განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 340210118002665598
საქმე №2ბ/5156-19
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
12 თებერვალი 2020 წელი თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე - დიანა ბერეკაშვილი
სხდომის მდივანი მაკა ბუიღლიშვილი
აპელანტი - მ---- მ------ი, მ------– ა------–---------ი
წარმომადგენელი - ნ--–----------–----–---–ი
მოწინააღმდეგე მხარე - სს „ს--------------------------–--ა“
წარმომადგენელი - ა-–-----------------------–------------ე
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილება
დავის საგანი – ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დამდგარი ზიანის ანაზღაურება
აპელანტის მოთხოვნა - გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
აღწერილობითი ნაწილი
1. გურჯაანის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა სს „ს--------------------------–--ამ“ და მოითხოვა მოპასუხეებს მ------– ა------–---------ს და მ---- მ------ს მოსარჩელე სს „ს--------------------------–--ა“-ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ ზიანის ანაზღაურება - 11 749,50 ლარის ოდენობით.
1.1. სარჩელის საფუძვლები:
მოსარჩელის განმარტებით, 2017 წლის 22 მარტს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და სს ,,ს--------------------------–--ა“ს შორის ელექტრონული ტენდერის საფუძველზე გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №227 ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ალფა ახორციელებდა შსს-ს ბალანსზე რიცხული ავტომანქანების დაზღვევას, ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. 2018 წლის 29 ივლისს თ-----------------------–-----------ის საავტომობილო გზის 104 -ე კილომეტრზე, სოფელ ზ--------ში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანდა შსს-ს მიერ ალფაში დაზღვეული ავტომანქანა ,,HYUNDAI ELANTRA”, სახ. ნომრით V---------, რომელსაც შეეჯახა მ---- მ------ის საკუთრებაში აღრიცხული ავტომანქანა Mercedes Benc X------ , რომელსაც მ------– ა------–---------ი მართავდა. ინსპექტორ-გამომძიებლის მიერ შედგენილი საჯარიმო ქვითრის თანახმად, ავტოსაგზაო შემთხვევაში საქართველოს ას კოდექსის 125-ე მუხლის მე-10 ნაწილით სამართალდამრღვევად ცნობილი იქნა მ------– ა------–---------ი, რის საფუძველზეც დაჯარიმდა 250 ლარით . საჯარიმო ქვითარში მითითებულია, რომ მძღოლმა მ------– ა------–---------მა ვერ უზრუნველყო თავისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანის უსაფრთხო მართვა, რამაც ავტოსაგზაო შემთხვევა გამოიწვია. მ------– ა------–---------ს საჯარიმო ქვითარი არ გაუსაჩივრებია, ჯარიმის თანხა გადაიხადა დროულად და სრულად. შსს-ს და ალფას შორის გაფორმებული სადაზღვევო ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანებული ავტომანქანის აღდგენითი ღირებულება ექვემდებარება ალფას მხრიდან ანაზღაურებას, ხელშეკრულების სადაზღვევო პირობების ფარგლებში. იმის გათვალისწინებით, რომ ავტომანქანაზე მოქმედებდა გარანტია, შეკეთება განახორციელა შპს ,,ჰიუნდაი ავტო საქართველო“მ, სათადარიგო ნაწილების და მომსახურების ღირებულებამ შეადგინა 11 749.50 ლარი, რაც ს.ს. ს--------------------------–--ამ შპს ,,ჰიუნდაი ავტო საქართველო“ს, 2018 წლის 14 აგვისტოს გადაურიცხა.
ამდენად, სადაზღვევო შემთხვევაზე გაცემულმა სადაზღვევო ანაზღაურების ოდენობამ შეადგინა 11 749.50 ლარი. აღნიშნულ ზიანის ანაზღაურებაზე ზიანის უშუალო მიმყენებელ მძღოლთან ერთად სოლიდარულად პასუხისმგებელია ავტომანქანის მესაკუთრე მ---- მ------იც, რომელმაც თავისი ავტომანქანა Mercedes Benc X------ სამართავად გადასცა მ------– ა------–---------ს.
2. მოპასუხის შესაგებელი:
2.1. მოპასუხეებმა წარმოდგენილი შესაგებელით და საქმის სასამართლო განხილვის დროს სარჩელი არ ცნეს და ითხოვეს, რომ მოსარჩელეს უარი ეთქვას სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. მოპასუხე მ------– ა------–---------ის მითითებით, ავტოსაგზაო შემთხვევა მისი ბრალით არ მომხდარა. მან ქართული წერა კითხვა არ იცის, თარჯიმანი არ ესწრებოდა, ამიტომ რა დაწერეს გამოკითხვის ოქმში და საჯარიმო ქვითარში, მისთვის უცნობია. მ------– ა------–---------ი ასევე არ დაეთანხმა ზიანის ოდენობას და განმარტა, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად პოლიციის ავტომანქანა უმნიშვნელოდ დაზიანდა, ამიტომ მიყენებული ზიანი შეადგენს არა 11749,50 ლარს, არამედ გაცილებით ნაკლებს - 500 ლარს.
2.2. მოპასუხე მხარის მითითებით, ავტომანქანა მ------– ა------–---------მა შეიძინა და ავტოსაგზაო შემთხვევამდე თვითონ ფლობდა. მ---- მ------ზე ავტომანქანა დარეგისტრირდა ფორმალურად, მხოლოდ იმიტომ, რომ მ------– ა------–---------ზე, როგორც რუსეთის მოქალაქეზე, ავტომანქანა ვერ გაფორმდებოდა. ამიტომ ავტომანქანის როგორც მფლობელი (მესაკუთრე) ასევე მოსარგებლე არის მ------– ა------–---------ი, ამიტომ მ---- მ------ს სოლიდარული პასუხისმგებლობა არ უნდა დაეკისროს.
3. გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილებით სს ,,ს-------------------------–--ას“ სარჩელი დაკმაყოფილდა. მ---- მ------ს და მ------– ა------–---------ს სს „ს--------------------------–--ა“ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 11 749, 50 ლარის გადახდა. (იხ. გადაწყვეტილება)
4. გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მ---- მ------მა და მ------– ა------–---------მა (იხ. სააპელაციო საჩივარი)
სამოტივაციო ნაწილი
5. სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეისწავლა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება და დასაბუთებულობა, მოისმინა მხარეთა მოსაზრებები და მიიჩნევს, რომ მ---- მ------ის და მ------– ა------–---------ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს. შესაბამისად, ძალაში უნდა დარჩეს გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯ. საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30).
6. მოცემულ შემთხვევაში სარჩელზე დავის საგანს წარმოადგენს ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დამდგარი ზიანის ანაზღაურება. შესაბამისად მოსარჩელის მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმებია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლი /პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი/ ამავე კოდექსის 999-ე მუხლის 1 ნაწილით, /მგზავრების გადაყვანისა და ტვირთების გადაზიდვისთვის გათვალისწინებული სატრანსპორტო საშუალების მფლობელი, თუ მისი სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციას მოჰყვა ადამიანის სიკვდილი, დასახიჩრება ან ჯანმრთელობის მოშლა, ანდა ნივთის დაზიანება, ვალდებულია დაზარალებულს აუნაზღაუროს აქედან წარმოშობილი ზიანი./ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 832-ე მუხლის პირველი ნაწილი /თუ დამზღვევს შეუძლია ზიანის ანაზღაურების თაობაზე, მოთხოვნა წაუყენოს მესამე პირს, მაშინ ეს მოთხოვნა გადადის მზღვეველზე, თუკი იგი აუნაზღაურებს დამზღვევს ზიანს./
7. აღნიშნულ მოთხოვნებთან მიმართებით პალატა იზიარებს და ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებს სადავო გარემოებებისა და მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების მატერიალურ-სამართლებრივ წინაპირობებთან დაკავშირებით და დადგენილად მიიჩნევს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ იურიდიულ ფაქტებს:
7.1. 2017 წლის 22 მარტს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სს ,,ს--------------------------–--ა“-ს შორის ელექტრონული ტენდერის (სპა-1--------) საფუძველზე გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №227 ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ალფა ახორციელებდა შსს-ს ბალანსზე რიცხული ავტომანქანების დაზღვევას, ხელშეკრულების პირობების შესაბამისად.
7.2. 2018 წლის 29 ივლისს თ-----------------------–-----------ის საავტომობილო გზის 104 -ე კილომეტრზე, სოფელ ზ--------ში, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ავტომანქანა Mercedes Benc X------ ბრალით, რომელსაც მ------– ა------–---------ი მართავდა.
7.3. 2018 წლის 29 ივლისს შსს ყვარლის რაიონული სამმართველოს ინსპექტორ-გამომძიებლის მიერ ჩატარებული გამოკითხვის დროს, თარჯიმნის თანდასწრებით, მ------– ა------–---------მა დაადასტურა სამართალდარღვევის ფაქტი და სრულად აიღო პასუხისმგებლობა შეჯახების შედეგად გამოწვეული ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით. ასევე მ------– ა------–---------ი დაეთანხმა და ხელისმოწერით დაადასტურა მის მიმართ საქართველოს ას კოდექსის 125-ე მუხლის მე-10 ნაწილით შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდამრღვევის ოქმი, საჯარიმო ქვითარი (სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა ... რომელსაც მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, საგზაო თუ სხვა ნაგებობის, აგრეთვე სხვა ქონების ან ადმიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება) რისთვისაც დაჯარიმდა 250 ლარით. საჯარიმო ქვითართრის თანახმად 2018 წლის 29 ივლისს თ-----------------------–-----------ის საავტომობილო გზის 104 -ე კილომეტრზე, სოფელ ზ--------ში, მძღოლმა მ------– ა------–---------მა ვერ უზრუნველყო თავისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანის უსაფრთხო მართვა, რამაც ავტოსაგზაო შემთხვევა გამოიწვია.
7.4. ზემოაღნიშნული სამართალდარღვევის აქტი და მისი შინაარსი მოპასუხეს/აპელანტს სადავოდ არ გაუხდია, მ------– ა------–---------მა დროულად და სრულად გადაიხადა ჯარიმა.
7.5. 2018 წლის 02 აგვისტოს #0208-004 წერილით დადგენილია, რომ დაზიანებულ ავტომანქანაზე მოქმედებდა გარანტია, რის გამოც შეკეთება განახორციელა შპს ,,ჰიუნდაი ავტო საქართველო“-მ, ხოლო 2018 წლის 06 აგვისტოს #013 ინვოისით დადგენილია, რომ შსს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის კუთვნილ ავტომანქანას ,,HYUNDAI ELANTRA”, სახ. ნომრით V---------, ესაჭიროება სათადარიგო ნაწილები და მომსახურება, 11 749, 50 ლარის ღირებულების, რაც სს ,,ს--------------------------–--ამ“ დაზღვევის ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, 2018 წლის 14 აგვისტოს სრულად გადაურიცხა ,,ჰიუნდაი ავტო საქართველოს, რაც დასტურდება #14278 საგადახდო დავალებით.
ამდენად პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ 2018 წლის 29 ივლისს თ-----------------------–-----------ის საავტომობილო გზის 104 -ე კილომეტრზე, სოფელ ზ--------ში, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ავტომანქანა Mercedes Benc X------ ბრალით, რომელსაც მ------– ა------–---------ი მართავდა. გარდა აღნიშნულისა, პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანებული ავტომანქანისთვის მიყენებული ზიანის ოდენობამ შეადგინა 11 749, 50 ლარი, რაც სს ,,ს--------------------------–--ა“-მ დაზღვევის ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, 2018 წლის 14 აგვისტოს, სრულად გადაურიცხა ,,ჰიუნდაი ავტო საქართველოს“.
8. პალატა უსაფუძვლოდ მიიჩნევს აპელანტის პოზიციას იმის თაობაზე, რომ ავტომანქანას ფლობდა რუსეთის მოქალაქე მ------– ა------–---------ი, რომელმაც მოახდინა ავტოსაგზაო შემთხვევა და მისი რეალური მფლობელიც იყო მ------– ა------–---------ი. ავტომანქანის გაფორმება მოხდა მ---- მ------ზე ფორმალურად, რადგან მ------– ა------–---------ი უცხო ქვეყნის მოქალაქე იყო და თითქოსდა, მასზე ავტომანქანას არ გააფორმებდნენ.
პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია, აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. მითითებულ მუხლში მოცემულია დელიქტურ ვალდებულებების წარმოშობის საფუძვლები. ასეთი სახის ვალდებულება წარმოიშობა დაზარალებულის აბსოლუტურად სუბიექტური სამოქალაქო უფლებების დარღვევის შედეგად, იგი ატარებს არასახელშეკრულებო ხასიათს და მიმართულია მიყენებული ქონებრივი ან მორალური ზიანის ანაზღაურებისაკენ. ამდენად, მოცემული მუხლის საფუძველზე, პირს ზიანის ანაზღაურება ეკისრება, თუ არსებობს ზიანი, ზიანი მიყენებულია მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით, მართლსაწინააღმდეგო მოქმედებასა და ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი და ბრალი ზიანის მიმყენებელს მიუძღვის. ამასთან, ავტოსატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის შედეგად გამოწვეული ზიანის ანაზღაურება დელიქტური ვალდებულების კერძო შემთხვევაა და მიუხედავად ბრალისა, მომეტებული საფრთხის წყაროს იურიდიულ მფლობელს (რომელიც შეიძლება მესაკუთრედაც განვიხილოთ) აკისრებს ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას, კერძოდ: სამოქალაქო კოდექსის 999-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მგზავრების გადაყვანისა და ტვირთების გადაზიდვისთვის გათვალისწინებული სატრანსპორტო საშუალების მფლობელი, თუ მისი სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციას მოჰყვა ადამიანის სიკვდილი, დასახიჩრება ან ჯანმრთელობის მოშლა, ანდა ნივთის დაზიანება, ვალდებულია დაზარალებულს აუნაზღაუროს აქედან წარმოშობილი ზიანი. მოხმობილი ნორმა ადგენს სატრანსპორტო საშუალების იურიდიული მფლობელის ვალდებულებას, ნორმაში ჩამოთვლილ სიკეთეთა ხელყოფის შემთხვევაში, აგოს პასუხი. თავის მხრივ, ნორმის სუბიექტები არიან ვალდებული და დაზარალებული პირები. ვალდებულ პირად კანონი განიხილავს ნივთის მფლობელს, ანუ პირს, რომელსაც ამ ქონებაზე საკუთრება მართლზომიერად აქვს მოპოვებული. უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული ერთგვაროვანი პრაქტიკის თანახმად, სამოქალაქო კოდექსის 999-ე მუხლით გათვალისწინებულ გამონაკლისს საფუძვლად უდევს ის გარემოება, რომ სატრანსპორტო საშუალება პოტენციური საფრთხის წყაროა და მისი მოხმარება განაპირობებს შედარებით მაღალი ხარისხით საზიანო შედეგების მიღების შესაძლებლობას, ვიდრე სხვა ჩვეულებრივი საქმიანობისას. ავტოსატრანსპორტო საშუალების ამგვარი თვისების გამო იგი მომეტებული საფრთხის წყაროდაა მიჩნეული და, მიუხედავად იმისა, რომ მისი მოხმარება სამართლებრივად ნებადართულია, პასუხისმგებლობა მომეტებული საფრთხის წყაროდან მომდინარე ზიანისათვის, ჩვეულებრივ, სამოქალაქოსამართლებრივ პასუხისმგებლობასთან შედარებით უფრო მკაცრია - ზიანის ანაზღაურების ვალდებულება მომეტებული საფრთხის წყაროს მფლობელს ბრალის მიუხედავად ეკისრება. აღნიშნული გამოწვეულია იმ მატერიალური ობიექტების ფლობითა და სარგებლობით (ექსპლუატაციით ან ნებისმიერი ფორმით მისი გამოყენებით), რომელსაც განსაკუთრებული ხარისხობრივი თვისება აქვთ და ადამიანის მხრიდან მასზე სრული კონტროლის დამყარება შეუძლებელია. (სუსგ №ას-494-463-2010)
სამოქალაქო კოდექსის 999-ე მუხლი ითვალისწინებს გამონაკლისსაც _ ნივთის იურიდიულ მფლობელს პასუხისმგებლობა არ ეკისრება კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში (ნორმის მე-2 და მე-3 ნაწილები), მათ შორის მაშინაც, როდესაც სატრანსპორტო საშუალებას მართავდა სხვა პირი, თუმცა, ამ შემთხვევაში ვალდებული პირის დადგენა ხდება იმის მიხედვით, თუ რა გზით (იურიდიულად ნამდვილი უფლების საფუძველზე) აღმოჩნდა ნივთი მოსარგებლის ფაქტობრივი ბატონობის არეალში (ნორმის მე-4 ნაწილი). თუ პირი, რომელიც იყენებს სატრანსპორტო საშუალებას მისი მფლობელის ნებართვის გარეშე (არამართლზომიერი მფლობელი) ამ სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციით მიაყენებს ზიანს სხვას, სამოქალაქო პასუხისმგებლობა დაეკისრება ამ უკანასკნელს და არა სატრანსპორტო საშუალების მფლობელს. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ პირს, რომელიც მართავდა სატრანსპორტო საშუალებას, არ გააჩნდა მისი ფლობის უფლება (მაგალითად, სატრანსპორტო საშუალების მფლობელს არ გადაუცია მოსარგებლისათვის იგი, ანდა გადაცემული ტრანსპორტი მოსარგებლემ გამოიყენა მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ). ამასთან, მფლობელი ვალდებულია, აანაზღაუროს მიყენებული ზიანი, თუ სატრანსპორტო საშუალების გამოყენება შესაძლებელი გახდა მისი ბრალის გამო (მაგალითად, სატრანსპორტო საშუალების კარები დატოვა ღიად, გასაღები დატოვა მასში). აღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ მან ვერ უზრუნველყო მის მფლობელობაში არსებული სატრანსპორტო საშუალების სათანადოდ დაცვა, რაც გახდა სხვა პირთა მიერ სატრანსპორტო საშუალების დაუფლების საფუძველი. სხვა შემთხვევაა, როდესაც მფლობელის ნების საფუძველზეა მოსარგებლისათვის გადაცემული სატრანსპორტო საშუალება (იხ. სუსგ №ას-39-38-10)
9. სააპელაციო პალატა უსაფუძვლოდ მიიჩნევს აპელანტების პრეტენზიას შპს ,,ჰიუნდაი ავტო საქართველო“-ს მიერ 2018 წლის 06 აგვისტოს #013 ინვოისის არარელევანტურ მტკიცებულებად მიჩნევასთან დაკავშირებით და განმარტავს, სამოქალაქო სამართალწარმოების მიზნებისათვის საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით ადგენს მტკიცებულებათა შეფასების სტანდარტს, რომლის 1-ლი და მე-2 ნაწილების თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა, არამედ, სასამართლო დასაშვებად ცნობილ მტკიცებულებებს აფასებს ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად, რა დროსაც ხდება მათი როგორც ინდივიდუალურად, ისე ერთობლიობაში შესწავლა, სწორედ ამ გზით არკვევს სასამართლო კონკრეტული მტკიცებულების დამაჯერებლობას, მის იურიდიულ სარწმუნოობას. რაიმე გამონაკლისი ამა თუ იმ მტკიცებულების, მათ შორის იმ საწარმოს მიერ გაცემული დოკუმენტის მიმართ რომელმაც მოსარჩელეს გაუწია მომსახურება და გასცა შესაბამისი დასკვნა, დადგენილი არ არის. შესაბამისად სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ სხვა მტკიცებულების არარსებობის პირობებში პირველი ინსტანციის სასამართლო ზიანის ოდენობის დადგენისას, მართებულად დაეყრდო წარმოდგენილ შპს ,,ჰიუნდაი ავტო საქართველო“-ს მიერ 2018 წლის 06 აგვისტოს გაცემულ #013 ინვოისს და მის საფუძველზე სწორად დაადგინა მოპასუხის მიერ მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანის ოდენობა, მით უფრო იმ პირობებში, როცა 2018 წლის 02 აგვისტოს #0208-004 წერილით დადგენილია, რომ დაზიანებულ ავტომანქანაზე მოქმედებდა გარანტია, რის გამოც შეკეთება განახორციელა შპს ,,ჰიუნდაი ავტო საქართველო“-მ. პალატა განმარტავს რომ მოპასუხე მხარეს, რომელიც სადავოდ ხდის შპს ,,ჰიუნდაი ავტო საქართველო“-ს მიერ 2018 წლის 06 აგვისტოს გაცემულ #013 ინვოისის საფუძველზე განსაზღვრული ზიანის ოდენობას, შეეძლო წარმოედგინა ისეთი შინაარსის მტკიცებულებები, რომლებიც შესაძლოა გააქარწყლებდა მოსარჩელის პოზიციას ზიანის ამგვარად შეფასებასთან დაკავშირებით, თუმცა მოპასუხეს არ წარმოუდგენია ისეთი მტკიცებულება, რომელსაც შესაძლოა გაექარწყლებინა შპს ,,ჰიუნდაი ავტო საქართველო“-ს მიერ 2018 წლის 06 აგვისტოს გაცემულ #013 ინვოისის საფუძველზე განსაზღვრული ზიანის ოდენობა. გარდა ამისა პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის განმარტებას იმის შესახებ, რომ ვინაიდან ავტომანქანამ განიცადა ბევრად ნაკლები ღირებულების დაზიანება უნდა ჩატარებულიყო სასაქონლო ექსპერტიზა. მტკიცებულებათა სახეები, რომელიც შეიძლება გამოიყენოს სასამართლომ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების დასადგენად, ამომწურავადაა განსაზღვრული სსკ-ის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილით. არცერთ მტკიცებულებას არ გააჩნია რაიმე უპირატესობა სხვა მტკიცებულებასთან შედარებით, აგრეთვე, არცერთ მტკიცებულებას არა აქვს, წინასწარ დადგენილი ძალა სასამართლოსათვის, რაც იმას ნიშნავს, რომ ამა თუ იმ მტკიცებულების მნიშვნელობა წინასწარ არ არის განსაზღვრული და მისი ძალა და მნიშვნელობა სასამართლოს შეფასებაზეა დამოკიდებული. მტკიცებულებათა შეფასების დროს მხარეებს უფლება აქვთ, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მტკიცებულებების სარწმუნოობა. მათი უტყუარობისა თუ სიყალბის შესახებ მოსაზრებები შეიძლება გამოთქვან არა მარტო მხარეებმა, არამედ მესამე პირებმა, აგრეთვე, სპეციალისტებმა და ექსპერტებმა, თუ ისინი მონაწილეობენ პროცესში. საბოლოოდ კი, წარმოდგენილ მტკიცებულებებს აფასებს სასამართლო. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 162-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე ექსპერტის დასკვნა სპეციალური ცოდნით აღჭურვილი პირის მიერ მოკვლეული საკითხის ირგვლივ გაკეთებული შეფასებაა. ექსპერტის დასკვნის შეფასებისას (იმდენად, რამდენადაც დასკვნა სპეციალური ცოდნით აღჭურვილი პირის კომპეტენციას ეფუძნება), ყურადღება უნდა მიექცეს რამდენიმე გარემოებას, მათ შორის: გამოსაკვლევად მიწოდებულ მასალას, მის კვლევით ნაწილს, რადგან სწორედ კვლევითი ნაწილის შედეგი აისახება საბოლოო დასკვნაში“... (იხ. სუსგ საქმე #ას459 -438-15, 07.10.2015 წელი);
10. ზემოაღნიშნულის საფუძველზე, პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.
11. საპროცესო ხარჯები
აპელანტის მიერ ბიუჯეტში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ანაზღაურებას არ ექვემდებარება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად;
სარეზოლუციო ნაწილი
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ---- მ------ის და მ------– ა------–---------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილება.
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
თავმჯდომარე: დიანა ბერეკაშვილი