განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210018002343237
საქმე №2ბ/7723-18
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
12 თებერვალი 2020 წელი თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე - დიანა ბერეკაშვილი
მოსამართლეები - ოთარ სიჭინავა, თამარ ჭუნიაშვილი
სხდომის მდივანი - მაკა ბუიღლიშვილი
აპელანტი - შპს "ე---- - ლ----------ა"
წარმომადგენელი - ა-----–---------–--ე
მოწინააღმდეგე მხარე - შპს "ჯ----"
წარმომადგენელი - დ-----------–-–---–ი
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 11 ოქტომბრის გადაწყვეტილება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
აპელანტის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 11 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
აღწერილობითი ნაწილი
1. 2017 წელს, დროის სხვადასხვა პერიოდებში, მოსარჩელე შპს ,,ჯ-----“მ მოპასუხე შპს ,,ე-----ლ----------ას“ გაუწია მომსახურება და მიაწოდა შემდეგი საქონელი: სავარძელი ,,მერკური“, 1 ერთეული, ფასი 99 ლარი; საოფისე სკამი ,,იზო“, 30 ერთეული, ფასი 967.5 ლარი; საოფისე სკამი ,,იზო“, ტყავის შემცვლელი, 18 ერთეული, ფასი 738 ლარი; საოფისე სკამი ,,იზო“, 100 ერთეული, ფასი 3225 ლარი; საოფისე სკამი ,,იზო“, ტყავის შემცვლელი, 6 ერთეული, ფასი 246 ლარი; სკვერის ურნა, 3 ერთეული, ფასი 450 ლარი; სავარძელი ,,ჩატ“ ბადე, 40 ცალი, ფასი 3960 ლარი; სავარძელი ,,ბრისტოული“, ქრომირებული, 1 ცალი, ფასი 430 ლარი; საოფისე სკამი ,,იზო“, ტყავის შემცვლელი, 2 ცალი, ფასი 82 ლარი; საოფისე სავარძელი ,,აერო HB ბადე“, საზურგე/ნაცრისფერი, 7 ცალი, ფასი 1330 ლარი; საოფისე სკამი ,,იზო“, ტყავის შემცვლელი, 52 ცალი, ფასი 2132 ლარი; საოფისე სკამი ,,იზო“, ტყავის შემცვლელი, 58 ცალი, ფასი 2378 ლარი; საოფისე სკამი იზო, ტყავის შემცვლელი, 74 ცალი, ფასი 3034 ლარი; საოფისე სკამი ,,იზო“, ტყავის შემცვლელი, 75 ცალი, ფასი 3075 ლარი; საოფისე სკამი ,,იზო“, ტყავის შემცვლელი, 87 ცალი, ფასი 3567 ლარი; სავარძელი ,,ჩატ“ ბადე, 10 ცალი, ფასი 990 ლარი; სავარძელი ,,მერკური“, 63 ცალი, ფასი 5670 ლარი; სავარძელი ,,კომფორტ“ ნიუ, 26 ცალი, საქონლის ფასი 2340 ლარი.
2. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს 2018 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილებით, დავალიანების გადახდევინების ბრძანების გამოცემაზე უარის თქმის შესახებ, აპლიკანტ შპს ,,ჯ----“-ს უარი უთხრა დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემაზე.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის სარჩელით მიმართა შპს "ჯ----"-იმ და მოითხოვა მოპასუხე შპს ,,ე---- ლ----------ას“ მოსარჩელე შპს ,,ჯ----“-ს სასარგებლოდ დაეკისროს 34 333.5 ლარის გადახდა. მოპასუხე შპს ,,ე---- ლ----------ას“ მოსარჩელე შპს ,,ჯ----“-ს სასარგებლოდ დაეკისროს გამარტივებული წარმოების საფასურის 100 ლარის გადახდა.
3.1. სარჩელის საფუძვლები:
მოსარჩელის განმარტებით, შპს ,,ჯ----“-ს და შპს ,,ე---- ლ----------ას“ შორის არსებული ხელშეკრულების საფუძველზე შპს ,,ჯ----“-ს მიერ საკუთარი მასალით და მუშახელით პერიოდულად ხდებოდა მოპასუხისთვის მის მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ ობიექტებზე სხვადასხვა სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების შესრულება და აღნიშნული სამუშაოების ფარგლებში სხვადასხვა სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების შესრულება და აღნიშნული სამუშაოების ფარგლებში სხვადასხვა პროდუქციის (მათ შორის ავეჯის) მიწოდება. მოპასუხის ვალდებულებას წარმოადგენდა გადაეხადა გაწეული სამუშაოს და მიწოდებული პროდუქციის ღირებულება, თუმცა მოპასუხეს აღნიშნული ვალდებულება, მიუხედავად მოსარჩელის არაერთი წერილობითი და ზეპირი მოთხოვნისა, არ შეუსრულებია და სარჩელის შეტანის ეტაპზე მოსარჩელის მიმართ არსებული დავალიანება შეადგენს 34 333.5 ლარს. დავალიანების გადახდევინების მიზნით, შპს ,,ჯ----“-მ ისარგებლა სააღსრულებო მოქმედების შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული გამარტივებული წარმოებითაც, თუმცა მოპასუხის მხრიდან ყოველგვარი დასაბუთების გარეშე უსაფუძვლოდ წარდგენილ იქნა პროტესტი, რის გამოც შპს ,,ჯ----“-ს მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, რის გამოც, ბუნებრივია, შპს ,,ჯ----“-ის მხრიდან დამატებით გაღებულ იქნა 100 ლარი, რაც დარჩა ბიუჯეტში გადახდილად და მოსარჩელეს არ დაუბრუნდა.
4. მოპასუხის შესაგებელი:
მოპასუხე შპს ,,ე---- ლ----------ამ“ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მხარეთა შორის ჩამოყალიბებული საქმიანი ურთიერთობის გამოყენებით, მოსარჩელე მხარე თვეების განმავლობაში ბოროტად სარგებლობდა მოპასუხის ნდობით, კერძოდ, სარჩელში ხსენებულ საქონელსა და მომსახურებას აწვდიდა იმაზე მაღალ ფასად, ვიდრე იყო დამკვიდრებული ბაზარზე და რომ არა მხარეთა შორის არსებული განსაკუთრებული ნდობა, რომლითაც მოსარჩელემ ისარგებლა ბოროტად, მოპასუხე მხარე არ განახორციელებდა აღნიშნული საქონლისა და მომსახურების შეძენას ანგარიშ-ფაქტურებში მითითებულ ფასად. სწორედ ეს, ზედმეტად მოთხოვნილი თანხა წარმოადგენს რეალური დავის საგანს, რომლის თაობაზეც მხარეებს ჰქონდათ არაერთი მცდელობა, რომ მიეღწიათ გარკვეული შეთანხმებისთვის, მაგრამ სამწუხაროდ მოსარჩელის მხრიდან არ ყოფილა არც ერთი გონივრული შემოთავაზება, რომელიც შესაძლებელს გახდიდა აღნიშნულ საკითხზე მორიგებას.
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 11 ოქტომბრის გადაწყვეტილებით შპს "ჯ----"-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხე შპს "ე---- - ლ----------ას" მოსარჩელე შპს "ჯ----"-ს სასარგებლოდ დაეკისრა 34 333.5 ლარის გადახდა. მოპასუხე შპს "ე---- - ლ----------ას" მოსარჩელე შპს "ჯ----"-ს სასარგებლოდ დაეკისრა მხარის მიერ გაღებული გამარტივებული წარმოების საფასურის 100 ლარის გადახდა. მოპასუხე შპს "ე---- - ლ----------ას" მოსარჩელე შპს "ჯ----"-ს სასარგებლოდ დაეკისრა მხარის მიერ გაღებული იურიდიული მომსახურების საფასურის 1377.34 ლარის გადახდა. (იხ. გადაწყვეტილება)
6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 11 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს "ე---- - ლ----------ა"-მ. (იხ. სააპელაციო საჩივარი)
სამოტივაციო ნაწილი
7. სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეისწავლა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება და დასაბუთებულობა, მოისმინა მხარეთა მოსაზრებები და მიიჩნევს, რომ შპს "ე---- - ლ----------ა"-ს სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს. შესაბამისად, ძალაში უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 11 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯ. საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30).
8. მოცემულ შემთხვევაში სარჩელზე დავის საგანს წარმოადგენს ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის დაკისრება. შესაბამისად მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმაა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის პირველი ნაწილი /ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება./
9. აღნიშნულ მოთხოვნებთან მიმართებით პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებს და დადგენილად მიიჩნევს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ იურიდიულ ფაქტებს:
9.1. 2017 წელს, დროის სხვადასხვა პერიოდებში, მოსარჩელე შპს ,,ჯ-----“მ მოპასუხე შპს ,,ე-----ლ----------ას“ გაუწია მომსახურება და მიაწოდა შეთანხმებული საქონელი, რაც დასტურდება სასაქონლო ზედნადებებითა და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით.
9.2. მოპასუხე/აპელანტის შპს ,,ე-----ლ----------ას“ შპს ,,ჯ----“-ს მიმართ შეუსრულებელი ფულადი ვალდებულების მოცულობა შეადგენს 34 333.5 ლარს.
აპელანტის განმარტებით, მხარეთა შორის არ მომხდარა კონკრეტული ფასის წინასწარ განსაზღვრა, შეთანხმებით მოწინააღმდეგე მხარე უზრუნველყოფდა საქონლის მიწოდებას ბაზარზე არსებული ფასების საუკეთესო სტანდარტის გათვალისწინებით, ყველაზე დაბალ ფასად და შესყიდვის მაღალი მოცულობიდან გამომდინარე გაითვალისწინებდა 10 %-იან ფასდაკლებას. მოწინააღმდეგე მხარე კი საქონელსა და მომსახურებას აწვდიდა იმაზე მაღალ ფასად, ვიდრე იყო დამკვიდრებული ბაზარზე, რომ არა მხარეთა შორის არსებული განსაკუთრებული ნდობა არც განახორციელებდა საქონლის და მომსახურების შეძენას ანგარიშ-ფაქტურებში მითითებულ ფასად.
პალატას მიიჩნია, რომ მოცემული კატეგორიის დავის სამართლიანი და ობიექტური გადაწყვეტის მიზნებისათვის გამოყენებულ უნდა იქნეს მტკიცების ტვირთის განაწილების სსსკ-ში მოქმედი სტანდარტი, რომლის მიხედვითაც, მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ კი ის გარემოებები, რომლებსაც შესაგებლი ეფუძნება.
მტკიცებულებათა სახეები, რომელიც შეიძლება გამოიყენოს სასამართლომ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების დასადგენად, ამომწურავადაა განსაზღვრული სსსკ-ის 102-ე მუხლის მეორე ნაწილით. არც ერთ მტკიცებულებას არ გააჩნია რაიმე უპირატესობა სხვა მტკიცებულებასთან შედარებით. აგრეთვე, არც ერთ მტკიცებულებას არა აქვს, წინასწარ დადგენილი ძალა სასამართლოსათვის, რაც იმას ნიშნავს, რომ ამა თუ იმ მტკიცებულების მნიშვნელობა წინასწარ არ არის განსაზღვრული და მისი ძალა და მნიშვნელობა სასამართლოს შეფასებაზეა დამოკიდებული. მტკიცებულებათა შეფასების დროს მხარეებს უფლება აქვთ, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მტკიცებულებების სარწმუნოობა. მათი უტყუარობის თუ სიყალბის შესახებ მოსაზრებები შეიძლება გამოთქვან არამარტო მხარეებმა, არამედ მესამე პირებმა, აგრეთვე, სპეციალისტებმა და ექსპერტებმა, თუ ისინი მონაწილეობენ პროცესში. საბოლოოდ კი წარმოდგენილ მტკიცებულებებს აფასებს სასამართლო. ექსპერტიზის დასკვნის შეფასებისას, (იმდენად რამდენადაც იგი სპეციალური ცოდნით აღჭურვილი პირის კომპეტენციას ეფუძნება) ყურადღება უნდა მიექცეს რამდენიმე გარემოებას, მათ შორის, გამოსაკვლევად მიწოდებულ მასალას, მის კვლევით ნაწილს, რადგან სწორედ კვლევითი ნაწილია ასახული საბოლოო დასკვნაში. მტკიცებულების გამოკვლევა უპირველესად გულისხმობს მისი შინაარსის სრულყოფილ შესწავლა-ანალიზსს, ხოლო შემდეგ მისი იურიდიული ძალის (დამაჯერებლობის, სარწმუნოობის) შემოწმებას. (სუსგ ას-917-2019)
პალატა დამატებით მოიხმობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლს, რომლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. დასახელებული ნორმა წარმოადგენს მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების ზოგად, პროცესუალურ სტანდარტს და ადგენს ვალდებულ პირს, რომელმაც მტკიცების საგანში შემავალი ფაქტი სათანადო გარემოებებზე მითითებითა და დასაშვები მტკიცებულებების წარდგენით უნდა დაადასტუროს. სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტურის განაწილების სტანდარტი. აღნიშნული სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა, როგორც მხარეთა შორის ნასყიდობის ხელშეკრულების არსებობის ფაქტის, ისე ამ ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულების შესრულების დადასტურება. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის საფუძველზე პალატა განმარტავს, რომ მტკიცებულებათა შეფასებას სასამართლო ახდენს ორი თვალსაზრისით, მათი სარწმუნოობის და არასარწმუნოობის თვალსაზრისით და იმის მიხედვით, თუ საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე რომელ ფაქტს ადასტურებს ეს მტკიცებულება. მტკიცებულებათა შეფასება მოსამართლის შინაგანი რწმენით არ ნიშნავს სრულიად უანგარიშგებო დასკვნების გაკეთების უფლებას. სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში უნდა მიუთითოს მოსაზრებაზე, რის გამოც მან ზოგიერთი მტკიცებულება ცნო უტყუარად, ხოლო სხვები სარწმუნოდ. მტკიცებულებათა შეფასება ხორციელდება შემდეგი პრინციპების დაცვით: 1. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით; 2. მტკიცებულებები ფასდება ყოველმხრივ, სრულად (სრული მოცულობით) და მიუკერძოებლად (ობიექტურად); 3. მტკიცებულებათა შეფასებაში სასამართლო თავისუფლება, მისი დამოუკიდებლობა ფაქტისა და უფლების შესახებ საკითხის გადაწყვეტაში უზრუნველყოფილია შემდეგი პრინციპით: არავითარ მტკიცებულებას სასამართლოსათვის არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ნებისმიერი მტკიცებულება სასამართლომ შეიძლება უარყოს და ან პირიქით, მიიღოს, თუ მტკიცებულების ობიექტური შინაარსი შეესაბამება საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. საპროცესო კანონმდებლობით თითოეულ მხარეს ევალება წარადგინოს საკუთარი პოზიციის გასამყარებლად ისეთი მტკიცებულებები, რომელიც მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტის შესატყვისად, აძლევს შესაძლებლობას, კონკრეტული გარემოება თუ ფაქტი დაადასტუროს. სასამართლო მტკიცებულებებს ერთობლივად აანალიზებს და მათი ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიდის დასკვნამდე მხარის მოსაზრების დასამტკიცებლად თითოეული მტკიცებულების ვარგისიანობისა და სამართლებრვი წონადობის თაობაზე.
განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხემ მიუთითა, რომ მოსარჩელე ბოროტად სარგებლობდა მოპასუხის ნდობით და საქონელს/მომსახურეობას აწვდიდა იმაზე მაღალ ფასად, ვიდრე იყო დამკვიდრებული ბაზარზე და, რომ არა მხარეთა შორის არსებული განსაკუთრებული ნდობა, მოპასუხე არ შეიძენდა საქონლისა და მომსახურებას ანგარიშფაქტურებში მითითებულ ფასად. პალატა აღნიშნავს, რომ მოპასუხის/აპელანტის მხოლოდ მითითება აღნიშნულზე, სათანადო მტკიცებულებების წარმოდგენის გარეშე, ვერ იქნება მიჩნეული დადგენილ გარემოებად. მით უფრო იმ პირობებში, როდესაც საქმის მასალებში მოსარჩელის მიერ წარმოდგენილია საგადახდო ანგარიშფაქტურები და სასაქონლო ზედნადნებები, რომელიც სადავოდ არ გამხდარა და რომლითაც დგინდება, რომ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ გადასახდელი აქვს მიღებული საქონლის საფასური – 34 333.5 ლარი. აპელანტის მითითებული გარემოება იმის შესახებ, რომ მხარეთა შეთანხმებული საზღაური აღემატება ბაზარზე დამკვიდრებულ ფასს უნდა დაადასტუროს თავად მოპასუხემ, რომელმაც მისი მტკიცების საგანში შემავალი გარემოების დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულებები ვერ წარუდგინა სასამართლოს. აღნიშნული გარემოება კი, სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საკმარისი წინაპირობაა.
10. ზემოაღნიშნულის საფუძველზე, პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.
11. საპროცესო ხარჯები
აპელანტის მიერ ბიუჯეტში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ანაზღაურებას არ ექვემდებარება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად;
სარეზოლუციო ნაწილი
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს "ე---- - ლ----------ა"-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 11 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
თავმჯდომარე: დიანა ბერეკაშვილი
მოსამართლეები: ოთარ სიჭინავა
თამარ ჭუნიაშვილი