განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3ბ/1408-19
საქმე №330310018002412256
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
I შ ე ს ა ვ ა ლ ი
27 თებერვალი, 2020 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე: ლეილა მამულაშვილი
სხდომის მდივანი: სალომე გოგოლაძე
აპელანტი (მოსარჩელე): ს------------------–---------------–------- (S----- A. A----------------------, დაბ. 31.08.1---; პასპორტი P--------------, ე-----ს რესპუბლიკა)
წარმომადგენელი: ი------------;
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე): საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტი;
წარმომადგენელი: გ-------------–---–-;
დავის საგანი: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება;
სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
I I ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. სააპელაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა:
1.1. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილება საქმე №3/2478-18. მიღებულ იქნეს გადაწყვეტილება, რომლითაც დაკმაყოფილდება მათი სასარჩელო მოთხოვნები, კერძოდ: 1) ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ გამოცემული 2018 წლის 29 მარტის №02-01/05/9189 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი; 2) დაევალოს მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელისათვის თავშესაფრის მინიჭების თაობაზე.
2. მოწინააღმდეგე მხარის პოზიცია:
2.1. მოწინააღმდეგე მხარე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის წარმომადგენელი არ დაეთანხმა სააპელაციო საჩივარს, მოითხოვა არ დაკმაყოფილეს სააპელაციო საჩივარი უსაფუძვლობის გამო. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:
3.1.გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ს------------------–---------------–-------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
3.2. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
3.2.1. ე-----ს რესპუბლიკის მოქალაქე, ეროვნებით ერაყელი, ეთნიკურად არაბი ს------------------–---------------–------- (S----- A. A----------------------) (დაბ.: 31.08.1--- წ.), 1--- წლის 31 აგვისტოს, ე-----ს რესპუბლიკაში, ნ------ პროვინციაში, ქ. მ------–ში დაიბადა. განმცხადებელი წარმოშობის ქვეყანაში მშობლებთან, ბებიასთან და ორ დასთან ერთად ცხოვრობდა. ამჟამად განმცხადებლის ოჯახის წვერებიდან მამა და დები კვლავ ქ. მ------–ში ცხოვრობენ, ხოლო ბებია და დედა კი გარდაცვლილი ჰყავს. მისი თქმით, ისინი დაახლოებით 8 თვის წინ საბრძოლო ოპერაციის დროს აფეთქებას ემსხვერპლნენ. განმცხადებელს არასრული საშუალო განათლება აქვს მიღებული. იგი 2001-2007 წლებში ქ. მ------–ში ნ-----სა და ალ-ვალას სახელობის დაწყებით სკოლებში სწავლობდა, 2007- 2013 წლებში კი ქ. მ------–-ს შ------------–------ს სახელობის საშუალო სკოლებში. განმცხადებელმა სწავლის გაგრძელების მიზნით ე-----ს რესპუბლიკა 2013 წელს დატოვა და საქართველოში ჩამოვიდა. იგი 2013-2014 წლებში, 6 თვის განმავლობაში საქართველოში არსებულ საქართველოს უნივერსიტეტში ინგლისური ენის შემსწავლელ კურსებზე სწავლობდა, 2015 წელს დარეგისტრირდა ივ. ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტში, სადაც ერთი სემესტრის განმავლობაში სწავლობდა, რის შემდეგაც გადავიდა კავკასიის უნივერისტეტში, სადაც წელიწადნახევრის განმავლობაში სწავლობდა, თუმცა, ფინანსური პრობლემების გამო სწავლა აღარ გაუგრძელებია. რაც შეეხება სამუშაო გამოცდილებას, განმცხადებელს სამუშაო გამოცდილება არ აქვს.
თავშესაფრის მაძიებლის განცხადებით, მას შემდეგ, რაც ე----- პირველად დატოვა, წარმოშობის ქვეყანაში მხოლოდ ერთხელ, 2014 წელს, დაახლოებით 16 დღით ოჯახის მონახულების მიზნით იმყოფებოდა, რის შემდეგაც კვლავ საქართველოში დაბრუნდა და სწავლას განაგრძობდა. განმცხადებლის თქმით, 2014 წელს, მას შემდეგ, რაც განმცხადებელი საქართველოში დაბრუნდა, ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ ქ. მ------–- დაიკავა და ორწელიწადნახევრის განმავლობაში აკონტროლებდნენ. მისი თქმით, ერაყში განვითარებული მოვლენების გარდა მის მიერ სამინისტროსთვის საერთაშორისო დაცვაზე განცხადებით მიმართვა იმ ფაქტმაც განაპირობა, რომ საქართველოში ბინადრობის უფლება 2016 წლის ბოლოს დაუმთავრდა. თავშესაფრის მაძიებლის თქმით, მას წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნება ე-----ს რესპუბლიკაში უსაფრთხოების თვალსაზრისით არსებული ზოგადი მდგომარეობის გამო არ სურს. განმცხადებელს საქართველოში დარჩენა და ცხოვრება სურს. მის საქართველოში ცხოვრებას ფინანსურად უზრუნველყოფს მამამისი, რომელიც განმცხადებელს ყოველთვიურად 300 დოლარს უგზავნის.
3.2.2. 2017 წლის 24 თებერვალს, ე-----ს რესპუბლიკის მოქალაქემ - ს------------------–---------------–-------მა (S----- A, A----------------------) (დაბ.: 31.08.1--- წ.) თავშესაფრის მინიჭების თხოვნით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიმართა.
3.2.3. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ 2017 წლის 31 მაისს №02-01/05/13841 წერილით მიმართა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტს და სთხოვა ეცნობებინა ინფორმაცია ს------- ა. ა------–--------------–------ის შესახებ.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 2017 წლის 27 ივნისის №MIA 1 17 01522477 წერილით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ეცნობა, რომ ს------- ა. ა------–--------------–------ისთვის საქართველოს ლტოლვილის სტატუსის მინიჭება მიზანშეუწონლად მიაჩნია.
3.2.4. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2018 წლის 29 მარტის №02-01/05/9189 გადაწყვეტილებით, ს------- ა. ა------–--------------–------ის „ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ ჟენევის 1951 წლის კონვენციითა და „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 და მე-17 მუხლებით უარი ეთქვა ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე.
3.3. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
3.3.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
სასამართლოს განმარტებით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2018 წლის 29 მარტის №02-01/05/9189 გადაწყვეტილება (შეტყობინება) წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. შესაბამისად, გასაჩივრებული აქტის კანონიერების შემოწმებისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს მისი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნებთან, ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით წარმოშობილ სამართლებრივი ურთიერთობების მარეგულირებელ აქტებთან.
3.3.2. „ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ 1951 წლის კონვენციის პირველი მუხლის თანახმად, ამ კონვენციის მიზნებისათვის ცნება „ლტოლვილი“ ვრცელდება ნებისმიერ პირზე, რომელიც: (1) მიიჩნევა ლტოლვილად 1926 წლის 12 მაისისა და 1928 წლის 30 ივნისის ან 1933 წლის 28 ოქტომბრისა და 1938 წლის 10 თებერვლის კონვენციებით, 1939 წლის 14 სექტემბრის ოქმით ან ლტოლვილთა საერთაშორისო ორგანიზაციის წესდებით; ლტოლვილთა საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ მისი საქმიანობის პერიოდში მიღებული დადგენილებები სტატუსზე არაუფლებამოსილების შესახებ ხელს არ შეუშლის იმას, რომ ლტოლვილების სტატუსი მიენიჭოს იმ პირებს, რომლებიც აკმაყოფილებენ ამ ნაწილის მე-2 პუნქტით დადგენილ პირობებს; (2) 1951 წლის 1 იანვრამდე მომხდარი მოვლენების შედეგად და საფუძვლიანი შიშის გამო, რომ იგი შეიძლება გახდეს დევნის მსხვერპლი რასის, რელიგიის, აღმსარებლობის, ეროვნების, გარკვეული სოციალური ჯგუფისადმი კუთვნილების ან პოლიტიკური მრწამსის გამო, იმყოფება თავისი მოქალაქეობის ქვეყნის გარეთ და არ შეუძლია ან არ სურს ამგვარი შიშის გამო ისარგებლოს ამ ქვეყნის მფარველობით, ან არ გააჩნია რა გარკვეული მოქალაქეობა და მსგავს მოვლენათა შედეგად იმყოფება რა თავის ადრინდელი საცხოვრებელი ქვეყნის გარეთ, არ შეუძლია ან ამგვარი შიშის გამო არ სურს იქ დაბრუნება. ,,ლტოლვილთა სტატუსის შესახებ’’ 1967 წლის ოქმი აკონკრეტებს პირთა წრეს.
„საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი განსაზღვრავს უცხოელისა და იმ მოქალაქეობის არმქონე პირის, რომელიც არ არის საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლას და ყოფნას, რომლებმაც ამ კანონის შესაბამისად მოითხოვეს საერთაშორისო დაცვა, აგრეთვე მათ მიმართ მოპყრობის სტანდარტებს; თავშესაფრის მაძიებლის, ლტოლვილის, ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირისა და დროებითი დაცვის ქვეშ მყოფი პირის სამართლებრივ მდგომარეობას, უფლება-მოვალეობებს და სოციალურ-ეკონომიკურ გარანტიებს. ამავე კანონის მე-3 მუხლის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტების თანახმად, თავშესაფრის მაძიებელი არის უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელმაც საერთაშორისო დაცვაზე განცხადებით მიმართა სახელმწიფო უწყებას და რომლის მიმართაც სამინისტროს გადაწყვეტილება არ მიუღია ან რომლის მიმართაც სასამართლო გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში არ შესულა; საერთაშორისო დაცვა არის თავშესაფრის პროცედურის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ლტოლვილის, ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირის ან დროებითი დაცვის ქვეშ მყოფი პირის უფლებების დაცვა ამ კანონით დადგენილი წესით. ამავე მუხლის „თ“ და „კ“ ქვეპუნქტების თანახმად, ლტოლვილი არის უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელსაც ამ კანონის მე-15 მუხლის საფუძველზე მიენიჭა ლტოლვილის სტატუსი; ი) ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირი არის უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელსაც ამ კანონის მე-19 მუხლის საფუძველზე მიენიჭა ჰუმანიტარული სტატუსი; კ) დროებითი დაცვის ქვეშ მყოფი პირი არის უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელსაც ამ კანონის 21-ე მუხლის საფუძველზე მიენიჭა დროებითი დაცვის ქვეშ მყოფი პირის სტატუსი.
ამავე კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ლტოლვილის სტატუსი ენიჭება უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს, რომელიც იმყოფება წარმოშობის ქვეყნის გარეთ, აქვს საფუძვლიანი შიში, რომ იგი შეიძლება გახდეს დევნის მსხვერპლი რასის, რელიგიის, ეროვნების, გარკვეული სოციალური ჯგუფისადმი კუთვნილების ან პოლიტიკური შეხედულების გამო, და არ შეუძლია ან არ სურს, შიშიდან გამომდინარე, დაბრუნდეს თავის წარმოშობის ქვეყანაში ან ისარგებლოს ამ ქვეყნის მფარველობით.
ამავე კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს არ მიენიჭება ლტოლვილის სტატუსი, თუ: ა) იგი ვერ აკმაყოფილებს ამ კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ პირობებს; ბ) არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ იგი საფრთხეს შეუქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას, ტერიტორიულ მთლიანობას ან საზოგადოებრივ წესრიგს;
ამავე კანონის 32-ე მუხლის თანახმად: 1. ამ კანონის მე-15 მუხლის მიზნებისთვის ქმედება დევნად მიიჩნევა, თუ: ა) იგი თავისი ბუნებით ან განმეორებადობით იმდენად სერიოზულია, რომ ადამიანის ძირითადი უფლებების სერიოზული დარღვევაა; ბ) იგი არის სხვადასხვა ქმედების ერთობლიობა, რომელიც იმდენად მწვავეა, რომ ადამიანის ძირითადი უფლებების სერიოზული დარღვევაა. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დევნა შეიძლება გამოიხატოს შემდეგი ფორმებით: ა) ფიზიკური ან ფსიქიკური ძალადობის, მათ შორის, სექსუალური ძალადობის, აქტი; ბ) სამართლებრივი, ადმინისტრაციული ან/და სასამართლო აქტები და ღონისძიებები, რომლებიც თავად არის დისკრიმინაციული ან დისკრიმინაციული ფორმით ხორციელდება; გ) სისხლისსამართლებრივი დევნა ან სასჯელი, რომელიც არაპროპორციულია ან დისკრიმინაციულია; დ) დარღვეული უფლების აღდგენაზე სასამართლოს მიერ უარის თქმა, რასაც შედეგად არაპროპორციული ან დისკრიმინაციული სასჯელი მოჰყვება; ე) სისხლისსამართლებრივი დევნა ან სასჯელი კონფლიქტის დროს ამ კანონის მე-18 მუხლით გათვალისწინებული ქმედების განხორციელებაზე უარის თქმის გამო; ვ) ქმედება, რომელიც თავისი ბუნებით გენდერულ იდენტობას, სქესს ან არასრულწლოვანს უკავშირდება. 3. სერიოზული ზიანია: ა) პირის მიმართ სასიკვდილო განაჩენი ან მისი სიკვდილით დასჯის საფრთხე; ბ) წარმოშობის ქვეყანაში პირის წამება, მის მიმართ არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობა ან სასჯელი; გ) პირის სიცოცხლისთვის სერიოზული ინდივიდუალური საფრთხე განურჩეველი ძალადობის, საერთაშორისო ან შიდა შეიარაღებული კონფლიქტის ან ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო.
აღინიშნა, რომ დევნა, ასევე დევნის საფუძვლიანი შიში უკავშირდება პიროვნების ისეთ პირობებში ყოფნას, როდესაც მის მიმართ სისტემატურად ხორციელდება ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციით აღიარებული უფლებების დარღვევა, ხოლო პირი ქვეყნის ხელისუფლებისგან ვერ იცავს თავს, ერთ შემთხვევაში იმის გამო, რომ თავად ხელისუფლებისგან მოდის აღნიშნული ქმედებები, ხოლო მეორე შემთხვევაში, ხელისუფლება ვერ, ან არ იცავს მას. პიროვნება, რომელიც უარს განაცხადებს წარმოშობის ან საცხოვრებელი ქვეყნის დაცვაზე, მხოლოდ მაშინ მიიჩნევა ლტოლვილად, თუ სურვილის არქონა უკავშირდება დევნის დასაბუთებულ შიშს. ამდენად, ლტოლვილის ცნების განსაზღვრებიდან გამომდინარე, ლტოლვილი არის პირი, რომელსაც არ აქვს არჩევანის შესაძლებლობა, დატოვოს თუ არა თავისი საცხოვრებელი ქვეყანა, არამედ იგი იძულებულია მოიქცეს ასე დევნის საფუძვლიანი შიშის გამო. დევნა კი უნდა მოიცავდეს ადამიანის უფლებათა ისეთ დარღვევას, როგორიც არის წამება, შეურაცხყოფა, ძალადობა და სხვა ზიანის მიყენება და წარმოადგენდეს ქვეყნის დატოვების - უკიდურესი ქმედების შედეგს.
3.3.3. „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 67-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, ამ კანონით მინიჭებულ უფლებამოსილებათა განსახორციელებლად სამინისტრო: ა) საჭიროების შემთხვევაში მიმართავს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ შემ------–- თავშესაფრის მაძიებლის, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირის მიერ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებისათვის პოტენციური საშიშროების შექმნის საკითხზე რეკომენდაციის მისაღებად; ბ) საჭიროების შემთხვევაში მიმართავს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ შემ------–- თავშესაფრის მაძიებლის, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და საჯარო მართლწესრიგისათვის პოტენციური საშიშროების შექმნის საკითხებზე რეკომენდაციის მისაღებად;
მიეთითა, ,,კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ’’ საქართველოს კანონზე, რომლის პირველი მუხლის თანახმად, კონტრდაზვერვითი საქმიანობა არის სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში საქმიანობის სპეციალური სახე, რომლის მიზანია უცხო ქვეყნის სპეციალური სამსახურების, ორგანიზაციების, პირთა ჯგუფისა და ცალკეულ პირთა საქართველოს სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მიმართული სადაზვერვო ან/და ტერორისტული საქმიანობიდან მომდინარე საფრთხეების გამოვლენა და თავიდან აცილება. ამავე კანონის მე-6 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების თანახმად, კონტრდაზვერვითი საქმიანობა გასაიდუმლოებულია. ამ საქმიანობის ამსახველი დოკუმენტები, მასალები და სხვა მონაცემები წარმოადგენს სახელმწიფო საიდუმლოებას. კონტრდაზვერვითი საქმიანობის პროცესში ოპერატიული და ოპერატიულ-ტექნიკური ღონისძიებების შედეგად მიღებული დოკუმენტები, მასალები და სხვა მონაცემები არ შეიძლება გამოყენებული იქნეს სამართალდაცვითი მიზნებისათვის, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
,,კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის შესაბამისად, ქვეყანაში ერთიანი კონტრდაზვერვითი საქმიანობის ორგანიზაცია და სპეციალური სამსახურების საქმიანობის კოორდინაცია ეკისრება სპეციალურ სამსახურს - საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტს.
საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 2017 წლის 27 ივნისის №MIA 1 17 01522477 წერილით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ეცნობა, რომ დეპარტამენტს ს------------------–---------------–-------ისათვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭება მიზანშეუწონლად მიიჩნია.
აღნიშნულ წერილს საფუძვლად უდევს გასაიდუმლოებული საქმიანობის შედეგად მოპოვებული ინფორმაციის დამუშავების შედეგები. ამ საქმიანობის ამსახველი დოკუმენტები, მასალები და სხვა მონაცემები წარმოადგენს სახელმწიფო საიდუმლოებას.
3.3.4. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, წერილობითი ფორმით გამოცემული ინდივიდუალური-ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას. ხოლო ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას.
აღინიშნა,რომ მოსარჩელეს ჩაუტარდა გასაუბრება, რის შედეგადაც მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, გარემოებათა გამოკვლევის შედეგად, დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, რომელსაც საფუძვლად დაედო თავად დაინტერესებული მხარის მიერ წარდგენილი მონაცემები და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის წერილი.
სასამართლო განმარტებით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები მოცემულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით. აღნიშნული ნორმის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე და 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2018 წლის 29 მარტის №02-01/05/9189 გადაწყვეტილება კანონშესაბამისია, ვინაიდან იგი არ ეწინააღმდეგება ,,ლტოლვილთა სტატუსის შესახებ’’ 1951 წლის კონვენციისა და ,,ლტოლვილთა სტატუსის შესახებ’’ 1967 წლის ოქმს, „საერთაშორის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებს. ამასთან, სასამართლომ განმარტა, რომ საქმეში არ არის წარმოდგენილი გასაჩივრებული აქტის მომზადება-გამოცემის წესის არსებითი დარღვევის დამადასტურებელი მტკიცებულება. აღნიშნულიდან გამომდინარე, სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
4. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები
აპელანტი ითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებას შემდეგი საფუძვლებით:
აპელანტის განმარტებით, სასამართლომ არ შეაფასა ის გარემოება, რომ იგი წლების განმავლობაშია ცხოვრობს საქართველოს ტერიტორიაზე, არ ჩაუდენია რაიმე სახის სამართალდარღვევა, 2016 წლმდე საქართველოში მიღებული ჰქონდა ბინადრობის უფლება, რაც მიუთითებს იმ ფაქტზე, რომ 2016 წლამდე ის არ წარმოადგენდა საფრთხეს ქვეყნის უშიშროებისათვის. მოსარჩელეს არასდროს მიუღია მონაწილეობა რაიმე სახის შეიარაღებულ კონფლიქტში, არ აქვს კავშირი ქვეყნის მიმართ მტრულად განწყობილ ძალებთან. სახელმწიფო კონტრდაზვერვის სამსახურს რაიმე სახის ქმედითი ღონისძიება მოსარჩელის, როგორც საფრთხის შემცველი პირის, მიმართ არ განუხორციელებია.
სამინისტრომ მოცემულ საქმეზე მიიჩნია, რომ განმცხადებელი აკმაყოფილებს „ლტოლვილთა სტატუსის შესახებ” ჟენევის 1951 წლის კონვენციის და ,,საერთაშორისო დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის მე-15 მუხლით დადგენილ ნიშანს, კერძოდ, მას წარმოშობის ქვეყანაში შეიძლება დაემუქროს რელიგიური ნიშნით დევნის საფრთხე. სანდოდ იქნა მიჩნეული, რომ განმცხადებელი არის აღმსარებლობით მუსლიმი სუნიტი, რაც განმცხადებლის წარმოშობის ქვეყანაში წარმოადგენს რელიგიური ნიშნით დევნის შიშის ობიექტურ საფუძველს და სრულად ექცევა კონვენციით განსაზღვრული ლტოლვილის სტატუსის მინიჭების ფარგლებში.
მოცემულ საქმეზე დავის საგანს წარმოადგენდა ის გარემოება, რომ იგი საფრთხეს შეუქმნის საქართველოს სახელმწიფოს. სწორედ სასამართლოს უნდა შეეფასებინა, რამდენად უპირატესია სახელმწიფო უსაფრთხოების ინტერესი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციის ფარგლებში, განმცხადებლის ინდივიდუალურ ინტერესთან შედარებით, როდესაც განმცხადებელს შეიძლება დაემუქროს სიცოცხლის ხელყოფის საფრთხე მისი წარმოშობის ქვეყანაში არამარტო განურჩეველი ძალადობის, არამედ რელიგიური ნიშნით დევნის გამო. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებისათვის პოტენციური საშიშროება გულისხმობს ისეთ შემთხვევას, როდესაც საკმარისი საფუძველი არსებობს ვარაუდისთვის, რომ თავშესაფრის მაძიებელს კავშირი აქვს: ა) საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოებისადმი მტრულად განწყობილი ქვეყნის/ორგანიზაციის შეიარაღებულ ძალებთან; ბ) სხვა ქვეყნის სადაზვერვო სამსახურებთან; გ)ტერორისტულ ან/და ექსტრემისტულ ორგანიზაციებთან; დ)სხვა დანაშაულებრივ ორგანიზაციებთან (მათ შორის ტრანსნაციონალურ დანაშაულებრივ ორგანიზაციებთან) ან/და შეიარაღების მასობრივი განადგურების იარაღის ან მათი კომპონენტების უკანონო ბრუნვასთან. განმცხადებელი არასდროს ყოფილა ზემოაღნიშნულ ორგანიზაციებთან დაკავშირებული, ხოლო საქართველოში ცხოვრების პერიოდში მას არ ჩაუდენია რაიმე კანონსაწინააღმდეგო ქმედება. ამასთან, 2016 წლამდე სარგებლობდა ჰუმანიტარული სტატუსით და მინიჭებული ჰქონდა ბინადრობის უფლება.
სამინისტროს გადაწყვეტილებით დარღვეულია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა და გამოცემის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები, რითაც უშუალო ზიანი მიადგა განმცხადებლის კანონიერ უფლებასა და ინტერესს და უკანონოდ შეეზღუდა უფლება, ეძიოს და მოიპოვოს თავშესაფარი საქართველოში. აღნიშნულის გამო, სამინისტროს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება „ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ კონვენციის, ,,საერთაშორისო დაცვის შესახებ“ კანონის და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნებს.
აპელანტი მიუთითებს ,,საერთაშორისო დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის მე-15 და მე-19 მუხლებზე და აღნიშნავს, რომ ე-----ს რესპუბლიკაში დაბრუნების შემთხვევაში გახდება როგორც ფსიქოლოგიური, ისე ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი, შესაძლებელია, საფრთხე დაემუქროს მის სიცოცხლეს, რაც წარმოადგენს „ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ 1951 წლის კონვენციის 33-ე მუხლით გათვალისწინებული ,,არგაძევების პრინციპის” დარღვევას, ასევე, ,,საერთაშორისო დაცვის შესახებ” კანონის მე-8 მუხლის პირველი ნაწილის დარღვევას, რომლის თანახმადაც, თავშესაფრის მაძიებელი არ უნდა იქნეს დაბრუნებული ან გაძევებული იმ ქვეყნის საზღვარზე, სადაც მის სიცოცხლეს ან თავისუფლებას მისი რასის, რელიგიის, ეროვნების, გარკვეული სოციალური ჯგუფისადმი კუთვნილების ან პოლიტიკური შეხედულების გამო საფრთხე შეექმნება. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მიაჩნიათ, არსებობოს საკმარისი საფუძველი სააპელაციო საჩივრის ფარგლებში შეფასებული ინეს პირველი ინსატნციის სასამართლოსა და სამინისტროოს გადაწყვეტილების კანონიერება.
III ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2. მუხლის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377.1. მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე ნორმის მეორე ნაწილით, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 389-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითებას, შესაძლო ცვლილებების ან დამატებების გათვალისწინებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
6. ფაქტობრივი დასაბუთება:
სააპელაციო სასამართლო არსებითად იზიარებს, ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, მიუთითებს მათზე და დამატებით აღნიშნავს შემდეგს:
6.1. ს------------------–---------------–-------მა (S----- A. A---------------------- ; დაბ. 31.08.1---; პასპორტი P--------------, ე-----ს რესპუბლიკა) არის ე-----ს რესპუბლიკის მოქალაქე., რომელმაც 2017 წლის 24 თებერვალს, საერთაშორისო დაცვაზე განცხადებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს და მოითხოვა, მიენიჭოს საქართველოში ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსი . უნდა მიიღოს ბინადრობა, რომ იცხოვროს უსაფრთხოდ და სტაბილურად. მიუთითა, რომ გაეცნო „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ თავშესაფრის პროცედურას და თანახმაა, მის განცხადებასთან დაკავშირებული პერსონალური მონაცემები შესწავლილი და დამუშავებული იქნეს აღნიშნული კანონის შესაბამისად, ამავე კანონით დადგენილი პროცედურების განხორციელების მიზნით.
მტკიცებულება. რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- ეროვნული პასპორტი (იხ.ს.ფ. 70)
- განცხადება (იხ. ს.ფ. 96-97).
6.2. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 2017 წლის 27 ივნისის №MIA 1 17 01522477 წერილით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, მისივე 31.05.2017წ. №02-01/05/13841 წერილის პასუხად ეცნობა, რომ დეპარტამენტს ს------- ა. ა------–--------------–------ისთვის საქართველოს ლტოლვილის სტატუსის მინიჭება მიზანშეუწონლად მიაჩნდა.
მტკიცებულება. რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 27.06.2017 წლის №MIA 1 17 01522477 წერილი (იხ. ს.ფ. 58-59).
6.3. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 29.03.2018წ. №02-01/05/9189 შეტყობინებით (გადაწყვეტილება) ე-----ს რესპუბლიკის მოქალაეს ს------------------–---------------–-------ს ეცნობა, რომ იგი ვერ აკამყოფილებდა „ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ ჟენევის 1951 წლის კონვენციით და საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს ლტოლვილის სტატუსის მისანაჭებლად, რადგან:
- სამინისტრომ მიიჩნია, რომ იგი კმაყოფილებს „ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ ჟენევის 1951 წლის კონვენციით და „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს ლტოლვილის სტატუსის მისანიჭებლად.
- არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ იგი საფრთხეს შეუქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას, რასაც არეგულირებს ,,საერთაშორის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ,,საერთაშორის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სამინისტრომ მიზანშეუწონლად მიიჩნია მისთვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭება.
განიმარტა გადაწყვეტილების გასაჩივრების წესი, ვადა.
განიმარტა ,,იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის 23 პუნქტის შესაბამისად, უფასო იურიდიული დახმარების უფლება. მიეთითა უფასო იურიდიული დახმარების ბიუროს ადგილსამყოფელი
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 29.03.2018 წლის №02-01/05/9789 გადაწყვეტილება (იხ. ს.ფ. 45-46).
6.4. საქმეში წარმოდგენილია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს თავშესაფრის მაძიებელი პირის ანკეტა (06.03.2017წ), რაც შევსებული იქნა თავშესაფრის მაძიებლის - ს------------------–---------------–-------ის მითითებით, თარჯიმანის მონაწილეობით, რაც დასტურება უფლებამოსილი პირის, თვითონ, თავშესაფრის მაძიებლის, თარჯიმანის ხელმოწერებით.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- თავშესაფრის მაძიებელი პირის ანკეტა (იხ. ს.ფ. 86-95).
6.5. საქმეში წარმოდგენილია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს თავშესაფრის მაძიებელ პირთან - ე-----ს რესპუბლიკის მოქალაქე ს------- აბდულაკრეემთან გასაუბრების ჩატარების მასალები, გასაუბრების ჩატარების თარიღი 16.03.2018 წ., სადაც აღინიშნულია, რომ ს------- აბდულკარეემ გაეცნო თავის უფლება-მოვალეობებს და პროცედურის მსვლელობის წესებს და დაადასტურა, რომ თარჯიმანთან და სტატუსის დამდგენ სპეციალისტთან კომუნიკაციის პრობლემა არ აქვს. თითოეული გვერდი ხელმოწერილია უფლებამოსილი პირის, თვითონ, თავშესაფრის მაძიებლის და თარჯიმანის მიერ.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- თავშესაფრის მაძიებელ პირთან გასაუბრების მასალები (იხ. ს.ფ. 62-67).
6.6. საქმეში წარმოდგენილია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საერთაშორისო დაცვის მინიჭების თაობაზე ლტოლვილთა საკითხების სამმართველოს თავშესაფრის მაძიებელთა განაცხადების რეგისტრაციისა და სტატუსის დადგენის განყოფილების დასკვნა.
დასკვნაში მიეთითა:
I განცხადების მოკლე შინაარსი;
II სანდოობის შეფასება;
III „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლით განსაზღვრულ პირობებთან შესაბამისობის დადგენა. 1) კავშირი „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ პირობებთან:
აღინიშნა, რომ კვლევის პროცესში გამოვლინდა ისეთი სახის არსებითი ფაქტი, რომელიც თავისი არსით მიეკუთვნება „ლტოლვილის სტატუსის შესახებ“ 1951 წლის ჟენევის კონვენციითა და „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლით დადგენილ ერთ-ერთ ნიშანს - რელიგიას, რაც იძლევა იმის საფუძველს, რომ კვლევა გაგრძელდეს ლტოლვილის სტატუსის დადგენის მიმართულებით.
IV რეკომენდაციები:
ე-----ს რესპუბლიკის მოქალაქე - ს------------------–---------------–------- (S----- A. A----------------------, დაბ. 31.08.1---წ.) აკმაყოფილებს „ლტოლვილის სტატუსის შესახებ“ 1951 წლის ჟენევის კონვენციის 1A(2) მუხლითა და „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლით განსაზღვრულ კრიტერიუმებს ლტოლვილის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, სამმართველომ მიზანშეწონიწლად მიიჩნია ლტოლვილის სტატუსის მინიჭება.
V დამატებითი გარემოებები:
თავშესაფრის მაძიებლის მიმართ არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ მისი საქართველოში ყოფნა მნიშვნელოვანი გარემოებების გამო ეწინააღმდეგება ქვეყნის ინტერესებს, რასაც არეგულირებს ,,საერთაშორის დაცვის შესახებ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი. აღნიშნული მუხლის თანახმად, ლტოლვილის სტატუსი არ მიენიჭება პირს, თუ არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისათვის, რომ იგი საფრთხეს შეუქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას, ტერიტორიულ მთლიანობას ან საზოგადოებრივ წესრიგს;
VI საბოლოო რეკომენდაცია:
ე-----ს რესპუბლიკის მოქალაქე - ს------------------–---------------–-------ს (S----- A. A----------------------, დაბ. 31.08.1---წ.) უარი ეთქვას როგორც ლტოლვილის, ისე ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- საერთაშირისო დაცვის მინიჭების თაობაზე თავშესაფრის საკითხთა სამმართველოს სტატუსის დადგენის განყოფილების დასკვნა (იხ. ს.ფ. 49-57).
6.7. საქმეში წარმოდგენილია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს თავშესაფრის მაძიებელ პირთა წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაციის მოპოვების განყოფილების ინფორმაცია თავშესაფრის მაძიებელი პირის წარმოშობის ქვეყნის (ე-----) შესახებ. ინფორმაციის მომზადების თარიღი 20.12.2017 წელი.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- ინფორმაცია (იხ. ს.ფ. 105-115).
6.8. თბილისის სააპელაციო სასამართლოში აპელანტის წარმომადგენლის მიერ წარმოდგენილი იქნა ინფორმაცია წარმოშობის ქვეყნის შესახებ - ე-----. ამონარიდი ვებ გვერდიდან http:// coi-mra.gov.ge/
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- ინფორმაცია (იხ. ს.ფ. 231-235).
7. სამართლებრივი დასაბუთება:
სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა სადავო საკითხი, სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად შეაფასა საქმესთან დაკავშირებული ყველა ფაქტობრივი გარემოება; თავის მხრივ, აპელანტმა სააპელაციო საჩივარში ვერ გააქარწყლა პირველი ინსტანციის სასამართლოს სამართლებრივი დასკვნები, ვერ მიუთითა და ვერ წარმოადგინა ისეთი არგუმენტები, რომლებზე დაყრდნობითაც შესაძლებელი იქნებოდა საქმეზე დადგენილი ფაქტების სხვაგვარი სამართლებრივი შეფასება.
7.1. „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი ეფუძნება საქართველოს კონსტიტუციას, იმ საერთაშორისო ხელშეკრულებებს, რომელთა მონაწილეც არის საქართველო, აგრეთვე საერთაშორისო სამართლით აღიარებულ ადამიანის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს.
„საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი განსაზღვრავს უცხოელისა და იმ მოქალაქეობის არმქონე პირის, რომელიც არ არის საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლას და ყოფნას, რომლებმაც ამ კანონის შესაბამისად მოითხოვეს საერთაშორისო დაცვა, აგრეთვე მათ მიმართ მოპყრობის სტანდარტებს; თავშესაფრის მაძიებლის, ლტოლვილის, ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირისა და დროებითი დაცვის ქვეშ მყოფი პირის სამართლებრივ მდგომარეობას, უფლება-მოვალეობებს და სოციალურ-ეკონომიკურ გარანტიებს; უცხოელისა და მოქალაქეობის არმქონე პირისათვის საქართველოში ლტოლვილის, ჰუმანიტარული ან დროებითი დაცვის ქვეშ მყოფი პირის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, გაუქმებისა და ჩამორთმევის და შესაბამისი სტატუსიდან გამორიცხვის საფუძვლებსა და პროცედურებს; სახელმწიფო უწყებათა კომპეტენციებს თავშესაფრის პროცედურის უზრუნველყოფის სფეროში.
„საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლით განიმარტა ამ კანონის მიზნებისთვის მასში გამოყენებული ტერმინების მნიშვნელობა, სახელდობრ: ბ) საერთაშორისო დაცვის მოთხოვნა – უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ საქართველოში საერთაშორისო დაცვის მიღების ნების გამოხატვა პირდაპირ ან არაპირდაპირ, ზეპირად ან წერილობით; გ) თავშესაფრის პროცედურა – სამართლებრივი პროცესი, რომელიც მოიცავს ამ კანონის აღსრულებისთვის პასუხისმგებელი სახელმწიფო უწყებების მიერ განხორციელებულ ქმედებებს საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის მომენტიდან საერთაშორისო დაცვის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, მათ შორის, სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე; დ) საერთაშორისო დაცვაზე განცხადება – უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის წერილობითი განცხადება, რომლითაც იგი საქართველოში ითხოვს ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებას; ე) თავშესაფრისმაძიებელი – უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელმაც საერთაშორისო დაცვაზე განცხადებით მიმართა სახელმწიფო უწყებას და რომლის მიმართაც სამინისტროს გადაწყვეტილება არ მიუღია ან რომლის მიმართაც სასამართლო გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში არ შესულა. ნ) წარმოშობის ქვეყანა – უცხოელის მოქალაქეობის ქვეყანა, აგრეთვე მოქალაქეობის არმქონე პირის მუდმივი საცხოვრებელი ქვეყანა.
ამ კანონის 4.1. მუხლით, თავშესაფრის მაძიებელთა და საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა უფლებებს იცავს სახელმწიფო. ამ კანონის მე-14 მუხლით, ამ კანონის შესაბამისად, საქართველოში არსებობს საერთაშორისო დაცვის შემდეგი ფორმები: ა) ლტოლვილის სტატუსი; ბ) ჰუმანიტარული სტატუსი; გ) დროებითი დაცვის ქვეშ მყოფი პირის სტატუსი.
ამ კანონის 15.1. მუხლით, ლტოლვილის სტატუსი ენიჭება უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს, რომელიც იმყოფება წარმოშობის ქვეყნის გარეთ, აქვს საფუძვლიანი შიში, რომ იგი შეიძლება გახდეს დევნის მსხვერპლი რასის, რელიგიის, ეროვნების, გარკვეული სოციალური ჯგუფისადმი კუთვნილების ან პოლიტიკური შეხედულების გამო, და არ შეუძლია ან არ სურს, შიშიდან გამომდინარე, დაბრუნდეს თავის წარმოშობის ქვეყანაში ან ისარგებლოს ამ ქვეყნის მფარველობით.
ამ კანონის 19.1. მუხლით, ჰუმანიტარული სტატუსი ენიჭება უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს, რომელიც ვერ აკმაყოფილებს ლტოლვილის სტატუსის მინიჭებისთვის ამ კანონის მე-15 მუხლით განსაზღვრულ პირობებს, მაგრამ არსებობს რეალური რისკი, რომ წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნებისას იგი ამ კანონის 32-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული სერიოზული ზიანის საფრთხის წინაშე დადგება.
ამ კანონის 20.,,ა“ მუხლით, უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს არ მიენიჭება ჰუმანიტარული სტატუსი, თუ: ა) იგი ვერ აკმაყოფილებს ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებს.
ამ კანონის 23.1. მუხლით, უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს უფლება აქვს, მოითხოვოს საერთაშორისო დაცვა როგორც საქართველოში შემოსვლისას საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე, ისე საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნისას. ამავე ნორმის მე-3 ნაწილით, სახელმწიფო უწყებამ უნდა უზრუნველყოს იმ ინფორმაციის უცხოელისათვის ან მოქალაქეობის არმქონე პირისათვის გასაგებ ენაზე თარგმნა, რომელიც საჭიროა თავშესაფრის პროცედურის ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად. თავშესაფრის პროცედურა რეგულირდება მინისტრის ნორმატიული აქტით.
ამ კანონის 28.1. მუხლით, თავშესაფრის მაძიებელმა უნდა წარადგინოს საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის დასაბუთებისათვის საჭირო ყველა ინფორმაცია (მათ შორის, წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაცია) და მტკიცებულება და მათი შეფასების პროცესში უნდა ითანამშრომლოს უფლებამოსილ თანამდებობის პირთან. თავშესაფრის მაძიებელი აგრეთვე ვალდებულია სარწმუნოდ განმარტოს ინფორმაციისა და მტკიცებულების წარუდგენლობის ან არარსებობის მიზეზი. ამავე ნორმის მე-2 ნაწილით, საერთაშორისო დაცვის მოთხოვნასთან დაკავშირებული ფაქტების დადგენის ვალდებულება თანაბრად ნაწილდება თავშესაფრის მაძიებელსა და უფლებამოსილ თანამდებობის პირს შორის. უფლებამოსილმა თანამდებობის პირმა საერთაშორისო დაცვის მოთხოვნასთან დაკავშირებული ყველა არსებითი ფაქტობრივი გარემოება და წარმოდგენილი მტკიცებულებები ინდივიდუალურად, ობიექტურად და მიუკერძოებლად უნდა შეაფასოს.
7.2. „ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ 1951 წლის კონვენციის (საქართველო შეუერთდა საქართველოს პარლამენტის 1999 წლის 28 მაისის № 1996-IIს დადგენილებით და ძალაშია 1999 წლის 7 ნოემბრიდან) პირველი მუხლის თანახმად, ამ კონვენციის მიზნებისათვის ,,ლტოლვილი’’ ვრცელდება ნებისმიერ პირზე, რომელიც: (1) მიიჩნევა ლტოლვილად 1926 წლის 12 მაისისა და 1928 წლის 30 ივნისის ან 1933 წლის 28 ოქტომბრისა და 1938 წლის 10 თებერვლის კონვენციებით, 1939 წლის 14 სექტემბრის ოქმით ან ლტოლვილთა საერთაშორისო ორგანიზაციის წესდებით; ლტოლვილთა საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ მისი საქმიანობის პერიოდში მიღებული დადგენილებები სტატუსზე არაუფლებამოსილების შესახებ ხელს არ შეუშლის იმას, რომ ლტოლვილების სტატუსი მიენიჭოს იმ პირებს, რომლებიც აკმაყოფილებენ ამ ნაწილის მე-2 პუნქტით დადგენილ პირობებს; (2) 1951 წლის 1 იანვრამდე მომხდარი მოვლენების შედეგად და საფუძვლიანი შიშის გამო, რომ იგი შეიძლება გახდეს დევნის მსხვერპლი რასის, რელიგიის, აღმსარებლობის, ეროვნების, გარკვეული სოციალური ჯგუფისადმი კუთვნილების ან პოლიტიკური მრწამსის გამო, იმყოფება თავისი მოქალაქეობის ქვეყნის გარეთ და არ შეუძლია ან არ სურს ამგვარი შიშის გამო ისარგებლოს ამ ქვეყნის მფარველობით, ან არ გააჩნია რა გარკვეული მოქალაქეობა და მსგავს მოვლენათა შედეგად იმყოფება რა თავის ადრინდელი საცხოვრებელი ქვეყნის გარეთ, არ შეუძლია ან ამგვარი შიშის გამო არ სურს იქ დაბრუნება.
მითითებული კონვენციის 12.1. მუხლის თანახმად, ლტოლვილის პირადი სტატუსი განისაზღვრება მისი საცხოვრებელი ქვეყნის კანონებით, თუ მას ასეთი არ გააჩნია, მისი ადგილსამყოფელი ქვეყნის კანონით.
7.3. ამრიგად, ზემოთ მითითებული სამართლებრივი ნორმების ანალიზის შედეგად, სააპელაციო სასამართლო განმარტავს:
ლტოლვილის სტატუსის მინიჭებისთვის აუცილებელია, დადგინდეს, რომ სტატუსის მაძიებელს აქვს საფუძვლიანი შიში იმისა, რომ წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნების შემთხვევაში იგი შეიძლება გახდეს დევნის მსხვერპლი - რასის, რელიგიის, ეროვნების, გარკვეული სოციალური ჯგუფისადმი კუთვნილების ან პოლიტიკური შეხედულების გამო, შესაბამისად, შიშიდან გამომდინარე არ სურს ან არ შეუძლია, დაბრუნდეს თავის წარმოშობის ქვეყანაში ან ისარგებლოს ამ ქვეყნის მფარველობით. შესაბამისად, პირის ლტოლვილად მიჩნევისთვის მაძიებელი უნდა აკმაყოფილებდეს კონკრეტულ კრიტერიუმებს, მათ შორის, უნდა განისაზღვროს დევნის საფუძვლიანი შიშის არსებობა, ადგილი უნდა ჰქონდეს დევნას რასის, რელიგიის, აღმსარებლობის, ეროვნების, გარკვეული სოციალური ჯგუფისადმი კუთვნილების ან პოლიტიკური მრწამსის მიზეზით, უნდა დგინდებოდეს მოქალაქეობის/ყოფილი საცხოვრებელი ქვეყნის ფარგლებს გარეთ ყოფნა. დევნა, ასევე დევნის საფუძვლიანი შიში, უკავშირდება პიროვნების ისეთ პირობებში ყოფნას, როდესაც მის მიმართ სისტემატურად ხორციელდება ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციით აღიარებული უფლებების დარღვევა, ხოლო პირი ქვეყნის ხელისუფლებისგან ვერ იცავს თავს, ერთ შემთხვევაში იმის გამო, რომ თავად ხელისუფლებისგან მოდის აღნიშნული ქმედებები, ხოლო მეორე შემთხვევაში, ხელისუფლება ვერ, ან არ იცავს მას. ამდენად, პალატა განმარტავს, რომ ლტოლვილი პირის მიერ წარმოშობის ქვეყნის დატოვება კონკრეტული საფუძვლებით ხდება და არ უკავშირდება პირის თავისუფალი ნების გამოვლენას, არის იძულების შედეგი.
ჰუმანიტარული სტატუსი მინიჭებისათვის უნდა დადგინდეს, რომ მაძიებელი ვერ აკმაყოფილებს ლტოლვილის სტატუსის მინიჭებისთვის კანონით განსაზღვრულ პირობებს, მაგრამ არსებობს რეალური რისკი, რომ წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნებისას იგი სერიოზული საფრთხის წინაშე დადგება. საგულისხმოა, რომ „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 32.3. მუხლის იმპერატიული დანაწესის მიხედვით, სერიოზული ზიანი არის - ა) პირის მიმართ სასიკვდილო განაჩენი ან მისი სიკვდილით დასჯის საფრთხე; ბ) წარმოშობის ქვეყანაში პირის წამება, მის მიმართ არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობა ან სასჯელი; გ) პირის სიცოცხლისთვის სერიოზული ინდივიდუალური საფრთხე განურჩეველი ძალადობის, საერთაშორისო ან შიდა შეიარაღებული კონფლიქტის ან ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო.
სააპელაციო პალატის მოსაზრებით, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის (თავშესაფრის) მინიჭების საკითხთან დაკავშირებული დასკვნის შედგენისას, უმთავრესია თავად დაინტერესებული პირის მიერ ადმინისტრაციული ორგანოსათვის მიწოდებული ინფორმაცია, რომელიც თავის მხრივ უნდა იყოს ლოგიკური და თანმიმდევრული.
პალატა აღნიშნავს, რომ საქმის მასალების მიხედვით, განმცხადებელი აკმაყოფილებს „ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ ჟენევის 1951 წლის კონვენციითა და „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს ლტოლვილის სტატუსის მისანიჭებლად, ამასთანავე არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ იგი საფრთხეს შეუქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას, რასაც არეგულირებს ,,საერთაშორის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი. ამრიგად, სააპელაციო სასამართლომ განსახილველ შემთხვევაში უნდა შეაფასოს, რამდენად არსებობს განმცხადებლისათვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭების გამომრიცხავი, კანონმდებლობით გათვალისწინებული საფუძვლები.
7.4. „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 17.1.„ბ“ მუხლის შესაბამისად, უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს არ მიენიჭება ლტოლვილის სტატუსი, თუ: ბ) არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ იგი საფრთხეს შეუქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას, ტერიტორიულ მთლიანობას ან საზოგადოებრივ წესრიგს. ამ კოდექსის 20.,,გ“ მუხლის შესაბამისად კი, უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს არ მიენიჭება ჰუმანიტარული სტატუსი, თუ: გ) მის მიმართ არსებობს ამ კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ან „გ“ ქვეპუნქტით ან მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გარემოება.
ამ კანონის 67.2. მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, ამ კანონით მინიჭებულ უფლებამოსილებათა განსახორციელებლად სამინისტრო: ა) საჭიროების შემთხვევაში მიმართავს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ შემ------–- თავშესაფრის მაძიებლის, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირის მიერ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებისათვის პოტენციური საშიშროების შექმნის საკითხზე რეკომენდაციის მისაღებად; ბ) საჭიროების შემთხვევაში მიმართავს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ შემ------–- თავშესაფრის მაძიებლის, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და საჯარო მართლწესრიგისათვის პოტენციური საშიშროების შექმნის საკითხებზე რეკომენდაციის მისაღებად.
ამრიგად, სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოქმედი კანონმდებლობა უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირისთვის თავშესაფრის მინიჭების საკითხის გადაწყვეტის პროცესში უფლებამოსილებას ანიჭებს სამინისტროს მიმართოს და გამოითხოვოს ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფო ორგანოებიდან და მათზე დაყრდნობით მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება.
7.5. „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, კონტრდაზვერვითი საქმიანობა არის სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში საქმიანობის სპეციალური სახე, რომლის მიზანია უცხო ქვეყნის სპეციალური სამსახურების, ორგანიზაციების, პირთა ჯგუფისა და ცალკეულ პირთა საქართველოს სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მიმართული სადაზვერვო ან/და ტერორისტული საქმიანობიდან მომდინარე საფრთხეების გამოვლენა და თავიდან აცილება.
ამ კანონის 6.1. მუხლით, კონტრდაზვერვითი საქმიანობა გასაიდუმლოებულია. ამ საქმიანობის ამსახველი დოკუმენტები, მასალები და სხვა მონაცემები წარმოადგენს სახელმწიფო საიდუმლოებას. ამავე ნორმის მე-2 პუნქტით, კონტრდაზვერვითი საქმიანობის პროცესში ოპერატიული და ოპერატიულ-ტექნიკური ღონისძიებების შედეგად მიღებული დოკუმენტები, მასალები და სხვა მონაცემები არ შეიძლება გამოყენებული იქნეს სამართალდაცვითი მიზნებისათვის, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
ამ კანონის 7.2. მუხლის თანახმად, ქვეყანაში ერთიანი კონტრდაზვერვითი საქმიანობის ორგანიზაცია და სპეციალური სამსახურების საქმიანობის კოორდინაცია ეკისრება სპეციალურ სამსახურს − საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტს.
„კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური წარმოადგენს იმ უფლებამოსილ ორგანოს, რომელიც საქართველოში ახორციელებს კონტრდაზვერვით საქმიანობას. შესაბამისად, ამ სახელმწიფო ორგანოს წერილობითი ინფორმაცია - დასკვნა არის ექსკლუზიური უფლებამოსილების განხორციელების შედეგად მომზადებულ მტკიცებულება, რაც თავის მხრივ არის უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე თავშესაფრის მინიჭებაზე უარის თქმის საფუძველი.
7.6. საქმის მასალების მიხედვით, სააპელაციო პალატა დადგენელად მიაჩნია, თავშესაფრის მაძიებელ ს------------------–---------------–-------ის (S----- A. A----------------------) განაცხადებასთან დაკავშირებით ჩატარდა ადმინისტრაციული წარმოება. კანონმდებლობით დადგენილი წესით, მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში სამინისტროს უფლებამოსლმა პირმა მიმართა და გამოითხოვა ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფო ორგანოებიდან, მათ შორის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 27.06.2017 წლის №MIA 1 17 01522477 წერილით სამინისტროს ეცნობა, რომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტს ე-----ს რესპუბლიკის მოქალაქე ს------------------–---------------–-------ისათვის საქართველოს ლტოლვილის სტატუსის მინიჭება მიზანშეუწონლად მიაჩნდა.
სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ წინამდებარე საქმეზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან პალატამ დამატებით გამოითხოვა შესაბამისი ინფორმაცია, რაც თავის მხრივ წარმოადგენს სახელმწიფო საიდუმლოებას და მხარეებისთვის ხელმისაწვდომი არ არის. ამასთან, აღნიშნული ინფორმაციის გათვალისწინებით, პალატას მიაჩნია, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის შესაბამისი წერილობითი დასკვნის არსებობის პირობებში, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი გახლდათ მიეღო გადაწყვეტილება აპელანტისთვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ.
7.7. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.1. მუხლის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.
ამ კოდექსის 33.1. მუხლით, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
ზემოთ მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების ურთიერთშეჯერებისა და ანალიზის შედეგად სააპელაციო სასამართლო ეთანხმება წინამდებარე საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მათ სამართლებრივ შეფასებებს, ამასთან მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით არ დასტურდება, ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3. მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, აპელანტის მიერ ვერც დავის სააპელაციო ინსტანციაში განხილვისას ვერ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულებები, იმ გარემოებების დასადგენად, რომ არსებობს გასაჩივრებული ინდივიდულაური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისა და ახალი აქტის გამოცემის დავალდებულების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
8. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
8.1. საპელავიო სასამართლოს მოსაზრებით, განსახილველ შემთხვევაში სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით განსაზღვრული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები, რისი გათვალისწინებითაც სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო, უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
8.2. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2125.4. ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლო საქმეს განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს სააპელაციო საჩივრის შეტანიდან 1 თვის ვადაში. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
9. საპროცესო ხარჯები:
9.1. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1.„პ“ მუხლის საფუძველზე, აპელანტი გათავისუფლებულია საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2.; მე-13; 2124-ე-2125-ე; 261.3. მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე; 372-ე; 386-ე; 390-ე მუხლებით, და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ს------------------–---------------–-------ის (S----- A. A----------------------, დაბ. 31.08.1---; პასპორტი P--------------, ე-----ს რესპუბლიკა) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილება;
3. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლე: ლეილა მამულაშვილი