განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 12.02.2020
საქმის ნომერი
330210118002759384
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
იპოთეკა
თარიღი
12.02.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210118002759384

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქმე №2ბ/2807-19 12 თებერვალი, 2020 წელი

 

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

მოსამართლე – ქეთევან მესხიშვილი

 

სხდომის მდივანი – მარიამ ირემაშვილი

 

აპელანტი - მ--- ვ-----

 

წარმომადგენელი - დ-----------–---

 

მოწინააღმდეგე მხარე - სს „თ----------ი“

 

წარმომადგენელი - თ------------–-–---–-

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილება

 

დავის საგანი - თანხის დაკისრება; შეგებებული სარჩელით - ხელშეკრულების პუნქტის ბათილად ცნობა

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

 

1. სს „თ----------ის“ წარმომადგენელმა თბილისის საქალაქო სასამართლოში მოპასუხე მ--- ვ-----ს წინააღმდეგ სარჩელი აღძრა. მოპასუხისთვის მოსარჩელის სასარგებლოდ 2018 წლის 25 იანვრის #1-------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 49 266.92 აშშ დოლარის, 2018 წლის 30 ნოემბრიდან (ხელშეკრულების შეწყვეტის თარიღი) 2018 წლის 25 იანვრის #1-------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირ თანხაზე - 44 274.65 აშშ დოლარზე, გადაწყვეტილების აღსრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს 12 თვის განმავლობაში, წლიური 18% სარგებლის გადახდა, 2018 წლის 30 ნოემბრიდან (ხელშეკრულების შეწყვეტის თარიღი) 50 დღის განმავლობაში 2018 წლის 25 იანვრის #1-------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირ თანხაზე 44 274.65 აშშ დოლარზე და დარიცხულ პროცენტზე 3 449.57 აშშ დოლარზე, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო 0.1% - ყოველდღიურად 47.72 აშშ დოლარის გადახდის დაკისრება და ასევე, დავალიანების დაფარვის უზრუნველყოფის მიზნით, იპოთეკით დატვირთული ქონების (საკადასტრო კოდი 0---------------------), სარეალიზაციოდ მიქცევა მოითხოვა.

 

2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და შეგებებული სარჩელი წარადგინა, რომლითაც 2018 წლის 25 იანვარს დადებული საკრედიტო ხელშეკრულების 13.12 პუნქტისა და 8.8 პუნქტის ბათილად ცნობა მოითხოვა.

 

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილებით მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. მოპასუხეს ბანკის სასარგებლოდ 2018 წლის 25 იანვრის #1-------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 49 266.92 აშშ დოლარისა და 2018 წლის 30 ნოემბრიდან (ხელშეკრულების შეწყვეტის თარიღი) 2018 წლის 25 იანვრის #1-------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირ თანხაზე 44 274.65 აშშ დოლარზე, გადაწყვეტილების აღსრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს 12 თვის განმავლობაში, წლიური 8% სარგებლის გადახდის ვალდებულება დაეკისრა. მოთხოვნა დავალიანების ძირ თანხაზე 44 274.65 აშშ დოლარზე და დარიცხულ პროცენტზე 3 449.57 აშშ დოლარზე, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს 0.1% - ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 47.72 აშშ დოლარის გადახდის თაობაზე, არ დაკმაყოფილდა. დავალიანების დაფარვის უზრუნველყოფის მიზნით იპოთეკით დატვირთული მ--- ვ-----ს კუთვნილი უძრავი ქონება (საკადასტრო კოდი 0---------------------2) სარეალიზაციოდ მიექცა.

 

ამავე გადაწყვეტილებით შეგებებული სარჩელის ავტორის მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ, მხარეთა შორის 2018 წლის 25 იანვარს დადებული საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ #0--------------- ხელშეკრულების 13.12 პუნქტი, ასევე, 2018 წლის 25 იანვარს დადებული #1------------ იპოთეკის ხელშეკრულების 8.8 პუნქტი, რომლებიც პირველი ინსტანციის მიერ მიღებული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევისა და იპოთეკის საგნის მიღმა სხვა ქონებაზე აღსრულების მიქცევის შესაძლებლობას ითვალისწინებდა, ბათილად იქნა ცნობილი.

 

4. აღნიშნული გადაწყვეტილება მ--- ვ-----მ სააპელაციო წესით გაასაჩივრა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილება მოითხოვა.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

5. 2018 წლის 25 იანვარს სს „თ----------სა“ და მ--- ვ-----ს შორის #0--------------- საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულება დაიდო, რომლის თანახმად, საკრედიტო დაწესებულებამ მსესხებელს საკრედიტო ხაზი გაუხსნა. ხელშეკრულების 9.1 პუნქტის თანახმად, ამ ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად გაფორმებული ხელშეკრულებები ამ ხელშეკრულებისა და მის ფარგლებში გაფორმებული დამატებითი ხელშეკრულებების საფუძველზე წარმოშობილ ყველა ვალდებულებას უზრუნველყოფდა. ხელშეკრულების 9.6 პუნქტის თანახმად, ბანკის მოთხოვნების დაკმაყოფილების/კლიენტის ვალდებულებების შესრულების მიზნით ბანკს უფლება ჰქონდა აღსრულება კლიენტის ნებისმიერ ქონებაზე (კლიენტის კუთვნილ ნებისმიერ ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე, მათ შორის ქონებაზე, რომელსაც მოვალე ამ ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ შეიძენდა) მოეთხოვა, მიუხედავად იმისა კლიენტის ვალდებულება (ბანკის მოთხოვნა) სანივთო უფლებით (იპოთეკით, გირავნობით) უზრუნველყოფილი იყო თუ არა. ამასთან, ბანკი უფლებამოსილი იყო, თავისი შეხედულებისამებრ, გადახდა/აღსრულება პირველ რიგში, კლიენტის იმ ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე მიექცია, რომელიც კლიენტის ვალდებულებების უზრუნველყოფის საგანს არ წარმოადგენდა.

 

ხელშეკრულების 12.1.2 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების საფუძველზე დადებული ნებისმიერი დამატებითი ხელშეკრულებით ან ბანკთან გაფორმებული ნებისმიერი დოკუმენტით ნაკისრი რომელიმე ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ბანკს უფლება ჰქონდა კლიენტთან არსებული საკრედიტო ურთიერთობა შეეწყვიტა.

 

ამავე ხელშეკრულებით, მხარეები შეთანხმდნენ მასზედ, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის შესაბამისად, ამ ხელშეკრულებიდან (შეთანხმებიდან) გამომდინარე დავასთან დაკავშირებული ბანკის სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიექცეოდა (ს.ფ. 155-164.)

 

6. საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად, იმავე დღეს #1------------ იპოთეკის ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის საფუძველზეც კრედიტორის სასარგებლოდ მ--- ვ-----ს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე, მისამართზე: თბილისი, ბ-----------------------------------------------–------------ (ს/კ 0---------------------2), იპოთეკით დაიტვირთა.

 

ხელშეკრულების 1.2 პუნქტის თანახმად, იპოთეკით უზრუნველყოფილი რომელიმე ვალდებულების ჯეროვნად და დროულად შეუსრულებლობის შემთხვევაში, იპოთეკარს უფლება ჰქონდა, იპოთეკის საგნის რეალიზაციით ან საკუთრებაში გადაცემით (მიღებით) სხვა კრედიტორებთან შედარებით თავისი მოთხოვნა უპირატესად დაეკმაყოფილებინა. ხელშეკრულების მე-7 მუხლის თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ იპოთეკით უზრუნველყოფილი რომელიმე ვალდებულების დროულად და ჯეროვნად შეუსრულებლობის შემთხვევაში იპოთეკარს უფლება ექნებოდა სხვა კრედიტორებთან შედარებით საკუთარი მოთხოვნა უპირატესად დაეკმაყოფილებინა (ს.ფ. 165-170, 171-172).

 

7. საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე, 2018 წლის 25 იანვარს სს „თ----------სა“ და მ--- ვ-----ს შორის საბანკო კრედიტის ხელშეკრულება #1-------------- გაფორმდა, რომლის თანახმად მსესხებლის სახელზე სესხი 45 000 აშშ დოლარის ოდენობით, 120 თვის ვადით, წლიური 18%-ის სარგებლის დარიცხვის პირობით, გაიცა. ხელშეკრულების თანახმად, ფიქსირებული პირგასამტეხლო, გრაფიკის ყოველი დარღვევისას, ვადაგადაცილებისათვის 10 აშშ დოლარს, ხოლო ყოველდღიური პირგასამტეხლო ვადაგადაცილებისათვის - დავალიანების 0%-ს, ვადაგადაცილებული ერთი დღის შემდეგ კი, ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის დავალიანების 1%-ს შეადგენდა (ს.ფ. 177-183, 184-186).

 

8. მ--- ვ-----ს მიერ 2018 წლის 25 იანვრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, თანხის ყოველთვიური გრაფიკით გადახდის თაობაზე, დაირღვა. 2018 წლის 18 ოქტომბერს, საკრედიტო დაწესებულების მიერ მოვალეს წერილობითი შეტყობინება გაეგზავნა, რომლითაც, ვალდებულების შესასრულებლად დამატებით 14 დღიანი ვადა განესაზღვრა (ს.ფ. 191, 193-194).

 

9. კრედიტორმა #1-------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულება ცალმხრივად, 2018 წლის 30 ნოემბერს, შეწყვიტა (მხარეთა ახსნა-განმარტება).

 

10. 2019 წლის 10 იანვრის მდგომარეობით, 2018 წლის 25 იანვრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მ--- ვ-----ს დავალიანება კრედიტორის წინაშე 49 266.92 აშშ დოლარს შეადგენდა, საიდანაც ძირი თანხაა - 44 274.65 აშშ დოლარი, პროცენტი - 3 449.57 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო - 1 420.87 აშშ დოლარი და დაზღვევის პრემია - 121.83 აშშ დოლარი (ს.ფ. 192).

 

11. სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს ფაქტობრივ გარემოებას მასზედ, რომ მხარეთა მიერ 2018 წლის 25 იანვრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით შეთანხმებული სარგებლის ოდენობა არ უნდა შემცირდეს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს ვალდებულებას დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. ამავე კოდექსის 625-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით სესხისთვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი, ხოლო მეორე ნაწილის მიხედვით, მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის პროცენტის განსაზღვრისას სესხის წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი არ უნდა აღემატებოდეს 50 პროცენტს. განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის 2017 წელს გაფორმებული ხელშეკრულებით სარგებლის ოდენობად წლიური 18% შეთანხმდა.

 

ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპიდან გამომდინარე, მხარეები თავად განსაზღვრავენ ხელშეკრულების პირობებს. მოცემულ შემთხვევაში, ზემოხსენებული ნორმა დისპოზიციურია და მხარეებს აძლევს შესაძლებლობას თავად განსაზღვრონ სესხის პირობები, მათ შორის, თავად დაადგინონ სესხის ხელშეკრულების პირობა სარგებლის თაობაზე, კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის თანახმად, მხარეთა სპეციალურ შეთანხმებაზეა დამოკიდებული სარგებლის გათვალისწინება სესხის ხელშეკრულებაში. სხვა შემთხვევაში სესხი არის სარგებლის გარეშე.

 

სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს. სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ გარიგების ან მისი რომელიმე პირობის ბათილად ცნობა ამორალურობის მოტივით შეფასებითი კატეგორიაა. ნებისმიერი დავის გადაწყვეტისას, სასამართლო ხელმძღვანელობს დავის სამართლიანად გადაწყვეტისა და მონაწილეთა ინტერესების დაცვის პრინციპით. სამართლებრივ სახელმწიფოში მართლწესრიგის არსებობას, როგორც კანონი, ასევე, მორალური ქცევის სტანდარტი უზრუნველყოფს. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ კერძოსამართლებრივ ურთიერთობებში კერძო ავტონომიისა და თავისუფალი კონტრაჰირების პრინციპი მოქმედებს, გარიგება, რომელიც საზოგადოებაში „საყოველთაოდ მიღებულ ქცევის სტანდარტს“ ეწინააღმდეგება, სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის საფუძველზე ამორალურ გარიგებად მიიჩნევა და ბათილობის სამართლებრივ შედეგებს უკავშირდება. სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის საკანონმდებლო დანაწესის მიზანს სწორედ იმგვარი გარიგებების თავიდან აცილება წარმოადგენს, რომლებიც ფორმალურად კანონსაწინააღმდეგო არ არის, თუმცა, თავისი არსით, საზოგადოებრივ მართლწესრიგს არღვევს და სამოქალაქო ბრუნვის სუბიექტთა თანაცხოვრებას აუარესებს, რაც შედეგობრივად, სამოქალაქო ბრუნვას აფერხებს. გარიგების ამორალური მოტივის დასადგენად დადგენილი კრიტერიუმები არ არსებობს, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მას სასამართლო საქმეში არსებული მასალების ურთიერთშეჯერებით აფასებს.

 

12. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლი ამორალურ გარიგებებთან მიმართებაში შეიცავს მხოლოდ იმ დათქმას, რომ იგი არის გარიგება, რომელიც ზნეობის ნორმებს არღვევს. განსხვავებით გავლენის ბოროტად გამოყენების შედეგად ან იძულებით დადებული გარიგებებისაგან (სამოქალაქო კოდექსის 55-ე, 85-ე მუხლები), გარიგების ამორალურად მისაჩნევად აუცილებელი არ არის იმ გარემოებათა დადგენა-დადასტურება, რამაც განაპირობა ამ გარიგების დადება. საკმარისია, არსებობდეს დისპროპორცია ხელშეკრულების მხარეების მიერ ნაკისრ ვალდებულებათა შორის, რომ სასამართლომ იგი ამორალურ გარიგებად მიიჩნიოს. სასამართლო განმარტავს, რომ გარიგების ამორალურად და მართლსაწინააღმდეგოდ კვალიფიკაციისათვის მნიშვნელოვანია გარიგების ნეგატიური, კანონსაწინააღმდეგო ან ამორალური შედეგის დადგომა, ანუ განსახილველ შემთხვევაში უმნიშვნელოვანესია გაირკვეს თუ რამდენად წარმოადგენდა მხარეთა შორის შეთანხმებული საპროცენტო განაკვეთი შეუსაბამოდ მაღალ სარგებლის ოდენობას და შესაბამისად, რამდენად ეწინააღმდეგებოდა იგი ზნეობის ნორმებს.

 

კერძო ავტონომიის ფარგლებში დადებული გარიგებების არსებობის პირობებში დაცული უნდა იქნეს ხელშეკრულების მონაწილე სუსტი მხარის ინტერესი, სწორედ აღნიშნული სულისკვეთება დაედო საფუძვლად 2016 წელს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლში განხორციელებულ ცვლილებებს, როდესაც მას მე-2 ნაწილი დაემატა და სესხის წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთის მაქსიმალურ ზღვრად 100 % განისაზღვრა. აღნიშნული ცვლილებები 2017 წლის 15 იანვარს შევიდა ძალაში, რომელიც მიზნად სასესხო/საკრედიტო ურთიერთობებში მომხმარებელთა უფლებების დაცვას ისახავდა. 2018 წლის 21 ივლისს ამავე მუხლში ცვლილება შევიდა და საპროცენტო სარგებლის მაქსიმალურ წლიურ ოდენობად 50% დაწესდა. ნორმის განმარტებითი ბარათის თანახმად, დღეისათვის, როცა სესხებზე ხელმისაწვდომობა მნიშვნელოვნად გაიზარდა, დაბალი ფინანსური განათლების პირობებში მოსახლეობისათვის რთულად დასაგეგმი აღმოჩნდა საკუთარი ფინანსების მართვა. შედეგად საკმაოდ ხშირად ჭარბვალიანობა და მასთან დაკავშირებული პრობლემები მოსახლეობისთვის საკმაოდ მწვავე პრობლემად იქცა. განსაკუთრებით გამწვავდა ეს პრობლემა ბოლო წლებში, როცა ბაზარზე გამოჩნდნენ ე.წ ონლაინ სესხების გამცემი კომპანიები, რომლებიც ოპერირებენ როგორც ჩვეულებრივი მეწარმეები რაიმე დამატებითი რეგულაციების გარეშე. მათ გააჩინეს მოთხოვნა ბაზარზე სწრაფი და მარტივად ხელმისაწვდომი (საბუთების წარდგენის გარეშე) ფინანსებთან დაკავშირებით. აგრესიული მარკეტინგისა და ადამიანის იმპულსური ფსიქოლოგიის კომბინაციის პირობებში ხშირად ადამიანები გადაწყვეტილებებს ისე იღებენ სესხის აღებაზე, რომ არც მათ რეალურ საჭიროებაზე ფიქრობენ და არც იმაზე, რამდენად შეძლებენ აღებული ფინანსური ტვირთის ზიდვას. როგორც სხვადასხვა ქვეყნებში ჩატარებული არაერთი კვლევა ცხადყოფს, მსგავსი სესხის აღების მიზნობრიობა შეიძლება იყოს ნებისმიერი - საჭმელი, გართობა, ტანსაცმელი, სესხის გადაფარვა. ხარჯები, გამოხატული საპროცენტო განაკვეთებში მაღალია და ზოგჯერ დაუფარავადაა მითითებული შესაბამის ვებგვერდებზეც, თუმცა მსესხებელს აღნიშნულ ხარჯის აღქმა უჭირს. პრობლემის არსი მდგომარეობს იმაში, რომ ნაწილობრივ გაუმჭვირვალე პირობების და მიზნობრივი სეგმენტის დაბალი ფინანსური განათლების პირობებში „კეთილშობილი“ პროდუქტი თავისი მთავარი არსის საპირისპიროდ ტრანსფორმირდება და სწრაფი, მოკლევადიანი სესხის ნაცვლად სახეზე ვიღებთ გრძელვადიან სესხს შეუსაბამოდ მაღალი ხარჯებით. შესაბამისად, დღის წესრიგში დადგა საკითხი, დარეგულირებულიყო საკრედიტო ურთიერთობები მომხმარებელთა უფლებების დაცვის ინტერესების გათვალისწინებით.

 

მოყვანილი მსჯელობიდან, ნათელია, რომ კანონმდებელმა აღნიშნული პრობლემის გადასაწყვეტად საკანონმდებლო ცვლილებები განახორციელა და სესხის წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთის მაქსიმალურ ზღვრად ჯერ 100 %, ხოლო 2018 წელს 50% განსაზღვრა, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ოდენობის დაბლა მხარეთა მიერ შეთანხმებული ნებისმიერი საპროცენტო განაკვეთი კანონშესაბამისია. სააპელაციო პალატის აზრით, 2017 წელს ძალაში შესული ცვლილებების თანახმად, სესხისთვის წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთის 100%-ის ოდენობამდე განსაზღვრა გარკვეულწილად „დაკანონდა“, შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ 2017 წელს მხარეთა მიერ წლიური საპროცენტო განაკვეთის 18%-ით განსაზღვრა ზნეობისა და მორალის საწინააღმდეგო შეთანხმებას არ წარმოადგენს, რადგან იგი იმ მარჟაში ექცევა, რომელიც მოგვიანებით კანონმდებელმა „კანონიერად აქცია“, ამიტომ მიიჩნევა, რომ იგი არ არის სამოქალაქო ბრუნვისათვის შეუსაბამო, შესაბამისად მისი ბათილად ცნობის საფუძველი არ არსებობს.

 

13. თბილისის სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს ფაქტობრივ გარემოებას მასზედ, რომ სასარჩელო მოთხოვნით დაყენებული მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნა ნაწილობრივ, წლიური 8%-ის ოდენობით, მართებულად დაკმაყოფილდა.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით საპროცენტო განაკვეთი წლიური 18%-ით დადგინდა, ასევე ძირითადი ვალდებულების დარღვევის ფაქტი სადავოდ გამხდარი არ არის.

 

პალატა განმარტავს, რომ ვალდებულების დარღვევისას, კანონმდებელმა კრედიტორს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება მიანიჭა. ზიანის ანაზღაურების ზოგად წესს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლი განამტკიცებს, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ზიანის ანაზღაურება შეიძლება სხვადასხვა ფორმით გამოიხატოს, მაგალითად: პროცენტის გადახდა (403-ე მუხლი), პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა (408.1 მუხლი), მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურება (411-ე მუხლი) და ა.შ.

 

სააპელაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარედ საბანკო დაწესებულება გვევლინება, რომლის როგორც საბანკო საქმიანობის სფეროში მოღვაწე სუბიექტის კომერციული ინტერესი კრედიტის გაცემა და ამით გარკვეული მოგების მიღებაა. ამასთან, საგულისხმოა, რომ ჩვეულებრივი სესხის ხელშეკრულებისაგან განსხვავებით, რომელიც შეიძლება იყოს სასყიდლიანი ან უსასყიდლო, საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, როგორც წესი, მხოლოდ სასყიდლიანი ფორმით არსებობს. ამდენად, საბანკო დაწესებულების მხრიდან ნებისმიერ მსესხებელთან საბანკო კრედიტის ხელშეკრულების გაფორმება ხდება იმ მოლოდინით, რომ ბანკი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოგებას მიიღებს. უფრო მეტიც, საბაზრო ეკონომიკის პირობებში ფული განიხილება როგორც ყველაზე ბრუნვაუნარიანი საგანი, რომლის ფლობაც უპირობოდ იძლევა შემოსავლის მიღების პრეზუმფციას. საბანკო დაწესებულების შემთხვევაში შემოსავალში შეიძლება ვიგულისხმოთ საპროცენტო განაკვეთი, რაც კრედიტით სარგებლობის გარკვეული ეტაპის დასრულებისას უნდა იყოს გადახდილი. რაც თავის მხრივ, უზრუნველყოფს ბანკს, რომ მან დაფაროს ის ხარჯები, რაც დაკავშირებულია დეპოზიტზე მოზიდული სხვისი სახსრების პროცენტების გადახდასთან, შესაბამისი მოგების მიღებასთან და სარესურსო ფონდების გაზრდასთან. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, პალატა განმარტავს, რომ მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობა, ბანკს აძლევს უფლებას მოითხოვოს როგორც დამდგარი ზიანის, ისე მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურება.

 

აღნიშნულთან მიმართებით საყურადღებოა, თუ რა ჩაითვლება მიუღებელ შემოსავლად. ნიშანდობლივია, რომ სამოქალაქო კოდექსის 872-ე მუხლი ნათლად მიუთითებს, რომ ზიანის საზღაურში ჩაითვლება ის მოგება, რაც კრედიტის გამცემს თანხის სხვაგვარი გამოყენებით შეეძლო მიეღო. აღნიშნულის გათვალისწინებით, პალატა ასკვნის, რომ მიუღებელი შემოსავალი თანხის კრედიტის გამცემისათვის სარეალიზაციოდ დაბრუნებას უკავშირდება. კონკრეტული საპროცენტო განაკვეთი კი, მხოლოდ იმ პერიოდისათვის მოქმედებს, როდესაც ფულადი რესურსი ბანკის სარგებლობაში არ იმყოფება. იმ მომენტიდან, როდესაც სესხის თანხა კრედიტის გამცემს უბრუნდება, მიუღებელი შემოსავალი აღარ არსებობს, რადგანაც კრედიტორს სრული შესაძლებლობა აქვს სხვაგვარად განკარგოს ეს თანხა, თავიდან გასცეს კრედიტი, ან სხვა საშუალებით მოგება მიიღოს. იმ შემთხვევაში, როდესაც მხარეებს შორის სასამართლო დავა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო მოვალისთვის თანხის დაკისრების და ზიანის ანაზღაურების თაობაზე მიმდინარეობს, თანხის კრედიტორისათვის დაბრუნების მომენტად შესაბამისი გადაწყვეტილების აღსრულება ჩაითვლება და არა გადაწყვეტილების გამოტანის ან ხელშეკრულების მოშლის თარიღი. აღნიშნულთან მიმართებით სააპელაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელე მიუღებელი შემოსავლის დაკისრებას 2018 წლის 30 ნოემბრიდან (ხელშეკრულების შეწყვეტა) ხელშეკრულების ძირ თანხაზე - 44 274,65 აშშ დოლარზე, გადაწყვეტილების აღსრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს 12 თვის განმავლობაში, წლიური 18%-ის გადახდას მოითხოვდა.

 

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ ხელშეკრულების მხარეთათვის კანონმდებლობით მინიჭებული უფლებები, სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობისა და მის მონაწილეთა კეთილსინდისიერების ნაგულისხმები პრეზუმფციის (სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილი) გათვალისწინებით, უნდა განხორციელდეს. კანონმდებლობის ქვაკუთხედს ურთიერთობის მონაწილეთა კეთილსინდისიერება წარმოადგენს. ნებისმიერი სახის გარიგების სადავოობისას სასამართლო მხარეთა მართლზომიერი და კეთილსინდისიერი ქცევის სტანდარტს ამოწმებს. გარიგების მონაწილეთა ქცევის კეთილსინდისიერების პრინციპის დაცვას სამი ფუნქცია გააჩნია: 1) ყველა ხელშეკრულება უნდა განიმარტოს კეთილსინდისიერების პრინციპიდან გამომდინარე; 2) კეთილსინდისიერების პრინციპს აქვს ხარვეზის (სამართლის ნორმის ხარვეზის) შემავსებელი ფუნქცია, ასევე ხელშეკრულების პირობათა (რომლებიც მხარეთა მიერ ან/და კანონით არ იყო გათვალისწინებული) დამატების ფუნქცია; 3) გამაუქმებელი, შემზღუდავი და „მაკორექტირებელი“ ფუნქცია. საკასაციო სასამართლომ არაერთხელ განმარტა, რომ კეთილსინდისიერების პრინციპიდან გამომდინარე, ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე მხარეთა თანამშრომლობა, მეორე მხარის ინტერესების გათვალისწინება, მეორე მხარის უფლებებისა და ქონებისადმი განსაკუთრებული გულისხმიერების გამოჩენა საჭიროა ამ ურთიერთობის ნორმალურად განვითარებისათვის.

 

ზემოაღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატა ასკვნის, რომ მოსარჩელე სს „თ----------ის“ მიერ მიუღებელი შემოსავლის სახით ძირითადი თანხის 18%-ის დაკისრება უფლების კეთილსინდისიერად გამოყენების კანონიერი დათქმიდან არ გამომდინარეობდა. აღნიშნულ დასკვნას სააპელაციო პალატა უპირველესად იმ დასაბუთებას ამყარებს, რომ თითოეულ მსესხებელზე სესხის გაცემისას სპეციალური ალგორითმით/ფორმულით კონკრეტული საპროცენტო სარგებლის ოდენობა განისაზღვრება. საბანკო დაწესებულება საპროცენტო სარგებლის განსაზღვრისას სხვა მრავალთა შორის, მსესხებლის მიერ თანხის დაუბრუნებლობის რისკის ფაქტორს აფასებს, შესაბამისად, როგორც წესი, რაც უფრო მაღალია ეს რისკი, მით მეტია საპროცენტო სარგებლის ოდენობაც. ამასთან, საბანკო დაწესებულებას უამრავი პროდუქტი გააჩნია, თითოეული მათგანისთვის საპროცენტო სარგებლის მარჟა განსხვავებულია. აღნიშნულის გათვალისწინებით, ვინაიდან მოვალისთვის მიუღებელი შემოსავლის დაკისრების ერთ-ერთ წინაპირობას მის მიერ ზიანის განჭვრეტადობა მიეკუთვნება, პალატა მიიჩნევს, რომ მ--- ვ-----სთვის, როგორც ჩვეულებრივი გონიერი მომხმარებლისთვის, ნაკლებად შესაძლებელი იქნებოდა იმის წინასწარ განჭვრეტა, რომ საბანკო დაწესებულებას თანხის დაყოვნებისთვის სწორედ 18%-იანი და არა სხვა ოდენობის ზიანი მიადგებოდა. ყოველივე ზემოაღნიშნულის შესაბამისად, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მიუღებელი შემოსავლის 8%-მდე (ძირითადი თანხის) შემცირების თაობაზე დასაბუთებული და კანონიერია, რაც შეეხება აპელანტის მოთხოვნას მიუღებელი ზიანის დაკისრებაზე უარის თქმის შესახებ, იგი დაუსაბუთებელია არა მხოლოდ იმ სამართლებრივი დანაწესების გამო, რომელიც სააპელაციო სასამართლომ წინამდებარე განჩინებაში მიუთითა, არამედ იმიტომ, რომ სასარჩელო მოთხოვნა მიუღებელი შემოსავლის მოთხოვნის თაობაზე მართებულად იქნა ჩამოყალიბებული, რაც ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას ხელშეკრულების შეწყვეტიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს 12 თვის განმავლობაში დარიცხვა, წარმოადგენდა. პალატის მოსაზრებით მოთხოვნა ამგვარი ფორმულირებით სრულად უზრუნველყოფს მოვალისა და კრედიტორის უფლებათა დაბალანსებულ დაცვას და იგი მოვალის უფლებებს გაუმართლებლად არ ხელყოფს, შესაბამისად ,მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლები არ არსებობს და ამ ნაწილშიც სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილებას არ ექვემდებარება.

 

14. სამოქალაქო სამართალში მტკიცების ტვირთის ობიექტური განაწილების პრინციპია დამკვიდრებული. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს ამყარებს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

დასახელებული ნორმის თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებულნი არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით, მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა დაადასტურონ. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომლებიც მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციალურ წესს ადგენს, მოსარჩელეს სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება ევალება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, ისეთი მტკიცებულებები წარადგინოს, რომლებიც მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს გააქარწყლებს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლი ადგენს სასამართლოს მხრიდან მხარეთა მიერ მითითებული გარემოებების შეფასების სტანდარტს. სასამართლოსთვის არავითარ მტკიცებულებას წინასწარ დადგენილი ძალა არა აქვს. სასამართლო მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით აფასებს, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, გადაწყვეტილებაში უნდა აისახოს.

 

განსახილველ შემთხვევაში მტკიცების ტვირთის ობიექტური განაწილების პრინციპიდან გამომდინარე, განსაზღვრული საპროცენტო განაკვეთის კანონშესაბამისობის მტკიცების ტვირთი გამსესხებელს ეკისრება. სააპელაციო სასამართლოში საქმისწარმოების ეტაპზე სს „თ----------მა“ სასამართლოს შეუქმნა რწმენა, რომ სადავო საპროცენტო სარგებლის ოდენობა არ წარმოადგენდა სამოქალაქო ბრუნვისათვის შეუსაბამო ოდენობას. რაც შეეხება მიუღებელი შემოსავლის დაკისრებაზე უარის თქმის წინაპირობებს, მათი არსებობა აპელანტ მხარეს უნდა ემტკიცებინა, რომელმაც სასამართლოს წინაშე ვერ წარმოადგინა რელევანტური ახსნა-განმარტება, თუ რა კრიტერიუმით არ უნდა დაკმაყოფილებულიყო კრედიტორის აღნიშნული მოთხოვნა, მით უფრო კი, ისეთ პირობებში, როდესაც მიუღებელი შემოსავლის სახით დაკისრებული თანხის პროცენტი პირველი ინსტანციის სასამართლომ, მოვალის სასარგებლოდ, 18%-დან 8%-მდე შეამცირა.

 

15. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

16. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სარჩელზე უარის თქმაში ასევე სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმაც იგულისხმება. შესაბამისად, აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი 558 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად უნდა ჩაითვალოს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე, 386-ე, 390-ე, 55-ე მუხლებით, და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. მ--- ვ-----ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელი დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილება;

 

3. აპელანტის მიერ გადახდილი ბაჟი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად ჩაითვალოს;

 

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;

 

17. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ქეთევან მესხიშვილი