განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 19.02.2020
საქმის ნომერი
030210118002773295
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
იპოთეკა
თარიღი
19.02.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 030210118002773295

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქმე N2/ბ-1130-2019 19 თებერვალი 2020 წელი

ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

მოსამართლე: ირმა პერანიძე

 

სხდომის მდივანი: ბექა გიორგაძე

 

აპელანტი (მოსარჩელე): ნ----- ბ-----–---–-, ო-–-- ხ------

წარმომადგენელი: შ------- კ--–------

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე): ე------ მ---–----–---

დავის საგანი: სააღსრულებო ფურცელში ცვლილების შეტანა

გასაჩივრებული გადაწყვეტილება: ფოთის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 13 აგვისტოს გადაწყვეტილება

 

1. აპელანტის მოთხოვნა: პირგასამტეხლოს შემცირების თაობაზე სარჩელზე უარის თქმის ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, აღნიშნული მოთხოვნის დაკმაყოფილება, ნოტარიუს მ----------------–---–-ს 22.08.2018 წლის N1----------ააღსრულებო ფურცელში, პირგასამტეხლოს ნაწილში ცვლილების შეტანა, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადასახდელი პირგასამტეხლოს 0,02%-ით განსაზღვრა და სააღსრულებო ფურცლის გაცემის დროისათვის, პირგასამტეხლოს ოდენობის 1050 ლარამდე შემცირება.

სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები: მოსარჩელის მითითებით, 2017 წლის 12 აგვისტოს, ნ----- ბ-----–---–-- და ე------ მ---–----–---ს შორის გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, მსესხებელმა ნ----- ბ-----–---–-- გამსესხებლისგან, ე------ მ---–----–---საგან სესხის სახით აიღო 33600 ლარი 6 თვის ვადით, თვეში 3%-ის დარიცხვით.

სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა ნ----- ბ-----–---–-ს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე: ქ. თბილისი, ს-------–---–----------------------–----------------------------------------------------------------------------------.

მხარეები შეთანხმდნენ, ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის დადგენილ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში პირგასამტეხლოს გადახდაზე, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ძირითადი თანხის 0,1%-ზე, რაც შეუსაბამოდ მაღალს წარმოადგენდა და უნდა შემცირებულიყო.

ამასთან, ნ----- ბ-----–---–- მოპასუხისთვის გადახდილი ჰქონდა 4 თვის სარგებელი - 1820 აშშ დოლარი, რაც დასტურდებოდა 2017 წლის 14 ნოემბრის ხელწერილით.

მიუხედავად ამისა, ნოტარიუს მ----------------–---–-ს მიერ გაცემული 22.08.2018 წლის N1----------ააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, მოპასუხემ მოსარჩელისგან მოითხოვა 39 648 ლარის გადახდა, საიდანაც 33 600 ლარი სესხის ძირი თანხაა, ხოლო 6048 ლარი მასზე დარიცხული 6 თვის სარგებელი. ასევე მოითხოვა პირგასამატეხლოს გადახდა - 0,1%-ის ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, რამაც სააღსრულებო ფურცლის გაცემის დროისათვის შეადგინა 5100 ლარი, რაც შეუსაბამოდ მღალია და უნდა შემცირებულიყო 1050 ლარამდე.

 

მოპასუხის პოზიცია: მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სარჩელი უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია, რაც გამორიცხავდა მისი დაკმაყოფილების შესაძლებლობას.

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი 1. მოსარჩელეების, ნ----- ბ-----–---–-სა და ო-–-- ხ------ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; 2. ცვლილება შევიდეს ნოტარიუს მ----------------–---–-ს 22.08.2018 წლის N1----------ააღსრულებო ფურცელში, კერძოდ, 6 თვის 6048 ლარის სარგებლის ნაცვლად, დაერიცხოს 2 თვის სარგებლის 2016 ლარის გადახდა (აღნიშნული გამოწვეულია 4 თვის სარგებლის 1820 აშშ დოლარის გადახდით), დანარჩენ ნაწილში აღმასრულებელ მ----------------–---–-ს მიერ გაცემული 22.08.2018 წ. N1----------ააღსრულებო ფურცელი დარჩეს უცვლელი; 3. მოპასუხე ე------ მ---–----–---ს მოსარჩელეთა სასარგებლოდ დაეკისროს სახ. ბაჟის 60,48 ლარის გადახდა, ხოლო მოსარჩელე მხარის მიერ გადახდილი (სს „საქართველოს ბანკი“, სახ. ბაჟის გადახდის თარიღი: 17.12.2018, საგადახდო დავალება N1) 242 ლარი დარჩეს სახ. ბაჟის სახით გადახდილად; 4. გაუქმდეს ფოთის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 20 დეკემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც შეჩერდა სააღსრულებო წარმოება კერძო აღმასრულებელ მ------------------- წარმოებაში არსებულ N--------- სააღსრულებო საქმეზე ნოტარიუს მ----------------–---–-ს მიერ 22.08.2018 წელს გაცემულ N1----------ააღსრულებო ფურცელთან დაკავშირებით. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 2.1. 2017 წლის 12 აგვისტოს, ნ----- ბ-----–---–-- და ე------ მ---–----–---ს შორის გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მსესხებელმა გამსესხებლისგან სესხის სახით აიღო 33 600 ლარი, 6 თვის ვადით, თვეში 3%-ის დარიცხვით. სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა ნ----- ბ-----–---–-ს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე: ქ. თბილისი, ს-------–---–---------------------–----------------------------------------------------------------------------------. 2.2. 2017 წლის 25 აგვისტოს საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, ქ. თბილისი, ს------–---–------------–------------------------------------ საკადასტრო კოდის უძრავი ქონების მესაკუთრეა ო-–-- ხ------. 2.3. მოსარჩელემ დაარღვია სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება. შესაბამისად, კრედიტორის მოთხოვნის საფუძველზე, ნოტარიუს მ----------------–---–-ა, 2018 წლის 22 აგვისტოს გასცა სააღსრულებო ფურცელი, რომლის მიხედვითაც აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა განისაზღვრა შემდეგი ოდენობით: სესხის ძირი თანხა - 33 600 ლარი; 6 თვის სარგებელი - 6 048 ლარი; 2018 წლის 13 თებერვლიდან ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო, გადაუხდელი თანხის 0,1% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე აღსრულებამდე; სააღსრულებო ფურცლის გაცემასთან დაკავშირებული სანოტარო მომსახურების ხარჯი - 124,36 ლარი. სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დადგინდა, იპოთეკის საგნის - ო-–-- ხ------ს (პ/ნ 0----------) საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის, მდებარე: ქ. თბილისი, ს------–---–---------------------–------------------------------------------------------------------------------- რეალიზაცია. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.4. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებისას, სასამართლომ მიუთითა 316-ე, 317-ე, 319-ე, 327-ე, 361-ე, მე-400, 417-418-ე, 420-ე, 623-ე, 625-ე მუხლებზე და განმარტა: განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობის საფუძველია სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის პირობების დარღვევა იწვევს მხარეთა პასუხისმგებლობას. წარმოდგენილი სარჩელით მოსარჩელე სადავოდ ხდიდა სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სააღსრულებო ფურცელში მითითებული აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობას. 2.5. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოვალემ, კრედიტორს 4 თვის სარგებელი გადაუხადა. შესაბამისად, ნ----- ბ-----–---–- მოპასუხისთვის სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე გადასახდელი დარჩა 2 თვის სარგებელი. ამდენად, სასარჩელო მოთხოვნა ნოტარიუს მ----------------–---–-ს მიერ, 2018 წლის 22 აგვისტოს გაცემულ სააღსრულებო ფურცელში სარგებელის თანხის- 6048 ლარის, 2016 ლარამდე შემცირების თაობაზე დაკმაყოფილდა. 2.6. პირგასამტეხლოს შემცირების ნაწილში მოსარჩელეს მოთხოვნაზე სასამართლომ განმარტა: ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის გადაუხდელი თანხის 0.01%-ის ოდენობით პირგასამტეხლოს გადახდაზე. ვინაიდან, დადგენილი იქნა, რომ მოვალეს არ შეუსრულებია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, კრედიტორს უფლება ჰქონდა მოეთხოვა პირგასამტეხლოს გადახდა, რაც განსახილველ შემთხვევაში, შეუსაბამოდ მაღალს არ წარმოადგენდა. აღნიშნული კი გამორიცხავდა პირგასამტეხლოს შემცირების ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებას.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები 3.1. სასამართლომ სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა, თუმცა დაუსაბუთებლად უარი თქვა პირგასამტეხლოს შემცირებაზე. მიუხედავად იმისა, რომ სააღსრულებო ფურცელში პირგასამტეხლოს ოდენობა დაფიქსირებბულია 0,1%, გადაწყვეტილებაში არასწორად იქნა მითითებული, რომ თითქოსდა მხარეები შეთანხმდნენ 0,01%-ის ოდენობით პირგასამტეხლოზე. 3.2. კანონმდებლობით, პირგასამტეხლო მხარეთა მიერ ნების თავისუფალი გამოვლენის გზით მიღწეული შეთანხმებაა, იგი არ წარმოადგენს მხარეთა აბსოლუტურ უფლებას და კვალიფიციური შედავების პირობებში, სასამართლო უფლებამოსილია შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი ოდენობით პირგასამტეხლოს თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან მიმართებით. სასამართლოს მხრიდან მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის კანონისმიერ საფუძველს წარმოადგენს სასამართლოსათვის დაკისრებული ერთგვარი საჯარო წესრიგის უზრუნველმყოფელი ვალდებულება და რაც მთავარია, ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინება, სახელდობრ, ის სუბიექტური და ობიექტური ფაქტორები, როგორიცაა: მხარეთა ქონებრივი მდგომარეობა, ვალდებულების დარღვევის ხარისხი, კრედიტორის მოლოდინი ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ და ა.შ. (იხ.,სუსგ-ები: Nას-708-678-2016, 27 იანვარი, 2017 წელი; №ას-1199-1127-2015, 13 აპრილი, 2016 წელი; №ას-222-209-2015, 06 მაისი, 2015 წელი). ამდენად, სსკ-ს 420-ე მუხლიდან და დადგენილი სასამართლო პრაქტიკიდან გამომდინარე, პირგასამტეხლოს დაკისრება 0,1%-ის ოდენობით შეუსაბამოდ მაღალია, რის გამოც უნდა შემცირდეს გონივრულ ოდენობამდე, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე განისაზღვროს 0,02%.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთება ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება 4.1. პალატა იზიარებს ამ გადაწყვეტილების 2.1-2.3 პუნქტებში მითითებულ, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და აპელანტის მოთხოვნასთან დაკავშირებით განმარტავს: განსახილველ შემთხვევაში ირკვევა, რომ მხარეთა შორის სამართლებრივი ურთიერთობა გამომდინარეობს სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან. წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის ფარგლებში სადავოა პირგასამტეხლოს ოდენობა. აპელანტების პრეტენზია მიმართულია გასაჩივრებული გადაწყვეტილების იმ მსჯელობების წინააღმდეგ, რომლითაც პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობად მიჩნეული იქნა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ძირითადი დავალიანების 0,1%, რამაც სააღსრულებო ფურცლის გაცემის დროისთვის შეადგინა 5100 ლარი. 4.2. პალატა ნაწილობრივ იზიარებს აპელანტების მოსაზრებას პირგასამტეხლოს შემცირების ნაწილში გადაწყვეტილების დაუსაბუთებლობის თაობაზე და აღნიშნავს: მართალია, სამოქალაქო კოდექსის 417-418-ე მუხლებიდან გამომდინარე, მხარეები შეიძლება შეთანხმდნენ, რომ ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის მოვალემ გადაიხადოს პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, თუმცა, ამავე კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგად, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ. პირგასამტეხლოს ოდენობის შესაბამისობის გათვალისწინებისას სასამართლო მხედველობაში იღებს ვალდებულების დარღვევის ხასიათს, აღნიშნულით გამოწვეულ ზიანს, მის თანაფარდობას, მხარეთა ფინანსურ მდგომარეობას, მოსარჩელის ეკონომიკურ ინტერესს. 4.3. მოცემულ შემთხვევაში ირკვევა, რომ 12.08.2017წ. სესხის ხელშეკრულება დაიდო 6 თვის ვადით, შესაბამისად, სესხის გასტუმრების ვადას წარმოადგენდა 2018 წლის 12 თებერვალი. მიუხედავად იმისა, რომ სესხი უზრუნველყოფილი იყო იპოთეკით, ამასთან, ვადის დასრულების დროისათვის ვალი გასტუმრებული არ ყოფილა, კრედიტორმა თავისი უფლების რეალიზება და სააღსრულებო ფურცლის მეშვეობით იძულებით აღსრულება მოითხოვა ხელშეკრულების ვადის გასვლიდან 6 თვის შემდეგ, რითაც ფაქტობრივად ხელი შეუწყო პირგასამტეხლოს ოდენობის გაზრდას. ამდენად, სამოქალაქო კოდექსის 115-ე და 420-ე მუხლებიდან გამომდინარე, პალატას არაგონივრულად მიაჩნია სააღსრულებო ფურცლით გათვალისწინებული პირგასამტეხლო, გადაუხდელი თანხის 0,1% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე აღსრულებამდე, რის გამოც არსებობს ამ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების წინაპირობები. 4.4. სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში პირგასამტეხლოს გონივრულ და სამართლიან ოდენობად უნდა განისაზღვროს გადაუხდელი თანხის 0,05% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე აღსრულებამდე. ვინაიდან, ხელშეკრულების ვადის გასვლიდან (2018 წლის 13 თებერვალი), სააღსრულებო ფურცლის გაცემამდე გასულია 190 დღე, ვადაგადაცილებული დღეების გათვალისწინებით, ძირითადი დავალიანების-33600 ლარის 0,05%-ზე გაანგარიშებით პირგასამტეხლო უნდა განისაზღვროს 3 192 ლარით (33 600 x 0,05% = 16,8 დღეში x ვადაგადაცილებულ 190 დღეზე = 3 192). ამ გარემოების გათვალისწინებით არსებობს, პირგსამტეხლოს შემცირების თაობაზე სასარჩელო მოთხოვნის ნაწილობრივ დაკმაყოფილების საფუძველი. 4.5. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე, 386-ე, 393-ე, 394-ე მუხლის ე1 პუნქტის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას და იღებს ახალ გადაწყვეტილებას, თუ სასამართლოს მიერ დარღვეული იქნა საპროცესო სამართლის ნორმა, რამაც არასწორი გადაწყვეტილება გამოიწვია, ან თუ გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძლიანობის შეფასება შეუძლებელია. თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე. იმის გათვალისწინებით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ პირგასამტეხლოს ნაწილში ნაწილობრივ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები, არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რის გამოც სესხზე დარიცხული პირგასამტეხლოს შემცირების თაობაზე ნ----- ბ-----–---–-ს და ო-–-- ხ------ს სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმით დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება მიიღო, პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნული გარემოება, სსსკ-ის 385-386-ე მუხლებისა და 394-ე მუხლის ე1 პუნქტის შესაბამისად, ამ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების საფუძველია.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა სააპელაციო პალატამ შეისწავლა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი, მოიკვლია საქმეში არსებული მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი, მოახდინა ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, თვლის, რომ ნ----- ბ-----–---–-ს და ო-–-- ხ------ს სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს, ფოთის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 13 აგვისტოს გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება; ნ----- ბ-----–---–-ს და ო-–-- ხ------ს სასარჩელო მოთხოვნა სააღსრულებო ფურცელში შემცირებული ოდენობით პირგასამტეხლოს განსაზღვრის თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; ცვლილება უნდა შევიდეს, ნოტარიუს მ----------------–---–-ს მიერ გაცემულ 22.08.2018 წლის N1----------ააღსრულებო ფურცელში და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო უნდა განისაზღვროს გადაუხდელი ძირითადი თანხის 0,05% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე - აღსრულებამდე; სააღსრულებო ფურცლის გაცემის დროისათვის, პირგასამტეხლოს სახით გადასახდელი თანხის ოდენობა უნდა განისაზღვროს 3192 ლარით.

 

6. საპროცესო ხარჯები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას, ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც. ვინაიდან, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა სააპელაციო საჩივარი, სსსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, ე------ მ---–----–---ს, ნ----- ბ-----–---–-ს და ო-–-- ხ------ს სასარგებლოდ უნდა დაეკისროს, დაკმაყოფილებული სააპელაციო მოთხოვნის პროპორციულად, სააპელაციო წარმოებისათვის წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის - 76 ლარის ანაზღაურება.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ნ----- ბ-----–---–-ს და ო-–-- ხ------ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს, ფოთის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 13 აგვისტოს გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. ნ----- ბ-----–---–-ს და ო-–-- ხ------ს სასარჩელო მოთხოვნა სააღსრულებო ფურცელში შემცირებული ოდენობით პირგასამტეხლოს განსაზღვრის თაობაზე დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

4. ცვლილება შევიდეს, ნოტარიუს მ----------------–---–-ს 22.08.2018 წლის N1----------ააღსრულებო ფურცელში და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო განისაზღვროს, გადაუხდელი ძირითადი თანხის 0,05% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე- აღსრულებამდე;

5. სააღსრულებო ფურცლის გაცემის დროისათვის, პირგასამტეხლოს სახით გადასახდელი თანხის ოდენობა განისაზღვროს 3192 ლარი;

6. ე------ მ---–----–---ს, ნ----- ბ-----–---–-ს და ო-–-- ხ------ს სასარგებლოდ დაეკისროს, წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის 76 ლარის ანაზღაურება;

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში საკასაციო წესით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული წესების დაცვით, მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;

8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: ირმა პერანიძე