსრულების გაძნელების ან აღუსრულებლობის საშიშროებაზე, მოსარჩელის მიერ მითითებული იმ კონკრეტული გარემოებების გათვალისწინებით, რომლებიც ადასტურებს ვარაუდს უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების აუცილებლობაზე. საკითხს უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისა და ამ ღონისძიების სახის შესახებ, წყვეტს სასამართლო მოთხოვნის ხასიათისა და შინაარსის გათვალისწინებით.
სააპელაციო პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებას, კერძოდ, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება/არგამოყენების საკითხის განხილვისას, განმცხადებლის მიერ ნათლად უნდა იქნეს წარმოჩენილი დავის ფაქტობრივი გარემოებები, აღსაძრავი სარჩელის მოთხოვნა, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისას კი წარმოდგენილ უზრუნველყოფის განცხადებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს დაუსაბუთებლად მიაჩნია სარჩელის აღძვრამდე სარჩელის უზრუნველყოფის გამოყენება, იმის გათვალისწინებით, რომ შუამდგომლობა არ შეიცავს მითითებას კონკრეტულ ფაქტობრივ საფუძვლებზე, თუ რა ფორმით მოახდენენ განმცხადებლები თავიანთი უფლებების რეალიზებას და თუ რა ფორმით შეუწყობს ხელს უზრუნველყოფის ღონისძიება აღსაძრავი სარჩელის მოთხოვნებს, საქმეზე მისაღები გადაწყვეტილების აღსრულებას. უზრუნველყოფის დაკმაყოფილებაზე მსჯელობა მხოლოდ იმ გარემოებაზე ჰიპოთეტური აპელირებით, რომ მისი გამოუყენებლობა ხელისშემშლელი გახდება გადაწყვეტილების აღსრულებისა, ვერ გახდება საკმარისი საფუძველი სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისა.
სააპელაციო პალატა იზიარებს რაიონული სასამართლოს სამართლებრივ შეფასებას, რომ განმცხადებლები ვერც სარჩელის უზრუნველყოფის განცხადებაში და ვერც საჩივარში ვერ განმარტავენ მათი კანონით დაცული რა უფლებების რეალიზება უნდა მოახდინონ აღსაძრავი სარჩელით და რა ფორმით, რა შედეგის მომტანია მათთვის თუნდაც სადავო ქონებაზე მესაკუთრეთა შესახებ რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, იმ პირობებში, როდესაც თავადვე განმარტავენ, რომ სადავო ქონება წარმოადგენდა სახელმწიფოს საკუთრებას. შესაბამისად გაურკვეველია, მათი რა კანონიერი ინტერესის რეალიზება შეიძლება მოხდეს თუნდაც აღსაძრავი მოთხოვნებით სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში.
სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება წარმოადგენს კონკრეტულ საქმეზე განხორციელებულ საპროცესო მოქმედებას, რომელიც მიზნად ისახავს ამ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების დაბრკოლების თავიდან აცილებას, იგი მიიღება კონკრეტული სასარჩელო მოთხოვნის ხასიათის გათვალისწინებით და ბუნებრივია, რომ ამ მოთხოვნის ადეკვატურია. განცხადების ანალიზის საფუძველზე, პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ განმცხადებლის მიერ განცხადებაში მითითებული გარემოებები არ ქმნიდა დასაბუთებულ ეჭვს, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების გარეშე გართულდება განმცხადებლის უფლების რეალიზაცია და მომავალში მისი კანონიერი უფლების და ინტერესის დაცვა შეუძლებელი გახდება.
სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ საჩივრის ავტორის მიერ წარმოდგენილი არ არის ისეთი სახის გარემოებები და შესაბამისი მტკიცებულებები, რომლებიც ქმნიან დასაბუთებული ეჭვის საფუძველს, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობის პირობებში მოხდება მისი კანონიერი ინტერესების იმაზე მეტი ხელყოფა, ვიდრე ამას შეიძლება ადგილი ჰქონდეს მოპასუხეთა მიმართებით უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისას. საჩივრის ავტორის მითითებები ვერ ადასტურებს შუამდგომლობით მოთხოვნილი უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისთვის კანონისმიერი წანამძღვრების არსებობას.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის გათვალისწინებითა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. ამავე მუხლის მესამე პუნქტის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
პალატა განმარტავს, რომ რამდენადაც საჩივრის ავტორის მიერ დაცული არ არის საპროცესო კოდექსის ზემოაღნიშნული ნორმები და არ არის წარმოდგენილი ისეთი სახის მტკიცებულებები, გარემოებები, ფაქტები, რაც სასამართლოს მისცემდა საჩივრის ავტორის მხრიდან დასახელებული საშიშროების შეფასების შესაძლებლობას, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საჩივრის ავტორს უარი უნდა ეთქვას მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე დაუსაბუთებლობის მოტივითაც.
ამდენად, გე-–---------–--ლის, ნინ---------–-–--ლისა და თა------------–--ლის წარმომადგენლის საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან არ არსებობს სარჩელის აღძვრამდე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საფუძველი და უცვლელად უნდა დარჩეს სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 17 ივლისის (სარჩელის აღძვრამდე სარჩელის უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ) და ამავე სასამართლოს 2019 წლის 02 სექტემბრის განჩინება საჩივრის სააპელაციო სასამართლოში გადმოგზავნის შესახებ) განჩინებები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, ზემდგომი სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრის (საჩივრის) თაობაზე არ გასაჩივრდება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971-ე მუხლის მე-4 ნაწილით, 419-420-ე მუხლებით და
გ ა ნ ა ჩ ი ნ ა:
1. გე-–---------–--ლის, ნინ---------–-–--ლის და თა------------–--ლის წარმომადგენლის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ძალაში დარჩეს სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 17 ივლისის (სარჩელის აღძვრამდე სარჩელის უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ) და ამავე სასამართლოს 2019 წლის 02 სექტემბრის (საჩივრის სააპელაციო სასამართლოში გადმოგზავნის შესახებ) განჩინებები.
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლე:
შოთა გეწაძე -