განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 09.03.2020
საქმის ნომერი
330210019003063494
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
მეუღლეთა განქორწინების თაობაზე
თარიღი
09.03.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210019003063494

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №2ბ/9989-19 25 თებერვალი, 2020 წელი

თბილისი

თბილისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე სიმონ ჩხაიძე

სხდომის მდივანი - თამთა ოთარაშვილი

აპელანტი - რ---- დ-------ე

წარმომადგენელი - რ------------------ე

მოწინააღმდეგე მხარე - მ--- გ---------

წარმომადგენელი - მ------------–---–ი

დავის საგანი - ალიმენტი

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილება

1. აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მ--- გ---------ს (პირადიN0----------) სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. დაეკისრა რ---- დ-------ეს (პირადი N6----------) არასრულწლოვანი შვილის ნ-----–- დ-------ის (დაბადებული 2015 წლის 23 სექტემბერს) სასარგებლოდ ალიმენტის სახით ყოველთვიურად 380 (სამას ოთხმოცი) ლარის გადახდა სარჩელის აღძვრიდან - 2019 წლის 03 ივლისიდან ბავშვების სრულწლოვანების მიღწევამდე. საქალაქო სასამართლომ დაადგინა: დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.1. რ---- დ-------ე და მ--- გ--------- დაქორწინდნენ 2014 წლის 23 ნოემბერს. მათ თანაცხოვრების პერიოდში, 2015 წლის 23 სექტემბერს შეეძინათ შვილი ნ-----–- დ-------ე. 2.2. მხარეთა შორის 2018 წლის ოქტომბრის თვიდან ოჯახური თანაცხოვრება შეწყვეტილია. ისინი ერთ ოჯახად აღარ ცხოვრობენ. არასრულწლოვანი ნ-----–- დ-------ე ცხოვრობს დედასთან, მ--- გ---------სთან ერთად. 2.3. თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის ისანი-სამგორის სერვის ცენტრის მიერ მ--- გ---------ს ფაქტობრივ მისამართზე - თბილისი, ვ---------–ი 4 მ/რ, 2 რიგი, კორპ. N-, ბინა N--, შეფასდა საცხოვრებელი პირობები. ბინა შედგება 4 ოთახისგან. საცხოვრებელი არის ახალი გარემონტებული, მოწესრიგებულია სველი წერტილები, დაცულია სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები, გაწყობილია უახლესი ავეჯით და ტექნიკით. საცხოვრებელში არის საბავშვო ნივთები და სათამაშოები, ასევე ბინას აქვს ფანჯრებზე გისოსები და დაცულია მცირეწლოვანი ნ-----–- დ-------ის უსაფრთხოება. ვიზიტისას საცხოვრებელში იმყოფებოდა მ--- გ--------- არასრულწლოვან ნ-----–- დ-------ესთან და დედასთან ერთად. მ--- გ---------ს გადმოცემით, რ---- დ-------ესთან განქორწინების მიზეზი იყო ბოლო პერიოდში მოხშირებული უთანხმოებები და მოსარჩელის მძიმე ხასიათი. ნ-----–- დ-------ე აღრიცხვაზე იმყოფება ,,ევექსის“ კლინიკაში. მას ასაკობრივი აცრები გაკეთებული აქვს. ბავშვი პრაქტიკულად ჯანმრთელია. მ--- გ---------ს ოჯახის შემოსავალს შეადგენს მშობლების ასაკობრივი პენსია 200-200 ლარი, ასევე ძმის, ნ-----–---- გ---------ს სახელფასო განაკვეთი 800 ლარი, რომელიც დასაქმებულია შპს ,,ა-------“-ში. ასევე კერძო ბიზნესიდან შემოსული თანხა 2000 ლარი. ოჯახს აქვს აგარაკი თბილისთან ახლოს, სოფ. ნ-----------ში, სადაც ოჯახი მთელი ზაფხულის განმავლობაში მიდის დასასვენებლად; არასრულწლოვანი ნ-----–- დ-------ე არის ქ. თბილისის N--- ბაგა-ბაღის აღსაზრდელი. ბავშვი ფიზიკურად და გონებრივად განვითარებულია. მეტყველებს გამართულად. არის მშვიდი, უკონფლიქტო და ასაკის შესაბამისად დაუფლებულია უნარ-ჩვევებს. ბავშვი ხშირად აცდენდა საბავშვო ბაღს, ვინაიდან ჰქონდა კვებასთან დაკავშირებული პრობლემა და საჭიროებდა განსაკუთრებულ კვებას; 2.4. ბათუმის სოციალური მომსახურების ცენტრის სოციალურმა მუშაკმა განახორციელა ვიზიტი რ---- დ-------ის ფაქტიურ საცხოვრებელ მისამართზე - ქ. ბათუმი, გ------–---–ის ქ. N--, ბინა N--, სადაც რ---- დ-------ე ცხოვრობს მშობლებთან ერთად. ბინა არის სამ ოთახიანი, მოწესრიგებული, კარგი სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობით. საცხოვრებელი ფართი აღჭურვილია თანამედროვე საყოფაცხოვრებო ნივთებით, ტექნიკით, ავეჯით. ფართი ოჯახის საკუთრებაა. რ---- დ-------ის გადმოცემით, მხარეთა შორის საქორწინო ურთიერთობის ფაქტობრივად შეწყვეტამდე, არასრულწლოვანი ნ-----–- დ-------ე ცხოვრობდა და იზრდებოდა ქ. ბათუმში, მის ოჯახში. ბავშვის მამა ფინანსურად უზრუნველყოფდა ოჯახს. ფინანსური დახმარება არ შეუწყვეტია მეუღლის და ბავშვის ოჯახიდან წასვლის შემდეგაც. 2019 წლის ოქტომბრის მდგომარეობით, მას მ--- გ---------ს ანგარიშზე დაახლოებით გადარიცხული აქვს 2500 ლარი. ბოლო რამდენიმე თვეა თანხა აღარ გაუგზავნია. რ---- დ-------ის გადმოცემით, შვილის სანახავად ჩასულს არ ეძლევა ბავშვთან დაუბრკოლებლად ურთიერთობის საშუალება. ბოლოს ბავშვის სანახავად ნ-----–- დ-------ის დაბადების დღეზე - 23 სექტემბერს იმყოფებოდა თბილისში. შემთხვევის შესწავლისას გამოიკვეთა, რომ ბავშვის მამის ოჯახს გააჩნია უსაფრთხო საყოფაცხოვრებო პირობები, სოციალური გარემო და სტაბილური შემოსავალი. 2.5. რ---- დ-------ე 2017 წლის 27 ივნისიდან მუშაობს შპს ბ----------------ში იმპორტის ლოჯისტიკის მენეჯერის პოზიციაზე და მისი ხელზე ასაღები ხელფასი შეადგენს 1500 ლარს. 2.6. სსიპ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით, რ---- დ-------ის მიერ 01.01.2018 წლიდან დღემდე მიღებული შემოსავლები შეადგენს: 2018 წლის იანვრის თვეში 97.5 ლარს, 4.55 ლარს და 16.22 ლარს, თებერვლის თვეში - 2980 ლარს, მარტის თვეში - 2718.75 ლარს, აპრილის თვეში - 2752.5 ლარს, მაისის თვეში - 2508.75 ლარს და 275 ლარს, ივნისის თვეში - 2965 ლარს, ივლისის თვეში - 2846.25 ლარს, აგვისტოს თვეში - 2508.75 ლარს და 375 ლარს, სექტემბრის თვეში - 2508.75 ლარს და 230 ლარს, ოქტომბრის თვეში - 2508.75 ლარს და 256.25 ლარს, ნოემბრის თვეში - 420 ლარს და 2508.75 ლარს, დეკემბრის თვეში - 5200 ლარს და 310 ლარს, 2019 წლის იანვრის თვეში - 75 ლარს, თებერვლის თვეში - 175 ლარს და 2458.75 ლარს, მარტის თვეში 245 ლარს და 2703.52 ლარს, აპრილის თვეში - 2458.75 ლარს და 225 ლარს, მაისის თვეში - 2458.75 ლარს და 260 ლარს, ივნისის თვეში - 2458.75 ლარს და 305 ლარს; სსიპ შემოსავლების სამსახურში არსებული მონაცემებით, რ---- დ-------ის მიერ 01.01.2019 წლიდან 30.09.2019 წლის ჩათვლით მიღებული შემოსავალი შეადგენს 19 475.31 ლარს. 2.7. სსიპ შემოსავლების სამსახურის ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით, მ--- გ---------ს 01.01.2018 წლიდან დღემდე მიღებული დასაბეგრი შემოსავლის შესახებ ინფორმაცია არ უფიქსირდება. 2.8. უძრავი ქონება, მდებარე მისამართზე ქ. ბათუმი, ს. ხ--–--–---–ის ქ. N--, მშენებარე, (საკადასტრო კოდი 0---------------------) 27.05.2016 წელს უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე აღირიცხა რ---- დ-------ის საკუთრებად. ამ უკანასკნელმა უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულებით უძრავი ნივთი საკუთრებაში გადასცა რ----- დ-------ეს. ხოლო მან აღნიშნული ქონება ნასყიდობის ხელშეკრულებით გაასხვისა სხვა პირზე. 2.9. სასამართლომ სრულად არ გაიზიარა მხარეთა მოსაზრებები ალიმენტის ოდენობის განსაზღვრასთან დაკავშირებით, ვინაიდან აღნიშნული ეწინააღმდეგება როგორც მხარეთა მატერიალურ და ოჯახურ მდგომარეობას, ისე არასრულწლოვანი ბავშვის რჩენა-აღზრდის ინტერესებს. საქმეში არსებული მასალებით არ გამოიკვეთა არასრულწლოვანი ბავშვის აღზრდა-განვითარებისათვის ყოველთვიურად მამის მხრიდან 600 (ექვსასი) ლარის ოდენობით ხარჯის გაწევის აუცილებლობა. მოსარჩელე მხარეს არც გარემოებანი მიუთითებია, რომელიც ამ ოდენობით თანხის აუცილებლობაზე იმეტყველებდა. მოპასუხე მხარე არ არიდებს თავს ბავშვის რჩენის ვალდებულების შესრულებას. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.10. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება. ამავე კოდექსის 1197-ე მუხლის პირველი წინადადების თანახმად, შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობებია ქვთ. 2.11. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1202-ე მუხლის თანახმად, მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი განქორწინებულნი არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ. 2.12. სამოქალაქო კოდექსის 1213-ე მუხლის თანახმად, არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით. 2.13. სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის მიხედვით, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას. 2.14. ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის არა მარტო არსებობისათვის აუცილებელი მინიმუმის უზრუნველყოფას, არამედ, თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. სამოქალაქო კანონმდებლობის შესაბამისად ალიმენტის დაკისრებისას მხედველობაში მიიღება ორივე მშობლის მატერიალურ მდგომარეობა, შემოსავლები, რომელსაც ალიმენტზე ვალდებული მხარეები იღებენ, ასევე ითვალისწინებს მათ კმაყოფაზე მყოფ პირთა კანონიერ ინტერესს.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები გადაწყვეტილება გაასაჩივრა რ---- დ-------ემ: ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები 3.1. კანონის მიხედვით, ორივე მშობელს თანაბრად ეკისრება შვილის რჩენის ვალდებულება, მიუხედავად იმისა, დაქორწინებულები არიან თუ არა. მშობლები ვალდებული არიან, არჩინონ თავიანთი შვილები სრულწლოვანებამდე. ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე, შვილების ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა გათვალისწინებით. ამავე დროს, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას გაითვალისწინება ის გარემოება, თუ როგორია ალიმენტის გადამხდელის რეალური ქონებრივი მდგომარეობა. სსკ-ის 1214-ე მუხლი ითვალისწინებს ალიმენტის ძირითად პირობებს, კერძოდ, ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე, შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ამ დროს გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნებს, აგრეთვე, მშობლებისა და შვილების რეალურ მატერიალურ მდგომარეობას. შვილების რჩენის ვალდებულება უპირობო ხასიათისაა, ის არაა დამოკიდებული მშობლის ფინანსურ მდგომარეობაზე და იმის გამო, რომ შრომისუნარიან მშობელს არ გააჩნია სტაბილური მატერიალური შემოსავალი, იგი არ შეიძლება, გათავისუფლდეს შვილის რჩენის ვალდებულებისაგან. ამასთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა მხარეთა ყურადღებას მიაქცევს „ბავშვის უფლებათა კონვენციის“ 27.2. მუხლზე, რომელიც განსაზღვრავს, რომ მშობელს (მშობლებს) ან ბავშვის აღმზრდელ სხვა პირებს აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა იმისათვის, რომ თავიანთი შესაძლებლობებისა და ფინანსური საშუალებების ფარგლებში უზრუნველყონ მინიმალური ზღვრის ზემოთ ალიმენტის ოდენობის განსაზღვრა კი პირდაპირ კავშირშია მშობლის შემოსავლის ოდენობასთან. 3.2. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, მოპასუხე რ---- დ-------ის მატერიალური და ოჯახური მდგომარეობა. იგი ცხოვრობს მშობლებთან ერთად მისამართზე - ქ. ბათუმი, გ------–---–ის ქ. N--, ბინა N--. რ---- დ-------ე 2017 წლის 27 ივნისიდან მუშაობს შპს ,,ბ----------------ში“ იმპორტის ლოჯისტიკის მენეჯერის პოზიციაზე და მისი ხელზე ასაღები ხელფასი შეადგენს 1500 ლარს. 3.3. სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო რ---- დ-------ის მატერიალური მდგომარეობა, მისი ხარჯები და ა.შ. 3.4. რ---- დ-------ე ცხოვრობს მშობლებთან ერთად, მის კმაყოფაზე არიან მისი მშობლები, რომლებსაც სჭირდება დამატებით სამკურნალო მედიკამენტები; ეს გარემოება ამ საქმეზე სადაო არ შეიძლება იყოს. რ---- დ-------ეს გამოტანილი აქვს სესხები და მისი ხელფასის უმეტსი ნაწილით სწორედაც სესხო თანხები იფარება, კერძოდ: ს----------–---------დან 19.10.2018 გამოტანილი აქვს განვადება 580,22 ლარზე. თვეში იხდის 66,47 ლარს. დარჩენილი აქვს 5 გადახდა. ს----------–---------დან 31.12.2018 აღებული აქვს სესხი 5102 ლარი. თვეში იხდის 184 ლარს. დარჩენილი აქვს 35 გადახდა. თ-------------დან აღებული აქვს 21.12.2018 სესხი 15000 ლარი. თვეში იხდის 450 ლარს. დარჩენილი აქვს 41 გადახდა. თ-------------დან 08.02.2019 აღებული აქვს განვადებით 358 ლარი. თვეში იხდის 38 ლარს. დარჩენილი აქვს 10 გადახდა. ასევე სესხი აქვს ფიზიკურ პირთან 30900 ლარი 15.09.2017. თვეში იხდის 500 ლარს. დარჩენილი აქვს 45 გადახდა. ყოველთვიურად იხდის 1238.47 ლარს. 3.5. რ---- დ-------ე არ გაურბის ბავშვზე ყურადღებას, მაგრამ არ აქვს საკმარისი შემოსავლი. 3.6. შესაფასებელია ის გარემოებაც, რომ რ---- დ-------ე ცხოვრობს ბათუმში, ჩამოდის თბილისში და ნახულობს ბავშვს, შესაბამისად მას აქვს სხვა ხარჯებიც. 3.7. რ---- დ-------ე ზრუნავს შვილზე, ნახულობს, ყიდულობს სათამაშოებს და ა.შ. რ---- დ-------ე წინააღმდეგია მოხდეს ფიქსირებულად არაგონივრული ალიმენტის განსაზღვრა. 3.8. ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის შეძლებისდაგვარად ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებას, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარეთა მატერიალურ მდგომარეობას, შემოსავლებს, რომელსაც ალიმენტის გადამხდელი იღებს. ასევე, ითვალისწინებს მის კმაყოფაზე მყოფ პირთა ინტერესებს და განსაზღვრავს ალიმენტის ოდენობას გონივრული და სამართლიანი შეფასების საფუძველზე. არასრულწლოვანი შვილის რჩენისათვის აუცილებელი მინიმალური ოდენობის დადგენისას მხედველობაში მიიღება მშობლების რეალური ფინანსური შესაძლებლობები, თითოეული მშობლის კმაყოფაზე მყოფ პირთა რიცხვი, სარჩენი ბავშვის ასაკი, მისი საჭიროებები, ალიმენტის გადამხდელი მშობლის სხვა შვილის (შვილების) არსებობა. სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს ის გარემოება, რომ მოპასუხე ჰყავს მშობლები რომლებიც მის რჩენაზე იმყოფებიან; მოპასუხე ყოველთვიურად იხდის სასესხო დავალიანების თანხებს მთლიანობაში 1238.47 ლარის ოდენობით. 3.9. აპელანტის მოთხოვნაა ბავშვზე ზრუნვა როგორც მამას ასევე დაეკისროს დედას, მ--- გ---------ს, რომელიც არ ითვალისწინებს არც მამის და არც შვილის ნ-----–- დ-------ის ინტერესს.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება პალატამ დაადგინა, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს: ფაქტობრივი დასაბუთება 4.1. დადგენილი არის, რომ 2015 წლის 23 სექტემბერს დაბადებული ნ-----–- დ-------ე რ---- დ-------ისა (აპელანტი) და მ--- გ---------ს (მოწინააღმდეგე მხარე, დედა) შვილია. 4.2. ნ-----–- დ-------ე დედასთან ცხოვრობს. 4.3. აპელანტი მუშაობს შპს ბ----------------ში. 4.4. 2018 წლის 1 იანვრიდან იმავე წლის 17 ივლისამდე მისმა დაუბეგრავმა შემოსავალმა შეადგინა 47724,32 ლარი, ხოლო დაკავებულმა გადასახადმა - 9544,86 ლარი (ტ. 1-ლი, ს.ფ. 104), ხოლო 2019 წელს დაუბეგრავმა შემოსავალმა 27011,03 ლარი, ხოლო გადასახადმა - 5349,45 ლარი. 4.5. ამის შესაბამისად, აპელანტის ყოველთვიურმა შემოსავალმა, გადასახახდების გარეშე, 2018 წლის 6 თვეში შეადგინა, საშუალოდ, (47724,32-9544,86)/6=6363,24 ლარი, ხოლო 2019 წელს - (27011,03-5349,45)/12=1805,13 ლარი. 4.6. აპელანტს, ნ-----–- დ-------ის გარდა, სხვა პირის რჩენის ვალდებულება, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის საფუძველზე, არ ეკისრება. სამართლებრივი დასაბუთება 4.7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით. 4.7.1. პალატას მიაჩნია, რომ საქალაქო სასამართლომ სავსებით სწორად შეაფასა დადგენილი ფაქტები და მართებულად დაადგინა აპელანტის მიერ შვილის სასარგებლოდ გადასახდელი ალიმენტის ოდენობა. 4.8. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის თანახმად, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას. 4.8.1. როგორც მსგავსი კატეგორიის საქმეში საქართველოს უზენაესმა სასამართლომ განმარტ: „ორივე მშობლის მატერიალური მდგომარეობისა და ბავშვების უპირატესი, საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, შვილის ცხოვრებისათვის ნორმალური პირობების უზრუნველსაყოფად (სასამართლომ დაიანგარიშა ბავშვის რჩენის ხარჯები და თანაბრად გაანაწილა მშობლებზე), ალიმენტის, 400 ლარის მოსარჩელის სასარგებლოდ, მოპასუხისათვის ყოველთვიურად დაკისრება ადეკვატური და სამართლიანია (შდრ. სუსგ ას-42-38-2017, 10.07.17 წ.). საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მხარის პრეტენზია, მის საკრედიტო ვალდებულებებთან დაკავშირებით, როგორც დროებითი მოვლენა, ალიმენტის შემცირების საფუძველს არ წარმოადგენს, მით უფრო, რომ საბანკო ვალდებულებების არსებობა მის გადახდისუნარიანობაზე მეტყველებს (შდრ. სუსგ -04.03.2011 წ. საქმე №ას-1356-1194-2010)... ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მშობლების ბავშვთან ურთიერთობასთან დაკავშირებულ დავებზე არაერთხელ აღნიშნა, რომ ბავშვის ინტერესები არის განსაკუთრებული მნიშვნელობის (Krasicki v. Poland, no. 17254/11, § 83, 15 April 2014). ბავშვის საუკეთესო ინტერესები უნდა იყოს უპირველესი საზრუნავი (Gnahore v. France, n. 40031/98, § 59, ECHR 2000-IX) და შესაძლებელია, თავისი შინაარსიდან და სერიოზულობიდან გამომდინარე, გადაწონოს მშობლების ინტერესი (Sahin v. Germany [GC], no. 30943/96, § 66, ECHR 2003-VIII). კერძოდ, კონვენციის მე-8 მუხლიდან გამომდინარე, მშობელს არა აქვს ისეთი ღონისძიებების მოთხოვნის უფლება, რომელთა განხორციელებამ შესაძლებელია, ზიანი მიაყენოს ბავშვის ჯანმრთელობასა და განვითარებას (Krasicki v. Poland, no. 17254/11, § 83, 15 April 2014, Scozzar and Giunta v. Italy [GC], no. 39211/98 and 41963/98, § 169, ECHR 2000-VIII, and P., C. And S. v. the United Kingdom. no. 56547/00, § 177, ECHR 2002-VI). საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მსჯელობაზე ერთ-ერთ საქმეში – „ნ.წ და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“: „ბავშვის საუკეთესო ინტერესები უნდა წარმოადგენდეს უმთავრეს განხილვის საგანს და, მისი ბუნებიდან და სერიოზულობიდან გამომდინარე, შეიძლება, აჭარბებდეს მშობლების ინტერესებს“. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორის საკრედიტო ვალდებულებას, არასრულწლოვანი შვილის მიმართ არსებულ საალიმენტო ვალდებულებებთან შედარებით, უპირატესი მნიშვნელობა არ უნდა მიენიჭოს. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლოსათვის ამოსავალი პრინციპია, ბავშვის არა დაცვის ობიექტად მიჩნევა, არამედ მისი, როგორც სუბიექტის უფლებების აღიარება და დაცვა. აღნიშნული საკითხი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ბავშვის უფლებასა და საუკეთესო ინტერესთან დაკავშირებული თითოეული საქმის განხილვისა და ინდივიდუალური შეფასებისას, რათა ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილებებში, იქ, სადაც საკითხი ეხება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით გათვალისწინებული მშობლისა და ბავშვის უფლებებს, უპირატესობა უნდა მიენიჭოს ბავშვის უფლებებს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ საჭიროა ინტერესთა დაბალანსება, პრიორიტეტულია ბავშვის საუკეთესო ინტერესის კვლევა და მისი შესატყვისი გადაწყვეტილების მიღება (იხ. ელსჰოლცი გერმანიის წინააღმდეგ – Elsholz v. Germany, № 25735/94, 31.07.2000, პარ. 52 და TK და KM გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ - TK and KM v. UK, № 28945/95, 10.05.2001, პარ.72)“ სუსგ №ას-967-916-2015, 15.12.2015წ;სუსგ ას-1141-1061-2017 17.10.2017წ.)“ – (სუსგ. №ას-861-2019, 3 ოქტომბერი, 2019 წელი, პ. 7-12). 4.8.2. აღსანიშნავია ისიც, რომ აპელანტს საკრედიტო დაწესებულებებიდან აღებული აქვს ე.წ. სწრაფი სამომხმარებლო სესხები და სწრაფი განვადებები. 4.8.3. ე.ი. მას დადებული აქვს საქართველოს სამოქალაქო კოდექის 370-ე მუხლით გათვალისწინებული სამომხმარებლო კრედიტის ხელშეკრულებები, ამ ხელშეკრულებათა საფუძველზე მიღებული თანხით შეძენილი აქვს ქონება და იღებს შესამის სარგებელს. 4.8.4. ამის შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი ალიმენტის ოდენობა აპელანტის ყოველთვიურ შემოსავალს შეესაბამება და საკრედიტო ვალდებულებები მის მიერ გადასახდელ თანხაზე გავლენას ვერ მოახდენს. 4.9. პალატის აზრით, ის, რომ აპელანტს ბავშვის სანახავად თბილისში ჩამოსვლა უწევს და რომ იგი მისთვის საჩუქებს იძენს, ალიმენტის ოდენობის შემცირების საფუძველი არ არის. 4.10. პალატა, ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით 2020 წლის იანვარში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 197 ლარს შეადგენდა. 4.10.1. საარსებო მინიმუმის გაანგარიშების წესის შესახებ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის თანახმად, საარსებო მინიმუმი არის ერთ მოსახლეზე სამომხმარებლო საქონლის ღირებულებითი გამოხატულება, რომელიც ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დონის შესაბამისად უზრუნველყოფს ადამიანის მინიმალური ფიზიოლოგიური და სოციალური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას. 4.10.2. ამის შესაბამისად, საარსებო მინიმუმი ადამიანის, მხოლოდ, მინიმალური ფიზიოლოგიური და სოციალური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას უზრუნველყოფს. 4.10.3. ალიმენტის მიზანი კი, არა მხოლოდ, ბავშვის მინიმალური ფიზიოლოგიური და სოციალური მოთხოვნილებების დაკმაყოფილება, არამედ მშობლის მიერ მისი რჩენისა და აღზრდის მოვალეობის შესრულებაა. 4.10.4. როგორც საქართველოს უზენაესმა სასამართლომ განმარტა: „არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის, შეძლებისდაგვარად, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებას, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში“ – (სუსგ.საქმე №ას-1524-2018, 12 ნოემბერი, 2018 წელი, პ. 35). 4.10.5. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით აპელანტისათვის დაკისრებული ალიმენტის ოდენობა საქართველოში შრომისუნარიანი მამაკაცისათვის დადგენილ საარსებო მინიმუმს მნიშვნელოვნად არ აღემატება. 4.10.6. ეს ნიშნავს, რომ არც ბავშვის რეალური მატერიალური მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად და არც მისთვის ცხოვრების იმ დონის შესანარჩუნებლად, რაც მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში ექნებოდა, იგი საკმარისი არ არის. 4.10.7. ამ ვითარებაში, შვილის რჩენა-აღზრდისათვის საჭირო სხვა მიმდინარე ხარჯების გაწევა აპელანტის მოწინააღმდეგე მხარეს მოუწევს. 4.10.8. ამიტომ, აპელანტის პრეტენზია იმის თაობაზე, რომ ბავშვზე ზრუნვა მხოლოდ მას დაეკისრა, დაუსაბუთებელი და უსაფუძვლოა. 4.11. ამის გამო, გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის საფუძვლები არ არსებობს და იგი უცვლელი უნდა დარჩეს.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლელი.

6. საპროცესო ხარჯები სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

დაადგინა

 

1. რ---- დ-------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. დარჩეს უცვლელი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილება რ---- დ-------ისათვის ალიმენტის გადახდის დაკისრების ნაწილში;

3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;

4. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, ასევე იმ პირებისათვის, ვინც არ ესწრება განჩინების გამოცხადებას ან განჩინების გამოცხადების თარიღი უცნობია, განჩინების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით;

5. ამ პირებმა განჩინება შეიძლება გაასაჩივრონ საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით;

6. იმ პირებმა, ვინც არ არის გათვალისწინებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით, ასევე პატიმრობაში მყოფმა იმ პირებმა, რომლებსაც ჰყავთ წარმომადგენელი განჩინება შეიძლება გაასაჩივრონ განჩინების მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, საქართველოს უზენაეს სასამართლოში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით;

7. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე სიმონ ჩხაიძე