განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210016001337692 საქმე №2ბ/1016-19
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
12 თებერვალი 2020 წელი თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე - დიანა ბერეკაშვილი
მოსამართლეები - ოთარ სიჭინავა, თამარ ჭუნიაშვილი
სხდომის მდივანი – მაკა ბუიღლიშვილი
აპელანტი - შპს „ს----------–-------–იორაცია“
წარმომადგენელი - თ-------------–-----------------------–---–ი
მოწინააღმდეგე მხარე - შპს ,,ს--------–ი“
წარმომადგენელი - გ----------------–---–ი
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
აღწერილობითი ნაწილი
1. შპს „ს----------–-------–იორაციამ“ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას და ითხოვა მოპასუხე - შპს ,,ს--------–ს“ მოსარჩელე შპს ,,ს----------–-------–იორაციის“ სასარგებლოდ დაეკისროს 2015 წლის 31 მარტს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულება N22/ბ/15-ს პირობების შეუსრულებლობის გამო საავანსო თანხის _ 233 327.42 ლარის გადახდა.
2. მოსარჩელის პოზიცია
2.1. მოსარჩელის განმარტებით, 2015 წლის 31 მარტს შპს „საქართველოს გაერთიანებულ სამელიორაციო სისტემების კომპანიასა“ და შპს „ს--------–ს“ შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება N22-ბ15. საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2015 წლის 29 აპრილის N2-101 ბრძანების საფუძველზე მოსარჩელის სახელწოდება შეიცვალა და ეწოდა შპს „ს----------–-------–იორაცია“. 2015 წლის 31 მარტის ხელშეკრულების საფუძველზე, მოპასუხეს 81 კალენდარული დღის განმავლობაში მოსარჩელისათვის უნდა მიეწოდებინა 849 900 ლარის ღირებულების სამუშაო, კერძოდ, მოსარჩელის კუთვნილი კაზრეთის სარწყავი სისტემის მაგისტრალური არხის რეაბილიტაცია. ვინაიდან, მიმწოდებლის მიერ ვერ მოხერხდა შეთანხმებული სამუშაოს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში შესრულება, მხარეებს შორის 2015 წლის 15 ივნისს გაფორმდა შეთანხმება N1, რომლის თანახმადაც სამუშაოს შესრულების ვადა 81 კალენდარული დღის ნაცვლად განისაზღვრა 204 კალენდარული დღით (2015 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით). მხარეებს შორის 2015 წლის 9 ნოემბერს კვლავ გაფორმდა შეთანხმება N2, რომლის საფუძველზეც სამუშაოს შესრულების ვადა კვლავ გაგრძელდა და განისაზღვრა 254 კალენდარული დღით, 2015 წლის 20 დეკემბრამდე, ხოლო ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2016 წლის 20 თებერვლის ჩათვლით. 2015 წლის 28 დეკემბერს მხარეთა შორის შედგა შეთანხმების ოქმი N3, რომლის თანახმადაც ცვლილება შევიდა მხარეთა რეკვიზიტებში. მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად, საბანკო დაწესებულების მიერ გაცემული საბანკო გარანტიის საფუძველზე, მოსარჩელის მიერ გაიცა ავანსის თანხა (წინასწარი ანგარიშსწორება) – 233 327,42 ლარის ოდენობით. შპს „ს--------–ი“-ს მიერ არ შესრულდა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, რის შედეგადაც შპს „ს----------–-------–იორაცია“-მ მოპასუხის შავ სიაში დარეგისტრირების თაობაზე მიმართა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს, რომლის თავმჯდომარის 2016 წლის 5 აპრილის განკარგულებით შპს „ს--------–ი“ დარეგისტრირდა „შავ სიაში“. 2016 წლის 23 მარტს მოსარჩელემ წერილობით მიმართა სს ,,ბაზის ბანკს“, საავანსო საბანკო გარანტიის მოთხოვნით, რაზედაც უარი მიიღო. 2016 წლის 6 აპრილს მოსარჩელემ წერილობით მიმართა მოპასუხეს და მოითხოვა მის მიერ ავანსის სახით გაცემული თანხის უკან დაბრუნება. შპს „ს--------–ი“ აღიარებს ავანსის სახით თანხის მიღებას, თუმცა ანგარიშსწორება დღემდე არ განუხორციელებია, რის გამოც მოსარჩელემ მომართა სასამართლოს და ითხოვს მოპასუხეზე თანხის დაკისრებას, კერძოდ, გადახდილი ავანსის დაბრუნებას (იხ. სარჩელი და სასამართლო სხდომის ოქმი).
3. მოპასუხის პოზიცია
3.1. მოპასუხე შპს „ს--------–მა“ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მხარეთა შორის ნამდვილად დაიდო ხელშეკრულება მოსარჩელის მიერ მითითებული პირობების გათვალისწინებით. მოპასუხე ადასტურებს, წესდებაში ცვლილების განხორციელების საფუძველზე, მოსარჩელის სახელწოდების შეცვლის ფაქტს, ისევე როგორც მხარეთა შორის შეთანხმების საფუძველზე ხელშეკრულების ვადის გაგრძელებას, თუმცა ის უარყოფს, შპს „ს--------–ის“ მხრიდან ხელშეკრულების ხელოვნურად დარღვევის ფაქტს. მოპასუხე ადასტურებს, რომ მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულების საფუძველზე ნამდვილად გაიცა ავანსი 233 327,42 ლარის ოდენობით, თუმცა ის თვლის, რომ მის მიერ შესრულდა სამუშაოები.
მოპასუხე მიიჩნევს, რომ „ს----------–-------–იორაცია“-ს არ გააჩნდა მოპასუხის „შავ სიაში“ რეგისტრაციის ინტერესი, ამასთანავე ის უთითებს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება მას არ ჩაჰბარებია კანონით დადგენილი წესით და შესაბამისად, ის არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს მტკიცებულებად, რომელსაც შეუძლია გავლენა იქონიოს საქმის განხილვაზე ან მის შედეგზე.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელე შპს „ს----------–-------–იორაციის“ (ს/კ N204524568) სარჩელი შპს ,,ს--------–ი“-ს მიმართ, თანხის დაკისრების თაობაზე - დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხე შპს ,,ს--------–ს“ (ს/კ N200261313) მოსარჩელე შპს ,,საქართელოს მ--–------–იის“ სასარგებლოდ დაეკისრა 122 339.74 ლარის გადახდა. (იხ. 30.10.2018 წლის გადაწყვეტილება)
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა შპს ,,ს----------–-------–იორაციამ“. (იხ. სააპელაციო საჩივარი)
სამოტივაციო ნაწილი
6. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი, რის გამოც უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯ. საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30).
7. მოცემულ შემთხვევაში სარჩელზე დავის საგანს წარმოადგენს ნარდობის ხელშეკრულების შესრულების ფარგლებში გადაცემული თანხის დაბრუნება, მოსარჩელის მოთხოვნის მატერიალურ-სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლი /ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური./
8. პალატა იზიარებს პირველის ინსტანციის სასამართლოს დასკვნებს სადავო გარემოებებთან მიმართებით და დადგენილად მიიჩნევს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ იურიდიულ ფაქტებს:
8.1. 2015 წლის 31 მარტს შპს „საქართველოს გაერთიანებულ სამელიორაციო სისტემების კომპანიასა“ და შპს „ს--------–ს“ შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება N22-ბ15. ხელშეკრულების თანახმად, შემსყიდველმა გამოაცხადა ,,კაზრეთის სარწყავი სისტემის მაგისტრალური არხის პკ78+10-დან პკ100+02-მდე რეაბილიტაციის“ სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვის მიზნით ელექტრონული ტენდერი (SPA150002048) და ტენდერის შედეგად მიმწოდებელმა (შპს ,,ს--------–ი“), როგორც გამარჯვებულმა კომპანიამ, აიღო ვალდებულება, 81 კალენდარული დღის განმავლობაში (2015 წლის 20 ივნისი) მიაწოდოს შემსყიდველს ზემოაღნიშნული სამუშაო 849900 ლარად.
8.2. საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2015 წლის 29 აპრილის N2-101 ბრძანების საფუძველზე, შპს ,,საქართველოს გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანიის“ წესდებაში შეტანილ იქნა ცვლილება, რომლის თანახმადაც, მოსარჩელემ შეიცვალა სახელწოდება და ეწოდა შპს „ს----------–-------–იორაცია“. ბრძანების მე-2 პუნქტის თანახმად, დასახელების შეცვლა არ გამოიწვევს კომპანიასთან დაკავშირებით არსებული სამართლებრივი ურთიერთობის ცვლილებებს.
8.3. მხარეებს შორის 2015 წლის 15 ივნისს გაფორმდა შეთანხმება N1, რომლის თანახმადაც სამუშაოს შესრულების ვადა 81 კალენდარული დღის ნაცვლად განისაზღვრა 204 კალენდარული დღით (2015 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით).
8.4. 2015 წლის 9 ნოემბერს შპს „ს----------–-------–იორაცია“-ს და შპს „ს--------–ს“ შორის კვლავ გაფორმდა შეთანხმება N2, რომლის საფუძველზეც ცვლილება შევიდა N22-ბ/15 ხელშეკრულების პირველ მუხლში (ხელშეკრულების საგანი და ღირებულება) და სამუშაოების შესრულების ვადად განისაზღვრა 254 კალენდარული დღე (2015 წლის 20 დეკემბრამდე).
8.5. მხარეთა შორის 2015 წლის 31 მარტს გაფორმებული N22-ბ/15 ხელშეკრულების საფუძველზე, 2015 წლის 25 დეკემბერს შპს ,,ს--------–მა“ მოსარჩელეს წარუდგინა საავანსო საბანკო გარანტია, რის შემდგომაც მოსარჩელის მიერ გაიცა ავანსის თანხა (წინასწარი ანგარიშსწორება) – 233 327,42 ლარის ოდენობით.
8.6. შპს ,,ს--------–ი“-ს მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, შპს ,,ს----------–-------–იორაცია“-მ მიმართა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს და მოითხოვა შპს ,,ს--------–ის“ დარეგისტრირება „შავ სიაში“. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავჯდომარის განკარგულებით, შპს ,,ს--------–ი“ 2016 წლის 6 აპრილს დარეგისტრირდა „შავ სიაში“.
8.7. 2016 წლის 23 მარტს მოსარჩელემ წერილით მიმართა სს ,,ბაზის ბანკს“ და პრინციპალის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების გამო ითხოვა გარანტიის ფარგლებში გადაგზავნილიყო თანდართული დოკუმენტები გარანტიაში მითითებულ მისამართზე. სვივტით მიღებული პასუხით მოსარჩელემ უარი მიიღო საავანსო საბანკო გარანტიის მოთხოვნაზე.
8.8. შპს ,,ს----------–-------–იორაციამ“ 2016 წლის 6 აპრილი წერილით მიმართა შპს ,,ს--------–ს“ და აცნობა მათ შორის არსებული ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე, ამასთან მოითხოვა ავანსად ჩარიცხული თანხის 233327.42 ლარის უკან დაბრუნება.
8.9. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2016 წლის 20 ივნისის დასკვნის თანახმად, პირველ კითხვაზე ,,გამოსაკვლევი ობიექტი, შემსრულებელი კომპანიისა და ექსპერტიზის დამნიშნავი ორგანოს წარმომადგენელთა თანდასწრებით ჩემს მიერ იქნა ადგილზე შესწავლილი, რა დროსაც დადგინდა შემდეგი: შპს ,,საქართველოს გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანია“-სთან 2015 წლის 31 მარტს გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, შპს ,,ს--------–ი“-ს, კაზრეთის სარწყავი სისტემის მაგისტრალური არხის პკ.78+10-დან პკ.100+02-მდე წარმოებული აქვს რიგი სამშენებლო სარეაბილიტაციო სამუშაოები, კერძოდ: სარწყავი სისტემის მაგისტრალური არხის გაწმენდითი სამუშაოები. ვიზუალურად აღნიშნულ ობიექტზე აღენიშნებოდა რიგი სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების კვალი, ხოლო ვინაიდან ჩატარებული სამშენებლო სამუშაოების ძირითადი ნაწილი (შესაძლებელია მთლიანი სამუშაოებიც) განეკუთვნება ფარულ სამუშაოთა კატეგორიას, რომელთა ზუსტი მოცულობების დადგენაც ექსპერტიზის ჩატარების პერიოდისათვის ტექნიკურად შეუძლებელია. ასევე ექსპერტიზის ჩატარების პერიოდისათვის მაგისტრალურ არხში წყალი იყო გაშვებული, შესაბამისად შპს ,,ს--------–ი“-ს მიერ, რეალურად შესრულებული კაზრეთის სარწყავი სისტემის მაგისტრალური არხის პკ.78+10-დან პკ.100+02-მდე სარეაბილიტაციო სამუშაოები ჯამური თანხით 110987.68 ლარზე, დღგ-ს ჩათვლით, შეესაბამება თუ არა 2015 წლის 08 მაისის, 2015 წლის 28 მაისის, 2015 წლის 10 ივნისის და 2016 წლის 05 თებერვლის შესრულებულ სამუშაოთა აქტებში მითითებულ მონაცემებს, აღნიშნულზე ექსპერტიზა ვერ იმსჯელებს“. ექსპერტი მეორე კითხვაზე უთითებს ,,წარმოდგენილი დოკუმენტაციის ანალიზით დადგინა, რომ შემსყიდველის მიერ გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერში გაიმარჯვა და შემდგომში გახდა როგორც მიმწოდებელი კომპანია შპს ,,ს--------–ი“, შესაბამისად წარმოდგენილი დოკუმენტაციის ანალიზით დადგინდა, რომ ფორმა N2-ებში დაფიქსირებული სამუშაოთა ერთეული ღირებულებები შეესაბამება სატენდერო ხარჯთაღრიცხვაში მოცემულ სამუშაოთა ერთეულ ღირებულებებს, ასევე ფორმა 2-ებში დაფიქსირებული სამუშაოთა ერთეული ღირებულებები შედარებულ იქნა საქართველოში მოქმედი ,,სამშენებლო რესურსული ფასები 2015/2016 წლებში“ მოცემულ მონაცემებს, სადაც მოცემულია სამშენებლო ბაზარზე არსებული საშენი მასალები, თავისი სპეციფიკებით და ერთეული ღირებულებებით, ასევე მანქანა-მექანიზმების მომსახურებისა და შრომითი ანაზღაურების ერთეული ღირებულებები არ აღემატება იმ პერიოდისათვის (როდესაც ჩატარდა სამუშაოები) სამშენებლო ბაზარზე არსებულ მონაცემებს“. მესამე კითხვაზე - ,,წარმოდგენილი დოკუმენტაციის ანალიზით, ასევე საკვლევი ობიექტის ადგილზე შესწავლით დადგინა, რომ ვინაიდან შპს ,,ს--------–ი“-ს მიერ, კაზრეთის სარწყავი სისტემის მაგისტრალური არხის პკ.78+10-დან პკ.100+02-მდე წარმოებული სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები მთლიანად განეკუთვნება ფარულ სამუშაოთა კატეგორიას, ხარისხიანადაა თუ არა დადგენილებაში მითითებული შესრულებული სამუშაოები და შეესაბამება თუ არა ისინი სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ზემოაღნიშნული ხელშეკრულებების პირობებით გათვალისწინებულ და საქართველოში მოქმედ სამშენებლო ნორმებსა და სტანდარტების მოთხოვნებს, აღნიშნულზე ექსპერტიზა ვერ იმსჯელებს“. მეოთხე კითხვაზე: ,,წარდგენილი სატენდერო ხარჯთაღრიცხვისა და ფორმა N2-ების ურთიერთშედარებით დადგინდა რომ შპს ,,ს--------–ი“-ს მიერ, კაზრეთის სარწყავი სისტემის მაგისტრალური არხის პკ.78+10-დან პკ.100+02-მდე წარმოებული სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს დამატებით შესრულებული აქვს კლდოვანი ქანის დამუშავებითი სამუშაოების ექსკავატორით (ე.წ კოდალით), ფორმა N2-ების მიხედვით ჯამური ღირებულებით 4467.80 ლარზე, ხოლო ვინაიდან აღნიშნული სამუშაოც განეკუთვნება ფარულ სამუშაოთა კატეგორიას, აღნიშნული სამუშაოს ზუსტ მოცულობაზე და რეალურად გახარჯულ თანხაზე ექსპერტიზა ვერ იმსჯელებს“.
8.10. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის დასკვნას თან ერთვის მოპასუხის მიერ შესრულებული სამუშაოს აქტები, მათ შორის - 2015 წლის 08 მაისს შესრულებული სამუშაოს აქტი N1, 2015 წლის 28 მაისის შესრულებული სამუშაოს აქტი N2, 2015 წლის 10 ივნისის შესრულებული სამუშაოს აქტი N3 და 2016 წლის 05 თებერვლის შესრულებული სამუშაოს აქტი N4, აღნიშნული აქტების თანახმად სარეაბილიტაციო სამუშაოების ჯამური თანხა შეადგენს 110987.68 ლარს. ამასთან როგორც ექსპერტიზა მიუთითებს, ვერ იმსჯელებს აღნიშნული ჯამური თანხა შეესაბამება თუ არა ზემოაღნიშნულ სამუშაო აქტებში მითითებულ მონაცემებს, ვინაიდან ჩატარებული სამშენებლო სამუშაოების ძირითადი ნაწილი (შესაძლებელია მთლიანი სამუშაოებიც) განეკუთნება ფარულ სამუშაოთა კატეგორიას, რომელთა ზუსტი მოცულობების დადგენაც ექსპერტიზის ჩატარების პერიოდისათვის ტექნიკურად შეუძლებელია.
8.11. შპს ,,ს--------–ის“ მიერ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება N22-ბ15-ის ფარგლებში სამუშაოები შესრულებულ იქნა 2015 წლის 08 მაისს, 2015 წლის 28 მაისს, 2015 წლის 10 ივნისს და 2016 წლის 05 თებერვლს, თუმცა აღნიშნული სამუშაოთა ანგარიშსწორების აქტები მოსარჩელის/აპელანტის მიერ წარმოდგენილი არ იქნა.
რაც შეეხება აპელანტის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ შპს ,,ს--------–ის“ მიერ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება N22-ბ15-ის ფარგლებში 2015 წლის 08 მაისს, 2015 წლის 28 მაისს, 2015 წლის 10 ივნისს და 2016 წლის 05 თებერვლს შესრულებული სამუშაოების ანგარიშსწორება შპს ,,ს----------–-------–იორაციის“ მიერ ანაზღაურებული იქნა და 2015 წლის 25 დეკემბერს შპს ,,ს--------–ზე“ გაცემული საავანსო საბანკო გარანტია, წარმოადგენს წინასწარ ანგარიშსწორებას შპს ,,ს--------–ის“ მიერ შემდგომში განსახორციელებელ სამუშაოებისთვის, აღნიშნულს პალატა ვერ გაიზიარებს და განმარტავს, რომ:
ყოველი კონკრეტული სამოქალაქო საქმის გადაწყვეტა სასამართლოში, დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოშობილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი, როგორც ეს ცნობილია, შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. სწორედ მტკიცების ტვირთსა და მის სწორ განაწილებაზეა დამოკიდებული დასაბუთებული და კანონიერი გადაწყვეტილების მიღება. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვეციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება უმეტესწილად დამოკიდებულია და გულისხმობს სასამართლოს მიერ დასაბუთებული, მტკიცებულებათა შეჯერების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების მიღებას. მტკიცების ტვირთის როლი განსაკუთრებით ვლინდება სამოქალაქო სამართალწარმოებაში, სადაც მხარეთა ნების ავტონომიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. შესაძლებელია მხარის მოთხოვნა საფუძვლიანი იყოს, მაგრამ შეუძლებელია მხარემ მიიღოს თავისი სასარგებლო გადაწყვეტილება, თუ ვერ დაამტკიცებს თავის სასარგებლო გარემოებებს საპროცესო სამართლით დადგენილი წესით. ამიტომაც, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება მოდავე მხარეებს შორის.
პალატა მოიხმობს სსსკ-ის მე-3 მუხლს, რომლის მიხედვით მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული შესაგებლენი, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. მტკიცების ტვირთზე მითითებას აკეთებს სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვითაც თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება. მტკიცების ტვირთი - ესაა სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი - ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. მტკიცების ტვირთი დამოკიდებულია არა მხარის როლზე პროცესში, არამედ მოთხოვნის საფუძველზე. ის ვინც ითხოვს ვალდებულების შესრულებას, უნდა დაამტკიცოს მოთხოვნის საფუძვლის არსებობა არა მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი ითხოვს თავისი მოთხოვნის შესრულებას, ან აღიარებას, არამედ მაშინაც, როდესაც იგი თავს იცავს მოწინააღმდეგე მხარის ნეგატიური აღიარებითი სარჩელისაგან (მოთხოვნისაგან). მტკიცების ტვირთისაგან უნდა გავმიჯნოთ ფაქტების მითითების ტვირთი, როგორც მხარის ფაკულტატური მოვალეობა. მხარეები სსსკ-ის მე-4 მუხლის თანახმად სრულიად თავისუფალნი არიან მიუთითონ ნებისმიერ ფაქტზე. ეს მათი უფლებაა, მაგრამ მათ მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, ე.ი. იმის დადგენა და გარკვევა, თუ რამდენად ასაბუთებენ ეს ფაქტები იურიდიულად მხარეთა მოთხოვნებს და შესაგებელს - ეს უკვე სასამართლის პრეროგატივაა. ამასთან, საკმარისი არ არის, რომ მხარემ ზოგადად გამოთქვას მოსაზრება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებაზე, მაგალითად, განაცხადოს, რომ იგი მთლიანად უარყოფს მეორე მხარის მიერ მოხსენებულ საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. მხარის მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები კონკრეტულად და დეტალურად უნდა ჩამოყალიბდეს და ეხებოდეს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებას. მხარეთა მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებები უნდა იყოს დასაბუთებული და ეხებოდეს იმ გარემოებებს, რომლებსაც უშუალო კავშირი აქვს დავასთან. კრიტერიუმი, რომლითაც უნდა იხელმძღვანელოს სასამართლომ იმისათვის, რომ სწორად განსაზღვროს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტებიდან, თუ რომელი ამართლებს სამართლებრივად მხარეთა მოთხოვნებს (შესაგებელს) და რომელი არა, ესაა სარჩელის საგანი – მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსი, მოპასუხის შესაგებელი და შესაბამისი მატერიალურ სამართლებრივი ნორმა. პალატა აღნიშნავს, რომ მტკიცების საგანში შემავალი გარემოებებიდან ერთი ნაწილი უნდა დაამტკიცოს მოსარჩელემ, მეორე ნაწილი კი - მოპასუხემ. ამასთან ერთად, დამტკიცების ტვირთის განაწილების საფუძველზე, მოსარჩელე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოპასუხემ უნდა დაამტკიცოს და პირიქით, მოპასუხე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების ინსტიტუტი მიუთითებს არა მარტო იმაზე, თუ რომელმა მხარემ რა ფაქტები უნდა დაადგინოს, არამედ იმაზეც, თუ რომელი ფაქტების დადგენის მოვალეობისაგან თავისუფლდება ესა თუ ის მხარე. შესაბამისად, მოსარჩელემ, როგორც წესი, უნდა დაამტკიცოს ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის წარმოშობის საფუძველს, ხოლო მოპასუხემ კი - ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს (იხ. ჰაინ ბიოლინგი, ლადო ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, თბ., 2003, გვ.64; სუსგ ას-1242-2018)
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე შპს ,,ს----------–-------–იორაცია“ შპს ,,ს--------–ზე“ თანხის დაკისრებას მოითხოვს იმ საფუძვლით, რომ სხვადასხვა პერიოდში შესრულებული სამუშაოების აქტები შედგენილია საავანსო თანხის გაცემამდე, თუმცა აღნიშნულის საპირისპიროდ მოპასუხე მხარე უთითებს, რომ აღნიშნული სამუშაოების აქტებში მითითებული შესრულებული სამუშაოების ანგარიშსწორება არ მომხდარა.
პალატა მოიხმობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლს და განმარტავს, რომ მტკიცებულებათა შეფასებას სასამართლო ახდენს ორი თვალსაზრისით, მათი სარწმუნოობის და არასარწმუნოობის თვალსაზრისით და იმის მიხედვით, თუ საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე რომელ ფაქტს ადასტურებს ეს მტკიცებულება. მტკიცებულებათა შეფასება მოსამართლის შინაგანი რწმენით არ ნიშნავს სრულიად უანგარიშგებო დასკვნების გაკეთების უფლებას. სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში უნდა მიუთითოს მოსაზრებაზე, რის გამოც მან ზოგიერთი მტკიცებულება ცნო უტყუარად, ხოლო სხვები სარწმუნოდ. მტკიცებულებათა შეფასება ხორციელდება შემდეგი პრინციპების დაცვით: 1. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით; 2. მტკიცებულებები ფასდება ყოველმხრივ, სრულად (სრული მოცულობით) და მიუკერძოებლად (ობიექტურად); 3. მტკიცებულებათა შეფასებაში სასამართლო თავისუფლება, მისი დამოუკიდებლობა ფაქტისა და უფლების შესახებ საკითხის გადაწყვეტაში უზრუნველყოფილია შემდეგი პრინციპით: არავითარ მტკიცებულებას სასამართლოსათვის არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ნებისმიერი მტკიცებულება სასამართლომ შეიძლება უარყოს და ან პირიქით, მიიღოს, თუ მტკიცებულების ობიექტური შინაარსი შეესაბამება საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. საპროცესო კანონმდებლობით თითოეულ მხარეს ევალება წარადგინოს საკუთარი პოზიციის გასამყარებლად ისეთი მტკიცებულებები, რომელიც მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტის შესატყვისად, აძლევს შესაძლებლობას, კონკრეტული გარემოება თუ ფაქტი დაადასტუროს. სასამართლო მტკიცებულებებს ერთობლივად აანალიზებს და მათი ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიდის დასკვნამდე მხარის მოსაზრების დასამტკიცებლად თითოეული მტკიცებულების ვარგისიანობისა და სამართლებრვი წონადობის თაობაზე.
კონკრეტულ შემთხვევაში მტკიცების ტვირთი მოსარჩელე/აპელანტზეა, რომელმაც სასამართლოს ვერ წარუდგინა სათანადო ვალიდური მტკიცებულებები იმის შესახებ, რომ შპს „ს--------–ის“ მიერ შესრულებული სამუშაოების ანგარიშსწორება მის მიერ განხორციელებულია, ხოლო აპელანტის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოება, რომ შპს ,,ს----------–-------–იორაციის“ 2015 წლის 25 დეკემბერს შპს ,,ს--------–ზე“ გაცემული საავანსო საბანკო გარანტია, წარმოადგენს წინასწარ ანგარიშსწორებას შპს ,,ს--------–ის“ მიერ შემდგომში განსახორციელებელ სამუშაოებისთვის ჩარიცხულ თანხას, მხოლოდდამხოლოდ მოსარჩელის ახსნა-განმარტების ძალის მქონე მტკიცებულებად უნდა მივიჩნიოთ. პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ მასზე დაკისრებული მტკიცების ტვირთის ფარგლებში ვერ დაადასტურა, რომ სხვადასხვა პერიოდში შესრულებული სამუშაოების ღირებულება ანაზღაურებულია საავანსო თანხის გაცემამდე, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც 2015 წლის 29 დეკემბრის საგადახდო დავალებით დასტურდება, რომ ავანსის თანხა– 233 327,42 ლარის ოდენობით გაცემულია მხარეთა შორის 2015 წლის 31 მარტს გაფორმებული N22-ბ/15 ხელშეკრულების საფუძველზე, რაც სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის წინაპირობებია.
ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.
9. საპროცესო ხარჯები
მოცემულ შემთხვევაში შპს ,,ს----------–-------–იორაციის“ მიერ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილება გასაჩივრებული იქნა სარჩელის დაუკმაყოფილებელი თანხის, კერძოდ 110987.68 ლარის ნაწილში, ხოლო სახელმწიფო ბაჟი აპელანტის მიერ გადახდილი იქნა 7000 ლარის ოდენობით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 42-ე მუხლის თანახმად პალატა მიიჩნევს, რომ შპს ,,ს----------–-------–იორაციას“ უნდა დაუბრუნდეს მის მიერ ზედმეტად გადახდილი ბაჟი 2560.50 ლარის ოდენობით, ხოლო ბიუჯეტში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის დანარჩენი თანხა ანაზღაურებას არ ექვემდებარება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად;
სარეზოლუციო ნაწილი
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს ,,ს----------–-------–იორაციას“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილება.
3. შპს ,,ს----------–-------–იორაციას“ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს მის მიერ 2019 წლის 12 თებერვალს #946 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 7000 /შვიდი ათასი/ ლარიდან 2560.50 /ორი ათას ხუთას სამოცი ლარი და 50 თეთრი/ ლარის ოდენობით.
4. განჩინება, შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
თავმჯდომარე: დიანა ბერეკაშვილი
მოსამართლეები: ოთარ სიჭინავა
თამარ ჭუნიაშვილი